ქაჯები კვლავ მოდიან?

„საქართველოს რესპუბლიკის“ გასული პარასკევის ნომერში დაიბეჭდა იოსებ ჭუმბურიძის წერილი – „ურჩობა სამშობლოსთვის ანუ როგორი პრეზიდენტი იქნებოდა სალომე ზურაბიშვილი“, რომელმაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმ ზერელე მიდგომაში საქვეყნო საქმეებისადმი, ღრმად რომ არის გამჯდარი ნებისმიერ ჩვენგანში, განსაკუთრებით ისეთ საკითხში, როგორიცაა პოლიტიკოსის შეფასება.

სამწუხაროდ, დღესაც კი, მიუხედავად ე.წ. დამოუკიდებლობის 23-წლიანი ისტორიისა, სახელმწიფო მოხელეთა შეფასება ხდება ზერელედ, არა ცოდნისა და პროფესიონალიზმის კუთხით, არამედ გარეგნული იერ-სახით, ნათესაურ-მეგობრული ურთიერთობიდან გამომდინარე, წარმოშობის გათვალისწინებით.

ცხადია, ფასადს და წარმომავლობას პოლიტიკოსისთვის აქვს მნიშვნელობა, მაგრამ მეორეხარისხოვანი. მთავარია პოლიტიკოსის პოლიტიკური ალღო, განსწავლულობა, სიდარბაისლე, აღზრდილობა, გამოცდილება და სხვა მრავალი, რომელიც ზედმიწევნით კარგად არის ჩამოყალიბებული მანუს კანონებში – დიპლომატიისთვის გამწესებული პიროვნებისთვის.

ბატონი იოსებ ჭუმბურიძის გულდასაწყვეტად მინდა ვთქვა, რომ მისი „ჯილა“ არათუ ვერ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს, არამედ ისეა დაშორებული მისგან, როგორც ცა და დედამიწა. „სალომე ზურაბიშვილის დიპლომატიური გამოცდილება, საერთაშორისო ცნობადობა და კონტაქტები დიდად წაადგებოდა . . . და ა.შ. და ა.შ.“, – წერს ბატონი იოსები – ცხადია ფასადიდან გამომდინარე და არა ინტერიერიდან.

რაც შეეხება ინტერიერს – გადაავლეთ თვალი მის დიპლომატიურ კარიერას და დაინახავთ, რომ დიპლომატიის ის წლები, რომელიც მან საფრანგეთის საგარეო საქმეთა უწყებაში გაატარა, დიდი ვერაფერი წინსვლით იყო გამორჩეული – მესამე  მდივანი აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანა ჩადში, საფრანგეთის საელჩოში და პარიზში საგარეო საქმეთა სამინისტროს კადრების სექტორში.

და ალბათ ასე დაამთავრებდა თავის დიპლომატიურ მოღვაწეობას, რომ არა ფორტუნა და საფრანგეთის ხელისუფლებაში მომხდარი ცვლილებები, ცხადია ნაცნობ-მეგობრების გამოჩენით. ვინაიდან „ჩაწყობა“ ყველგან მოდის, მათ შორის საფრანგეთშიც. ქალბატონმა სალომემ, მეორე სუნთქვით, დაიწყო მოღვაწეობა – დაანიშნინა რა თავი საფრანგეთის ელჩად საქართველოში.

„დაანიშნინას“ იმიტომ ვამბობ, რომ დაბალი დიპლომატიური რანგიდან ელჩობა, ერთობ ძნელი საქმეა, მაგრამ მან ეს მოახერხა წარმომავლობიდან (ქართველობიდან) გამომდინარე. ასე და ამრიგად, ირიბად, საქართველოს გამოყენებით, დაიწყო ქალბატონი ზურაბიშვილის ნამდვილი დიპლომატიური მოღვაწეობა.

ცოტა ხანს დაჰყო სალომემ საქართველოში საფრანგეთის ელჩად და ეს თანამდებობა პირველსავე შეთავაზებაზე მინისტრობაში გაცვალა. სალომეს „აღმომჩენი“ სააკაშვილი იყო, რომელსაც გაპრეზიდენტებამდე ჰქონდა მასთან ურთიერთობა.

სალომე და მისი მეუღლე, ჯანრი კაშია, 1995 წლიდან მოყოლებული, ძალას არ იშურებდნენ იმისთვის, რომ სალომე საქართველოს საგარეო უწყებაში მინისტრის მოადგილედ მაინც დაენიშნათ. ამ თხოვნით მათ პარიზში, ოფიციალურ ვიზიტად მყოფ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჩიკვაიძესაც მიმართეს, რომელმაც განუმარტა, რომ საფრანგეთის მოქალაქისთვის მსგავსი თანამდებობის მიღება შეუძლებელი იყო.

პასუხმა გაანაწყენინა ზურაბიშვილი, რაც მოგვიანებით, მინისტრობის პირველსავე დღეებში გამოჩნდა, ჩიკვაიძის სავალალოდ. გამინისტრებულმა ქალბატონმა ერთის ხელის მოსმით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, გაათავისუფლა საზღვარგარეთის ქვეყნებში მომუშავე საქართველოს ელჩები, მათ შორის ჩიკვაიძეც. გათავისუფლებულებმა არც კი იცოდნენ, რომ გათავისუფლებული იყვნენ, ვიდრე მასპინძელი ქვეყნის ხელისუფლებამ დელიკატურად არ განუცხადა, მათ ამის შესახებ.

ახალმა მინისტრმა არ ინება არც ერთ გათავისუფლებულ ელჩთან შეხვედრა. უფრო მეტიც, სამინისტროშიც არ შეუშვა, რაც თავისთავად მიანიშნებს მის თავხედობაზე.

ზურაბიშვილი უფრო შორს წავიდა – ელჩ არსენიშვილის თავიდან მოშორებისთვის გააუქმა საქართველოს საელჩო ავსტრიაში. საელჩოს გაუქმება, მასპინძელ მხარესთან შეუთანხმებლად, დიპლომატიური ნონსენსია. ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ უკმაყოფილება გამოიწვია ავსტრიაში, რამეთუ მსგავსი დემარში იმ შემთხვევაში იქნებოდა გამართლებული, ავსტრიას რომ საქართველოსთვის ომი გამოეცხადებინა.

ზურაბიშვილმა სამინისტროს კადრებიც „გაწმინდა“. ჩაანაცვლა რა ისინი თავისი და თავისი მეუღლის ახლობლებით, მეგობარ-ნათესავებით. ზურაბიშვილმა საფრანგეთში ელჩად განამწესა ვინმე ჯაფარიძე (ქალბატონი), რომელიც მანამდე საქართველოში ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ტექნიკური მუშაკი იყო. მისი მთავარი „დიპლომატიური“ გამოცდილება – მეუღლის შვილის დაქალობა იყო.

ზურაბიშვილის მიერ დანიშნული ვიღაც ქალბატონი მიქაძე, დღესაც ელჩობს ახლო აღმოსავლეთში და როგორც ამერიკელი ანალიტიკოსი ჯატრასი წერს თავის წიგნში – შავბნელი საქმეებითაც არის დაკავებული, კერძოდ 2009-10 წლებში თბილისში გამართულ შეკრებას, რომელსაც ფუნდამენტალისტი ისლამისტები ესწრებოდნენ, მათ შორის „ალ-ქაიდას“ წარმომადგენლებიც, სწორედ ის უკეთებდა ორგანიზებას, ცხადია საქართველოს შსს-თან ერთად.

ზურაბიშვილის მსგავსი ამბიციური, ძალაუფლების უხეშად გამომყენებელი პიროვნება საშიშია საზოგადოებისთვის, ქვეყნისთვის, ვინაიდან მან არ იცის სუბორდინაცია, არ იცის მმართველობითი სისტემა, არ იცის დიპლომატია, რაც იცის უკმეხი ლაპარაკი და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენაა.

მინისტრად ყოფნის დროს, მან მთავრობის სხდომაზე, რომელსაც სააკაშვილი უძღვებოდა, შენიშვნა მისცა ჟვანიას – პრემიერ-მინისტრს, მისდა დაუკითხავად უცხოეთში, ოფიციალური ვიზიტით გამგზავრებისთვის. ზურაბიშვილის გამოსვლამ არა მარტო ჟვანია გამოიყვანა მოთმინებიდან, არამედ სააკაშვილიც. იმ სხდომაზე მიხვდნენ, რომ ზურაბიშვილის გამინისტრება სავალალო შეცდომა იყო.

საზოგადოებას არ დავიწყებია ზურაბიშვილის გაჯიქება და პარლამენტის გამოძახებაზე უარის თქმა. ამ ამბავმა დაპირისპირა პარლამენტის თავმჯდომარე ბურჯანაძე და მინისტრი ზურაბიშვილი.

ზურაბიშვილისთვის ჩვეულებად იქცა ვიზიტის წინ მასპინძელი ქვეყნის საგარეო უწყების იგნორირება.

საზოგადოების გარკვეული ნაწილი დღესაც მადლიერია ზურაბიშვილის, საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის გამო. არადა ეს საკითხი შევარდნაძის დროს, სტამბოლის კონფერენციაზე გადაწყდა. გარდა ამისა, ეს ის საკითხია, რომელიც მთავრობათა მეთაურების დონეზე წყდება და არა საგარეო მინისტრების. მინისტრი ამ შემთხვევაში, მეორეხარისხოვანი პირია. გვინდა თუ არა მაინც უნდა ვთქვათ, რომ ჯარის გაყვანაში მთავარი, სააკაშვილი იყო და არა ზურაბიშვილი.

დიპლომატიაში დაშვებულმა უხეშმა შეცდომებმა სააკაშვილიც კი აიძულეს გაენთავისუფლებინა ზურაბიშვილი, თანაც იმ დროს, როდესაც ის სალაღობო „ვიზიტით“ იმყოფებოდა დიდ ბრიტანეთში. საკუთარ თავში დარწმუნებულმა ზურაბიშვილმა, საჯაროდ განაცხადა, რომ ეს ტყუილია – არ დაუჯერა რა პრემიერ-მინისტრ ნოღაიდელს, თან ისიც თქვა, რომ სააკაშვილს მისთვის არაფერი უთქვამს.

კარგა ხანს ელოდა ძალაუფლებას შეყვარებული, ნაცებთან ჩახუტებული ზურაბიშვილი სააკაშვილისგან შეთავაზებას და როდესაც ვერ მიიღო, იპოდრომს მიაშურა, ლოზუნგით – „ქაჯები კი არ მოდიან, არამედ მიდიან“ – არადა სამინისტროში მუშაობის პერიოდში მან დაამტკიცა, რომ ყველაზე დიდი ქაჯი თვითონ იყო.

მძიმედ იხსენებენ სამინისტროს იმჟამინდელი თანამშრომელები პერიოდს, მაგრამ ეს ფართო საზოგადოებამ არ იცის. რაც იცის, ისაა, იოსებ ჭუმბურიძემ რომ დაწერა. ამჯერად საქართველო ზურაბიშვილის ორმაგმა მოქალაქეობამ გადაარჩინა, მაგრამ ხვალ – ვინ და რა გადაარჩენს?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.