05.12.2024

სტრატეგიული პარტნიორის ნაკარნახევი „ტოლერანტობა“

ძველ ხელისუფლებიდან ახალ ხელისუფლებაზე ძალაუფლების გადაცემის პროცედურა დროს მოითხოვს და აქედან გამომდინარე – მოთმინებას, მაგრამ ცხრა წლის განმავლობაში ნაციონალთა მიერ გაწამებულ მოსახლეობას სამართლიანობის დამკვიდრების წყურვილი ჰკლავს, თანაც იმის იმედიც, რომ მისი მწამებელი ესა თუ ის ნაციონალი დაისჯება.

არის თუ არა ესოდენი აღტკინება მარტო ჩვენთვის დამახასიათებელი, თუ სხვაგანაც აქვს ადგილი მსგავს გამოვლინებას? ამ კითხვაზე პირდაპირი პასუხის გაცემა რთული და შეუძლებელია. სხვასთან შედარებაც საბოლოო ჯამში არ დააკმაყოფილებს ჩვენს ინტერესს, ვინაიდან განსხვავება ჩვენსა და მათს შორის მნიშვნელოვანია – ისტორიაც სხვაა და განვლილი გზაც, ხასიათითაც სხვანაირები ვართ და გარეგნობითაც. იქ კანონის ზეობაა, სადაც არა – ქუჩა წყვეტს საქმეს.

ოცი წელია საქართველოს ხელისუფლება დაბეჯითებით აცხადებს ევრო-ატლანტიკური კურსის პრიორიტეტულობაზე, საზოგადოებას ტვინს უხვრეტს დასავლურ სიკეთეებზე. შიშველი დასავლური პროპაგანდა ცხრა წელია თავს ეხვევა დარჩენილ საქართველოს და რახან ეს ასეა და რახან ხელისუფალთა, საზოგადოების გარკვეულ წევრთა დაბეჯითებული განცხადებით დასავლეთი, ჩვენთვის სანუკვარი მიზანია, მხედველობაში უნდა იყოს მიღებული იქაურთა დამოკიდებულება დამნაშავე ხელისუფლებასთან და პარტიასთან.

არც ერთ ევროპულ ქვეყანაში არ დაინდობდნენ ხელისუფლებას, რომელსაც თუნდაც ნაციონალთა დანაშაულის ნახევრის ნახევარი რომ ჰქონოდა ჩადენილი.

აღსანიშნავია ისიც, რომ დასავლური კანონმდებლობა არ დაუშვებდა ხელისუფალთა ისეთ პარპაშს, რასაც საქართველოში ჰქონდა ადგილი. დასავლური აზროვნება ვერაფრით ჩაწვდებოდა საქართველოს ხელისუფალთა ფასადური ცხოვრების მიღმა არსებულ ცხოვრებას – უკიდეგანო სიბინძურით, დანაშაულით, ადამიანთა წამებით, სხვა ბარბაროსობით. ცხადია, დასავლეთშიც არიან ხელმრუდე ხელისუფალნიც, მაგრამ საზოგადოების ჭარბი სიფხიზლის პირობებში, ამ მხრივ ოდნავი ვნების გამოვლინება, კანონით მძიმედ ისჯება.

მკითხველს ალბათ ახსოვს გერმანიის კანცლერის კოლის, საფრანგეთის პრეზიდენტის შირაქის, სხვათა წინააღმდეგ აღძრული საქმეები, ჰააგის სასამართლოს მიერ მილოშევიჩის, სხვა პოლიტიკოსთა და სამხედროთა გასამართლება. პერუს პრეზიდენტი ალბერტო ფუჰიმორი დღესაც იხდის სასჯელს. სამხრეთ კორეის ორი პრეზიდენტი იყო მიცემული პასუხისმგებაში, არგენტინის სამხედრო ხუნტის წარმომადგენლები, ფოლკლენდის წაგებული ომის შემდეგ, დაამხვეს და ციხეში გაისტუმრეს. რომ არა ლუკაშენკოს მფარველი ხელი, ბელორუსში თავშეფარებული ყირგიზეთის პრეზიდენტი – კარგა ხანია ციხეში იქნებოდა. რაღა შორს წავიდეთ – ნაცთა პოლიტიკური პარტნიორი, უკრაინელი იულია ტიმოშენკო 7 წლითაა გამომწყვდეული ციხეში. მის მიერ ჩადენილი დანაშაული, ვარდებია ნაცთა დანაშაულთან შედარებით.

სხვა ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება, ყველა ისინი აშკარად მეტყველობენ, რომ დამნაშავე ისჯება, მიუხედავად თანამდებობისა. არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი – დამნაშავე ხელისუფლების გასამართლება გამაფრთხილებელი სიგნალია ახალი ხელისუფლებისთვის.

ასე, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს სულაც არ სწყურია სისხლი, მას სამართალი სწყურია – ობიექტური, მიუკერძოებელი. სწორედ ამას ითხოვს საზოგადოება, როგორც უზენაესი ხელისუფალის, ისე მისი პარტიის მიმართ – უზენაესი გასამართლდეს, მისი პარტია, როგორც დამნაშავე, აიკრძალოს.

მაგრამ რამდენად არის ეს შესაძლებელი? ან საერთოდ დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური ცხოვრებიდან გამომდინარე შეიძლება ჰქონდეს მსგავსს ადგილი? ორი რამ აეჭვებს საზოგადოებას – პირველი, აქვს თუ არა ახალს ამის სურვილი და თუ აქვს, გააკეთებინებს ამას სტრატეგიული პარტნიორი?

საიდუმლოებას არ წარმოადგენს ნაცური ხელისუფლების ერთობ გადაჯაჭვული კავშირები სტრატეგიული პარტნიორის პოლიტიკოსებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან. ამ კავშირებში არა მარტო მერკანტილური ხელი-ხელს ბანს ურთიერთობა იყო, არამედ პოლიტიკურიც ანუ ამერიკისთვის საქართველოს ანტირუსულ პლაცდარმად გადაქცევა, საქართველოს მოსახლეობის გაამერიკელება, მისი მომსახურე პერსონალად გადაქცევა – მეეზოვედ, მძღოლად, დაბალ ტექნიკურ მუშაკად, მიმტანად, უცხოელთა გამრთობად, მეძავად და სხვა.

„სტრატეგიულ პარტნიორს“ სჭირდებოდა და სჭირდება ფეხის დამბანი საქართველო – მეცნიერების, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, სხვა იმ სიკეთეების გარეშე, რითაც ესოდენ ცნობილი იყო საბჭოთა საქართველო. და დაიწყო დიდი შეტევა წარსულზე და იმ ადამიანებზე, ვისაც შეგნებული ცხოვრება მჭიდროდ აკავშირებდა წარსულთან.

სააკაშვილისა და ნაცების სახით „სტრატეგიულმა პარტნიორმა“ შეუფასებელ ბაჯაღლოს მიაგნო – საკუთარი ერის, ისტორიის, ადათ-წესების მოძულე ხელისუფლებას ის ვერც ერთ პოსტსაბჭოთა სივრცეში ვერ წააწყდა მსგავსს. ამერიკულ პროექტს ასე იოლად, ერთის ხელის დაკვრით, როგორც საქართველოში, ვერსად განახორციელებდნენ.

ბევრის აზრით, ის, რაც 2003 წელს მოხდა საქართველოში, რევოლუცია არ ყოფილა. მათთვის რევოლუცია სისხლთან ასოცირდება ანუ იმასთან, რასაც მსოფლიო ისტორიაში არაერთხელ ჰქონდა ადგილი. „ვარდების რევოლუცია“ ასეთს ვერ დაიკვეხნის, მაგრამ ცხრა წლის განმავლობაში გატარებული რეფორმებით თუ ვიმსჯელებთ, არც მას აკლდა სისხლი – 21-ე საუკუნისთვის შესაბამისი მასშტაბით.

კომუნიკაციების ეპოქაში ჭარბსისხლიანი რევოლუციები იშვიათობაა. ამ შემთხვევაში სირიის მაგალითი შეუფერებელია. იქ გარედან მოწყობილ ანტისახელისუფლებო ომს აქვს ადგილი. მავანი შემედავება, დასავლეთი, კერძოდ სტრატეგიული პარტნიორი რა შუაშია, ყველაფერი ნაცების და მისი ლიდერის ბრალიაო. ცხადია სააკაშვილისა და მისი ნაცური გუნდის ბრალი განუზომელია, მაგრამ იქნებ ოკეანისგადაღმელიც შუაშია, იქნებ სააკაშვილის აღვირახსნილობის უპირველესი სტიმული სწორედ ისაა და თუ სტიმული არა – წამყროებელი?

ცხრა წლის განმავლობაში გატარებულ რეფორმებში ლომის წილი სწორედ იმათ მიუძღვით, ვინც მრჩევლების სახით უხვად იყვნენ წარმოდგენილი სახელმწიფო კანცელარიაში, სამინისტროებში, სხვაგან. ცხრაწლიან გაუსაძლისობას სტრატეგიული პარტნიორი აკადემიური სიმშვიდით ადევნებდა თვალს, თანაც სისტემატურად აკეთებდა ხელისუფლების მხარდასაჭერ განცხადებებს. უფრო მეტიც, 2008 წლის არჩევნებში დამარცხება, გამარჯვებად მონათლა, ხოლო იმავე წლის ავანტიურისტული ომი – რუსეთის მიერ წინასწარ დაგეგმილ აგრესიად.

ოკეანისგადაღმელი პარტნიორი არა მარტო თვით მოქმედებდა სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდასაჭერად, არამედ სისტემატურად ავალებდა თავის ევროპელ მოკავშირეებს ემოქმედათ ამერიკელთა მსგავსად, ისინიც არ აყოვნებდნენ, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები.

მხარდაჭერა შეინიშნებოდა საპარლამენტო არჩევნების წინ, თითქმის მთელი წლის განმავლობაში. გაიხსენეთ, რამდენი ევროპელი მაღალჩინოსანი სტუმრობდა საქართველოს. გაიხსენეთ, მათი ქება სააკაშვილის რეფორმებთან დაკავშირებით. გაიხსენეთ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტები და მისი აღფრთოვანებული სიცილ-კისკისი სამწყემსოს კარგ მუშაობასთან დაკავშირებით.

დასავლეთმა არც საზარელი ვიდეომასალის გამოქვეყნების შემდეგ დაყარა ფარ-ხმალი. მან ისეთი პროპაგანდა გააჩაღა, თითქოს წამების შემთხვევები ჩვეულებრივი რამ იყოს სხვა ქვეყნების ციხეებში. დასავლეთი დანაშაულზე კი არ აკეთებდა აქცენტს, არამედ „დემოკრატიული“ ხელისუფლების სწრაფ რეაგირებაზე, ორი მინისტრის განთავისუფლებაზე.

არჩევნებამდე 4-5 დღით ადრე საქართველოში სტუმრად მყოფმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა – მან საქართველოს მოსახლეობას მოუწოდა არ დაეშვა გამოუსწორებელი შეცდომა და მხარი არ დაეჭირა ოპოზიციისთვის. გაიხსენეთ არჩევნების დღეც – და ამერიკული ეგზიტპოლისტი ორგანიზაციის უტუხი მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანასთან დაკავშირებით.

სააკაშვილის ტელევიზიების მიერ მოწოდებული ეგზიტპოლისტური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, დღევანდელ პარლამენტში უმრავლესობით „ნაციონალები“ უნდა იყვნენ, „ქართული ოცნება“ უმცირესობით, მათ გარდა იქ „ქრისტიან-დემოკრატებიც“ მოიაზრებოდნენ. ეს მონაცემები ზუსტატ ის იყო, რასაც მთელი წლის განმავლობაში ჩაგვიჩიჩინებდა NDI და IRI.

არჩევნებიდან თითზე ჩამოსათვლელი დრო გავიდა. შეიცვალა სტრატეგიულმა პარტნიორმა შეხედულება საქართველოს მიმართ? შეეგუა ის დამარცხებას? საზოგადოების გარკვეულ ნაწილს დიდი ეჭვი აქვს მათი ფერიცვალების, უფრო ზუსტად პოლიტიკის ცვლის. დასავლეთი, კერძოდ აშშ-ი ქართულ წაგებას გააანალიზებს და აიძულებს ახალ ხელისუფლებას ისე მოიქცეს, როგორც მას სურს.

დასავლეთი მტკიცედ უწევს დახმარებას სააკაშვილსა და ნაცებს, რის დასტურიცაა აშშ-ს ელჩის ჩასვლა ზუგდიდში – საარჩევნო ვნებათა-ღელვის ჩასახშობად. არჩევნების შემდეგ ივანიშვილის მხარდამჭერთა შეტევა საარჩევნო უბნებზე, კლინტონის სატელეფონო ზარის შემდეგ, შეწყდა. იკლო „მეოცნებეთა“ კრიტიკამ „ნაცთა“ მიმართ. იმატა ტოლერანტულმა რიტორიკამ და იმან, რომ შემწყნარებლები უნდა ვიყოთ.

ყოველივე აღნიშნულმა დაამშვიდა დასჯის მომლოდინე ნაციონალები. „სტრატეგიული პარტნიორის“ წყალობით დამნაშავე ხელისუფლება მსოფლიო საზოგადოებას ერთობ დიდ დემოკრატად წარმოუდგა,  ისეთად, რომელიც დამარცხებას ეგუება და პირველი ულოცავს გამარჯვებას მოწინააღმდეგეს, გარდა ამისა პრეზიდენტი თავისი სასახლის წინ ეგებება გამარჯვებულს და ა.შ.

სწორედ ამ შეხვედრის ამსახველ ფოტოსურათებს აფრიალებდნენ ამერიკელი პოლიტიკოსები პრესის წინ – სააკაშვილის დემოკრატობის დასამდტკიცებლად, რაც იმის მანიშნებელია, რომ ამერიკის პოლიტიკა იხტიბარს არ იტეხს, რომ ის მსოფლიოს უმტკიცებს, რომ ამერიკული პროექტი – „ვარდების რევოლუცია“ დემოკრატიულია,  რომ მან ტაიმ-აუტი აიღო, რომ ერთხანს ის არ იქნება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში იქნება და მოემზადება გამარჯვებისათვის. თუ როდის ექნება ამას ადგილი, მომავალი გვიჩვენებს, თანაც არცთუ შორეული.

6 ნოემბერს ბევრი რამ გადაწყდება. აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს. რესპუბლიკელთა გამარჯვების შემთხვევაში, უდავოდ, განტკიცდება სააკაშვილის პოზიციები და მისი ერთწლიანი პრეზიდენტობა სხვა ძალას შეიძენს – სავარაუდო ტექნიკურიდან ნამდვილი ძალაუფლების მატარებლამდე.

დღეს შექმნილი ორხელისუფლებიანობა ყველასთვის მიუღებელია. მოქმედი კონსტიტუციას ეხამუშება ასეთი რამ, მითუმეტეს მაშინ, როდესაც, მისი მიხედვით, ძალაუფლება პრეზიდენტს უპყრია ხელთ. რაც არ უნდა ვიძახოთ – დემოკრატები ვართ და პარლამენტისა და ახალი აღმასრულებელი ხელისუფლების დამოკიდებულება პრეზიდენტის ინსტიტუტისადმი ტოლერანტული იქნება, დაუჯერებელია.

სწორედ ეს ბადებს საზოგადოებაში აზრს, რომ სააკაშვილი და მისი ნაცები რაღაცას მოიმოქმედებენ. ამის საბაბს იძლევა ის ვითარება, რაც ადგილი აქვს მედიაში. თუ არჩევნების შემდგომი ორი დღის განმავლობაში ნაცთა დამცველი ექსპერტობა თითქოს ზღვამ ჩაყლაპა, დღეს ისევ აბრუებენ მაყურებელს.

დარწმუნებული ვარ, ცხრა წლის განმავლობაში ნაცთა მაქებარი ზოგიერთი პოლიტოლოგი, რომელმაც უკვე აგინა სააკაშვილს, ინანებს. ერთ-ერთმა აქუბარდიას ტელევიზიით ისეთი ანტისააკაშვილური ცეცხლი დაანთო, უკეთესს რომ ვერ ინატრებდა ოპოზიცია (არჩევნებამდე). მას ნამდვილად არ გასჭირვებია აკლიმატიზაცია. ქართული „ტოლერანტობიდან“ გამომდინარე – მას უდავოდ არ გაუჭირდება „ოცნებისკენ“ გზის გაკვალვა. სამწუხაროდ, ასეთები ყველა ბანაკში დაფასებულია.

განვლილმა საარჩევნო წელმა წარმოაჩინა „სტრატეგიულ პარტნიორთან“ თანამშრომლობის რაობა, გამოავლინა უაღრესად მანკიერი მაგალითები არათანაბარი პარტნიორობისა. ან რა პარტნიორობაზეა ლაპარაკი ყველა პარამეტრით ძლიერ ქვეყანასთან, უსუსური პატარა ქვეყნისა? ზღაპარია ყოველივე ეს – თვალის მომატყუებელი, მხოლოდ ყურთასამენის მაამებელი.

სინამდვილეში სხვა რამესთან გვაქვს საქმე ანუ „ვუისთან“. საქართველომ რის ვაი-ვაგლახით თავი დააღწია დიდი ქვეყნის „ვაის“, მაგრამ საკუთარი უმეცრებით  თავი „ვუიში“ გაჰყო. რომ იტყვიან – „ვაის გავეყარეთ, ვუის შევეყარეთო“ – სწორედ ასეა საქმე. თან არც ვიცით, რა მოულოდნელობაში ამოვყოფთ თავს, ისე, როგორც ამოვყავით ბოლო ცხრა წლის განმავლობაში.

„ჩვენი თავი, ჩვენვე გვეყუდნოდესო“, – ბრძანა დიდმა ილიამ. მაგრამ ამ შეგონებას შეგნებულად ვუვლით გვერდს, სხვის მოიმედეობაზე ვართ გადასული, მუდამ გარეთ ვიყურებით, ერთის სურვილით – ვინმემ გვიპატრონოს.

ვინმეს პატრონობა კი ისეთია – ნაცთა პარპაში რომ ჰქვია.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.