გარე საფრთხეები და შექმნილი ვითარება
ახლოვდება საპარლამენტო არჩევნები და მასთან ერთად ინტენსიური ხდება გარე საფრთხეებზე აქცენტირება. საფრთხე, რომელიც საქართველოს ემუქრება, ცხადია რუსეთიდანაა. სხვა ქვეყანა ან ტეროროზმი, რომ დამესახელებინა, დისონანს შევიტანდი ხელისუფლება-ოპოზიციის „წინასწარმეტყველებაში“, უფრო ზუსტად მოლანდებაში, რომელიც სინამდვილესავით თავს ეხვევა ცალმხრივი ინფორმაციით გადაჯერებულ საზოგადოებას. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ყველაზე დიდი საფრთხე, რაც საქართველოს ემუქრება, ქვეყნის შიგნით, ხელისუფლებაშია დაბუდებული და არა ქვეყნის გარეთ.
საფრთხემ, ანუ შინაგანმა და არა გარეგანმა, დამოუკიდებლობის ოცწლიან ციკლში ორჯერ წამოჰყო თავი და ორივეჯერ სავალალო შედეგით დასრულდა საქართველოსთვის. პირველს მოჰყვა კომუნისტების დროს თითქმის 70 წლის განმავლობაში, ავტონომიურ სუბიექტებად (აფხაზეთის ა/რ და სამხრეთ-ოსეთის ა/ო) არსებულთა ფაქტობრივი ჩამოშორება.
ეს „ბედნიერება“ 1992 წელს მოხდა – თბილისის მძიმე ომის შემდეგ დაშლილი სახელმწიფო მმართველობის ჟამს, პურზე გრძელი რიგების პერიოდში, უშუქობის, სიცივის, კაცთა კვლის დროს. ასეთ ჟამს ქვეყნის ერთად შეკვრის იდეა მალამოსავით წაადგებოდა საზოგადოებას, და ასეთ სტიმულად აფხაზეთი ანუ საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული მეამბოხე ავტონომია აღმოჩნდა.
1992 წელს, ცხადია ერის გაერთიანების სურვილის გარდა ბევრი რამ სხვაც იყო, უპირველესად ამბიციები, ცენტრის ქედმაღლობა რეგიონის (ავტონომიის) მიმართ, ცენტრის უცოდინარობა მსოფლიოს ფედერაციულ ინსტიტუტებთან მიმართებაში და სხვა.
სამხედრო-პოლიტიკური ნაბიჯი მცდარი გამოდგა, უფრო ზუსტად – სავალალო, რომელსაც ნებისმიერ ქვეყანაში ხელისუფლების ღალატად განიხილავდნენ და მას სასჯელის უმაღლესი ზომით დასჯიდნენ. მაგალითისათვის ფოლკლენდის (მალვინის) კუნძულებთან დაკავშირებით არგენტინა-ინგლისის კონფლიქტიც კმარა. არგენტინამ ომი წააგო, სამხედრო ხუნტის ხელმძღვანელმა გენერალმა გალტიერიმ – თავი. ის და მისი კოლეგები გაასამართლეს და ციხეში გაამწესეს.
საქართველოში მსგავსს არ ჰქონია ადგილი, პირიქით ყველა – ხელისუფლება და ოპოზიცია დაირაზმა რუსეთის გასაშავებლად – „რომ არა რუსეთი, ომს ჩვენ მოვიგებდითო“, – ასე გაჰყვიროდნენ ისინი.
დაუსჯელობამ და საქვეყნო საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებამ გამოიწვია მეორე აფეთქება – ცხინვალის ომის სახით, რასაც 1992 წელს ფაქტიურად დაკარგულის, იურიდიულად დაკარგვა მოჰყვა. 2008 წლის აგვისტოს სამარცხვინო სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურის შედეგად დაიკარგა ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტზე მეტი. რუსეთმა აღიარა აფხაზეთისა და სამხრეთი-ოსეთის დამოუკიდებლობა, რითაც ისედაც მცირემიწიან ქვეყანას ერთობ დიდი ნაჭერი ჩამოაჭრა – თუ სამუდამოდ არა, ალბათ მრავალი წლით.
მხოლოდ ბრიყვს, ხელისუფლების მიერ გამოთაყვანებულს შეუძლია იფიქროს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების, საზოგადოების დახმარებით შესაძლებელი გახდება დაკარგულის დაბრუნება.
ხელისუფლების მიერ 2008 წელს გადადგმული საბედისწერო, პროვოკაციულ-ავანტიურისტული ნაბიჯი არავის შეუფასებია, შემოქმედნი არავის დაუსჯია. პირიქით, ისე, როგორც 1992 წელს, ხელისუფლება-ოპოზიცია, საზოგადოება ერთად დადგა და ნაცვლად ნამდვილი დამნაშავის გამოვლინებისა, ხელი რუსეთისაკენ გაიშვირა. ამ „კეთილშობილურ“ საქმეში ხელისუფლებას გვერდში დაუდგა დასავლეთის, კერძოდ აშშ-ს გეოპოლიტიკური ინტერესები, რაც 1992 წელს არ ყოფილა. მაშინ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების შესახებ, მათ შორის საქართველოს, ცოტა თუ იცოდნენ.
დღეს სხვა ვითარებაა. კავკასია და კასპიის ზღვა ლამის აშშ-ს სტრატეგიული ინტერესების ზონადაა გამოცხადებული. ეს ქვეყანა დაბეჯითებით ცდილობს და ახერხებს კიდევაც კავკასიაში ფეხის მოკიდებას, ცდილობს და ნაწილობრივ ახერხებს კიდევაც რუსეთის გავლენის ამოძირკვას ამ რეგიონიდან.
მაგრამ არის რუსეთი ესოდენ გულუბრყვილო ან სუსტი, რომ უყოყმანოდ დაემორჩილოს გადამთიელის სურვილს? ამ კითხვიდან გამომდინარე რუსული სამხედრო-პოლოტიკური ქმედება გაცილებით მკაცრ შეფერილობას იღებს, ვიდრე ეს იყო თუნდაც 4 წლის წინათ – 2008 წლის აგვისტოში.
გარე საფრთხეები – ნაცნობი თემაა. გახსოვთ ალბათ, რა ინტენსიურობით გაჰყვიროდა სააკაშვილი რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის შესახებ. იყვირა, იყვირა და, როგორც ამბობს, იძულებით ომიც დაიწყო – თავდაცვის მიზნით.
დღეს სხვა ვითარებაა, სხვა საფრთხეებია მოახლოვებული – საპარლამენტო არჩევნების სახით – სააკაშვილისა და ნაცებისთვის ომზე უარესი. ხელისუფლებაზე გაგულისებული საზოგადოება, აშკარად განეწყო ხელისუფლების მოწინააღმდეგისათვის ხმის მისაცემად. ხელისუფლება ხედავს ყველაფერს და ცდილობს ვითარების თავის სასარგებლოდ შეცვლას, მაგრამ ამ პროცესში ნაცვლად გონივრული ნაბიჯისა, უგუნურების კორიანტელს ახვევს – პრიმიტიულს, უცნაურს, სადამსჯელოს, ბრიყვულს.
მხოლოდ ბრიყვი თუ მოიფიქრებს სატელევიზიო ანტენების ჩამორთმევას ან შუასაუკუნეების ბაგრატის ნანგრევების 21-ე საუკუნის მეორე დეკადაში აღდგენას იმ საუკუნეებისთვის მიუღებელი ტექნოლოგიური საამშენებლო ოპერაციით.
იუნესკოს სიიდან ბაგრატს არ ამოიღებენო – გვახარა სააკაშვილმა, თითქოს მარტო იუნესკოში იყოს საქმე. სამწუხაროა, რომ ქვეყნის მეთაური ჭარბად პრიმიტიულია ისტორიის მიმართ. „ჩვენ ნანგრევები არ გვჭირდება, ჩვენ აღდგენილ-ამოქმედებული ტაძარი გვინდაო“, – ბრძანა მან.
უმალ გამახსენდა რომის კოლიზეუმი და ძველი რომის ნანგრევები. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ სააკაშვილის მსგავსი აზრი რომ ბერლუსკონის მოსვლოდა ან მონტის მოუვიდეს. ესოდენ ექსკლუზიური ფანტაზია არც მუსოლინის მოსვლია თავში, რაც მას მოუვიდა და განახორციელა კიდევაც, ძველი რომის მოშორებით, ახალ უბანში ფუნდამენტური სახლების მშენებლობა იყო.
ხელისუფლების დაკარგვის შიში უფრო ძლიერია სააკაშვილსა და ნაცებში, ვიდრე ქვეყნისათვის გარე საფრთხე. პირიქით, გარე საფრთხე, ოდნავ რეალობაში გადასული, მალამოსავით წაადგება სააკაშვილის ოცნებას – ხელისუფლების გახანგრძლივებას.
აი ამაზე წერენ და ბაასობენ ექსპერტები და პოლიტიკოსები, ცხადია რუსეთის მოშველიებით, რუსული ფაქტორის ამოქმედებით. უპირველესად სახელდება რუსეთის მიერ დაგეგმილი სამხედრო წვრთნები „კავკასია-2012“. გახსოვთ ალბათ, „ქვეყნის უსაფრთხოებაზე ფიქრით გათანგული და ღამენათევი“ ჟურნალისტის კითხვა თბილისში მყოფი კლინტონისათვის. სახელმწიფო მდივანმა მიუკიბავ-მოუკიბავად ჩათვალა, რომ კითხვა უადგილო იყო და დაახლოებით ასეთი პასუხი გასცა – თქვენ, თქვენს შიდა ყოფაზე იფიქრეთ და ყურადღებას ნუ აქცევთ, რაც თქვენს გარეთ ხდებაო.
და მაინც რასთან გვაქვს საქმე?
სამხედრო სწავლება „კავკასია-2012“ გეგმიურად ითვლება, მაგრამ, როგორც ჩანს, გამოწვეულია ეკონომიკური, გეოპოლიტიკური და სამხედრო პირობებით, რაც არის კასპიის ზღვის აუზში, ირანში, სირიაში, კავკასიაში – ყარაბახის კონფლიქტიდან გამომდინარე.
სწავლების პირველი ეტაპი ფაქტობრივად დაიწყო. პირველ ეტაპზე დაიხვეწება ამოცანები ჯარების დახურული მართვის ამოცანებთან დაკავშირებით, საინფორმაციო ტექნოლოგიის და რადიოტექნიკური სამუშაოების გამოყენებით. სასწავლო-საბრძოლო ამოცანების დახვეწას გაივლიან ის სამხედრო კონტინგენტები, რომლებიც განლაგებულია აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში, აგრეთვე სომხეთში დისლოცირებული 102-ე სამხედრო ბაზის სამხედროები. სამხედრო მანევრების დაწყების დროს ჯარი გადავა საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს ფაზაზე.
საყურადღებოა ისიც, რომ მანევრებში მონაწილეობას მიიღებს სომხეთიც. ამ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა სეირან ოგანიანმა თქვა, რომ მანევრების დროს ქვეყანა გადავა სამხედრო მდგომარეობაზე, ჩაატარებს მობილიზაციას მტრის იერიშის მოსაგერიებლად, აგრეთვე პრეზიდენტი მიმართავს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციას (ოდკბ) დახმარებისთვის. სამხედრო მანევრების დროს იგეგმება რუსეთის დესანტის გადასხმა სომხეთში.
ამ ფონზე ერთობ მასშტაბურად გამოიყურება კასპიის ზღვის მანევრები. ტაქტიკურ სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 15 გემი. მათი მიზანია წყალქვეშა-დივერსიულ დაჯგუფებასთან ბრძოლა, ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემის გამოცდა, საჰაერო სამიზნეთა განადგურება. გემები მონაწილეობას მიიღებენ კუნძულების საზღვაო ბლოკადაში და საარტილერიო ცეცხლს გახსნიან ე.წ. ტერორისტთა ბაზების მიმართულებით.
კასპიის ზღვა არა მარტო ენერგომატარებლებითაა ცნობილი, არამედ ნარკოტრეფიკითაც. სწორედ მასზე გადის ნარკოტიკების ერთ-ერთი მარშრუტი – ავღანეთი-ევროპა. რაც შეეხება ენერგეტიკას – ის არაერთხელ გამხდარა არა მარტო ცხარე კამათის საგანი, არამედ სამხედრო შეხლა-შემოხლისაც.
უახლოეს ხანებში კასპიის ზღვაში გამოჩნდება ახალი სამხედრო გემები, რომლებიც აამაღლებს კასპიის ფლოტილიის ბრძოლისუნარიანობას. მათ რიცხვს მიეკუთვნება მცირე საარტილერიო გემი „ვოლგოდონსკი“ და სარაკეტო ხომალდი „დაღესტანი“. ეს უკანასკნელი აღჭურვილია უნივერსალური სარაკეტო სისტემით „კალიბრი-ნკ“, რომელსაც შეუძლია მაღალი სიზუსტის მქონე წყალქვეშა რაკეტების გამოყენება, ასევე წყალსზედა სანაპირო ზოლის დაბომბვა, რადიუსი – 300 კმ. როგორც ამბობენ, ორივე გემი შეიძლება ჩაერთოს “კავკასია-2012“ მანევრებში.
აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა დიდ ყურადღებას აქცევს კასპიის ზღვასა და კავკასიაში საკუთარი თავდაცვის სტრატეგიის განვითარებას. მოსკოვი ცდილობს დაიცვას თავისი ინტერესი ამ რეგიონში სხვადასხვა გზებით, რომელთა შორის ძალის გამოყენებას დიდი ყურადღება ენიჭება.
როგორც აღვნიშნე, სამხედრო წვრთნას განსაკუთრებული ყურადღება ენიჭება დაძაბული ახლო აღმოსავლეთის ვითარების გამო. სირია დაძაბულობის უმთავრესი ობიექტია, სადაც რა ხანია მძვინვარებს სამოქალაქო ომი. სირიის განმანთავისუფლებელი არმია – შეიარაღებული თურქეთის, ყატარის, საუდის არაბეთის მიერ არა მარტო მედგარ წინააღმდეგობას უწევს სამთავრობო ძალებს, არამედ იერიში მიაქვს დედაქალაქ დამასკოს სასიცოცხლო ობიექტებზე. ასადის ხელისუფლება განაგრძობს წინააღმდეგობას და ცდილობს პოზიციების განმტკიცებას.
ამ კონტექსტში უნდა განვიხილოთ სირიის საზღვრებში შეჭრილი თურქეთის მზვერავი თვითმფრინავის ჩამოგდების ისტორია. სირიამ ყველას, განსაკუთრებით დასავლეთს დაანახა, რომ მას შეუძლია საკუთარი ქვეყნის საზღვრების დაცვა. რუსულმა საჰაერო თავდაცვითმა სისტემამ შესანიშნავად იმოქმედა, ჩამოაგდო რა თურქული სადაზვერვო თვითმფრინავი, რომლის ჩამოგდება მხოლოდ მაღალი მგრძნობიარობის რაკეტებით არის შესაძლებელი. ამ აქტით სირიამ დაარწმუნა დასავლეთი, რომ ის ლიბია არ არის და მასზე საჰაერო თავდასხმის შემთხვევაში დანაკარგი დიდი იქნება.
იძაბება ვითარება ირანთან მიმართებაშიც. აშშ-ს მიერ სხვა ქვეყნებზე თავსმოხვეული ემბარგო 1 ივლისიდან შედის ძალაში, რაც კიდევ უფრო გააუარესებს ირანის ეკონომიკურ მდგომარეობას. „ნავთობის ემბარგო უდავოდ ხელს შეუშლის ირანსა და ექვსეულს შორის არსებული მოლაპარაკების პროცესს“, – განაცხადა ირანის დელეგაციის ხელმძღვანელმა ჯალილიმ. ბოლო შეხვედრა მოსკოვში გაიმართა და ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა. მოლაპარაკების ფორმატთან დაკავშირებით, ირანს ახალი წინადადება აქვს – სამეულის შეხვედრა – ირანის, რუსეთის და აშშ-ს მონაწილეობით.
სანქციების შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ წლის დასაწყისში იქნა მიღებული. იანვარშივე ევროპულ კომპანიებს აეკრძალათ ირანის კონტრაგენტებთან ახალი კონტრაქტების გაფორმება. გასულ წელს ნავთობისა და გაზის გაყიდვით ირანმა 75 მილიარდი დოლარი მიიღო, ეს ქვეყნის სავალუტო შემოსავლების სამი მეოთხედია.
გარდა აღნიშნული სანქციისა დასავლეთში მზადდება სანქციების ახალი პაკეტი – აშშ და ევროკავშირი აპირებენ ემბარგო გამოუცხადონ იმ გემებს, რომლებიც შედიან ირანის პორტებში, ანუ არ შეუშვან თავიანთ პორტებში ის გემები, რომლებიც შევლენ ირანის პორტებში. თუ ასეთი რამ მოხდება, ის მომასწავებელი იქნება ფართომასშტაბიანი ბლოკადისა. ამის შემდეგ მხოლოდ სამხედრო ოპერაცია რჩება.
სირიის სამოქალაქო ომი, თურქეთის მიერ სირიის საზღვართან მძიმე ტექნიკის გადასროლა, ირანთან დაკავშირებული ვითარება, კასპიის ზღვის პრობლემები, აზერბაიჯან-სომხეთს შორის სასაზღვრო შეხლა-შემოხლა თავისთავად უბიძგებს რუსეთს სამხედრო მანევრებისაკენ. მან უნდა მოსინჯოს საკუთარი შესაძლებლობები მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში, მაგრამ მოსინჯვა სულაც არ ნიშნავს სხვა ქვეყანაში შეჭრას. ასეთი მხოლოდ პროვოკაციული გამოხდომის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, ისეთის, რაც 2008 წელს იყო.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი.