15.11.2024

ახალი ცხოვრების მოლოდინში

რამდენიმე დღეში მუშაობას დაიწყებს ახალი მოწვევის პარლამენტი, რომლის უპირველესი მიზანი უნდა იყოს მარიონეტული ორგანოდან, ნამდვილ საკანონმდებლო ორგანოდ გადაქცევა. მომავალ წელს, პრეზიდენტის არჩევნების შემდეგ, ძალაში შევა ახალი კონსტიტუცია და ქვეყანა საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე გადავა. მანამდე კი უკვე მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ ძველი კონსტიტუციით მოუწევს მუშაობა და გარკვეული თანამშრომლობა ქვეყნის პრეზიდენტთან და ოპოზიციაში გადასულ „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

შედგება თუ არა აუცილებელი თანამშრომლობა მხარეების გონიერებასა და მოთმინებაზეა დამოუკიდებელი. ორივენი აცხადებენ, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ითანამშრომლებენ. ნაციონალები უარს ამბობენ კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენებაზე ახალი მთავრობის დამტკიცების დროს. პრეზიდენტის გაჯიქების შემთხვევაში შეიქმნება საპარლამენტო კრიზისი, რაც პრეზიდენტის მიერ პარლამენტის დათხოვნით და ახალი არჩევნების დანიშვნით დამთავრდება.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ შესაძლებლობას ნაციონალები არ გამოიყენებენ – ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მსგავსი რევერანსი ქვეყნის მიმართ პირველია ნაცთა მმართველობის ცხრა წლის განმავლობაში. რით არის გამოწვეული მსგავსი „ზრუნვა“ ქვეყნის ინტერესებზე ან რამ გამოიწვია ასეთი?

ამ კითხვაზე პასუხი მარტივია – შექმნილმა ვითარებამ. პარლამენტში არსებული ძალთა შეფარდება უაღრესად არასახარბიელოა „ნაციონალური მოძრაობისთვის“, მაგრამ ახალი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თუკი ამას ექნებოდა ადგილი, მარცხი გაცილებით მასშტაბური იქნებოდა, ვიდრე დღეს. ნაცებმა ისიც გაითვალისწინეს, რომ გაჯიუტების შემთხვევაში სახალხო გამოსვლას ექნებოდა ადგილი და არა მარტო გამოსვლას, არამედ უმოწყალო ანგარიშსწორებას.

გამარჯვებულ „ოცნებას“ უდიდესი სამუშაო აქვს ჩასატარებელი: პარლამენტის კომიტეტების, მთავრობის დაკომპლექტება, რეგიონული მმართველობის შექმნა, პირველი საგარეო ნაბიჯების გადადგმა, სხვა უამრავი პრობლემების მოგვარება, ქვეყნის ბიუჯეტის დამტკიცება და სხვა. გამარჯვებული იმ მეეზოვის როლშია, რომელმაც დროის მცირე მონაკვეთში სწრაფად უნდა დაგავოს 9 წლის განმავლობაში ნაციონალული ნაგვისგან დაბინძურებული ქვეყანა. „ოცნების“ ლიდერის დაპირებით – მზადაა საქმის გასაკეთებლად.

დასუფთავების პროცესი იოლი არ იქნება, ვინაიდან ოპოზიციაში გადასულ „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ერის წინაშე უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი. მათზე მსჯელობა, შეფასება და შესაბამისი დასკვნების გაკეთება დროს  საჭიროებს. წაყრუება კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას, გარდა ამისა გააქარწლებს „ოცნების“ მიმართ ხალხში გაჩენილ იმედს.

ნაცთა ცხრაწლიანი ბატონობა უხვი იყო, როგორც სახელმწიფო, ისე პერსონალურ დონეზე ჩადენილი დანაშაულებით. უპირველეს ყოვლისა ნაცებმა და მათმა ლიდერმა პასუხი უნდა აგონ 2008 წლის ომის გაჩაღებისთვის, რის შედეგად ორივე მხარეს დაიღუპა ასეულობით ადამიანი, გადაიბუგა სოფლები და დასახლებული პუნქტები, გაჩნდა იძულებით გადაადგილებულ პირთა არმია, მიწასთან გასწორდა ხალხში არსებული პატრიოტიზმი, დაიკარგა ქვეყნის ტერიტორიები. საქართველოს მიწაზე აღმოცენდა 2 სახელმწიფო, მათ ტერიტორიაზე კი – ორი რუსული სამხედრო ბაზა.

ომის შედეგად უკიდურესად დაიძაბა მეზობელ რუსეთთან ურთიერთობა. გაწყდა მასთან დიპლომატიური, ეკონომიკური, კულტურული კავშირები, რამაც მძიმე დაღი დაასვა საქართველოს ყოფას. საქართველომ დაკარგა ტრადიციული და უკიდეგანო რუსული ბაზარი, რამაც გააღატაკა, ისედაც ღატაკი, სოფლის მეურნეობა და ამ დარგში დაკავებული ადამიანები.

აღნიშნული საკითხის სიღრმისეული შესწავლა, დამნაშავეთა გამომზეურება და დასჯა აუცილებელია თითოეული მოქალაქისთვის. დანაშაულის მიფუჩეჩება, რასაც ნაცთა ბატონობის დროს ჰქონდა ადგილი, იწვევს ახალ დანაშაულს, რის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი სოფელ ლაფანყურში.

საქართველოს რომ შესაბამისი რეაქცია მოეხდინა 1992 წლის აგვისტოს პროვოკაციულ ომზე, შესაფერისი მკაცრი გადაწყვეტილებით, 2008 წლის ომს ადგილი არ ექნებოდა.

ფოლკლენდის კუნძულებისთვის ომის გამჩაღებელი არგენტინის სამხედრო ხუნტა ციხეს გაისტუმრეს. დაისაჯნენ სხვა ქვეყნების მეთაურებიც – ზოგი მოჭარბებული კორუფციისთვის, ზოგიც ქვეყნის სიდუხჭირეში წვლილის შეტანისათვის, ზოგიც კიდევ რისთვის.

 ნაცთა მიერ 9 წლის განმავლობაში ჩადენილ სხვა დანაშაულთა შორის გამოირჩევა სადამსჯელო სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოყალიბება, სასამართლო სისტემის უკიდურესი გაუკუღმართობა, ხალხის დაბეჩავება, მათ სულიერ ცხოვრებაში ბინძური ხელის ფათური, ერის ფასეულობების შეურაცხყობა, დაძალებითი გაამერიკელება, კლანური ბიზნესის ჩამოყალიბება, . . . რომელი ერთი ჩამოვთვალო.

უამრავია პერსონალურ დონეზე ჩადენილი დანაშაულები.

დანაშაულზე რეაგირება სულაც არ ნიშნავს სამაგიეროს გადახდას ან პოლიტიკურად ნიშნის მოგებას. ეს რომ ასე იყოს, არც ევროპასა და არც სხვაგან ადგილი არ ექნებოდა ყოფილ ხელისუფალთა გასამართლებას. სწორედ ეს შეახსენებს ახალ ხელისუფლებას, რომ დაშვებული შეცდომის შემთხვევაში მასაც იგივე დაემართება.

საქართველო-რუსეთის ურთიერთობას, რომ განსაკუთრებული როლი ენიჭება ქვეყნის ცხოვრებაში, მტკიცება არ ესაჭიროება. მისასალმებელია, რომ „ოცნების“ ლიდერს ეს საკითხი გათავისებული აქვს და მზადაა მის მოსაგვარებლად.

აღსანიშნავია ლიდერის აზრი საქართველოს გლობალურ პროცესებში მოწინავეობისათვის. ივანიშვილის აზრით, საქართველო უნდა შეეშვას მსოფლიო მოთამაშის როლისთვის ბრძოლას, ვინაიდან მას ამისთვის არც საჭირო მატერიალურ-ფინანსური და არც სამხედრო რესურსი არ გააჩნია, არც მრავალრიცხოვანი მოსახლეობა ჰყავს და არც დიდი ტერიტორია აქვს.

საქართველომ უნდა მიხედოს თავის შიდა პრობლემებს და აქედან გამომდინარე საგარეო პოლიტიკას. დიდი ყურადღება უნდა დაუთმოს რეგიონულ ურთიერთობებს.

მავანი შემედავება და უმალ ისრაელის მაგალითს მომიყვანს. ისრაელი სხვაა – მსოფლიოში მრავალმილიონიანი ებრაული მოსახლეობით, დიდი ფინანსებით, აშშ-ი მძლავრი ებრაული ლობით. ისრაელი, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ფუნდამენტალური დასაყრდენია, მუსლიმანურ არაბულ სამყაროსთვის მუდმივად მოღერებული სამხედრო მუშტი. შეძლებს საქართველო მსგავსი როლის შესრულებას კავკასიაში? შეძლებს ის რუსეთთან ისეთ მუდმივ საომარ დაპირისპირებას, რასაც ისრაელი ახერხებს არაბებთან მიმართებაში?

გაერთიანებული არაბული სამყარო, რომელსაც მუდმივად ექიშპება ისრაელი, ყველა პარამეტრით ჩამოუვარდება რუსეთს – ბირთვულ სახელმწიფოს, გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს. გარდა ამისა ისრაელის მოსახლეობა დღითი-დღე იზრდება მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩასული ებრაელობით, მაშინ, როდესაც ლუკმა პურის მაძიებელი საქართველოს მოსახლეობა დღითი-დღე ტოვებს სამშობლოს.

ებრაელთა მერამდენე თაობა გამოიწრთო არაბებთან მუდმივ ომში. სამხედრო საქმის მცოდნე ისრაელელი ქალი თუ კაცი ნამდვილი პატრიოტული სულისკვეთებითაა გაჟღენთილი. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ისრაელს რომ მოწინააღმდეგედ ჰყავდეს არა არაბები, არამედ რუსეთი, მისი საქმე ნამდვილად არ იქნებოდა კარგად.

რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას არა მარტო დრო, არამედ სიღრმისეული გაანალიზება ესაჭიროება. ამასთანავე საჭიროა იმის გარკვევა, რა დოზით ისურვებს აშშ-ი რუსეთთან საქართველოს ურთიერთობას.

მხოლოდ აღნიშნულის გარკვევის შემდეგ უნდა დაიწყოს დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მცდელობა, რაც კარს გაუხსნის კულტურულ და სავაჭრო ურთიერთობებს.

დავიწყებულ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის გატანა ახალი ბაზრის მოპოვების ტოლფასია. და ის სულაც არ იქნება დამოკიდებული მარტო ქართველთა სურვილზე. ოცწლიანმა გაუცხოებამ, მტრობამ, შეურაცხყოფამ სერიოზული ეჭვი დაბადა რუსეთში. მისი ერთის ხელის დაკვრით დაძლევა შეუძლებელია.

საქართველოს დასავლურ ორიენტაციასთან ერთად გაჟღერდა რუსეთთან ურთიერთობა და მაგალითად ბალტიისპირა ქვეყნები დასახელდა. ითქვა ისიც, რომ ამ ქვეყნების ნატოსა და ევროკავშირში ყოფნა ხელს არ უშლის რუსეთთან ურთიერთობას.

ფაქტი სახეზეა – ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს მართლაც აქვთ ურთიერთობა რუსეთთან, თუმცა ერთობ დაძაბული და ნაკლებად სახარბიელო. ცხადია ასეთი ურთიერთობები სჯობს იმას, რაც საქართველოს აქვს რუსეთთან, მაგრამ რუსულ ბაზარზე დამკვიდრებას სხვა კავშირები ესაჭიროება და არა ისეთი, როგორიც ზემოთმოყვანილ სამეულს აქვს – საბჭოთა მეომრების ძეგლების დემონტაჟი, რუსული დიასპორის უკიდურესი შევიწროება, ფაშისტური მარშები, რუსეთის წინააღმდეგ დივერსიული საწვრთნელი ბანაკები და სხვა.

ბალტიისპირა ქვეყნების მაგალითს ფინეთის მაგალითი მირჩევნია, თუმცა ეს პოლიტიკური გემოვნების საკითხია. ფინეთი არ არის ნატოს წევრი და არც ილტვის ამ ორგანიზაციისკენ, რითაც ანგარიშს უწევს რუსეთს და უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავს. ფინეთის ხელისუფალთა უაღრესად ჭკვიანური პოლიტიკის შედეგად არც მწვადი დაიწვა და არც შამფური.

რუსეთის ნედლეულისა და ბაზრის წყალობით ფინეთი ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების თვალსაზრისით სამაგალითოა მთელს მსოფლიოში. ფინური სამრეწველო თუ სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია განთქმულია მსოფლიოში. ფინეთი ევროკავშირის წევრია და თანაც ერთობ გავლენიანიც.

ბალტიისპირა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს ბევრი ძალისხმევა დასჭირდებათ ფინური ცხოვრების დონის მიღწევისთვის. მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ლიტვის, ლატვიის და ესტონეთის ნატოში შეყვანა ისეთ პერიოდს დაემთხვა, რომელსაც რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება კაპიტულანტურად მოიხსენიებს. თუ სუსტი რუსეთის სუსტი (ელცინის) ხელისუფლება ადვილად დასაყოლიებელი იყო ისეთ საკითხში, როგორიცაა ბალტიელთა ნატოში შეყვანა, დღევანდელი რუსეთი კატეგორიული წინააღმდეგია ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების. მავანი მეტყვის, რომ რუსეთის წინააღმდეგობა არაფერს ნიშნავს ნატოსთვისო.

არც ასე მარტივადაა საქმე და ამ „სიმარტივეს“ ერთის მხრივ – აშშ-ს ჰეგემონისტური პოლიტიკა ჰქვია, ხოლო მეორის – რუსეთის შეწინააღმდეგება ამ პოლიტიკის განხორციელებაში. საქართველოს ნატოში შეყვანით ნატო მჭიდროდ დაუახლოვდება რუსეთის სამხრეთის საზღვრებს, რითაც ნაწილობრივ დასრულდება რუსეთის სამხედრო რკალში მოქცევის შორს მიმავალი გეგმა.

კავკასიიდან რუსეთის განდევნის შემდეგ მთელი დასავლური ყურადღება ცენტრალურ აზიაში გადავა, სადაც იგეგმება ამერიკული სამხედრო ბაზების შექმნა-გაფართოება. აშშ-ს გეგმის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში აშშ-ი კონტროლს გაუწევს როგორც რუსეთს, ისე ჩინეთს და ირანს. რომნის მიხედვით – რუსეთი აშშ-ს პირველი მტერი და ის მეტოქეა, რომელიც ხელს უშლის ამერიკის  ევრაზიულ სივრცეში ბატონობას. ევრაზიულ სივრცეში ბატონობა კი ნიშნავს  მსოფლიო ბატონობას, რისთვისაც იღვწის აშშ-ი.

ევრაზიულ სივრცეში ამერიკული ჰეგემონიზმის არაერთი გეგმა არსებობს, არაერთ ცნობილ ამერიკელ პოლიტოლოგსა და მეცნიერს მიუძღვნია ამ თემისთვის ვრცელი პუბლიკაციები და წიგნები. არაერთი ამერიკული ინსტიტუტი მუშაობს აღნიშნულ საკითხზე. ამ საქმეში იყო ჩართული საქართველოს ნაცური ხელისუფლება და მათი ლიდერი. აშშ-ს პოლიტიკურ თუ სამხედრო წრეებს ერთობ იოლი ურთიერთობა ჰქონდათ საქართველოს პრეზიდენტთან, რომელიც საკუთარი სკამის გადარჩენისთვის მზად იყო ამერიკელთა ნებისმიერი დავალება შეესრულებინა.

ერთობ კულმინაციურ მომენტში ვაშინგტონს ხელიდან გამოეცალა უმნიშვნელოვანესი დასაყრდენი. საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება, უპირველეს ყოვლისა აშშ-ს პოლიტიკის დამარცხებაა. მართალია მან სარეზერვო გუნდიც შექმნა ალასანია-რესპუბლიკელების სახით, მაგრამ სათადარიგო სკამიდან მინდორზე გასვლას და მწვრთნელის დავალების შესრულებას ბევრი დრო სჭირდება. გამოსაცდელია კოალიციის ლიდერიც.

დავუბრუმდეთ საქართველო-რუსეთის „დაძმობილების“ საკითხს ანუ „ოცნების“ ლიდერის ნათქვამს – ნატოც და რუსეთიც, ისე, როგორც ეს ბალტიისპირელებმა გააკეთეს.

ის, რაც ბალტიისპირელებმა გააკეთეს – მე-20-ე საუკუნეში დარჩა, თანაც რუსეთის ხელისუფალთათვის ცუდად გასახსენებელ ამბვად. დღეს მე-21-ე საუკუნის მეორე დეკადაა – სხვა რუსეთით ანუ მსოფლიოში მძლავრი მოთამაშის სტატუსის მაძიებელი ქვეყნით.

ნატოში შესვლის მსურველი საქართველო ვერაფრით დაარწმუნებს რუსეთს ნატოს სიკეთეებში და იმაში, რომ ნატო არ არის განწყობილი რუსეთის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, რომ ნატო მამა აბრამის ბატკანია და ა.შ. ვერც იმაში დაარწმუნებს, რომ რუსეთმა საქართველოს დაუბრუნოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. რუსეთისთვის დაბრუნება ნიშნავს ამ ქვეყნების ტერიტორიებზე განლაგებული რუსული სამხედრო ბაზების დახურვას, ფაქტობრივად ნატოსთვის რუსეთის სამხრეთის გაშიშვლებას.

რით უნდა მოიხიბლოს რუსეთი, რომ ასეთი ნაბიჯი გადადგას? დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ეს შეუძლებელია. თუ რა იქნება ან თუ ოდესმე იქნება ლიბერალური „რუსული“ ხელისუფლება ნოვოდვორსკაია, ლატინინა, ნავალნისა და ნემცოვის შემადგენლობით, სხვა საქმეა. მაგრამ დაუშვებს საღად მოაზროვნე რუსეთი მათ გახელისუფლებას?

„ქართულ ოცნებას“ უპირველესად დასუფთავების პრობლემა აქვს მოსაგვარებელი, ურომლისოდაც სხვა მასშტაბურ საკითხებთან შეჭიდება შეუძლებელია. ხელისუფლებას ესაჭიროება ახალი დიპლომატია, სხვაგვარად მოაზროვნე, დაფიქრებული, გაწონასწორებული და არა გამოუცდელი გოგო-ბიჭებით დაკომპლექტებული, რომელთა მთავარი მიზანი „პაიეზდკაში“ წასვლა და დროსტარებაა.

თუ სადმე უნდა ჩატარდეს წმენდა – საგარეო უწყებაა, ვინაიდან მან უნდა შეასრულოს ის უმძიმესი საქმე, რასაც ჰქვია დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა, მან უნდა მისცეს რჩევა ქვეყნის პოლიტიკურ ხელმძღვანელებს და არა ე.წ. რუხმა კარდინალებმა,  რომელთა სიმრავლეს ყოველთვის ჰქონდა და მომავალშიც ექნება ადგილი.

წინ დიდი საქმეა გასაკეთებელი, რომელიც პროფესიონალებს საჭიროებს. სამწუხაროდ, მათი რიცხვი წინა ხელისუფლებამ ნულის დონეზე დაიყვანა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი.