რუსოფობია დამღუპველია ქვეყნისთვის

რამდენიმე თვის წინ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა ჩემთვის და საზოგადოებისთვის უცნობი ადამიანის, ვინმე ბოკუჩავას წერილი საქართველო-რუსეთის ურთიერთობის თაობაზე, უფრო სწორად იმ „მზაკვრობის“ შესახებ, რასაც რუსეთი, შემდეგ საბჭოთა კავშირი და ისევ რუსეთი სჩადიოდა და სჩადის საქართველოს წინააღმდეგ.

წერილის გაცნობისთანავე დამებადა აზრი პასუხი გამეცა პოლიტოლოგიისა და ჟურნალისტური წრეებისთვის უცნობი პირის ერთობ უსუსურ გამოხდომაზე მეზობელი ქვეყნის მიმართ – უხვად გაზავებულის ისტორიული მომენტების ფალსიფიკაციით – ღვარძლით და სიძულვილით.

რუსეთის მიმართ სიძულვილით გაჟღენთილი სტატიების ან სატელევიზიო გამოსვლების სიუხვეს ისე ვართ მიჩვეული, არაფრად ვაგდებთ და „ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის“ მსგავსად აღვიქვამთ. არადა, ვისაც სამშობლო უყვარს, ვალდებულია პატივი სცეს მეზობლებს, განსაკუთრებით იმათ, ვისთანაც მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები და ნათესაური კავშირებიც გაქვს. გარდა ამისა, ჩავთვალე, რომ ვინმე წაიკითხავდა ბოკუჩავას ნახელავს, განსაკუთრებით ახალგაზრდა და ისედაც ანტირუსული პროპაგანდით გონდაბინდულს, ბოკუჩავას ჭორის დონეზე განხილული საქართველო-რუსეთის ურთიერთობაც შავი ლოდივით დაემატებოდა.

ჩემს წერილში აღვნიშნე, რომ ბოკუჩავას „შემოქმედება“ არა მარტო პირადად მას ჭრიდა თავს, როგორც უვიცს და დაუნახავს, არამედ ქვეყანასაც. ბოკიჩავას „შემოქმედების“ პირველ „ფოლიანტს“არ შევეხები, ვინაიდან ავტორი უდავოდ არ არის ისტორიასა და პოლიტოლოგიაში ჩახედული რომ მის მიერ დაწერილი აბრადაკაბრით შევაწუხო მკითხველი, მაგრამ „შედევრის“ ერთ მონაკვეთს, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, მოვიყვან. ავტორი გვახსენებს, თუ როგორ ჩამოდიოდნენ (ჩამოეთრეოდნენ) საქართველოში რუსი პოეტები, მწერლები, კულტურისა და ხელოვნების მუშაკები; როგორ ვაპურმარილებდით, ვასმევდით და ვაჭმევდით მათ. ისინი კი, მოსკოვში დაბრუნების შემდეგ, გვლანძღავდნენ და გვაგინებდნენ.

ნეტავ რომელი „უმადური“ რუსი ჰყავს მხედველობაში?

ფართო საზოგადოებისთვის მათი სახელების და გვარების დასახელება არის საჭირო და არა ყველას ერთ ტაფაში მოქცევა. თუ მას ასტაფიევი ჰყავს მხედველობაში, მოგახსენებთ. ასტაფიევმა თავის „Ловля пескарей в Грузии“ -ში სინანულით აღწერა ერთ დროს რაინდობითა და გმირობით გამორჩეული ქართველის თანამედროვე, გადაგვარებული პორტრეტი. მაშინ ამ ამბავმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საქართველოში, განსაკუთრებით ქართველ მწერლებში, ვინაიდან მიიჩნიეს, რომ ასტაფიევი ღვარძლითა და სიძულვილით წერდა ქართველთა შესახებ.

არადა, ის, რაც მან დაწერა, იყო სინანული და რჩევა გამოფხიზლებისა. მას შემდეგ პოლიტიკური სისტემაც შეიცვალა და ბევრი სხვაც, შევიცვალეთ ჩვენც და სამწუხაროდ, სწორედ ასტაფიევის ნაწერის იმ ნეგატიურ პერსონაჟებს დავემსგავსეთ. „ჩამოეთრეოდნენ და ვაჭმევდით“, რასაც ხაზს უსვამს ავტორი, უკბილო არგუმენტია რუსის გასაშავებლად, მისი „უმადურობის“ გამოსააშკარავებლად.

ჩემს პასუხში აღვნიშნე, რომ ბოკუჩავას ნაწერი სტუმრისთვის პურმარილის დამადლების აშკარა დემონსტრაციაა, რაც ჩირქს სცემს არა მარტო მას, არამედ სახელგანთქმულ ქართულ მასპინძლობას. ბოკუჩავასა და მისთანების გასაგონად ვამბობ – საქართველოში სტუმრად ჩამოსული მოსკოველი, საკუთარი სამშობლოს ანუ საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ კუთხეში ჩამოდიოდა, სადაც მას მუდამ ეგულებოდა სულიერი სავანე, არაბოკუჩავასნაირ მასპინძლებთან შეხვედრა.

ვიმეორებ, აქ სულიერი საზრდოს მიღება უფრო ხიბლავდა, ვიდრე ღვინის და პურმარილის. მოსკოველი არა მარტო თბილისში ჩამოდიოდა, არამედ ბაქოში, ერევანში, ტაშკენტში, სხვაგან და იქაც უპურმარილოდ არვინ ტოვებდა. მიუხედავად ამისა ჩვენთან „ჩამოთრევას“ (ბოკუჩავას მიერ გამოყენებული ტერმინი), სხვა ხიბლი ჰქონდა, რომელიც გადადიოდა პრაქტიკულ საქმეში – ქართველი მწერლების რუსულ ენაზე თარგმნა და გამოცემა რომ ჰქვია. სწორედ ამ გზით გაიცნო დასავლეთმა ქართული მწერლობა. გარდა ამისა, მინდა დავსვა კითხვა – აქ „ჩამოთრეული“ ხელოვნებისა და კულტურის რუსი მოღვაწეები, ვისი ხარჯით ჭამდნენ?

თავიანთი ხარჯით, ვინაიდან ის, რაც საქართველოს ბიუჯეტში იყო, ცენტრის მიერ იყო განაწილებული ანუ მის მიერ უკან დაბრუნებული ქართველი ერის ნაღვაწზე ორჯერ მეტი. მაგრამ, როგორც ჩანს ბოკუჩავამ ეს არ იცის და არა მარტო ეს, სხვა მნიშვნელოვანიც, ვინაიდან (როგორც მოგვიანებით მითხრეს) ის წარუმატებელი მათემატიკოსია და ისტორია-პოლიტოლოგია-ჟურნალისტიკასთან არავითარი შეხება არ ჰქონია 75 წლის განმავლობაში (ხანდაზმული ასაკიც მოგვიანებით გავიგე). გამიკვირდა, ვინაიდან ამ ასაკის ადამიანი თავს უფლებას არ უნდა აძლევდეს ქუჩის ჭორებით მიიპყროს მკითხველის ყურადღება.

ჩემს საპასუხო წერილს უმალ მოჰყვა შეურაცხყოფების კორიანტელი, ლანძღვა-გინება, რომელიც გამუდმებით იბეჭდებოდა გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“. მე ყველა მისი სტატია უპასუხოდ დავტოვე, ვინაიდან ჩავთვალე, რომ ეს ადამიანი, ლანძღვა-გინებისა და ცილისწამების უბადლო ოსტატი, ჩემს ნაწერს ვერაფრით ჩათვლიდა ობიექტურად. მისთვის დავით მხეიძე, უშანგი ჯანგირაშვილი და ჰამლეტ ჭიპაშვილი მუდამ ვიქნებოდით „დაქირავებულები“, „აგენტები“, „რუსეთის უკანალში მსხდომები“, მდარე ხარისხის პოლიტოლოგები და ჟურნალისტები.

თუ წინა წერილებში ჩვენი „დამქირავებელი“ ვირტუალური რუსეთი იყო, 21 სექტემბრის სტატიაში პირდაპირ ომარ მარგველაშვილს ადებს ხელს, როგორც ჩვენს დამქირავებელს. ბატონ ომარს არა მარტო ჩვენი „დაქირავება“ აკმარა, არამედ უხეში, შეურაცხმყოფელი სიტყვებითაც გამოლანძღა – თანაკლასელი, ლამის მეგობარი.

ბატონ ომარს, რომელსაც სულ ახლახანს დაბადების დღე (75 წლისთავი) გადაუხდია, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, ასევე თანაკლასელი გიორგი კვესიტაძე უძღვნის წერილს, სადაც დეტალურად აღწერს ბატონი ომარის მიერ განვლილ გზას, უდავოდ დასაფასებელს და საინტერესოს.

ამ წერილით გაღიზიანებულმა მეორე თანაკლასელმა ბოკუჩავამ არ დაახანა და ლანძღვა-გინების ლაფი დაასხა ბატონ ომარს, თითქოს მან შეგვიკვეთა „ანტიბოკუჩავისტური“ სტატია.

ომარ მარგველაშვილს დიდი ხანია ვიცნობ, როგორც საბჭოთა პერიოდის წარმატებულ სამეურნეო მუშაკს, ამჟამად ასევე წარმატებულ ბიზნესმენს. ჩვენ ერთმანეთს გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკის“ ფურცლებზე ვხდებოდით ამ გაზეთთან ჩემი თანამშრომლობის დროს. სხვა ურთიერთობა მასთან არ მქონია. გარდა ამისა, ომარმა, ბოკუჩავასადმი ჩემი პასუხი, გამოქვეყნების შემდეგ გაიგო, რის შესახებაც მითხრა ერთი საჯარო შეხვედრის დროს, თან ისიც დაამატა – ბოკუჩავა ჩემი თანაკლასელი იყოო, რაზეც მივუგე – საშინელი თანაკლასელი გყოლიათქო.

ახლა, რაც შეეხება ჩემს რუსოფობობას. დიახ! მე მსურს, რომ საქართველოს რუსეთთან ჰქონდეს ნორმალური კავშირები, ვინაიდან რუსეთი ჩვენი მეზობელია, თან ძლიერი ქვეყანაა, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, დიდი ისტორიისა და კულტურის, მართლმადიდებლური ქვეყანა.

დიახ! ჩვენს ურთიერთობაში იყო ხინჯიც, მაგრამ კარგი მეტი იყო და იმ კარგზე უნდა ვილაპარაკოთ თუ გადარჩენა გვსურს. როდესაც, მიუხედავად აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა, რუსეთში სხვადასხვა ქვეყნის მეთაურებისა და ბიზნესმენების ვიზიტები არ წყდება, განა საკმარისი არ არის თვალი აახილო?

რუსეთი აგრესორიაო, რომ გავიძახით – ერთ საქმეზე აგრესორიც და თავდამცველიც –  ორი არ შეიძლება იყოს.

ევროკავშირის სპეცკომისიამ 2008 წლის აგვისტოს ომში სააკაშვილი მიიჩნია აგრესორად და არა რუსეთი, არადა ჩვენ უტუხად გავიძახით რუსეთია აგრესორიო. ამ „სიმართლეს“ აშშ-ი და მისი ყურმოჭრილი „მოკავშირეები“ ამბობენ, რომელთა წვლილი სააკაშვილის აგრესიაში განუზომელია.

აღნიშნულის შესახებ გაზეთ „გარდიანში“ გამოქვეყნდა ინგლისის სპეცსამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის სკარლეტის ინტერვიუ, სადაც ამბობს, რომ აშშ-ს და ინგლისის  ერთობლივი პროექტი იყო სამხრეთ ოსეთში ომის წამოწყება და რუსეთის ჩათრევა; რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან მუდმივი ცეცხლის აგიზგიზება და ამით რუსეთის ხელისუფალთა ყურადღების სამხრეთზე მიპყრობა. გავიხსენოთ ბაქრაძის მოწოდება – ჩანგლებით-დანებით რუსეთის წინააღმდეგ პარტიზანული ომის გაჩაღების თაობაზე.

ეს გეგმა რუსეთმა სწრაფი სამხედრო პასუხით ჩაშალა. მას რომ კარდინალური ნაბიჯი არ გადაედგა, ვინ იცის 2008 წლის სააკაშვილის მიერ დაწყებული ომი ჯერაც მოუმთავრებელი ყოფილიყო. დასავლეთს ეს პროექტი საქართველოში არ გამოუვიდა, მაგრამ მოგვიანებით განახორციელა უკრაინაში, სადაც 2014 წლიდან მიმდინარეობს ომი.

ბოკუჩავას და მისთანებს ვურჩევ წაიკითხონ ისრაელის პუბლიცისტისა და ჟურნალისტის ლევ გუნინის ნაშრომი, მიძღვნილი ცხინვალის ომისადმი, სადაც ავტორი ზედმიწევნით, ზუსტად აღწერს ომამდელ, ომის დროინდელ და ომის შემდგომ ვითარებას.

სამწუხაროდ, საქართველო ამერიკულ ხაფანგში მოექცა და დაუფიქრებლად ასრულებს მის დავალებას – ანტირუსულ პროპაგანდას. არ სურს რუსეთთან ურთიერთობა და აკრიტიკებს ყველას, მათ შორის „პატრიოტთა ალიანსს“ მოსკოვთან მოლაპარაკების გამო.

საქართველოს ხელისუფლება და „რუსოფობები“ ქვეყნის ხსნას აშშ-ს უკავშირებენ, მაშინ, როდესაც აშშ-ა დახმარების ხელი ვერ გაუწოდა მისსავე ტერიტორიას – პუერტო-რიკოს, ყურისძირში მდებარეს, ქარიშხალით მიწასთან გასწორებულს, სასმელი წყლის და შუქის გარეშე დარჩენილს.

სისულელეა იმის მტკიცება, რომ აშშ-ნ ან დასავლეთთან არ უნდა გვქონდეს ურთიერთობა, მაგრამ ასეთივე სისულელეა, რუსეთთან ურთიერთობის არქონა. აი, ამას ვახსენებთ მთავრობას და საზოგადოების ნაწილს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.