საქართველოს წინასაარჩევნო აჯაფსანდალი

„ყველა ერთისათვის“ – ასე შეიძლება შევაფასოთ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდი. ვინ არ იმყოფებოდა საქართველოში და ვინ არ იქნება ერთი თვის განმავლობაში. ვიზიტებს ტონს უდებს სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ხან სენატორებით, ხან კონგრესმენებით, ხან სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებით ლაშქრავს საქართველოს.

და არა მარტო ისინი აქტიურობენ, არამედ, მისივე მითითებით, ევროპული ქვეყნებიც, განსაკუთრებით ამ კონტინენტის აღმოსავლეთით მდებარე, სულ რაღაც 20-25 წლის წინათ საბჭოთა „ძმურ“ ოჯახში შემავალნი. ისინი ვაშინგტონის დაძახილის გარეშეც მზად არიან პოლიტიკური დახმარება აღუთქვან საქართველოს ხელისუფლებას თბილისში ჩამოსვლით და ნაცთა სასარგებლო განცხადებების გაკეთებით.

ვიზიტორთა შორის განსაკუთრებული სახელისუფლებო ენაწყლიანობით ბალტიისპირა ქვეყნები გამოირჩევა. მათი დამოკიდებულება ამერიკული სააკაშვილის მიმართ მხოლოდ პოზიტიურია, ვინაიდან მსგავსი ანტირუსულად განწყობილი ლიდერის პოვნა სრულიად შეუძლებელია. ბალტიისპირა ქვეყნებისათვის, რომლებიც დღენიადაგ რუსეთის საწინააღმდეგო რიტორიკით ირთობენ თავს და ართობენ ოკეანისგადაღმელ პოლიტელიტას, სააკაშვილისთანა პარტნიორი შეუფასებელია.

ეს ის ქვეყნებია, რომლებიც თავიანთი ნეგატიური დამოკიდებულების გამოხატვას საბჭოთა კავშირის დროსაც არ ერიდებოდნენ. ასე, რომ ევროკავშირ – ამერიკით მხარდაჭერილები, საბჭოთა მეომრების ძეგლებსაც იღებენ, მათ ნაცვლად ნაცისტების ძეგლებსაც დგამენ, ნაცთა პარადებსაც მართავენ და რუსთა უმცირესობას უუფლებოთა მდგომარეობაში აყენებენ.

დასავლელელებს მოსწონთ სააკაშვილის ანტირუსული პოლიტიკა, მისი რუსეთის საწინააღმდეგო პროვოკაციული გამოხდომები, რომ იტყვიან ფერი-ფერსა, მადლი ღმერთსა, ასეთი იდილიაა შექმნილი მათ შორის. მაგრამ მარადიული არაფერია, მითუმეტეს სხვის სიძულვილზე აგებული, ამიტომაც ეს ურთიერთობა, რომ გახანგრძლივდეს – ძალისხმევაა საჭირო, თორემ ვინ იცის იქნებ საპარლამენტო არჩევნებმა არასასურველი შედეგი დადოს? და აწყობილი ურთიერთობა დაიშალოს?

დასავლელთა აზრით, რაც არ უნდა პროდასავლური იყოს ქართული ოპოზიცია – სააკაშვილისნაირი ვერასდროს იქნება. დასავლეთმა კარგად იცის, რომ სააკაშვილისთანა მონაპოვარს გაფრთხილება სჭირდება, ამიტომაც მოუხშირა მან საქართველოში ვიზიტები. ერთის შეხედვით უარყოფითი ამაში არაფერია, მაგრამ უარყოფითია, როდესაც სტუმარი თავს უფლებას აძლევს საჯაროდ ჭკუა ასწავლოს  მასპინძელს და მოუწოდოს წაგების შემთხვევაში წაგებულმა უმალ აღიაროს დამარცხება და ალასანიასავით (ადგილობრივი არჩევნები) გამარჯვებულს მიულოცოს.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, როგორც ჩანს, არ იცის საქართველოში არსებული ვითარება. მისი ცოდნა მხოლოდ ნაცთა ინფორმაციას ეყრდნობა და არა რიტუალად ქცეულ ოპოზიციასთან შეხვედრის მონაცემებს. ოპოზიციის მოსმენისთვის (ყველას ერთად) გამოყოფილი 40-45 წუთი ვერაფრით გადაწონის ნაცთა 24-საათიან მასპინძლობას – ქართული დახუნძლული სუფრებითა და დიმპიტაურით. სააკაშვილმა იცის სტუმრის მოხიბლვის მეთოდი – საკუთარი ვენახით, საწნახელით, მაჭარით, ჭაჭით, პროფესიონალი მომღერლებით და ა.შ.

სტუმრის გაფეტიშება ქართველთა ძირძველი ტრადიციაა, თუმცა არა მარტო ქართველთა. ხშირად ჩვენი მზერა მიუპყრია აფრიკის ამა თუ იმ ქვეყანაში ნახევრად შიშველ, შუბით შეიარაღებულ მოცეკვავეთა ტრაპთან დახვედრის ცერემონიალს.  მოსწონს სტუმარს ეკზოტიკა. ძველი თაობის წარმომადგენლებს ემახსოვრებათ საბჭოთა საქართველოს „დიდი მოსიყვარულის“ ნიკიტა ხრუშჩოვის ვიზიტი და მის პატივსაცემად გამართულ ბანკეტზე წარმოთქმული სიტყვები – „ქართული კერძები ისე ოსტატურადაა შეკმაზული, ლურსმანიც კი გემრიელად მოგეჩვენებათო“. ჰოდა ასეთი პურ-მარილით გაჯერებულ შემოდგომის საქართველოს – რა აუგი ეთქმის?

სწორედ ამ პურ-მარილის მარადისობისკენ მოგიწოდებენ „ძვირფასი“ დასავლელები, დაეჭვებულები ქართული „საამური“ ცხოვრების მარადისობაში. პრობლემებს ვიღაც მილიარდერი ქმნის, რომელსაც სურს წარსულში დაბრუნება, მერაბიშვილისა არ იყოს – უშუქობაში, უწყლობაში, კრიმინალურ ატმოსფეროში და რაც მთავარია რუსეთის ორბიტაზე.

როცა ესოდენ მძაფრ ინფორმაციას ღებულობ მეგობარი სახელმწიფოს შესახებ, უმალ მოახტები თვითმფრინავს ისე, როგორც რუსი ჯარისკაცები მოახტნენ ფოთში „БТР“-ებს სააკაშვილის დასაჭერად და თბილისს მოაშურებ.

ჩამოსულ სტუმართა გონება წინასწარ არის ნაცთა პროპაგანდით დამუშავებული, თუმცა არც მათ აქვთ სხვა მოსაზრება ივანიშვილის „მზაკვრულ“ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნების შემდეგ რევოლუციას გვპირდება. და რომ ეს არ მოხდეს შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი კარლ ბილდტი მზად არის გააფრთხილოს ოპოზიცია დამარცხების შემთხვევაში დედის რძესავით შეირგოს ყოველივე. ბილდტმა და სხვა მისმა დასავლელმა კოლეგებმა ნაკლებად იციან (შეიძლება იციან, მაგრამ მათთვის ამჯერად ასე სჯობს) იმ მანკიერი საარჩევნო პროცედურების შესახებ, რომლის მიხედვით გამარჯვებული – არჩევნების ორგანიზატორია.

ბილდტმა არც ის იცის, რომ პირველი ოქტომბრის გაუმჭვირვალე და არადემოკრატიული არჩევნები მრავალი წლით გაახანგრძლივებს ნაცთა ანტისახალხო მმართველობას, მაგრამ იქნებ იცის და სწორედ ამიტომაც გვმოძღვრავს – შეეგუეთ არჩევნების შედეგებსო?

უფრო ღრმა და „საფუძვლიანი“ იყო ესტონეთის თავდაცვის მინისტრის განცხადება საქართველოსთან მიმართებაში. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა საქართველოს ხელისუფლების უდიდეს წვლილზე ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობის საქმეში. მინისტრის აზრით, საქართველო ყველა პარამეტრით აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტებს და ის უნდა იყოს ნატოს წევრი, მიუხედავად იმისა სურს თუ არა ეს რუსეთს.

მინისტრმა „ამხილა“ კრემლის ზრახვები საქართველოს წინააღმდეგ და რუსეთის სამხედრო წვრთნები „კავკასია-2012“ „ორგანულად“ გადააბა პარლამენტის არჩევნებს, არეულობას, საქართველოში შემოჭრას და რაც მთავარია ივანიშვილს – მინისტრის ვარაუდით, საქართველოში რუსეთის დასაყრდენს. მაღალჩინოსანმა ესტონელმა ამ ქვეყნის პოლიტიკოსთა წინასწარმეტყველური ნიჭის კიდევ ერთ გამოვლინებას მისცა გასაქანი და დასავლური გაზეთების საშუალებით მთელ მსოფლიოს გაანდო ბრძნული აზრები „სახიფათო“ სამკუთხედის თაობაზე – რუსეთი-საქართველო-ივანიშვილი.

ორ მზაკვარს შორის მოქცეულ სააკაშვილის საქართველოს დასავლური დახმარება და მხარში დგომა ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში მას დაამხობს მილიარდერი ბიზნესმენი – რუსეთში დაფრთიანებული, ორთოდოქსული იდეების მატარებელი. საქართველოში მოხდება საბჭოურის მსგავსი სისტემის რეანიმაცია, ეს ქვეყანა დაიკარგება დასავლეთისათვის.

რუსეთის ლანძღვა ზანტს აღწევს და მასთან ერთად ახლიდან იხატება (მერამდენედ) ჯაგარაშლილი, ხახადაღებული რუსული დათვის აგრესული პორტრეტი, რომელსაც ერთი სული აქვს ჩაყლაპოს უმანკო საქართველო.

ის აღარ გვეყო სააკაშვილი და მისიანები, რომ წამდაუწუმ კრემლის აგრესიით გვაშინებენ, ახლა მათ, როგორც გურამ ფანჯიკიძე იტყოდა „ლატვა-ლიტვა და „ლუტვა“ დაემატა და არა მარტო ისინი, არამედ აღმოსავლეთ ევროპის სხვა „ლუტვებიც“.

რაც უფრო ძლიერდება რუსეთი, „გაფარჩაკებული“ (სააკაშვილს დავესესხები) ევროკავშირის ფონზე, მით უფრო ძლიერდება ანტირუსული, ანტიპუტინური კაკაფონია. სულ ახლახანს ევროპარლამენტმა დაგმო ადამიანის უფლებების რღვევის ფაქტები რუსეთში, გულისწყრომა გამოთქვა „ფუსი რაოტისათვის“  „ბარბაროსული“ განაჩენის გამოტანის გამო, დაიცვა დუმიდან დათხოვნილი გუდკოვი მხოლოდ იმიტომ, რომ მათ თავისად თვლის.

და ეს ხდება მუსლიმანურ სამყაროში წინასწარმეტყველ მუჰამედის შეურაცხყოფის შედეგად აგორებული რელიგიური აჯანყების ფონზე. მაროკოდან ინდონეზიამდე დუღს მუსლიმანური სამყარო, იხოცება ადამიანები, მათ შორის მაღალი რანგის დიპლომატები, ნაცრადაა ქცეული აშშ-ს, სხვა ქვეყნების დიპლომატიური მისიები.

ცხადია, რუსეთი არ ჰგავს მუსლიმანურ ქვეყნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღშფოთებული მორწმუნეთა ტალღა დიდი ხანია წირვას გამოუტანდა „ფუსი რაიოტს“ და ყველა იმას, ვინც ჯვრები მოხერხა, შეურაცხყოფა მიაყენა და აყენებს მართლმადიდებლურ ეკლესიას.

დასავლური „დემოკრატიის“ სურვილი ზედმიწევნით ემთხვევა ნაცთა ლიდერის სურვილს – დიდხანს გაგრძელდეს საქართველოში „ვარდების რევოლუცია“, სამარადისოდ იყვნენ სააკაშვილი და მისი ნაცები – დასავლეთის მიმართ ესოდენ დამჯერნი, ლიბერალურად მოაზროვნენი – იმ რუსული სიმღერისა არ იყოს – „დაე მუდამ იყოს მზე, დაე მუდამ იყოს ზეცა, დაე მუდამ იყოს დედა, დაე მუდამ ვიყო მე“.

 ამ „უბედურ“ რუსეთს ნამდვილად არ წყალობს ბედი – ესტონელი მინისტრის ნავარაუდევი რუსული დასაყრდენი საქართველოში, ივანიშვილი ერთ-ერთი უცხოური გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილს მოიხსენიებს, როგორც საშინელი რუსული მმართველობის მსგავსი რეჟიმის შემქმნელს.

ხელისუფლებაც და ოპოზიციაც (კუკავას გამოკლებით) რუსეთის ლანძღვით ცდილობს ქულების დაგროვებას. არც ერთი მათგანი არ ითვალისწინებს ამომრჩეველთა სხვაგვარ განწყობას – დაფიქსირებულს ერთ-ერთ გამოკითხვაში, რომლის მიხედვით საქართველოში მოსახლეობის 80%-ზე მეტს სურს რუსეთთან ურთიერთობა.

მიუხედავად გაუთავებელი ანტირუსული პროპაგანდისა ხალხს სურს ჩოლოყაშვილ-თავხელიძის მიერ საქართველოსთვის ნომერ პირველ მტერად გამოცხადემულ რუსეთთან ურთიერთობა. მას ნაკლებად ხიბლავს „დემოკრატიული“ დასავლეთი, მითუმეტეს გეიპარადები, ხალხს სურს წარსულში დაბრუნება – განათებულ, გამთბარ, დაბალ გადასახადებიან წარსულში, უფასო განათლებითა და სამედიცინო მომსახურებით და არა ისეთში, როგორსაც მერაბიშვილი ხატავს და არც ისეთში, როგორშიც სააკაშვილ-მერაბიშვილმა აცხოვრა ბოლო 9 წელიწადი.

საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ნამდვილად არ არის საყოველთაო აღტყინების თემა – განსაკუთრებით უცხოელებისთვის. არც ქვეყნის ტერიტორიის მასშტაბი, არც მოსახლეობის რაოდენობა, არც ეკონომიკა არ იძლევა ესოდენი დიდი ყურადღების გამოვლინების საბაბს.

მაშ რასთან გვაქვს საქმე? უპირველეს ყოვლისა აშშ-ს მიმართ ყმურ დამოკიდებულებასთან, რბილად რომ „ლოიალურს“ უწოდებენ, ამერიკულ პროექტ „ვარდების რევოლუციასთან“, ერთადერთ შემორჩენილ რევოლუციათაგან, რასაც ადგილი ჰქონდა არა მარტო პოსტსაბჭოთა სივრცეში.

აღარსად არის – ყირგიზეთის, უკრაინის, სხვების „რევოლუციები“ – ამერიკელთა მიერ დადგმულ-განხორციელებული. არც რუსეთში ჩანს ანტიპუტინური რევოლუცია, მიუხედავად დახარჯული მსუყე თანხებისა, „პუსი რაიოტის“ საძაგელი ტლინკაობისა, ჯვრების დახერხვისა, „ბოლოტნაიასა“ და „სახაროვის“ მიტინგებისა, „რუს“ ლიბერალთა ანტიპუტინური ყელ-ყელაობისა და სხვა.

ფერად-ყვავილოვანი რევოლუციებიდან მხოლოდ „ვარდებისაა“ შემორჩენილი – ზომაზე მეტი ეკლით და აყროლებული სუნით, მაგრამ მაინც ამერიკულით. განა არ ღირს ამისათვის გარჯა? ამერიკამ კარგად იცის, რა ძუკნის შვილია სააკაშვილი, მაგრამ ის საკუთარი ძუკნის შვილია და ამიტომაც იცავს მას, ხოლო ჩვენდა გასაგონად დემოკრატიულად გვიცხადებს, რომ არჩევნები დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს.

დემოკრატიულად ჩატარების შემთხვევაში, რომ აღარაფერი დარჩება „ვარდების რევოლუციისგან“?

რაღა აშშ-ს პრეზიდენტის არჩევნები და რაღა საქართველოს პარლამენტის – ორივეს მიმართ აჟიოტაჟი დიდია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მსოფლიო საქართველოს ღერძზე ტრიალებდეს. ნატოს გენერალურ მდივანს რასმუსენს, ათწუთიან ინტერვიუში, „ევრონიუსის“ კორესპონდენტი, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე და რუსეთის მიერ დაგეგმილ სამხედრო მანევრებ „კავკასია-2012“-ზე  შეეკითხება, ნათლად მეტყველებს საიდან ქრის ქარი.

დასავლეთი ისეთ სურათს ხატავს, თითქოს რუსეთი მზად იყოს, არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, შემოიჭრას საქართველოში. ეს ვერსია – ნაცთა მიერ მათთვის ჩაწოდებული, ისევ ჩვენ გვიბრუნდება, ოღონდ ქართველთა „სათაყვანებელი“ უცხოელის პირით, თანაც გაფრთხილებით – როდესაც ოპოზიცია დამარცხდება, მან ხალხი ქუჩაში არ უნდა გამოიყვანოს, რამეთუ ამას უდავოდ მოჰყვება ჩასაფრებული რუსეთის შემოჭრა საქართველოში.

არჩევნების წინ ქვეყნის ამომრჩეველი ორმაგ პრესშია მოქცეული – შინაგანში – ნაცთა მხრიდან და გარეგანში – დასავლეთის მხრიდან. შინაგანი გვეუბნება, რომ ივანიშვილისთვის ხმის მიცემა – ნიშნავს რუსულ წყვდიადში დაბრუნებას – აბაშიძეობით, მამალაძეობით, კრიმინალობით, სხვა „სიკეთეებით“. არავინ სვამს კითხვას, არის თუ არა ყოველივე აღნიშნულის მომტანი ივანიშვილი, მაზოხისტი? ან ფუფუნებას დაჩვეულ მილიარდერს რატომ უნდა უხაროდეს გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლების უბედურებების დაბრუნება? იქნებ მერაბიშვილს ჰგონია, რომ ხალხს სურს მის მიერ ნაცთა ყრილობაზე გაჟღერებული უბედურების კიდევ ერთხელ განცდა?

სამწუხაროდ დასავლეთსაც ისეთივე პოზიცია უკავია, როგორც ნაცებს, ოღონდ მის მიერ მოწოდებული აზრები სხვაგვარადაა ჩამოყალიბებული და შეფუთული. მიზანი კი ერთია – საქართველოს მოსახლეობა, მათ შორის ოპოზიცია უნდა შეეგუოს არჩევნების შედეგს.

შედეგი კი კარგად იცის ათას ბარიერზე გადამხტარმა ერმა. რა გამოდის? ქართული ფოლკლორით – ეს ჩემი ასო კიტრია და უნდა ვჭამოთ! ვჭამოთ იმიტომ, რომ ასე სურთ ვაშინგტონში „ვარდების რევოლუციის“ შემქმნელ „მამებს“, მსოფლიო „დემოკრატიისა“ და „ადამიანის უფლებათა“ დამცველებს – საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და წინსვლისთვის.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.