ირან-„ექვსეული“-ს მოლაპარაკებები დასრულდა

ათწლიანი მოლაპარაკება დასრულდა. რთული, ხანგრძლივი კამათი უკან დარჩა. წინ ხელშეკრულების შესრულების არანაკლებ რთული პერიოდია, რომლის დროს უდავოდ ექნება ადგილი მისი პუნქტების შეუსრულებლობის ან მთავარი ხაზიდან გადახვევის მომენტებს. უნდა ვიმედოვნოთ, რომ მხარეთა პასუხისმგებლობა შექმნის ვითარებას, რომელიც კვლავ დააბრუნებს ჯებირებიდან გადასულ მოქმედებას (თუკი მსგავს ექნება ადგილი), ვენის მოლაპარაკების კალაპოტში.

ხელშეკრულებას ისტორიულად მოიხსენიებენ, როგორც „ექვსეული“, ისე ირანი. არის თუ არა ის ასეთი – მომავალი გვიჩვენებს. რას ფიქრობენ ხელშეკრულების მიმართ უაღრესად ნეგატიურად განწყობილი ქვეყნები, ისრაელი და საუდის არაბეთი? ისინი, როგორც ყოველთვის მიიჩნევენ, რომ ხელშეკრულება გზას გაუხსნის ირანს აწარმოოს ბირთვული იარაღი. ისრაელი თვლის, რომ ხელშეკრულება არის ისტორიული შეცდომა.

ცალ-ცალკე შევაფასოთ „ექვსეულის“ – აშშ-ს, რუსეთის, ჩინეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და გერმანიის პოზიცია.

აშშ-ს მიხედვით, ირანთან უნდა დაიწყოს ახალი ურთიერთობები, დიპლომატიურიდან დაწყებული, ეკონომიკით დამთავრებული. დაახლოების შემთხვევაში აშშ-ი შეეცდება ირანის თავის სასარგებლოდ გამოყენებას, როგორც ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ისე კავკასიის, რუსეთის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთის მიმართულებით, თუმცა მრავალწლიანი მტრული დამოკიდებულება ირანის მიმართ და ამ უკანასკნელის იგივე ხედვა ამერიკისადმი, ნაკლები ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა.

ურთიერთობა უდავოდ იქნება, მაგრამ თანამშრომლობაზე გადასვლას არაერთი წელიწადი დასჭირდება. ირანი იოლად არ ივიწყებს წყენას, მითუმეტეს მტრობას, რომელსაც ადგილი ჰქონდა და აქვს დღესაც.

აშშ-ს ახალი სამხედრო დოქტრინის მიხედვით, ირანი მოხსენიებულია როგორც ტერორიზმის მხარდამჭერი. აშშ-ი მიიჩნევს, რომ სანქციების მოხსნის შედეგად ირანს გაუჩნდება საკუთარი გაზის ევროკავშირში შეტანის შანსი, რაც სერიოზული ალტერნატივა იქნება რუსეთის გაზისთვის.

რაც შეეხება ევროკავშირს – სანქციების მოხსნით ის ბევრს ელის ირანისგან, უპირველესად ახალ ეკონომიკურ კავშირებს, ირანის ვრცელი ბაზრის ათვისებას, სარფიან კონტრაქტებს და ენერგომატარებლებს. მკვდრადშობილ „ნაბუკოს“ პროექტს რეანიმაცია უწერია, თუ აზერბაიჯანულ გაზს ირანულიც დაემატება. მარტო აზერბაიჯანის ბუნებრივი აირი არ არის საკმარისი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

ჩინეთის პოზიცია სხვაა. მას კარგა ხანია აქვს ირანთან მჭიდრო ეკონომიკურ-ენერგეტიკული თანამშრომლობა. ჩინეთი ყიდულობს ირანის ენერგომატარებლებს და სანქციების მოხსნასთან ერთად გაზრდის მოცულობას. ჩინეთი იმედოვნებს, რომ მიაღწევს ირანული ენერგომატარებლების ფასების შემცირებას. ირანს, ჩინეთის ახალ პროექტში – „აბრეშუმის გზა“ ერთობ სასიცოცხლო პოზიცია უკავია, გამომდინარე გეოგრაფიული მდებარეობიდან, ქვეყნის სამრეწველო და სოფლის მეურნეობის პოტენციალიდან.

სანქციების მოხსნა გააუმჯობესებს რუსეთ-ირანის ორმხრივ თანამშრომლობას, თავისუფლად აამოქმედებს ბუშერის ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული ახალი ბლოკების მშენებლობას, სამხედრო დარგში თანამშრომლობას. ვენის ხელშეკრულების მიხედვით, დაბალ დონეზე გამდიდრებული ურანი, რუსეთში უნდა შევიდეს, ხოლო რუსეთმა ირანს უნდა მიაწოდოს ურანი სამედიცინო დარგის განვითარებისთვის.

რუსეთთან თანაშრომლობით უნდა მოხდეს ფორდოს ბირთვული კვლევის ცენტრის, სამედიცინო ცენტრად გადაკეთება. სხვა მნიშვნელოვანი პროექტების ამოქმედების შესაძლებლობას აჩენს სანქციების მოხსნა, მათ შორისაა სომხეთ-ირანის რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობა. ამ პროექტს თავგამოდებით იცავს სომხეთის ხელისუფლება. პრეზიდენტმა სარგსიანმა უფაში გამართულ „შოსის“ კონფერენციაზე ილაპარაკა სომხეთ-ირანის რკინიგზის მომავალ კავშირზე, პერსპექტივაზე. სომხეთ-ირანის რკინიგზის მონაკვეთის მშენებლობის დასრულების შემდეგ სომხეთს გაუჩნდება სპარსეთის ყურესა და ინდოეთის ოკეანეში გასვლის შანსი და არა მარტო სომხეთს, არამედ საქართველოსა და რუსეთს.

სტრატეგიული თვალსაზრისით ამ რკინიგზას დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთისთვის და ცხადია ჩვენი ქვეყნისთვისაც, მაგრამ იფიქრებს საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულად? პრაგმატულად ფიქრი აუცილებელია თბილის-სოხუმის რკინიგზის ხაზის აღდგენისთვის და თუ ეს განხორციელდა ირან-სომხეთ-საქართველო-რუსეთის გავლით სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან წამოსული ტვირთები, დიდი დანახარჯის გარეშე, გავა ევროპის ქვეყნებში და არა მარტო იქ, არამედ ყველა სატრანზიტო ქვეყანაში.

პერსპექტივა მნიშვნელოვანია და მას სწრაფი რეაგირება ესაჭიროება საქართველოს ხელისუფალთა მხრიდან. თუ ასეთი იქნება, რუსეთს არ გაუჭირდება აფხაზეთის ხელისუფლების დაყოლიება. აფხაზეთიც ხომ ისე, როგორც საქართველო ტვირთების ტრანზიტიდან მიიღებს შემოსავალს?!

რაც შეეხება ირანს – სანქციების გაუქმებას მისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. 10-12-წლიანმა შეზღუდვამ ნეგატიურად იმოქმედა ირანის ეკონომიკაზე, გამოიწვია ინფლაცია და ყველა ის „სიკეთეები“, რასაც ადგილი აქვს სანქციების შემთხვევაში. ირანში უდაოდ გაიზრდება უცხოური ინვესტიციები სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით ენერგეტიკაში.

ირანს ესაჭიროება დასავლური ტექნოლოგიები ნავთობის მოპოვება-დამუშავება-ექსპორტის საკითხებში. ირანული ნავთობის სრულფასოვანი ექსპორტისთვის საჭირო იქნება 300-400 მილიარდი დოლარის ინვესტიცია. სანქციების მოხსნისთანავე ირანს შესაძლებლობა ექნება გამოიყენოს საკუთარი 100 მილიარდი დოლარი ქვეყნის მოთხოვნილებისდამიხედვით. ეს თანხა რახანია გაყინულია დასავლურ ბანკებში.

ზემომოყვანილი მაგალითების გათვალისწინებით, ირანისთვის სანქციების მოხსნას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. გარდა ეკონომიკურ-ფინანსური დივიდენდებისა, ირანი ხდება საერთაშორისო პოლიტიკის სრულფასოვანი მონაწილე. მას გზა ეხსნება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრობისკენ. ეს ქვეყანა, დღიდან  ორგანიზაციის შექმნისა, არის დამკვირვებლის სტატუსის მატარებელი.

ირანი, უკვე მიღებული დასავლური ქვეყნების მიერ, გადამწყვეტ როლს შეასრულებს სირია-ერაყის უსერიოზულესი პრობლემების მოგვარებაში. ირანი, ისე, როგორც ყოველთვის, იქნება ტერორიზმის წინააღმდეგ მებრძოლთა პირველ რიგებში.

ასე, რომ ირანის პოზიციები დღითიდღე გაიზრდება და განმტკიცდება, რაც საყურადღბო უნდა იყოს საქართველოს ყრუ ხელისუფლებისთვის, რომელმაც მიუხედავად არაერთი დაპირებისა, არ შეასრულა ირანის მხარის მოთხოვნები – არც საჰაერო მიმოსვლის დაწესების, არც ვიზებთან დაკავშირებული პრობლემების მოწესრიგებისთვის.

ირანელთათვის საქართველოს ვიზის მიღებისთვის 50-პუნქტიანი კითხვარის 20 პუნქტამდე დაყვანა და ათი დღის განმავლობაში საქართველოს ვიზის მიღებისთვის ყურყუტი, სულაც არ ნიშნავს გაიოლებას, მითუმეტეს ისეთივე წესს, რაც ირანს აქვს შემოღებული საქართველოს მოსახლეობისთვის – ყოველგვარი ვიზის გარეშე ირანის საზღვრის გადაკვეთა.

როდესაც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი თავისი ვიზიტის დროს ურუგვაიში, ჩილესა და არგენტინაში აფორმებს ამ ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლას, რა დააშავა ირანმა, ჩინეთმა, ეგვიპტემ, ერაყმა?! ეს ის ქვეყნებია, განსაკუთრებით ირანი, საიდანაც ათეულ-ათასობით ტურისტი შემოდიოდა საქართველოში და საქართველოს ბიუჯეტს საგრძნობ შევსებას უკეთებდა.

ამერიკა-ისრაელის ფეხისხმას აყოლილი ხელისუფლების შეცდომამ ასეულ-ათასობით დოლარის დანაკლისი მიაყენა საქართველოს. იქნებ ახლა მაინც დაფიქრდნენ ქვეყნის მმართველი გოგო-ბიჭები და „სტრატეგიული პარტნიორის“, აშშ-ს მსგავსად გადადგან ნაბიჯი საკუთარი უნიათობის შედეგად გამოწვეული შეცდომის გამოსასწორებლად.

განსაკუთრებული განხილვის თემად უნდა იქცეს თბილის-სოხუმის რკინიგზის აღდგენა და სომხეთ-ირანის რკინიგზასთან მიერთება. ამ საკითხებს „ურა“ პატრიოტიოზმი არ უშველის, არც რუსეთთან ულტიმატუმებით ლაპარაკი. დროა თავი დავაღწიოთ ღრმა პროვინციალიზმის ჭაობს და ვიფიქროთ პრაგმატულად, სახელმწიფოებრივად. წინააღმდეგ შემთხვევაში აღმოვჩნდებით ორ დიდ ორგანიზაცია „შოსსა“ და ევროკავშირ-ნატოს შორის უხერხულად გაჩხერილ ქვეყნად.

აზერბაიჯანმა და სომხეთმა უფის სამიტზე უკვე გადადგეს ნაბიჯი „შოსისკენ“. მათი თხოვნა დაკმაყოფილდა. რაც შეეხება ჩვენს თხოვნას, ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით, ბოლო არ უჩანს. ევროკავშირზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი. საბერძნეთმა ბევრი რამ დაგვანახა, უპირველესად კი ის, თუ როგორ თელავენ ბერძენი ხალხის სურვილს (61%, რეფერენდუმის დროს) ბრიუსელელი ბობოლები. როდესაც ამას კადრულობენ საბერძნეთის – დემოკრატიის აკვნის მიმართ, რას მოიმოქმედებენ საქართველოს მიმართ?!

საქართველომ სხვაგან უნდა ეძებოს ხსნა და ეს სხვა არც ნატო და არც ევროკავშირი არ უნდა იყოს. საქართველოს ხელისუფლებამ სერიოზულად და არა ისე ქარაფშუტულად, როგორც დღეს, უნდა იფიქროს საკითხზე – ამიერკავკასიის დღევანდელი და ხვალინდელი დღე. აღნიშნულზე ფიქრი, პრობლემებით დახუნძლული ქვეყნისთვის, ძნელი საქმეა, მაგრამ რა გაეწყობა, რეგიონში შექმნილი ვითარება გვიკარნახებს ამას.

არაერთხელ მითქვამს, რომ გეოპოლიტიკის განხორციელების დროს, თუ აუცილებელი არა, უდავოდ სასარგებლოა მოსაზრებათა შეთანხმება მეზობელ ქვეყნებთან, რაც არ გაკეთებულა და არც გაკეთდება. კარგად მახსოვს, ამ საუკუნის პირველ ხუთწლედში ჩვენს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე, რომელიც ბათუმში გაიმართა, ნატოელი ექსპერტების საფუძვლიანი გამოსვლები ისეთ თემასთან დაკავშირებით, როგორიცაა: „სამხედრო კავშირებში ყოფნა თუ ნეიტრალიტეტი“. ევროპელი ექსპერტები რჩევის სახით აცხადებდნენ, რომ საქართველოსთვის უმჯობესი იქნებოდა ნეიტრალიტეტის გზა.

კონფერენციის მონაწილე სომეხმა  პოლიტოლოგმა გვისაყვედურა – საქართველო ნატოსკენ მიგყავთ და მეზობლებს არაფერს გვეუბნებითო. და მართლაც, არც ბაქო და არც ერევანი თბილისს არ გაუფრთხილებია – ნატოსკენ მივდივართ და თქვენი აზრი როგორი იქნებაო? ისინი თავისთავად მიხვდნენ ჩვენს გულისნადებს.

მაგრამ ეს ყველაფერი იყო. რა გვაქვს დღეს?! დასავლეთისკენ მკვეთრად გადახრილი საქართველო და „შოსთან“ კავშირში მყოფი მეზობლები – აზერბაიჯან-სომხეთის სახით. პატარა მიწაზე, ამიერკავკასია რომ ჰქვია, საქართველო მურმანის ეკალივით ამოიწვერა მეზობლებს შორის. მართალია, მიმდინარე ეკონომიკურ თანამშრომლობას ეს ჯერ-ჯერობით ხელს არ უშლის, მაგრამ მომავალში რომ შეუშლის, ფაქტია.

„შოსის“ ინტერესები სხვაა, ხოლო აშშ-ნატოს – სხვა. „შოსი“ და „ბრიკსი“ იბრძვიან და მომავალშიც იბრძოლებენ ერთპოლუსიანი მსოფლიოს წინააღმდეგ. ისინი მრავალპოლუსიანობის მომხრეები არიან, რაც აშკარად დაფიქსირდა უფაში ჩატარებული სამდღიანი სამიტის დროს.

ბაშკირეთის დედაქალაქში ჩატარებული სამიტი მიმდინარე წლის მსოფლიოს პოლიტიკურ ღონისძიებათა შორის უპირველესი იყო. მან გზა მისცა გეოპოლიტიკური არენისაკენ გლობალიზაციის ახალ „ევრაზიულ“ პროექტს, მოწოდებულს – ჩაანაცვლოს ერთპოლუსიანი მსოფლიო.

უფაში მოხდა „პარალელური“ საფინანსო ინსტიტუტების „ბრიკსის“ განვითარების ბანკისა (ის არის მსოფლიო ბანკის „დუბლიორი“) და „ბრიკსის“ სავალუტო რეზერვების (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსგავსი) ინსიტიტუტების შექმნა.

„ბრიკსის“ სტრატეგია გამოიხატება შემდეგში – აიძულოს აშშ-ი და ევროკავშირი ჩაატარონ საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეფორმა, ამ ორგანიზაციაში საკუთარი კვოტების გაზრდის მიზნით. ვაშინგტონის თანხმობის შემთხვევაში იოლად მოხდება ერთპოლუსიანობიდან, მრავალპოლუსიანობაზე გადასვლა. თუ აშშ-ი არ დათანხმდება, „ბრიკსს“, საკუთარი საფინანსო სისტემა ექნება.

რა გეგმები აქვთ „ბრიკსის“ წევრებს? სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა ლობირებს თავის ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვებას. ქვეყანაში უკვე იმყოფებიან ჩინელი სპეციალისტები. თვით სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკას სურს საკუთარი კადრები – ინჟინრები და ა.შ. რომელთა გაწვრთნას თავის თავზე იღებს რუსეთი. რუსეთი მიიღებს ძვირფას ნედლეულს.

ინდოეთი დაინტერესებულია მსხვილი აგროჰოლდინგების შექმნაში. ის მზად არის ითანამშრომლოს რუსეთთან კვების პროდუქტების, უპირველესად ხორც-პროდუქტების დამზადების საქმეში.

ჩინეთ-რუსეთს შორის რახანია მჭიდრო თანამშრომლობას აქვს ადგილი გაზსადენის მშენებლობაში. იგეგმება რუსეთ-ჩინეთის სწრაფმავალი რკინიგზის მშენებლობა, რომელიც მოსკოვს, პეკინთან დააკავშირებს. მგზავრობის ხანგრძლივობა 24 საათს არ აღემატება. ჩინელებს აინტერესებთ ავიამშენებლობაც და კოსმოსის ათვისების საკითხებიც.

ბრაზილია დაინტერესებულია ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში, რაშიც მას რუსეთი დაეხმარება. გარდა ამისა მას სურს საკუთარი რკინიგზის ერთ სისტემაში მოქცევა, რაშიც რუსეთის რკინიგზა გაუწევს დახმარებას. არის სხვა პროექტებიც.

„ევრაზიული“ პროექტების მთავარი მიზანი დემოკრატულობაშია, აგრეთვე მოთმინებაში, ერთმანეთის ატანაში, მონოპოლიზმის უარყოფაში. ორივე ორგანიზაცია გამორიცხავს რომელიმეს დიქტატს. ორივე დაფუძნებულია კოლექტივიზმზე. ყველა ისინი ფიქრობენ „დოლარული პირამიდის“ ნანგრევებზე შექმნან რამდენიმე რეგიონული ზონა, საკუთარი ვალუტით. კულტურის დარგში კი ისინი მიიჩნევენ, რომ ყველას აქვს განვითარების საკუთარი მოდელის უფლება, ისევე როგორც ფასეულობების.

ევრაზიული „გლობალიზაციის“ განსაკუთრებულობა იმაშიც გამოიხატება, რომ მიმართულია მსოფლიო წესრიგის თანდათანობითი გარდაქმნისაკენ და არა რევოლუციისკენ. მიზანი  ევრაზიული კავშირისა არ არის დაპირისპირება დასავლეთთან, აშშ-თან, არამედ არის აშშ-ვროკავშირის „რბილ იძულებაში“ – უფრო სამართლიანი და ჰარმონიული მსოფლიო წესრიგის შექმნისთვის.

პარალელური არადასავლური ეკონომიკური არქიტექტურის შექმნაში უდიდესი წვლილი მიუძღვნის აშშ-ს და ევროკავშირის ჰეგემონურ სულისკვეთებას. „ბრიკსის“ ქვეყნების მთავარი უკმაყოფილება გამოიხატება იმაში, რომ აშშ-ი და ევროკავშირი არ აძლევენ მმართველობის შესაძლებლობას – მსოფლიოში მათი ეკონომიკური წონიდან გამომდინარე. აშშ-ს კონგრესი ბლოკავს 2010 წლის რეფორმებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხმისმიცემის აქციებთან დაკავშირებით. ძველი სისტემით ბრაზილიას ნაკლები აქვს,  ვიდრე ბელგიას, მიუხედავად იმისა, რომ მისი ეკონომიკა 5-ჯერ აღემატება ბელგიისას.

ჩინეთის აქციების რაოდენობა იაპონიის აქციების 60%-ს შეადგენს, მიუხედავად იმისა, რომ 2010 წელს გაუსწრო იაპონიას და დღეს მასზე მსოფლიო განვითარების (ВВП) 12%-ი მოდის. საერთო ჯამში „ბრიკსის“ ხვედრითი წილი მსოფლიო ეკონომიკური აქტივების 20%-ია, მაგრამ მსოფლიო სავალუტო ფონდი მათ მხოლოდ ხმათა აქციების 11%-ს ანიჭბს. აშშ-ს – ხმათა აქციების რაოდენობა 17%-ს შეადგენს.

უფაში ჩატარებული 2 სამიტის შედეგები უდავოდ იწვევს აშშ-ს, ევროკავშირის შეშფოთებას და ის გაცილებით სერიოზულია, ვიდრე საქართველოს პრობლემებიდან გამომდინარე „შეშფოთება“. უახლოეს მომავალში „შოსის“ რიგების გაზრდა ირანით, გარდაუვალია, ვინაიდან მას სანქციები აღარ ბორკავს, რაც ასევე „შემაშფოთებელია“ აშშ-თვის.

რა გაეწყობა, მსოფლიო განვითარებას თავისი წესები აქვს, დაუწერელი, წინასწარ გაუთვლელი. როგორც ჩანს თავდება ერთპოლუსიანობა და მის ნაცვლად მრავალპოლუსიანობა ისადგურებს, სადაც რეგიონულ ძალას გაცილებით დიდი გასაქანი ექნება, ვიდრე დისტანციურს. რეგიონში კი რუსეთს მეტოქე არ ჰყავს. და რახან ასეა, საქართველოც იძულებული იქნება შესაბამისი ნაბიჯები გადადგას.

    ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.