ამერიკის ფიცი – ძნელი დასაჯერებელია

5-6 სექტემბერს სანკტ-პეტერბურგში გაიმართება „დიდი ოცეულის“ სამიტი. ამ ღონისძიების მნიშვნელობაზე ლაპარაკი ზედმეტია, მითუმეტეს ახლა, როდესაც მსოფლიოში საფინანსო და ეკონომიკური ვითარება სავალალო მდგომარეობაშია. კრიზისი იგრძნობა ყველგან – აშშ-დან დაწყებული, ნებისმიერი დიდი თუ პატარა ქვეყნით დამთავრებული.

მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები და ფინანსისტები შორსმიმავალი პროგნოზებისგან თავს იკავებენ, რაც იმის მაუწყებელია, რომ მიმდინარე საფინანსო-ეკონომიკური პროცესები ნაკლებად ექვემდებარება პროგნოზირებას და განპირობებულია როგორც პოლიტიკური, ისე სხვადასხვა სახის ქმედებებით, გაუმართლებელი სამხედრო ხარჯებით, ხშირ შემთხვევაში მის მიმართ ხელის შეწყობით, ავანტიურისტული გეგმების განხორციელებით და ა.შ.

სანკტ-პეტერბურგის სამიტის 2 დღე, აბურდულ საფინანსო-ეკონომიკურ ცხოვრებას ვერ დაალაგებს, ვერც პეტრე პირველის დროს აშენებული და ვლადიმერ პუტინის გარემონტებული, გათანამედროვებული ალექსანდრეს სასახლის ფეშენებელური ინტერიერ-ექსტერიერი შეასრულებს გადამწყვეტ როლს ამ საქმის მოწესრიგებაში, მაგრამ უდავოდ ხელს შეუწყობს გარკვეული ნაბიჯების გადადგმას უკეთესი მსოფლიოსკენ.

შეხვედრაში მონაწილე 20 სახელმწიფოს ლიდერს და მათთან ერთად მიწვეულ სხვა ქვეყნების ხელმძღვანელებს შესაძლებლობა ექნებათ, სანკტ-პეტერბურგიდან დაშორებით, მშვიდ, წყნარ ადგილზე, სუპერ პირობებში, კონცენტრაცია მოახდინონ მთელ რიგ საკითხებზე – ეკონომიკიდან დაწყებული, პოლიტიკით დამთავრებული.

სამიტისთვის შექმნილი გარემო, ის, რაც ექსკლუზიურად აჩვენეს ტელეკომპანია „როსია-24“-ის ეთერში, ამის დასტურად შეიძლება ჩაითვალოს. საერთოდ, მსგავსი სამიტის ადგილის ზედმიწევნითი ჩვენება ტელეეკრანებზე – უსაფრთხოების მიზნით, რეკომენდებული არ არის. ის რამდენიმე წუთი, რომელიც რუსულმა ტელეარხებმა დაუთმეს სამიტის ადგილის ჩვენებას, გარკვეულ დადებით შთაბეჭდილებას ქმნის ამ ღონისძიების ორგანიზებულად ჩატარებისთვის. როგორც ჩანს G-20-ს თავმჯდომარე რუსეთმა ერთი წლის განმავლობაში არა მარტო ტექნიკურ მხარეზე იზრუნა (რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია), არამედ შინაარსობრივზეც – სამიტის დღის წესრიგისა და განსახილველი თემების სახით.

სამიტის თავმჯდომარე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იქნება.

არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ სამიტის მასპინძლის გუნება-განწყობილებისთვის დიდი მნიშვნელობა ექნებოდა სამიტამდე, 3-4 სექტემბერს, რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტების მოსკოვის შეხვედრა-მოლაპარაკებას.

სამწუხაროდ, ორი დიდ სახელმწიფოს შორის, შავი კატის, სნოუდენის გარბენამ უარი ათქმევინა აშშ-ს პრეზიდენტ ბარაკ ობამას პუტინთან შეხვედრაზე. რუსეთის მიერ სნოუდენის შეფარებამ გაანაწყენა ვაშინგტონი და ხელი ააღებინა ორი პრეზიდენტის ორი თვის წინათ დაგეგმილ გადაწყვეტილებაზე.

საკუთარი პოზიციების გასამყარებლად (რომ მარტო სნოუდენი არ ყოფილიყო შეხვედრის ჩაშლის მთავარი მიზეზი) თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯეი კარნიმ განაცხადა: „ივლისიდან დაწყებული გულმოდგინედ გავაანალიზეთ რა, ამერიკა-რუსეთის ურთიერთობები, იმ დასკვნამდე მივედით, რომ ორ ქვეყანას შორის არსებულ დღის წესრიგში არ არის პროგრესი, მოლაპარაკების გასამართავად“.

კატეგორიული იყო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწის მოადგილის ბენ როდსის განცხადება: „პრეზიდენტი და ეროვნული უსაფრთხოების ჯგუფის მრჩევლები ერთხმად ვთვლით, რომ უმაღლეს დონეზე შეხვედრას ამ ვითარებაში აზრი არ აქვს“.

ამერიკელთა იმედგაცრუებას შემდეგი საკითხები იწვევს: შეუთანხმებლობა ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებასთან დაკავშირებით, სტრატეგიული იარაღის არსენალის შემცირების, სირიის კრიზისის, რუსეთში ადამიანის უფლებების დარღვევის, ირანის ბირთვული პროგრამის საკითხები.

ადამიანის უფლებებში უპირველეს ყოვლისა იგულისხმება რუსეთის დუმის მიერ მიღებული კანონი, რომელიც კრძალავს გეი-პროპაგანდას. რუსეთის ხელისუფლება გამოდგა ის კერკეტი კაკალი, რომელიც ვერადავერ გატეხა ვაშინგტონმა. ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებამ 15-ზე მეტი ქვეყანა მოიცვა და როგორც ჩანს წლის ბოლომდე რიცხვი გაორმაგდება. რუსეთის ხელისუფლება ხმალამოღებული იბრძვის ამ არანორმალურობის წინააღმდეგ და ნაცვლად იმისა, მადლობა მიიღოს დასავლეთის მხრიდან, პირიქით ზღვარგადასულ საყვედურებს იღებს, თანაც საბოტაჟის მოწყობის მუქარით და ა.შ.

ანტირუსულ კამპანიას თვით აშშ-ს პრეზიდენტი დირიჟორობს. დასავლეთი არადემოკრატიულს უწოდებს ყველას, ვინც გაუკუღმართებული ცხოვრების წესის წინააღმდეგია. დასავლეთი დემოკრატიულად მიიჩნევს ყველას, ვინც გეი-ქორწინებას დააკანონებს. დასავლეთის სტანდარტებით – დემოკრატია სწორედ ისაა, რასაც ის ქადაგებს. სხვა, ან სხვათა დემოკრატია მიუღებელია.

„მოსკოვი დღემდე „ცივი ომის“ მენტალიტეტის მოტრფიალეა“, – აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტი და ამაში გულისხმობს მოსკოვის განსხვავებულ აზრს ყველა ზემოთჩამოთვლილ საკითხებში და რაც მთავარია მამათ და დედათმავლობაში. მაინც რა მახვილი გონება უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს მმართველს, თანაც როგორის, მსოფლიო პოლიტიკა საჯდომის, უფრო სწორად, ანალური არხის დონეზე დაიყვანოს.

თვით ვაშინგტონი მზად არ არის ზემოთჩამოთვლილი საჭირბოროტო საკითხების მოსაწესრიგებლად.

ავიღოთ სირია. ორი წელია ამ ქვეყანაში გაქანებული ომია, რომელსაც სამოქალაქო უკვე აღარ ჰქვია, ვინაიდან ბაშარ ასადის წინააღმდეგ ვინ არ იბრძვის – „ალ-ქაიდა“, სალაფიტები, ათასი ჯურის ტერორისტები, რომლებსაც მხარს უჭერენ ვაშინგტონი და მისი ევროპელი მოკავშირეები – იარაღით, ფულით, ინფორმაციით და ა.შ. ბაშარ ასადის წინააღმდეგ ამხედრებულ ქვეყნებს არა სირიელი ხალხის ბედ-იღბალი, არამედ საკუთარი ინტერესები ამოძრავებთ. და რახან ამ ინტერესთა წინააღმდეგ გამოდიან რუსეთი, ირანი, ჩინეთი, ისინი სირიის საკითხში ცდებიან.

რახანია დასავლეთი ცდილობს ისეთი საბაბის მოძებნას, რომელიც ხელს გაუხსნიდა მას ინტერვენციის განხორციელებაში. ერთ-ერთი ასეთი საბაბი – ხელისუფლების მიერ ამბოხებულთა წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაა. სულ ახლახანს, ამბოხებულებმა ინტერნეტში გაავრცელეს დაზარალებულთა ვიდეო-კადრები, რომლებიც ვითომ ბაშარ ასადის ქიმიური თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ.

და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც სირიის ხელისუფლების თანხმობით ქვეყანაში გაეროს სპეცკომისია მუშაობს იმის დასადგენად, თუ ვინ გამოიყენა ქიმიური იარაღი წინა შემთხვევაში. მხოლოდ ჭკუიდან გადასული ხელისუფლება გამოიყენებდა ქიმიურ იარაღს მაშინ, როდესაც საგამოძიებო კომისიაა ქვეყანაში.

ბაშარ ასადის გადადგომა რახანია მოითხოვა ობამამ, ვგონებ დაუფიქრებლად, ვინაიდან ასადის წასვლა უფრო დიდი ქაოსის და რაც მთავარია, ომის სხვა ქვეყნებზე გავრცელების საბაბი გახდება. ამ პოზიციას იზიარებს რუსეთი.

მეორე შეუთანხმებელი საკითხი ირანის ბირთვული პროგრამაა. ირანი აკეთებს იმას, რაც საერთაშორისო სამართლით დაშვებულთა. მას უფლება აქვს გაამდიდროს ურანი 20%-მდე. გამდიდრებულ ურანს ირანი იყენებს მედიცინაში, სამეცნიერო კვლევებში, ენერგეტიკაში და ა.შ.

35 წლის განმავლობაში ირანი აშშ-ისგან დამოუკიდებული მოთამაშეა.  რომ არა აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს მიერ ორგანიზებული გადატრიალება, გასული საუკუნის 50-იან წლებში, პრემიერ-მინისტრ მოსადეკის წინააღმდეგ, რომელმაც აიძულა ამერიკულ-ინგლისური ტრანსნაციონალური ნავთობის კომპანიები დაეტოვებინათ ირანი, ეს ქვეყანა სხვანაირად განვითარდებოდა და დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე იქნებოდა.

აშშ-ა დაამუხრუჭა მისი განვითარება. ამას წინათ გაიხსნა იმჟანინდელი ცსს-ს საიდუმლო მასალები და ცნობილი გახდა ის, რაც ყველამ იცოდა – ირანში სახელმწიფო გადატრიალება აშშ-ს ცსს-მ დაგეგმა და განახორციელა და ქვეყნის მმართველად ისევ შაჰი რეზა ფეჰლევი დასვა.

დღეს, ამის გაკეთება აშშ-ს გაუჭირდება,  მაგრამ სახელმწიფო სისტემის შესაცვლელად ანუ გადასატრიალებლად სხვა გზებიც არსებობს. მაგალითად, ქვეყნის მოსახლეობის ამხედრება საკუთარი ხელისუფლების წინააღმდეგ, მისი დამხობა და დამჯერი ხელისუფლების დანიშვნა.

მოსახლეობის ასამხედრებლად გამოყენებულია ეკონომიკური სანქციები, რომლებიც აშშ-ა 4-ჯერ შემოაღებინა გაეროს უშიშროების საბჭოს. გარდა ამისა დამატებითი სანქციები შემოიღო აშშ-ა და მისმა მოკავშირეებმა, რამაც ირანელთა ცხოვრება გააუარესა.

ირანის ეკონომიკა კრიზისს განიცდის. დასავლური ინფორმაციის მიხედვით – ინფლაცია 36%-ია, ფასები 55%-ით არის გაზრდილი, ნავთობიდან შემოსავალი 65%-მდე არის დაწეული, უმუშევრობა 12%-ია. და ყველაფერი ეს მხოლოდ იმისთვის, რომ თეირანი ვაშინგტონს არ ემორჩილება. ბირთვული პროგრამა ამ შემთხვევაში მხოლოდ საბაბია. მსოფლიოში არსებობენ ქვეყნები – პაკისტანი, ჩრდილო კორეა, რომლებთაც უკვე აქვთ ბირთვული იარაღი, მაგრამ ამაზე აშშ-ი ისტერიკაში არ ვარდება.

ირანი სხვაა – ახლო აღმოსავლეთის გავლენიანი ქვეყანა, სირიის მეგობარი, ისლამის დამცველი, ტრადიციების მატარებელი. მას საკუთარი პოზიცია გააჩნია, რაც არა მარტო არაბულ სახელმწიფოებს ხიბლავს, რამედ სხვასაც. ირანი თავისი ათასწლოვანი ისტორიით, კულტურით, ტრადიციებით, წარმატებული სოფლის მეურნეობით, მრეწველობით, მედიცინით და ა.შ. რეგიონის ლიდერია, რაც გულზე არ ეხატება არც აშშ-ს, არც თურქეთს, არც საუდის არაბეთს, არც ისრაელს.

აშშ-სა და რუსეთის პოზიციები მკვეთრად განსხვავდება ირანის საკითხში. რუსეთი წინააღმდეგია ახალი სანქციების შემოღების, მითუმეტეს ირანის კვლევითი ლაბორატორიების საჰაერო იერიშით განადგურების. ის დიალოგის მოხრეა.

ირანის მდგომარეობა გაცილებით მყარი იქნებოდა, რომ რუსეთი მუდამ მყარ პოზიციებზე მდგარიყო, რომ რუსეთს მხარი არ დაეჭირა უშიშროების საბჭოს სანქციებისთვის და ა.შ. ცხადია, რუსეთისთვის არცთუ სახარბიელოა ბირთულიარაღიანი სამხრეთის მეზობელი, მაგრამ გაცილებით მიუღებელი უნდა იყოს აშშ-ს დამჯერი, მის უღელში მოქცეული ირანი. რუსეთს მტკიცე მოკავშირეები სჭირდება და არა მერყევი, რომელთა რაოდენობა დსთ-შიაც ერთი და ორი არ არის.

საკამათო საკითხთა შორის – ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განლაგებას განსაკუთრებული ადგილი უკავია. რუსეთი თვლის, თუ ამერიკისთვის და მისი ევროპელი მოკავშირეებისთვის სისტემის განლაგება მშვიდობის გარანტიაა, ის მოსკოვისთვისაც უნდა იყოს ამდგაგვარი. მოსკოვი ითხოვს აშშ-ნ ოფიციალურ დოკუმენტს, რომელშიც ჩაიწერება, რომ სისტემა არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ. ვაშინგტონს არ სურს ასეთი დოკუმენტის შექმნა – ჩემს სიტყვას ენდეთო, ეუბნება მოსკოვს.

მოსკოვი კი თვლის, რომ ამერიკელთა სიტყვას არ დაეჯერება და ბევრი მაგალითი მოჰყავს,  მათ შორის გამორჩეულია ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება. ამერიკა-საბჭოთა დელეგაციების მოლაპარაკების არაერთ რაუნდზე, რომელმაც ბერლინის კედელიც დაანგრია და ვარშავის პაქტიც, იყო სიტყვიერი შეთანხმება, რომ ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებს ნატოში არ გააწევრებდნენ. აშშ-ი შეიცვალა ადმინისტრაციები, მოვიდნენ ახალი პოლიტიკოსები, რომლებსაც „აღარ ახსოვთ“ მათი წინაპრების ვერბალური დანაპირები. „როდის იყოო ასეთი? დოკუმენტი სად არისო?“, – ვითომ გაოცებულნი აცხადებენ უტუხად.

ოფიციალურად, რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ირანისა და ჩრდილო კორეის რაკეტებისგან დაიცავს ევროპას, მაგრამ სინამდვილეში რუსეთის წინააღმდეგ არის მიმართული. ირანს და ჩრდილო კორეას არ აქვთ შორს მფრენი რაკეტები და უახლოეს პერიოდში არც ექნებათ. გარდა ამისა ევროპა არ არის მათი სამიზნე.

მარტივი ლოგიკით, სისტემა რუსეთის რაკეტების წინააღმდეგაა მიმართული ანუ ვერც ერთი რუსული რაკეტა მიზანს ვერ მიაღწევს. ისინი ჰაერშივე განეიტრალდება, ხოლო რაც შეეხება საპასუხო დარტყმას რუსეთზე – იქნება მომაკვდინებელი.

უფრო მომაკვდინებელი იქნება იმის აღიარება, რომ რაკეტებით რუსეთი ვერაფერს გახდება, რაც თავისთავად დაარღვევს სამხედრო ბალანსს ორ ქვეყანას შორის, აშშ-ს სასარგებლოდ. იგრძნობს რა თავის უპირატესობას, აშშ-ი ხელის გრეხას დაუწყებს რუსეთს, რასაც დიდი ომი შეიძლება მოჰყვეს.

ბირთვული იარაღის შექმნამ საფუძველი ჩაუყარა მსოფლიო მშვიდობას – რომ არა ბირთვული ბომბის შიში, ვინ იცის რამდენჯერ შეასკდებოდნენ ერთმანეთს დიდი სახელმწიფოები.

პოტსდამის კონფერენციის მსვლელობის დროს 1945 წლის 16 ივლისს მოხდა პირველი ბირთვული ბომბის გამოცდა აშშ-ს მიერ. აშშ-ს პრეზიდენტი ჰარი ტრუმენი და ინგლისის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი გაფაციცებით ელოდნენ ცნობას ამერიკიდან. და როდესაც ჩერჩილმა მიიღო შიფროგრამა შემდეგი შინაარსის – „პატარები უპრობლემოდ დაიბადნენ“, მის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

„იმავდროულად გაჩნდა პრობლემა, როგორ გვეთქვა სტალინისთვის. ტრუმენი და მე აღარ ვთვლიდით აუცილებლად რუსეთის დახმარებას იაპონიის დამარცხებაში. ეს შეთანხმება მიღებულ იქნა იალტაში. და სტალინმა უკვე მაისში დაიწყო ჯარების გადაყვანა აღმოსავლეთში, იაპონიასთან ომის საწარმოებლად.

ჩვენ ვთვლიდით, რომ სტალინს უკვე აღარ ჰქონდა ის კოზირი ხელთ, რომლითაც ის მანევრირებდა იალტის კონფერენციაზე. მიუხედავად ამისა, ის იყო შესანიშნავი მოკავშირე ჰიტლერის წინააღმდეგ ომში და ამდენად ორივე ვთვლიდით, რომ სტალინი საქმის კურსში უნდა ჩაგვეყენებინა. შევიმუშავეთ რამდენიმე ვარიანტი და ბოლოს ერთი ავირჩიეთ – სხდომის შემდეგ, ტრუმენი მივიდოდა მასთან და ეტყოდა  ბომბის აფეთქების შესახებ.

ასეც მოხდა, ტრუმენი თარჯიმანთან ერთად გაემართა მისკენ. მე სულ ახლოს ვიდექი და ვაკვირდებოდი სტალინის სახეს, რომელმაც შეინარჩუნა ღიმილი და კეთილგანწყობა. ორი ლიდერის ლაპარაკი ხანმოკლე იყო. როდესაც ვკითხე ტრუმენს, რა უპასუხა სტალინმა, ტრუმენმა თქვა – მას არ დაუსვამს არც ერთი კითხვა.

ტრუმენის ნათქვამმა განმიმტკიცა მოსაზრება, რომ სტალინი გაგებაში არ იყო მსგავსი იარაღის შესაძლებლობებში, რომ მან არ იცოდა ბრიტანელი და ამერიკელი მეცნიერების მრავალწლიანი მუშაობის თაობაზე“, – იგონებს უინსტონ ჩერჩილი.

შეცდა უინსტონ ჩერჩილი. თავის რეზიდენციაში დაბრუნებისთანავე, სტალინმა მოითხოვა კურჩატოვთან დაკავშირება, რომელსაც ჰკითხა, თუ როდის აპირებდა ატომური ბომბის გამოცდას, – წერს ანდრია გრომიკო თავის მოგონებებში.

ეს ისტორიული მომენტი იმიტომ გავიხსენე, რომ მიუხედავად მოკავშირეთა გულთბილი, კეთილი განწყობისა ერთმანეთის მიმართ, მიუხედავად საერთო იდეალებისა, ინგლის-ამერიკა საბჭოთა კავშირს მაინც მოწინააღმდეგედ აღიქვამდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ომის მსვლელობის განმავლობაში რაღაცას მაინც ეტყოდნენ სტალინს ბომბზე მუშაობასთან დაკავშირებით.

ერთმანეთისადმი უნდობლობა 1945 წლის მაისისთანავე გაჩნდა და დღემდე გრძელდება და რომ არა ბირთვული პარიტეტი, საკითხავია, როგორი იქნებოდა მსოფლიო. ასე, რომ ვაშინგტონის ფიცი – რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა არ არის რუსეთის წინააღმდეგ მიმართული – ძნელი დასაჯერებელია.

            ზემოთჩამოთვლილი საკითხები უმნიშვნელოვანესია თანამედროვე მსოფლიოს მშვიდობისთვის, მათ გადაჭრა ესაჭიროებათ და არა ბუტიაობა, მითუმეტეს სანკტ-პეტერბურგის სამიტს მაინც მოუწევს ამ თემებზე მსჯელობა, მიუხედავად იმისა, სურს თუ არა ეს ამერიკის პრეზიდენტს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.