ლოზანადან საქართველომდე
სულ ახლახანს, შვეიცარიის ლოზანაში მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომელიც უმალ მოინათლა „ისტორიულად“.
სააკაშვილისა და დღევანდელი ხელისუფლების წყალობით, სიტყვა „ისტორიულმა“ ისეთივე დევალვაცია განიცადა, როგორც ლარმა. არადა „ექვსეულისა“ (გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია) და ირანის ისლამური რესპუბლიკის 12-წლიანი მოლაპარაკების ნახევარფინალი (ფინალი ა.წ. ივნისის ბოლოს გაიმართება), მართლაც ისტორიული მიღწევა იყო.
ირანი ვალდებულებას იღებს შეამციროს ურანის გამდიდრება, დასავლეთი კი მზადაა მოუხსნას მას ეკონომიკური სანქციბი. ეს არის მოკლე შინაარსი იმისა, რამაც ლოზანის შეთანხმება ისტორიულად მონათლა.
ახლა კი დეტალები. ირანის ბირთვული კვლევის პროგრამა მრავალი წლის განმავლობაში თავსატეხად ჰქონდათ აშშ-ს, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს და რაც მთავარია ისრაელს. მაინც რა იწვევდა თავისტკივილს, რით იყო გამოწვეული შიში?
ირანის მიერ ურანის გამდიდრების ტემპი და რაოდენობა გახდა შიშის საბაბი. ირანმა, რომელმაც, ბირთვული ელექტროსადგურისა და მედიცინისთვის, ხელი მიჰყო ურანის გამდიდრებას, იმ 5%-იან ბარიერს გადააჭარბა, რომელიც საკმარისია აღნიშნული კვლევებისთვის. გაზრდილ პროცენტებში აშშ-ა, ისრაელმა და სხვა ქვეყნებმა ბირთვული ბომბის შექმნის საშიშროება დაინახეს.
არადა ირანის მიერ ურანის გამდიდრების მაჩვენებლები გაცილებით ჩამოუვარდებოდა ბირთვული ბომბის შექმნისთვის საჭირო მონაცემებს (90%). ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შემოწმების შედეგად, გაჩნდა ეჭვი, რომ ირანი, მედიცინისა და ენერგეტიკისთვის საჭირო გამდიდრებულ ურანზე, გაცილებით მეტს ამდიდრებდა. ირანის ხელისუფალთა მტკიცება, რომ საერთაშორისო ნორმების მოთხოვნების ჩარჩოებში აწარმოებდა ბირთვულ კვლევებს, საეჭვო გახდა. განსაკუთრებული განგაში ისრაელმა ატეხა.
ირან-ისრაელს შორის რახანია მძიმე პოლიტიკური ურთიერთობებია. ისრაელს ხშირად მოჰყავდა ირანის ზოგიერთი პოლიტიკოსის განცხადება – ისრაელის პირისაგან მიწისა აღგვის თაობაზე და იმუქრებოდა იმით, რომ ვიდრე ირანი დაიწყებდა ისრაელის „აორთქლებას“, თვით ისრაელი დაბომბავდა ირანის ბირთვული კვლევების ობიექტებს, რითაც რამდენიმე წლით შეაფერხებდა ირანის მიერ ბირთვული ბომბის დამზადებას.
ბირთვულბომბიანი ირანი, არა მარტო რეგიონის უპირობო დომინანტი ხდებოდა, არამედ ანგარიშგასაწევი ძალა მსოფლიოში. ბირთვულბომბიანი ირანი არა მარტო ისრაელისთვის იყო მიუღებელი, არამედ საუდის არაბეთის, სხვა არაბული ქვეყნებისთვის. საუდის არაბეთმა ისიც განაცხადა, რომ ირანის მიერ ბირთვული იარაღის დამზადების შემთხვევაში, თვით შეეცდებოდა ასეთის დამზადებას.
ბირთვული ირანი მაგალითი გახდებოდა მდიდარი არაბული ქვეყნებისთვის, რომლებიც ირანიდან წამოსული საფრთხის დასაპირისპირებლად, საკუთარი ბირთვული იარაღის შექმნას გადაწყვეტდნენ. საუდის არაბეთი, ეგვიპტე, არაბული საამიროები, ისრაელი – რეგიონის ის ქვეყნებია, რომლებიც ირანს, მითუმეტეს ბირთვულბომბიანს, ნეგატიურად განიხილავენ, უპირველესად არა შიშის, არამედ პოლიტიკური მეტოქეობის და ახლო აღმოსავლეთში გავლენის მოპოვების გამო.
ბირთვული ირანის ავტორიტეტი ერთი-ორად გაიზრდებოდა. რაც შეეხება ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებს, რომელთა შემადგენლობაშიც (აღიარების გარეშე) ისრაელიც შედის, თავისებური ეგოისტური მიდგომა აქვთ ამ საკითხისადმი – მარტო ჩვენ და სხვას არა. გარდა ამისა, მათ აფრთხობთ ისიც, რომ ბირთვულიარაღიანი ირანი მიბაძვის მაგალითი შეიძლება გამხდარიყო სხვა ქვეყნებისთვის. და რომ ეს არ მომხდარიყო, გაეროს უშიშროების საბჭომ, აშშ-ა და ევროკავშირმა ცალ-ცალკე დააწესეს სანქციები ირანის წინააღმდეგ, რამაც საკმაოდ სერიოზული ეკონომიკურ-სოციალური პრობლემები შეუქმნა ქვეყანას.
დაახლოებით ასეთი ვითარება იყო შექმნილი ლოზანამდე. რაზე შეთანხმდნენ ლოზანაში? სიტყვა „შეთანხმება“ შემთხვევით არ მიხსენებია, ვინაიდან „ექვსეულისა“ და ირანის ხელშეკრულებას ხელი ივნისის ბოლოს მოეწერება, თუკი ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც ლოზანის შეთანხმებაშია აღნიშნული. ლოზანიდან დაწყებული ა.წ. ივნისის ბოლომდე ტექნიკური ჯგუფები იმუშავებენ და დეტალებში განიხილავენ ყველა საკითხს. მოხდება „მაგატეს“ მიერ ირანის ბირთვული კვლევის ობიექტების შემოწმება და ა.შ.
ლოზანის შეთანხმებით, ირანი მზადაა დაასაწყობოს „ზედმეტი“ ცენტროფუგები და ურანის გასამდიდრებელი მოწყობილობა და დაუქვემდებაროს ისინი „მაგატეს“ კონტროლს. ირანის ურანის გასამდიდრებელი სიმძლავრეების ორი მესამედი დაკონსერვდება მომავალი 10 წლით. გარდა ამისა, ირანი ვალდებულებას იღებს ურანის გამდიდრების დარჩენილი პროგრამის (5%-მდე) მუდმივ მონიტორინგზე „მაგატეს“ მხრიდან, 25 წლის განმავლობაში. ნაცვლად ამისა გაეროს უშიშროების საბჭო, აშშ-ი და ევროკავშირი დაიწყებენ ირანის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების გაუქმებას.
ლოზანის შეთანხმება იმითაც არის აღსანიშნავი, რომ გადაილახა 36-წლიანი უნდობლობა, რომელიც შეიქმნა ირან-აშშ-ს შორის ირანის შაჰის რეზა ფეჰლევის ჩამოგდების, ირანის ისლამური რესპუბლიკის დაარსების და თეირანში მეამბოხეთა მიერ აშშ-ს საელჩოს ხანგრძლივ ალყაში მოქცევის შედეგად.
ირანის რევოლუციას თუ ვინმე გამოეხმაურა ნეგატიურად, აშშ-ი იყო. 36 წლის განმავლობაში რას არ მიმართა აშშ-ა და მისი მოწოდებით მოკავშირე ქვეყნებმა, რომ ახალგაზრდა ისლამური სახელმწიფო მოეხრჩო. ადგილი ჰქონდა არა მარტო ღია სახელმწიფოებრივ ტერორს ირანის წინააღმდეგ, არამედ ფარულს. და როდესაც აღნიშნულით ვერაფერს გახდა, დაიწყო მკაცრი ეკონომიკურ-ფინანსური სანქციების შემოღება. მიზანი სანქციებისა იყო ერთი – ირანელთა სოციალური ყოფის გაუარესება და აქედან გამომდინარე ხალხის ქუჩაში გამოყვანა არსებული მმართველობის დასამხობად.
არ გამოვიდა. ირანმა გაუძლო ეკონომიკურ-პოლიტიკურ, იდეოლოგიურ ზეწოლას და საკუთარ ძალებზე დაყრდნობით, განავითარა მრეწველობა, მათ შორის სამხედრო, სოფლის მეურნეობა, მანქანათმშენებლობა, მეტალურგია, მეცნიერება, განათლება, ბირთვული ენერგეტიკა.
ახალგაზრდა ირანის გამოცდა იყო დასავლეთის მიერ წაქეზებული სადამ ჰუსეინის ერაყის, ირანის წინააღმდეგ ომის დაწყება. 8 წლის განმავლობაში ებრძოდა აიათოლა ჰომეინის მიერ შექმნილი ისლამური რესპუბლიკა ერაყს და ერაყის დამხმარე აშშ-ს, სხვა ქვეყნებს.
ირანმა გაუძლო გამოწვევას. თანამედროვე ირანი, რეგიონში ყველაზე სტაბილური სახელმწიფო, საკუთარი თავის ბატონ-პატრონი, სუვერენული ქვეყანა, დიდი ავტორიტეტით სარგებლობს ახლო აღმოსავლეთში. ის მოკავშირეა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის, პალესტინის ორგანიზაცია „ჰამასის“, ლიბანის ორგანიზაცია „ჰესბოლას“, ერაყის დღევანდელი შიიტური ხელისუფლების, იემენის. აქვს მეგობრული დამოკიდებულება რუსეთთან, ჩინეთთან, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან, სხვა ქვეყნებთან.
ირანის ისლამური რესპუბლიკა ებრძვის ტერორიზმს და აქედან გამომდინარე „ალ-ქაიდას“, მის ფილიალებს, „ისლამურ სახელმწიფოს“. ირანი მხარს უჭერს პალესტინელი ხალხის მისწრაფებას – შექმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო და ამ პოზიციით უპირისპირდება ისრაელს.
ჰყავს თუ არა ლოზანის შეთანხმებას მოწინააღმდეგეები?
ცხადია, ჰყავს – აშშ-ს კონსერვატორების სახით; ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნეთანიაჰუს, სხვა „ქორი“ პოლიტიკოსების სახით; თურქეთის, საუდის არაბეთის, ზოგიერთი არაბული ქვეყნების სახით; თვით ირანის კონსერვატული ძალების სახით. ეს უკანასკნელნი მიიჩნევენ, რომ ლოზანა წამგებიანია ირანისთვის. ანალოგიურს აცხადებენ აშშ-ს ნეოკონსერვატორები. ისრაელი კი თვლის, რომ ირანმა მოიგო, შეინარჩუნა რა ურანის გამდიდრების შანსი.
მაგრამ ისრაელს ირანის ბირთვული იარაღი ნაკლებად აშინებს. მას ახალ პოლიტიკურ ძალთა ცვლა აშინებს, რომელიც ლოზანას შეიძლება მოჰყვეს, აშშ-ს მხრიდან. მაინც რა ცვლას შეიძლება ჰქონდეს ადგილი?
უპირველეს ყოვლისა ირანთან ურთიერთობის ჩამოყალიბებას, რამაც ძირფესვიანად შეიძლება შეცვალოს ძალთა ბალანსი რეგიონში. თუ აშშ-ი საერთო ენას გამოძებნის 80-მილიონიან ირანთან, ისრაელის აზრით, მის მიმართ განელდება ამერიკის ინტერესი და ის დაკარგავს ახლო აღმოსავლეთში „სტრატეგიული პარტნიორის“ სტატუსს. ანალოგიური შიში აქვს საუდის არაბეთს, თურქეთს. ირანთან ურთიერთობის აღორძინებით, განმტკიცდება აშშ-ს სტრატეგიული მიზნები ახლო აღმოსავლეთში, კასპიის ზღვის ქვეყნებში, რუსეთ-ჩინეთის მიმართულებით.
ლოზანა ახალი ამერიკული პროექტის დასაწყისიც შეიძლება გახდეს, რაც რუსეთისთვის არცთუ სახარბიელო იქნება. ჯერი ირანზეა და იმაზე, რამდენად წაჰყვება ირანის დღევანდელი ლიბერალი ხელისუფლება ამერიკელთა თამაშს.
ირანს კარგად აქვს გათავისებული 36-წლიანი გაუსაძლისი პერიოდი, შექმნილი აშშ-ს მიერ, რომლის სწრაფად დავიწყება შეუძლებელია. მაგრამ ის, რომ საერთო ვითარება ამერიკა-ევროკავშირ-ირანს შორის შეიცვლება და შეიცვლება დადებითობისკენ, ეჭვს არ იწვევს. აი, ასეთ სიტუაციაში, სად ვართ ჩვენ, საქართველო? საქართველოს ხელისუფალთა მოქმედებიდან გამომდინარე – ჭურში.
მრავალწლიანმა ცალმხრივმა პოლიტიკურმა ორიენტაციამ ამერიკა-ევროპისკენ, სრულიად დააკნინა რეგიონული პოლიტიკა და დიპლომატია. საქართველომ არ იცის, რა ხდება სამეზობლოსა და რეგიონში და აქედან გამომდინარე, ვერ ხვდება იმ ძვრებს, რასაც ადგილი აქვს და ექნება ირანიდან გამომდინარე, ქვეყნიდან, რომელიც დღიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა, მხარში ედგა მას.
ირან-ამერიკა-ევროკავშირის გაუმჯობესებული ურთიერთობების არარსებობის შემთხვევაშიც კი ნებისმიერ ქვეყანას, განსაკუთრებით კი ეკონომიკურად ერთობ სუსტს, როგორიც საქართველოა, მჭიდრო კავშირები უნდა ჰქონოდა ირანთან – გამოეყენებინა მის მიერ შემოთავაზებული ინვესტიციები, სხვადასხვა დარგში, ხელი შეეწყო საქმიანი კონტაქტების გაღრმავებისთვის. მაგრამ, საწინააღმდეგოდ ამისა, საქართველოს ხელისუფლებამ სხვა ნაბიჯი გადადგა, რითაც კოჭი გაუგორა აშშ-ს და ევროკავშირს. მაგრამ ეს გაგორებაც ხომ ჩამორჩენილი აზროვნების, პოლიტიკის ნაყოფია?
საქმე ირანთან (სხვა ქვეყნებთანაც) სავიზო რეჟიმის შემოღებას ეხება, ნაცვლად ორი წლის წინათ არსებული თავისუფალი მიმოსვლისა. სავიზო რეჟიმის შემოღებას უმალ მოჰყვა, ირანელთათვის საბანკო ოპერაციების აკრძალვა, ბიზნეს საქმიანობის შეზღუდვა და მინიმუმამდე დაყვანა. საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულმა ახალმა კანონმა თუ ვინმეზე იმოქმედა ძალიან ცუდად – საქართველოა. მაინც, როგორ უნდა მოახერხოს ქვეყნის ხელისუფლებამ და ისე გააუარესოს მიღებული კანონით მდგომარეობა, რომ ეკონომიკა დააქციოს, ლარის კურსი გააცამტვეროს და ამით მოსახლეობის სოციალური პირობები გაუსაძლისი გახადოს.
ექსპერტები აცხადებენ – თუ რამე უშველის ქვეყნის ეკონომიკას, საწარმოების შექმნა, ტურიზმის განვითარება და ინვესტიციებია. ამას წინათ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში დაზარალებული ტურ-ოპერატორები აცხადებდნენ, რომ საზღვრებზე ვიზების გაცემის აკრძალვამ, სავიზო რეჟიმის დაწესებამ იმ ქვეყნებთან, საიდანაც ტურისტების დიდი ნაკადი შემოდიოდა, თითქმის ნოლზე დაიყვანა უცხოელთა შემოსვლა და დიდი პრობლემები შეუქმნა მათ მუშაობას.
შემდეგ მოვისმინეთ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის აღსარება, დაშვებულ შეცდომასთან დაკავშირებით და ბოდიში იმ ქვეყნების მოსახლეობის მიმართ, ვისაც პრობლემები შეექმნათ, დაპირება იმისა, რომ საქმეს სასწრაფოდ გამოასწორებენ. მოვისმინეთ ყოფილი პრემიერის, ივანიშვილის განცხადებაც, რომელმაც ამ საქმეში საგარეო უწყება დაადანაშაულა. პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილმა – ირანში ოფიციალური ვიზიტის დროს, განუცხადა შეწუხებულ მასპინძლებს, რომ შეცდომას გამოასწორებდა და ა.შ.
და როდესაც გვეგონა, რომ ხელისუფლება გონს მოეგო და თავისი უგნური შეცდომის გამოსწორებას შეუდგებოდა, უცბათ (ისიც „მაესტროს“ ეთერში) იუსტიციის მინისტრის წულუკიანის „ღრმადშინაარსიანი“ განმარტება – დაახლოებით ასეთი შინაარსის – არც არაფერს შევცვლით, ვინაიდან ევროკავშირმა გვითხრა ყველაფერი კარგად გააკეთეთო.
არადა ევროკავშირის წარმომადგენელი ამბობს, ჩვენ რა შუაში ვართ სავიზო რეჟიმთან თქვენსა და სხვა ქვეყნებს შორის, ეს თქვენი გადასაწყვეტია და არა ჩვენიო. ევროკავშირის წარმომადგენლის ამ ნათქვამს, წულუკიანის განმარტება მოჰყვა – ეს კი თქვა მან, მაგრამ ყურში საწინააღმდეგო ჩამჩურჩულაო და საერთოდ თუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გვინდა, ირანთან, ერაყთან, ჩინეთთან, სხვა ქვეყნებთან მკაცრი სავიზო რეჟიმი უნდა დავაწესოთო. ასე მოიქცა მოლდოვა და ამიტომაც უკვე მიიღო ევროპასთან უვიზო მიმოსვლაო და ა.შ.
მინისტრის ნათქვამმა სერიოზულად დამაფიქრა და რატომ? აშკარად გამოჩნდა მისი პოლიტიკური სიმწირე და რაც მთავარია დიპლომატიური სიმსუბუქე. სავიზო პოლიტიკა კი – საგარეო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია და მას საგარეო უწყება უნდა არეგულირებდეს და არა იუსტიციის სამინისტრო.
სამწუხაროდ, ეს ამბავი არც საგარეო სამინისტრომ იცის და არც იუსტიციის სამინისტრომ, მითუმეტეს მთავრობამ. სავიზო საკითხებში და უცხოეთთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხში წარმმართული ძალა საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა იყოს და არა სხვა უწყება. მაგრამ, როდესაც სამინისტროს, წლების განმავლობაში, უმეცრები მართავდნენ, უარესი რომ არ მოხდა, ის არის გასაკვირი.
„უძაღლო ქვეყანაში, კატებს აყეფინებენო“ – ასეა წულუკიანისა და ამ ქვეყნის ამბავი. თუ პრემიერი თვლის, რომ მისმა მთავრობამ შეცდომა დაუშვა და უნდა გამოასწოროს, ხოლო რიგითი მინისტრი აცხადებს, რომ არაფერია გამოსასწორებელი, გამოდის, რომ პრემიერის დავალება არ სრულება.
მინისტრი, რომელიც დავალებას არ ასრულებს, სამსახურიდან უნდა იქნას დათხოვნილი და არა მარტო იმიტომ, რომ შეცდომაში შეიყვანა მთავრობა და პარლამენტი, პრობლემები გაუჩინა სავიზო რეჟიმში მოხვედრილ ქვეყნებს, არამედ საკუთარ სამშობლოს (თუკი საქართველოს წულუკიანი თავის სამშობლოდ თვლის), რამაც ჩამოშალა ლარი, გააძვირა ყველაფერი და უპირველესად კვების პროდუქტები, გააუარესა ქვეყნის სოციალური მდგომარეობა და ასეთ დროს ევროკავშირის მოშველიება – იმათ დაგვავალესო – გამხეცებული ხარისთვის, წითელი ნაჭრის აქნევის ტოლფასია.
ხალხს ევროკავშირ-ნატოს გაგონებაც არ სურს და ამ დროს წულუკიანის განცხადება – იმათმა დაგვავალესო. კეთილი, მაგრამ მინისტრი რომ სხვის დავალებას პირნათლად შეასრულებს საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, ასეთი მინისტრი იქ უნდა იქნეს სამარადისოდ მივლინებული, რამეთუ მას აქ არაფერი ესაქმება.
წულუკიანმა მოლდოვის მაგალითი მოიშველია – იმას უკვე აქვს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთანო, რაც დიდად სამაგალითო საქართველოსთვის არ არის. მოლდოვაში რუმინეთმა რახანია რუმინული პასპორტები ჩამოურიგა მოსახლეობას, რაც გაითვალისწინეს მოლდოველთათვის ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის დაწესების დროს. მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ის არის, როგორ იხილავს მინისტრი და საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის თემას.
ეს საკითხი ერთობ საკამათო და საზიანოა მცირემოსახლიანი საქართველოსთვის და იმის მაუწყებელი, რომ, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ არსებულ ძალებს აინტერესებთ ქვეყნის აბორიგენი მოსახლეობისგან დაცლა. მკაცრი სავიზო რჟიმის შემთხვევაში თუ საქართველოს მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ლეგალური თუ არალეგალური გზით მოახერხა უცხოეთში გადახვეწა, უვიზო მიმოსვლის შემთხვევაში ხომ მთლად დაიცლება საქართველო.
ამ „კეთილშობილური“ საქმის მოთავე „კეთილი“ ევროპელები არიან და მათი დავალებების შემსრულებელი ქართველი მინისტრები, რომლებიც ევროკავშირს „გვაყვარებენ“ ყოველდღიური ჩიჩინით – ნახეთ, უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას გვაძლევენ და რა კარგები არიანო.
„მიმოსვლის“ რა მოგახსენოთ, მაგრამ ერთი მიმართულებით რომ გაიკრიფება დარჩენილი საქართველო, ფაქტია. ისიც ფაქტია, რომ ამ საქმეს ხელს საქართველოს ხელისუფლება უწყობს – შეგნებულად თუ შეუგნებლად (ალბათ ორივე ერთად), აი, ეს არის დასადგენი.
ეკონომიკის დაცემა, ლარის კურსის ვარდნა, სავიზო რეჟიმის შემოღება ქვეყნებთან, საიდანაც ინვესტიციებისა და ტურისტების ნაკადის ზრდა იყო მოსალოდნელი, ევროკავშირთან ლიბერალური სავიზო სისტემის შექმნა, საბოლოო ჯამში, ხომ არ ნიშნავს ქვეყნის პირისაგან მიწისა აღგვას?
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.