ბასის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი

მიდიოდა რა ჩვენგან მისმა აღმატებულებამ, აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ჯონ ბასმა დაგვიბარა . . . დაახლოებით ასეთ ან ზუსტად ასეთ განცხადებას აახლებს სრულიად საქართველოს მისი „მოჭირნახულე“ და მასზე გამუდმებული „მოდარდე“ ოპზიცია. ალბათ აშშ-ს არც ერთ ელჩს იმდენი ერთმანეთის გამომრიცხავი განცხადებით არ მიუქცევია ქართველთა ყურადღება, რამდენითაც პატივცემულმა ამერიკელმა დიპლომატმა.

განსაკუთრებული აღშფოთების ღირსია მისი გასული წლის მაისის განცხადება, რომელმაც პირდაპირ თუ ირიბად სამოქმედო გეზი დაუსახა ხელისუფლებას და მანაც არ დააყოვნა – ისე გადაუარა მომიტინგეებს, როგორც ჰიტლერის სატანკო არმიამ, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, საბჭოთა ქალაქებსა და სოფლებს. არც დარბევის შემდეგ გაკეთებული განცხადება იყო ობიექტურობით აღსავსე, რითაც მან არა მარტო პირადი მოსაზრება გამოხატა, არამედ იმ დიდი ქვეყნის, რომლის სტრატეგიულ პარტნიორობას ესოდენ თავდავიწყებით იჩემს საქართველოს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც.

მას შემდეგ თითქმის ერთმა წელმა გაიარა და ჰოი საოცრებავ – ისევ ბასი, ოღონდ ამჯერად ხელისუფლების წინააღმდეგ კრიტიკით – კონტროლის პალატის საქმიანობიდან გამომდინარე. არ მოეწონა ბატონ ბასს ამ ორგანოს უზომოდ გაზრდილი ფუნქციები და რაც მართალია სამართლებრივ დაუკრიფავში გადასვლა და თქვა ის, რაც თქვა. ელჩის ნათქვამმა ამჯერად ხელისუფლება-ოპოზიციის დარღვეული ბალანსი აღადგინა, რითაც ვითარება კარდინალურად შემოატრიალა და თუ იმჯერად (მომიტინგეების დარბევისას) სასწორი ხელისუფლების მხარეს გადახარა, ამჯერად – ოპოზიციის.

გამწყრალმა ხელისუფლებამ არადიპლომატიურად სულ დედა აგინა ბასს. სხვა ნაცს, რომ თავი დავანებოთ განსაკუთრებით დიდად აღელდა კაზმულსიტყვაობითა და დიპლომატიური ტაქტით გამოჩენილი ბობოხიძე.

„ეს როგორ გაბედა ხელისუფლებამო, რასაა რომ ბუმბერაზ ამერიკას, ჩვენს სათაყვანებელ, საამაყო ქვეყანას და ქართველი ხალხის სტრატეგიული მოკავშირის ელჩს ასეთ შეურაცხყოფას აყენებსო“, – ბრძანა ოპოზიციამ.

მალე საქმეში მძიმე არტილერიაც ჩაერთო – დიპლომატიაში დიდი გამოცდილების მქონე – შევარდნაძე-ჯაფარიძის სახით. „ჯონ ბასი არის ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში. მის სტატუსში ეს სიტყვები შემთხვევით კი არ არის ჩაწერილი. ეს ნიშნავს, რომ ბასი საქართველოში წარმოადგენს თავისი ქვეყნის, ამერიკის ხელისუფლებას, ახმოვანებს მის შეფასებებს და მოსაზრებებს. გამომდინარე  აქედან, როგორ შეიძლება მის ნათქვამს ანგარიში არ გაუწიო და მითუმეტეს, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენო. . . სააკაშვილმა კარგად იცის, რომ ჯონ ბასი ამ განცხადებას მისი პრეზიდენტის თანხმობის გარეშე არ გააკეთებდა. . . . ვინ-ვინ, და მე ძალიან კარგად ვიცნობ ელჩის მუშაობის პრინციპს. ელჩი სანამ აზრს გამოთქვამს რამე ფაქტთან დაკავშირებით, ამის შესახებ წინასწარ აფრთხილებს თავის ხელისუფლებას. . . ის, რაც ბასმა თქვა, იყო არა მისი, არამედ აშშ-ს ხელისუფლების შეფასება“, – განგვიმარტა ბეც საზოგადოებას პატივცემულმა ედუარდმა  (2012 წლის 26 მარტი – 1 აპრილი, N13. გაზეთ „ასავალ-დასავალი“).

„ჯონ ბასი არის უდიდესი ქვეყნისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის აშშ წარმომადგენელი, ამ ქვეყნის ნომერ პირველი დიპლომატი საქართველოში. . . არც ერთ ელჩს, განსაკუთრებით აშშ . . . არ აქვს პირადი დამოკიდებულების გამოხატვის უფლება – ისინი საუბრობენ იმ ინსტრუქციის თანახმად, რომელსაც იღებენ საკუთარი მთავრობისგან“, – თქვა თედო ჯაფარიძემ იმავე გაზეთში.

საბჭოთა და ქართული დიპლომატიის კორიფეები აშკარად შეწუხებულები ჩანან აშშ-ს ელჩის გალანძღვით. ორივე თვლის, რომ ქართველი ხალხის სათაყვანო ქვეყნის ელჩს სულ ვარდები უნდა ვუფინოთ, სულ უნდა ვეხუტუნოთ და სულ უნდა ვიყოთ გაბრიოლინებული თავით მის ვეება უკანალში შესაძრომად. არადა არც ერთ მათგანს აუგი სიტყვა არ დასცდენია ელჩის იმ განცხადებისთვის, რომელმაც ფაქტიურად ხელი კრა ხელისუფლებას მომიტინგეთა დარბევისკენ.

თუ ელჩი ყოველ სიტყვას ცენტრს უთანხმებს, გამოდის რომ ბასის ერთი წლის წინანდელი განცხადება კაკალ-კაკალ ობამასთან თუ არა ჰილარი კლინტონთან მაინც იყო შეთანხმებული. არადა ბასის ის განცხადება, თავისი არსით უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ეს. იმას მომიტინგეთა სასტიკი დარბევა, სისხლი და სიკვდილი მოჰყვა.

მაინც რა ადარდებთ შევარდნაძესა და ივანიშვილებს? სააკაშვილისა და მისი ხელისუფლების ყიამყრალობა? ჩემის აზრით, რაც უფრო მეტად გალანძღავენ ისინი ამერიკელ დიპლომატებს, მით უკეთესი – იქნებ ამით მაინც მოხდეს ამერიკის პოლიტიკურ წრეებში სააკაშვილისა და ნაცების დისკრედიტაცია, მაგრამ ვაგლახ, რომ ეს ასე არ არის. და არ არის იმიტომ, რომ არც ელჩის ნათქვამი და არც ხალხის განწყობა იმ დონემდე არ მიდის, ვისაც რეაგირება შეუძლია.

საეჭვოა, რომ აშშ-ს ელჩს ამერიკის პრეზიდენტთან ჰქონდეს ლაპარაკი ისეთ „მსოფლიო მნიშვნელობის“ საკითხზე, როგორიცაა საქართველოს კონტროლის პალატა. ის ამ და სხვა საკითხზე ვერც სახელმწიფო მდივანს ან მის მოადგილეებს შეაწუხებს. მაქსიმუმს, რასაც ის შეძლებს, სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწის შეწუხებაა, თანაც იმის, ვის არიალშიც შედის კავკასიის საკითხები.

მსგავსი ბიუროკრატიული საფეხურები არა მარტო აშშ-ს დიპლომატიაშია. რაღაც ეჭვი მეპარება, რომ შევარდნაძის საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრობის დროს საბჭოთა კავშირის ელჩს, ვთქვათ გაბონში, შეძლებოდა ამ ქვეყნის რომელიმე სამთავრობო ორგანოს მუშაობასთან დაკავშირებით გორბაჩოვი შეეწუხებინა ან თუნდაც მინისტრი შევარდნაძე ან მისი მოადგილეები. მაქსიმუმი, რასაც ის შეძლებდა საგარეო უწყების ტერიტორიული დეპარტამენტის ის დიპლომატი იქნებოდა ვინც კურირებას უწევდა გაბონს. თუ პატივცემულ ედუარდს ჰგონია,რომ ამერიკელთა წარმოდგენაში საქართველო გაბონზე აღმატებულია, ძალიან ცდება.

ბასის ნეგატიური განცხადება გაციებულიც არ იყო, რომ პატივცემულმა ელჩმა ქება-ქებით კორიანტელი დაგვახვია „დემოკრატიულ“, „წარმატებულ“ საქართველოს და მან ეს თქვა საქართველო-აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 20-წლისთავთან დაკავშირებით.

არც საქართველოს ხელისუფლების მიერ „შეურაცხყოფილმა“ აშშ-ს პრეზიდენტმა დაიშურა სიტყვა საქართველოს ხელისუფალთა საქებრად. სეულში, ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე ჩასული აშშ-ს პრეზიდენტი, სეულის უნივერსიტეტის სტუდენტების წინაშე გამოსვლისას საქართველოს ხელისუფლებას რომ შეაქებს, იმას ნიშნავს, რომ პატივცემულ ედუარდს სანერვიულო არაფერი უნდა ჰქონდეს, მითუმეტეს ბობოხიძეს და სააკაშვილს.

საინტერესოა, რამდენი დაჯდა ობამას მიერ საქართველოს ხსენება?

კარგად მახსოვს პატივცემული ედუარდის ერთობ ზერელე დამოკიდებულება საქართველოს საგარეო უწყებისადმი, იქნებ ამიტომაც შექმნა მან პარალელური სამსახური სახელმწიფო კანცელარიაში? რაც მართალია, ზოგიერთი საელჩო მან ისე გაანავარდა, რომ სამინისტროს დაქვემდებარებიდანაც გამოჰყო და სამინისტროზე დიდი საშტატო ერთეულიც დაუმტკიცა.

რუსეთში ვაჟა ლორთქიფანიძის ელჩობის დროს საელჩოს ლამის სამინისტროს ფუნქცია ჰქონდა მინიჭებული, რაც დიპლომატიის სრული უცოდინარობის დამადასტურებელია. მსგავს სისულელეს ვერ ნახავთ მსოფლიო დიპლომატიის ისტორიაში. მაშინდელმა საელჩომ ისე გაითქვა სახელი მაქინაციებით, რომ რუსული პრესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.

იქნებ რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება საელჩოს მაშინდელ „დიპლომატთა“ არადიპლომატიური საქციელიდან დაიწყო? იქნებ რუსეთში „მოღვაწე“ ქართული „შავი“ სამყაროსათვის საელჩოს მიერ, საელჩოს ავტომანქანებისათვის განკუთვნილი დიპლომატიური ნომრების გადაცემა გახდა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დაძაბვის საწყისი?

ცხადია, სხვაც ბევრი იყო პატივცემული ედუარდის „სანაქებო“ დიპლომატიის პერიოდში, ასე რომ სააკაშვილმა და მისმა ნაცებმა შესაშური მემკვიდრეობა მიიღეს და ისეთ ზენიტში აიყვანეს ორი ქვეყნის ურთიერთობა, რომ გამოსწორებაზე ფიქრიც კი ჭირს.

ბატონ ედუარდს ალბათ ისიც ახსოვს, თუ რა „დიდ ყურადღებას“ უთმობდა ინგლის-გერმანიის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მოწყობილ ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების მონაწილეებთან შეხვედრას. თითქმის 4 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ე.წ. „შლაინინგის“ პროცესი, მაგრამ უაღრესად „დაკავებულმა“ პრეზიდენტმა ნახევარი საათიც ვერ გამონახა მასში მონაწილე ქართველებთან სალაპარაკოდ.

სააკაშვილის განწყობა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიის მიმართ დასაწყისიდანვე იყო ისეთი, როგორც დღეს. გავიხსენოთ მისი დამოკიდებულება ევროსაბჭოსა და საქართველოში მისი ელჩის პლამენ ნიკოლოვის მიმართ. შეურაცხმყოფელი განცხადებები ამავე ორგანიზაციის მაშინდელი ხელმძღვანელის, შვიმერის მისამართით ანდა რუსეთის საელჩოს მიმართ პერმანენტული შეურაცხმყოფელი პროვოკაციები და ა.შ.

თუ აშშ-ს დიპლომატის შეურაცხყოფა არ შეიძლება, რატომ შეიძლებოდა რუსი დიპლომატების? ვენის 1961 წლის კონვენციით ხომ ყველა ქვეყნის დიპლომატი სარგებლობს იმუნიტეტით?

რუსეთთან ურთიერთობის გაუარესება გამსახურდიას დროს დაიწყო, შევარდნაძის დროს კი – გაფართოვდა. ხოლო სააკაშვილმა  ზენიტში აიყვანა.

 საქართველოს მოსახლეობამ, რომელმაც საკუთარ თავზე იწვნია სტრატეგიული პარტნიორის მიერ წახალისებული საქართველოს ხელისუფლების აღვირახსნილობა, ჩათვალა, რომ რუსეთთან ურთიერთობა უფრო წაადგება მას, ვიდრე ამერიკასთან, რაც დააფიქსირა კიდევაც სოროსის ფონდის მიერ ჩატარებული გამოკითხვის დროს.

47 პროცენტზე მეტი ითხოვს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას. გამოკითხვის შედეგი საყურადღებო უნდა იყოს ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისა თუ ხელისუფლებისთვის. ეს უკანასკნელი ამისათვის მზად არ არის და რომც იყოს, მოსკოვი არ წავა მასთან ურთიერთობაზე ანდა როგორ უნდა წავიდეს, როდესაც დღენიადაგ ურცხვად აგინებს და ცილს სწამებს მას – როგორც შინ, ისე გარეთ.

 რაღა შორს წავიდეთ, სეულში ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე გამოსვლისას სააკაშვილმა კვლავ მიმართა მისთვის ჩვეულ ავანტიურიზმსა – ურცხვად განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები სახიფათოა ბირთვული ნივთიერებების ტრეფიკინგის თვალსაზრისით. მსგავსი საჯარო განცხადების შემდეგ შეუძლებელია რაიმე კონტაქტზე ლაპარაკი.

რაც შეეხება ოპოზიციას, არც ის იკლავს თავს ხალხის სურვილის გასათვალისწინებლად. არადა რუსული თემის წამოწევა უდავოდ დიდ შედეგს მოუტანდა ურეიტინგო ოპოზიციას. მაგრამ არა, მათი გზაც, ხელისუფლების მსგავსად, ამერიკისკენ არის მიმართული, გარდა ამისა არსებობს შიშიც, ვაითუ ხელისუფლებამ რუსეთუმეობა დაწამოს.

ყველა გაურბის რეალობას, მათ შორის საქართველოს მომავალი „მხსნელიც“, რომელმაც საჯაროდ დადო ფიცი, რომ რუსეთში საკუთარ ბიზნესს გააუქმებს. ისე როგორ დააშინეს ათას ბარიერზე გადამხტარი ივანიშვილი (სხვაგვარად ის რუსეთში ფულს ვერ იშოვნიდა) ურეიტინგო უსუფაშვილ-ხიდაშელის რესპუბლიკელებმა და ალასანიებმა, რომ საკუთარი „მატერის“ დარი ალმა-მატერიც კი დაავიწყეს. იქნებ ისინი არაფერ შუაშია და ჩვენი „სტრატეგიული ძმებია“ შუაში, თავშიც და ბოლოშიც?

აშშ-ს ელჩმა ბასმა ბოლო ხოტბის დროს განაცხადა, რომ საქართველოს წარმატებაში აშშ-ს მოკრძალებული წვლილიც არის. მან ისიც აღნიშნა, რომ 20 წლის განმავლობაში აშშ-ს 3 მილიარდი დოლარი გამოუყვია საქართველოსთვის. მაგრამ ბასს რატომღაც არ უთქვამს, აშშ-ს დახმარებით, როგორ დაიკარგა საქართველოს ტერიტორიები. ამ ფონზე 3 მილიარდი ვერაფერი დახმარებაა – სწორედ ასე თვლის გამოკითხული მოსახლეობა და თუ ოპოზიცია არ გაიზიარებს ამას, ხალხი საბოლოოდ ჩამოწერს მას.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.