დაუთმობს სააკაშვილი სააკლანდს ოპოზიციას?

ბოლო დროს საერთაშორისო არენაზე აქტიურობით გამოირჩევიან პატარა ქვეყნები, რომელთა გავლენა რეგიონსა და მსოფლიოზე საგრძნობია. მათი რიცხვი არცთუ დიდია, მაგრამ პოლიტიკა განუზომელი. პატარა, მაგრამ გავლენიან სახელმწიფოთა კლუბში მოხვედრას ლამობს სააკაშვილის საქართველოც. მცდელობაში მას ხელს უწყობს დიდი სტრატეგიული პარტნიორი.

სააკაშვილის საქართველო განსხვავდება დანარჩენი საქართველოსგან – მსოფლიო საკითხებისადმი თავისებური მიდგომით. სააკაშვილის საქართველო თვით სააკაშვილის, მისი ნაცების, ნათესავ-მეგობრების, მის კლანთან დაკავშირებული ბიზნესის, ახალი ინტელიგენციისგან შედგება. ისინი სხვა ცხოვრებით ცხოვრობენ, ფიზიკურად საქართველოში, სულიერად იქ, „ცივილიზებული დასავლეთი“ რომ ჰქვია. სააკაშვილი ამ გაერთიანების უცილობელი ლიდერია – ინიციატივებით, პრაქტიკული ნაბიჯებით გამორჩეული.

სააკაშვილის მსგავსი პოზიციის მოპოვებისათვის იბრძვის ოპოზიცია – ასევე ნათესავ-მეგობრებით შემორკალული. ისიც ფიზიკურად აქ ცხოვრობს, მაგრამ დიდი სიამოვნებით იცხოვრებდა იქ – „ცივილიზებულ დასავლეთში“, თუმცა ამისთვის მატერიალური ბაზის შექმნაა საჭირო – ისეთი, როგორიც სააკაშვილსა და მის წრეს აქვს. სურვილის აღსასრულებლად პოლიტიკური პოზიციების მოპოვებაა საჭირო, რაც სააკაშვილისა და სააკაშვილების მიერ დაკავებულ პოლიტიკურ სივრცეში არცთუ იოლი საქმეა.

პოლიტიკური ამბიციები ორივე კატეგორიისთვისაა  დამახასიათებელი. პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებისთვის ორივე წამდა-უწუმ იშველიებს საქართველოს, თუმცა არც ერთსა და არც მეორეს არ აწუხებს მისი და მისი ხალხის პრობლემები. საქართველო ანუ სამშობლო ის ცნებაა, რომელსაც ორივე ოსტატურად იყენებს. ეს ის საყრდენია, ურომლისოდაც თვით პოლიტიკოსის არსებობა წარმოუდგენელია. უქვეყნო პოლიტიკოსი აბსტრაქციაა.

ქვეყნის გამოყენების თვალსაზრისით, პირველ კატეგორიას ვერავინ შეედრება – საკუთარი ლიდერის თამამი გადაწყვეტილებების წყალობით. მეორე კატეგორია, ლიდერის მხრივ ერთობ მოიკოჭლებს, რაც საგრძნობლად აფერხებს მის საქმიანობას. ორივე კატეგორია ქვეყნის ხშირ ხსენებას მაშინ იწყებს, როდესაც საკუთარი პრობლემების მოგვარების აუცილებლობა ჩნდება. სხვა შემთხვევაში სამშობლო არც ერთ მათგანს არ აინტერესებს.

ორივე კატეგორიისთვის დამახასიათებელია შეცდომები, ხშირად უხეშიც, მაგრამ ხალხის არბიტრობის არ არსებობის პირობებში მათზე აქცენტირება არ ხდება. მაგალითად, პირველმა კატეგორიამ მრავალი შეცდომა დაუშვა, რომელიც ნებისმიერ საზოგადოებაში მძლავრ პროტესტს გამოიწვევდა. მარტო ავანტიურისტული ომი და ტერიტორიების დაკარგვა რად ღირს?

მაგრამ არა, ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა. საზოგადოება რომ ჩაღრმავებოდა დაშვებული შეცდომების მნიშვნელობას – სხვა ვითარებასთან გვექნებოდა საქმე. ვერ ივარგა საზოგადოების განმანათლებელმა ოპოზიციამ. შეგნებულად თუ შეუგნებლად მან „განმანათებლის“ ფუნქცია ვერ იტვირთა. მისი წკავწკავი ნაკლებად დამაჯერებელი გამოდგა საზოგადოებისათვის.

პირველი კატეგორია, ხედავს რა საკუთარ ძლევამოსილებას, თავს უფლებას აძლევს ისეთი პროექტების განხორციელებაში, როგორიცაა თუნდაც ბათუმის „ჭაჭის ტაუერი“ – ონკანიდან მოთქრიალე ჭაჭით. ბათუმს, რომელსაც უდიდესი პრობლემები აქვს სასმელი წყლით მომარაგებასთან დაკავშირებით, ჭაჭის თქრიალი ნაკლებად ხიბლავს ისე, როგორც ათასპრობლემიან დანარჩენ საქართველოს. მაგრამ როგორი საპიარო თემაა? განსაკუთრებით ვიზაგაუქმებული რუსი ტურისტებისთვის?

ოპოზიცია ბობოქრობს, ხშირად უსაგნოდ, რითაც თვით ანეიტრალებს თავისავე ნათქვამს, ცხოვრება კი მიედინება თავისი დინებით ისე, როგორც მტკვარი მრავალი საუკუნის განმავლობაში. მაინც რამდენი კატეგორიის ხალხს არ უცხოვრია მის ნაპირებთან და რამდენი იცხოვრებს მომავალში, თუ „მეგობარმა“ თურქეთმა კალაპოტი არ შეუცვალა მას.

საზოგადოებაში საპროტესტო მუხტის უქონლობა ხელისუფლებას თავდაჯერებას მატებს. და არა მარტო თავდაჯერებას. როდესაც ხელისუფალი სიზმარში ნანახს უმალ ცხოვრებაში ანივთებს – თავდაჯერებაზე მაღალია, ანუ კუბში აყვანილი დაუსჯელობის განცდაა.

ბოლო რვა წლის განმავლობაში არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ პირველს თავისი სიზმარი არ აესრულებინოს. საწადელის ასრულებაში მის გვერდშია ოპოზიცია – ირიბად თუ პირდაპირ, თუ მთელი არა, საზოგადოების ნაწილი და „დემოკრატიული“ დასავლეთი.

ის, რომ ცხოვრება საამურია სააკაშვილის საქართველოსთვის, სააკაშვილის მონაპოვარია. აკეთებდე ცოტას, მაგრამ მსოფლიოს აყრუებდე, რომ ბევრს აკეთებ ან აკეთებდე უცნაურს, მიუღებელს, მაგრამ მსოფლიოს არწმუნებდე საწინააღმდეგოში – განსაკუთრებულ  ნიჭს, მოხერხებულობას, ილუზიონისტობას მოითხოვს. და მას აქვს ეს ნიჭი. ქალაქური გამონათქვამისა არ იყოს – ვარდს ვთესავ და ასო ამოდისო. ის ასოს თესავს, ასო ამოდის, მაგრამ მას ვარდად წარმოაჩენს – „ვარდების რევოლუციის“ არ იყოს.

სააკაშვილმა მსოფლიოს ისეთი გასაღები მოარგო, რომელიც ყველა ქვეყნის კარს აღებს, ისე, რომ გადატრიალებაც არ არის საჭირო. ამის დამადასტურებელ სურათს შევყურებთ დღეში ასჯერ საკვიზიებში, ჟურნალ-გაზეთებში, უცხოურ თუ ადგილობრივ გადაცემა-გამოცემებში.

ოპოზიცია კრიტიკულად იჭაჭება, მაგრამ ოდესმე უფიქრია მას, როგორ კეთდება ეს? ცოტას თუ უფიქრია და იმ ცოტასაც წარმოდგენა არ აქვს წყალში ჩაძირული აისბერგის დიდ ნაწილზე, ის მხოლოდ წყლიდან ამოშვერილ თავს ხედავს.

ზოგს ჰგონია, რომ, როდესაც მსოფლიოს პირველი ქვეყნის ლიდერი თავის გამოსვლაში საქართველოს შეაქებს, ეს საქართველოს დამსახურებაა. ცდებიან! ეს პირველის დამსახურებაა. საქართველო ამ შემთხვევაში მხოლოდ პირველის საყრდენია. თუ ესოდენ მნიშვნელოვანი იყო ის, რატომ არ ახსენებენ მას?

პირველს, „ოცნების“ სახით, მოწინააღმდეგე გამოუჩნდა, მაგრამ შეძლებს ის შეებრძოლოს პირველს, რომელსაც ყველაფერი ეხერხება? მაგალითად – როგორ შეაქოს ობამამ ან როგორ ათქმევინოს სამხრეთ კორეის პრეზიდენტს „მიშა“, პოლიციისა და საჯარო რეესტრის წარმატებულება ყველას პირზე დააკეროს, ბირთვული ნივთიერებების ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლაში პირველობა დაიჩემოს და ა.შ.

საქმეში ჩახედულთათვის რა რეფორმებთან და წარმატებებთან გვაქვს საქმე ნათელია. მაგრამ მერე რა?! ვინც უნდა დაამტკიცოს – ეს, რომ ასე არ არის, შესაბამისი დასაბუთებით, ამას ვერ აკეთებს ან თუ აკეთებს, იმდენად არაპროფესიონალურად, ჯობდა არ გაეკეთებინა. ნაცვლად დამაჯერებელი არგუმენტებისა, „მეოცნებენი“ დაუჯერებლად ჭახჭახებენ.

პირველი კატეგორია სხვაგვარად მოქმედებს. ერთ-ერთი სულ ახლახანს ვიხილეთ – უკრაინის მიერ რუსი რეჟისორის ჯანიკ ფაიზიევის ფილმის „აგვისტოს რვა“ აკრძალვა. ფილმი 2008 წლის აგვისტოს ომს ეხება და ასახავს ომის პერიპეტიების რუსულ ხედვას.

უკრაინის კულტურის სამინისტროს მოხელის განმარტებით, ფილმი აღვივებს „ეროვნებათაშორის მტრობასა და შუღლს“ და ამიტომაც აიკრძალა. უკრაინამდე ფილმი არ გაუშვეს აზერბაიჯანსა და მოლდოვაში, რაც იმას ნიშნავს, რომ „სუამის“ ქვეყნებმა გადადგეს პოლიტიკური ნაბიჯი, ცხადია რუსეთის წინააღმდეგ.

უკრაინელმა ექსპერტებმა ისიც თქვეს, რომ ფილმის ჩვენება დააზიანებდა უკრაინა-საქართველოს ურთიერთობას. ანალოგიური იყო აზერბაიჯანელი ექსპერტების განცხადებებიც: „ფილმის ნახვა თითოეული ადამიანის პირადი საქმეა, მაგრამ მისი ჩვენება აზერბაიჯანში უნდა აიკრძალოს, ვინაიდან გააუარესებს აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობას“.

სამივე ქვეყანამ ანგარიში გაუწია სააკაშვილს. მისი პირადი ურთიერთობები ამ ქვეყნების ხელმძღვანელებთან მეგობრულია. არადა სამივე ქვეყანა დსთ-ს წევრია და რუსეთზე მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე საქართველოზე.

ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ იუშჩენკო-ტიმოშენკოს შემდეგ, იანუკოვიჩი გამოიხედავდა საქართველოსკენ. განსაკუთრებით საპრეზიდენტო არჩევნებში ტიმოშენკოსთვის ზონდერ ბრიგადებით მხარდაჭერისათვის. მაგრამ იანუკოვიჩმა არათუ გამოიხედა, არამედ წინამორბედებზე უკეთესი კავშირები დაამყარა სააკაშვილის საქართველოსთან.

როგორც ირკვევა, იუშჩენკო-ტიმოშენკოს დროსაც სააკაშვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდა იანუკოვიჩთან. ეს, რომ არა, დაუპატიჟებელი სააკაშვილი არ მიეჭრებოდა ახალ პრეზიდენტს დაბადების დღეზე. რომელი ერთი იკადრებდა ასეთს? სააკაშვილმა იკადრა. ან რომელი ერთი მიიჭრებოდა ათასკაციან ბანკეტის დროს აშშ-ს პრეზიდენტ ობამასთან, თუ არა სააკაშვილი?

ის, რაც 8 წლის განმავლობაში ხდება ამ ქვეყანაში ერთ კაცს უკავშირდება, მხოლოდ ერთს და არა ორს ან სამს. ის ორიც და სამიც იმ ერთის შემოქმედებაა. ერთი კაცი აგებს ქუჩას და სახლს, რეესტრს და განათლების სისტემას, ქმნის საკუთარ პარტიას და ოპოზიციას, NDI-ს გამოკითხვას და ლაზიკას, სინგაპურის სიყვარულს და რუსეთის სიძულვილს, აშშ-ს ფეტიშიზაციას და მეზობლებთან ურთიერთობას, ახალ ინტელიგენციას და ე.წ. ცნობად სახეებს, პარლამენტს თუ მთავრობას. . . ამ ერთ კაცს სააკაშვილი ჰქვია, ისე, როგორც მის ქვეყანას სააკლანდი.

დათმობს ის ყოველივე ამას? ცხადია არა, მითუმეტეს ისეთ სუსტ ოპოზიციას, რომელსაც თავი და ბოლო ვერ გაურკვევია – არაფერს დაუთმობს.

ოპოზიციას სხვა ხერხისთვის უნდა მიემართა, სამწუხაროდ მან ძველებური გზა აირჩია –  არსაით მიმავალი. შედეგიც შესაბამისი იქნება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.