სამართლის მოლოდინში

პარლამენტის უმრავლესობა-უმცირესობის წარმომადგენელთა შეხვედრებმა დიდი ვერაფერი მოიტანა, ვინაიდან უმცირესობის აპეტიტური მოთხოვნები შორს გასცდა გონივრულ საზღვრებს – ასე გვამცნო მთავარმა მომლაპარაკებელმა, პარლამენტის სპიკერმა დავით უსუფაშვილმა, თან ის საკითხებიც გააჟღერა, რაზეც ლაპარაკობდნენ დაპირისპირებული მხარეები.

სპიკერის მიერ გაჟღერებული საკითხების ჩამოთვლით თავს არ შეგაწყენთ, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ შეთანხმება არამც და არამც არ ნიშნავს დათმობას, მითუმეტეს იმასთან, ვისაც სულაც არ სურს შეთანხმება – პირიქით, „ნაციონალური მოძრაობა“, სწორედ, ის ძალაა, რომელიც დამარცხებულიც, თავსლაფდასხმულიც, ნაცვლად მონანიებისა, თავს იმართლებს და შეტევაზეც გადავა. ამის დასტურია პრეზიდენტის პასუხი სპიკერის განცხადებაზე.

პრეზიდენტის იმპროვიზაციას საზღვარი არ აქვს, განსაკუთრებით იმ საკითხში, სადაც თავს აშკარა დამნაშავედ უნდა მიიჩნევდეს. თავის მართლებისათვის ის ახალ-ახალ ვერსიებსა და ზღაპრებს იგონებს. მისი გამოსვლიდან გახდა ცნობილი, რომ რუსეთის იმჟამინდელ პრემიერ-მინისტრს სააკაშვილისთვის სასიკვდილო განაჩენი გამოუტანია და ეს იმიტომ, რომ სააკაშვილი და მისი მოხელეები კბილებით იცავდნენ სამშობლოს.

სააკაშვილმა ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე თქვა, რომ რუსეთმა დაიწყო ომი საქართველოს დასაპყრობად. ახია რუსეთზე – თბილისის ყურისძირში გაჩერებულზე. ისე, ბევრი ნატრობდა რუსის ჯარის თბილისში შემოსვლას. მათი აზრით, ეს იქნებოდა ერთადერთი შანსი მოძალადე ხელისუფლებისგან გასათავისუფლებლად. ისინი იმასაც ამბობდნენ, რომ რუსეთს, თბილისში არავინ გააჩერებდა, ცხადია მხედველობაში საერთაშორისო საზოგადოება ჰყავდათ – საქართველო კი გათავისუფლდებოდა იმ უბედურებისგან, რასაც ტერიტორიების დაკარგვა ჰქვია.

სააკაშვილის „პატრიოტიზმი“ ე.წ. ამნისტიის საკითხს მოჰყვა – მე და ჩემს თანამებრძოლებს არ გვჭირდება ამნისტია, პუტინმა ვერ შემაშინა და ვიღაც პროკურორი რას გახდება ჩემთანო – დაახლოებით ასეთი შინაარსისა იყო მისი ნათქვამი, ნათქვამი უმაღლესი მხედართმთავრისა, რომელმაც 2008 წლის ომის პერიოდში, შეშინებულმა ჰალსტუხიც დაღეჭა და ცხვირით გორის მიწაც დახნა.

სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას რატომღაც ნიშანში მარტო პუტინი ჰყავთ ამოღებული. ეს „სიყვარული“ დღესაც გრძელდება. მთელი ნაცობა მხოლოდ ერთ კაცს – პუტინს ადანაშაულებს. არადა იმჟამად რუსეთის პრეზიდენტი მედვედევი იყო და მან, როგორც პრეზიდენტმა მიიღო ქართულ აგრესიაზე საპასუხო გადაწყვეტილება. პრემიერ-მინისტრი პუტინი, პეკინის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიალს ესწრებოდა. ომის დაწყების შესახებ მან მოგვიანებით შეიტყო და უმალ შეეცადა, პეკინში მყოფ, აშშ-ს პრეზიდენტ ბუშთან დალაპარაკებას. სამწუხაროდ, ბუშის გამოისობით, ეს შეხვედრა დაგვიანებით გაიმართა.

სააკაშვილის ტყუილს დასავლური დიპკორპუსი აკადემიური სიმშვიდით ისმენს. ძნელია იმის გაგება, რას ეუბნებიან პრეზიდენტს მამალი ტყუილისთვის ამერიკის ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები ან ეუბნებიან თუ არა. საჯაროდ არც ერთ მათგანს, თუნდაც გაკვრით სიტყვაც არ დასცდენია, რატომ აყენებს სააკაშვილი შეურაცხყოფას ევროკავშირის საგანგებო კომისიის დასკვნებს,  რატომ ამტკიცებს დასკვნის საწინააღმდეგოდ, რომ ომი თბილისმა კი არა, მოსკოვმა დაიწყო.

იმ დღეს, რა დღესაც სააკაშვილმა მორიგი მცდელობა გააკეთა საზოგადოების შეცდომაში შესაყვანად, პარლამენტის უმრავლესობის წევრმა გოგი ქავთარაძემაც გააკეთა განცხადება, უფრო სწორად, პარლამენტს გააცნო საკუთარი ამომრჩევლის მოთხოვნა „ნაციონალური მოძრაობის“ კანონგარეშედ გამოცხადების თაობაზე. სხვათაშორის არა მარტო ბატონი გოგის ამომრჩევლები არიან ასეთ განწყობაზე, არამედ საქართველოს მოსახლეობის საგრძნობი ნაწილიც, მაგრამ ვინ მისცემს საქართველოს ხელისუფლებას ამ ოცნების ასრულების შესაძლებლობას?

არც არავინ. უპირველესად პარტნიორი. არადა ობიექტური პარტნიორი, მხოლოდ და მხოლოდ ობიექტურობიდან გამომდინარე ასეც მოიქცეოდა და ნაცვლად ნაცთა მხარდაჭერისა, აიძულებდა ხელისუფლებას მთელი სიგრძე-სიგანით აემოქმედებინა სამართალი დამნაშავე ნაცთა წინააღმდეგ. მაგრამ ეს არ მოხდება, ყბადაღებული ამერიკული „დემოკრატიიდან“ გამომდინარე. და რახან ეს არ მოხდება, იძულებული ვართ ავიტანოთ სააკაშვილისა და ნაცების თავხედური განცხადებები, ბაჩანა ახალაიას სასამართლო პროცესზე გამართული ოვაციები, ტელეეკრანებზე ნაცი „პოლიტიკოსებისა“ და მათი მხარდამჭერი ექსპერტობის ყელყელაობა, სხვა მსგავსი არასასიამოვნო მომენტები. არადა როგორი ასატანია?!

აიტანდა მსგავს კრიმინალურ ორგანიზაციას დასავლეთი? როგორც ჩანს, საქართველო საექსპერიმენტო პოლიგონია. ასე იყო კომუნისტი შევარდნაძის დროს. ზოგს ახსოვს ალბათ ფოთის ექსპერიმენტი, აბაშის ექსპერიმენტი და სხვა „ნოვაციები“. ასეა დღესაც, ამერიკელთა ბატონობის დროს. ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება – ბრძანა ამერიკის ელჩმა ნორლანდმა, 19 აპრილს ნაცთა დაგეგმილ მიტინგთან დაკავშირებით. არც ერთი გადაკრული სიტყვა – ქვეყანა თავზე გექცევათ, რა დროს მიტინგიაო. მაგრამ ეს მიტინგი ხომ აშშ-ს წისქვილზე დაასხამს წყალს, ვინაიდან რუსეთის საწინააღმდეგოდაა!

პროკურატურა ჩვეულ აკადემიურ „ტემპში“ აგრძელებს დაბარება-დაკითხვას, სასამართლო – დამნაშავეთა გამოშვებას. ხალხი უკმაყოფილებას ვერ მალავს. მიმდინარეობს რიგი პერსონალური საკითხების ხელახალი გადახედვა-გამოძიება. დონაძე ისევ ტელეეკრანის „გმირია“, ისე, როგორც რობაქიძის მკვლელობაში გასული სხვა პოლიციელები.

ყველას პატრონი გამოუჩნდა. სწორედ მათი მოთხოვნით ხდება თაროზე შემოდებული, დამტვერილი საქმეების მაგიდაზე დადება. უპატრონო მხოლოდ ერთია – საქართველო. ის არავის ახსოვს. არავის მიუმართავს სამართალდამცავი ორგანოებისათვის იმ პოლიტიკოსთა დასასჯელად, ვინც უგუნური პოლიტიკით ომი წამოიწყო.

ომით დაზარალებული ითხოვს ამას. ომში დაღუპული ადამიანები ითხოვენ ამას. ტერიტორიადაკარგული ქვეყანა ითხოვს ამას. ითხოვს? რაღაც არ ისმის ასეთი მოთხოვნა არც პარლამენტისგან, არც არასამთავრობოებისგან, არც საზოგადოებისგან, არც არავისგან. პირად საუბრებში გამოთქმული გულისწყრომა და „მოთხოვნა“ სამზარეულოს არ სცდება. ნაცვლად ამისა გვესმის სააკაშვილის განცხადება, რომ მან და მისმა ნაცებმა გადაარჩინეს საქართველო რუსეთის დაპყრობისგან.

გვესმის ხელისუფლების მხრიდან, რომ რუსეთმა ჩაგვითრია ომში, როგორც უსუსური, ჭკუანაკლული ბავშვი. არადა არჩევნებამდე „ოცნების“ ლიდერი პირდაპირ ამბობდა, ვინ იყო აგრესორი. დასავლელთა ანგარიშგაწევით, ნათქვამი – სააკაშვილმა დაიწყო ომი, რუსეთმა ჩაგვითრია ომში-თ – შეიცვალა.

ვიდრე 2008 წლის აგვისტოს სახელმწიფოებრივ ამბავს წერტილი არ დაესმება, დამნაშავე არ დაისჯება, ისე, როგორც ამას ადგილი ჰქონდა სხვა ქვეყნებში –  გავიხსენოთ არგენტინა, იუგოსლავია და ა.შ., მუდამ იბოგინებენ დამნაშავე პოლიტიკოსები ნაცთა სახით.

საქართველოს სხვაც ბევრი აქვს გასაკეთებელი, მათ შორის გივი თარგამაძის მიმართ. დიახ! კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის სხვა ქვეყნისთვის გადაცემა შეუძლებელია. მაგრამ ეს ქვეყანა, რუსეთის ნაცვლად, ამერიკა რომ ყოფილიყო, ისეთივე პრინციპულები ვიქნებოდით? თარგამაძემ თავისი მოქმედებით ჩირქი მოსცხო საქართველოს, თუმცა მისი კოლეგა ნაცები, პირიქით მიიჩნევენ, ვინაიდან თარგამაძის მოქმედება პუტინის რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული.

და კიდევ ერთი რამ – დამნაშავემ დანაშაული საკუთარი სურვილით ჩაიდინა, თუ სხვათა დავალებით, სხვათა საამებლად, შესაბამისი ანაზღაურებით? თარგამაძის სხვისთვის გადაცემა არ შეიძლება, მაგრამ რა უშლის ხელს მისი საქმის საქართველოში გამოძიებას? „რევოლუციონერი“ პარლამენტარის საქმე ისეთივე, თუ მეტი არა, ჟღერადი უნდა გახდეს, როგორც რობაქიძის, გირგვლიანის, სხვების, ვინაიდან ის სახელმწიფოს ეხება. თარგამაძის საქმე სამაგალითო უნდა იყოს, რომ საქართველოს არც ერთმა პოლიტიკოსმა, საქართველოს არც ერთმა მთავრობამ ცხვირი არ ჩაყოს სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში.

საქართველო შავბნელი საქმეებით არ უნდა გამოირჩეოდეს, თუნდაც ისეთით, რასაც ჰქონდა ადგილი. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა „ადამიანთა უფლებების ევროპის სასამართლოს“ გადაწყვეტილება – პოლონეთის, ლატვიის, რუმინეთის, იტალიის წინააღმდეგ საქმის აღძვრის თაობაზე.

ჩამოთვლილი ქვეყნები და სხვები, მათ შორის საქართველოც, საიდუმლოდ იღებდნენ მონაწილეობას ოპერაციაში, რომელიც დაგეგმა აშშ-ს პრეზიდენტმა ბუშმა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის საპასუხოდ. მისი მიხედვით, აშშ-ს სპეცსამსახურები იტაცებდნენ, ციხეში ამწყვდევდნენ, აწამებდნენ პირებს, რომლებიც, მათი აზრით, ტერორიზმში იყვნენ ეჭვმიტანილნი.

ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ღია საზოგადოების იურიდიულმა ინიციატივამ“ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ბუშის პროგრამის შესრულებისთვის პასუხისმგებლობა არა მარტო აშშ-ს ეკისრება, არამედ ყველა იმ ქვეყანას, ვინც მას უწევდა დახმარებას.

ტერორიზმში ეჭვმიტანილების ტანჯვა-წამების ფაქტების გამომზეურება პირველი არ არის. ამ თემაზე წინათაც იყო ლაპარაკი და თუ ამჯერად მაინც ადგილი ექნება სამართლიან პროცესს, ვერც საქართველო გადარჩება. ასეთ დროს, არა მარტო დანაშაულის ჩამდენს მოიხსენიებენ, არამედ ქვეყანასაც.

არავინ იცის, რამდენ ასეთ ან მსგავს ბინძურ საქმეშია გახვეული საქართველო წინა ხელისუფალთა წყალობით. ვინ იცის საერთაშორისო დონის რა შავბნელი საქმეები აქვთ ნაკეთები ნაციონალებს. მათ შესახებ კანტი-კუნტად გვესმის ხან ნარკოდერეფნის სახით, ხან სირიაში გასაგზავნი „ბოევიკების“ წვრთნის სახით და სხვა.

ყოველივე აღნიშნულს წყალგაუვალი მტკიცებულება ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში ხახვივით შეგვრჩება სააკაშვილი და ნაცები – არა მარტო საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნების სურვილით. აკი გვაუწყა კიდევაც ამის შესახებ სააკაშვილმა სტრასბურგის მაღალი ტრიბუნიდან – „ჩვენი პოლიტიკური ძალა არსად არ მიდის და დიდხანს იქნება საქართველოში“-ო. მან რუსეთის მისამართითაც თქვა – „მოსკოვს უნდა თუ არა, მოუწევს ამ ძალასთან კონტაქტი, შესაძლოა ჩემთანაც. . ., მაგრამ საქართველოს გენერალურ ხაზს დასავლეთისკენ, არ შევცვლი“-ო.

სააკაშვილის მიხედვით, თითქოს ნატოც და ევროკავშირიც მზად არიან საქართველოს ჩასახუტებლად, მაგრამ პროკურატურის დაკითხვები ხელს უშლის პროცესს. მან კვლავ გაიხსენა „საყვარელი“ მატარებლის თემა, რომელიც ევროპაში მიდის და ამ მატარებელზე ქვეყნის მიერ აღებული ბილეთი. „თუ არ შეწყდება მასობრივი დაჭერები ევროპის ბილეთს გაგვიუქმებენო“, – მოურიდებლად ბრძანა მან.

სააკაშვილმა, ამჯერად პირდაპირ აუწყა საქართველოს, რომ წინაპრებისა და მის ევროპულ არჩევანს წყალს უყენებს ახალი ხელისუფლება – ძველის დაკითხვა-დაჭერებით და კატეგორიულად მოითხოვა ამის შეწყვეტა. ნაცთა გენერალურმა მდივანმა, მერაბიშვილმა კი ქვეყნის საგარეო კურსის დაფიქსირებისათვის სრულიად საქართველოს მიტინგისკენ მოუწოდა.

აქტიურობენ ნაციონალები და ამ პროცესში ხელისუფალთა ირიბი ხელიც ურევია, რამეთუ სუსტი მტკიცებულებით დაკითხულ-დაკავებული ყოფილი მოხელეები მხოლოდ ნაცთა წისქვილზე ასხამს წყალს. დიდი ილია ამბობდა: „ჯერ ბრალმდებელს უნდა დაასაბუთებინო ბრალდება იმოდენად, რომ დასაჯერი მაინც იყოს და მას მერმეთ, დიაღ, მხოლოდ და მხოლოდ მას მერმეთ მოეკითხოს ბრალდებულს პასუხი. უამისოდ ბრალდებულთა სკამზე დასმა ადამიანისა პასუხსაგებლად წაწყმედაა. . .“

ასეა, როცა სალაპარაკოს მისცემ, საქმეს გააჭიანურებ, სუსტი ბრალდებით დააკავებ. არადა მოარული ხმების მიხედვით, ჩადენილ დანაშაულთა რაოდენობა უხვადაა და თუ არც დანაშაულს, არც შეგნებულ შეცდომას, არც ქვეყნის ძარცვას, არც მიტაცებული ფულით ნაცთა დროსტარებას, არც საკუთარი პირადი ცხოვრების მოწყობას, არც ტერიტორიების დაკარგვას და არც ხალხის გაღატაკებას ადგილი არ ჰქონია, შევეშვათ ტყუილ ვნებათაღელვას, სახის ხოკვას და ნაცებთან ერთად გადავეშვათ ამქვეყნიური „სიამოვნების“ მორევში.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.