სამაგალითო ჩინეთი

გასულ წელს, მსოფლიოში არაერთ ისეთ მნიშვნელოვან მოვლენას ჰქონდა ადგილი, რომელიც, უდავოდ, პოვებს ასახვას კაცობრიობის ისტორიაზე. რევოლუციური ქარტეხილბი არაბულ სამყაროში, ნომერ პირველი ტერორისტის უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია, სამყაროს სავარაუდო წარღვნის მოლოდინი, მსოფლიოს ლიდერ სახელმწიფოებში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები, სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

გამოვყოფ მხოლოდ რამდენიმეს, ვინაიდან, ჩემის აზრით, მათ ექნებათ უდიდესი გავლენა თანამედროვე მსოფლიოზე. უპირველესად, აღვნიშნავ რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინის შემობრუნებას. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ მოქმედ მსოფლიო პოლიტიკოსთა შორის პუტინი ყველაზე გამოცდილია. მას ძლიერად და გავლენიანად მოიხსენიებენ დასავლეთში. ამერიკული ჟურნალი „ფორინ პოლისი“ კი პუტინს, სიძლიერის და გავლენიანობის გამო პოლიტიკოსთა შორის მეორე ნომრად ასახელებს. და როდესაც პირველ ნომრად არავინ სახელდება, მეორე კაცობა, პირველის სადარია. ჟურნალის მიხედვით, საკუთარი პრეზიდენტი ობამა, გერმანიის კანცლერი მერკელი, სხვა ცნობილი პოლიტიკოსები ჩამორჩებიან რუსეთის პრეზიდენტს.

პუტინის სახელი ნეგატიურად ჟღერს საქართველოში არა მარტო ტერიტორიების ოკუპაციის გამო – მანამდეც არ წყალობდნენ ამ პოლიტიკოსს ქართველი კოლეგები და მათზე აყოლილი მედია. ზოგს მისი სიმკვეთრე არ მოსწონდა, ზოგს – სიგრძე, ზოგს – კიდევ რა. ბევრი თვლიდა და თვლის, რომ პუტინი „ისტორიულად“ არის განაწყენებული საქართველოზე და „განაწყენების“ ერთ-ერთ მიზეზად კასპში ცუდად მცხოვრებ პუტინის „დედასაც“ ასახელებენ. პუტინის „დედის“ კასპში ცხოვრება, რაღაცით წააგავს ადოლფის იმერელი ცოლის „ისტორიას“  – გამონათქვამით – „ამას გაფიცებ (ქალი ჰიტლერისგან დაორსულებულ მუცელზე ისვამს ხელს) ადოლფ – ფერო არ დაბომბოო“.

წვერებიან ანეკდოტში, ანეკდოტზე მაღალი ცნებაა ჩადებული ანუ ის, რომ ქართველობა ყველაფერში ეძებდა (დღესაც ეძებს) „საკუთარის“ უნიკალურობას, საკუთარი გენიალურობის ფესვებს. როგორც ამბობენ, მსგავსი სურვილ-ოცნებანი პატარა ერების დამახასიათებელია, რაც არ არის გასაკვირი, მაგრამ გასაკვირია – როდესაც გყავს სტალინი, პიროვნება, პოლიტიკოსი, რომელმაც მსოფლიო ისტორიას საკუთარი დაღი დაასვა, სხვას აღარ უნდა ეპოტინებოდე.

პოლიტიკოსი სტალინი და არა ადამიანის უფლებების დამცველი, ქვეყნის მმართველი და არა დღევანდელი გაგებით „დემოკრატიის“ გამტარებელი, დედამიწის ერთი მეექვსედისა და კიდევ იმდენის ფოლადის მუშტში მომქცევი, ქართველთაგან სხვა შეფასებას უნდა იმსახურებდეს. შაჰ-აბასის ბებიის ქართველობაზე ნაკლები გასახსენებელი რატომ უნდა იყოს სტალინი? სტალინი ნამეტნავად ეთაკილებათ ნაცებს და განსაკუთრებით მათ ფიურერს, არადა პატარა ფიურერიკოს მიერ შექმნილი სადამსჯელო მანქანა, ტოლს არ უდებდა დიდი ნაცისას.

გასული წლის მნიშვნელოვან მოვლენათა შორის, ცხადია ლოკალური მასშტაბით, პატარა ნაცის დამარცხებაც იყო.

გასულ წელს ძლივს, მაგრამ მაინც გამარჯვებას მიაღწია, თანაც მეორედ, აშშ-ს ფერადკანიანმა პრეზიდენტმა ბარაკ, ჰუსეინ ობამამ. ოთხი წლის წინათ მისმა გამარჯვებამ საფუძველი ჩაუყარა აშშ-ი მანამდე არსებული სტერეოტიპების მსხვრევას.

გასული წლის გამარჯვებაში ობამას ფერს ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ პირველ სახელმწიფოში, გვიან, მაგრამ მაინც, გადაილახა რასობრივი ბარიერი, ესოდენ ძლიერი, თუნდაც გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებამდე შემორჩენილი. თვალი გადავავლოთ აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის კოლინ პაუელის ავტობიოგრაფიულ წიგნს და უმალ მივხვდებით, რა მძიმე პირობებში უხდებოდა, შემდგომში სახელოვან გენერალს, სამსახურებრივი საფეხურების ავლა კანის ფერის გამო.

ფერადკანიანმა ობამამ გზა გაუხსნა ამერიკაში დაბადებულ შავკანიანებს და არა მარტო მათ, არამედ წვრილთვალებიანებსაც თეთრი სახლისკენ, რაც დიდი მოვლენაა.

გასულ წელს ჩინეთშიც მოხდა ცვლა ანუ ჩინეთის ხელისუფალთა როტაცია. ჩინური პოლიტიკური სისტემა კარდინალურად განსხვავდება სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით ევროატლანტიკური პოლიტიკური სისტემისგან. ერთის შეხედვით, დახურული პოლიტიკური სისტემა ნაკლებად იძლევა ფართო და გამჭვირვალე განსჯის საშუალებას, მაგრამ მმართველ, 82-მილიონიან კომუნისტურ პარტიაში, ჭირს ყველაფრის დამალვა, თუმცა იმალება დეტალები, ის, რაც ქვეყანამ და მსოფლიომ უნდა იცოდეს, მეტნაკლებად აფიშირდება.

ჩინეთში მოქმედებს ათწლიანი მმართველობითი როტაციის სისტემა, რომელსაც საფუძველი ჩაუყარა რეფორმატორად შერაცხულმა დენ სიაოპინმა. გასული წლის ოქტომბერ-ნოემბერში დაუმთავრდათ ათწლიანი ვადა კომპარტიის უკვე ყოფილ გენერალურ მდივანსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარეს (იგივე პრეზიდენტი) ჰუ ძინტაოს და მის თანამებრძოლებს. კომპარტიის ყრილობის 2200 დელეგატმა აირჩია ცკ-ის 200 ახალი წევრი და 170 წევრობის კანდიდატი, რომლებმაც თავის მხრივ აირჩიეს პოლიტბიურო 7 წევრის შემადგენლობით. პარტიის გენერალური მდივანი გახდა სი ძინპინი.

ჩინეთის მმართველობა ეფუძნება კოლექტიურობას და ხორციელდება კონსენსუსით. მართვაში არა მარტო პოლიტბიუროს 7 წევრი იღებს მონაწილეობას, არამედ ცკ-ის წევრებიც და წევრობის კანდიდატებიც. ჩინეთის ახალი ხელისუფლება ქვეყნის სათავეში მომავალი 10 წლის განმავლობაში იქნება, რის შემდეგ მას ახლები ჩაანაცვლებენ. ახლები კი 10 წლის განმავლობაში გაივლიან პოლიტიკურ წვრთნას მაღალ თანამდებობებზე, ისე, როგორც დღეს, ხელისუფლებაში მოსულებმა გაიარეს გასული 10 წლის განმავლობაში. ჩინეთში უკვე იციან 10 წლის შემდეგ ვინ გახდება პარტიის გენერალური მდივანი და პრემიერ-მინისტრი, ისე, როგორც ეს იცოდნენ განვლილი 10 წლის განმავლობაში.

მომავალ 10 წლის მანძილზე ჩინეთს დასახული აქვს ერთიანი ეროვნული შემოსავლის მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდა და ქვეყნის ნომერ პირველ ეკონომიკად გადაქცევა. თუ თვალს გადავავლებთ განვლილი ათწლედის წარმატებებს, მომავალ ათწლედში, მსოფლიოს მეორე ეკონომიკად აღიარებული ჩინეთისათვის სულაც არ იქნება პირველ ადგილზე მყოფ აშშ-ს ჩამოტოვება.

ეკონომიკური ზრდის ტემპი მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-თან შედარებით, ორჯერ ან სამჯერ მაღალია. იზრდება ჩინეთის სავაჭრო პოტენციალი. ჩინეთი 127 ქვეყანასთან აწარმოებს ვაჭრობას, მაშინ, როდესაც აშშ-ი -76 ქვეყანასთან. ვაჭრობასთან ერთად იზრდება ამ ქვეყნის პოლიტიკური გავლენაც. ჩინეთი ავიწროებს ამერიკა-ევროპას მშენებლობაში, მანქანათმშენებლობაში აზიის, აფრიკის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში. ექვსი წლის წინათ სხვაგვარი სურათი იყო. მაშინ აშშ-ი იყო 127 ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი, ჩინეთი კი – 70-ის.

ვაჭრობასთან ერთად თვალშისაცემია კარდინალური ძვრა, რასაც ადგილი აქვს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. შედეგად, იცვლება ცხოვრების წესი, იცვლება ბიზნესი აფრიკიდან ამერიკამდე. როდესაც აშშ-ს აიოვას შტატის ფერმერი, მიწის დიდ ნაწილზე სოიოს მოიყვანს, ჩინეთში გასაყიდად, რაღაცას ნიშნავს. რაღაცას ისიც ნიშნავს, როდესაც ამერიკელი მოსწავლეები ჩინურის სწავლის კურსებზე ეწერებიან. მსგავსი ტენდენციაა სხვა ქვეყნებშიც.

სიტყვამ მოიტანა და უნდა აღვნიშნო, რომ აჭარის მეთაურის ასლან აბაშიძის ინიციატივით ინტენსიური ურთიერთობა ჩამოყალიბდა თბილისში არსებულ ჩინეთის საელჩოსთან. იყო მოლაპარაკება, ბათუმში, ჩინური სკოლის გახსნის თაობაზე, სადაც ყველა საგანს ჩინელი პედაგოგები ასწავლიდნენ. აღნიშნული პროექტის განხორციელება პეკინმა, გუანდუნის პროვინციას მიანდო. სწორედ ეს პროვინციაა ცნობილი თავისუფალი ეკონომიკური ზონით, უნივერსიტეტებით და სხვა. სამწუხაროდ, მიზეზთა გამო (აბაშიძის განდევნა), ერთობ მნიშვნელოვანი პროექტი ვერ განხორციელდა, ისე, როგორც ჩინელთა მიერ შემოთავაზებული  თავისუფალი ეკონომიკური ზონა.

ჩინეთის მსოფლიო მოვაჭრედ გადაქცევა ცვლის პოლიტიკურ ლანდშაფტს. ჩინეთის გავლენა შესამჩნევია აზიაში, აფრიკაში, სამხრეთ ამერიკაში. ექსპერტთა გამოთვლით, მსოფლიო ვაჭრობაში  ჩინეთის წვლილი 8%-მდე გაიზრდება, რაც გაცილებით მეტია ამერიკა-ევროპაზე. ჩინეთი მკვეთრად შეიჭრა იმ ქვეყნებში, სადაც აშშ-ის სავაჭრო პოზიცია მტკიცე იყო, მაგალითად სამხრეთ კორეაში. ერთ-ერთი კომპანიის ხელმძღვანელი შინ-ი აცხადებს, რომ: „აშშ-ი არის უძლური ვეფხვი, ჩინეთი კი – ძალას იკრებს“. ადრე ის დეტროიდში ცხოვრობდა და სათადარიგო ნაწილებით ამარაგებდა ამერიკის ავტოქარხნებს. ამჯერად სამხრეთ კორეაშია და ჩინეთის ავტომშენებლობის შეკვეთებს ასრულებს.

ჩინეთი, მსოფლიო სავაჭრო სცენაზე გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისიდან გამოჩნდა – მაისურებითა და სათამაშოებით, მოგებული ფულით მან დაიწყო ნავთობისა და სხვა წიაღისეულის შესყიდვა, რამაც თავისთავად გამოიწვია აზიისა და აფრიკის ქვეყნების ეკონომიკური გამოცოცხლება.

მანქანათმშენებლობისთვის ფოლადზე მოთხოვნილებამ ისეთ ტემპს მიაღწია, რომ ჩინური ქარხნები მსოფლიო რკინის მადანის ნახევარს ამუშავებდნენ. სპილენძის უმსხვილესი მწარმოებელი, ზამბია, რახანია ჩინურ შეკვეთებს ასრულებს, ავსტრალია კი ჩინეთს აწვდის ქვანახშირსა და რკინის მადანს, ჩილე – სპილენძს. ჩინეთში გადაიტანეს საკუთარი ქარხნები „Apple”-მა“, „SAMSUNG”-მა, “NOKIA”-მ, სხვა ელექტრონულმა გიგანტებმა.

ჩინური წარმოების ტელევიზორებმა, მობილურმა ტელეფონებმა, კომპიუტერებმა წალეკეს მსოფლიო ბაზარი. შემოსავალმა 500 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ჩინეთი გადაიქცა მაღალტექნოლოგიური პროდუქციის დამამზადებლად. ჩინეთმა წარმატებას მიაღწია სამშენებლო საქმეშიც – განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში. ეს ქვეყანა აშენებს გზებს, სახლებს, მეჩეთებსაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ სხვადასხვა დანიშნულების შენობა-ნაგებობებზე.

ჩინეთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, ვინც არა მარტო ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა, არამედ საელჩოც გახსნა თბილისში. რომ არა საქართველოს ხელისუფალთა უცნაურობა და ცალმხრივი (დასავლური) ორიენტაცია, დღევანდელი მსოფლიოს მეორე ეკონომიკასთან, მითუმეტეს, ხვალინდელ პირველთან, საქართველოს პრაგმატული ურთიერთობები უნდა ჰქონოდა. სიტყვა „დივერსიფიკაცია“ ბევრს არაფერს ნიშნავს. მას პრაქტიკული საქმით ესაჭიროებოდა განმტკიცება. მასშტაბური ურთიერთობისთვის არც ხელისუფლება აღმოჩნდა მზად და არც ქართული დიპლომატია. ან რა მოეთხოვებოდათ ჩინეთში მომუშავე დილეტანტ ელჩებს, რომ აღარაფერი ვთქვათ „დიპლომატიის“ კორიფე ბეგაშვილზე.

საქართველოს დიპლომატიის თემა, მისი „შედევრალური“ მოღვაწეობა ამ სტატიისა არ არის, სხვა დროს გამახვილდება მასზე ყურადღება, მაგრამ ის მაინც უნდა ითქვას, რომ დიპლომატიის სრული სიყრუით და ხელისუფალთა სიბრმავით 20 წელი ლაზღანდარობაში შემოგვეფჩხვნა, არადა რა გამწარებით და სასოწარკვეთით გვიკიჟინებდა პეკინში მომუშავე სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენელი ნიკოლოზ გულიაშვილი (საელჩოს გახსნამდე გაცილებით ადრე) – ჩინეთს მიაქციეთ ყურადღება – ეს ქვეყანა მსოფლიოს მომავალი ეკონომიკური გიგანტიაო. ახდა მისი სიტყვები, თუმცა არა საქართველოს ხელისუფალთათვის – ისინი ისევ „დეპოში“ არიან.

დიდი ისტორიისა და ტრადიციების ქვეყანას თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ჩავარდნებიც ჰქონდა და გაფურჩქვნის წლებიც. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია გასული საუკუნის სამოცდაათიანი წლების ბოლოდან დაწყებული გარდაქმნები, რომელსაც სათავეში ედგა პრაგმატული მოაზროვნე დენ სიაოპინი. დიდი გაქანების მქონე მოაზროვნის მახვილგონივრული გამონათქვამები მთელს მსოფლიოშია ცნობილი, მათ შორისაა – „არ აქვს მნიშვნელობა, რა ფერის არის კატა, მთავარია თაგვებს იჭერდეს“. სწორედ ამ გამონათქვამს მოჰყვა კომუნისტური ჩინეთის გაკაპიტალისტება, მარქსის, ენგელსის, ლენინის, სტალინის, მაო ძედუნის მოძღვრებათა კონფუციანიზმით ჩანაცვლება.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე 551-479 წლებში მცხოვრები ბრძენი კონფუცი ოცნებობდა ჩინეთის ტერიტორიაზე მდებარე, ერთმანეთთან მოქიშპე რომელიმე სამეფოს მმართველთან, გავლენიანი თანამდებობის მოპოვებას და როდესაც აისრულა სურვილი, იძულებული გახდა მიეტოვებინა სამეფო კარი, მის საწინააღმდეგოდ აგორებული მოქმედების გამო. კონფუციმ ხელი მიჰყო პედაგოგობას. გენიოსის მიერ ჩამოყალიბებულმა აზრებმა უდიდესი პოპულარობა პოვა მისი გარდაცვალების შემდეგ.

კონფუცის მოძღვრება საფუძვლად დაედო სინგაპურსა და ტაივანს. 1978 წელს, გადასახლებიდან დაბრუნებული დენ სიაოპინისთვის მისაბაძი გახდა კონფუცის მოდელის ტაივანი. კომუნისტებთან დამარცხების შემდეგ, კუნძულ ტაივანზე გაქცეულმა ჩან კაიშიმ, კონფუცის სწავლების მიხედვით, საფუძველი ჩაუყარა ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებას. ეკონომიკური და სოციალური განვითარების კონცეპცია „სიაოკანი“ გახდა დენ სიაოპინის უმთავრესი ამოცანა, მან შეძლო ჩინელთა ენერგიის ქვეყნის მოდერნიზაციისკენ მიემართვა.

დენ სიაოპინის შემდეგ, ყველა ჩინელი მმართველი ასახელებს კონფუციანიზმზე დაფუძნებულ საკუთარ პროგრამას. მსგავსი რამ უცხო არ იყო ჩინელი იმპერატორებისთვისაც. დენ სიაოპინის მმართველობის დევიზი იყო – „რეფორმები და კარგახსნილობა“. შემდგომი ლიდერის, ძიან ძემინის – „სამი წარმომადგენლობა“ ანუ კომპარტიაში გაწევრიანება შეეძლო არა მარტო მუშებს და გლეხებს, არამედ ეკონომიკის განვითარების ხელის შემწყობ მეწარმეებსაც. სულ ახლახანს დასრულებულმა ჰუ ძინტაოს მმართველობამ პარტიული დოკუმენტები გაამდიდრა კონფუცისგან ნასესხები – „ჰარმონიზაციის“ კონცეფციით.

კომპარტიის XVIII ყრილობაზე არჩეული პარტიის ახალი ლიდერი სი ძინპინი მალე გამოაცხადებს თავის დევიზს, რომელიც მომავალი ათი წლის განმავლობაში ჩინეთის განვითარების ახალი გეზი იქნება – დაფუძნებული კონფუციანიზმზე. ეს მოძღვრება ითავსებს ტრადიციულ მორალურ ორიენტირებს და თანამედროვე ღირებულებებს, გლობალური ეკონომიკური გამოწვევების გასამკლავებლად აქცენტირებს სახელმწიფო სტაბილურობის აუცილებლობაზე, ერის ერთიანობაზე,.

 ჩინეთის თანამედროვე ისტორია აშკარა მაგალითია იმისა, რომ ახალი ცხოვრების მშენებლობის პროცესში სულაც არ არის საჭირო ძველის ლანძღვა და მაზოხისტური თვითგვემა, ისე, როგორც ამას ადგილი აქვს ყოფილ საბჭოთა სივრცეში. დღევანდელი რუსი ე.წ. ლიბერალების მთავარი მიზანი – გუშინდელი სისტემის, კომუნისტური ლიდერების თავდავიწყებული გინებაა. მათი შეურაცჰყოფა, მათზე უხამსი ჭორებით აღსავსე ისტორიების შეთხზვა, ჩვეულებრივ ამბვად იქცა.

ნაცვლად იმისა, რომ ერის ენერგია მიმართული იქნას ახალი ცხოვრების მშენებლობისთვის, ლიბერალთა წყალობით, ეროვნული ყურადღება უსაგნო დემაგოგიაში იფანტება. ყოველივე ამას თავისი ხელშემწყობი ჰყავს – კონკურენტი  დასავლეთის სახით, რომელმაც კარგად უწყისს, რომ ეროვნული აღორძინების და პროგრესის შემაჩერებელი ბარიერის გარეშე მას გაუჭირდება. დასავლეთი რუსეთს ყოველთვის აღიქვამდა მოწინააღმდეგედ და ამ საქმეში კომუნისტურ იდეოლოგიას ნაკლები წვლილი აქვს.

20 წელია აღარ არსებობს საბჭოთა კავშირი და კომუნისტური იდეოლოგია. ის კაპიტალისტურმა რუსეთმა ჩაანაცვლა, მაგრამ დაძაბულობა რუსეთსა და დასავლეთს შორის თითქმის ისეთივეა, როგორც 20 წლის წინათ.

ჩინეთმა ალღო აუღო თანამედროვე მსოფლიო ვითარებას, პრაგმატულად გამოიყენა დასავლეთი და ერის ენერგია აწმყოსა და მომავლის მშენებლობისკენ ისე წარმართა, რომ ამ პროცესში გამორიცხა  ძველის გინება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.