რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს?

სანკტ-პეტერბურგში გამართულმა „დიდი ოცეულის“ სამიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს ზღვარგადასული ლტოლვა მსოფლიოს პირველობისთვის. „დიდი ოცეულის“ შეკრების უმთავრესი მიზანი არის მსოფლიოში შექმნილი ეკონომიკურ-საფინანსო ვითარების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება.

ერთი წლის წინათ გამართული შეხვედრიდან მოყოლებული, ბოლო შეხვედრამდე, „დიდი ოცეულის“ თავმჯდომარეობა, თვით ოცეულის გადაწყვეტილებით, რუსეთს ჰქონდა მინდობილი. განვლილი ერთი წლის მანძილზე რუსეთი მოქმედებდა სამიტისთვის განსახილველი დღის წესრიგის განხორციელებისთვის.

მასპინძელი ქვეყანა, ოცეულის წევრებთან შეთანხმებით, ადგენს დღის წესრიგს და სამოქმედო გეგმას, ამასთანავე მთელი წლის განმავლობაში ორგანიზებას უკეთებს წევრი სახელმწიფოების ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების, საბანკო სისტემის, პროფკავშირების, ბიზნესის, ექსპერტების შეხვედრებს, თათბირებს, კონფერენციებს, რომლებზეც დეტალურად იხილება დღის წესრიგის საკითხები და „ოცეულის“ სამიტის მაგიდაზე იდება დახვეწილი მასალები – წინასწარ შეთანხმებული წევრი სახელმწიფოების ხელმძღვანელებთან. ამდენად, სამიტისთვის გამოყოფილი 2 დღე სრულიად საკმარისია აზრის გამოსათქმელად და დეკლარაციის მისაღებად.

სამიტი იმითაც არის საინტერესო, რომ მასში მონაწილე ქვეყნების ლიდერებს, როგორც ოცეულის წევრებს, ისე მოწვეული ქვეყნების ხელმძღვანელებს, შესაძლებლობა ეძლევათ შეხვდნენ და ისაუბრონ ერთმანეთთან, გააფორმონ ორმხრივი ხელშეკრულებები და ა.შ. ამ მხრივ აღსანიშნავი იყო რუსეთ-ჩინეთის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა, რომლის მიხედვით, რუსეთი ბუნებრივ აირს მიაწვდის ჩინეთს.

როგორც აღვნიშნე, სამიტი არ იხილავს პოლიტიკურ საკითხებს, მაგრამ სამიტში მონაწილეთა თხოვნით, პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობა გაიმართა ოფიციალური ვახშმის მსვლელობის დროს.

მაინც რა საკითხის განხილვას მოითხოვდნენ სამიტში მონაწილე ქვეყნები? უპირველეს ყოვლისა ახლო აღმოსავლეთის, კერძოდ სირიის. უკვე ორ თვეზე მეტია სირიის თემამ კულმინაციას მიაღწია. დასავლეთი, კერძოდ აშშ-ი ბრალს სდებს სირიის პრეზიდენტს და ხელისუფლებას ქიმიური იარაღის გამოყენებაში და აცხადებს, რომ ამით სირიის ხელისუფლებამ გადალახა აშშ-ს მიერ დაწესებული „წითელი ხაზი“, რომლის იქით სირიის ხელისუფლებამ უნდა მიიღოს სადამსჯელო სამხედრო ოპერაცია.

სირიის ხელისუფლება დაბეჯითებით აცხადებს, რომ მას არ გამოუყენებია ქიმიური იარაღი, ვინაიდან ასეთი აქტი არ ესაჭიროებოდა მრავალ მიზეზთა გამო. უპირველეს ყოვლისა სირიის ხელისუფლება არასდროს გამოიყენებდა ქიმიურ იარაღს საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, გარდა ამისა სირიის არმია შეტევაზეა გადასული და ისედაც ავიწროებს მეამბოხეებს.

საქმეში ჩახედულთათვის სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა გამოეყენებინა ბაშარ ასადს ქიმიური იარაღი მაშინ, როდესაც სირიაში იმყოფებოდა გაეროს სპეციალისტთა ჯგუფი ქალაქ ალეპოსთან ადრე გამოყენებული ქიმიური იარაღის შესასწავლად. აშშ-ს ადმინისტრაციას და ზოგიერთ მის ევროპელ მოკავშირეს სირიის ხელისუფლების განცხადება სიცრუედ მიაჩნიათ. ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის, სახელმწიფო მდივნის ქერის, თავდაცვის მდივნის ჰეიგელის საჯარო გამოსვლებმა ცეცხლი შეუნთეს ისედაც გახურებულ ობამას.

მკითხველისთვის ცნობილია რუსეთის, ჩინეთის, ირანის და სხვათა პოზიცია სირიასთან დაკავშირებით. ისინი მხარს უჭერენ მას და მიიჩნევენ, რომ სირიის ხელისუფლება არაფერ შუაშია, რომ ვაშინგტონისა და ზოგიერთი მისი მოკავშირის მტკიცება ცილისწამებაა და მეტი არაფერი.

სირიის დასჯის და დაცვის მსურველთა ბანაკების ვერბალურმა ომმა შეუძლებელი გახადა პუტინ-ობამას მოსკოვის მოლაპარაკების გამართვა, რომელიც „დიდი ოცეულის“, სანკტ-პეტერბურგის სამიტის წინ, 3-4 სექტემბერს უნდა შემდგარიყო. ობამას მოთხოვნით შეხვედრა ანულირებულ იქნა. გარდა ამისა ეჭვქვეშ დადგა აშშ-ს პრეზიდენტის „დიდი ოცეულის“ შეხვედრაში მონაწილეობაც.

საბედნიეროდ, ობამა ჩავიდა სანკტ-პეტერბურგში, ხელიც ჩამოართვა პუტინს და ნახევარსაათიანი საუბარიც გამართა მასთან, რომელიც ორივე ლიდერმა  კონსტრუქციულად ჩათვალა, თუმცა ვერ მოხერხდა შეთანხმება. ობამა დარჩა თავის პოზიციაზე – სირიის წინააღმდეგ ძალის გამოყენება, პუტინი – ძალის გამოყენება დამღუპველი იქნება რეგიონისა და მსოფლიოსთვის. აღნიშნულ პოზიციას მხარი დაუჭირა სამიტში მონაწილე ქვეყნების დიდმა ნაწილმა.

5 სექტემბრის ვახშამი, რომელიც სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა, სირიის თემის განხილვის კრებად იქცა. ვახშამის სულისკვეთების დეტალური ინფორმაცია მსოფლიო საზოგადოებას ჯერაც არ მიუღია, იმედია მომავალში მიიღებს, თუმცა, მოკლედ, შექმნილი ვითარების შესახებ ჟურნალისტებს, პრეს-კონფერენციაზე სამიტის თავმჯდომარე პუტინმა გაანდო. მისი განცხადებით, ვახშმის მონაწილეთა უმრავლესობა შეეწინააღმდეგა აშშ-ს პოზიციას. აშშ-ს მხარეზე აღმოჩდნენ თურქეთი, საფრანგეთი, საუდის არაბეთი, კანადა.

პუტინმა ისიც განაცხადა, რომ მიიღო რომის პაპის ფრანცისკოს წერილი, რომელშიც მოწოდებაა პუტინისადმი, ყველაფერი იღონოს ომის შესაჩერებლად. მიუხედავად ამისა, აშშ-ს პრეზიდენტი ობამა მაინც თავისას ამტკიცებს. არის თუ არა ეს მტკიცება ინერციული ან საბოლოო, არავინ უწყისს.

მაგრამ საყურადღებოა ჯონ ქერის განცხადება, რომელიც მან სამიტის შემდეგ, პარიზში, ფრანგ კოლეგა როლან ფაბიუსთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა – „პრეზიდენტს ჯერ არ მიუღია სირიაზე სამხედრო შეტევის გადაწყვეტილება“. არადა ჩვენთვის ცნობილი იყო ობამას მიერ გამოთქმული საწინააღმდეგო მოსაზრება.

ქერის ნათქვამმა მცირედი იმედი გააჩინა – იქნებ არ დაიწყოს, თუმცა ეს იმედი – წყალწაღებულისა და ხავსის ისტორიას უფრო ჰგავს, მაგრამ მაინც. როგორც ჩანს „დიდი ოცეულის“ პოზიციამ დააფიქრა პრეზიდენტი ობამა, მაგრამ გადაათქმევინა თუ არა გადაწყვეტილება, ძნელი სავარაუდოა. რაც თვალშისაცემია – საკუთარი პოზიციის სხვაზე თავსმოხვევაა. ქერის ვიზიტები საფრანგეთ-ლიტვაში და მისი შეხვედრა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ობამას შეხვედრები სენატორებთან და კონგრესმენებთან ამის დამადასტურებელია.

აშშ-ს პრეზიდენტის პოზიცია ბევრი ქვეყნის ლიდერისთვის მიუღებელია, ვინაიდან მას გამოუცნობი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. მსოფლიო საზოგადოებისთვის გაუგებარია, ოთხი თვის განმავლობაში როგორ ფილიგრანულად უნდა დაბომბოს ობამამ ასადი, რომ მარტო ის მოარჯულოს. მსოფლიო საზოგადოება თვლის, რომ დაბომბვით ათეულ-ათასობით მშვიდობიანი სირიელი განადგურდება, რაც უფრო მეტი დანაშაულია, ვიდრე ასადის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების ვერსია.

მსოფლიო საზოგადოება ამბობს – რა შუაშია აშშ-ი, როდესაც მსგავსი საკითხების გადაწყვეტა გაეროს უშიშროების საბჭოს აქვს მინდობილი? გაეროს უშიშროების საბჭოს არ ენდობა ობამა, ვინაიდან მუდმივ 5 წევრში ორი – რუსეთი და ჩინეთი ეწინააღმდეგება ომის გაჩაღებას.

სამწუხაროდ, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით, აშშ-ა არაერთხელ გააჩაღა ომი. როგორც ჩანს, ამჯერადაც ამ მეთოდით აპირებს იხელმძღვანელოს. ლიბიიდან გამომდინარე, რუსეთმა მწარე გაკვეთილი მიიღო. გახსოვთ, მან თავი შეიკავა, რითაც მწვანე შუქი აუნთო ლიბიის განადგურებას.

აშშ-ს პოლიტიკოსები სისტემატურად გამოთქვამენ თავიანთ უკმაყოფილებას გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი ხუთი წევრი-ქვეყნის ვეტოს უფლებასთან დაკავშირებით. გაეროს დაარსების და მისი წესდების თაობაზე მსჯელობა თეირანის „სამეულის“ კონფერენციაზე გაიმართა (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საბჭოთა კავშირი). ამ თემაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულ იქნა იალტის კონფერენციაზე.

„ვეტოს საკითხი და გაეროს უშიშროების საბჭოს მუშაობის სხვა საკითხები, სრული გულახდილობის ვითარებაში, განხილულ იქნა იალტის კონფერენციაზე. მამამ და სტალინმა მოიწონეს იდეა – „დიდი სამეულის“ მიერ ვეტოს დადების თაობაზე. მათი მოსაზრებით, მსოფლიო მშვიდობის შენარჩუნება შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ დიდი ქვეყნების ერთობლივი პოზიციის შემთხვევაში. თუ ორი წაეჩხუბება ერთმანეთს ან ერთი ორივეს, მსოფლიო საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. მხოლოდ მოქმედების და მიზნის ერთიანობას შეეძლება მსოფლიოს გადარჩენა.

ამ პროცედურასთან დაკავშირებული წინადადება მამამ შესთავაზა სტალინს და ჩერჩილს. მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ საერთაშორისო ორგანიზაციამ მიიღოს ეკონომიკური და სამხედრო სანქციები აგრესორის წინააღმდეგ. „დიდმა სამეულმა“ პლუს ჩინეთმა და საფრანგეთმა უნდა მიიღონ ერთობლივი გადაწყვეტილება, თქვა მამამ“, – იხსენებს ელიოტ რუზველტი, აშშ-ს პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის შვილი.

როგორც ჩანს, რუზველტის მემკვიდრეებს აღარ აწყობთ იალტის ეს შეთანხმება, რომელიც თვით აშშ-ს პრეზიდენტის მიერ იყო წარდგენილი და არა სტალინის მიერ. ის, რომ სტალინი დაეთანხმა რუზველტის წინადადებას, მის სიბრძნეზე მეტყველებს.

უშიშროების საბჭოს ვეტომ არაერთხელ იხსნა მსოფლიო განსაცდელისგან. იყო შემთხვევები, როდესაც მან ვერ შეძლო ამის გაკეთება, მარტივი მიზეზის გამო – გვერდი აუარეს. უშიშროების საბჭოს უგულებელყოფის დიდოსტატია აშშ-ი, რითაც ის უსერიოზულეს ზიანს აყენებს ამ ორგანიზაციის პრესტიჟს.

უშიშროების საბჭოს რეზოლუცია, მიღებული ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ, საჭიროებს არა კრიტიკას იმ ქვეყნის ხელისუფალთა მხრიდან, არამედ შესრულებას. სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყანა, აშშ-ს მიერ გათავხედებული, მაგალითად, ისრაელი სისტემატურად არღვევს საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებს.

არანაკლები თავხედობით აღინიშნებოდა სააკაშვილის ხელისუფლებაც. გახსოვთ ალბათ, მინისტრ იაკობაშვილის ცინიკური განცხადებები – უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციებს არავინ ასრულებს და ჩვენ რატომ უნდა შევასრულოთო. წერონ და იკითხონო. და ამას ამბობდა არშემდგარი ქვეყნის მინისტრი, ცხადია აშშ-ს მხარდაჭერით.

რა შეიძლება მოჰყვეს ოთხთვიან ომს? უპირველეს ყოვლისა – გამწარებული სირიის საჰაერო შეტევა ისრაელსა და თურქეთზე. თურქეთში ერთი ბომბის ჩავარდნაც საკმარისი იქნება ანტისამთავრობო, ფართომასშტაბიანი გამოსვლების რეანიმაციისთვის, რაც საბოლოო ჯამში ეგვიპტის შედეგს გამოიწვევს.

ისრაელზე დარტყმას უდავოდ მოჰყვება პასუხიც, როგორც სირიის, ისე ირანის მიმართულებით. არც ირანი დააყოვნებს.

ირანის სამხედრო მოქმედებაში ჩართვა გულისხმობს საომარი მოქმედებების ჩვენსკენ გადმოწევას, ვინაიდან კავკასია სწორედაც რომ მოსალოდნელი ფრონტის წინა ხაზზე იმყოფება.

რას მოიმოქმედებს რუსეთი? როგორც პუტინმა განაცხადა, დაეხმარება სირიას იარაღით და ა.შ. რუსეთის სამხედრო გემები სირიისკენ დაიძრა. ასეთ ვითარებაში ნებისმიერი ქვეყნის მხრიდან უმჯობესი იქნებოდა ამერიკისთვის არა მხარის დაჭერა, არამედ პირიქით, მხოლოდ ასეთ ქმედებას შეუძლია აშშ-ს და მსოფლიოს გადარჩენა.

ნაცვლად ამისა, სავალალოა საქართველოს ხელისუფლების განცხადება მხარდაჭერასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, მას ვერ გაუგია იმ საფრთხეების შესახებ, რაც სირიაზე თავდასხმას შეიძლება მოჰყვეს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.