მეორეხარისხოვანი თემებით უმთავრესის გადაფარვა დანაშაულის ტოლფასია

მიილია ლენტის ჭრის წლად მიჩნეული 2011 წელი, რომელმაც ბევრით დაგვამახსოვრა თავი. უპირველესად, ახალ-ახალი ობიექტების, განსაკუთრებით საავადმყოფოების გახსნით, ერთობ უცნაური ძეგლების დადგმით, ტელეეკრანზე სისტემატური სააკაშვილობით, თავდავიწყებული ბაქი-ბუქობით – რა მაგრები ვართ ქართველები, თანაც, როგორი რეფორმატორები.

2011 წელს ხელისუფლებამ თავს უფლება მისცა ჩვენთვის გაენდო იმ საარაკო აღმშენებლობის შესახებ, რასაც თამარის შემდეგ, თითქმის 800 წლის განმავლობაში, ადგილი არ ჰქონია. პრეზიდენტმა ენის ერთი მოქნევით წაშალა ყველაფერი, რაც საუკუნეებმა შექმნა და განადიდა ის, რაც მისმა ეპოქამ გვარგუნა ანუ 8 წელმა.

ოპტიმიზმი იყო პრეზიდენტის საახალწლო მოლოცვაში, თუ ამას მოლოცვა შეიძლება ეწოდოს, ის უფრო საანგარიშო მოხსენების ფრაგმენტს ჰგავდა, მრავალჯერ ნათქვამს, მრავალჯერ ამღერებულს.

აქვს თუ არა პრეზიდენტს ილაპარაკოს ერთობ „მოკრძალებულად“, რასაც ის სისტემატურად მიმართავს? ცხადია აქვს, თუმცა არა როგორც პრეზიდენტს, არამედ, როგორც რიგითს. პრეზიდენტი ჭარბი ბაქიაობით არ უნდა გამოირჩეოდეს, მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქებარიც არაფერია.

რვა წლის განმავლობაში ქვეყანაში მართლაც რაღაც გაკეთდა, მართლაც აშენდა საავადმყოფოები, გზები და ა.შ., მაგრამ არა ისეთი, როგორც ვყვირით.

უხერხულია იმის თქმაც, რომ ეკონომიკური მაჩვენებლებით საქართველო მოწინავეა რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომ ქვეყანა სამაგალითოა ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით, სხვა პარამეტრებით. დიახ! საქართველოში რაღაც გაკეთდა წინა წლებთან, მაგრამ არა მეზობელ ქვეყნებთან შედარებით. ნაციონალურ ხელისუფლებას ისეთი სუსტი წინამორბედი ჰყავდა შევარდნაძე-მოქკავშირის სახით, რომ მასთან შედარებაც არ ღირს.

გარდა ამისა, თუ ობიექტურად შევაფასებთ განვლილ 8 წელს, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცხოვრება თავისთავად მოითხოვდა ცვლილებებს. საბაზრო ეკონომიკა ისეთია – ხელისუფლებას, რომ არ დაეკითხება ამა თუ იმ ნაგებობის აშენებას.

სააკაშვილმა ისეთი სატელევიზიო შთაბეჭდილება შექმნა, თითქოს ბიზნესის მიერ აშენებული საავადმყოფოები ხელისუფლების მიერ იყო აშენებული. საავადმყოფოებს, დიდი მოგების მოსახვეჭად, აშენებდა ბიზნესი, სააკაშვილი კი თვით იწერდა ყოველივეს – საკუთარი PR-ისათვის.

ბიზნესი ნაკლებად ფიქრობს იმაზე, რაზეც ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ უნდა იფიქროს. მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნვა ხელისუფლების საქმეა და არა ბიზნესის. ხელისუფლების საქმეა ისიც, რომ გაღორებულ ბიზნესს თავისი ადგილი მიუჩინოს, რასაც არც 2011 წელს და არც წინა წლებში არ ჰქონია ადგილი.

რასაც ადგილი ჰქონდა – ხელისუფლების მიერ ბიზნესისთვის ფულის შეწერა იყო. შეწერაც არ დაერქმევა იმას, რასაც „რეფორმირებულ“ და „უკორუფციო“ საქართველოში აქვს ადგილი.

ხელისუფლება საკუთარი ნათესავებიდან ან ახლობლებიდან ნიშნავს ე.წ. ბიზნესმენს წინასწარი გარიგებით. „ბიზნესმენი“ ნაშოვნი ფულის მსუყე ნაწილს უხდის დამნიშვნელს, დანარჩენს იდებს ჯიბეში. მეტი რომ ჩაიდოს, ხალხს ატყავებს.

ამ პრიმიტიულ ჯაჭვს უკორუფციო გარემო ჰქვია. ასეთ ბიზნესს არასდროს გაუჩნდება ხელისუფალთა მიმართ ამბოხის გრძნობა. ის ყოველთვის მორჩილად იქნება, რასაც საქართველოში აქვს ადგილი.

ნაცების მიერ შექმნილი ვერტიკალი შინ მოყვარეს უბრმავებს თვალს, გარეთ მტერს. შედეგი – გამწარებული ხალხი, მძიმე სოციალური მდგომარეობით. ცხადია ამ სურათს ქუჩის, ქალაქის, რაიონის, სოფლის გარდა ვერსად წააწყდებით. ამ თემაზე არავინ ლაპარაკობს მედიაში, განსაკუთრებით ელექტრონულში. იქ თუ რამეზე ლაპარაკობენ – საამური ცხოვრებაა, წარმატებული რეფორმებით, მსოფლიოში საქართველოს მოწინავეობით, მილიონობით ჩამოსული ტურისტით და სხვა მსგავსი ბლეფით.

პატივცემული მიხეილის თქმით, ყველა ქვეყანა, მათ შორის მეზობლები, მძიმე ეკონომიკურ განსაცდელში არიან, ლამის „ჩამოიშალონ“, უპირველესად რუსეთი, სადაც ყვავის კორუფცია, ირღვევა ადამიანის უფლებები, მძიმე პირობებშია ხალხი.

ერთია სააკაშვილის ქადაგება და მეორეა – რეალობა. მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის მონაცემებით რუსეთი, სამრეწველო-ეკონომიკური თვალსაზრისით, 10 უძლიერეს ქვეყნის შორისაა. ხოლო 2020 წლისთვის ის მე-3 ადგილზე გადაინაცვლებს აშშ-ისა და ჩინეთის შემდეგ. სააკაშვილი, რომ ტელეკომპანია „ევრონიუსს“ უყურებდეს, ამ სისულელეს არ იტყოდა. ტელეკომპანია 2 დღის განმავლობაში გადასცემდა ზემოთმოყვანილი რესპექტაბელური ორგანიზაციების მონაცემებს.

რაც შეეხემა მეორე მეზობელს, აზერბაიჯანს, იქაური მდგომარეობა ქართულ „წინსვლასთან“ შედარებით გაცილებით შთამბეჭდავია. გასული წლის ბოლოს აზერბაიჯანმა დაამტკიცა ქვეყნის 2012 წლის ბიუჯეტი, მის მიხედვით, ციფრმა 17 მილიარდ 72 მილიონი მანათი შეადგინა ანუ 22 მილიარდი დოლარი. ამ თანხის 14.8%-ი თავდაცვის საქმეს მოხმარდება.

აზერბაიჯანის არმიის მშენებლობაზე წელს 4 მილიარდი დოლარი დაიხარჯება, ე.ი. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი, რაც 1.9%-ით მეტია გასული წლის თანხებთან შედარებით.

სავალუტო ფონდის მიხედვით, აზერბაიჯანის ნომინალურმა ერთიანმა ეროვნულმა პროდუქტმა 2011 წელს 68.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, მაშინ, როდესაც წელს ის 81 მილიარდს შეადგენს. ეს მაჩვენებელი 2.83-ჯერ აჭარბებს ერთად აღებულ საქართველო-სომხეთის მონაცემებს. მონაცემები თავისთავად ღაღადებენ, თუ ვინ არის ლიდერი კავკასიაში.

განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა რამდენიმე წლის წინათ შექმნილი თავდაცვის მრეწველობის სამინისტრო, რომელმაც არა მარტო თანამედროვე იარაღის შესყიდვა შეძლო, არამედ საკუთარი წარმოების იარაღით ჯარის აღჭურვა.

ბაქომ რუსეთისგან შეიძინა ავტომატ AK-74M წარმოების ლიცენზია. მას „ხაზრი“ დაარქვა. სპეციალისტთა აზრით, აზერბაიჯანული ავტომატი განსხვავდება რუსულისგან ზოგიერთი ტექნიკური პარამეტრით. ავტომატზე შეიძლება ღამის ხედვისა და ლაზერის აპარატურის დამაგრება.

გასულ წელს სამხედრო ქარხნებში დამზადდა 60 უპილოტო თვითმფრინავი, რომელიც გადაეცა არმიას. გარდა ამისა 60 ნაღმგამძლე ბრონირებული მანქანა. იგეგმება ტროტილის, გექსოგენის, ბარიტის ქარხნების მშენებლობა, რაც იმის მაუწყებელია, რომ აზერბაიჯანი მარტო ენერგოექსპორტიორი ქვეყანა არ არის.

გასული წლის მიწურულს რუსულმა ტელეარხებმა მოჭარბებული ყურადღება დაუთმეს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის დაბადების დღეს – 50 წლისთავს. წამყვანი ტელეარხების ჟურნალისტებმა ვრცელი ინტერვიუ მოამზადეს მასთან.

ინტერვიუს დროს ალიევმა ილაპარაკა იმ მჭიდრო პარტნიორულ კავშირებზე, რასაც ადგილი აქვს ბაქო-მოსკოვს შორის. არც ერთი აუგი სიტყვა ან ლანძღვის მსგავსი არ უთქვამს აზერბაიჯანის პრეზიდენტს, მხოლოდ პოზიტიური. რა, აზერბაიჯანს არ აქვს პრეტენზიები რუსეთთან ყარაბახიდან გამომდინარე? აქვს, მაგრამ არა საჯაროდ, არამედ პირისპირ შეხვედრის დროს.

აწყობილი ქვეყნის დალაგებული პრეზიდენტის შესაფერი იყო მოსკოველი ჟურნალისტისთვის მიცემული ინტერვიუ. როგორ გადაგვაჩვიეს ასეთს ჩვენს ქვეყანაში!

დიახ, რაღაც კეთდება საქართველოში და ეს „რაღაც“ მეტია, ვიდრე წინა ხელისუფლების დროს, მაგრამ არა იმდენი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გამუდმებით ილაპარაკოს მასზე, თანაც სხვა ქვეყნებს შეადაროს.

წარმატებული ქვეყანა თავისთავად ნიშნავს რეალურ და არა ვირტუალურ წარმატებას ყველა დარგში, საბოლოო ჯამში კი დემოგრაფიაში. საქართველოში არსებული დემოგრაფიული ვითარება აშკარა მაჩვენებელია იმისა, საით მიექანება ქვეყანა.

გასული წელი აღსანიშნავი იყო პრეზიდენტის გრანდიოზული განცხადებებით, გრანდიოზული ახალი ქალაქის ლაზიკის აშენებასთან დაკავშირებით. ახალ ზღვისპირა ქალაქში 500 ათასმა მოსახლემ უნდა იცხოვროს. ნეტავ ვის ან რის ხარჯზე მოხდება ლაზიკის შევსება? დაცარიელებული სოფლის თუ თბილისის ხარჯზე? იქნებ უცხოელთა ხარჯზე?

გასული წლის ბოლოს დემოგრაფიის თემას ვრცელი სტატია მიუძღვნა პროფესორმა ანზორ თოთაძემ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“. მისი წაკითხვისას უმალ გაგახსენდებათ საქართველოში რუსეთის ბოლო ელჩის ნათქვამი მძიმე დემოგრაფიულ სურათთან დაკავშირებით.

შეხვედრას, რომელზეც ელჩმა თავისი მოსაზრება გაახმოვანა, მეც ვესწრებოდი. ელჩის ნათქვამში მეტი იყო თანაგრძნობა, ვიდრე ფაქტის გამო ზეიმი. მან აღნიშნა, რომ საქართველოს, ისე, როგორც რუსეთს, დემოგრაფიის თვალსაზრისით, დიდი პრობლემები აქვს.

ელჩის გულწრფელი სიტყვები, თანაც რეალობის ამსახველი, მტრულად მიიღო ქართულმა საზოგადოებამ, განსაკუთრებით ნაცებმა. გაილანძღა ელჩი, საერთოდ რუსეთი სიმართლის თქმისათვის. მას, რომ ის ეთქვა, რაც პატივცემულმა ანზორმა თავის სტატიაში, პერსონა ნონ-გრატობას ვერ ასცდებოდა.

ანზორ თოთაძემ თავის სტატიას შესაბამისი სათაურიც მისცა – „ერის ყველაზე დიდი სატკივარი“. მოვიყვან ზოგიერთ ნაწყვეტს: „შობადობის მკვეთრი შემცირება 1992 წლიდან დაიწყო. 2005 წელს საქართველოში 46 ათასი ბავშვი დაიბადა, რითაც წინა წლებთან შედარებით, შობადობა 2-ჯერ შემცირდა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდშიც კი, 1941-45 წლებში, ქვეყნის მოსახლეობის ბუნებრივი მატება 135 ათას კაცს შეადგენდა, მაშინ, როდესაც ეს მაჩვენებელი 2001-2005 წლებში მხოლოდ 5.8 ათასს შეადგენდა.

საქართველოში ქართველების ბუნებრივი მატების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ქვეყანაში ქართველების შემდეგ სხვა ერების – აზერბაიჯანელებისა და სომხების ბუნებრივ მატებას. 2003 წელს საქართველოში აზერბაიჯანელების ბუნებრივი მატების დონე 109-ჯერ აღემატებოდა ქართველების მატების ანალოგიურ მაჩვენებელს.

როგორც ცნობილია, თაობათა ერთი და იგივე რაოდენობით შეცვლისთვის აუცილებელია, რომ საშუალოდ ერთ ქალზე მოდიოდეს 2.1 ბავშვი. საქართველოში ერთი ქალი 1.3 ბავშვს აჩენს.

თუ 1960 წელს მესამე და მეტი ბევშვის დაბადების წილი მთელ დაბადებულთა 36.5% შეადგენდა, 2009 წელს ეს მაჩვენებელი 13.6% უდრიდა. თუ 1000 კაცზე, 1960 წელს, 6.5 კაცი გარდაიცვალა, ეს მაჩვენებელი 2010 წელს 10.7 პრიმილეს უდრიდა. 1980-2004 წლებში ანუ 25 წლის განმავლობაში, ერთ წლამდე 43940 ბავშვი გარდაიცვალა ანუ იმდენი, რამდენიც დაიბადა 2004 წელს.

2008 წლის აღწერის მონაცემების მიხედვით, 162 სოფელში უკვე მოსახლეობა აღარ ცხოვრობს. 152 სოფელში 10 კაცი და უფრო ნაკლებია. 905 ანუ ყოველ მეოთხე სოფელში – მხოლოდ 100 კაცამდე ცხოვრობს.

საქართველოს ზოგიერთ რეგიონში იმდენად შემცირდა შობადობა და გაიზარდა მოკვდაობა, რომ შეუძლებელი ხდება თაობათა ერთი და იგივე რაოდენობით განახლება. თუ ასე გაგრძელდა, ქვეყნის ზოგიერთი ისტორიული პროვინცია მოსახლეობისგან დაიცლება და დაცარიელებულ ადგილებს სხვა ეროვნების ხალხი დაიკავებს.

ქვეყანაში მკვიდრი მოსახლეობის შემცირების შედეგად საფრთხე ექმნება ეროვნულ ინტერესებს, ეროვნული ეკონომიკის განვითარებას, სახელმწიფო ენას უჭირს თავისი ფუნქციის შესრულება, ერისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები, ტრადიციები, წეს-ჩვეულებები კარგავენ ადრინდელ მიმზიდველობას. ასეთ ვითარებაში გარდაუვალია ეროვნული ცნობიერების დაქვეითება“ და ა.შ.

ბატონმა ანზორმა თქვა ის, რისი თქმაც აუცილებელი იყო – უპირველეს ყოვლისა ხელისუფლებისთვის, რათა მას სერიოზული თვალით შეეხედა მწვავე რეალობისთვის და ნაცვლად ტურიზმი-ტურიზმის ყვირილისა, ერის გადარჩენაზე ეყვირა. მაგრამ არაეროვნული ხელისუფლებისგან უარესს უნდა ელოდე. მას და მის სტრატეგიულ პარტნიორებს არ აინტერესებთ ქართველი ხალხი. მისი ტერიტორია აინტერესებთ და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები უპრეტენზიო სხვა.

და ისევ მინდა ყურადღება გავამახვილო პირადობის დოკუმენტში ეროვნების დაბრუნების თემაზე. იმ დღიდან მოყოლებული, რაც ეს გრაფა გაუქმდა ეროვნულობის თვალსაზრისით გათვლაც გაუქმდა. ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანეს მაშინდელმა ახალგაზრდა მოქკავშირელებმა, ამჟამინდელმა ნაცებმა.

ეს მზაკვრული გადაწყვეტილება ადუნებს აბორიგენი მოსახლეობის ყურადღებას, არ აძლევს მას სერიოზული ფიქრის საშუალებას. გავა დრო და ერთ მშვენიერ დღეს მავანს მოუნდება ეროვნულობის თვალსაზრისით ჭეშმარიტების გამოვლენა, რაც ქართველთათვის არასასურველი შედეგით დასრულდება.

ამ დღემდე არცთუ ბევრია დარჩენილი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.