ტალახში ამოსვრილი ქვეყანა

მუდმივი არაფერია, ოდესმე ჩვენც წავალთ. მუდმივი – საქართველოა. დაახლოებით ამ შინაარსის სიტყვებით შეაჯამა მიხეილ სააკაშვილმა თავისი წლიური ანგარიში პარლამენტის წინაშე, რითაც მან აშკარად გაუცრუა იმედი არა მარტო ქრისტიან-დემოკრატებს, არამედ ხალხს.

თარგამაძე და მისი პარტიის წევრები დაბეჯითებით ცდილობდნენ აეძულებინათ პრეზიდენტი გარკვევით ეთქვა – საპრეზიდენტო ვადის დამთავრების შემდეგ, აპირებს თუ არა პრემიერ-მინისტრობას. პრეზიდენტის პასუხი ისეთივე ზოგადი იყო, როგორც 50-წუთიანი მოხსენება, დაახლოებით ასეთი შინაარსის შემცვლელი – ცას არავინ გამოეკიდება, დადგება დრო და წავალთ.

საპარლამენტო ოპოზიციის გამოსვლის დროს დაფიქსირებული მუქი, უპერსპექტივო მომავლის ფონზე, ოპტიმიზმით გაჟღენთილი სააკაშვილის სიტყვა, მორიგი აბსტრაქტული დაპირებებით, როგორც ყოველთვის განვლილი 9 წლის მანძილზე, ნაკლები ოპტიმიზმის შანსს იძლევა, რაც თავისთავად ბადებს კითხვას – „ოდესმე“ სააკაშვილისა და ნაცების წასვლას ხომ არ მოჰყვება ქვეყნის წაყოლება? ოპოზიციონერთა მწარე გამოსვლებიდან გამომდინარე, ჩანს ასეც იქნება.

პრეზიდენტმა თავისი გამოსვლა იმით დაიწყო, რომ მისი სიტყვა პარლამენტის ამ შენობაში ბოლო იქნება, ვინაიდან ა.წ. მაისიდან პარლამენტის მუშაობა ქუთაისში გაგრძელდება. რა ბედი ეწევა პარლამენტის უნიკალურ შენობას, არავინ იცის. მოარული ხმების მიხედვით, მასაც ისე გაჰყიდიან, როგორც სხვა ისტორიულ შენობებს, რითაც კიდევ ერთხელ შეურაცხყოფენ წარსულს, ისტორიას, განვლილ ცხოვრებას.

პარლამენტის შენობის გასხვისებით, ისე, როგორც სხვა ანტიეროვნული ქმედებით, ნაციონალური ხელისუფლება ცდილობს ხალხს დაავიწყოს საკუთარი ისტორია.

2004 წლიდან 9 წელი გავიდა, ქვეყნის ისტორიისთვის წამიერი გაელვების ხანა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ნაცთა 9-წლიანმა ბატონობამ ადგილიც შეიძლება ვერ პოვოს ქვეყნის ისტორიაში. მაგრამ თუ ნაცთა ბატონობა მომავალშიც გაგრძელდა, რისი ურყევი სურვილი დააფიქსირა პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლისას, მაშინ არა თუ ისტორია, არამედ ქვეყანაც აღარ დარჩება.

რაც შეეხება ნებისმიერ მომაკვდავს – 9 წელიწადი მისი ხანმოკლე ცხოვრების საკმაოდ დიდი მონაკვეთია. მტკიცება არ სჭირდება იმას, რომ 9 წლის მანძილზე ქვეყანაში ბევრი ისეთი გაკეთდა, რამაც ძირფესვიანად შეცვალა ქვეყნის ყოფა. ცვლილებები მოსახლეობისთვის ისეთივე მიუღებელია, როგორც შიდსი, მაშ რას ან ვის ემსახურება ნაცური რეფორმები, რითაც ესოდენ თავს იწონებს პრეზიდენტი?

პასუხი მარტივია – რეფორმები თვით ნაცებს, უფრო დაზუსტებით, მათ ლიდერს მოსწონს, კიდევ აშშ-ს გარკვეულ წრეებს, ისრაელს, ევროპის ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა ბალტიისპირა ლიტვა, ლატვია და ესტონეთი, პოლონეთი და სხვა წვრილფეხობა, რუსულ ლიბერალურ წრეებს. მათთვის არაფერს ნიშნავს საქართველო, მისი მოსახლეობა.

პრეზიდენტის გამოსვლის მთავარი მიზანი იყო შემდეგი – შარშან დაგპირდით და გავაკეთე. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მან არა მარტო შარშანდელი დაპირება შეასრულა, არამედ 2004 წლიდან მოყოლებული ყველა დაპირება. ის დარწმუნებულია, რომ გადააკეთა დამყაყებულ-დაქცეული ქვეყანა. პრეზიდენტს მოსწონს საკუთარი ნახელავი.

გაზვიადების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ნაცთა 9-წლიანმა მმართველობამ ძირფესვიანად შეცვალა თითოეული ჩვენგანის ყოფა. განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა ახალგაზრდობა. შეიცვალა მისი აზროვნება. საყოველთაო უცოდინარობის ფონზე, რასაც ადგილი აქვს ახალგაზრდებში, იოლად მიეცა გასაქანი წარსულის დავიწყებას, მის აუგად ხსენებას, დღევანდელობის გაფეტიშებას – და მისი მთავარი შემოქმედის, ხელისუფლების ხოტბას. ლაღი ცხოვრების იმიტაციამ, დროსტარების ტრფიალმა ჩაანაცვლა ყოველივე არსებული.

სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულმა ტელეკომპანიებმა ბატონისადმი უშრეტი მონური დამოკიდებულების დასამტკიცებლად უდიდესი წვლილი შეიტანეს საზოგადოების გაფუქსავატების პროცესში. ცხრაწლიან ყველა „სიკეთესთან“ ერთად ტყუილი, ბაქი-ბუქი, ყოყოჩობა ყოველდღიურობად იქცა.

საზოგადოება ძალით თუ თვით საზოგადოების სისუსტით შეაჩვიეს იმას, რასაც თუნდაც საბჭოეთის დროს უპასუხოდ არ სტოვებდა. მეხსიერებას შემორჩა 1956 წლის ანტისახელმწიფოებრივი მრავალდღიანი გრანდიოზული სახალხო მიტინგები და დემონსტრაციები, რომელიც სისხლით დასრულდა; 1989 წლის აპრილი და სისხლი; 1978 წლის 14 აპრილი – ქართული ენის დაცვისათვის თბილისის ქუჩებში გამოსული ათეულ-ათასობით ადამიანით; სხვა საპროტესტო მიტინგები და დემონსტრაციები, თუნდაც გამსახურდიას ხელისუფლების საწინააღმდეგო; ზვიადისტების გამოსვლები და კვლავ სისხლი. 9-წლიანმა ნაცთა ბატონობამ ჩაკლა პატრიოტული სულისკვეთება.

ნაცთა ბატონობის დროს გამართულმა მასობრივმა მიტინგებმა, თბილისის ქუჩებში გაშლილმა კარვებმა, უწინდებურად გამოავლინა უსამართლო ხელისუფალთა მიმართ ხალხში დაგროვილი უკმაყოფილობა, მაგრამ ოპოზიციის გამყიდველურმა ბუნებამ, დოლარების სიხარბემ, კულუარულად ჩაახუტა ის ხელისუფლებას.

გვერდზე გადაიდო სახალხო საქმე. იმედგაცრუებული ხალხი შეეგუა ბედს და ნაცებს, მიიღო მათ მიერ შეთავაზებული ცხოვრების წესი. ვინც არ მიიღო, გასული წლის 26 მაისის საპროტესტო მიტინგს მიაშურა. პროტესტანთა „სითავხედით“ გამძვინვარებულმა იმპერატორმა, ჭკუის სასწავლებლად აუწერელი სისასტიკით დაარბევინა მცირერიცხოვანი მომიტინგეები. იყო სისხლიც და მსხვერპლიც.

26 მაისმა კიდევ უფრო დათრგუნა, ისედაც დათრგუნული მოსახლეობა. საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რაც მივიღეთ – საქართველოს პარლამენტში მოკალათებული უმრავლესობა, დიქტატურაში გადაშვებული ქვეყანა, ერთი ადამიანის სახელმწიფო, რომელსაც სახელმწიფოებრიობის მხოლოდ ატრიბუტიკა შემორჩა, დაბეჩავებული ხალხი, გალაღებული ხელისუფლება და ხელისუფლების გალაღებული ნათესავ-მეგობრები.

ამგვარი სულისკვეთება იდგა თებერვლის პარლამენტის სხდომათა დარბაზში ვირტუალური მომავლის ხატვით, ადამიანის კეთილდღეობისთვის სადაზღვეო სისტემის აბსტრაქტული თემით, იუსტიციის სახლში პირდაპირ მანქანაში ჩაის და პასპორტის მორთმევის პერსპექტივით და სხვა სისულელეებით.

იდილიური აწმყო და მომავლის ხედვა ოპოზიციის მწარე სიტყვებმა დაარღვია. სახელისუფლებო სცენარში შეტანილმა დისონანსმა, თავმომწონე, ხალხის ბედზე ზრუნვით გათანგული იმპერატორი მოთმინებიდან გამოიყვანა და გადმოსცდა ბაგეთა მისთა შავ-სიტყვათა ღვარ-ცოფი – „ტალახში გორაობა თქვენი ბუნებრივი მდგომარეობაა, ახლა მანდატურებს ვთხოვ და გაგყვებიან, ჩაგაწვენენ ნამდვილ ტალახში ბოლომდე, კარგად დაგზილავენ, როგორც საჭიროა და გაგივლის ეს ფანტაზია“, – მიახალა ზეციდან დაშვებულმა ღმერთმა მიწაზე მდგომ არარაობას („ღმერთის“ წარმოსახვით), ყმა ბაღათურიას იმ ჭეშმარიტებისათვის, მთელმა დუნიამ რომ იცის, მაგრამ ხმამაღლა არავინ ამბობს, მითუმეტეს წმინდა „ტაძარ“ პარლამენტში.

გასულ წელს ყმა ჩახვაძეს ჰქონდა სურვილი ელიტარული კორუფცია ხელისუფლებისთვის დაებრალებინა, მაგრამ, იმპერატორის უხეში შელაპარაკების შემდეგ, ლამის დამნაშავედ საკუთარი თავი გამოაცხადა.

„მონა“ ბაღათურიამ კი თავს უფლება მისცა ეთქვა ის, რამაც წონასწორობიდან გამოიყვანა ტრანკვილიზატორებით გაჭყეპილი იმპერატორი, თანაც ისე, ცოტა დააკლდა, ადგილიდან წამომხტარს ბაღათურიას თავზე მუშტცვენა აეტეხა.

თანამედროვე კომუნიკაციის წყალობით ქართველმა ტელემაყურებელმა კარგად იცის იაპონიის, უკრაინის, თუნდაც საკუთარი პარლამენტის მუშტის ქნევა. მაგრამ ცოტა დააკლდა ეხილა ჯერ არნახული, არგაგონილი – პრეზიდენტის მკლაური პარლამენტართან.

ქვეყნისათვის, პრეზიდენტის ასეთი საქციელი, ნიკოლოზ სააკაშვილის (სააკაშვილის მამის) სამკურნალო ტალახში გორაობის ტოლფასი იქნებოდა. თუმცა შვილი სააკაშვილის სიტყვებმა ქვეყანა ტალახის აბაზანაში თუ არა ტალახიან შხაპში მაინც მოაქცია.

ბაღათურიას მიმართ ნათქვამი სიტყვები, მარტო მას არ ეკუთვნოდა, არამედ იმათ, ვინც ბაღათურიას მსგავსად ფიქრობს. ასეთი კი თუ მთელი საქართველო არა, მისი მოსახლეობის 90%-ია.

პრეზიდენტს, რომ ოდნავ გზა აბნეოდა – ნაცვლად უკან წასვლისა წინ გადაედგა ნაბიჯი, დარბაზში რაც ატყდებოდა, ძნელად ასაწერი იქნებოდა. ანუ უმცირესობისადმი უმრავლესობის უწმაწურ ვერბალურ შეტევას მოყოლილი „გრადის“ მსგავსი მკლაური.

შევდივარ ოპოზიციის მდგომარეობაში, ვინაიდან მსგავსი მე და ჩემმა კოლეგებმაც განვიცადეთ 2003 წლის ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დროს, როდესაც დარბაზში შემოვარდნილმა სააკაშვილმა და მისმა ნაცებმა, ჯოხებით და მყარი საგნებით ხელმომარჯვებულებმა, მერხებზე დაიწყეს ხტომა, ლანძღვა-გინება.

ნაციონალთა მიერ გაკეთებულ ვიწრო დერეფანში, დედის გინების თანხლებით მიმავალთ, კარგად გვესმოდა – ერთი ხელის გაქნევაც საკმარისი იქნებოდა ნაცთა მიერ ჩვენი ჩაქოლვისათვის.

2012 წლის თებერვლის დარბაზს სწორედ ის ხალხი ამკობდა – უმრავლესობის სახით, ვინც 2003 წლის სხდომას დაესხა თავს. მათი დევიზი გუშინაც და დღესაც არის უხეში ძალა, ტყუილი, შეურაცხყოფა, გამდიდრება, ხელისუფლებაში დიდხანს ყოფნა.

2012 წლის თებერვლის საპარლამენტო სხდომამ ერთობ არასასიამოვნო გაკვეთილი ჩაუტარა მოსახლეობას – ვულგარული ქართული გამოთქმის მსგავსი – ეს ჩემი ასო კიტრია და უნდა ჭამოო.

სააკაშვილი წამსვლელი არ არის. მას ტყუილად არ შეუცვლია კონსტიტუცია. ის იმპერატორივით სიკვდილამდე ბატონობისთვის არის მომართული.

ამაოდ ჰგონია ახალ ოპოზიციას – არჩევნებით სააკაშვილის დამარცხება. არც ის არის დასაჯერებელი, რომ აშშ-ი ყოფნისას სააკაშვილი არადემოკრატიულობისთვის შეახურეს და გზა მიანიშნეს პოლიტიკიდან გასასვლელი კარისკენ. შეხურებული ასე არ იქცევა. პირიქით, როგორც ჩანს, მან ყოველმხრივი მხარდაჭერა მოიპოვა, რაც დამადასტურებელია მარტივი ამერიკული ჭეშმარიტების – მერე რა, რომ ძაღლიშვილია, ის ჩვენი ძაღლიშვილია.

აშშ-ს მოწონს სააკაშვილი, უფრო მეტად საკუთარი პირმშო – ფერად-ყვავილოვანი რევოლუცია. სააკაშვილისა და ნაცების გაშვება ამერიკული პროექტის „გაფარჩაკება“ იქნება. გააკეთებს ამას აშშ? ცხადია არა. პირიქით, მხარს დაუჭერს ისე, როგორც ჰაიტის დიქტატორებს მამა-შვილ დუვალიეებს.

რით განსხვავდება მიხეილი ჰაიტელი დიქტატორის ბეიბი დოკისგან? ისიც ისე, როგორც სააკაშვილი ტალახში ზელდა თავის ოპონენტებს სადამსჯელო პოლიციით – ტონ-ტონ მაკუტით.

ასეთი ხომ არაერთხელ იწვნია ქვეყნის სხვაგვარად მოაზროვნეებმა, როგორც გასულ მაისს, ისე 2007 წლის შემოდგომით? იწვნია და მერე როგორ, თუმცა სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან აღშფოთება არ გამოუწვია.

აშშ-ს მოსწონს მის მიერ შექმნილი, თუნდაც საკუთარი ხალხისთვის მიუღებელი ხელმძღვანელი, ვინაიდან ასეთი, ზედმიწევნით კარგად ასრულებს დავალებას. გაუწონასწორებელი ხელისუფალის არჩევა არა მარტო ამომრჩევლის გამოუსწორებელი შეცდომაა, არამედ სტრატეგიული პარტნიორისაც, მაგრამ მას ეს არ ანაღვლებს.

– მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინ ხარ შენ. ჩემთვის კარგა ხანია გარკვეულია, ვინ არის სააკაშვილი და მისი მხარდამჭერი აშშ-ი.

თქვენთვის, პატივცემულო მკითხველო?!

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.