კინკლავი პრეზიდენტისა და მისი სასახლის ირგვლივ გრძელდება

ორ კვირაზე მეტია მიმდინარეობს საჯარო კინკლავი, ლამის ხელჩართულ ჩხუბში გადასული, გაეროში წასვლა-არწასვლასთან დაკავშირებით. ერთ მხარეს ე.წ. პრეზიდენტი და მისი აპარატია, მეორეს – დანარჩენი „ოცნება“.

საქმეს, არც „ოცნების“ ხელისუფლებაში მომყვანის, ივანიშვილის ჩარევამ უშველა, პირიქით, მისი საგაზეთო ინტერვიუს შემდეგ, გაათკეცა ჩხუბი და ისეთი ფორმები შეიძინა, ძველი თბილისის ეზოებისთვის რომ იყო დამახასიათებელი. ასაკოვან ადამიანებს კარგად ახსოვთ, საერთო ეზოს აივნებზე გადმომდგარი დედაკაცების ლანძღვა-გინება, თუნდაც ისეთ „სერიოზულ“ თემაზე, სარეცხის გაფენას რომ ეხებოდა.

ჰოდა, იმ წარსულის მსგავსად, აივანზე გადმომდგარი საგარეო საქმეთა მინისტრი და მისი მოადგილეები ისეთი დაჟინებით ისვრიან პრეზიდენტის მისამართით პირზე მომდგარ სიტყვებს, ძველი თბილისის ეზოების ბინადარ დედაკაცებსაც რომ შეშურდებოდათ.

იმჟამინდელი აივანი, დღევანდელი   ტელევიზიაა. იმჟამინდელი ანჩხლი დედაკაცების ქოთქოთი, დღევანდელი საგარეო საქმეთა მინისტრის თავშეუკავებელი ვერბალური თავდასხმაა, თანაც ვისზე, ქვეყნის პრეზიდენტზე.

ქვეყნის პრეზიდენტი, მარგველაშვილი, რომ რიგითი მოქალაქე იყოს, კიდევ არაუშავს გინებას, თუმცა მაშინაც ზომიერება იქნებოდა საჭირო. მაგრამ მარგველაშვილი პრეზიდენტია – თუნდაც უფუნქციო და დაკოდილი (არა პირდაპირი მნიშნელობით, არამედ საქმიდან გამომდინარე) და როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა (ისიც მაგარია), მთავრობის დაუკითხავად მხოლოდ საერთაშორისო დონის პანაშვიდ-დასაფლავებაზე მოსიარულე.

და რახან მარგველაშვილი პრეზიდენტია, მითუმეტეს ხალხის მიერ არჩეული, დანიშნულმა მთავრობის წევრებმა პატივი უნდა სცენ მას, არა როგორც მარგველაშვილს, არამედ როგორც ქვეყნის პრეზიდენტს. მაგრამ რა გაეწყობა, რუსული გამოთქმისა არ იყოს – „კაკოი პოპ, ტაკოი პრიხოდ“.

23 „დამოუკიდებელი“ წლის განმავლობაში ვერც ქვეყანა ჩამოვაყალიბეთ და ვერც ქვეყნის პოლიტიკური სტრუქტურა. ვერც სახელმწიფო მოხელეთა რანგირება შევქმენით და რაც მთავარია სუბორდინაცია. ქვეყანაში, სადაც რიგითი მინისტრი, თუნდაც არარიგითი, თავს უფლებას მისცემს პრეზიდენტს საჯაროდ, ტელევიზიით „გადაუაროს“, ხოლო მინისტრის მოადგილე ზალკალიანმა, სახეშეშლილმა, ხელების ქნევით (როგორც ჩანს დიპლომატიურ ეთიკეტთან მას ახლოც არ გაუვლია), ისე გალანძღოს, როგორც დედამ მცირეწლოვანი შვილი – ქვეყანა არ არის.

მინისტრისა და მოადგილის „გაგულავებას“ უდავოდ შეუწყო ხელი „ოცნების“ „მშობლის“ აგდებულმა დამოკიდებულებამ მარგველაშვილისადმი, ანუ პიროვნებისადმი. მაგრამ მარგველაშვილი რომ ქვეყნის პრეზიდენტია? და რახან ის პრეზიდენტია, არც „მშობელ“ ივანიშვილს აქვს უფლება ლანძღოს ის. და არა მარტო თვითონ ლანძღოს, არამედ სხვასაც მოუწოდოს ამისკენ.

„მშობლის“ „მოწოდება“ რომ კანონად აქვს აღქმული „ოცნებას“ – ხომ ყველასთვის ნათელია. და მათაც, ოდნავი დაფიქრების გარეშე, ისეთი ღვარცოფი დაადინეს პრეზიდენტის თავს, ივანიშვილს რომ გაახარებდა, რითაც ერთობ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს პრეზიდენტი, პრეზიდენტობის ინსტიტუტი და ქვეყანა.

საქართველომ, უდავოდ გაიმყარა პაპუასობის იმიჯი, რომელიც, ქარაფშუტა სახელმწიფო მოხელეთა „დაუღალავი“ შრომით, რახანია მინიჭებული აქვს. როდესაც დაბალი შეგნების, მითუმეტეს პოლიტიკური ცოდნის მატარებელი ჟურნალისტი შეკითხვით მიმართავს  საქართველოში აშშ-ს ელჩს – თქვენ რას იტყვით გაეროში პრეზიდენტი უნდა წავიდეს თუ პრემიერიო – ყველაფერი ნათელია.

და ნათელია ის, რომ საქართველო, ამ პოლიტიკური შემადგენლობით, არც გაეროს წევრი უნდა იყოს და არც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციის. არასამართლიანად მოგეჩვენათ ჩემი ნათქვამი?! ცხადია, ყურს ჭრის. მაგრამ ქვეყანას, რომელსაც ვერადავერ გადაუწყვეტია ნიუ-იორკში ვინ გაემგზავროს, სხვას რას გადაწყვეტს? ახლა არ მიკვირს, რატომ ვერ ახერხებს „ოცნება“ საარჩევნო დაპირებების შესრულებას.

ერთი ამბავი გამახსენდა და ივანიშვილის გასაგონად მინდა ვთქვა, რუსეთის პრეზიდენტ პუტინს, ის-ის იყო პრეზიდენტობა მედვედევისთვის ჰქონდა გადაბარებული, რომ წითელ მოედანზე გამართული სამხედრო პარადის დროს ორივენი (ახალი პრეზიდენტი და პრეზიდენტ-ყოფილი) მეუღლეებით, ერთად გამოჩნდნენ. მაგრამ, როდესაც მთავარ ტრიბუნას მიუახლოვდნენ, პუტინი შედგა და გზა აღარ გააგრძელა. მეუღლემ ავტომატურად მოუწოდა – წავიდეთო, მაგრამ პუტინმა ანიშნა, ჩვენი ადგილი აქ არის და არა პრეზიდენტის ტრიბუნაზეო.

ეს, თითქოს უმნიშვნელო მომენტი, რომელიც ტელეკამერამ დააფიქსირა, დღემდე შემორჩა ჩემს მეხსიერებას. პუტინმა „შობა“ მედვედევი, პრეზიდენტი. მან გაიყვანა ის ორბიტაზე და როგორც თანამგზავრის მატარებელმა რაკეტამ, ამ შემთხვევაში „მშობელმა“, არსებობა შეწყვიტა.

ქვეყანას უდავოდ წაადგება, თუ ივანიშვილი შეწყვეტს მის მიერ შექმნილ ხელისუფლებასთან ურთიერთობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ხელისუფლება ვერასდროს ისწავლის დამოუკიდებლად მართვის ხელოვნებას. მას მუდამ ყელი ექნება მოღერებული „კომკავშირის ხეივნისკენ“. პრემიერ-მინისტრი მუდამ იტყვის – „ძალიან გამაკვირვა პრეზიდენტის განცხადებამ და არა მარტო მე, არამედ ბიძინა ივანიშვილიცო“.

ბიძინა ივანიშვილის „პოლიტიკოსობას“ თვით მან დაუსვა წერტილი, თუმცა ზოგი ამბობს, რომ მისი ფუნქცია „რაკეტამატარებლობაში“ იყო და არა ქვეყნის მართვაში. მას ორბიტაზე უნდა გაეყვანა ისინი, ვინც სტრატეგიული პარტნიორის გემოვნებას ესადაგებოდნენ. ცოტა ხნით დაჰყო მან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, და როგორც ჩანს, მოიხიბლა კიდევაც ამ საქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში არ იტყოდა – „პოლიტიკა ჩემთვის ახალი რამ არის, მომწონს, ბიზნესსაც მივატოვებ და ამ საქმეს გავაგრძელებო“.

ძალაუფლების მოყვარული პიროვნებისთვის და ასეთად ჩანს ივანიშვილი, ქვეყნის მეთაურობა სწორედ ის შესაძლებლობაა, როდესაც ბრძანებ და შემსრულებლები ციბრუტივით დატრიალდებიან; როდესაც უყოყმანოდ ყველა ასრულებს შენს დავალებას; მედია აღფრთოვანებით წერს შენი გონებაგამჭრიახობის, გმირობის შესახებ და ა.შ.

მაგრამ ეს ყველაფერი რომ წინა ცხოვრებაში იყო, რომელსაც დღეს დაბეჯითებით ვლანძღავთ? რაიკომის მდივნის ფუნქცია ხიბლავდა მას პრემიერობის დროს და როგორც ჩანს, დღესაც ხიბლავს – საზოგადოებრივ სექტორში გადასულს. მისი განმარტებით, თუ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელსაც ბატონი ბიძინა ხელმძღვანელობს, სისტემატურად ან პერიოდულად დირექტივები მიაწოდა ხელისუფლებას, ვინ იქნება ხელისუფლება?

ბიძინას „ნაშობი“ ხელისუფლება, რომ ხელისუფლება ვერ იქნება (არის რო?), მტკიცება არ სჭირდება. „ოცნება“ ყოველთვის თავდახრილი (დამნაშავე ბავშვივით) იქნება „მოქალაქე“ ივანიშვილის წინაშე, რაც ივანიშვილს უდავოდ გაახარებს, ქვეყანას კი – პირიქით. ივანიშვილი, საჯაროდ მაინც, თავს უფლებას არ უნდა აძლევდეს ასეთის თქმის – „ჭიკაიძის კანდიდატურის შესახებ ღარიბაშვილმა კი მკითხა, მაგრამ ყურადღება არ მივაქციეო“.

ივანიშვილის ამბიციების დაკმაყოფილებას ქვეყნის დღევანდელი და ხვალინდელი ეწირება. ქვეყანას მის გარეშე არ შეუძლია არსებობა, მთავრობას – მარტივი საკითხის გადაწყვეტა. და ეს ხდება უაღრესად გამძაფრებული საშინაო და საგარეო ვითარების ფონზე.

ივანიშვილის ფაქტორი – ერთობ სასურველი და მისასალმებელი, ამაზრზენი სააკაშვილის „მეფობის“ დროს, დღეს ნეგატიურად მოქმედებს. ივანიშვილის გმირობით მოვიშორეთ სააკაშვილი. თვით ივანიშვილმა ჩათვალა, რომ ქვეყანა ფონს გაიყვანა და გადადგა – კეთილი და პატიოსანი. მაგრამ კულისებიდან მართვა, დააქცევს ქვეყანას, ისე, რომ სააკაშვილის საშინელი პერიოდი სანატრელი გახდება. ეს უნდა გაითვალისწინოს, როგორც ივანიშვილმა, ისე ყველამ, ვინც მას უქებს ასეთ ქმედებას და იმანაც, ვინც ივანიშვილის დაბრუნებას ითხოვს.

შეძლებს ეს ხელისუფლება უივანიშვილოდ მუშაობას? ეჭვი მეპარება და არა მარტო მე, არამედ ბევრს. ამიტომაცაა ლაპარაკი ვადამდელი არჩევნების დანიშვნაზე, რომლის მიზანი მარტივია – „მოქალაქის“ გავლენის გარეშე მართვა.

დავუბრუნდეთ მარგველაშვილს. სწორედ ივანიშვილის ინტერვიუმ ააგორა პრეზიდენტის წინააღმდეგ ტალღა. სამწუხაროდ, ამ ტალღამ არა მარტო მარგველაშვილი ჩაძირა, არამედ ქვეყანაც. ამ ტალღამ წააქეზა საგარეო უწყების ხელმძღვანელები, ისე შებმოდნენ პრეზიდენტს, როგორც თანასწორს.

არადა, პრეზიდენტი, პრეზიდენტია. მას შეუძლია უცხო დელეგაციასთან შეხვედრის დროს ან მიიწვიოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ან არა. მას შეუძლია თავისი მიდგომა ჰქონდეს ამ უწყებასთან და მის ხელმძღვანელობასთან. ჩემს თვალწინ ხდებოდა პრეზიდენტ შევარდნაძისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ჩიკვაიძის ერთობ დაძაბული ურთიერთობები.

ჩიკვაიძის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან დისტანცირების თვალსაზრისით, შევარდნაძემ, თავის აპარატში საგარეო სამსახურიც შექმნა. პრეზიდენტი სააკაშვილი ათვალწუნებით უყურებდა საგარეო საქმეთა მინისტრ ჯაფარიძეს და ხანმოკლე მუშაობის შემდეგ გაათავისუფლა კიდევაც თანამდებობიდან. მანამდე კი თავს არიდებდა მინისტრთან ერთად უცხოელ სტუმართან შეხვედრას. ასე, რომ ფანჯიკიძის სატელევიზიო ჭორაობა – „ისე შეხვდა მარგველაშვილი ვიღაცას უელსში, არ დამიძახაო“, – გასაკვირი არ უნდა იყოს. გასაკვირი ის არის, რომ მინისტრი და მისი მოადგილე ტელევიზიით ეტიტინებიან პრეზიდენტს.

პრეზიდენტ მარგველაშვილის პიროვნება რომ ნაკლებად ხიბლავს საზოგადოებას, ნათელია. ისიც ნათელია, რომ საზოგადოება ივანიშვილს ეტრფის და, პრეზიდენტთან დაპირისპირებაში, ივანიშვილის მხარეზეა. და არის ერთი ვაიუშველებელი ატეხილი მარგველაშვილის გასალანძღად.

მთავარი ბრალი მარგველაშვილისა ის არის, რომ პრეზიდენტის სასახლეში შევიდა. როგორც ივანიშვილი, ისე მისი შექმნილი „ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მარგველაშვილმა ფიცი დადო, რომ სააკაშვილის ნასახლარში, ანუ სასახლეში არ შევიდოდა.

კეთილი, მაგრამ თუ მარგველაშვილმა მართლაც განაცხადა, რომ არ შევიდოდა მისი წინამორბედის სასახლეში, ივანიშვილიდან დაწყებული, ნებისმიერი „ოცნებელით“ დამთავრებული, ყალყზე უნდა დამდგარიყო და დაეძალებინა მარგველაშვილისთვის სასახლეში შესვლა, ვინაიდან არშესვლა, ნიშნავდა პროვინციალიზმს, სახელმწიფო სიმბოლოსთვის ზურგის შექცევას, სახელმწიფოს შეურაცხყოფას.

პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტის შენობა, მთავრობის სახლი, ისეთივე სიმბოლოებია, როგორც ქვეყნის დროშა, გერბი, ჰიმნი. არ მოგვწონს (და რა მოსაწონი იყო) სააკაშვილი და ზურგი უნდა ვაქციოთ მის დროს შექმნილ დროშას, გერბს, ჰიმნს, სასახლეს?

სერიოზული დაავადება გვჭირს, რაც წინამორბედის განქიქებასა და მის დროს შექმნილის უარყოფაში გამოიხატება. შევარდნაძეს არ მოეწონა გამსახურდიას დროს გადაკეთებული საბჭოთა საქართველოს კონსტიტუცია და პარლამენტის არჩევისთანავე ახალი მთავარი კანონი შეგვაქმნევინა. ერთშიც და მეორეშიც აქტიური მუშაობა მომიხდა. შევარდნაძეს ახალი დროშის და გერბის შემოღებაც სურდა, მაგრამ არ დასცალდა.

მოვიდა სააკაშვილი და სწრაფად, ვოლუნტარისტულად შეცვალა სიმბოლიკა. სასახლეც ააშენა. ძვირი დაუჯდა სასახლე, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა ქვეყნისთვის.

„ღარიბ ქვეყანას არ უნდა ჰქონდესო მდიდრული სასახლე“, – აცხადებენ „ნაროდნიკები“.

სასახლე ერთჯერადი გამოყენების სათავსო არ არის. ის არაერთ პრეზიდენტს მოილევს და იქნებ მდიდარი ქვეყნის არსებობასაც მოესწროს? ყოფილ საბჭოთა სივრცეში თუ რამით გამოირჩევა ტაჯიკეთი – სიღარიბეა, მაგრამ პრეზიდენტის სასახლე ისეთია, სიტყვა „სახელმწიფოს“ რომ შეეფერება.

სააკაშვილის აშენებულ სასახლეში არ უნდა შესულიყოო ახალი პრეზიდენტი. ის ათონელის 25-ში, სააკაშვილის განკარგულებით მშენებარე შენობაში, სააკაშვილის, როგორც სავარაუდო პრემიერ-მინისტრის სასახლეში უნდა შესულიყოო. რა განსხვავებაა, ისიც სააკაშვილის ფანტაზიის ნაყოფი არ არის? იმ განსხვავებით, რომ ათონელის შენობაში შესვლა ვერ მოასწრო.

ათონელის ქუჩაზე მდებარე ისტორიული შენობა შეუფერებელია პრეზიდენტის საქმიანობისთვის, უპირველესად იმიტომ, რომ ცუდი მდებარეობა აქვს. სტუმრიანობის დროს პოლიცია იძულებული იქნება გადაკეტოს ვიწრო ათონელის ქუჩა, რითაც სერიოზული პრობლემები შეექმნება საქალაქო ტრანსპორტს, თბილისის მოსახლეობას. პრეზიდენტის სასახლე ამ პრობლემისგან თავისუფალია.

ივანიშვილმა ბრძანა: „პრეზიდენტის სასახლის შენახვა ძვირი ჯდებაო“. ჯერ ერთი, თუ საქართველო სახელმწიფოა, პრეზიდენტის სასახლის შენახვის ხარჯებზე არ უნდა ვლაპარაკობდეთ. ბატონ ბიძინას თუ გული შესტკივა, შეუძლია საკუთარი წვლილი შეიტანოს სასახლის ხარჯების დასაფარად.

შეიკვეცოს ერთობ გაზრდილი სახელმწიფო მოხელეთა რაოდენობა, მათი უზომო ხელფასები, ხელფასზე დანამატები და პრემიები; ძვირადღირებული სახელმწიფო მანქანების, ასევე ძვირადღირებული კომპიუტერებისა და მობილური ტელეფონების შესყიდვა, სატელეფონო ხარჯები; საზღვარგარეთ სისტემატური მივლინებები და იქ ძვირადღირებულ სასტუმროებში ცხოვრება, ლიმუზინებით „კატაობა“, თვითმფრინავის ბიზნეს და პირველი კლასის სალონებით მოგზაურობა და დაიზოგება საბიუჯეტო ხარჯები.

ჩვენდა სამწუხაროდ, სამთავრობო შენობებთან ომი რახანია მიმდინარეობს საქართველოში. პარლამენტის შენობის ფასადური ნაწილის (ის, რაც რუსთაველის პროსპექტზე გადმოდის) გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში აშენდა და იქიდან დაწყებული იყო და არის ლაპარაკი – ცოდვილი ადგილიაო, ვინაიდან ეკლესია იდგაო.

თბილისის ომის შემდეგ, ხელისუფლებაში მოსულმა ოპოზიციამ, კატეგორიულად დასვა საკითხი პარლამენტის შენობის დანგრევის თაობაზე – „სატანის საბრძანებელი იყოო“ („სატანა“ – გამსახურდიაა). ეს ლაპარაკი მოგვიანებით უფრო „ლმობიერ“ ჭრილში გადაიზარდა, ანუ ქალაქის მაშინდელმა მერმა ოთარ ლითანიშვილმა ბრძანა – შენობას არ დავანგრევთ, მაგრამ პროფილს შევუცვლით და ბიზნეს-ცენტრად გადავაკეთებთო. პარლამენტის შენობას კი თბილისის ზღვაზე ავაშენებთო.

მიზანი ესოდენ ქარაფშუტული, ნაჩქარევი, აუწონ-დაუწონავი განცხადებისა ის იყო, რომ ქალაქის ცენტრი გადაერჩინათ თბილისის ომის მსგავსისგან, მომავალში. დიდი ბრძოლა დაგვჭირდა გოგი ანდრონიკაშვილს, ვახტანგ ცუხიშვილს და თქვენს მონა მორჩილს, რათა მთავრობის სხდომა დაგვერწმუნებინა ამ „გენიალური“ გეგმის განხორციელების გადავადებაში.

1992 წლის შემოდგომით არჩეულმა პარლამენტმა, ჩემი, როგორც აპარატის უფროსის ძალისხმევით, მიიღო გადაწყვეტილება ძველი შენობის პარლამენტის შენობად დასატოვებლად. თუმცა, მრავალი წლის შემდეგ, სააკაშვილის მეცადინეობით, პარლამენტი ქუთაისში იქნა გადატანილი. ძველი შენობა, შიგნით დანგრეული, გასასხვისებულად გამზადდა.

თბილისელები ამ გადაწყვეტილებას გულგრილად შეხვდნენ. არც ერთ პარტიას ან არასამთავრობო ორგანიზაციას ხმა არ ამოუღია სააკაშვილის მავნე გეგმის შესაცვლელად. საყოველთაო გულგრილობამ მილიონები შთანთქა. ქუთაისში გადასული პარლამენტი დღესაც ძვირი უჯდება ქვეყნის ბიუჯეტს. ვერადავერ გადაწყდა მისი თბილისში გადმოტანის საკითხი.

ახლა მივადექით უკვე აშენებული პრეზიდენტის სასახლეს და დაუფიქრებლად, ზერელედ ვაცხადებთ – ავხორცი სააკაშვილის სასახლეში პრეზიდენტი მარგველაშვილი არ უნდა შესულიყოო და როდესაც ამას ვამბობთ, „კომკავშირის“ ხეივნისკენ ვიყურებით – იქნებ ამით ბიძინას ვასიამოვნოთ. დარწმუნებული ვარ, ბიძინას ესიამოვნება, მაგრამ არა პრეზიდენტის ინსტიტუტს და ქვეყანას.

პრეზიდენტის სახელს უკავშირდება უამრავი აუცილებელი პროტოკოლური ღონისძიება, რომელსაც სასახლე ესაჭიროება და არა სარდაფი ან თუნდაც თავის დროზე პარტიული აპარატის სამუშაოდ აშენებული, მოკრძალებული ცკ-ს შენობა.

საქართველოში პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღების შემდეგ, სერიოზულად დაისვა მისთვის საჭირო წარმომადგენლობითი იმიჯის შექმნის საკითხი. ვითარებიდან დროებით გამოსვლის მიზნით, პარლამენტის შენობის იმ ნაწილში, სადაც საბჭოეთის დროს მინისტრთა საბჭო იყო განთავსებული, პრეზიდენტის (გამსახურდიას) წარმომადგენლობითი სათავსოები შევქმენით.

ამ სათავსოებით სარგებლობდნენ პრეზიდენტები შევარდნაძე და სააკაშვილი, მაგრამ ის არ იყო სრულ შესაბამისობაში პრეზიდენტის პროტოკოლურ ფუნქციებთან – მაღალი დელეგაციების მიღება, მათთვის სახელმწიფო წვეულების გამართვა, საზეიმო ცერემონიალების ჩატარება და ა.შ.

წლების განმავლობაში ვხელმძღვანელობდი საქართველოს სახელმწიფო პროტოკოლის სამსახურს და ამ ხნის მანძილზე არაერთხელ მომიწმენდია შუბლიდან სიმწრის ოფლი, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი, პრეზიდენტისთვის შეუფერებელ შენობაში აწყობდა მაღალი რანგის დელეგაციების მიღებას. ვერავითარ პროტოკოლს ვერ უძლებს თუნდაც ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს რესტორანში, პრეზიდენტის სახელით გამართული წვეულება.

ეს პრობლემა გადაწყდა სააკაშვილის დროს. და რახან ასეა, იქ მარგველაშვილი არ უნდა შესულიყო? რა შუაშია შენობა?

ამ მოსაზრებით გერმანიას ომის დამთავრების შემდეგ მიწასთან უნდა გაესწორებინა ბუნდესტაგის შენობა.

შენობაში სხვა დაწესებულება უნდა განთავსდეს ან გაიყიდოსო, – აცხადებენ მავანნი, რაც თავისთავად ნიშნავს შენობის თანდათანობით ნგრევას, გადაკეთებას, რითაც დიდი ზარალი მიადგება სახელმწიფო ბიუჯეტს. სასახლის გასხვისებით ქვეყანა დაისჯება და არა მარგველაშვილი. დავუშვათ, ხვალ ან ზეგ საქართველოს უფრო გონიერი პოლიტიკოსები გამოუჩდნენ, გამორიცხული ხომ არ იქნება, პრეზიდენტის სასახლის აშენება?

რა გამოდის, ყოველმა ახალმა ხელისუფლებამ ახალი სასახლეები უნდა აშენოს?!

პრეზიდენტთან, მითუმეტეს პრეზიდენტობის ინსტიტუტთან კინკლავს წერტილი უნდა დაესვას და რახან ამ წერტილის დასმას საშველი არ დაადგა, ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.