არამიზნობრივი ხარჯვის სავალალო შედეგი
საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობას ხშირად უყვება იმ წარმატებების შესახებ, რასაც ადგილი აქვს ეკონომიკაში, განსაკუთრებით ხაზს უსვამს ტურიზმიდან შემოსულ თანხებს. სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის ტურისტული „მოსავალი“ გაცილებით მეტია, გასული წლის მონაცემებთან შედარებით. არის წარმატებები საექსპორტო საქონელთან დაკავშირებით ანუ მიმდინარე წელს უფრო მეტი პროდუქცია გავიდა, ვიდრე 2016 წელს.
რომ იტყვიან – წიწილებს შემოდგომით ითვლიან. ჩამთავრდება 2017 წელი და საქართველოს ეკონომიკის დინამიკას, ექსპორტ-იმპორტს პასუხი გაეცემა მომავალ წელს, როდესაც სპეციალისტები, სტატისტიკოსები შეაჯამებენ მიმდინარე წლის ეკონომიკური განვითარების (ან პირიქით) შედეგებს. რა სახით და რა სინამდვილით მოგვაწვდიან ისინი ციფრებს, მათ სინდისზეა დამოკიდებული და ხელისუფალთა სურვილზე. ამ უკანასკნელს კი მძიმე სენი აქვს შეყრილი, ისე, როგორც მის წინამორბედს, წინამორბედის წინამორბედს და ა.შ.
სტატისტიკა ისეთი რამ არის, გუნება-განწყობილებას რომ ახალისებს ან პირიქით. ამიტომაც საქართველოს მოსახლეობას გახალისებული განწყობა თუ არა, გაუხალისებელი რომ არ ჰქონდეს, ხელისუფლება ოფიციალურ დოკუმენტში ცდილობს ისეთი კორექტირების შეტანას, ხალხმა მთლად წყალწაღებულად რომ არ ჩათვალოს თავი.
ხელისუფლება „ზრუნავს“ ხალხზე, ასე უნდა შევაფასოთ მისი ქმედება – უარყოფითი ინფორმაციის ნაცვლად, დადებითის მოწოდებისთვის, მაგრამ თვით ხალხი კარგად ხვდება, რამდენად დადებითია მისი მოწოდებული ეკონომიკური „ამბვები“. ასე რომ, რა სურათს დაგვიდებს ხელისუფლება მიმდინარე წლის „წარმატებებთან“ დაკავშირებით, ახალ 2018 წელს გამოჩნდება, მანამდე კი „დავტკბეთ“ იმ ინფორმაციით, ერთობ სასიამოვნო მოსასმენით, რომელსაც ვისმენთ, მაგრამ არ გვჯერა. თუ რისი გვჯერა – ხელისუფალთა ზღაპრული შემოსავლები და დიდი მადაა, რაც დღენიადაგ იზრდება, მიუხედავად გაუთავებელი კრიტიკისა, ზოგიერთი გაზეთი რომ ბეჭდავს საკუთარ ფურცლებზე.
დიახ! ხელისუფლებას თავი მოაქვს ტურიზმის განვითარებით და აქედან გამომდინარე დიდი შემოსავლებით, თითქოს მის დაუღალავ შრომაზე იყოს დაფუძნებული ამ დარგის წინსვლა, თითქოს მან შეუწყო ხელი იმ ინფრასტრუქტურის განვითარებას, ტურიზმს რომ ესაჭიროება. მან გააკეთა ავტობანები, მოაწესრიგა სატრანსპორტო მიმოსვლა, დედაქალაქისა და სხვა ქალაქების შიდა გზები, კვების ობიექტები, სასტუმროები, უზრუნველყო ეკოლოგიურად სუფთა კვების პროდუქტების დამზადება, მომსახურე პერსონალის ტრენინგები და სხვა მრავალი საკითხი – ტურისტულ ინფრასტრუქტურას რომ ესაჭიროება.
ზემომოყვანილი კომპონენტების ნაწილს კერძო სექტორი აწესრიგებს – საკუთარი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ხელისუფლებას კი, რომელსაც გარკვეული მონიტორინგის ფუნქცია აკისრია, თავს არ იწუხებს და ნაცვლად ფართოდ დაღებულ ხახაში ჩასადებ საკვებს მოითხოვს. არადა, მისი მხრიდან უფრო გააზრებულ მოქმედებას რომ ჰქონდეს ადგილი, გაცილებით მეტის მიღწევა შეიძლება.
ამ თემაზე სხვა დროს უფრო დაწვრილებით, ამჯერად კი, გრძელი შესავლის შემდეგ სტატიის მთავარ საკითხზე – საბიუჯეტო თანხების გონივრულ ხარჯვაზე.
გონივრულ და არა კანონიერ, რამეთუ ხელისუფლებამ „კანონიერად“ აქცია ყველა საკუთარი სურვილი, რომელსაც წინათ კორუფციად აღიქვამდნენ და ციხეში უკრავდნენ თავს იმას, ვინც ითვისებდა მცირე თუ დიდ თანხებს.
უკანონობის დაკანონების პირველი ნაბიჯები სააკაშვილის მმართველობის დასაწყისშივე გადაიდგა, როდესაც აღმასრულებელი ხელისუფლების ახლადდანიშნულ მოხელეებს, სამინისტროების აპარატებში მომუშავე მუშაკებს დიდი ხელფასები და ხელფასებზე დანამატები, პრემიები დაენიშნათ. ანალოგიურ ქმედებას ჰქონდა ადგილი საკანონმდებლო ორგანოში, სხვაგან და სხვაგან.
მაღალმა ხელფასომანიამ ყველა საბიუჯეტო ორგანო და არა მარტო, მოიცვა. ჯამში მივიღეთ ქვეყანა, რომელიც დაბალ-მაღალი ხელფასების თვალსაზრისით ევროკავშირს გაუტოლდა, რასაც ვერ ვიტყვით ქვეყნის მოსახლეობაზე, განსაკუთრებით პენსიონერებზე. შედეგი – გაღატაკებული ხალხი – მდიდარი სახელმწიფო მოხელეები.
სააკაშვილის ხელისუფლების მანკიერებას, რომელმაც მძიმედ იმოქმედა ქვეყნის საფინანსო სისტემაზე და გარკვეულწილად ხელი შეუწყო ლარის გაუფასურებას, ეკონომიკის უკანსვლას. ახალმა „საოცნებო“ ხელისუფლებამ თავისი დაუმატა და ნაცვლად დაპირებული საღი წესების შემოღებისა, „საარაკო“ ღონისძიებები გაატარა.
მძიმე ეკონომიკურ-საფინანსო და სოციალური ვითარების გამოსწორება მან საკუთარი თავიდან დაიწყო და განვლილი 4 წელი მხოლოდ ამ საქმეს დაახარჯა. გარდა ამისა, ჩათვალა რა 4 წელი არასაკმარისად, მეხუთეც დაუმატა და ასედაამრიგად დღემდე გააგრძელა საკუთარი თავის პატივსაცემი სწრაფი სვლა.
ყოველივე აღნიშნულს ლაიტმოტივად გასდევს ხელისუფალთათვის ერთობ არასასიამოვნოდ მოსასმენი კრიტიკული მუსიკა, მაგრამ უსმენს კი ხელისუფლება ხალხის უკიდურეს უკმაყოფილებას ხელფასებთან, დანამატებთან და პრემიებთან დაკავშირებით?
შეიძლება უსმენს, მაგრამ არაფრად აგდებს და აკეთებს ისე, როგორც მას სურს. დავესესხები გაზეთ „საქართველო და მსოფლიო“-ს, სადაც მოყვანილია შემდეგი მონაცემები: უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისას 2015 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 8 სექტემბრამდე, მიიღო 237 354 ლარი. 2016 წელს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა პრემია და დანამატი 41-ჯერ მიიღო, საერთო ჯამში 112 651 ლარი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ა.წ. ოქტომბერში გაორმაგებული ხელფასი და დანამატი მიიღო – ჯამში 22 000 ლარი. 2016 წლის არჩევნების დროს – 27 000 ლარი. მთლიანობაში, გასულ წელს ჟვანიამ 197 307 ლარი მიიღო.
საქართველოს მთავარმა პროკურორმა შოთაძემ გასულ წელს 117 000 ლარი მიიღო. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მხოლოდ ერთ თვეში 10 203 ლარი პრემია მიიღო, ხელფასთან ერთად – 172 013 ლარი. საგარეო საქმეთა სამინისტრომ მივლინებებში მილიონ ლარზე მეტი დახარჯა, ოპოზიციის მიხედვით კი – მილიონ 800 000 ლარი.
ჯანდაცვის სამინისტრომ 616 000 ლარზე მეტი დახარჯა დანამატებში, 35 000 ლარი პრემიებში. პარლამენტარებმა, აპარატის მუშაკებმა 2017 წლის პირველ ოთხ თვეში მხოლოდ პრემია-დანამატის სახით 4 852 698 ლარი მიიღეს.
ზემომოყვანილი მაგალითები სულაც არ არის სრული, ვინაიდან სრულ სიას ერთი სტატია ვერ დაიტევდა. აქ არ არის მარეგულირებელი კომისიები, რომლებმაც თავი გამოიჩინეს ამ ქვეყნისთვის შეუფერებელი განუზომელი რაოდენობის ხელფასებით. იბადება კითხვა – რა მნიშვნელობა აქვს ტურიზმიდან შემოსულ თანხებს ან ეკონომიკის წინსვლას, თუ ყველაფერი საბიუჯეტო ორგანიზაციებში დარჩება და მოხელეთა გაუმაძღარი კუჭების ამოვსებას მოხმარდება?!
მარტო ჭარბი ხელფასებით, დანამატებით და პრემიებით რომ კმაყოფილდებოდნენ ამ ქვეყნის „ბატონ-პატრონნი“, კიდევ არაფერი. მათ გარემონტებული კაბინეტებიც უნდათ, ახალი ავტომანქანებიც, მობილური ტელეფონებიც, უცხოეთში მივლინებებიც და ა.შ.
საქართველოს პარლამენტმა ავტომანქანების შესყიდვის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. 19 ავტომანქანის შესაძენად 855 000 ლარია გამოყოფილი. თითოეული ავტომანქანის საშუალო ღირებულებამ 45 000 ლარი უნდა შეადგინოს. ყველა უნდა იყოს არაუადრეს 2017 წელს გამოშვებული, ვერცხლისფერი, შავი ფერის სალონით.
მადაც ამას ჰქვია. თითქოს პერსონალური ავტომანქანები, რომლებიც პარლამენტის წევრებს ემსახურებათ, ძალიან ძველი და ამორტიზებულია.
აქვე აღვნიშნავ, რომ საწვავის ხარჯვით ეს ორგანო თითით საჩვენებელია – 90 000-ზე მეტი ლიტრი ბენზინი თვეში. დავუმატოთ ამას სამინისტროები, უწყებები, ადგილობრივი მმართველობა და მივიღებთ ერთობ დასაფიქრებელ შედეგს – რასაც უყაირათო ფულის ყრა ჰქვია.
არანაკლები თანხები იხარჯება გამოგონილ, ხელოვნურ კომისიებში ანუ ისეთში, თბილისის ყოფილმა მერმა ნარმანიამ რომ შექმნა – 19 კომისია. აი ერთ-ერთი – „თბილისის ტერიტორიაზე ძაღლების გასეირნებისთვის სპეციალური ადგილების შესარჩევი კომისია“.
რა გამოდის – საქმის გასაკეთებლად მერიის აპარატი კი არ ირჯება, არამედ შექმნილი „კომისიები“. თუმცა დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ არც ისინი ირჯებიან, თორემ რომ ირჯებოდნენ, უამრავი გადაუჭრელი საქმე არ იქნებოდა. მაშ, რას ემსახურებოდა ეს კომისიები? – საკუთარი თავისთვის ხელფასების გამოწერას, ნათესავ-მეგობრების დასაქმებას.
ახალმა მერმა ყველა კომისია გააუქმა, მაგრამ რას მოიმოქმედებს კომისიებთან დაკავშირებით (შექმნის თუ არა), მომავალში გამოჩნდება.
რაც შეეხება ახლის დამოკიდებულებას მომჭირნეობაზე – არც ისეთია, როგორსაც ვისურვებდით. დედაქალაქის საახალწლო განათებაში 3 მილიონი ლარის დახარჯვა თავისთავად მეტყველებს საწინააღმდეგოზე. მან ისეთი შეცდომა დაუშვა, 4 წლის განმავლობაში რომ მუდამ წამოაძახებენ.
დასასრულს, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას – საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას მხოლოდ მაშინ მოჰყვება პოზიტიური შედეგი, თუ ხარჯვა მიზნობრიბი იქნება და არა მმართველობითი რგოლების ღორმუცელა კუჭების ამოვსების მექანიზმი.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.