07.12.2024

დიპლოტრამპია

ბატონ გურამ გოგიაშვილს

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის „დიპლომატიური“ წერილი — თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის გაგზავნილი, გასული კვირის ნომერ პირველ საოცრებად იქნა მიჩნეული მსოფლიოს პოლიტიკოსებისა და მედიის მიერ. იყო გაოცება, ცხადია კრიტიკაც, ტრამპის დამამცირებელი გამონათქვამებიც, ქილიკი, დაცინვა, ლანძღვა-გინება და მრავალი სხვაც, რომლებიც არაფრით ჩამოუვარდებოდა ტრამპის „თავაზიან დიპლომატიას“.

განსაკუთრებით გაიხარეს პრეზიდენტის მოწინააღმდეგე დემოკრატებმა, რომლებმაც აღნიშნული, საგარეო საკითხებში ტრამპის გაუნათლებლობას და უვიცობას, ასევე  უზრდელობას მიაწერეს.

შეძლებენ ისინი იმპიჩმენტის საკითხის რეალურად გადაქცევას, ძნელი გამოსაცნობია, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებიდან ტრამპის ყურადღების იმპიჩმენტზე გადატანას რომ მოახერხებენ — უდავოა.

სამი წელიწადი იმყოფება ტრამპი „თეთრ სახლში“. ამ ხნის განმავლობაში ერთი დღეც არ ჰქონია, პრეზიდენტობით რომ დამტკბარიყო. ოპოზიციონერმა „დემოკრატებმა“, მედიამ და პოლიტოლოგიამ, დღიდან ინაუგურაციისა, ისეთი ანტიტრამპული კამპანია გააჩაღეს, წუთიერი მოსვენება რომ დააკარგვინეს მას. ასეთი, ყოველმხრივი და სისტემატური თავდასხმა, ნებისმიერ პოლიტიკოსს ძალას გამოაცლიდა, მაგრამ ტრამპი დგას, თანაც მყარად — იგერიებს შეტევებს და თვით გადადის შეტევაზე.

მასაც აქვს კოზირები — წინა საარჩევნო კამპანიის დროს გამოცხადებული დაპირებების უმრავლესობის შესრულება. აშშ-ს ეკონომიკა აღმავლობას განიცდის, მცირდება უმუშევრობა. მთელი რიგი საკითხებისა მოგვარების პროცესშია, ჯარი უბრუნდება ამერიკას.

დაპირებებიდან არის ერთი, მეტად მნიშვნელოვანი — რუსეთთან ურთიერთობების მოწესრიგება, სადაც ჯერ-ჯერობით მნიშვნელოვანი არაფერია. მიზეზი შეუსრულებლობისა გამოძიებაა, რომელმაც ლამის სამი წელი მოიცვა და ბოლოს დემოკრატთა „გასახარად“ განაცხადა — საპრეზიდენტო არჩევნების დროს ტრამპსა და რუსეთს შორის რაიმე გარიგებას ადგილი არ ჰქონია ანუ ტრამპი არ არის „რუსეთის აგენტი“.

როგორც ჩანს, ტრამპი რუსეთის თემას სერიოზულად დაუბრუნდება — გამოსწორების თვალსაზრისით, თუკი ის მეორე ვადით გააგრძელებს „თეთრ სახლში“ ყოფნას. რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორების საკითხთან ერთად, ტრამპი შეეხება ნატოს ყოფნა-არყოფნის თემასაც, რის შესახებაც მას არაერთხელ უთქვამს გასული საპრეზიდენტო მარათონის დროს.

შეგახსენებთ მისი განცხადების შინაარსს — ნატო ანაქრონიზმია. ის შეიქმნა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ. საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, რა საჭიროა ნატო? ტრამპი ხაზს უსვამდა იმას, რომ აშშ-ი ნატოს 70%-ით აფინანსებს, რაც მისთვის მიუღებელია. თუ ევროპას სურს თავდაცვა, მაშინ ნატოს თითოეულმა წევრმა, საკუთარი ბიუჯეტიდან, ნატოს შენახვისთვის 2% უნდა გაიღოს.

საკითხის ამგვარი დაყენება ნატოს წევრი ევროპის ქვეყნებისთვის არასახარბიელოა და მათში იწვევს კრიტიკას ტრამპთან მიმართებაში, რასაც ის სალ კლდესავით ხვდება და შეუვალი არგუმენტებით ცდილობს მათ დაყოლიებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ნატოდან გასვლით იმუქრება.

სწორია პრეზიდენტობისთვის მებრძოლი, ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ბაიდენის განცხადება, რომ თუ ტრამპი ხელმეორედ გაიმარჯვებს — ის ბოლოს მოუღებს ნატოს. ეს განცხადება მან პრეზიდენტობის მსურველი „დემოკრატების“ დებატების დროს გააკეთა, რომელთა შორის მას და სანდერსს ჯერ-ჯერობით მოწინავე პოზიციები უკავიათ, თუმცა მათი მსოფმხედველობა საშინაო და საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში შორს არის თანამედროვეობისგან.

ტრამპი, სანდერსი, ბაიდენი — სამოცდაათ წელს გადაცილებული პოლიტიკოსებია, რაც იშვიათობა არ არის აშშ-ი, მაგრამ ცხოვრებისეული აღქმით, რეალიზმით, რეფორმებისადმი მიდრეკილებით ტრამპი გამორჩეულია. ის მზად არის შეცვალოს აშშ-ი ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემა, იოლად აუაროს გვერდი კონსერვატივიზმს, რომელიც ინერციით მიედინება.

ტრამპი, უცხო სხეულია აშშ-ს პოლიტიკურ სამყაროში. პრეზიდენტი, რომელიც აცხადებს, რომ კონგრესში, სადაც კონგრესმენები ლამის სიცოცხლის ბოლომდე არიან, ორი მოწვევის ზემოთ არ უნდა იყვნენ. რა გასაკვირია, რომ ამის განმცხადებელი, პოლიტიკურ ელიტას მიუღებლად მიაჩნდეს?

ტრამპი ბიზნესიდან არის, მაგრამ პრეზიდენტობამდე დაახლოებული პოლიტიკასთან. მან კარგად აუღო ალღო მიძინებული, ტრაფარეტული პოლიტიკის არსს და გადადგა ნაბიჯები — ძველთა გაგებით, პრეზიდენტისთვის შეუფერებელი. აი, სწორედ ამ სიახლით არის გამოწვეული ტრამპის დიპლომატიური ლექსიკა — ცხადია ამოვარდნილი მრავალსაუკუნოვანი დიპლომატიური ეთიკიდან. თუმცა ის პირველი არ არის. აშშ-ს პრეზიდენტი ჯონ კენედი იყო პირველი, რომელმაც, კარიბის კრიზისის დროს, უარესი შინაარსის წერილი გაუგზავნა ხრუშჩოვს — მაშინდელ საბჭოთა ლიდერს.

ტრამპის „დიპლომატიური“ „ნოუ-ჰაუ“ — ერდოღანისადმი გამოვლენილი, იშვიათობა არ არის. კარგად გვახსოვს ჩრდილო კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინის მიმართ ნათქვამი — „კაცი რაკეტა“ და სხვა. ანდა ბაიდენის 8-წლიანი ვიცე-პრეზიდენტობის დახასიათება — ამ წლების განმავლობაში ბაიდენს თავი არაფრით გამოუჩენია, თუ არა პრეზიდენტ ობამას საჯდომზე კოცნითო.

ესოდენ „დახვეწილი“ რიტორიკით სხვა ლიდერებიც გამოირჩევიან, მაგალითად ფილიპინების პრეზიდენტი დუტერტე, რომელმაც ობამას ნაბიჭვარი უწოდა, ხოლო ევროკავშირს გინებით მიმართა — „წადი, თქვენი დედა …“.

გახსოვთ ალბათ ვენესუელის პრეზიდენტმა, აწგარდაცვლილმა ჩავესმა, გაეროს ტრიბუნიდან როგორ ლანძღა აშშ-ს პრეზიდენტი ბუში (უმცროსი). რაღა შორს წავიდეთ, გავიხსენოთ ჩვენი „სანაქებო“ პრეზიდენტის სააკაშვილის, პუტინის მიმართ გაკეთებული გამონათქვამები — ლილიპუტინი და სხვა.

„ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც „ტკბილად“ იხსენებს მათი ბელადის მიერ პუტინის ლანძღვას. და არა მარტო მის, არამედ „რუსთავი-2“-ს ჟურნალისტის გაბუნიას შემაძრწუნებელ ტლიკინს — პუტინის და რუსეთის სალანძღავად წამოროშილს. შედეგი იყო და არის მძიმე ქვეყნისთვის და არა შეკვეთის შემსრულებელი ჟურნალისტისთვის.

ტრამპის „დიპლომატიური“ ლექსიკა, განსაკუთრებით ქცევა, ისეთის მიმართ არის გამოვლენილი, რომელთანაც ტრამპი პრიორიტეტულობას გრძნობს. ტრამპის მიერ საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის კოსტიუმიდან ბეწვის, ქერტლის თუ ვინ იცის რის გაფერთხვას, სხვა მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუ არა დამცირების, როგორც საფრანგეთის, ისე ევროკავშირის. ტრამპს ევროკავშირი ისე არ მოსწონს, როგორც ნატო. ის იყო და არის ინგლისის პრემიერ-მინისტრის მხარდამჭერი ევროკავშირის დატოვებასთან დაკავშირებით. ტრამპს მიაჩნია, რომ ცალკე ქვეყნებთან პირდაპირი კავშირების დამყარება უფრო სარგებლიანია, ვიდრე ვეება კავშირთან.

ტრამპის გამორჩეული მსოფმხედველობა იმაშია, რომ არ იზიარებს გლობალიზაციას და მხარს უჭერს პატრიოტიზმს. ეს თემა უაღრესად საყურადღებოა აშშ-თვის, რომელიც სწორედ გლობალიზაციის პოლიტიკით ფლობს პირველობას. ამ დროს, მისი პრეზიდენტი შებრუნებით ფიქრობს და მოქმედებს. მისი ბოლო განცხადებები, სირიიდან ამერიკის სამხედრო ნაწილების გამოყვანასთან დაკავშირებით ამის დასტურია. დაახლოებით ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა მან: სირიაში, რომელიც ჩვენგან 7000 კილომეტრითაა დაშორებული — არაფერი გვესაქმება. სირიის გარდა, ჩვენ 90 ქვეყანაში ვართ და  იქ ყოფნით თავი მოვაბეზრეთ მასპინძლებს. დროა დავბრუნდეთ ამერიკაში.

ტრამპს არა მარტო ჯარების დაბრუნება სურს სირიიდან, ავღანეთიდან, …, არამედ სხვა ქვეყნების საქმეებში ხელის ფათურის შეწყვეტაც. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრის დროს მან პირდაპირ მიუთითა ზელენსკის თუ ვისთან უნდა გადაწყვიტოს საქმე — ეს პუტინია. ამ პასუხმა ერთობ დაამწუხრა ზელენსკი. სხვის საქმეში ხელის ფათურთან დაკავშირებით, დემოკრატების დებატებზე ასეთიც გაისმა — „როდის შეწყვეტს ამერიკა სხვა ქვეყნებში არასასურველი ხელისუფლებების ჩამოგდების პრაქტიკას?!“

პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის მხრიდან ასეთის თქმა რაღაცას ნიშნავს და ეს რაღაცა — აშშ-ი დაწყებული სერიოზული ძვრებია, რომელიც კარდინალურად შეცვლის მსოფლიო პოლიტიკას. ტრამპი, როგორც ჩანს ამ ახალი პოლიტიკის მომხრე და მიმდევარია. ეს, არ ნიშნავს აშშ-ს მსოფლიო როლის დაკნინებას. მას რომ ეს სურდეს, ლოზუნგად არ გაიხდიდა — „ამერიკა, უპირველეს ყოვლისა!“.

ტრამპს ეკონომიკურად წელგამართული ამერიკა უნდა — თავისუფალი იმ ხარჯებისგან, რასაც ეს ქვეყანა ახმარს უცხოეთში ამერიკის ჯარების ყოფნას, მთელი რიგი სახელმწიფოებისთვის სხვადასხვა სახის ფინანსურ დახმარებას, ნატოს დაფინანსებას და სხვა მრავალს, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

ტრამპი იოლად ელევა გუშინდელ მეგობრობას, მაგალითად ქურთებს — „ქურთები ჩვენ არ დაგვხმარებიან მეორე მსოფლიო ომში, რატომ უნდა დავეხმაროთ მათ თავიანთი მიწაწყლის დაცვაში? ჩვენ საკმარისი დახმარება გავუწიეთ ქურთებს სამხედრო, მატერიალური თვალსაზრისით. ამერიკელმა ჯარისკაცმა მათ გამო სისხლი არ უნდა დაღვაროს“.

და ეს იმ ქურთების მისამართით ითქვა, რომლებმაც უდიდესი წვლილი შეიტანეს სირიაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებაში. ქურთებთან მიმართებაში გაკეთებული განცხადება ამერიკელმა დემოკრატებმა, ისევე, როგორც სხვებმა „ჩაშვებად“ აღიქვეს და კრიტიკის ქარიშხალი დაატრიალეს ტრამპის თავს. ის კი მტკიცედ დგას თავის პოზიციაზე, თუმცა ზედმეტი ყაყანის თავიდან ასაშორებლად, თურქეთის პრეზიდენტთან, ვიცე-პრეზიდენტ პენსს და სახელმწიფო მდივან პომპეოს აგზავნის.

მიზანი? თურქეთმა დროებით (5 დღით) შეწყვიტოს სამხედრო ოპერაცია სირიაში ქურთებით დასახლებულ ზონაში, რათა მათ მოასწრონ ქვეყნის სიღრმეში გადასვლა.

თურქეთისთვის ქურთული თემა დიდი თავსატკივარია — ისეთი, ქვეყნის მთლიანობას რომ ძირს უთხრის, ხოლო ქურთების „მუშათა პარტია“ ისეთივე ტერორისტული ორგანიზაცია, როგორიც „ისლამური სახელმწიფოა“.

შეთანხმების შემდეგ, ტრამპმა უმალ დაივიწყა ერდოღანის სალანძღავი წერილი, ერდოღანის მიერ ამ წერილის ნაგვის ყუთში ჩაგდება და საჯაროდ განაცხადა, რომ მოლაპარაკებით კმაყოფილია, რომ ერდოღანი მისი მეგობარია, რომ ის არ დაუწესებს თურქეთს სანქციებს და სხვა.

ტრამპმა ხელი გაუწოდა ქურთებს, ვგონებ საბოლოოდ. როგორც ჩანს, მასზე იმოქმედა ამერიკელი პოლიტიკოსების მკაცრმა განცხადებებმა. ტრამპის პოზიცია სულაც არ არის გასაკვირი, ვინაიდან აშშ-ს პოლიტიკაა ასეთი. ამერიკა ყოველთვის იქცეოდა და იქცევა საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. ამ ქვეყნისთვის, სხვა ქვეყანასთან მეგობრობა არც არსებობდა და არც მომავალში იარსებებს, რაც მხედველობაში უნდა მიიღონ საერთაშორისო არენაზე გამოჩენილმა ახალგამომცხვარმა ქვეყნებმა, მათ შორის საქართველომ და უკრაინამ. ამ ორმა, ერთ ბუდეში კვერცხის დება უნდა შეამციროს და სხვა მიმართულებითაც გაიხედოს, იქნებ იქ უკეთეს ბუდეს მიაგნოს.

ტრამპის დიპლომატიაში აშკარად ჩანს „მათრახის და თაფლაკვერას“ ფილოსოფია, მაგრამ არის ისეთი შემაკავებელიც — ძალა რომ ჰქვია. დააკვირდით მის დამცინავ რიტორიკას ან ქცევას — ვის მიმართ არის მიმართული? უმთავრესად იმ ქვეყნების, მათ შორის ევროკავშირის წევრების, რომლებზედაც სრულად ვრცელდება აშშ-ს ზეგავლენა. ეს, ის ქვეყნებია, რომლებმაც კარგა ხანია დაივიწყეს საკუთარი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი და თავფეხიანად მიენდნენ ამერიკას. მათთან ურთიერთობისას ვაშინგტონი კომფორტულად გრძნობს თავს — იცის რა მათი მორჩილება, თუმცა ბოლო დროს აქაც შეინიშნება გარკვეული უკმაყოფილება, მაგრამ საერთო ჯამში ისინი თავს უფლებას არ მისცემენ ტრამპს უბატონოდ ელაპარაკონ.

არიან ქვეყნები — რუსეთის, ჩინეთის, ირანის, ინდოეთის სახით, რომლებსაც ტრამპი თქენობით მიმართავს და თავს უფლებას არ მისცემს ფამილარულად მოექცეს მათ. ყოველივე ეს განპირობებულია აღნიშნული ქვეყნების დამოუკიდებლობით, სამხედრო და ეკონომიკური სიძლიერით, თვითმყოფადობით.

ამ კვარტეტიდან ჩვენთვის საინტერესოა აშშ-ს პოზიცია რუსეთის მიმართ. ამერიკის სანქციების დაწესების მიუხედავად ტრამპი მორიდებით ეპყრობა რუსეთს და მის პრეზიდენტს. რუსეთი ის ქვეყანაა, რომლის გარეშე მსოფლიოს არც ერთი საკითხი არ წყდება. სამწუხაროდ, ამ ფაქტს საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიცია, პოლიტიკური სპექტრი ზერელედ უყურებს და თვლის, რომ მასთან თამაში შეიძლება, ცხადია აშშ-ს ზურგსუკან დგომით. ვურჩევდი მათ საღად შეხედონ ქურთებთან აშშ-ს დამოკიდებულებას და შემდეგ გამოიტანონ შესაბამისი დასკვნები.

ქართველი პოლიტიკოსები, განსაკუთრებით ოპოზიცია სისტემატურად საყვედურობს ხელისუფლებას საერთაშორისო არენიდან საქართველოს გაქრობისთვის. ისინი შეჰხარიან უკრაინას, რომელზეც სისტემატურად ლაპარაკობენ ამერიკა-ევროპაში. რას ნიშნავს ეს, თუ არა პოლიტიკურ სიბეცეს?

უკრაინის სისტემატური ხსენება ტრამპის ან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსების მიერ ამ ქვეყნის ცუდი ქცევით არის გამოწვეული და ლაპარაკიც ნეგატიურ კონტექსტში მიმდინარეობს. უკრაინამ, მოვიშველიებ ტრამპის დახასიათებას — დამოუკიდებლად ცხოვრების ჟამს სისულელეებით დაამახსოვრა თავი მთელს მსოფლიოს. უკრაინა მსოფლიოში ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა. ვითომ შესაშურია მსოფლიო მედიაში ამ ქვეყნის წამდაუწუმ ტრიალი?

მოვლენები, რომლებიც ჩვენგან 700 კილომეტრის დაშორებით ხდება, თვალსაჩინო მაგალითია ახალი მსოფლიო პოლიტიკის ჩამოყალიბების. ვინც  ამას ვერ ხედავს, მათ შორის საქართველო, მაჩანჩალა, შეუმდგარ ქვეყნად იქცევა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი