სავალალო 2018 წელი

ბატონ გურამ გოგიაშვილს

ტრადიციულად, ყოველი წლის ბოლოს, განვლილი წლის შედეგებს აჯამებენ, თან იმედს გამოთქვამენ, რომ მომავალი უფრო ნაყოფიერი და ბედნიერი იქნება. როგორი იყო ჩვენი ქვეყნისთვის 2018 წელი, რა მოგვიტანა მან, რა შედეგებს მიაღწია ქვეყანამ და რის გაკეთებას გეგმავს ხელისუფლება 2019 წელს – აი ის კითხვები, რომლებიც იბადება, თუმცა მათზე პასუხის გაცემა არც ისეთი იოლია.

მხედველობაში ობიექტური პასუხები მაქვს და არა ისეთი, ხელისუფლება რომ გვეტყვის – უკვე ასჯერ ნათქვამს, ჩამოგვითვლის სხვადასხვა რეიტინგებს, საქართველომ რომ თავი „გამოიჩინა“ და უკან ჩამოტოვა მთელი რიგი ქვეყნები. ხელისუფალთა მიხედვით, საქართველო მოწინავეა მთელ რიგ დარგებში, რაც თვალის დაუხამხამებლად, წარბშეუხრელად მოგვახსენა ეკონომიკის მინისტრმა ქობულიამ.

მის ნათქვამში, კორექტირების თვალსაზრისით, ვერაფერს შეიტან, რამეთუ თავიდან ბოლომდე კორექტირებას ექვემდებარება და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ესოდენ თავდაჯერებულად, გაუანალიზებლად, ზედაპირულად და რაც მთავარია არაპროფესიონალურად ლაპარაკი უფრო ლაქლაქია და არა საქმის ცოდნით აღსავსე გამოსვლა.

როგორც ჩანს,  პატივცემულ მინისტრს ხალხისთვის გულის გაკეთება სურდა და მიზნის მისაღწევად იმდენი სიცრუე თქვა, ვერც ერთი კომიკოსი რომ ვერ შეედრებოდა. „კეთილშობილურმა“ მცდელობამ ნეგატიური შედეგი გამოიღო, რაც რესპონდენტთა განცხადებიდანაც გამოჩნდა.

ძნელია ხალხს ელაპარაკო ეკონომიკურ წარმატებებზე, სხვადასხვა სახის მსოფლიო კითხვარზე საქართველოს მხრიდან წარმატებული პასუხის გაცემაზე ანუ ე.წ. გამოცდების ფრიადზე ჩაბარებაზე, როდესაც ქვეყნის რეალური ეკონომიკა კატასტროფულად უფსკრულს მიექანება, სოციალური მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იზრდება ინფლაცია და ფასები პირველი მოთხოვნილების საქონელზე, კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, მომსახურებაზე.

ლარის კურსის აწევ-დაწევა მძიმედ აისახება ბიზნესსა და ნებისმიერი მოქალაქის ჯიბეზე. ასეთ დროს „წარმატებებზე“ ლაპარაკი ცრუპენტელობაა და მეტი არაფერი, თუმცა მან რაც თქვა, უფრო სწორად წაგვიკითხა – ოფიციალური მონაცემებია, შედგენილი სტატისტიკის სამსახურის მიერ. სწორედ ეს სამსახური აწოდებს უცხოელ ექსპერტებს ეკონომიკურ პარამეტრებს, ისე, როგორც ხელისუფლებას და ხალხს.

აქ უდავოდ იბადება კითხვა – რამდენად ობიექტურად, სინდისიერად ასრულებს სტატისტიკის სამსახური მის ფუნქციას? და აქვს თუ არა ადგილი ზემოდან ზეწოლას? ანუ ხელისუფლება ხომ არ აწვდის მისთვის სასურველ ციფრებს და ისიც გვეუბნება იმას, რასაც მისგან მოითხოვენ?

როგორც ჩანს სწორედ ჩაძახებ-ამოძახების პროცედურასთან გვაქვს საქმე, თორემ მინისტრის მიერ დასახელებული წარმატებები ისე შორსაა საქართველოსგან, როგორც პლანეტა მარსი. წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანაში ისეთი გაუსაძლისი ვითარება არ იქნებოდა, რასაც აქვს ადგილი. 2018 წელი ყველა დანარჩენიდან სწორედ ამით გამოირჩეოდა და რახან ასეა, ვერც მომავალი 2019 იქნება დიდი იმედის მომცემი.

2018 იმითაც იყო გამორჩეული, რომ „ავირჩიეთ“ პრეზიდენტი და ამ საქმეში იმდენი შრომა, ნერვების ხეთქვა ჩავდეთ, თითქოს პრეზიდენტს უფლებები ჰქონდეს და ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ განვითარებას ხელს დაატყობს. ქართულმა პოლიტიკამ, განსაკუთრებით „ოცნებამ“ და მისმა დამფუძნებელმა ივანიშვილმა ყველაფერი იღონეს პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შესაკვეცად.

არჩევისთანავე პრეზიდენტის თანამდებობა საპატიო თანამდებობად გადაიქცევა და რაც არ უნდა ისურვოს მან პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცხოვრებაზე კვალის დასამჩნევად, არაფერი გამოუვა – კონსტიტუციიდან გამომდინარე. მიუხედავად ამისა, ისეთი ბრძოლა გაჩაღდა დაკოდილი პრეზიდენტობისთვის, სამოქალაქო ომს რომ ჰგავდა.

საპრეზიდენტო არჩევნებმა თუ რა დაგვანახა – ქვეყნის ორად გაყოფაა – ერთის მხრივ „ნაცებად“ და მათ მხარდამჭერებად და მეორეს მხრივ „ოცნებად“, ანუ ივანიშვილის მხარდამჭერებად. თვით „ოცნებას“ არც არვინ უჭერს მხარს, რაც არ არის გასაკვირი. ძნელია მხარი დაუჭირო პარტიას, რომელიც მხოლოდ საკუთარ ბედნიერებაზე ზრუნავდა და ზრუნავს, არ ასრულებს არც ერთ დაპირებას და ნაცვლად ბოდიშის მოხდისა, სულ მუდამ გაიძახის – ყველაფერი გავაკეთეთ, რაც ხალხს დავპირდით, უბრალოდ ხალხი ვერ ხედავს და ვერც ჩვენ ვეუბნებით „სიმართლესო“. ერთადერთი რამ, რაც „ოცნებამ“ საკუთარ თავს დაუწუნა „პიარის“ არქონაა. ანუ თურმე გაკეთებულს ვერ ეუბნებიან ხალხს – იმდენად „მოკრძალებულები“ არიან.

მმართველ პარტიას და მის ხელისუფლებას ისე აქვს გაწყვეტილი შუბლის ძარღვი, რომ გაძვალტყავებულ ქვეყანაში, უმუშევრებით გაჯერებულში, ხელფასებს, პრემიებს და ხელფასზე დანამატებს ისეთს ინიშნავენ, მსოფლიო რეკორდებს რომ ხსნის. ასეთს ვითომ „ეუხერხულება“ იმ საქმეზე ლაპარაკი, რომელიც „გააკეთა“?

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო – ამაზეა ნათქვამი. როდესაც არაფერი გაგიკეთებია, ძნელია ილაპარაკო გავაკეთეო, თუმცა ეკონომიკის მინისტრის განცხადება ხომ ამის დამადასტურებელია?!

არის რაღაც გაკეთებული, მაგრამ რომ არ გაეკეთებინათ ის სჯობდა, მაგალითად კოსტავას ქუჩის დავიწროება და ველოტრეკის გაკეთება, მიმდებარე, ისედაც ვიწრო ქუჩაზე, ველობილიკების მოწყობა და ამ გაუაზრებელი ქმედებით ავტოსაცობების შექმნა.

ყაზბეგის პროსპექტის ბაღში სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარება, არსებული ხეების მოჭრა და ველობილიკის გაკეთება, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ესოდენ მეათეხარისხოვან საქმეში ფულის ყრა დაუშვებელია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ქალაქს უპირველესი გასაკეთებელიც უამრავი აქვს.

თბილისი ვერასდროს გადაიქცევა ველოქალაქად – თავისი რელიეფიდან გამომდინარე. დასაქმებული ადამიანი ველოსიპედს ვერ გამოიყენებს ტრანსპორტად ისე, როგორც ამას ევროპის ქალაქებში აქვს ადგილი. ძალით გაევროპელება შეუძლებელია!

რაც შეეხება ველოსიპედით სეირნობას, ისეთ ადგილას, როგორიც პეკინისა და კოსტავას ქუჩებია დაუშვებელია მძიმე ეკოლოგიური ვითარების და ავტომანქანების ჭარბი გამონაბოლქვის გამო. მაშ რაში გადაყარა მსუყე ფული ქალაქის მერიამ? არის თუ არა უყაირათო ფულის ხარჯვა დანაშაული?!

უყაირათო ფულის ხარჯვით გამოიჩინა თავი მთავრობამ გერმანიაში წიგნის გამოფენის მოწყობაში და მასში მონაწილე აქაურთა დაფინანსებაში (18 მილიონი). ყოველივე ამას ადგილი აქვს ქვეყანაში, სადაც ხალხი უკვე მოურიდებლად იქექება ნაგვის ყუთებში, სადაც პენსია მხოლოდ ერთ კვირაზე სწვდება ადამიანს – ისიც დიდის მომჭირნეობით.

ეკონომიკურ-სოციალურ საკითხებზე საუბარი – რეალური, მიუკერძოებელი, ობიექტური განსჯის საგანია, ვინაიდან ხელისუფლებას, რომელიც ვითომ მართავს ქვეყანას და მის ლიდერს, რომელსაც სინამდვილეში ხელთ უპყრია ქვეყნის საჭე, პოზიტიური წარმოდგენა აქვთ. ისინი  დაშორებული არიან ხალხისგან. მათ არ იციან რა ხდება ქვეყანაში. მათ ჰგონიათ, უფრო სწორად საკუთარ თავს არწმუნებენ, რომ ყველაფერი კარგად არის.

როდესაც ქალაქის მერი კალაძე თვლის, რომ თბილისელების ერთადერთი პრობლემა ველოსიპედის ბილიკის უქონლობაა და ბილიკს აკეთებს, რაშიც ასეულ-ათასობით ლარს ხარჯავს; როდესაც მინისტრი ქობულია თვლის, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით საქართველო „უჯამრთელესი“ ქვეყანაა; როდესაც „ოცნების“ დამფუძნებელი ივანიშვილი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგია, წინსვლა და ბედნიერებაა, ოღონდ ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ი ურევს საქმეს და უკუღმა ლაპარაკობს; როდესაც ყველა „ოცნებელი“ პარლამენტარი გვიმტკიცებს, რომ ყველა დაპირება შეუსრულეს ხალხს – საქმე ცუდად კი არა,  ძალიან ცუდადაა.

სახალხო მასობრივმა ყივილმა უნდა გამოაფხიზლოს ისინი და ქვეყნისთვის საჭირო გადაწყვეტილებები მიაღებინოს. ლოდინი არჩევნებისა ამაოა, რამეთუ სახელისუფლებო რესურსი იმდენად ძლიერი და უკონტროლოა, რომ ნებისმიერი არჩევნების გაყალბება პრობლემას არ წარმოადგენს.

2018 წელი თავისუფლად შეიძლება შეფასდეს რუსეთის წამდაუწუმ ხსენების წლად, ცხადია ნეგატიურ კონტექსტში, ლანძღვით და გინებით. ყველაზე დიდი ნაკლი ადამიანისა, მითუმეტეს ქვეყნისა არის უმადურობა. სამწუხაროდ ამ სენმა ღრმად გაიდგა ფესვი ქართულ საზოგადოებაში, რაც უდავოდ ნეგატიურ შედეგს მოგვიტანს.

რუსეთს აგინებს დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, ყველა, ვისაც გინება არ ეზარება. ჩვენი გაუკუღმართებული ყოფიდან გამომდინარე. ცუდი გუნება-განწყობილების ერთ-ერთ გამქარვებლად გინება ითვლება. მძიმე სოციალური ვითარებით გამოწვეულ ბოღმას ხელისუფლებასთან ერთად რუსეთზე ვანთხევთ, რაშიც ჩვენს მიერ შეგინებულ-ნალანძღი ხელისუფლებაც გვეხმარება. სწორედ მისი ინიციატივით და დასავლელი მასწავლებლების დაკვეთით ელექტრონულ-ბეჭდვითი მედია სისტემატურად მოგვიწოდებს რუსეთის გინებისკენ.

რუსეთის გინების პროცესი პრეზიდენტ გამსახურდიას დროიდან დაიწყო და დღესაც გრძელდება. ჩემის აზრით, 2018 წელი ზომაზე მეტად ანტირუსული გინებით აღინიშნა. რუსეთს ვაგინებდით, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ. იქ განსაკუთრებული სიბეჯითით, ვინაიდან რუსეთის გინება ის საექსპორტო პროდუქციაა, რომელსაც მნიშვნელოვანი დივიდენდები მოაქვს. შეაგინებთ რუსეთს საერთაშორისო ორგანიზაციებში და დაფინანსება სხვადასხვა ამერიკულ-ევროპული ფონდების მიერ გარანტირებული გვაქვს.

როდესაც შესანიშნავად ვასრულებთ ამ საქმეს, როდესაც საექსპორტო საქონლის სახით არაფერი გვაქვს, გინებაც პროდუქტია, მითუმეტეს მაშინ, როდესაც დასავლეთში მასზე დიდი მოთხოვნილებაა.

რუსეთის ჭარბი ლანძღვა ლეიტმოტივად გასდევდა საპრეზიდენტო არჩევნებს – განსაკუთრებით მეორე ტურს, როდესაც ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატი ზურაბიშვილი „ნაცების“ ყოჩ ვაშაძეს შეეჯახა. ამ ჭიდილში ორივემ რუსეთის აგენტობას გამოჰკრა ხელი. განსაკუთრებული ლანძღვა ხვდა წილად ვაშაძეს – რუსეთის „სპეცსამსახურების თანამშრომელს“, რომელსაც ის უმაღლესი სასწავლებელი აქვს დამთავრებული, აგენტებს რომ ამზადებს.

ამ სასწავლებლის სახელია – მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტი. რუსეთში ეს სასწავლებელი ელიტარულად ითვლება. სასწავლებელში სკოლადამთავრებულები შესაბამისი გამოცდების ჩაბარების შემდეგ ხვდებიან, ისე, როგორც ნებისმიერ სხვა უმაღლეს სასწავლებელში.

ეს უნივერსიტეტი სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს ამზადებს, რომლებსაც, დამთავრების შემდეგ, მუშაობა საზღვარგარეთ უხდებათ. რატომღაც ქართულმა პოლიტელიტამ ეს უნივერსიტეტი აგენტების სამჭედლოდ მიიჩნია და რახან ვაშაძეს ამ სასწავლებელში უსწავლია, უყოყმანოდ მიაკერა „კაგებეშნიკობა“.

„ფეესბეს“, რომელსაც რუსეთში არაერთი სასწავლებელი აქვს, რა სჭირს „მგიმოს“ საწყალობელი?

ქართული პოლიტელიტის პროვინციული (ცუდი გაგებით) სახე აქედანაც ჩანს და ამაზე მეტად მომღერალი ბურჭულაძის ლანძღვიდან, რომელმაც ცნობილი რუსი დირიჟორის ტემირკანოვის საიუბილეო (80 წლისთავი) საღამოზე იმღერა. დარბაზში რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც იყო და რახან ამ „უხერხულებას“ ჰქონდა ადგილი, ქართველებმა ისე გამოვიყვანეთ, რომ ბურჭულაძემ არა ტემირკანოვს, არამედ პუტინს უმღერა, რაც მიუტევებელ დანაშაულად ჩაითვალა.

ზემოთ ვახსენე და გავიმეორებ – უმადურები ვართ, თორემ რუსეთი კი არ უნდა ვლანძღოთ, ერთი ადგილი უნდა დავუკოცნოთ ერის გადარჩენისთვის. რომ არა მეფის რუსეთი – აღმოსავლეთ საქართველო ირანის პროვინცია იქნებოდა, ხოლო დასავლეთი – თურქეთის, ცხადია შესაბამისი ცხოვრებისეული წეს-ჩვეულებებით და ა.შ.

ლამის ნახევარმილიონზე ჩამოსული ერი, რუსეთმა შეიფარა და 1992 წლის თავისუფლება-დამოკიდებულობას 5 მილიონი ადამიანით ჩააბარა. ასწავლა, დააპურა, დიდ მეცნიერებას აზიარა, შეუქმნა ფაბრიკა-ქარხნები, სოფლის მეურნეობა, განუვითარა ხელოვნება, სპორტი, მეცნიერება, … . ასეთს კი არ უნდა ვაგინოთ, სულ მუდამ უნდა ვკოცნოთ პერმანენტულად, თავდავიწყებით, ვინაიდან მასთან დაშორების შემდეგ მოსახლეობის რაოდენობითაც მოვიკელით და ლამის მომაკვდავი ერების რიგებში შევედით, დავკარგეთ ყოველივე ის, რაც რუსთა მიერ იყო ნაბოძები და ისეთ დონეზე აღმოვჩნდით, უარესს რომ მტერიც ვერ ინატრებდა.

ძვალად და ტყავად დარჩენილ საქართველოს ის რუსეთი რომ არ გვეხმარებოდეს, ჩვენ რომ წამდაუწუმ ვლანძღავთ, სული აღმოხდებოდა. ჩვენ ვლანძღავთ ქვეყანას, სადაც მილიონზე მეტი ქართველი შრომობს და იქ ნაშოვნი ფულით გვამარაგებს – წლიურად მილიარდნახევარი დოლარით. რომ არა ეს ფული, რა ეშველებოდა საქართველოს?

რომ არა რუსი ტურისტების ნაკადი, საქართველოს რომ სტუმრობს და აქ მილიონობით დოლარს ხარჯავს – რა დაემართებოდა ქვეყანას? რომ არა რუსული ბაზარი და იქ შეტანილი ქართული ღვინო, რაოდენობით რომ დანარჩენ ქვეყნებში შეტანილს ორჯერ აჭარბებს, რა ეშველებოდა ქვეყანას?

ჩემს მიერ დასმული კითხვები ზღვაში წვეთია იმ უამრავი კითხვებიდან, ნებისმიერ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანს რომ უჩნდება. ყველა ისინი პასუხს მოითხოვენ, რაც მალე – უკეთესი, მაგრამ პასუხის გამცემი არც ხელისუფლებაა და არც პოლიტიკა – უკომპასოდ მოფარფატე უკიდეგანო უდაბნოში.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი