22.07.2024

ბატონ შამილ ჩიგოევის წერილთან დაკავშირებით

ბატონ გურამ გოგიაშვილს

ივნისის პირველი დეკადის მნიშვნელოვან მოვლენათა შორის სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი გამორჩეულად გამოიყურება. ფორუმის განსაკუთრებულობა მასში მონაწილე ქვეყნების (75) რაოდენობითაც არის განპირობებული და თვით ამ ქვეყნების წარმომადგენლობითი დელეგაციებითაც  — 17000 მონაწილე, მათ შორის სახელმწიფოთა მეთაურები, პრემიერ-მინისტრები, მინისტრები, ბიზნესის წარმომადგენლები და ა.შ.

წლევანდელი ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინი, რომელიც სახელმწიფო ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთში.

რუსეთ-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობები რომ სწრაფი ტემპით იზრდება — მტკიცება არ სჭირდება. მან წელს ას რვა მილიარდი დოლარი შეადგინა. ორი ქვეყნის სავაჭრო ეკონომიკური კავშირების გაფართოების პერსპექტივა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს აშშ-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების დაძაბვის ფონზე.

სავაჭრო ომი, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს არა მარტო მათზე აისახება (ცხადია ნეგატიურად), არამედ დანარჩენ მსოფლიოზეც. ომი გრძელდება და არც ერთი მხარე არ აპირებს დათმობაზე წასვლას. ასეთ დროს ჩინეთ-რუსეთის ეკონომიკური კავშირების გაფართოება დადებითად მოქმედებს მათზე და არა მარტო.

ჩინურ პროექტში — „ერთი გზა, ერთი სარტყელი“ — კავკასიაც და საქართველოც მოიაზრება, ისე, როგორც ამ გზაზე მდებარე მთელი რიგი სახელმწიფოები და თუ ჩვენი ხელისუფლება, ეკონომიკური თვალთახედვით მოეკიდება ჩინურ იდეას, გარკვეულ სარგებელს მიიღებს.

არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ — საქართველოს სიმდიდრე გეოგრაფიულ მდებარეობაშიც არის, რაც ტრანზიტს ნიშნავს, ტრანზიტი კი შემოსავლს და ამ ფონქციაზე, ხელოვნურად, ვიღაცის პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე უარის თქმა, უარყოფითად მოქმედებს ქვეყანაზე.

საქართველო თავისი მდებარეობით ის დამაკავშირებელი ხიდია სამხრეთსა და ჩრდილოეთს, დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, რომელიც შეუფერხებლად უნდა მოქმედებდეს — ყოველგვარი ცრუ ამბიციების, წარმოდგენების, პოლიტიკური მიზნების, რევანშისტული განწყობების გარეშე.

საქართველო ყოველივე აღნიშნულზე მაღლა უნდა იდგეს, როგორც ბრძენი, დარბაისელი ქვეყანა, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მატარებელი და კავშირურთიერთობების საკითხებს ჭინჭყლობით, ავსიტყვაობით, ნიშნის მოგებით, სიძულვილის ენით კი არ უნდა უდგებოდეს, არამედ მდიდარი ისტორიული ტვირთის მატარებლის პოზიციით.

ასეთი არასდროს მარცხდება, რამეთუ გონიერება, პრობლემათა პრაგმატულად გადაწყვეტის უნარი, მტერზეც მომნუსხველად მოქმედებს. სიბრძნეს ვერც ტანკი ამარცხებს და ვერც რაკეტა.

საქართველოს უახლეს ისტორიაში სამწუხაროდ არაერთხელ ჰქონდა ადგილი გონგამოცლილ მოქმედებას, რამაც ტერიტორიებიც დაგვაკარგვინა და ხალხიც. დამოუკიდებლობამიღებულებმა ვერ შევაფასეთ საუკუნეთა განმავლობაში ქართველი ხალხის სანუკვარი ოცნების მნიშვნელობა, ქვეყნის შიგნით და გარეთ არსებული ვითარება. იმძლავრა საერთაშორისო არენაზე მიმდინარე პროცესების უცოდინრობამ, ნაციონალიზმში გადასულმა ფსევდო პატრიოტიზმმა, წარსულის სისხლიანი ისტორიის რეანიმაციამ.

სანკტ-პეტერბურგის ეკონომიკური ფორუმი შემთხვევით არ მომიყვანია, ვინაიდან საქართველოს პოლიტიკურ ელიტას, ისე, როგორც მედიასა და ექსპერტობას მცდარი წარმოდგენა აქვთ თანამედროვე რუსეთზე. დასავლური პროპაგანდის ქვეშ მყოფთ ავიწყდებათ მეზობელი ქვეყნის ზომა, წონა, საერთაშორისო არენაზე გავლენა. დასავლეთის მხარდაჭერით გაგულისებულები თავს უფლებას აძლევენ აქილიკონ, ლანძღონ ბირთვული სახელმწიფო, მოიხსენიონ აგრესორად და ოკუპანტად, დაადანაშაულონ ყველა ნეგატიურში, რაც მსოფლიოში ხდება და ა.შ.

რუსეთი აგრესორია და ოკუპანტიც, მაგრამ ამ „ტიტულების“ მატარებელთან, ნაცვლად პერმანენტული ავსიტყვაობისა, სხვა ენის გამონახვაა საჭირო, ისეთის, როგორიც იმ 75-მა ქვეყანამ გამონახა — სანკტ-პეტერბურგის ფორუმს რომ ესწრებოდა.

რუსეთთან გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების გამო საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ფორუმს ვერ ესწრებიან, მაგრამ ლანძღვა-გინების სხვა ტონალობაში გადაყვანას რა უდგას წინ?

ოდესღაც, ხელისუფლება მიხვდება, რომ ნეგატიური დამოკიდებულება, პრაგმატულით უნდა შეიცვალოს; ნაბიჯიც გადაიდგმება, რასაც დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც მოჰყვება და სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებაც. მაგრამ, ხომ შეიძლება, რომ ეს „ოდესღაც“ ახლოს გადმოვიტანოთ, რეალურად ვაქციოთ, აბსტრაქტულობა ჩამოვაშოროთ და პრაქტიკული ელფერი შევძინოთ?

უდავოდ შეიძლება. და თუ ამას გავაკეთებთ ყოფილ ჩვენს ავტონომიებთან, ამჯერად „დამოუკიდებელ“ სახელმწიფოებთან ურთიერთობა არ გამოსწორდება?

ვეთანხმები ბატონ შამილ ჩიგოევს, რომელიც წერს — „ოსურ-ქართულ-რუსული ურთიერთობები ერთმანეთშია გადახლართული. ურუსეთოდ, როგორც ქართველი, ისე ოსი ხალხების ხვედრი ძალიან მძიმე იქნებოდა და შესაძლოა ისინი ისტორიულ სარბიელზე არც კი დარჩენილიყვნენ“.

მე-20 საუკუნის ბოლო დეკადამ და 21-ე საუკუნის ახალმა, უმძიმესი დაღი დაასვა საქართველოს ცხოვრებას. დამოუკიდებლობის მიღებამ, ახალი ცხოვრების დაწყებამ წამოწია ცენტრისა და ავტონომიების ვითომ მიძინებული პრობლემები, გააღვივა სეპარატიზმი, სამკვდრო-სასიცოცხლოდ დააპირისპირა ავტონომიებისა და ცენტრის პოლიტიკური ელიტები, საზოგადოება. სეპარატიზმი გახდა უმთავრესი მიზანი ავტონომიებისა, რასაც საშური მხარდაჭერა ჰქონდა მეზობელი რუსეთისგან.

საქართველოს პოლიტიკამ, ხელისუფლებამ, ნაცვლად ვითარების სიღრმისეული, პრაგმატული შეფასებისა, ემოციურობა, ცრუ პატრიოტიზმი დაუპირისპირა — ერთობ შეუფერებელი დიდი ისტორიისა და კულტურის მატარებელი ქვეყნისთვის.

შედეგი?

სავალალო! დაკარგული ტერიტორიები. იქ გახსნილი რუსული სამხედრო ბაზები — დამიზნებული თბილისზე. სინამდვილე ისეთია, თვალის დახუჭვის შესაძლებლობასაც რომ არ იძლევა და ასეთ დროს ოცნება ნატოში შესვლაზე უდავოდ აბსტრაქციაა.

რას მოუტანს ნატოს, აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთში არსებული სამხედრო ბაზების გვერდით, საკუთარი ბაზების გახსნა? არის ამ რისკზე წამსვლელი ნატო? და რას მოუტანს საქართველოს ნატოს სამხედრო ბაზები, რუსულის ცხვირწინ?

პასუხი მარტივია, რომლის გაცემაც ქართულ პოლიტიკას არ უნდა გაუჭირდეს, მაგრამ უჭირს. მაგალითი — ერთ-ერთი პოლიტიკოსის განცხადება გრიგოლიას თოქ-შოუში —  ევროპაში დაწყებულ ანტისარაკეტო სისტემაში ჩართვა გადაარჩენს საქართველოს.

ჯერ ერთი — აღნიშნული სისტემა ახლა იქმნება და მასში, საქართველოს, მიზეზთა გამო, არვინ ჩართავს. და მეორე — ვინც ამ სისტემას (პოლონეთი, რუმინეთი) განათავსებს თავის ტერიტორიაზე რუსეთის დამკვრელური რაკეტების მიზანში აღმოჩნდება.

პატივცემულ შამილ ჩიგოევს მინდა შევახსენო ცოტა რამ ჩვენი საერთო ისტორიიდან, რომელიც პირადად ჩემში სტუმრად მოსული ხალხის მხრიდან, მასპინძლების მიმართ, გარკვეულ შეუფასებლობას იწვევს.

ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში არის ნორმალური და არანორმალური პერიოდები. ქართველთათვის ჩრდილოეთით მცხოვრებ ოსებთან ურთიერთობა ქვეყნისთვის უშიშროების უზრუნველყოფას ნიშნავდა. საქართველო ხშირად იყენებდა ოსთა დაქირავებულ რაზმებს სამხედრო მიზნებისთვის. I-II საუკუნეებში და შემდგომშიც, იბერია-ქართლი ჩრდილოკავკასიის ტომებს, მათ შორის ალანებს, იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის.

მოგვიანებით ქართველ და ოს ხალხებს შორის ინტენსიურ ურთიერთობას ხელს უწყობს დინასტიური ქორწინებანი — განსაკუთრებით XI-XII საუკუნეებში. მაგალითად, გიორგი I-ს ცოლად ჰყავდა ოსი ალდე. ბაგრატ IV-ს ოსთა მეფის ასული შორენა. დემეტრემ თავის ვაჟს, გიორგი III-ს ოსი ბურდუხანი შერთო ცოლად. თამარ მეფის მეუღლე იყო დავით სოსლანი.

ოსებს საქართველო იზიდავდა თავისი მაღალი ეკონომიკური და კულტურული დონით, ბიზანტიიდან და საქართველოდან ვრცელდებოდა ოსეთში (VI-X საუკუნები) ქრისტიანობა.

საქართველოსა და ოსეთს შორის ურთიერთობა მეტწილად ნორმალური, კეთილმეზობლური იყო, მაგრამ საკმარისი იყო მესამე ძალის ჩარევა, რომ მათ  შორის ურთიერთობა გამწვავებულიყო.

მე-13 საუკუნის მეორე ნახევარში ორი მონღოლური სახელმწიფოს — „ოქროს ურდოსა“ და ილხანთა შორის ბრძოლის პერიოდში შიდა ქართლში იდგნენ ილხანთა ბრძანებას დაქვემდებარებული ოსთა სამხედრო რაზმები, ქართლის შინაპოლიტიკური რღვევის ვითარებაში. ოს ფეოდალთა რაზმებს ფართო გასაქანი მიეცათ. „ქართლის ცხოვრების“ ჟამთააღმწერის სიტყვით: „იწყეს ოვსთა ოხრებად, ხოცად და რბევად ქართლისა და ქალაქი გორი წარტყუენეს და ტყვენვად თვისად დაიჭირეს ოვსთა“.

ოს ფეოდალთა წინააღმდეგ ბრძოლა მეფე გიორგი V-ბრწყინვალემ მე-14 საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო და წარმატებით განახორციელა. „წაართვა მათ ციხენი და დაბნები“.  მე-18 საუკუნის 70-იან წლებში ქართლში მეტი ოსი ჩანს, ვიდრე ადრე.

ამავე პერიოდის ვითარებას ასახავს გულდენშტედტის მოგზაურობის დღიურებიც. ის შიდა ქართლის პროვინციებს ახასიათებს როგორც ოსური მოსახლეობით დასახლებულ მხარეებს, რომელთა მთიან ნაწილში ოსები ქართველებთან ერთად ცხოვრობენ.

შიდა ქართლში ოსთა გადმოსახლებით გვიან შუა საუკუნეებში თვით ქართველი მეფე-ფეოდალები  იყვნენ დაინტერესებულნი. უცხო ეთნიკური ელემენტის ქართულ გარემოში დასახლება იმ დროისათვის იმდენად საშიში არ იყო ქართული ეთნოსისთვის. ქართული ქრისტიანობის მიღების შემდეგ, ოსები ქართულ ყოფა-კულტურას ადვილად ეთვისებოდნენ. ოსთა ქართულ მიწაზე დასახლებით ორი პრობლემა წყდებოდა: ეკონომიკური და დემოგრაფიული.

არსებობს მეფე ერეკლე II-ს მიერ გაცემული წყალობის წიგნი 1794 წლისა, რომლითაც ის ვინმე ოს კუდუხაშვილს უბოძებს თარხნობას და აზნაურობას, იმის გამო, რომ მან ოსეთიდან გადმოასახლა და ქართულ მიწა-წყალზე დაამკვიდრა. („ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობის ისტორიიდან“. 1991 წელი (სამხრეთ ოსეთის ოლქის სტატუსის შემსწავლელი კომისია)).

XIX საუკუნის დასაწყისში ოსები მხოლოდ შიდა ქართლის მთაში ცხოვრობდნენ. მეორე ნახევარში — ინტენსიურად დაიწყეს ბარის სოფლებში ჩამოსახლება.

1917 წლის თებერვლის ბურჟუაზიულ-დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ გაუქმდა მეფის ნაცვლის ინსტიტუტი. ამიერკავკასიის მართვის მიზნით შეიქმნა საგანგებო კომიტეტი, რომელიც ამიერკავკასიის სეიმმა შეცვალა. ამავე პერიოდში შეიქმნა ოსეთის სახალხო ყრილობა და ეროვნული საბჭო, რომელთა მთავარ მიზანს სამხრეთ-ოსეთის გამოყოფა და ცალკე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ანუ ავტონომიის შექმნა იყო.

1917 წლის 15-17 დეკემბერს ცხინვალში გაიმართა სამხრეთ ოსეთის დელეგატთა მეორე ყრილობა, რომელმაც აირჩია სამხრეთ ოსეთის ეროვნული საბჭო, რომელმაც 1918 წლის 4 იანვარს ოფიციალურად აცნობა საქართველოს ეროვნულ საბჭოს ოსი ერის შესახებ წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით მისთვის მიემართა.

ოსთა და ქართველთა 1918 წლის მარტის სისხლიანი შეტაკების მიზეზების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ოსთა 1918 წლის მარტის აჯანყება ქართულმა სახალხო გვარდიამ ჩაახშო, თუმცა დაძაბულობა კვლავ არსებობდა. „ჩვენი პოლიტიკა ოსებისადმი ისეთივე უნდა იყოს, როგორც ქართველებისადმი. ჩვენ სხვაგვარ გზას ვერ დავადგებით. სახელმწიფოში ყველა მოქალაქე უნდა იყოს კანონიერი შვილი და არა გერი.“ — წერდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკა“ 1918 წლის 30 აგვისტოს.

ქართველებსა და ოსებს შორის დაძაბული ურთიერთობა მწვავე კამათს იწვევდა მაშინდელ ქართულ საზოგადოებაში. აზრი ორად გაიყო. სწორედ ამის ანარეკლია ზემომოყვანილი ამონარიდი გაზეთიდან.

დაძაბულობა 1919 წელსაც გაგრძელდა. არჩეულმა სამხრეთ ოსეთის ეროვნულმა საბჭომ (უკვე ბოლშევიკურმა) არ ცნო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა, მისი კანონები და იმოქმედა როგორც დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა ხელისუფლებამ.

ჩრდილო კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, საქართველოს საზღვარს მოადგა „წითელი“ არმია. საქართველოს მთავრობამ, უღელტეხილის დაცვის მიზნით, ჯარი გაგზავნა სამხრეთ ოსეთში, რამაც ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის აღშფოთება გამოიწვია. მათ მოსკოვს მიმართეს. პასუხად რსფსრ-ს საგარეო საქმეთა სახალხო კომისარმა ჩიჩერინმა საპროტესტო ნოტა გამოუგზავნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს გეგეჭკორს, სადაც მკაცრად იყო მოთხოვნილი საქართველოს ჯარის ოსეთიდან გაყვანა — სამხრეთ ოსეთს ისეთი ხელისუფლება უნდა ჰყავდეს, როგორიც სურს. საქართველოს ჩარევა ოსეთის საშინაო საქმეებში არაფრით არის გამართლებული — ასეთი შინაარსის იყო ნოტა.

ისტორიული დოკუმენტების მიხედვით, ოსთა მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მოწყობილმა სამმა აჯანყებამ მოთმინებიდან გამოიყვანა საქართველოს მთავრობა, რომელმაც სასტიკი ულმობლობა გამოიჩინა მათ მიმართ. სოფელ ყორნისის, როგორც აჯანყების ერთ-ერთი კერის, გადაწვა საქართველოს მთავრობამ სპეც. დადგენილებით გააფორმა.

არასრული ისტორიული წიაღსვლები, რომ აღარაფერი ვთქვათ უახლესზე, აშკარა მანიშნებელია ქართველი და ოსი ხალხის მრავალსაუკუნოვანი რთული ურთიერთობების, რომლის დროს უარყოფითიც იყო და დადებითიც, მაგრამ ეს უკანასკნელი პირველს აჭარბებდა. ქართველმა ხალხმა კეთილი მასპინძლობა გაუწია ოს ხალხს, ხელი შეუწყო სამეურნეო, საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარებაში, ახალ სამშობლოში მყარად დამკვიდრებაში.

ის, რომ საქართველო ოსთა სამშობლოდ არის მოხსენებული პატივცემული შამილ ჩიგოევის წერილში, გასაკვირი არაფერია. „საქართველო ხომ ჩემი სამშობლოა. ჩემი უახლოესი ნათესავი ქართველებიც და ოსებიც საქართველოში ცხოვრობენ და არ მინდა ჩემს ტურფა სამშობლოს, ნატოში შესვლით, საშინელი საფრთხე დაემუქროს“, — წერს ის, მაგრამ იქვე იხსენებს „ქართული ჩამოსხმის ფაშისტის“ ზვიად გამსახურდიას მიერ გაჩაღებულ ოსოფობიას, რასაც საბოლოო ჯამში 2008 წლის ომი მოჰყვა.

ამ თემაზე ბევრი დაიწერა და ითქვა, დასავლური შეფასებაც დაიდო, სადაც ომის გამჩაღებლად ქართული მხარე დასახელდა, მაგრამ საქართველოს პოლიტიკა შეუცვლელია. მას არც სპეცკომისიის სჯერა და არც გაეროს დასკვნის, თუმცა უმჯობესი იქნებოდა მიეღო ისე, როგორც დასავლეთმა შეაფასა და ნაცვლად უსაფუძვლო განცხადებებისა, გადაედგა ისეთივე ნაბიჯი, როგორც ფინეთმა მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე სსრკ-სთან მიმართებაში გადადგა.

ვეთანხმები პატივცემულ შამილ ჩიგოევის ნათქვამს, რომ „კარგი ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელია. ყური მიუგდეთ ქართველი ერის სიბრძნეს. პირი იბრუნეთ რუსეთისა და სამხრეთ ოსეთისკენ. …“.

მე კი, ჩემის მხრივ ორივე მხარეს ვურჩევდი დიალოგით, კეთილი განწყობით, პრაქტიკული ნაბიჯებით დავამარცხოდ უნდობლობა, რევანშისტული განწყობა. დავდგეთ მაღლა, ვითარცა ბრძენნი — საუკუნოვანი საერთო ისტორიის მატარებელნი, რაც უდავოდ მოგვიტანს მშვიდობას და წარმატებას.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი