ანტიდასავლურ „პროპაგანდასთან“ დაკავშირებით
ბატონ გურამ გოგიაშვილს
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ახლახანს გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია იმ ანტიდასავლური, ანტიამერიკული პროპაგანდის და ქმედების თაობაზე, რასაც ადგილი აქვს თანამედროვე მსოფლიოში; არის მასთან ბრძოლისა და კონტრღონისძიებათა ეფექტიანი მუშაობის, შესაბამისი დაფინანსების აუცილებლობის, სხვა მნიშვნელოვანი თუ ნაკლებმნიშვნელოვანი სამომავლო ღონისძიებების გატარების თაობაზეც.
საქართველოს სპეცსამსახურმაც, „ზემდგომის“ მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდნარე, საკუთარი სამომავლო გეგმებიც გაგვანდო. გაწეული მუშაობის ანალიზიდან გამომდინარე, ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელიც თურმე ფართოდ არის გაშლილი ჩვენს ქვეყანაში, განსაკუთრებულ ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვს იმათ მხრიდან, ვინც ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე დგას.
აქაური დოკუმენტის შინაარსი, ცხადია ემთხვევა „ზემდგომის“ ანგარიშს, რითაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს ხელისუფალთა მყარ დასავლურ, პროამერიკულ კურსს. არის თუ არა ამერიკულ-ქართულ დოკუმენტში მოყვანილი საფრთხე – ანტიდასავლური პროპაგანდა, ახალი? არამცდაარამც. ორივეში ისეთივე „სიახლეა“ დაფიქსირებული, ტვინს რომ გვიბურღავს ლამის ბოლო 20 წლის განმავლობაში.
საზოგდოება იმდენად მიეჩვია დასავლეთის წინააღმდეგ მოქმედ „საფრთხეს“, აინუნშიც არ აგდებს მას. საზოგადოებას სხვა, უფრო სერიოზული საფიქრალი აქვს – შიმშილისგან თავის დახსნა. ასეთისთვის სულაც არ აქვს მნიშვნელობა – ვინ რა პროპაგანდას აწარმოებს. მან იცის, რომ საქართველო რახანია მკაფიოდ გამოხატულ ევროატლანტიკურ გზას ადგას და რაც არ უნდა მოხდეს, ის ამ კურსიდან არ გადაუხვევს.
დასავლური კურსის ურყეობა 2008 წლის რეფერენდუმმა გადაწყვიტაო – ამბობს ქართული პოლიტიკა და წამითაც არ იზიარებს იმათ მოთხოვნას, ახალი რეფერენდუმის გამართვა რომ სურთ.
2008 წლის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, როგორც აქ, ისე იმ „დალოცვილ“ დასავლეთში. პოლიტიკურ არენაზე ახალი სახეები გამოჩდნენ, როგორც აქ, ისე იქ, თუმცა აქ ნაკლებად, ვინაიდან „ძველები“ ძალას არ იშურებენ, ახლების დასაბლოკად. მათი სურვილი მარტივია – თვითონ იყვნენ აწ და მარადის.
შემედავებით – „ოცნება“ ახალი არ არისო? ნაწილობრივ, ვინაიდან ზომაზე მეტადაა გაჯერებული „ნაცებით“.
დიახ! საზოგადოება ძირითადად კუჭზე ფიქრობს, ოჯახის გამოკვებაზე. ასეთი, ვერაფრით იფიქრებს ანტიდასავლურ პროპაგანდაზე. დიდი-დიდი რაც მან შეიძლება გააკეთოს – დასავლეთის გინებაა, რისი საფუძველიც მას იმავე დასავლეთმა მისცა.
დასავლეთის მხრიდან სხვა პოლიტიკას რომ ჰქონოდა ადგილი და არა საკუთარი მიზნებისთვის საქართველოს გამოყენებას, სულ სხვა დამოკიდებულება ჩამოყალიბდებოდა მის მიმართ. ჩვენთან მიმართებაში აშშ-ა ნაცადი ხერხი აირჩია – მისთვის ლოიალური ხელისუფლების დასმა ქვეყნის სათავეში, ასევე ლოიალური ოპოზიციის, მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნა, მათთვის სასათბურე პირობების უზრუნველყოფა.
ჯამურად ეს პატარა ძალა არ არის ქვეყნის ისე მოსარჯულებლად, ვაშინგტონს რომ უნდა, მაგრამ რაოდენობით გაცილებით ნაკლები, ვიდრე ხალხი – აი, სწორედ ის, ვინც დღეს დასავლეთს აგინებს. გუშინ არ აგინებდა, მაინც რაღაცის იმედი ჰქონდა. დღეს, აგინებს და იმ გაუსაძლის სოციალურ მდგომარეობას, რაშიც ის არის, სულ დასავლეთს აბრალებს.
ამერიკას რომ მეტი ყურადღება დაეთმო ხალხის პირობების გაუმჯობესებისთვის, ვინ გაიხედავდა ჩრდილოეთისკენ? არც არავინ, თითო-ოროლა ორთოდოქსი კომუნისტისა და რუსოფილის გარდა. ასე, რომ წყარო ანტიდასავლური განწყობისა, ვაშინგტონიდან მორაკრაკებს. ვაშინგტონში უნდა ეძიონ ამ ტენდენციის წარმოშობის მიზეზები და არა ჩვენს მეზობლად მყოფ რუსეთში.
თანამედროვე განვითარებამ, ინტერნეტმა, უზუსტესმა მეცნიერებამ მსოფლიო ხალხებს, მათ შორის ჩვენც, მოგვცა საშუალება სახლიდან გაუსვლელად, ტელევიზიითა და კომპიუტერით მივიღოთ ინფორმაცია მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან – როგორც პროპაგანდისტული, ისე ნაკლებად. დასკვნების გაკეთება ჩვენზეა და ჩვენც ვაკეთებთ, თანაც ისეთს, მათ რომ არ მოსწონთ.
აი, სწორედ ანტიდასავლური დასკვნების გაკეთებაში რუსეთია დამნაშავეო – აცხადებენ ამერიკელები, თან იმასაც ვერ ხვდებიან, სიბრიყვეს რომ ამბობენ. წუთით დავფიქრდეთ და ვთქვათ, როგორ შეიძლება რუსულმა პროპაგანდამ დაამარცხოს ამერიკული, კოლექტიური დასავლური?
პროპაგანდის ფართო მასებამდე მიტანისთვის საჭიროა დიდი დაფინანსება, მსოფლიოში ფართოდ გაშლილი სატელევიზიო ქსელი, ინტერნეტ-სივრცე და ა.შ., რაც რუსეთს არ გააჩნია. ერთადერთი ტელეკომპანიაა RT, რომელიც რამდენიმე ენაზე აწარმოებს გადაცემას CNN-ის, NBC-ის, ABC-ს, BBC-ის, ფრანგული, გერმანული, იაპონური თუ არაბული ტელეკომპანიების ფონზე. როდესაც ზღვა სატელევიზიო სივრცეში ამერიკელი RT-ს ამოირჩევს, რაღაცაშია საქმე. იმაში ხომ არა, რომ ამერიკელმა მაყურებელმა ეჭვის თვალით დაუწყო ყურება სახელგანთქმული ამერიკული ტელეკომპანიების ნახელავს?
ამერიკელთა მიერ აყვირებული ქართული პოლიტიკა რახანია მოუწოდებს ხელისუფლებას შეწყვიტოს რუსული ტელემაუწყებლობა საქართველოში, ვინაიდან სწორედ ის რაზმავს საქართველოს მოსახლეობას ანტიდასავლურად. დაისაჯოს ყველა, ვინც რუსეთთან ურთიერთობას მოითხოვს. რუსეთის მიმართ რაიმე დადებითის თქმა უმალ ფასდება მოღალატეობად, ჯაშუშობად, ქვეყნის გამყიდველობად და ამას ამბობენ უკვე კარგა ხანია ამერიკა-ევროპაზე მიყიდული პოლიტიკოსები, მედია, არასამთავრობოები.
ზღვა ანტირუსულ მედიაში, გაზეთების ჩათვლით, ხანმოკლე პრორუსული განცხადება ან სტატია საკმარისია საზოგადოების გარკვეული ნაწილის (ერთობ რეაქციულისა და ეკზალტირებულის) კუდიანებთან ანუ „რუსოფილებთან“ საბრძოლველად დასარაზმად.
როდესაც ცნობილ მომღერალს ნანი ბრეგვაძეს აიძულებ დიდხანს იმტვრიოს თავი რუსეთში შეთავაზებული კონცერტის გამართვა-არგამართვის გამო, რუსეთში მოღვაწე ქართველ ხელოვნების მუშაკებს „შავ“ სიაში შეიყვან, ასეთ საზოგადოებას არაფერი ეშველება.
უნებლიედ იბადება კითხვა – რატომ იყურება საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთისკენ?
პასუხი მარტივია – იმიტომ, რომ რუსეთთან მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებს. მასთან ურთიერთობის ჟამს ცუდიც იყო და კარგიც, მაგრამ კარგი წონის ცუდს. რუსეთთან ყოფნის დროს ქვეყანა მათხოვრად არ იყო ქცეული – თავაწეული, ქედმაღალი, წელგამართული დადიოდა არა მარტო საქართველოში, არამედ უკიდეგანო საბჭოთა კავშირში.
რუსოფობები ხშირად ამბობენ – იმ დროს მონები ვიყავითო! კეთილი, მაგრამ ღიპიანი, სახეღაჟღაჟა მონები ვის უნახავს?!
საქართველო თითით საჩვენებელი რესპუბლიკა იყო იმ „ავადსახსენებელ“ საბჭოთა კავშირში. ბევრი მოესწრო იმჟამინდელ ცხოვრებას, უამრავ სამუშაო ადგილს, დღეს რომ დეფიციტად არის ქცეული. შავი სამუშაო ვის უნდოდა, დღეს რომ ვერაფრით იშოვნი და უცხოეთში გარბიხარ ლუკმაპურის საშოვნელად. ახსოვს ვინმეს ესოდენ მოჭარბებული მათხოვრობა თბილისსა და სხვა ქალაქებში ან მშიერთა ჩხუბი სანაგვე ყუთებთან? რაც გვახსოვს ისაა, სამუშაოს თავის არიდებისთვის რომ სჯიდნენ.
წარსულისა და დღევანდელობის შედარებას ღრმა ანალიზი არ სჭირდება, ყველაფერი ხელის გულზე დევს. დანახვაა საჭირო და როდესაც მოსახლეობის დიდი ნაწილი ხედავს ამას – ანტიდასავლური პროპაგანდის მსხვერპლად მიიჩნევა. იმ გაუსაძლის სოციალურ პირობებს, დამოუკიდებლობის წლებმა რომ გვარგუნა, რაღა ანტიდასავლური პროპაგანდა სჭირდება?!
მოდით ობიექტურდ შევაფასოდ დღევანდელი და იმჟამინდელი დამოუკიდებლობის ხარისხი. დამოუკიდებლობა მარტო გაეროსა და ევროსაბჭოს წევრობაში არ გამოიხატება. ის, სხვა მცნებაა, არა მოჩვენებითი, ისეთი, დღეს რომ გვაქვს – აშშ-ს ელჩის მითითებით გადაწყვეტილი დიდი თუ პატარა საშინაო და საგარეო საკითხი.
რაღა მარტო ჩვენ? იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებია დამოუკიდებელ-სუვერენული? ნებისმიერი წევრი სახელმწიფო ორმაგ პრესს განიცდის – ევროკავშირის სათავო ოფის ბრიუსელიდან და ვაშინგტონიდან. თვით ბრიუსელიც ვაშინგტონის ზეწოლის ქვეშ არის მოქცეული.
აი, მაგალითიც – ევროკავშირმა ბრიტანეთის ჯაშუშის, რუსული წარმოშობის სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, ვაშინგტონ-ლონდონის დავალება დაუფიქრებლად შეასრულა, ისე, რომ გამოძიების დამთავრებასაც არ დაელოდა და ვაშინგტონ-ლონდონივით რუსეთი დაადანაშაულა; ანალოგიური პოზიცია დაიკავა სირიასთან მიმართებაში, რითაც მსოფლიო ლამის მესამე მსოფლიო ომის წინაშე დააყენა, რუსებთან საუბარში კი დააყოლა – რა ვქნათ „იქიდან“ გვაწვებიანო.
დემოკრატიულობა რომ გამოგვეჩინა, არ ჩამოვრჩით დასავლურ „ფერხულს“ და გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობების პირობებშიც გამოვძებნეთ გამოსავალი – საკონსულო საკითხებში, შვეიცარიის ეგიდით მომუშავე რუსული ჯგუფიდან ერთი დიპლომატის გაძევება. ალბათ, როგორ წყდებოდა გული საქართველოს ხელისუფლებას დიპლომატიური ურთიერთობები რომ არ ჰქონდა რუსეთთან? მაშინ ხომ მეტს გააძევებდა?!
ამერიკული ყაიდის დემოკრატიამ თუ რა მოუტანა მსოფლიოს, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ვიტყვი მხოლოდ რამდენიმეზე – იუგოსლავიის, ერაყის, ავღანეთის, სირიის, უკრაინის მაგალითებზე.
ერაყში შესაჭრელად აშშ-ს მაშინდელმა სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა გაეროს უშიშროების საბჭოზე სინჯარა წარუდგინა დამსწრეებს: „ეს, არის ქიმიური იარაღი, რომლითაც ერაყის დიქტატორი სადამ ჰუსეინი ემუქრება ცივილიზებულ სამყაროსო“, – თქვა მან.
და აშშ-ს სამხედრო „არმადა“ დაიძრა ერაყისკენ – გაეროს უშიშროების საბჭოს თანხმობის გარეშე. დასავლური ტელეკომპანიები დაწვრილებით მოგვითხრობდნენ ერაყში დატრიალებული ამბვების შესახებ. გვაჩვენეს სადამ ჰუსეინის დაჭერისა და ჩამოხრჩობის სცენაც.
არანაკლები ამბავი ატეხა „კოლექტიურმა დასავლეთმა“ ლიბიის ლიდერის კადაფის წინააღმდეგ. დასავლურმა მედიამ შეასრულა პოლიტიკური დავალება და ქვეყნის მშენებელი კადაფი საკუთარი ხალხის მჟლეტელად დაგვიხასიათა, ხოლო ტერორისტები, რომლებიც დასავლეთმა ლიბიას შეუსია, დემოკრატიისთვის მებრძოლ რაინდებად.
ტელეკომპანიებმა ზედმიწევნით ასახეს კადაფის დაჭერის და ლამის ძელზე გასმის საზარელი კადრები. ამ სცენის მაყურებელმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა „საყვარლად“ გადაიკისკისა შემდეგი სიტყვებით: „ჩვენ მივედით, ვნახეთ, ის მოკვდა“.
კადაფის მოკვლით, მოკვდა ლიბიაც – არაბული სამყაროს ყველაზე განვითარებული და წარმატებული ქვეყანა. რა არის დღეს იმ ტერიტორიაზე?
„ქვეყანას“ შეგნებულად არ ვამბობ, ვინაიდან დღევანდელი ლიბია ერთმანეთთან დაპირისპირებული კლანებისა და ტერორისტული ორგანიზაციების სათარეშო ადგილია. მინიმუმ სამად არის დაყოფილი ლიბია – ფეტანად, ტრიპოლიტანიად, კირენაიკად. სამივეს საკუთარი „მთავრობა“ ჰყავს.
რით ვერ მოიგო კადაფიმ „კოლექტიური დასავლეთის“ გული? მან ხომ ბირთვული ბომბის შექმნიდან ხელიც კი აიღო. კადაფი იყო პირველი, ვინც ბრძოლა დაუწყო დოლარსა და ევროს – ოქროს დინარის შემოღებისთვის. კადაფის სურდა ერთიანი აფრიკული სახელმწიფოს შექმნა არაბულ – შავი აფრიკის მოსახლეობით, რომელშიც 200 მილიონი ადამიანი იცხოვრებდა.
კადაფიმ განახორციელა 28 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, რომლითაც გამომშრალი ლიბია, ნუბიის სასმელი წყლით მომარაგდა – წყალსადენი მილებით. მესამე რიგის სამუშაოების დამთავრების დროს მან თქვა: „ახლა, როდესაც ლიბიელი ხალხის მიღწევა თვალნათელია, აშშ-ს მხრიდან საფრთხე გაორმაგდა“.
საქართველოს უფრო მეტი აქვს სასაყვედურო აშშ-ს, ვიდრე მას ჩვენთვის, მარტო სააკაშვილის – გაუწონასწორებლის, დესპოტის და კორუმპირებულის თავზე დასმა რად ღირს, ქვეყნის ტერიტორიის 20%-ს დაკარგვით?!
ნეგატიურის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ასე, რომ, თუ საქართველომ რუსეთისკენ გაიხედა, არ არის გასაკვირი, ვინაიდან 25-წლიანმა მზერამ ევროატლანტიკური სივრცისკენ დიდი ვერაფერი მოგვიტანა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი