„ისლამური სახალიფო“ – ანგარიშგასაწევი ძალა

უდაბნოში დაჩოქილი მსხვერპლი და მის ზურგს უკან შავ სამოსსა და ნიღაბში გახვეული, ხანჯალმომარჯვებული ჯალათი რახანია მსოფლიო საზოგადოებისთვის ჩვეულებრივ მოვლენად იქცა. „ისლამური სახელმწიფოს“ საზარელმა სავიზიტო ბარათმა, დასაწყისში, პირველ გამოჩენის ანუ „პრეზენტაციის“ დროს ჟრუანტელი მოჰგვარა მტკიცე ნერვების მქონე ადამიანსაც, რიგით მეხუთემ – ნაკლები და რაც დრო გავა, თუნდაც გახშირებული თავის მოკვეთის შემთხვევაში, სტატისტიკაში გადასული ტრაგედია მხოლოდ თავმოკვეთილის მშობლებში გამოიწვევს უზომო მწუხარებას,  დანარჩენში – თანაგრძნობას მოკლულისა და მისი მშობლებისადმი.

„სახალიფოს“ ჯალათების მიერ ხუთი თავმოკვეთილიდან სამი ამერიკელია, ცხადია სირიელ ჯარისკაცთა გამოკლებით, რომლებსაც, ერთ რიგში ჩალაგებულებს, ერთდროულად გააგდებინეს თავები.

„სახალიფოს“ წარმომადგენლები იქადნებიან არა მარტო ამერიკელი სამხედრო ექსპერტების დახოცვით, ერაყში რომ მიავლინა აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ, არამედ ამერიკის ქუჩებში ფართომასშტაბიანი ტერორისტული აქტების ჩატარებით.

„სახალიფოს“ ჯიჰადისტთა მუქარას სერიოზულად ეკიდება ვაშინგტონი, შესაბამის ნაბიჯებსაც დგამს უსაფრთხოების მიმართულებით, თუმცა ჯერ-ჯერობით არცთუ ეფექტიანად და საგნობრივად. საჰაერო დაბომბვები შედეგს არ იძლევა. „სახალიფოს“ მეომრებმა ალღო აუღეს საჰაერო თავდასხმებს და იოლად ახერხებენ თავის დაცვას. „სახალიფოს“ „არმიის“ – სხვას ვერაფერს დაარქმევ უკვე ორასათასიან ჯარს, კარგად შეიარაღებულსა და გაწვრთნილს, პოზიციებს ვერაფერი დააკლო ქურთთა სამხედრო ძალის „პეშმერგას“ მოქმედებამ. არადა „პეშმერგა“ ახლო აღმოსავლეთში, გაწვრთნილ სამხედრო ძალად ითვლება.

„ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“, რომელიც ორი ქვეყნის ერაყისა და სირიის ტერიტორიებზე (250 ათასი კვ.კმ) განთავსდა, 5 მილიონი მცხოვრებით, ისეთი ძალაა, რომელიც გაცილებით მეტ ყურადღებას ითხოვს დიდი სახელმწიფოების მხრიდან, ვიდრე დღეს.

ობამას დამოკიდებულება „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ ზედაპირულია. არ შეინიშნება კარდინალური ქმედება აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან, რაც თავისთავად განაპირობებს ანალოგიურ დამოკიდებულებას, აშშ-ს მიერ შეკოწიწებულ კოალიციაში, რომელიც იბრძვის „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.

კოალიციას უჭირს წერტილი დაუსვას საკუთარი ქვეყნებიდან „სახალიფოში“ ცოცხალი ძალის გადინებას; ვერ აღკვეთს ფინანსური ნაკადების პერმანენტულობას „სახალიფოს“ მიმართულებით; წერტილს ვერ უსვამს ნავთობით, „სახალოფოს“ გაცხოველებულ ვაჭრობას; „სახალიფოს“ ტერიტორიის ტრანზიტად გამოყენებას, რითაც დიდძალი თანხა შედის სახალიფოს ხაზინაში.

ჟურნალ Forbes-ს მიხედვით, „სახალიფო“ არის ყველაზე მდიდარი ტერორისტული ორგანიზაცია, რომელმაც 24 თვის განმავლობაში ჩამოაყალიბა ფულის შოვნის უზარმაზარი და დახვწილი მანქანა. ფულის ნაკადები მიედინება სპარსეთის ყურის მდიდარი ქვეყნებიდან, არა მარტო კერძო შემოწირულების სახით, არამედ „სახალიფოს“ ტერიტორიაზე ტვირთების გატარებიდან მიღებული გადასახადების სახით.

„სახალიფოს“ მიერ დაპყრობილ ტერიტორიებზე განლაგებულია ნავთობის საბადოები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები. მათ მიერ წარმოებული საწვავი, „სახალიფოს“ მთავარი შემოსავლის წყაროა, რომელსაც სიიაფის გამო, როგორც მწყურვალი, ისე ეწაფებიან ახლომდებარე ქვეყნები. 20-25 დოლარად ყიდის „სახალიფო“ ბარელ ნავთობს, როდესაც ბაზარზე 80 დოლარია.

აშშ-ს ფინანსთა სამინისტროს ცნობით, სირიისა და ერაყის ტერიტორიები, რომლებიც ამჯერად „სახალიფოს“ მიერ არის დაპყრობილი, დღეში ერთი მილიონი დოლარის შემოსავალს იძლევა, ისრაელის მონაცემებით – 3-ჯერ მეტს.

„ისლამური სახალიფოს“ პირველობა მსოფლიოში არსებულ ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის უცილობელია.

მონაცემების მიხედვით, „სახალიფო“ მნიშვნელოვნად უსწრებს „ჰამასს“, რომელიც მეორე ადგილს იკავებს, ნიგერიის „ბოკო ხარამს“, კოლუმბიის „ფარკს“ და „ალ-ქაიდას“, რომელსაც ბენ ლადენის სიკვდილის შემდეგ უჭირს დიდი ფინანსების მოძიება. „ალ-ქაიდა“ ნაკლებად იღებს სპარსეთის ყურის მდიდარი ქვეყნების ფინანსურ დახმარებას, შემოწირულობის სახით, ვინაიდან წყარო, საიდანაც ფინანსური ნაკადი მიედინებოდა, ამჯერად „სახალიფოს“ გამგებლობაშია.

ცნობისთვის – „სახალიფომ“ და „ალ-ქაიდამ“ საერთო ენა გამონახეს და მზად არიან იბრძოლონ გაერთიანებული ძალებით. 2014 წლის აგვისტოში ერაყისა და სირიის ტერიტორიებზე შექმნილმა „ისლამურმა სახალიფომ“ ოფიციალურად დაიწყო თავისი არსებობა, რაც ცხადია მოულოდნელი იყო მსოფლიო საზოგადოებისთვის, თუმცა უნდა ითქვას, რომ მსოფლიო ამისთვის მზად უნდა ყოფილიყო, გამომდინარე წინმმდევი მოვლენებიდან.

წინა ისტორია კი ასეთი იყო – ერაყში აშშ-ს მიერ გაჩაღებული ომი; სადამ ჰუსეინის ჩამოგდება და სიკვდილით დასჯა; სამოქალაქო ომის გაჩაღება სირიაში და მასში მონაწილე ჯიჰადისტური ძალებისადმი ფინანსური დახმარება.

ჯერ კიდევ ამერიკელთა მიერ ერაყის ოკუპაციის დროს, ბაღდადის სამხრეთ-დასავლეთით, ე.წ. სუნიტურ სამკუთხედში, ჩაისახა სუნიტებთან დაკავშირებული სამხედრო-პოლოტიკური ჯგუფები, რომელთა შორის იყვნენ სადამ ჰუსეინის პარტია „ბაასის“ წევრები და სამხედრო მოსამსახურეები. მოგვიანებით, მათ შეუერთდნენ სირიის ბაშარ ასადის წინააღმდეგ მებრძოლი რადიკალური ისლამის წარმომადგენლები.

აშშ-ა დაამხეს რა სადამ ჰუსეინის რეჟიმი, დაანგრიეს ხელისუფლების სუსტი ეთნოკონფესიური ბალანსი. სახელმწიფოებრიობის საძირკველს და ძალოვან სტრუქტურებს შეადგენდნენ არაბი სუნიტები, რომლებიც განიდევნენ პოლიტიკური ცხოვრებიდან ახალი ელიტის, არაბი შიიტების მიერ, რამაც ახალი ძალით ააფეთქა სუნიტებისა და შიიტების მრავალსაუკუნოვანი დაპირისპირება.

გაცილებით უფრო უხეშად ხდებოდა გარე ძალების დაპირისპირება სირიის ხელისუფლებასთან. სუნიტურ საპროტესტო ძალებს აქტიურად უჭერდა და უჭერს მხარს აშშ-ი, ევროკავშირის ქვეყნები, თურქეთი, სპარსეთის ყურის მონარქიები, იორდანია, სხვა არაბული ქვეყნები. ქმნიდნენ რა დამასკოს საწინააღმდეგო თავისუფალი სირიის არმიას. ასადის მოწინააღმდეგე დასავლელმა და ზემოთმოყვანილმა ქვეყნებმა ყურადღება არ მიაქციეს თვით ამ არმიაში რადიკალური ისლამური ძალების გაჩენას – ისეთისას, როგორებიცაა “ჯებხატ ან-ნუსრა“, „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“.

ვაშინგტონის გათვლა იყო მარტივი – ამ ძალების გამოყენება სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის წინააღმდეგ, ხოლო მათი გამარჯვების შემდეგ, რადიკალებთან ანგარიშსწორება. ამერიკელები შეცდნენ, უნებლიეთ თუ შეგნებულად, ღმერთმა იცის.

მოძლიერებულმა ჯიჰადისტებმა თავის რიგებში გააერთიანეს სირია-ერაყის ანტისამთავრობო ძალები, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ტერორისტები და მთელს მსოფლიოს გამოუცხადეს ჯიჰადი. აგრესიულმა ლოზუნგებმა, „უწმინდოთათვის“ თავების მოკვეთამ, სხვა ტერორისტულმა გამოხდომებმა გამოაფხიზლეს აშშ-ი და მისი მოკავშირეები. სასწრაფოდ შეკოწიწდა კოალიციაც, თუმცა მისი ბრძოლა შედეგს არ იძლევა. როგორც ჩანს, საჰაერო თავდასხმებით „სახალიფოს“ დამარცხება შეუძლებელია. სახმელეთო ოპერაციის დაწყება აშშ-ს მხრიდან ერთი და იგივე მდინარეში მეორედ შესვლას ნიშნავს. არადა სახმელეთო ოპერაციის გარეშე ომის მოგება ზღაპარია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, უდავოდ იბადება კითხვა – როგორ განვითარდება მოვლენები? სრულიად შესაძლებელია, რომ „სახალიფომ“ შეძლოს პოზიციების განმტკიცება და დაპყრობილ ტერიტორიებზე „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნისთვის შესაბამისი სტრუქტურების ჩამოყალიბება. აღნიშნულის განსახორციელებლად საჭირო იქნება „სახალიფოს“ მმართველთა მხრიდან სალაფიტურ-ვაჰაბიტური შეხედულებების ჩანაცვლება შედარებით ლმობიერი, პრაგმატული შეხედულებებით.

ირანის საზღვართან არაბულ-სუნიტური სახელმწიფოს შექმნა, სპარსეთის ყურის სახელმწიფოების ინტერესში შედის, ისე, როგორც თურქეთის და აშშ-ს. დაიშლება ერაყი – ერაყის ქურთისტანად, ისლამის „სახალიფოდ“ და ერაყის შიიტების სახელმწიფოდ. ამ ვარიანტს აქვს პერსპექტივა, ვიდრე ასეთს: „ისლამის სახალიფოს“ ბრძოლას „ურწმუნოთა“ – შიიტების, ქურთების, ქრისტიანების, პროდასავლური სუნიტების წინააღმდეგ. ამ გეგმით სავარაუდოა „სახალიფოს“ ტერიტორიების გაფართოება, ახალი, დაპყრობილი მიწების ხარჯზე. არ არის გამორიცხული ბაღდადისა და დამასკოს აღებაც.

არის მესამე ვარიანტიც – საჰაერო დაბომბვებით თვით „სახალიფოს“ მმართველობაში ქიშპის ჩამოგდება, ერთმანეთს შორის ჯანყის ორგანიზება და „სახელმწიფოს“ მრავალ პატარა სამხედრო ნაწილებად დაყოფა.

„ისლამური სახელმწიფოს“ მომავალი არსებობის აღნიშნული ვარიანტები იშვიათად, მაგრამ მაინც ქვეყნდება დასავლურ პრესაში. ზოგი რამ მისაღები და საყურადღებოა და გასათვალისწინებელი ვაშინგტონის, ბრიუსელის მიერ. მაგრამ პოლიტიკური სიბეცე ან უფრო ზუსტად ღორმუცელობა, მოსალოდნელი დიდი ნადავლის ხელში ჩაგდების სახით, თვალს უბრმავებს აშშ-ს ადმინისტრაციას.

დიდი ნადავლი არა მარტო ბაშარ ასადის ხელისუფლების დამხობა და სირიის ხელში ჩაგდებაა, არამედ ახლო აღმოსავლეთში გავლენის მკვეთრი გაფართოება და არა მარტო ახლო აღმოსავლეთში, არამედ აღმოსავლეთ ევროპაში, კერძოდ უკრაინაში. ავსტრალიაში G-20 სამიტის ფარგლებში აშშ-ს პრეზიდენტის ობამას განცხადება, რომ მსოფლიოს ებოლა და რუსული აგრესია და არა „ისლამური სახალიფო“ ემუქრება, ნათელი მაგალითია პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის ახლომხედველობის.

ნაცვლად იმისა, რომ თეთრმა სახლმა რუსეთი ჩართოს მსოფლიოს ახალ გამოწვევასთან ბრძოლაში, რუსეთს ასახელებს აგრესორად. ნაცვლად იმისა, რომ პრეზიდენტმა ობამამ ახლო აღმოსავლეთის ავტორიტეტული მოთამაშე ირანი, რომლის გარეშე წარმატებული ომის განხორციელება „სახალიფოს“ წინააღმდეგ შეუძლებელია, ჩართოს საქმეში, ირანის მიმართ დაწესებული სანქციებს კიდევ ერთი წლით აგრძელებს, შემდეგი განმარტებით – „ვინაიდან ირანთან ჩვენი ურთიერთობები ჯერაც არ არის ნორმალიზებული“.

ამასობაში „ისლამური სახალიფო“ იკრებს ძალებს – ფინანსურად, მატერიალურად, ცოცხალი ძალით, თანამედროვე შეიარაღებით. იზრდება რადიკალური ისლამის პოპულარობაც, რომელმაც ფართო გასაქანი პოვა დასავლური მორალისა და ღირებულების დაცემის ფონზე. სერიოზული საფრთხის გავრცელების შესაძლებლობა ჩნდება „ისლამური სახალიფოს“ „მოსახლეობის“ სხვა ქვეყნებში გადასვლის სახით.

აღნიშნული „სახალიფოს“ „ალ-ქაიდასთან“ და „თალიბანთან“ დაახლოებით, „ისლამური სახალიფოს“ მიზიდულობის ძალა დღითიდღე იზრდება, თან ეკონომიკურად და სოციალურად მეტნაკლებად ძლიერ ქვეყნებში, როგორებიცა ევროპისა და ჩრდილო ამერიკის ქვეყნები.

 „სახალიფოს“ პოპულარობამ განაპირობა აღნიშნულ ქვეყნებში მცხოვრები, ისლამური და არაისლამური  წარმოშობის გოგონების დაუოკებელი სურვილი სულით და ხორცით ჩაბარდნენ „სახალიფოს“ არმიის ჯიჰადისტ მებრძოლებს. და ეს მარტო მშრალი დეკლარაცია არ არის. მას რეალური საქმეები ახლავს თან – გოგონათა მასობრივი გამგზავრება თურქეთ-სირია-ერაყში, იქიდან „სახალიფოში“.

„ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“ სერიოზულ საფრთხეს უქმნის მთელს მსოფლიოს და მათ შორის კავკასიასაც. „სახალიფოს“ მოწოდებების მიხედვით, ბრძოლა „ურწმუნოთა“ წინააღმდეგ უდავოდ გაიმართება და პირველ დარტყმებს იგემებენ როგორც აშშ-სა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ასევე რუსეთსა და კავკასიაში.

რა სახის შეტევას უნდა ველოდოთ ახლო აღმოსავლეთში ჩამოყალიბებული ექსტრემისტული „სახალიფოსგან“?

უპირველეს ყოვლისა ეს არ იქნება „სახალიფოს“ არმიის პირდაპირი შეტევა კავკასიის ქვეყნებზე. ეს იქნება სხვაგვარი შეტევა, მეტადრე შეფარული, იმ მეომრების მხრიდან, რომლებმაც ოფლითა და სისხლით დაუმტკიცეს „სახალიფოს“ თავიანთი სურვილი – მუდამ მხარში ედგნენ და მათი იდეების გამტარებლები იყვნენ, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ. ასეთთა რიცხვი, არაბული მონაცემებით, 15 ათასია, ანუ 15 ათასი მეომარი, კავკასიის მარტო ორი ქვეყნიდან აზერბაიჯანიდან და საქართველოდან.

რაც შეეხება სომხეთს – ის „სახალიფოს“ ჯიჰადისტებს ცოცხალი ძალით არ ამარაგებს, უპირველესად იმიტომ, რომ ქვეყანა მონოეთნიკური და მონორელიგიურია.

საქართველოში დაბრუნებული ჯიჰადისტები როდის და როგორ აამოქმედებენ „სახალიფოს“ წინაშე დადებული ფიცის მექანიზმს – ღმერთმა უწყისს. მათი მხრიდან საქართველოსადმი მტრულ განწყობას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის ის – „ისლამური სახალიფოს“ წინააღმდეგ შექმნილ კოალიციაში შესვლის სურვილი რომ ჰქვია.

საქართველო ხმამაღლა და მუდმივად გაიძახის ნატოსთან და აშშ-თან ინტეგრაციას, გარდა ამისა მზადაა თავის ტერიტორიაზე გახსნას ნატოს საწვრთნელი ცენტრი, რომელიც მოამზადებს „სახალიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მეომრებს. საქართველოს სამხედრო კონტიგენტი იბრძვის ავღანეთში.

მართალია, მთავრობა აცხადებს, რომ მსგავსს ადგილი არ ექნება, მაგრამ „სახალიფოს“ ვერავინ დაარწმუნებს, რომ ნატოს სასწავლო ბაზაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებით გაიხსნება საქართველოში (ეს განცხადება გაკეთდა მისი ბრიუსელში ვიზიტის დროს ა.წ. 17-18 ნოემბერს), არ იქნება გამოყენებული „სახალიფოს“ წინააღმდეგ.

ვითარების გამწვავების შემთხვევაში ძნელი წარმოსადგენია, რომ ნატომ ან აშშ-ა სერიოზული დახმარება გაუწიონ საქართველოს. იმ ქართული ანდაზისა არ იყოს – „სანამ პეტრე მოვიდოდა, პავლეს ტყავი გააძრესო“, ისე იქნება საქართველოს საქმე.

მხედველობაშია მისაღები საქართველოს ერთობ „გამჭვირვალე“ საზღვრები აზერბაიჯანთან, თურქეთთან და ჩრდილო კავკასიასთან. ამ საზღვრების გადაკვეთა მოჯახედებისთვის სიძნელეს არ წარმოადგენს. საქართველო არც ერთ სამხედრო ბლოკში არ არის გაწევრებული, ისე, როგორც კავშირში, მაგალითად – ევროკავშირში.

საქართველოს აქვს ორივე ორგანიზაციაში შესვლის სურვილი, მაგრამ უახლოეს მომავალში ოცნების ასრულება შეუძლებელია. ასე, რომ საქართველოში გაჩენილი სამხედრო დაპირისპირების შემთხვევაში ნატო-ევროკავშირის დახმარება ვერბალური იქნება და არა საქმიანი, დაახლოებით ისეთი, რასაც 2008 წლის ომის დროს ჰქონდა ადგილი.

საქართველო გაცილებით რთულ მდგომარეობაშია, ვიდრე აზერბაიჯანი, ვინაიდან აზერბაიჯანი სუნიტური სახელმწიფოა, ისეთივე, როგორც „ისლამური სახალიფო“. აზერბაიჯანის კანონმდებლობის მიხედვით, ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლის გარეშე აკრძალულია საზღვარგარეთის თეოლოგიურ ინსტიტუტებში სწავლა.

საქართველოში მსგავსი რამ არ არსებობს, რაც საშუალებას აძლევს დიდი თურქეთის შექმნის იდეოლოგ ფეტულა გიულენს, ასობით აჭარელი ბავშვი აზიაროს ისლამს. ბაქოს, უსაფრთხოების თვალსაზრისით, შეიძლება თურქეთის იმედიც ჰქონდეს. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ აზერბაიჯანი არ აცხადებს სურვილს, შეუერთდეს ანტიხალიფურ კოალიციას. ბაქოს, რუსეთის დახმარების იმედიც აქვს. ამ ორ ქვეყანას სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. ბაქო სისტემატურად ყიდულობს რუსულ იარაღს (5 მილიარდი დოლარი), გარდა ამისა კასპიის ზღვის საკითხები, განსაკუთრებით უსაფრთხოება, მათ აახლოვებს.

სომხეთსაც აქვს უსაფრთხოების გარანტიები. ის დსთ-ს კოლექტიური უსაფრთხოების წევრია. გარდა ამისა, სომხეთს კარგი ურთიერთობა აქვს ირანთან – „ისლამურ სახალიფოსა“ და საერთოდ ტერორიზმთან დაუძინებელ მებრძოლ სახელმწიფოსთან.

ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობა ტერორიზმთან ბრძოლაში საყურადღებოა. კრიტიკული ვითარების შემთხვევაში აზერბაიჯანს აქვს ირანის დახმარების იმედი, რაც ცხადია საქართველოს არ გააჩნია. „ოცნების“ ხელისუფლებამ ყველაფერი იღონა ნატო – ევროატლანტიკური სივრცის მოსახიბლად, მაგრამ იქიდან საგნობრივი დახმარების ნაცვლად, ზეპირი დაპირებების მეტი არაფერი მიუღია.

გარდა ამისა, დაიძაბა რუსეთთან და ირანთან ურთიერთობა. პირველი გააღიზიანა ბოლოდროინდელმა განცხადებებმა ნატოს სასწავლო-საწვრთნელ ბაზასთან დაკავშირებით, მეორე – სავიზო საკითხების გაუარესებამ და ირანელთა მიმართ საბანკო შეზღუდვების დაწესებამ. არადა ირანი ხელწამოსაკრავი ქვეყანა არ არის. მას ისე, როგორც რუსეთს კავკასიის საკითხებში თამაშის უფლებაც აქვს და შესაძლებლობაც. არც ერთი და არც მეორე არ დაუშვებს კავკასიაში აშშ-ს სრულ დომინირებას, რაც კარგად უნდა იცოდეს „ოცნების“ ხელისუფლებამ.

კავკასია სწორედ ის რეგიონია, რომელსაც გამადიდებელი შუშით უყურებს რეგიონის მეზობელი ქვეყნებიც და არამეზობლებიც, აშშ-ს სახით. კავკასია, ხიდია დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის. ისევე, როგორც ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ამ ხიდის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების მსურველი ბევრია, მათ რიცხვს ახალი სახელმწიფო ე.წ. „ისლამური სახალიფოც“ ემატება – ძალა, ანგარიშგასაწევი, დასაფიქრებელი, შესაბამისი დასკვნების გაკეთების მაიძულებელი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.