ავის მომასწავებელი ახლო აღმოსავლური დუღილი

რაღაც არეულობას აქვს ადგილი ახლო აღმოსავლეთში, თუმცა ეს რეგიონი არასდროს ყოფილა დაწყნარებული. განსაკუთრებული შფოთი მას შემდეგ გაჩნდა, რაც დიდი სახელმწიფოების ძალისხმევით, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნებში გაბნეულ ებრაელებს, საკუთარი სახელმწიფოს შესაქმნელად, მიწა მიეზომათ. იმთავითვე, პალესტინელი არაბები მიიჩნევდნენ, რომ ებრაელთათვის მიცემული ტერიტორია მათია და არა ებრაელების. საწინააღმდეგოს ამტკიცებენ ებრაელები.

ებრაული სახელმწიფოს შექმნაში ლომის წილი საბჭოეთის ხელმძღვანელმა, იოსებ სტალინმა შეიტანა. მის გათვლას ებრაელთა სახელმწიფოსთან მიმართებაში ღრმა საფუძველი ჰქონდა, რამეთუ ებრაელ პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი ან საბჭოთა კავშირში იყო დაბადებული ან სოციალისტური იდეებით გაჟღენთილი. ისინი უდიდესი სიმპათიით იყვნენ განმსჭვალულნი ომში გამარჯვებული სუპერ სახელმწიფოს მიმართ.

სტალინის პოზიციას, არაბთა მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებაც ამტკიცებდა. დღიდან ახალი სახელმწიფოს შექმნისა, ანალოგიურის შექმნით დაპირებულმა, მაგრამ დღემდე დაპირებააუსრულებელმა პალესტინამ, სამკვდრო-სასიცოცხლო ომი გამოუცხადა ისრაელს.

დაპირისპირებამ ორ ნაწილად გაყო მსოფლიო – ისრაელის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად, არაბთა გულშემატკივრებად და ნეიტრალურად განწყობილებად. ახლო აღმოსავლეთი დასავლეთ-აღმოსავლეთს შორის ძალთა მოსინჯვის არენად გადაიქცა. ასე იყო ცივი ომის დროს, ასეა დღეს.

პალესტინა-ისრაელის პერმანენტულ კონფლიქტს დიდი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები აგვარებენ, მათ შორისაა რუსეთიც, მაგრამ პირველობას ამ საქმეში, ისე, როგორც სხვაში, აშშ-ს ვერავინ შეეცილება.

ისრაელის დამოკიდებულება საბჭოთა კავშირის მიმართ, გასული საუკუნის ორმოცდაათიანი წლების დასაწყისიდანვე შეიცვალა. ფერიცვალებაში უდიდესი წვლილი შეიტანა აშშ-ა. ისრაელის მილიტარისტულმა მიდგომამ პალესტინელთა, საერთოდ არაბთა მიმართ, უკმაყოფილობა გამოიწვია კრემლში. მან მტრად მიიჩნია ისრაელი და მხარი დაუჭირა არაბულ ქვეყნებს. ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის კულმინაცია ისრაელის მორიგმა აგრესიამ გამოიწვია, რასაც მოჰყვა დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა. მრავალი წლის შემდეგ, დიპლომატიური ურთიერთობა აღდგა.

მას შემდეგ ისრაელი გამდიდრდა ჯერ საბჭოთა კავშირიდან, შემდეგ რუსეთიდან წასული ებრაელებით. დღეს მათი გარკვეული ნაწილი არა მარტო სხვადასხვა დარგებს ამშვენებს, არამედ პოლიტიკასაც. იშვიათობას არ წარმოდგენს ისრაელის პარლამენტარები და მინისტრები, რომლებიც მშობლიურ ენასავით ფლობენ რუსულს.

რუსეთს პრაგმატული კავშირები აქვს ისრაელთან, არანაკლები პალესტინელ არაბებთან, საერთოდ არაბულ ქვეყნებთან. რუსეთმა რახანია აღიარა პალესტინის სახელმწიფო და მჭიდრო კონტაქტები დაამყარა მასთან. რუსეთს კონსტრუქციული ურთიერთობა აქვს ღაზის სექტორთან და იქ გამაგრებულ „ჰამასთან“ ისე, როგორც დასავლეთ სანაპიროსთან და პარტია „ფათეჰთან“.

მოსკოვი ლოიალურად არის განწყობილი იორდანიაში არსებული „ჰესბოლასადმი“. „ჰამასსა“ და „ჰესბოლას“ დასავლეთი, ისრაელისა და აშშ-ს მტრად აღიქვამს და საყვედურობს რუსეთს მათთან კავშირებისთვის. მაგრამ ეს რუსეთს ნაკლებად ადარდებს, ვინაიდან ის მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთის პრობლემების მოგვარება, ყველაფერთან ერთად, ისეთ ორგანიზაციებზეც გადის, როგორებიცაა „ჰამასი“ და „ჰესბოლა“.

რუსეთი რახანია საკუთარ თამაშს თამაშობს და მტკიცედ იკავებს ადგილს ახლო აღმოსავლეთის საკითხის მოსაგვარებელ კვარტეტში – აშშ, რუსეთი, გაერო, ევროკავშირი.

გასული წლის არაბულმა რევოლუციებმა სერიოზული გავლენა იქონიეს არა მარტო ახლო აღმოსავლეთისა და არაბული ქვეყნების, არამედ მსოფლიო პოლიტიკაზე. სახალხო რევოლუციების შედეგად არაერთი არაბული სახელმწიფოს მმართველობა დაემხო. ჯერი სირიაზე მიდგა.

ერთი წელია ამ ქვეყანაში მიმდინარეობს ანტისახელისუფლებო გამოსვლები, შეიარაღებული დაპირისპირება ოპოზიცია-ხელისუფლებას შორის. ფაქტიურად სახეზეა სამოქალაქო ომი. დასავლეთი კატეგორიულად მოითხოვს სირიის პრეზიდენტის გადადგომას. ის მკაცრ სანქციებს აწესებს ოფიციალური სირიის მიმართ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთი.

სირიის ხელისუფლება მჭიდროდ თანამშრომლობს რუსეთთან და რომ არა კრემლის სოლიდარობა, სირიას დაახრჩობდა გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციები. რუსეთი მიზანშეუწონლად მიიჩნევს მსგავსის დაწესებას და მოითხოვს ასადის ხელისუფლებასთან, მოლაპარაკების გზით, სირიის შიდა გართულებების დარეგულირებას.

სირიის ხელისუფლების დაცემა ახლო აღმოსავლეთში რუსეთის პოზიციების შესუსტების მომასწავლებელი იქნება. ამდენად რუსეთი ცდილობს მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადოს ბაშარ ასადის მთავრობას. სოლიდარობის გამომხატველია რუსეთის ავიამზიდის „ადმირალ კუზნეცოვის“ და მისი თანმხლები გემების სირიის პორტ ტარტუსში შესვლა.

ფლოტილა რა ხანია გავიდა ჩრდილოეთის ზღვის პორტ სევერომორსკიდან ხმელთაშუა ზღვისკენ. ავიამზიდს ახლავს გემი „ადმირალი ჩაბანენკო“, აგრეთვე სხვადასხვა დანიშნულების გემები: „ნიკოლაი ჩიკერი“, „სერგეი ოსიპოვი“, „ვიაზმა“ და „კამა“. ჩრდილოეთის ზღვიდან, ატლანტიკის ოკეანის გავლით, ხმელთაშუა ზღვაში შესვლასთან ერთად მას შეუერთდნენ გემები: „იაროსლავ მუდრი“, „ლენა“ და „ლადნი“.

ატლანტიკის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვაში „ადმირალ კუზნეცოვის“ მრავალთვიანი ცურვა მეტი არაფერია, თუ არა ძალის დემონსტრირება და მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ რუსეთი ანგარიშგასაწევი „დერჟავაა“. მოდი და ანგარიშს ნუ გაუწევ მართლაცდა ძალას, თუმცა უფრო ნაკლებს, ვიდრე ამერიკისა.

„კუზნეცოვზე“ არის CУ-33 კლასის 26 ავიაგამანადგურებელი, 18 გემსაწინააღმდეგო Ка-27 კლასის შვეულმფრენი, 4 შორი მანძილის რადიოსალოკაციო Ка-31 სახის შვეულმფრენი, 2 სამძებრო შვეულმფრენი К-27 ПС. „ადმირალს“ აქვს გემთსაწინააღმდეგო რაკეტების 12 დანადგარი, რომელიც უზრუნველყოფს „გრანიტის“ კლასის რაკეტების გაშვებას.

სირიის წყლებში „ადმირალ კუზნეცოვის“ გამოჩენამდე პენტაგონმა  ახალი ატომური ავიამზიდი CVN-77 „ჯორჯ ბუში“ მიავლინა, 2 სარაკეტო კრეისერითა და 2 სარაკეტო გემით. „ბუშზე“ 68 ავიაგამანადგურებელი და შვეულმფრენია განთავსებული, სხვა სახის თვითმფრინავები და შვეულმფრენები.

სპეციალისტთა აზრით, ორი ძალის ერთმანეთთან შედარებისას უპირატესობა ამერიკელთა მხარეზეა, მაგრამ არც ერთი მხარე არ გარისკავს პროვოკასიას, რამაც მძიმე შედეგი შეიძლება გამოიწვიოს.

რუსეთი და აშშ-ი სირიისთვის ომს არ გააჩაღებენ, მაგრამ კუნთების დემონსტრირებას ადგილი აქვს და ექნება. ორივეს აქვს პასუხისმგებლობა იმისა, რომ კინკლავი ომში არ გადაზარდოს. მაგრამ, როგორც გურულები იტყვიან – მშვიდობა „ელანძეა“ და ერთ პატარა პროვოკაციას დიდი გართულება შეიძლება მოჰყვეს.

ოფიციალური წყაროების ინფორმაციით, „ჯორჯ ბუშმა“ „ადმირალ კუზნეცოვის“ სირიის წყლებში გამოჩენამდე დატოვა იქაურობა, რითაც მოსალოდნელი დაძაბულობა განელდა.

დაძაბულობის სერიოზულ კერად სპარსეთის ყურე და ორმუზის სრუტე რჩება, რაც გამოწვეულია რეგიონის ერთ-ერთი ძლიერი მოთამაშის ირანის მტკიცე პოლიტიკით. გაღიზიანების ფაქტორი ირანის ბირთვული კვლევებია და დასავლეთის მტკიცებით, ირანის მიერ მალულად ბირთვული ბომბის შექმნაზე მუშაობა.

ამის შესახებ გაცხადდა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მოხსენებაში. დასავლეთს არ სჯერა ირანის ხელისუფალთა მტკიცებისა, რომ ის არ ამზადებს ბირთვულ ბომბს. დასავლეთი ცდილობს ყველაფერი იღონოს ატომური ბომბის გარეშე ირანისათვის. ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა, როდესაც სულ ახლახანს ირანმა განახორციელა ურანის საშუალო (20%) გამდიდრება. ცნობისათვის, ბომბისთვის საჭიროა ურანის 90%-მდე გამდიდრება, რასაც არაერთი წელი სჭირდება.

რახან ირანი არ აპირებს კვლევითი სამუშაოების შეწყვეტას, დასავლეთი ცდილობს სანქციების დაწყების გზით აიძულოს ის შეწყვიტოს ურანის გამდიდრება. სანქციების წინააღმდეგ გამოდიან გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრიდან ორი – რუსეთი და ჩინეთი, თუმცა ეს დღეს. ადრე კი, აშშ-ნ სხვადასხვა პოლიტიკური ვაჭრობის შედეგად, ორივემ ოთხჯერ მხარი დაუჭირეს სანქციებს.

აშშ-ა, გაეროს უშიშროების საბჭოს გვერდით ავლით, თვით დააწესა სანქციები. ამასთანავე სთხოვა ევროკავშირს ანალოგიური ნაბიჯების გადადგმა. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უკვე შეთანმხდნენ ერთობლივ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ძალაში 23 იანვრის სხდომის შემდეგ შევა.

სანქციები გააუარესებს ირანის ეკონომიკურ ცხოვრებას, წინ აღუდგება ირანის ნავთობის ექსპორტს, გაართულებს ირანის ბანკების ურთიერთობას დასავლეთის ბანკებთან. ერთი სიტყვით, ისეთ ვითარებას შექმნის, უარესს რომ ვერ ინატრებს კაცი.

ირანი მდიდარია ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით, გაზით. ირანის ენერგომატარებლების ექსპორტიდან ქვეყანაში შესული ფული უაღრესად მნიშვნელოვანია ირანის ბიუჯეტისთვის. აღსანიშნავია ისიც, რომ გაყიდული ნავთობის საგრძნობი რაოდენობა, ბენზინის სახით, ისევ ირანს უბრუნდება.

ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესება ვერ წააქცევს ირანს, თუმცა პრობლემებს შეუქმნის. ირანის ნავთობის დიდი რაოდენობა საექსპორტოდ ჩინეთში მიდის, რომელიც თვლის, რომ სანქციების შემოღება არასამართლიანი ქმედებაა და ის გააგრძელებს ირანთან ამ დარგში ურთიერთობას.

ამას წინათ ირანმა სპარსეთის ყურეში ფართომასშტაბიანი სამხედრო-საზღვაო წვრთნები ჩაატარა, თან ისიც განაცხადა, რომ სანქციების შემოღების საპირისპიროდ ირანი გადაკეტავს ორმუზის სრუტეს, რაც გამოიწვევს ახლო აღმოსავლეთიდან საექსპორტოდ მიმავალი ნავთობის ბლოკირებას. ორმუზის სრუტიდან კი მსოფლიო ნავთობის 40% მიედინება.

ორმუზის სრუტის გადაკეტვა მკვეთრად გაზრდის ნავთობის ფასებს, დასაბამს მისცემს ენერგეტიკულ კრიზისს. აშშ-ს თავდაცვის მდივანმა პანეტამ განაცხადა, რომ აშშ-ი არ დაუშვებს ორმუზის სრუტის ბლოკირებას, რაც თავისთავად სამხედრო დაპირისპირების მომასწავლებელია.

თუ გუშინ პანეტა მიზანშეუწონლად თვლიდა ირანის ბირთვულ ობიექტებზე საჰაერო თავდასხმას, დღეს მას რეალურად მიაჩნია ირანის საზღვაო-სამხედრო გემებზე შეტევა. და თუ ამას ექნა ადგილი, არც ბირთვული კვლევის ობიექტების დაბომბვა იქნება გამორიცხული.

ირანის ბირთვული კვლევით არა მარტო დასავლეთი, არამედ რეგიონის ქვეყნებიც გამოთქვამენ უკმაყოფილობას, მათ შორისაა საუდის არაბეთი, რომელიც აცხადებს, რომ ბირთვულიარაღიანი ირანი ბირთვულიარაღიან საუდის არაბეთს ნიშნავს.

ბირთვულიარაღიანი სახელმწიფო ანგარიშგასაწევია. ბირთვული იარაღის მქონე სახელმწიფოს წინაშე მოკრძალებას გამოხატავს ყველა, ვისაც აქვს თუ არა ასეთი იარაღი. ბირთვული იარაღი სხვაგვარ ავტორიტეტს უქმნის ქვეყანას. ბირთვული იარაღის მფლობელი ირანის როლი ამაღლდება რეგიონში. ის რეალურ ლიდერად გადაიქცევა.

ლიდერობაზე პრეტენზიას აცხადებს საუდის არაბეთიც. დიდი ფინანსების მქონე ქვეყანას არ გაუჭირდება ბირთვული იარაღის შექმნა. საუდის არაბეთი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს მარჯვენა ხელია, ისე, როგორც ისრაელი.

ირან-საუდის არაბეთის დაპირისპირების მიზნით ვაშინგტონმა მორიგი სპექტაკლი დადგა – აშშ-ი საუდის არაბეთის ელჩზე ირანის სპეცსამსახურების ტერაქტის იმიტაცია. თეირანმა უმალ გააბათილა ამერიკული სპექტაკლი, მაგრამ ამან საუდის არაბეთს ეჭვი მაინც დაუტოვა. მას შემდეგ კარგა დრო გავიდა. ახლახანს, ერ რიადს, ირანის დაზვერვის სამსახურის უფროსი, ირანის მეთაურის აიათოლა ჰამენეის სპეციალური წარმომადგენელი მოსლეჰი ეწვია. მან მოლაპარაკება გამართა სამეფო კარის მაღალ წარმომადგენლებთან და მიაღწია შეთანხმებას, რომ ნავთობის კრიზისის შემთხვევაში საუდის არაბეთი არ გაზრდის ნავთობის მოპოვებას.

ირანს მჭიდროო მეგობრული ურთიერთობა აქვს სირიის ხელისუფლებასთან. ბაშარ ასადის ჩამოგდება, ისე, როგორც რუსეთისთვის, ირანისთვისაც დიდი დანაკლისი იქნება. ირანის კავშირები „ჰამასთან“ და „ჰესბოლასთან“ ცნობილია და დიდ გაღიზიანებას იწვევს აშშ-ი, ისე, როგორც ისრაელში.

ირანი მტკიცედ უჭერს მხარს პალესტინელთა საქმეს და მიიჩნევს, რომ ისრაელის სახელმწიფოს არსებობა უდიდესი ნეგატივის მატარებელია მთელი ახლო აღმოსავლეთისთვის. ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი ბირთვული სახელმწიფო – ისრაელი, შემართული თოფივითაა ირანის მიმართ და რომ არა ამერიკელთა მუხრუჭი, დიდი ხანია დაჰკრავდა ირანის ბირთვულ ობიექტებს. სხვა საკითხია, რას გამოიწვევდა თავდასხმა.

ისრაელის აგრესიას ირანის წინააღმდეგ უდავოდ მოჰყვება აშშ-ს, რუსეთის, თურქეთის, ნატოს სხვა ქვეყნების პირდაპირი თუ ირიბი ჩათრევა. სავარაუდოდ ირანზე საჰაერო შეტევისთვის გამოყენებული იქნება თურქეთსა და ახლო აღმოსავლეთში არსებული ამერიკული სამხედრო ბაზები.

2008 წლის ცხინვალის ომის შემდეგ, სულ უფრო გამოკვეთილად ისმის რეგიონის ლიდერობის პრეტენდენტის თურქეთის ხმა, რაც ამ ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობით არის გამოწვეული. ეკონომიკურმა წარმატებამ თავდაჯერება შემატა ოფიციალურ ანკარას. ის უპასუხოდ არ ტოვებს არც ერთი სახელმწიფო მეთაურის განცხადებას, თუ ის თურქეთს ეხება.

ასე იყო სულ ახლახანს, როდესაც პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა გააკრიტიკა ფრანგი კოლეგა სომხების გენოციდთან დაკავშირებით. საფრანგეთის მიმართ თურქეთს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს, რაც განპირობებულია პრეზიდენტ სარკოზის ნეგატიური განწყობით თურქეთის ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით.

„შემოგვხედეთ ჩვენ და შეხედეთ თქვენს თავს, რა დღეში ხართ“, – განაცხადა ერდოღანმა ნიშნის მოგებით. მან უპირველესად იგულისხმა თურქეთის ეკონომიკური წარმატება და ევროკავშირის კრიზისი. ვერბალური დუელი ძვირად დაუჯდება თურქეთს და ხელს არ შეუწყობს ევროკავშირში შესვლას. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ თურქი პოლიტიკოსების გაწევრების სურვილიც არც ისეთია, როგორც წინათ.

ოფიციალურმა ანკარამ საკუთარი პოლიტიკა სხვა მიმართულებით გაააქტიურა, უპირველეს ყოვლისა არაბული ქვეყნების. ეგვიპტის რევოლუციამ და ამ ქვეყანაში გაჩენილმა არასტაბილურმა ვითარებამ არაბული ქვეყნების ლიდერი ეგვიპტე დროებით გამორთო საერთოარაბული და რეგიონული საქმეებიდან. ეგვიპტე თურქეთმა ჩაანაცვლა.

არაბული რევოლუციის შემდეგ ხელისუფლებაში მყარ პოზიციებს იკავებენ მუსლიმანური ძალები, რომლებიც აცხადებენ, რომ მათი პოლიტიკური გზა თურქეთის მსგავსი იქნება. საერთოდ უნდა ითქვას, რომ თურქეთის გავლენა მკვეთრად გაიზარდა ოსმალეთის იმპერიაში შემავალ ყველა ქვეყანაში. ანკარამ გვერდზე გადადო ტრადიციული პოლიტიკა – არ იჩხუბოს მეზობლებთან.

ამჯერად ის აქტიურად არის ჩართული სირიის საქმეებში. თურქეთის ხელისუფლება გადადგომისკენ მოუწოდებს ბაშარ ასადს. თურქეთის ტერიტორიაზე მტკიცედ დაფუძნდა სირიის ხელისუფლების ოპოზიციური დაჯგუფებები და არა მარტო ისინი, არამედ მეამბოხეებიც. ნატოს შტაბ-ბინაში ხშირად გაისმის სირიის ტერიტორიაზე, ხელისუფლების კონტროლისგან გათავისუფლებული ზონების შექმნის და ამ საქმეში თურქეთის გამოყენების თაობაზე. თურქეთის არმია მეორეა თავისი მასშტაბით ნატოში.

თურქეთის არამეგობრული დამოკიდებულება სირიასთან უკმაყოფილებას იწვევს სირიის მეგობარ ირანში. ირანი იარაღით ეხმარება სირიას, მაგრამ ბოლო დროს თურქეთმა ჩაკეტა სატრანზიტო გზა.

თურქეთის აქტიურობა მარტო ამ რეგიონით არ შემოიფარგლება. ის საგრძნობია პოსტსაბჭოთა სივრცეშიც, განსაკუთრებით კავკასიასა და ცენტრალური აზიის თურქულენოვან ქვეყნებში. იქ არა მარტო ეკონომიკურ გავლენასთან გვაქვს საქმე, არამედ კულტურულთანაც. გაჩნდა სკოლები, უნივერსიტეტები, რომლებსაც თურქეთი აკონტროლებს. სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მიდის თურქეთში სწავლის გასაგრძელებლად.

ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი, კერძოდ აჭარა. თურქეთის გავლენა ქართულ ავტონომიაზე დღითიდღე საგრძნობი ხდება. მედრესეები, მეჩეთები, აჭარაში მცხოვრები ახალგაზრდების სწავლა თურქეთის სასულიერო სკოლებში უკვე ჩვეულებადაა ქცეული. საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მოუზომავმა პოლიტიკამ, ზომაზე მეტად ჩახუტებამ, სავალალო შედეგები შეიძლება მოუტანოს საქართველოს.

თურქულ საზოგადოებაში შემთხვევით არ ტრიალებს „დიდი ოსმალეთის“ თემა. მართალია მას არ აქვს ძველებური აგრესიული მიდრეკილება, მაგრამ ის, რაც წინათ მახვილით მიიღწეოდა, დღეს ეკონომიკური და ფინანსური ექსპანსიით მიიღწევა.

არაბული რევოლუციის დასაწყისშივე თურქეთმა, ადრინდელთან შედარებით, განსაკუთრებული პოზიცია დაიკავა. მან უარი თქვა არაბული ქვეყნების რეჟიმებთან ურთიერთობაზე და მხარი დაუჭირა მეამბოხეებს, რითაც ამერიკა-ევროპის გული მოიგო. აშშ-ი მზადაა აღიაროს რეგიონში თურქეთის ლიდერობა, მაგრამ მანამდე თურქეთმა მტკიცედ უნდა დაუჭიროს მხარი ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს პოლიტიკას.

ოფიციალური ანკარის ვაშინგტონისკენ გადახრამ, მისმა აგრესიულმა პოზიციამ სირიასთან მიმართებაში თეირანს ათქმევინა ის, რომ, თურქეთის სირიაში სამხედრო ჩარევის შემთხვევაში, ირანი ადეკვატურ ზომებს მიიღებს.

„ოსმალური ამბიციებიდან“ გამომდინარე ანკარის ახალი სტრატეგია აშკარად არ უწყობს ხელს ახლო აღმოსავლეთის სტაბილურობას.

და ბოლოს ახლო აღმოსავლეთში ძირითადი მოთამაშის აშშ-ს შესახებ. ეს ქვეყანა მაქსიმალურად ცდილობს გავლენა იქონიოს რეგიონზე, რასაც წარმატებით ახორციელებს კიდევაც. აშშ-ს პოლიტიკას ხელს უწყობს მისი სტრატეგიული პარტნიორი ისრაელი. სწორედ ისრაელის ხელით მიმდინარეობს აშშ-ს ინტერესების გატარება. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნე, ვაშინგტონს მჭიდრო ურთიერთობა აქვს საუდის არაბეთთან. ვაშინგტონის სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით ერთობ გაურკვეველი ვითარებაა ძველ პარტნიორ ეგვიპტეში.

ხოსნი მუბარაქის მმართველობა ისტორიას ჩაბარდა. ხოსნი მუბარაქის ეგვიპტე არა მარტო აშშ-ს მოკავშირე იყო, არამედ არაბული ქვეყნების ლიდერი სახელმწიფო, ისრაელთან პრაგმატული ურთიერთობის მქონე. როგორი ურთიერთობა ჩამოყალიბდება ამერიკა-ეგვიპტეს შორის მუსლიმანთა საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს.

სპეციალისტთა აზრით, არაბული სახელმწიფოების ხელისუფლებაში მუსლიმანთა გამოჩენა გაზრდის ირანის გავლენას, რაც აშკარად მიუღებელია ვაშინგტონისთვის. ირანის ირგვლივ შექმნილი კრიზისი არც სამხედრო ძალის გამოუყენებლობისგანაა დაზღვეული და სრული შესაძლებელია ამ მხრივ ვითარება ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ დაიძაბოს. გადადგამს თუ არა აშშ-ი მილიტარისტულ ნაბიჯს ირანის წინააღმდეგ, სულ მალე გამოჩნდება.

ამას წინათ პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ აშშ-ს სრული ძალით მხოლოდ ერთ ომში შეუძლია ჩართვა, რაც ჯორჯ ბუშ უმცროსის დოქტრინას ეწინააღმდეგება. ბუშმა პარალელურად ორ ომში გაჩხირა აშშ-ი – ერაყისა და ავღანეთის.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აშშ-ა უცხოეთში არაერთხელ იომა, მაგრამ წარუმატებლად. აშშ-ი დამარცხდა კორეაში, ვიეტნამში, მარცხდება ავღანეთში, ფაქტიურად ვერაფერს გახდა ერაყში. ეს ომები ქვეყანას ტრილიონები და ათეულ ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლედ დაუჯდა.

1952 წელს ჩინეთის პრემიერ-მინისტრ ჯოუ ენლაისთან საუბრისას სტალინმა შემდეგი შეფასება მისცა აშშ-ს: „კორეის ომი სისხლს უშრობს აშშ-ს. მან აჩვენა ამერიკის სისუსტე. ამერიკელებს არ შეუძლიათ დიდი ომის წარმოება. მათი მთავარი ძალა საჰაერო თავდასხმებში და ატომურ ბომბშია. გერმანელებმა 20 დღეში დაიპყრეს საფრანგეთი. ამერიკა კი 2 წელია ვერაფერს გახდა პატარა კორეის წინააღმდეგ. ამერიკელებს უნდათ მთელი მსოფლიოს დაპყრობა, მაგრამ ვერაფერი უღონიათ პატარა კორეის მიმართ“.

ამერიკას სურს მსოფლიო ჰეგემონიზმი და აქედან გამომდინარე, ახლო აღმოსავლეთში დომინირება, რაც ჭირს ირანის ანტიამერიკული პოზიციების გამო. თუ ანტიირანული პოლიტიკის განხორციელებას ვაშინგტონი სამხედრო ძალის გამოყენებით შეეცდება, შედეგი სავალალო იქნება, ვინაიდან ამ რეგიონში თავს იყრის არა მარტო ძლიერთა ამა ქვეყნისათა (აშშ-ს, რუსეთის), არამედ თურქეთის, ირანის, სირიის, საუდის არაბეთის, ისრაელის, ევროკავშირის, ჩინეთის ინტერესები. ეს რეგიონი საქართველოს მეზობლადაა და იქ განვითარებული მოვლენები მეტნაკლებად ჩვენზეც იმოქმედებს. ღმერთს უნდა შევევედროდ, რომ ნაკლებად.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.