სომხური „ხავერდოვანი რევოლუცია“

ბატონ გურამ გოგიაშვილს

1992 წლიდან მოყოლებული დღემდე, მეზობელი სომხეთის ამბვები არასდროს ყოფილა მსოფლიო მედიის მიერ პირველ სიუჟეტად გამოტანილი, ისე, როგორც ა.წ. აპრილის შუა რიცხვებში.

ყველა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა ე.წ. დიდი ძმის წყალობით მიიღო. თითქმის ყველა ერთდროულად გახდა საერთაშორისო სამართლის სუბიექტი; თითქმის ყველამ, საკუთარი მოსაზრებიდან გამომდინარე, აირჩია განვითარების გზა. უმეტესობამ ისევ ძველი ურთიერთობების, ოღონდ სახეშეცვლილის გაყოლა ამჯობინა, ზოგმა ნანატრ დასავლურს მიაშურა.

ძნელია გადაჭრით თქმა იმისა, რომელმა კურსმა მოუტანა წარმატება ამათუ იმ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, თუმცა განვლილი წლების პოლიტიკურ-ეკონომიკური შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, წარმატებას იმათ მიაღწიეს, ვინც დაბალანსებულ პოლიტიკას მისდია. სომხეთი ის ქვეყანაა, რომელმაც ახალს ანუ დასავლურს ისევ ძველი, ისტორიული კავშირები ამჯობინა.

რუსეთთან ურთიერთობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, აქვს და ექნება სომხეთისთვის, თუკი ქვეყნის შიგნით მცხოვრები 3 მილიონი სომეხი და გაცილებით მეტი გარეთ მყოფი, სერიოზულად არ დაავადდება ნაციონალიზმის ბაცილით და რუსეთთან ძველ ძმობას დასავლეთთან ურთიერთობებზე არ დაახურდავებს.

ტერიტორიით ტანმორჩილი სომხეთი, წიაღისეულით ნაკლებად მდიდარი, გეოპოლიტიკურ ჩიხში მოქცეული და მეზობელი ქვეყნების კეთილი ნების შემყურე, თავისთავად საჭიროებს ისეთ მყარ ზურგს, როგორიც რუსეთია – მეზობლის, მეზობელი ქვეყანა, მხოლოდ საჰაერო გზით დაკავშირებული მასთან.

სომხეთს მძიმე ისტორიული ურთიერთობა აქვს მეზობელ თურქეთთან. გავიხსენოთ გენოციდი; საომარი დამოკიდებულება აზერბაიჯანთან, თურქეთის სისხლთან და ხორცთან. საბჭოეთის დროს დაწყებული ტერიტორიული კონფლიქტი მთიან ყარაბახთან დაკავშირებით, დღესაც გრძელდება და რომ არა რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობა, ვინ იცის რით დამთავრდებოდა ეს „მიძინებული“ ომი.

სტრატეგიულ პარტნიორთან დამაკავშირებელი გზა – საავტომობილო თუ სარკინიგზო, სომხეთის მეზობლებზე გადის, რაც თავისთავად აფერხებს მჭიდრო კავშირურთიერთობას რუსეთთან. ეკონომიკური თვალსაზრისითაც სომხეთი ის ქვეყანაა, სხვა ყოფილებთან შედარებით, მეტ დახმარებას რომ საჭიროებს. ასეთ ფონზე მისთვის საინტერესოა, შესაძლოა მომხიბლავიც, წინადადებები, რომლებსაც ისმენს აშშ-ნ, ევროკავშირიდან. თუ რამდენად რეალურია ასეთი, მხოლოდ შედეგი დაგვანახებს, რასაც დრო სჭირდება. არადა, სომხეთს, ისე, როგორც მასავით ყოფილ ღარიბ საბჭოელებს, ახლა სურთ დახმარების მიღება.

სულ ახლახანს ბელარუსის პრეზიდენტმა ლუკაშენკომ ბრძანა – „დასავლეთი ბევრს გვპირდება, თუმცა ზედმიწევნითი დასაბუთების წარდგენას გვთხოვს. განხილვის შემდეგ, წლების მიხედვით გაიწერება ის, რისი მიღებაც გვსურს. რუსეთი არაფრის წარდგენას არ გვთხოვს. ის მზადაა უმალ გამოგვიყოს დახმარება. რომელი სჯობს?!“

სომხეთის არჩევანი ზემომოყვანილი და სხვა ფაქტორებით იყო და არის გამოწვეული. სომხეთი დსთ-ს, ევრაზიული კავშირის და სხვა იმ კავშირის წევრია, რაც არსებობს პოსტსაბჭოთა სივრცეში. მისი ეკონომიკურ-სოციალური ვითარება გაცილებით უკეთესი იქნებოდა, რომ ხელისუფლებას სერჟ სარგსიანის სახით მეტი ყურადღება დაეთმო სოციალური საკითხებისთვის. როგორც ჩანს მან ქვეყნის მმართველის სავარძელს უფრო მეტი ყურადღება დაუთმო, რითაც გამოიწვია ხალხი.

ა.წ. 17 აპრილს სომხეთის ეროვნულმა კრებამ დიდი უმრავლესობით – 77, წინააღმდეგი 18, მხარი დაუჭირა სერჟ სარგსიანის კანდიდატურას ქვეყნის პრემიერ-მინისტრად. მანამდე, ის 10 წლის განმავლობაში იყო ქვეყნის პრეზიდენტი. მანვე 2015 წელს დაიწყო საკონსტიტუციო რეფორმა, რომლის მიხედვით ძალაუფლება პრეზიდენტიდან პრემიერ-მინისტრზე გადავიდა.

პრეზიდენტი სიმბოლური ფიგურა გახდა, პარლამენტი – უფრო აქტიური. სარგსიანმა უნაკლოდ გაიარა თითქმის ყველა პროცედურა – 2015 წელს რეფერენდუმი კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით. 2017 წელს საპარლამენტო არჩევნები, სადაც მმართველმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ და „დაშნაკცუთიუნმა“ 65 მანდატი მოიპოვეს, ხოლო ოპოზიციამ – ცარუკიანისა და „ელქის“ (გამოსავალი) ბლოკმა შესაბამისად 31 და 9 მანდატი.

სარგსიანის გარანტირებულმა გამარჯვებამ რისხვა გამოიწვია ხალხში. სარგსიანმა ყველა ფრონტზე გაიმარჯვა, მაგრამ არა მთავარზე – ხალხზე. ხალხმა ეჭვი შეიტანა საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ლეგიტიმურობაში და მას საპროტესტო გამოსვლები შეაგება.

ქუჩის გამოსვლები უცხო არ არის სომხეთში. ასეთი ახლდა თითქმის ყველა არჩევნებს. ტრადიცია არც ამჟამად დაირღვა. ახალ აქციებს სიმწვავე შესძინა პარლამენტარმა ფაშინიანმა, რომელსაც ანტიევრაზიულის რეპუტაცია აქვს. მის გამოსვლებში გაისმა ქვეყნის ცალმხრივი პოლიტიკური კურსის კრიტიკა, რომელიც არ ითვალისწინებს თანამედროვე მსოფლიოს მრავალფეროვნებას და ყველა კვერცხს რუსეთის ბუდეში დებს.

ფაშინიანი აკრიტიკებდა სარგსიანის ცალსახა გადაწყვეტილებას ევრაზიულ და საბაჟო კავშირებში შესვლასთან დაკავშირებით. მან არაერთხელ გააჟღერა „დეკომუნიზაციის“ და „დესოვეტიზაციის“ თემები, კორუფცია, სხვა მანკიერებანი, რამაც, როგორც სომხები ამბობენ, ღრმად გაიდგა ფესვი.

ქოჩარიან-სარგსიანის ხელისუფლება, ე.წ. ყარაბახური მაფია, ათ-ათი წელი იყო სომხეთის სათავეში, თუმცა ამით მოსახლეობას სიკეთე არ უგრძვნია. სარგსიანის „რესპუბლიკურმა პარტიამ“ დიდი უპირატესობით გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში, თუმცა თვით სარგსიანს, როგორც ჩანს საყოველთაო, სახალხო მხარდაჭერა არ ჰქონია. სომხეთში ყოველთვის იყო მებრძოლი ოპოზიცია, თანაც დასავლეთისკენ მაცქერელი – მისი და დასავლეთში მცხოვრები სომხების წყალობით.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ხალხის საპროტესტო გამოსვლები ნებისმიერი არჩევნების შემდეგ იყო თვალშისაცემი. პოლიტიკურ წრეებში არსებული სიმპათიები ევროატლანტიზმისადმი იყო პრეზიდენტ სარგსიანისა  და მისი ხელისუფლების საჭოჭმანო თემა პოლიტიკური კურსის არჩევის დროს. დიდი ტვინის ჭყლეტის შემდეგ  – შექმნილი გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, სარგსიანის გადაწყვეტილება იყო ევრაზიული კავშირი, თუმცა ამით ევროკავშირი არ ჩამოიწერა და მოგვიანებით ისეთივე შედეგი იქნა მიღებული, როგორსაც მეზობელმა საქართველომ მიაღწია – ასოცირების ხელშეკრულებით.

სომხეთი ევრაზიულ კავშირშიც შევიდა და ევროკავშირთანაც გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება, ისე რომ ბრიუსელს ერთხელაც არ წამოცდენია – „ან ჩვენ ან რუსეთი“, რასაც ის კატეგორიულად მოითხოვდა უკრაინისგან.

როგორც ჩანს პრეზიდენტმა სარგსიანმა ვერც „დასავლური“ ნაბიჯით მოიგო ოპოზიციის გული და სხვა ნაბიჯი შეაშველა დასავლურობას – პრეზიდენტ სარკისიანის სახით, რომელსაც დასავლეთის მიმართ ერთობ „კეთილგანწყობილად“ ახასიათებენ. (მომავალმა პრემიერმა სარგსიანმა პრეზიდენტის პოსტზე ბიზნესმენისა და ინგლისში სომხეთის ელჩის არმენ სარკისიანის კანდიდატურა შესთავაზა პარლამენტს და საზოგადოებას), თუმცა არც ამ ნაბიჯმა შეარიგა ის საზოგადოებას – დაღლილს მისი ათწლიანი მმართველობისგან.

არის სარგსიანი უნიკალური, ძალაუფლებისადმი ტრფიალში?

არამცდაარამც. არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ დემოკრატიულ ევროპაში (მერკელი), სხვაგან გვაქვს მსგავსი რამ, მაგრამ სომხებმა ვერ აიტანეს – ქუჩაში გამოვიდნენ. შედეგი – „ხავერდოვანი“ რევოლუცია ანუ სერჟ სარგსიანის გადადგომა და ოპოზიციის ლიდერის ფაშინიანის გაპრემიერება. იმ ოპოზიციის, რომელსაც საკმარისი ხმებიც არ გააჩნდა ახალი პრემიერის ასარჩევად. წინააღმდეგობის გაწევის პირველი მცდელობა მმართველმა „რესპუბლიკურმა პარტიამ“ ფრიადზე ჩააბარა – ხმათა უმრავლესობით უარი უთხრა ფაშინიანს პრემიერობაზე.

გაღიზიანებულმა „რევოლუციის“ ლიდერმა ხალხს მოუწოდა დაუმორჩილებლობისკენ, რაც ზედმიწევნით, მუყაითად შეასრულა ხალხმა. ქუჩების გადაკეტვამ, სხვა ძალისმიერმა მოქმედებამ ათქმევინა „რესპუბლიკურ პარტიას“, რომ განმეორებითი კენჭისყრის დროს მხარს დაუჭერს ფაშინიანს.

ჟამთააღმრიცხველი უდავოდ შეაფასებს ამ მოვლენას – არ არის გამორიცხული, როგორც ძალისმიერს – პარლამენზე ზეწოლას. ხალხი დიდი ძალაა, თუნდაც შეუიარაღებელი. შეიარაღებული გაისვრის – უნებლიედ, თავის დაცვის მიზნით, რასაც მოჰყვება სისხლიანი რევოლუცია.

სომხეთის „რევოლუცია“ ხავერდოვანია, თუმცა რევოლუცია ჯერ არ დაწყებულა. ის დაიწყება, როდესაც ფაშინიანი პრემიერ-მინისტრის სავარძელს დაიკავებს. განსხვავებული აზრის და მსოფმხედველობის ფაშინიანს არაფერი აკავშირებს ძველთან, წარსულთან. ის 16 წლის იყო, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი. მან არ იცის იმ კავშირების თაობაზე, რაც აახლოვებდა ყველა საბჭოთა რესპუბლიკას ერთმანეთთან, რუსეთთან.

ის, რუსეთის მიერ ბოძებულ თავისუფლებაში ჩამოყალიბდა როგორც ჟურნალისტი, პოლიტიკოსი, ოპოზიციონერი. მას არ მოსწონდა სისტემა, რომელიც თავისუფლების დროს ჩამოყალიბდა. მას დასავლური ხიბლავდა და ხიბლავს.

რამდენად მოახერხებს ის ზემომოყვანილი რეალობის და ოცნების ერთმანეთთან შეთავსებას, ფაქტიურად შეუთავსებლის, მის ნიჭსა და ალღოზეა დამოკიდებული. რამდენად შძლებს ის რუსეთთან, მეზობლებთან სალაპარაკო ენის გამოძებნას – ესეც მასზეა დამოკიდებული.

დსთ-ს სივრცეში, ევრაზიულ კავშირში ის თეთრი ყვავივით აღიქმება – არა ისეთად, როგორც წინამორბედი. რეფორმებს, რომელსაც ის გაატარებს, მოჰყვება წინააღმდეგობა. და მთავარი – მისი მიდგომა ყარაბახის პრობლემისადმი, აზერბაიჯანისადმი, თურქეთისადმი. როგორი იქნება ამ პრობლემების მოგვარების გზა და დაუჭერს თუ არა მხარს საზოგადოება მას ამ საქმეში, ისე, როგორც „რევოლუციის“ დროს?

ყველაფერი წინ არის და სწრაფ გადაჭრას მოითხოვს – ასეთია ხალხის სურვილი.

ერთია ქუჩის საპროტესტო გამოსვლები, იქ მიღებული გადაწყვეტილება და მეორეა მშვიდ ვითარებაში, პრემიერ-მინისტრის კაბინეტში. ერთია შთამბეჭდავი მიტინგური გამოსვლა და მეორეა პრემიერ-მინისტრის განცხადება.

სომხეთის „ხავერდოვანი რევოლუცია“ წააგავს 2003 წლის საქართველოს „ვარდების რევოლუციას“. ისე, როგორც საქართველოში, სომხეთშიც მმართველმა პარტიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მხარი დაუჭირა მისთვის აუტანელ, მიუღებელ ოპოზიციას. პრეზიდენტმა სარგსიანმა დათმო პოზიციები ისე, როგორც შევარდნაძემ, რაც ქვეყანას მძიმედ დაუჯდა. არ არის გამორიცხული ამ თვალსაზრისით სომხეთშიც ისე განვითარდეს მოვლენები, როგორც აქ.

ვარაუდი, წარსული პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე, დიდი ვერაფერი შეღავათია, მაგრამ კრწანისის შეხვედრის დროს შევარდნაძეს რომ კატეგორიულად არ ეთქვა სახლში წასვლის თაობაზე და 2004 წლის გაზაფხულზე ვადამდელი საპარლამენტო  და საპრეზიდენტო არჩევნები დაენიშნა, რაზეც ოპოზიცია თანახმა იყო, სხვაგვარი პოლიტიკური ვითარება შეიქმნებოდა და ქვეყანა გადაურჩებოდა ტრაგიკულ, თითქმის ათწლიან „ნაცურ“ ექსპერიმენტს.

პოლიტიკოსისთვის, განსაკუთრებით ქვეყნის პირველი პირისთვის, პასუხისმგებლობა უნდა იყოს მთავარი და არა ბრძოლის ველიდან გაქცევა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი