ორიოდ სიტყვა ქართველ „შეძლებულებზე“

ცნობილ ქართველ პროზაიკოსს გურამ ფანჯიკიძეს თავის რომანში „თვალი პატიოსანი“ ერთი ისეთი სიუჟეტი აქვს აღწერილი, უშრომელი შემოსავლით, მაქინაციებით, ფალსიფიკაციით და თავხედობით გამდიდრებული „არტელშიკი“ რომ პატიოსან ადამიანს გაღიზიანებული ეუბნება – შენი წონა ფული მაქვს, გესვრი და წაგაქცევო.

რომანი საბჭოთა ცხოვრების იმ უკუღმართობის ამსახველია, რასაც გასული საუკუნის 70-იან წლებში ჰქონდა ადგილი. სწორედ იქედან დაწყებული, მეტასტაზებივით მოედო ქართულ საზოგადოებას „ცხოვრების წესი“, რომლის წინააღმდეგ იბრძოდა პარტიული აპარატი და სამართალდამცავი ორგანოები – ხშირად წარმატებით, თუმცა კორუფციული დაავადება იმდენად ძლიერი და გადამდები აღმოჩნდა, რომ პარტიული აპარატიც ჩაითრია და სამართალდამცავი ორგანოებიც.

ამ რომანის დაწერის შემდეგ საბჭოთა კავშირს დიდხან აღარ უარსებია – 1991 წლის დეკემბერში დალია სული,  საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის გორბაჩოვის სატელევიზიო გამოსვლისთანავე. მაშინ ყველა საბჭოთა რესპუბლიკამ, მათ შორის საქართველომც მიიღო ნანატრი დამოუკიდებლობა და შეუდგა ახალი ცხოვრების შენებას.

აღარ მოვყვები, რაოდენ ეკლიანი გამოდგა დამოუკიდებლობის გზაზე სიარული, ვინაიდან ჩვენმა თაობამ საკუთარ თავზე გამოსცადა გამწარებული ცხოვრების „სიტკბო“.

მძიმე, გაუსაძლისი ცხოვრებით და უპერსპექტივობით იმედგაცრუებული ხალხი დიდის სიხარულით შეაბრუნებდა ცხოვრების კურსს და ძველში დაბრუნდებოდა – ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო. მაგრამ, რაც იყო, წარსულს ჩაბარდა, ისტორიის ნაწილად იქვა. მას არაფრით შეეძლო შემობრუნება.

ახალმა ცხოვრებამ, ახალი წესები შემოიღო და ის, რაც წინა ცხოვრებაში მიუღებელი, სასირცხვო იყო, ცხოვრების მამოძრავებელ ძალად იქცა. სახელმწიფო, რომელიც სულ რაღაც თითზე ჩამოსათვლელი წლების წინ სპეკულაციას ებრძოდა, მის პირველ დამცველად მოგვევლინა – უწოდა რა მას ბიზნესი – ხალხისთვის რომ სიკეთე მოაქვს.

ასედაამრიგად, გუშინდელი სპეკულანტები, თაღლითები, „არტელშიკები“ ბიზნესმენებად გადაიქცნენ – საზოგადოებაში დაფასებულ, პატივსაცემ ადამიანებად. დღეს, ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში თითქმის ყველას თავი მოაქვს მილიონერთა სიმრავლით. მეტი მილიონერის ყოლა ქვეყნის წარმატებულობის გამომხატველია – ასე გვიხსნიან ხელისუფლების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, განსაკუთრებით Forbes”-ი, საერთოდ მედია. და როდესაც კითხულობ, როდის დადგება ეს საამური დრო – ანუ ბიზნესმენი რომ ხალხის სამსახურში ჩადგება – მალეო – ვიღებთ პასუხს.

ამ მოლოდინში 25 წელიწადი მიილია. „კარგი“ ცხოვრება – ბიზნესმენთა აშენებული, კი არ ჩანს. არადა მათი რაოდენობა წვიმის შემდეგ მომრავლებულ სოკოებს წააგავს. მაგალითის მოსაყვანად ტვინის ჭყლეტა არ დაგვჭირდება – პარლამენტის შემხედვარეს. 25 წლის წინათ, საბჭოეთის არსებობის ბოლო წლებში ვინ იფიქრებდა, რომ საქართველოს პარლამენტში 100-ზე მეტი მილიონერი იქნებოდა? მაინც რა სწრაფად იშოვეს ფული (მილიონები) ჩვენმა მოხერხებულმა პარლამენტარებმა?!

საკუთარი შრომით და გარჯით იშოვეს, გაანძრიე ხელი და შენც იშოვიო – იღებ პასუხს. თითქოს მილიონი შუა ქუჩაში იდოს და დახრა გეზარებოდეს ასაღებად.

იმ გზით, რა გზითაც ჩვენმა მილიონერმა პარლამენტარებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მილიონები იშოვეს, წინა ცხოვრებაში ანუ საბჭოთა კავშირის დროს სასჯელის უმაღლესი ზომით – სიკვდილით ისჯებოდნენ.

დღეს, როგორც ვხედავთ, ბიზნესმენებს ხუთ სიცოცხლეს ჩუქნიან, გუნდრუკს უკმევენ, ცივ ნიავს არ აკარებენ – არ გაგვიცივდნენო, თავზე ევლებიან, რამე არ ეწყინოთო – სიტყვას წარმოთქმამდე ვზომავთ, თორემ მიგვატოვებენ და სხვაგან წავლენ საცხოვრებლადო. მათთვის სხვა კანონებია ანუ უკანონობა, რაც ყოველ ნაბიჯზეა თვალშისაცემი. შავ ჯიპზე წამომჯდარ ბიზნესმენს, რომელი ერთი პატრული გაუბედავს გაჩერებას, მითუმეტეს დაცვის ავტომანქანის თანხლებით მოსიარულეს?

არსად ისე თვალშისაცემი არ არის სიმდიდრე, როგორც აქ, თუ არ ჩავთვლით არაბულ სამყაროს. დიახ! საქართველოში, რომ იტყვიან ფული „იშოვნეს“, მილიონები, მაგრამ არა იმდენი, როგორც სხვაგან და არა ესოდენ „სარეკლამო“. არ შევცდები, თუ ვიტყვი – ყვირილი მეტია – ფული მაქვსო, ვიდრე ქონება.

ქართველი შეძლებულები ანუ „ფულიანები“ თავშეუკავებლობით მხოლოდ დსთ-ს ქვეყნების „კოლეგებს“ ჰგვანან და არამცდაარამც ევროპელ, ამერიკელ „ფულიანებს“ ანუ მილიარდერებს. ისინი კარგა ხანია მიეჩვივნენ მილიარდერობის „სტატუსს“ და შეუფერებლად მიაჩნიათ საკუთარ მილიარდერობაზე ყვირილი. ისინი თავშეკავებულად იქცევიან, არ გამოირჩევიან ჩაცმით, აქსესუარებით, ავტომანქანებით ან თვალისმომჭრელი სასახლეებით. ერთი სიტყვით ქუჩაში, საზოგადო თავშეყრის ადგილებში ისინი ისეთივენი არიან, როგორც დანარჩენი საზოგადოება.

გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში საქართველოს დევიდ როკფელერი სტუმრობდა – როკფელერთა უმდიდრესი ოჯახის წარმომადგენელი. საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარესთან შეხვედრის დროს ფეხი-ფეხზე გადაიდო და, ჰოი საოცრებავ, ფეხსაცმლის გახვრეტილი ძირი გამოუჩნდა.

ირანში ყოფნის დროს მასპინძელს ვკითხე – არიან თუ არა ირანში მილიონერ-მილიარდერები. რამდენიც გინდათო – მიპასუხა, მაგრამ მათი საზოგადოებიდან გამორჩევა შეუძლებელია. ჩვენი ხელისუფლების და სულიერი ლიდერის ხამენეის მოწოდებით ისინი მაქსიმალურად ცდილობენ თავიანთი სიმდიდრით ხალხი არ გააღიზიანონო.

იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც ირანის ე.წ. ოქროს ახალგაზრდებმა ანუ მილიონერების შვილებმა ძვირფასი ავტომანქანების, „ლამბორგინისა“ და „ფერარის“ რალი მოაწყვეს ღამის თეირანის ქუჩებში, რამაც ხალხის აღშფოთება გამოიწვია. ქვეყნის მეთაურმა ხამენეიმ არ დააყოვნა და მოუწოდა ახალგაზრდებს თავშეკავებისკენ, რის შემდეგაც შეწყდა ღამის რალი.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მილიარდერი მექსიკელი კარლოს სლიმი (60 მილიარდის პატრონი) „კუზიანი“ ავტომანქანა „ფოლქსვაგენით“ დადის. საზოგადო ცხოვრებაში ის თავშეკავებულია, ცდილობს სიმდიდრით არ გააღიზიანოს მექსიკელები.

ახალგამდიდრებულ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, რა ხდება? აქაური მილიონერები ისე ზემოდან დაჰყურებენ ხალხს, როგორც ღმერთი. არადა, სწორედ ხალხის ჯიბეში ხელის ფათურით არიან ისინი გამდიდრებული. როდესაც ხალხს ჯიბიდან ღლეტ კატასტროფულად გაძვირებული ბენზინის, წამლების, პირველი მოხმარების საგნების, კვების პროდუქტების ფულს – გამდიდრდები, აბა არა?!

როდესაც ხალხის ჯიბიდან ამოღებული ფულით ირიგებ, პენსიებთან შედარებით გაასმაგებულ ხელფასს, ხელფასზე დანამატს, პრემიას – გამდიდრდები, აბა არა?!

როდესაც ერთ ლარად ყიდულობ შესანიშნავ, ასობით ჰექტარ მიწას და შემდეგ ასტრონომიულ ფასებში ყიდი, როდესაც კომუნისტების დანატოვარ ფაბრიკა-ქარხნების უნიკალურ ჩარხებს უცხოეთში ჯართად ყიდი, როდესაც მართლაცდა სახალხო სიმდიდრეს, უნიკალურ ხე-ტყეს უცხოეთში მორებად ცენტებში ჰყიდი – უდავოდ გამდიდრდები.

როდესაც ცენტებში ნაყიდ მედიკამენტებს გაასმაგებულ ფასებში ჰყიდი, როდესაც მდარე ხარისხის, ვადაგასულ კვების პროდუქტებს – ცენტებში ნაყიდს, მამასისხლად ტენი საკუთარ ქვეყანას, სამშობლო რომ ჰქვია – უდავოდ გამდიდრდები.

როდესაც საბანკო ოპერაციებით – თაღლითობა რომ ჰქვია, დიდ ფულს შოულობ, ხოლო ხალხს აღატაკებ, გამდიდრდები აბა არა?!

ზემოთ სამშობლო ვახსენე, მაგრამ შევცდი, ვერ გავითვალისწინე უმდიდრესი ადამიანების „ნაკრძალში“, აშშ-ში  მცხოვრები საზოგადო მოღვაწეთა გამონათქვამი – მილიარდერებს სამშობლოს ცნება არ გააჩნიათ. მათთვის ის არის სამშობლო, სადაც დროებით ირჩევენ საცხოვრებელ ადგილსო.

და მართლაც, თვალი შეავლეთ ამერიკელ, სხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ფულიანთა ვილების გეოგრაფიას – ლათინური ამერიკით დაწყებული, ეკზოტიკური კუნძულებით გაგრძელებული, ევროპის საკურორტო ქვეყნებით დამთავრებული.

ვერ გავიზიარებ ინტელიგენციის მოსაზრებას „სამშობლოსთვის თავდადებული ბიძინა ივანიშვილის“ თაობაზე, ვინაიდან ისიც (სამშობლო) ისეთივე საკუთრებაა მილიარდერისათვის, როგორც თუ მთელი არა, ნახევარი საქართველო.

სასათბურე პირობებში მყოფ, ბიძინას ყოველთვიური სტიპენდიით გამომძღარ „ინტელიგენციას“ კრიტიკული სიტყვა არ ეთქმის მამამარჩენლის მისამართით. არადა, თუ ვინმეს უნდა ამოეღო სიტყვა – ის უნდა ყოფილიყო – ინტელიგენცია.

ისე ნუ  გამიგეთ, თითქოს ინტელიგენცია საერთოდ არ იღებდეს ხმას, მაგრამ ვაი ასეთ ამოღებას – დაფინანსებულის, ნაყიდის. გულწრფელობად ვერ შევაფასებ ჯიმი ჩარკვიანის სიტყვებს, გამოქვეყნებულს „საქართველოს რესპუბლიკაში“ – ბიძინას მეხოტბე გაზეთში. ჯიმი ჩარკვიანი თავისი ძმის ჯანსუღის მოსაზრებასაც გადმოგვცემს: „ნუ ვიქნებით უმადურები მის მიმართ (კალაძის). . . ეს ის ხალხია, რომელსაც საქართველოსთვის დიდი საქმეები გაუკეთებია. მინდა დავამთავრო ლირიკული წიაღსვლით – როდესაც ამ ყოვლისმომცველ უმადურობაზე და იმ ძველ ადამიანებზე ვფიქრობ, როგორიც ჩემი ძმა ჯანსუღია, როგორიც კახია (კალაძე), როგორიც ბიძინაა – თავის სამშობლოზე შეყვარებული და მისთვის თავდადებული . . .“.

მლიქვნელობის ამსახველი უმაღლესი პილოტაჟია – შორს გამიზნული. მას უდავოდ მოჰყვება რეაგირება (ასე ფიქრობს ავტორი) ივანიშვილ-კალაძისაგან, რომელსაც წარმატებით შეირგებს ჩარკვიანების ოჯახი.

ამას წინათ ერთი ჟურნალისტი მიყვებოდა კალაძის პატრიოტული შემართების „უმნიშვნელო“ სიუჟეტს, რომელიც მისი მეუღლის მეცადინეობით განხორციელდა სამხატვრო გალერეაში – პროჟექტორების გაჩახჩახებულ განათებაზე მოწყობილი მოდების ჩვენება.

მსოფლიოს ყველა მუზეუმში, საგამოფენო დარბაზში აკრძალულია ფოტოსურათების გადაღება, მითუმეტეს ელვისმაგვარი განათებით, ვინაიდან მძიმედ მოქმედებს გამოფენილ ექსპონატებზე. აქ კი პროჟექტორის თვალისმომკვეთი განათება.

ვგონებ, ეს „უმნიშვნელო“ ცხოვრებისეული სიუჟეტი რაღაცის მანიშნებელია – ანუ ყოვლისშემძლეობის, რასაც თავისი მანკიერი გაგრძელება მოჰყვება თბილისის მერად არჩევის შემთხვევაში.

ივანიშვილზე ლაპარაკი ზედმეტია. მას კრიტიკა არ ესმის. რომც ესმოდეს, ის მაინც თავისას გააკეთებს. „სამშობლოზე შეყვარებული“ მილიარდერი, რატომღაც სამშობლოს ართმევს ტერიტორიებს და საკუთარ თავზე იფორმებს. უნიკალური ჯიშის ასწლიან ხეებს  სამშობლოს ართმევს და თავის საკუთარ ბაღჩაში გადააქვს. თბილისში პუშკინის სკვერის ტერიტორიას იჩემებს და მიწისქვეშ ავტოსადგომის აშენებას აპირებს. რომელი ერთი ჩამოვთვალო. ქართული ინტელიგენცია ამბობს – აშენებს, ხომ არ ანგრევსო.

დიახ! აშენებს „თბილისის პანორამას“ – გაშენებული ტყის ნაცვლად. ანალოგიურს პირდება მწვანე კონცხსაც – ფეშენებელურ სასტუმროს, თავისი საკუთარი პლაჟით, საერთო სარგებლობიდან მის კერძო საკუთრებაში გადასვლით.

საზოგადოება დუმს. არავითარი რეაქცია. ვისაც რეაქცია აქვს – „ნაციონალებია“ და ისიც საარჩევნო ციებ-ცხელებიდან გამომდინარე, მაგრამ ხომ აქვს. თავის გასამართლებლად საზოგადოება ამბობს – „ნაცების“ მიერ მოწყობილ აქციაზე მისვლას, მათ გვერდში დგომად ჩაგვითვლიანო.

დიახ! ჩვენ არ გვიყვარს „ნაცები“, მაგრამ „ნაცები“ რომ არ გვიყვარს, საქართველოც უნდა გვძულდეს?

ორ ცეცხლშუა მოქცეულებს გზა ვერ გაგვიკვლევია. ვიდრე ესოდენ გაურკვეველ ვითარებაში ვართ, ბიძინა მთელს საქართველოს დაეპატრონება და ისეთ გაუსაძლის პირობებს შექმნის აქ დარჩენილი ხალხისთვის, რომ იძულებული შეიქმნება უცხოეთს მიაშუროს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.