ხმაურიანი დაჭერები და ახლო აღმოსავლური პოლიტიკა

ხმაურიანი დაჭერების თემა არა მარტო შიდა, არამედ გარე განხილვის თემადაა ქცეული. რაც უფრო იზრდება მათი რაოდენობა, მით უფრო ფართოვდება დასავლელ პოლიტიკოსთა და მედიის ისტერიული განცხადებები საქართველოს ახალი ხელისუფლების მისამართით. არადა სასაყვედურო მათ არ უნდა ჰქონდეთ, ვინაიდან ვისაც იჭერენ ერთ კვირაში ან უფრო ადრე, გირაოს გადახდის შემდეგ, ათავისუფლებენ, თანაც გირაოს თანხა გაცილებით მცირეა, ვიდრე დაჭერილთა მიერ მითვისებული თანხები.

ახალი ხელისუფლების ნოუ-ჰაუ პრეზიდენტსაც უნდა აწყობდეს, მაგრამ კაცია და გუნება. პრეზიდენტი სხვაა, სხვაგვარი აზროვნებით, მეტადრე ჭარბი ავანტიურიზმით, ამიტომაც ის არღვევს მოჩვენებით თანაარსებობას ანუ ქართველთათვის ახალ სათაყვანო სიტყვა „კოჰაბიტაციას“ – გადადის რა მისთვის ჩვეულ ამპლუაში, მოწინააღმდეგის დაუზოგავ ლანძღვაში.

პრეზიდენტის მხრიდან წინასწარმეტყველებაც გაისმის – მომავალი წლის ბოლოსთვის გამარჯვებული პარტიის ხელისუფლებიდან ჩამოშორება. წინასწარმეტყველება ან ახდება ან არა, თუმცა ბევრი რამ წინასწარმეტყველზეცაა დამოკიდებული ანუ მის მოქმედებაზე, მის საბრძოლო შემართებაზე, მის მუხტზე. პრეზიდენტის მტრული განწყობა მოწინააღმდეგის მიმართ მარტო „ოროსნების“ და „დამანგრევლების“ ძახილში არ გამოიხატება. მისი პროვოკაციული მოქმედებები, როგორც შინ, ისე გარეთ, განსაკუთრებით გარეთ, ძალაშია. ასე, რომ მომავალი წელი ნამდვილად არ იქნება მშვიდი და წყნარი არაპოლიტიკური საქართველოსთვის.

პოლიტიკოსთა ზღვარგადასული ჭიდილი კარგს არაფერს უქადის უამრავი პრობლემებით სავსე საქართველოს. გამარჯვებული პარტიის წარმომადგენლები, ყოველგვარი რიდის გარეშე, აცხადებენ – ხელისუფლების აღებიდან 60 დღეში უამრავი რამ გავაკეთეთ და სიკეთეებს მალე დაინახავთო. როგორც ჩანს ახალი ხელისუფლებაც, ძველის მსგავსად, საკუთარი თავის ქების გზას დაადგა. ნაადრევად ხომ არ მოსდის? ძველივით, ახალიც ხომ არ დაიწყებს მტკიცებას – გაკეთებულს ვერ ამჩნევთო?

ერთი რამ, რაც ახალმა გააკეთა – ტელეეკრანებიდან სააკაშვილის ფიზიონომიის ჩამოშორება და მასთან ერთად დუჟმორეული ლანძღვა-გინებისგან ტელემაყურებელთა განთავისუფლებაა. მაგრამ დიდხანს არ გაგრძელებულა ეს ბედნიერება. დაჭერებით გაგულისებულმა პრეზიდენტმა ზედიზედ შეგვახსენა თავი, თანაც მუქარით. არადა პირველი ოქტომბრის შემდეგ ნაცთა შიშნარევი, თავშეკავებული მოქმედება, თითქოს მარცხისადმი შეგუება, მშვიდი მომავლის საწინდარი უნდა ყოფილიყო, ისეთის, დასავლელები კოჰაბიტაციას რომ უძახიან.

ნათელი და დემოკრატიულია საქართველოში ხელისუფლების გადაცემის პროცესი – გაიძახოდა დასავლეთი და ნაცთა მიმართ პოზიტიურად განწყობილი დასავლური პოლიტიკური ბომონდი საქებარ სიტყვებს არ იშურებდა მათი ჯილის, სააკაშვილის მიმართ.

ცოტა ხანი გასტანა სააკაშვილის დემოკრატიამ, დიდი-დიდი თვენახევარი. და დაიწყო ნაციონალური ბოღმის ამოფრქვევა, ვითარცა გავარვარებული ლავისა, რომელიც წვავს და დაგავს დინების დროს შემხვედრ საგნებს, მათ შორის სააკაშვილის „დემოკრატიასაც“ – ნატოში შესვლის „პერსპექტივით“.

პრეზიდენტის უკუღმართმა ლექსიკამ დაგვანახა, რომ პირველი და ორი ოქტომბრის თავშეკავება, სულაც შემთხვევითი, არაკანონზომიერი რამ იყო. პრეზიდენტის მწარე გამონათქვამებმა ჩვენ კი დაგვანახა რეალობა, მაგრამ აუხილა თვალი ნაცზე შეყვარებულ დასავლეთს? იქნებ სულაც პირველ ოქტომბერს დამარცხებული დასავლეთია პრეზიდენტის მწარე ლექსიკის, შემდგომში ასევე მწარე ქმედების ინიციატორი? მისგან ყველაფერია მოსალოდნელი.

სააკაშვილის ბოლოდროინდელი სატელევიზიო გამოჩენები წინასაარჩევნო მარათონში ჩართვის ნიშანია. წინ ორი არჩევნებია – საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმართველობის.

ოპოზიციაში გადასული პრეზიდენტი და ნაცები, ვითარების გამუქებისთვის, შანსს არ უშვებენ ხელიდან. ისინი ისე წარმოაჩენენ ახლების ქმედებას, თითქოს სისხლის სამართლის დამნაშავეები იყვნენ. „ასეთი მასშტაბის დაპატიმრებები საქართველოს არ ახსოვსო“, – გაჰყვირის სააკაშვილი. მასშტაბური დაჭერების და რაც მთავარია „უკანონოს“ მიმართ ხმას იმაღლებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. მათ მიერ „მშვიდობის ხიდზე“ (როგორც იქნა რაღაც დატვირთვა შეიძინა არქიტექტურულმა „სრულყოფილებამ“) გამართული საპროტესტო აქცია დამაფიქრებელია.

მეხსიერებას არ შემორჩა სააკაშვილის საწინააღმდეგო მსგავსი აქციები, არადა 2004 წელს და შემდეგ წლებში ჩატარებული დაჭერობანა გაცილებით მასშტაბური იყო, ვიდრე დღევანდელი. არასამთავრობოებს მაშინ სხვა ამოცანები ჰქონდათ – სააკაშვილისთვის მხარის დაჭერა, დასავლური „დემოკრატიის“ ჩამოყალიბებისთვის ხელის შეწყობა, 2003 წლის რევოლუციური „მონაპოვრის“ განმტკიცება.

დღეს მათ სხვა ამოცანები აქვთ – სააკაშვილისა და ნაცების გადარჩენა და აქედან გამომდინარე საკუთარი თავისაც. დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს მიერ დაპურებული არასამთავრობოები სერიოზული ძალაა და რაც მთავარია მტკიცე იარაღია ამერიკელთა ხელში. სად, როდის, როგორ გამოიყენებს მას სტრატეგიული დამპურებელი და მისი ჯილა სააკაშვილი, არავინ იცის.

ცხრა წლის განმავლობაში არასამთავროები სააკაშვილის ხელისუფლების კადრების სამჭედლო იყო – ხელისუფლებასთან შესისხლხორცებული ორგანიზმი. სააკაშვილის მიერ ჩატარებული მართლაცდა უპრეცედენტო დაჭერების უსიტყვო მხარდამჭერები (ზოგიერთთა გამოკლებით), ხშირ შემთხვევაში შემსრულებლები – არაენჯეოელი ივანიშვილის ქმედებას, ერთობ უარყოფითად აღიქვამენ, ისე, როგორც მათი ოკეანისგადაღმელი ბოსები.

მაგრამ იცის ვინმემ, რას ფიქრობს დიდი პარტნიორი. დღეს, ის კიცხავს ივანიშვილს და მხარს უჭერს სააკაშვილს, მაგრამ რას იზამს ხვალ? იქნებ „შარიკი“ გადაუბრუნდეს?

მსგავსი გადაბრუნების შესახებ წერდა ამასწინათ პამელა გელერი “American Thinker”- ში. ავტორი პალესტინასთან დაკავშირებულ გაეროს კენჭისყრას ეხება და მასში ამერიკის პოზიციას. როგორც იცით, კენჭისყრის დროს დიდმა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ახლო აღმოსავლეთში თავის მოკავშირე ისრაელს, თუმცა ორივენი უმცირესობაში აღმოჩდნენ. ოფიციალურად სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა კენჭისყრა „სამწუხაროდ და კონტრპროდუქტულად“ მონათლა, კულუარულად ალბათ დადებითად.

ებრაელ ბიზნესმენ მირელაშვილზე დაყრდნობით, წერილის ავტორი გვამცნობს, რომ კენჭისყრის უარყოფითი შედეგი წინასწარ იყო დაგეგმილი. იყო თუ არა ასე, იოლი ამოსახსნელა არ არის, მაგრამ ობამა-ნეთანიაჰუს რთული ურთიერთობა გვაფიქრებინებს ამას. ობამას არაერთხელ გამოუთქვამს საყვედური ისრაელის პრემიერის ახლო აღმოსავლურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. არც ებრაელები არიან აღფრთოვანებული ბარაკ ჰუსეინ ობამას მოქმედებით, მაგრამ ამერიკელთა ასეთ ღალატს ისინი არ ელოდნენ.

კენჭისყრის წინ აშშ-ს ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ხვდება ივანიშვილს, თხოვნით – მხარი დაუჭიროს პალესტინას. აღნიშნულის შესახებ მირელაშვილს ივანიშვილმა უთხრა. მან კი არ დამალა და საჯაროდ ამხილა ობამას ადმინისტრაციის მზაკვრობა. როგორც ჩანს ანალოგიურ თხოვნას ჰქონდა ადგილი ამერიკის ელჩების მხრიდან სხვა ადგილსამყოფელ ქვეყნებშიც. ასეთ ჩახლართულ პოლიტიკას ჟარგონზე „ჩაშვება“ ჰქვია. მირელაშვილმა „ჩაუშვა“ ივანიშვილი, ივანიშვილმა – ობამა. საშური პარტნიორობაა.

აღნიშნული ისტორიიდან ერთი რამ არის ნათელი – ამერიკისთვის სასურველი გეგმის სხვისი ხელით კეთება, თუმცა ამაშიც ახალი არაფერია. გავიხსენოთ ვაშინგტონის პოზიცია კადაფის ლიბიასთან მიმართებაში. მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი  ობამა კადაფის წინააღმდეგ ომში პირდაპირ არ ჩართულა. ის ოსტატურად დირიჟორობდა ნატოს ჯარებს კულისებიდან. თვალი შევავლოთ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომს, მასში ჩართულ ათასი ჯურის ბოევიკებს, „ალ-ქაიდას“ ჩათვლით და ამერიკის ადმინისტრაციის მათდამი დამოკიდებულებას.

ბაშარ ასადის წინააღმდეგ მებრძოლი ჯგუფების მაკოორდინებელი დასავლეთია. ის არა მარტო იარაღით უზრუნველყოფს მეამბოხეებს, არამედ ინფორმაციითაც – სირიის სახელმწიფო ჯარის გადაადგილებასთან დაკავშირებით. დასავლური პრესის მიხედვით, ბოევიკებისთვის იარაღის გადაცემას აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ხელმძღვანელობს.

ბაშარ ასადის ხელისუფლება სამი მხრიდან განიცდის პოლიტიკურ შეტევას და არა მარტო პოლიტიკურს: დასავლეთიდან, არაბული ქვეყნების ლიგიდან, თურქეთიდან. სამივენი დაბეჯითებით მოითხოვენ ბაშარ ასადის გადადგომას.

ამ ვარიანტის განხორციელების შემთხვევაში სირიაში გარდაუვალია ქაოსი. ალავიტური ხელისუფლების ფიასკო გამოიწვევს სერიოზულ რყევებს. ვინც იერარქიული კიბის ბოლოს იმყოფება, კიბის თავში აღმოჩნდება. “დე ალავიტიზაცია“ გაანადგურებს 1960 წლის შემდეგ ჩამოყალიბებულ სისტემას, რისთვისაც იღვწიან სირიის ხელისუფლების მოწინააღმდეგეები. მათთვის არა მარტო ასადის მოშორებაა მთავარი, მთავარია სისტემის განადგურება.

მაინც რატომ არ აწყობთ ასადი? ძნელია მას სისხლიანი დიქტატორობა დასწამო. ასადის რეჟიმის წინააღმდეგ გამოცხადებული ომი ირანთან განსაკუთრებული ურთიერთობის გამოა. სირია, ირანის დიდი ხნის პარტნიორია, ირანი კი დასავლეთში ასოცირდება ბირთვულ პროგრამასთან, ურანის გამდიდრებასთან.

დასავლეთი აცხადებს, რომ ირანი ყველაფერს ღონობს ბირთვული ბომბის დამზადების პირობების შესაქმნელად, მაგრამ პირობების შექმნა არ ნიშნავს იარაღის დამზადებას. ძნელად წარმოსადგენია, რომ, თუნდაც ბირთვულბომბიანმა ირანმა, ეს იარაღი ისრაელის საწინააღმდეგოდ გამოიყენოს, ვინაიდან ირანელებმა იციან, რა წუთსაც ისინი ბომბს მიამაგრებენ რაკეტას, ისრაელი განახორციელებს პრევენციულ დარტყმას.

უფრო პრაგმატული იქნება ის ვარაუდი, რომ ირანს სურს ბირთვული იარაღის დამზადების ზღურბლამდე მისვლა, იმისთვის, რომ ყველას დაანახოს – მას შეუძლია ხუთ წუთში ბომბის დამზადება. ნუ გადაადგმევინებთ ირანს ასეთ ნაბიჯს.

თუ ირანს მართლაც მსგავსი გეგმა ამოძრავებს, სულაც არ არის დასაძრახი, ვინაიდან შიში ამოძრავებს მას, ამერიკელთა შიში.

ბირთვული იარაღის დამზადების ზღურბლამდე შეჩერებას ვერაფრით დაიჯერებს ისრაელი. ცხადია ისიც, ბირთვული იარაღის შექმნის შიშით, ურანის 20%-ზე მეტის გამდიდრების შემთხვევაში, დაჰკრავს ირანს. ომში ამერიკაც ჩაერთვება, რასაც უდავოდ მოჰყვება ცივილიზაციათა ომი.

შედეგი, კაცობრიობისთვის უმძიმესი იქნება. და ეს რომ არ მოხდეს, აშშ-ი, დასავლეთი ეკონომიკურ სანქციებს მიმართავენ, რათა ხელი ააღებინონ ირანს ურანის გამდიდრებაზე. გარდა ამისა იყენებენ ფსიქოლოგიურ იარაღსაც, რაც გამოიხატება მედიაში ირანზე მოსალოდნელი თავდასხმის სისტემატიურ გამოქვეყნებაში. ჩემის აზრით, შორიდან მოვლას, უმჯობესი იქნებოდა ამერიკა ირანის პირდაპირი დიალოგი, რაც გამოითქვა, მაგრამ არ შესრულდა ობამას მიერ.

ჯერ-ჯერობით ირანი შორს არის წითელი ზოლიდან, ამდენად მასზე თავდასხმას არ უნდა ველოდეთ. რაც შეეხება ეკონომიკურ სანქციებს – გაგრძელდება, გარდა ამისა გაგრძელდება ირანისთვის გეოპოლოტიკური მოკავშირეების ჩამოშორების მცდელობა. ასეთი მოკავშირეებით ირანი განებივრებული არ არის, მაგრამ, რაც არის – სირიის სახით, მნიშვნელოვანია.

მავანი იკითხავს, შიიტური ერაყიც ხომ მჭიდრო ურთიერთობაშია თეირანთან? ირან-ერაყს შორის მართლაც პრაგმატული კავშირებია, მაგრამ ერაყელი მმართველები მაინც არ იწვევენ ირანელებში ნდობას. მართლაც ძნელია ენდო ხელისუფლებას, რომელიც აშშ-ნ თანამშრომლობს. ერთადერთი ნამდვილი მოკავშირე – სირიაა, ბაშარ ასადის სირია. ბევრი თვლის, ეს იმიტომ, რომ სირიის ხელისუფლება ალავიტურია, ალავიტები კი – შიიტებია.

ორთოდოქსი შიიტები ალავიტებს არ თვლიან შიიტებად, მაგრამ როდესაც სირია, ირანის მოკავშირე გახდა, აიათოლა ხომეინიმ მიანიშნა, რომ ალავიტები შიიტებად შეიძლება ჩაითვალონ. რელიგია მთავარი არ არის, მთავარია იდეოლოგია – ანტიამერიკანიზმი, ანტისიონიზმი, პალესტინელთათვის მხარის დაჭერა და სხვა.

შეიქმნა ირან-სირიის ღერძი, რომლის მეშვეობით ირანი იარაღით ამარაგებს პალესტინის „ჰამასს“ და ლიბანის „ჰესბოლას“. ეს ორგანიზაციები ისრაელის მტრებია და აქედან გამომდინარე ამერიკისაც. ბაშარ ასადის ხელისუფლებიდან ჩამოშორებით გაწყდება კავშირები ირანსა და აღნიშნულ ორგანიზაციებს შორის.

ვინ მოვა ბაშარ ასადის შემდეგ? როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს სხვა არაბულ ქვეყნებში – „ძმები მუსლიმანები“. სწორედ ეს იწვევს ისრაელის გაორებულ პოლიტიკას სირიის ხელისუფლების მიმართ. ისრაელს ურჩევნია ნაცნობი ეშმაკი, უცნობს. ბაშარ ასადი ისრაელისთვის ნაცნობია, „ძმები მუსლიმანები“ – უცნობი. ათეული წლებია სირია-ისრაელის საზღვარზე არ ისმის სროლის ხმა. სუნიტების ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული მათი მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ პატრიოტული ომის წამოწყება გოლანის მაღლობების დასაბრუნებლად.

სირიის ხელისუფლების დამხობა და ირანის იზოლაცია აწყობს არაბთა ლიგას, უფრო ზუსტად ლიგის გავლენიან წევრებს – საუდის არაბეთსა და ყატარს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს სპარსეთის ყურის სუნიტი სახელმწიფოების და შიიტური ირანის დაპირისპირებასთან. და აქაც გარდა მრავალსაუკუნოვანი რელიგიური შუღლისა – სახეზეა პოლიტიკური დაპირისპირებაც.

ახლო აღმოსავლეთის მონარქიებს კარგად ახსოვთ ხომეინის მოწოდება რეგიონის „უსინდისო მმართველთა“ დასამხობად. ხომეინის ხაზი არასოდეს გაუსვამს ირანის რევოლუციის შიიტური ხასიათისთვის. ის ყოველთვის აცხადებდა ამ რევოლციის საერთო ისლამურ ხასიათზე.

„ხომეინიზმი“-ს აღორძინებას ხელი შეუწყვეს ირანის სულიერმა ლიდერმა ჰამენეიმ და პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა. სწორედ მათ ააღორძინეს მსოფლიო მუსლიმანური სულისკვეთება, მათ შორის არაბული. აჰმადინეჟადის ხმაურიანი განცხადებები – ისრაელის მსოფლიო რუქიდან წაშლის თაობაზე და ჰოლოკოსტის აბსურდულობაზე – მიმართული იყო არაბული ქვეყნების გამოღვიძებისათვის, იქ ირანის ლიდერობისათვის.

აჰმადინეჟადმა შეძლო გადაექცია ირანი რევოლუციური არაბული აღმოსავლეთის ავანგარდად. იმავდროულად აჰმადინეჟადის პროგრამამ გადააქცია საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის საამიროები, მათთან ერთად იორდანია, ირანის მტრად. სიტყვით, თითქოს ყველა ისინი ებრძვიან ისრაელს და მხარს უჭერენ პალესტინას, მაგრამ მხოლოდ სიტყვით. მათ არ ეშინიათ ისრაელის. ვისიც მათ ეშინიათ – უპირველესად ირანია და მისი „რევოლუციური ბაცილა“. აქედან გამომდინარე მათთვის მთავარია სირიის პრეზიდენტის ჩამოშორება, ირანის იზოლაციისთვის.

რაც შეეხება თურქეთს – მას ერდოღანამდე არავინ განიხილავდა ისლამურად. ისლამური სამყარო მას ევროპულად მიიჩნევდა. ერდოღანის თურქეთმა მტკიცე ნაბიჯები გადადგა ახლო აღმოსავლეთის ლიდერობისკენ. მან მხარი დაუჭირა პალესტინას – გააუარესა რა ურთიერთობა ერთ დროს ახლო მდგომ ისრაელთან.

თურქეთს სურს რეგიონის ლიდერობა, რისთვისაც ის მზად არის ირანს ლიდერის დროშა ჩამოართვას, ამასთანავე „არაბული წინააღმდეგობის“ მებაირაღეობაც. ამ შემთხვევაში თირქეთის მთავარი ამოცანაა სირიის საკუთარ ბანაკში გადმობირება და ირანთან მისი კავშირების გაწყვეტა. გეგმის განხორციელება ბაშარ ასადის ჩამოგდებით გახდება შესაძლებელი. სწორედ ამით არის გამოწვეული თურქეთის მტრული პოზიცია ერთ დროს მეგობარ სირიასთან. სუნიტ თურქებს მიაჩნიათ, რომ რევოლუციის შედეგად სირიის ხელისუფლებაში მისულ სუნიტებთან მათ არ გაუჭირდებათ საერთო ენის გამონახვა.

ახლო აღმოსავლური პოლიტიკური მოზაიკა აშკარა მანიშნებელია იმისა, რაოდენ დიდი დაფიქრება გვმართებს, რომ ძალაუნებურად, უცოდინარობით თავი არ გავყოთ ყულფში, საიდანაც გამოძრომა გაჭირდება. ისიც კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ არც სტრატეგიული პარტნიორი და არც გაერთიანებული ევროპა თავს არ გადადებს ჩვენთვის, რისი მოწმენიც 2008 წელს გავხდით. მხოლოდ გაწონასწორებულ პოლიტიკას ძალუძს ჩვენი ხსნა და რაც მთავარია საკუთარ ძალებზე დაყრდნობას. ყოველივე ეს კი შესაძლებელია საქმის ცოდნით და პროფესიონალიზმით, მაგრამ ვართ კი ასეთნი?

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.