რა ბედი ეწევა პრეზიდენტის სასახლეს?

პარადოქსებით აღსავსე ქვეყანაა საქართველო. შია და თავდავიწყებით კამათობს პირველ „ლედობაზე“; უჭირს, მაგრამ ფიქრობს არჩეული პრეზიდენტის რეზიდენციაზე; ცივა და სწყურია, მაგრამ თავითფეხებამდეა გადაშვებული პრეზიდენტის ინაუგურაციის პერიპეტიებში. ჩამოთვლილი „სამოქალაქო“ პოზიციის დაფიქსირებაში საზოგადოების გვერდში დგას ქვეყნის მედია. მისი დამსახურება ხალხის „განათლებაში“ – ფასდაუდებელია, ისე, როგორც მიმავალი მესამე პრეზიდენტის – მისი საქმენი საგმირონი, მომავალშიც არაერთხელ შეგვახსენებს თავს.

ინაუგურაციამდე საკმაო დროა დარჩენილი საზოგადოების დამსახურებულ-დაუმსახურებელი ნაწილისთვის ქვეყნის უმაღლესი ორდენით დასაჯილდოებლად, დამნაშავეთა შესაწყალებლად, უცხოელთათვის მოქალაქეობის მისაცემად,  უცხოეთში რამდენიმე ვოიაჟის განსახორციელებლად და ა.შ. მიმავალი პრეზიდენტისგან – მისი გაქანებიდან, უფრო სწორად, შექანებიდან გამომდინარე, რას არ უნდა მოელოდეს კაცი.

ხანგრძლივი გამოდგა პრეზიდენტთან გამოთხოვების ჟამი. თითქმის ერთი წელიწადი ვეთხოვებით და ვერადავერ ვეღირსეთ წასულ, ყოფილ პრეზიდენტს. დღე ისე არ ჩაივლის მიმავალმა ახალი სიურპრიზებით არ „გაგვახაროს“. განა „გასახარი“ არ იყო ბრიუსელში ევროკავშირის ხელმძღვანელ ბაროზუსთან მივარდნა ან საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტ სარკოზისთან ჩახუტება?

ძალიან „გაგვახარა“ სააკაშვილის მიერ სარკოზის დახასიათებამ და იმის აღნიშვნამ, რომ სარკოზი წასული პრეზიდენტიც არის და მომავალიც, რითაც ხაზგასმით მიგვანიშნა საკუთარი პერსონის პოლიტიკურ მომავალზე. მარტო ამ მინიშნებისთვის ღირდა პარიზში ჩაფრენა.

სააკაშვილი უკვე მერამდენედ გვეუბნება, რომ აუცილებლად დაგვიბრუნდება. ზოგს მისი განცხადება სისულელე, აუსრულებელი ოცნება ჰგონია, მაგრამ ვინ იცის? ჯერ-ჯერობით რაც დაგვპირდა შეასრულა და არც მომავალში შეირცხვენს თავს. შეგვისრულა ის, რაც მას უნდოდა და არა ის, რაც ჩვენ, მაგრამ საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის – ხომ შეასრულა?

სააკაშვილი მიდის და იწყალებს ბაჩანა ახალაიას. საზოგადოება ელის, რომ ჯერაც სამსჯავროს მიერ გამოუტანელ დანაშაულისთვის შეიწყალებს სააკაშვილი ახალაიას, შესაძლოა მერაბიშვილსაც. გაუკვირდება ვინმეს, რომ თქვას – მომავალში, ნაციონალებიდან, ვისაც სამართალში მისცემენ ყველას წინასწარ ვიწყალებო?

არ გაგვიკვირდება, ვინაიდან მსგავს „ფოკუსებს“ სააკაშვილმა შეგვაჩვია. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ქართულ „დიდ“ პოლიტიკაში ავანსად „საქმის“ მოგვარების საკითხი ახალ მნიშვნელობას იძენს.

თითქმის წასული პრემიერ-მინისტრი გვპირდება, რომ თბილისის მომავალი მერის ვინაობასაც დაასახელებს – ისე, უბრალოდ, საკუთარი სურვილისამებრ და არა თავსმოხვევის მიზნით. თავმდაბლური, მორიდებული განცხადებაა. მას საერთო არაფერი აქვს ბრძანებასთან. არ გინდათ და ნუ აირჩევთ. მაგრამ დედიშენის შვილი ხარ და ნუ აირჩევ. საქართველო ისეა აწყობილი, რომ მიმავალი პრემიერის „მორიდებული“ ნათქვამიც სავალდებულოდ აღიქმება.

ამას წინათ თავის ერთ-ერთ ინტერვიუში ივანიშვილმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში, საქართველოს ორი დიდი პოლიტიკოსი დატოვებს თანამდებობას, რაც ცხადია სინამდვილეს შეესაბამება. ორივე – მიდის პოლიტიკური სარბიელიდან, თუმცა ორივე არსად არ მიდის.

მართალი იყო ივანიშვილი, როდეასც მისი წასვლით დამწუხრებულ საზოგადოებას ეფიცებოდა – არსად არ მივდივარ – გადავდივარო. გარეთ ვიქნები, საზოგადოებრივ სექტორში – თან ხალხს გავზრდი, თან ცალი თვალით ხელისუფლებას ვუყურებ და თუ არ მომეწონება, აუცილებლად ვიტყვიო. იტყვის და ეს თქმა მის მიერ დანიშნული ყმაწვილებისთვის ბრძანების ტოლფასი იქნება.

ძნელად შეიძლება მსოფლიოში მოიძებნოს ადამიანი, რომელსაც ისე აეწყოს (ცხადია თავის თავზე) საქვეყნო საქმე, როგორც ივანიშვილმა ააწყო. პარლამენტის უმრავლესობა, პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, მინისტრები, დაბალ-მაღალი თანამდებობების პირები, მის დაქვემდებარებაშია და საკმარისი იქნება მინის კოშკში (ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრში) დაბალ ხმაზე ჩალაპარაკება, მეორე დღესვე კანონად გამოცხვება.

საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება ახალ – კულისებიდან მართვის ფაზაში შედის, თუ ამას დავუმატებთ იმასაც, რომ დიდი ფულის პატრონი ივანიშვილი არასამთავრობო სექტორს ფულური გავლენით მიიმხრობს – არასამთავროები, აღმასრულებელ-განმკარგულებელი ორგანოები მის კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება. განა რამე სჯობს ამას?!

საქართველო ისეთ ფაზაში შედის, როდესაც პირველ „ლედობას“ ერთი პირი წყვეტს. მან თქვა, რომ პირველი „ლედი“ პრემიერის ცოლი იქნება. და რახან მან თქვა – წყალი არ გაუვა. მერე რა, რომ პრეზიდენტის ცოლი ითვლება პირველ „ლედად“ მთელს მსოფლიოში? მერე რა, რომ პრეზიდენტი დებს ფიცს ერის წინაშე, პრემიერი კი პარლამენტის მიერ აირჩევა? მერე რა, რომ პრემიერი ერთ საპრეზიდენტო ვადაში არაერთხელ შეიძლება შეიცვალოს? 

ისე, კაცმა რომ თქვას, რას აძლევს საქართველოს ვიღაცის პირველი „ლედობა“? არც არაფერს, გარდა პირველი „ლედის“ „კაპრიზებისა“. ღირს ამ თემაზე  ამდენი ლაპარაკი? ღირს! ვინაიდან მთავარია საზოგადოების გაჭირვებული ცხოვრების, ყოველდღიური პრობლემების სხვა „სალაღობო“ თემებით გადაფარვა, რასაც მოჭარბებული გულმოდგინებით ასრულებს მედია. ერთი კვირაა ბეჭდური თუ ელექტრონული მედია გულმოდგინებით არჩევს საქართველოსთვის ამ უაღრესად „მნიშვნელოვან“ საკითხს.

არანაკლები ყურადღება ეთმობა ინაუგურაციის თემასაც და ამ თემაზე საგარეო საქმეთა მინისტრთან ჩატარებულ სხდომებსაც, შემდეგ მინისტრის განმარტებას – თუ სად დადებს ფიცს ახალი პრეზიდენტი, სად აპირებს მისვლას, სად გაიმართება კონცერტი და ა.შ. მინისტრი იმასაც გვპირდება, რომ მომავალი ინაუგურაცია ისეთი პომპეზური არ იქნება, როგორც სააკაშვილის დროს. დიდი ფულის დახარჯვას ვერიდებითო, ამბობს „მომჭირნე“ მთვრობის, „მომჭირნე“ მინისტრი.

მოკრძალებულია ახალი პრეზიდენტიც – მე ათონელის ქუჩაზე დავიდებ ბინას, – ამბობს ის და უარს აცხადებს პრეზიდენტის სასახლეში შესვლაზე. თუმცა ეს საკითხი ერთი წლის წინათ გადაწყვიტა ყოვლისშემძლე ივანიშვილმა. გახსოვთ ალბათ, მისი ნათქვამი – ღარიბი ქვეყნის პრეზიდენტს ასეთი სასახლე არ ეკადრებაო და უმალ დაუმატა, რომ იფიქრებს მისი სხვა დანიშნულებისთვის გამოსაყენებლად. ამ განცხადების შემდეგ არჩეული პრეზიდენტი გაბედავდა სასახლისკენ გახედვას?!

„ოცნებელთა“ ქმედებასა და განსაკუთრებით განცხადებებში თვალშისაცემია „საშური ერთსულოვნება“, უფრო ზუსტად ერთნაირი მეტყველება. საკმარისია ივანიშვილის მიერ რაღაცის თქმა და იმავე წუთს მისი გუნდის მხრიდან კაჭკაჭური გამეორება – იგივე სიტყვებით, ოღონდ მომეტებული პათოსით. ასე და ამრიგად ხიდაშელმა – შეეხო რა პრეზიდენტის რეზიდენციის საკითხს, თქვა, რომ მოპარული ფულით ანუ უფრო ზუსტად, შეწერილით, აშენებულ სასახლეში შესვლა არ ეკადრება პრეზიდენტს და იქვე დაუმატა, რომ იქ სასწავლო დაწესებულება დაიდებს ბინასო.

კაცმა რომ თქვას, თუ პრეზიდენტისთვის არ შეიძლება „ბილწ“ შენობაში ყოფნა, მითუმეტეს არ შეიძლება ქართულ-ამერიკული ინსტიტუტისთვის. ხიდაშელის გადასაწყვეტი რომ იყოს, შენობას ალბათ დაანგრევინებდა.

პარლამენტის „ფერსტ ლედის“ ნათქვამმა უმალ გამახსენა 1991-92 წლების თბილისის ომის „გმირი“ გენერლების განცხადება, რომელიც მათ ომის დამთავრებისთანავე გააკეთეს. ეს შენობა (მხედველობაში ჰქონდათ პარლამენტის შენობა) უნდა დაინგრეს, ვინაიდან სატანის ბუდე იყოო. სატანა, მათი აზრით, პრეზიდენტი გამსახურდია იყო.

შენობის დანგრევის თემას ისიც ამყარებდა, რომ ის ძველი ეკლესიის ადგილზე იყო აშენებული, ქართველ პატრიოტთა ძვლებზე. ეს, რაც შეეხება შენობის უკანა ნაწილს – მეორე მსოფლიო ომამდე აშენებულს. რაც შეეხება შენობის იმ ნაწილს, რომელიც რუსთაველის პროსპექტზე გამოდის, ომის შემდეგ აშენდა გერმანელი ტყვეების მიერ და მისი ჰარიჰარად დანგრევა არცთუ იოლი საქმე იყო.

არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა – შენობა ხალხს უნდა დაუბრუნდესო. მაინც რაოდენ ამაღლებულად არის ნათქვამი, ჰოდა თუ იოტისოდენა  ჭეშმარიტებაა ამ განცხადებაში ჩაქსოვილი, იქნებ „სტუდ-ქალაქის“ „ბარაკებში“ მცხოვრები ლტოლვილებისთვის მიგვეცა პრეზიდენტის სასახლე? ვერ შეიფერებენ თუ რა?

ჩვენდა სამწუხაროდ, მძიმე სენი შეგვეყარა – არასასურველი პოლიტიკოსისთვის შესაბამისი ანგარიშსწორების განუხორციელებლობის გამო, ჯავრს იმ შენობაზე ვიყრით, სადაც  ის მუშაობდა.

პრეზიდენტის სასახლე – სახეა ქვეყნისა, ისე, როგორც დროშა, ჰიმნი, გერბი. მას თვალის ჩინივით ესაჭირეობა გაფრთხილება. გაჭირვებულ ქვეყანას პრეზიდენტის შესაფერისი სასახლე უნდა ჰქონდეს, მაგრამ ყოველთვის ხომ არ ვიქნებით გაჭირვებულები? იქნებ ოდესმე დადგეს ისეთი ცხოვრება, რომელიც მთელი სიგრძე-სიგანით პრეზიდენტის სასახლის სადარი იქნება?!

სააკაშვილმა ააშენა სასახლე. მას სურდა დიდხანს ყოფილიყო იქ, მაგრამ მიხვდა, რომ მიზეზთა გამო იქ ვერ დარჩებოდა – პრემიერობა ისურვა, მოირგო რა კონსტიტუცია და პრემიერის მომავალი რეზიდენცია ათონელის ქუჩაზე.

სააკაშვილმა ააშენა პრეზიდენტის სასახლე, რითაც მოხსნა დიდი პრობლემა პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით. ეს პრობლემა დამოუკიდებლად ცხოვრების პირველივე დღიდან წარმოიშვა, მაგრამ გადაიჭრა სააკაშვილის თუნდაც ვოლუნტარისტული გადაწყვეტილებით.

საქართველოს აქვს პრეზიდენტისა და მისი ადმინისტრაციის მუშაობისთვის საჭირო წარმომადგენლობითი შენობა, რომელიც გათვლილია პრეზიდენტის პროტოკოლურ ფუნქციებზე, ისეთზე, როგორებიცაა – საზღვარგარეთის ქვეყნების მეთაურების მიღება, წვეულებების მოწყობა, საზეიმო ღონისძიებების ჩატარება, სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოება და სხვა.

მომავალი პრეზიდენტის ფუნქციები გაცილებით შეზღუდულია, მაგრამ არა სახელმწიფო პროტოკოლის დარგში. ზოგს რატომღაც ჰგონია, რომ მხოლოდ ფუნქციებით დახუნძლული პრეზიდენტი უნდა იყოს სასახლეში და არა ნაკლები ფუნქციების მატარებელი. პრეზიდენტის პროტოკოლური ფუნქციები არავის გაუუქმებია. ის, იარსებებს მანამ, ვიდრე იქნება სუსტი თუ ძლიერი პრეზიდენტი, ვიდრე ქვეყანა იქნება საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო. დავუშვათ, საპარლამენტო სისტემამ არ გაამართლა და მოგვიხდა ისევ საპრეზიდენტო მმართველობაზე დაბრუნება – მაშინ რას ვიზამთ? ახალ სასახლეს ავაშენებთ?

სასწავლო დაწესებულებად გადაკეთებული პრეზიდენტის სასახლე არც სასახლეს წაადგება და არც სასწავლო დაწესებულებას. დაინგრევა შენობა, გადაკეთებ-გადმოკეთებით და ამ საქმეში არცთუ მცირე თანხის ჩაყრით.

„ნაროდნიკული“ მიდგომა ერთობ სერიოზული საქმისადმი ცუდის მომასწავლებელია, ისე, როგორც ბათუმის აშენებული ქართულ-ამერიკული ინსტიტუტის მაღალი შენობის სასტუმროდ გადაკეთება. ვინმემ იფიქრა, რა დაჯდება სასწავლო დაწესებულების სასტუმროდ გადაკეთება? ან ვის სჭირდება მსგავსი „მსხვერპლი“? თუ საერთოდ უარს არ ამბობს დღევანდელი ხელისუფლება ქართულ-ამერიკულ სასწავლებელზე, მაშინ რა საჭიროა მისი ადგილმდებარეობის, მითუმეტეს შენობის შეცვლა? ყოველივე ეს ხომ დიდ ფულთან არის დაკავშირებული?

ათონელის ქუჩაზე, ერთობ ვიწროსა და პრეზიდენტის კორტეჟის, პრეზიდენტის სტუმრების ავტომანქანებისთვის შეუფერებელზე, ალბათ არავის უფიქრია. არ უფიქრიათ იმაზე, რომ ქუჩის გადაკეტვას სისტემატურად ექნება ადგილი. არ უფიქრიათ იმაზე, რომ გაუსაძლისი ცხოვრებით გაბეზრებულ თბილისელებს გაურთულდებათ ათონელის ქუჩისა და მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილება. ამ თვალსაზრისით პრეზიდენტის არსებული სასახლე არავითარ პრობლემას არ ქმნის, რაც ნამდვილად არ არის უმნიშვნელო რამ.

უარი ითქვას პრეზიდენტის სასახლეზე იმიტომ, რომ შენახვა ძვირი ჯდება, აბსურდია. მარტო, უცხოეთში უსაგნო ხეტიალისთვის გამოყოფილი ხარჯების შემცირება იქნებოდა საკმარისი სასახლის ხარჯების დასაფარავად.

უარი ითქვას პრეზიდენტის სასახლეზე იმიტომ, რომ „შეწერილი“ ფულით არის აშენებული – აბსურდია. კიდევ უფრო დიდი აბსურდია – შენობაზე უარის თქმა იმიტომ, რომ ის სააკაშვილის ახირებული სურვილით არის აშენებული. შენობას არაფერი დაუშავებია.

პრეზიდენტის სასახლეში მოღვაწეობენ დადებითი თუ უარყოფითი, წარმატებული თუ წარუმატებელი, ხალხის საყვარელი თუ საძულველი პრეზიდენტები. პრეზიდენტი ბუში (უმცროსი) ვერაფრით იმსახურებს ამერიკელთა სიყვარულს, გარდა ამისა მის მიერ წამოწყებულმა ორმა ომმა, უმძიმესი შედეგები მოუტანა ამერიკას. დემოკრატ პრეზიდენტს, ობამას, ქართული აზროვნების მიხედვით, უარი უნდა ეთქვა „თეთრ სახლში“ შესვლაზე და ვაშინგტონის რომელიმე სახლში   უნდა დაედო ბინა.

მაგრამ იქ სხვაგვარად აზროვნებენ. თუ რამეა გადმოსაღები აშშ-ნ, სწორედ ეს არის – ტრადიციებისათვის პატივისცემა.

სააკაშვილმა ააშენა პრეზიდენტის სასახლე. გაივლის წლები, სააკაშვილის სახელი დავიწყებას მიეცემა, მაგრამ სასახლე დარჩება და დარჩება იმ შემთხვევაში, როდესაც ის შეასრულებს სასახლის და არა სასწავლო ან სხვა სახის დაწესებულების ფუნქციებს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.