ისტორიული ძეგლები „შველას“ ითხოვენ

„საქართველოს რესპუბლიკის“ ა.წ. 3 დეკემბრის ნომერში გამოქვეყნდა საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლების მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისადმი, დავით აღმაშენებლის ძეგლის ძველ ადგილზე დაბრუნების თაობაზე. მიმართვას, მეორე მიმართვა უნდა მოჰყვეს – პრემიერთან შეხვედრის თხოვნით.

ერთია, გაზეთში გამოქვეყნებული მიმართვა (მას ან წაიკითხავს, ან არა) და მეორეა პირადი საუბარი, რომლის დროს გამოჩნდება, იქნება თუ არა ის, ამ საკითხის გადაწყვეტისთვის მზად. პირად საუბარში გაცილებით იოლად დასაბუთდება ნაცთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების საწინააღმდეგო ქმედება.

ნაცთა გადაწყვეტილება იმიტომ კი არ მოითხოვს რევიზიას, რომ ის ნაცთა მიერ არის მიღებული, არამედ იმიტომ, რომ ჭეშმარიტება აღდგეს. დავით აღმაშენებლის ძეგლი ორგანული ნაწილი იყო დედაქალაქის გულისა. დედაქალაქის გული კი მთელი საქართველოს გულია. სწორედ მისთვის შექმნა მერაბ ბერძენიშვილმა შესანიშნავი ქმნილება და არა ქალაქის განაპირა ადგილისთვის.

დიდი მეფის ძეგლი ქართველთათვის მარტო ძეგლი  არ არის. ის ერის სიძლიერის, სუვერენიტეტის, მარადისობის სიმბოლოა და რახან ასეა, ის ქალაქის ერთ-ერთ შემოსასვლელში კი არა, გულში უნდა იდგეს. ჩემის აზრით, „მეოცნებე“ ხელისუფლებას, შეხსენების გარეშე, უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ. . .

ძეგლის დაბრუნებასთან ერთად აუცილებელია „მელიქ კაზარიანცის“ შენობის რესტავრაცია და მისი უკანა ნაწილის წესრიგში მოყვანა. რამდენი ხელისუფლება უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში, რომ უპატრონოდ მიტოვებული შენობის აღდგენა მოხდეს?

გაცილებით ადრე რომ დაწერილიყო ეს მიმართვა, თუნდაც ნაცთა დროს, როდესაც ძეგლი გადაჰქონდათ, უკეთესი იქნებოდა, ვინაიდან მცირედი მხარშიდგომა გაამხნევებდა ძეგლთან შეკრებილ ხალხს, თემურ შაშიაშვილის თაოსნობით. არ გაჭრა მისმა მოწოდებამ – ძეგლის დაცვის მიზნით ქუდზე კაცის გამოსვლა.

საზოგადოების ინდიფერენტულობამ შთააგონა ნაცები საკუთარ უძლეველობაში. დაინგრა ძველი და აშენდა ახალი – უგვანო და მიუღებელი, ერთობ შეუფერებელი ძველი ქალაქისთვის – უფუნქციო ხიდი, მეტალის მილები, იუსტიციის სახლი, გმირთა მოედნის ურჩხული ესტაკადა, შუაში ამოზრდილი სვეტით – შიფერის მსგავს მასალაში გახვეული. და ამ სიმახინჯეში სადღაც, გორაკის ძირში, სრულიად შეუფერებელ ადგილას, პრიმიტიული თეთრი კედელი – აფხაზეთში დაღუპულთა სახელებით.

დღევანდელი, გუშინდელი და გუშინწინდელი ხელისუფლება პატიჟებდა და პატიჟებს ყველა უცხოელ სტუმარს მემორიალის გვირგვინით შესამკობად –  ავტომანქანების გამაყრუებელ ხმაურსა და აუტანელ გამონაბოლქვში.

დაღუპულთათვის პატივის მიგება სიმშვიდის ატმოსფეროში, შესაბამის გარემოში უნდა ხდებოდეს და არა იქ, სადაც ეს ხდება.

გვქონდეს გმირთა მემორიალი და მაინც პრიმიტივიზმისკენ მივექანებით, ჩვენსავე პრიმიტიულობას ხომ არ უსვამს ხაზს?

მერაბ ბერძენიშვილის მარჯვენამ შესანიშნავი გმირთა მემორიალი შექმნა ვაკის პარკში, რომელიც ხელისუფლების წყალობით დავიწყებას მიეცა, ნაცვლად იმისა, რომ აღედგინა და იქვე მიეჩინა ადგილი აფხაზეთში დაღუპულთათვის, „გმირთა“ მოედანი ამოირჩია. გმირთა მოედანს ვამბობ, თორემ რა უგავს მას მოედნის?

დიდ სამამულო ომს ახალი ქართველობა არ ცნობს – ჩვენი ომი არ იყოო, ამბობს. ამიტომაც ააფეთქა გმირთა მემორიალი ქუთაისში – მდუმარე ხალხის წინ. მდუმარე ხალხის წინ, ახალმა გურულებმა, გურიისა და საქართველოს გმირი გენერლების ლესელიძის, ჩანჩიბაძის, სხვათა ბიუსტები აიღეს და მათ ადგილას ტუალეტი ააშენეს. მდუმარე თბილისელების თვალწინ გაიძარცვა და გაპარტახდა ვაკის პარკში არსებული მემორიალი. მდუმარე გორელებმა მხოლოდ თვალი გააყოლეს სტალინის წაქცეულ ძეგლს.

ნადგურდება არა მარტო ძეგლები, არამედ ძეგლად ქცეული შენობა-ნაგებობები. ამ ხელისუფლებამ რიხით განაცხადა, „მიხაილოვის“ საავადმყოფოს შენობის ყოფნა-არყოფნის თაობაზე. კვირიკაშვლიმა ბრძანა – „პლეხანოვის“ გამზირს თანამედროვე სასტუმრო დაამშვენებსო. კეთილი, მაგრამ ამ ვიწრო ქუჩაზე სასტუმრო, თანაც „ვარსკლავებში“ , რამდენად მოსახერხებელი იქნება?

„პლეხანოვზე“ იყო თავის დროზე სასტუმრო „რუსთავი“, რომელიც გაიყიდა და მას შემდეგ სრულიად უფუნქციოდ დგას. არავინ ინტერესდება უნიკალური შენობის ბედით, ისევე როგორც არ ინტერესდებოდა ყოფილი კინოთეატრის „აპოლოს“ ბედით. კიდევ კარგი ვიღაცა დაინტერესდა ამ შენობით, უფრო სწორად კულტურის სამინისტრო. იქნებ, რამე ეშველოს?

მიტოვებული შენობების რაოდენობა თვალშისაცემია, თანაც ეს ისეთი შენობებია, რომლის მსგავსს დღეს ვერ ააშენებენ. ავიღოთ თუნდაც კოსტავას ქუჩაზე მდებარე სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყოფილი შენობა. შემოღობეს, ძონძები ჩამოაცვეს და ამით მორჩა რეკონსტრუქცია. შენობა ჩვენს თვალწინ ინგრევა, ისევე როგორც „იმელის“ უნიკალური შენობა. გაუგებარია თბილისის ყოფილი უნივერმაღის ბედიც, რახანია ეს შენობა „ბამბანერკასავით“ დოლბანდშია გახვეული. არც არავის აწუხებს მისი მომავალი, ისევე, როგორც „თავისუფლების“ მოედანზე გამოშიგნული, „ცეკავშირის“ ყოფილი შენობა.

როგორც იქნა საშველი დაადგა პარლამენტის შენობის წინ არსებული თავისუფალი სივრცის გამოყენების საქმეს. იქ ბიზნესმენი ჯოხთაბერიძე თანამედროვე მხატვრების ნამუშევართა საგამოფენო სახლს აგებს. მშენებლობა დაწყებულია და ვიდრე გვიან არ არის, იქნებ ნაცვლად ჩანაფიქრისა, მომავალ შენობაში ადგილი დაედოს ხელნაწერთა ინსტიტუტს, თავისი უნიკალური საგანძურით?

ერი, რომელიც თავის ისტორიას პატივს არ სცემს, სხვისგან პატივისცემას არ იმსახურებს.

წარსულისადმი უპატივცემულო დამოკიდებულება ყველა ხელისუფლებისთვის იყო დამახასიათებელი. გამსახურდიამ „იმელის“ შენობის ფასადზე არსებული ბარელეფი გაანადგურებინა, შემდეგ პარლამენტის შენობის ფასადზე, ქვაში ამოტვიფრული საბჭოური სიმბოლიკა ჩაქუჩებით ამტვრევინა.

„მეოცნებე“ ხელისუფლებამ თავისი უარით, შეიძლება პრეზიდენტის სასახლე გაანადგუროს. პრეზიდენტის სასახლე ღარიბ ქვეყანას არ შეეფერებაო და ამერიკულ-ქართულ უნივერსიტეტს გადაულოცა. რა არასერიოზულობაა! შენობამ რა დააშავა? ეს სასახლე პრეზიდენტისთვის იყო აგებული და არა სააკაშვილისთვის. შენობის პროფილის შეცვლას, უდავოდ მოჰყვება ხარჯები, შენობის „გაუპატიურება“.

ძეგლებისადმი, ძველი და ახალი შენობა-ნაგებობებისადმი ცუდი მოპყრობა ნამდვილად არ მეტყველებს ერის განსწავლულობაზე. ის სხვა რამეზე მიანიშნებს, დაახლოებით იმაზე, რაც „თალიბებმა“ იკადრეს ავღანელი ხალხის მიერ შექმნილ ისტორიულ ძეგლთან დაკავშირებით.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.