„პოშლოსტად“ მიჩნეული გამარჯვების პარადი

„პოშლოსტ“ – ასე შეაფასა RTVI-ს ჟურნალისტმა სამსონოვამ გამარჯვების პარადის ჩატარების იდეა, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა აღნიშნული ებრაული ტელეკომპანიის ანტისაბჭოური, ანტირუსული განწყობა.

ტელეკომპანიის ჟურნალისტები და იდეოლოგიური თვალსაზრისით, მისთვის შესაფერისი სტუმრები, ჩვეული გულმოდგინებით ქოქოლას აყრიდნენ არა მარტო გამარჯვების პარადს, არამედ ხელისუფლებას ესოდენ დიდი „ჩამორჩენილობისათვის“ – რაღა დროს ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაულია – დღეს სხვაზე უნდა ვზეიმობდეთო.

ტელეკომპანიას, ცხადია, არც 7 მაისის – პრეზიდენტის ინაუგურაციის დღე გაუშვია უქილიკოდ – ამდენი ფულის ხარჯვის ნაცვლად უკეთესი იყო ხალხს დახმარებოდნენო, – აცხადებდნენ ხალხისათვის „დამაშვრალი“ ჟურნალისტ-ექსპერტობა. 

RTVI ის ტელეკომპანიაა, რადიო „ეხო მოსკვისთან“ ერთად 24-საათის განმავლობაში რომ ზიზღით აგინებს არა მარტო რუსეთის ხელისუფლებას, არამედ ყველაფერ იმას, რაც ამ ქვეყნის ისტორიას ან ყოფას უკავშირდება. მაგრამ მიუხედავად უკიდურესი სუბიექტურობისა ორივე არხისთვის აუგი სიტყვაც არავის შეუბედავს, რაც იმის დამადასტურებელია, რომ კრიტიკის, ხშირად სუბიექტური ლანძღვის ამტანობის მიხედვით, რუსეთის ხელისუფლება გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე თუნდაც „დემოკრატიულად“ შეფასებული დასავლეთის მთავრობები, საქართველოზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

ქართული ჟურნალისტი გოგო-ბიჭებისა და არანაკლებ ყვინჩილა „პოლიტიკოსების“ გამონათქვამების მიხედვით, რუსეთში მძვინვარე დიქტატურაა და მას კარგა ხანს არაფერი ეშველება. მათი მოსაზრება ამ მხრივ ასლია ებრაული ტელეკომპანიისა და „ეხო მოსკვის“, აგრეთვე ე.წ. რუსი ლიბერალების იდეოლოგიის.

დამფინანსებელიც და სულიერი მოძღვარიც ერთი ჰყავთ – „დემოკრატიული“ აშშ-ს სახით, რომელიც გამადიდებელი შუშით დაჰყურებს მთელს მსოფლიოს და „მკაცრად“ აფასებს სხვადასხვა ქვეყნისა და ხალხის „დემოკრატიულობას“. მერე რა, რომ ამ შეფასების დროს ზოგს უმოწყალოდ სჯის, ზოგსაც თავზე ხელს უსვამს, ცხადია ავანსად – წასახალისებლად.

ისე, კაცმა რომ თქვას, რა შუაშია აშშ-ი, ვინ მიანიჭა მას მსოფლიო არბიტრის ფუნქცია? ქვეყანამ, რომელმაც 21-ე საუკუნეში ორი ომით შეაბიჯა და რომლის ჯარისკაცების თავხედობას საზღვარი არ აქვს ოკუპირებულ ტერიტორიებზე;  ქვეყანა, რომელიც თვალს ხუჭავს, უფრო სწორად ახალისებს საკუთარი ხალხის დამბეჩავებელ საქართველოს ხელისუფლებას; ქვეყანა, რომელიც თავის მოკავშირეებთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის აფრიკაში, დაუნდობლად ძარცვავს ადგილობრივ მოსახლეობას, სხვათა დემოკრატიულობის შეფასებაში გაცილებით თავშეკავებული უნდა იყოს.

დასავლურმა „დემოკრატიამ“ დიდი ვერაფერი შეღავათი მისცა თუნდაც აფრიკის ქვეყნებს, სადაც გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო კოლონიალიზმისგან განთავისუფლება. აფრიკის ხალხებმა უცხოელთა უღელს თავი კი დააყწიეს, მაგრამ დასავლეთის „დემოკრატიით“ ზურგგამაგრებულ საკუთარი ქვეყნის პოლიტიკოსთა უღელს ვერაფერი მოუხერხეს და იქიდან მოყოლებული დღემდე იბრძვიან განთავისუფლებისთვის.

კონტინენტის ჩრდილოეთით, არაბულ ქვეყნებში მიმდინარე პროცესი აშკარა დამადასტურებელია ამისა.

დასავლეთი, რომელიც დეკოლონიზაციამდე საკუთარი ხელით წყვეტდა კოლონიების ბედს, დღეს, ადგილობრივი პოლიტელიტის ხელით აგვარებს სათავისო საკითხებს, თანაც ყბადაღებული მტკიცებით, რომ ის არაფერ შუაშია, რომ ის არ ერევა სხვათა საშინაო საქმეებში და სხვა. შორი მაგალითების მოყვანა არც არის საჭირო, როდესაც საკუთარ ქვეყანაში არსებული მსგავსი მაგალითებიც უხვად არის.

ამას წინათ ტელეკომპანია „ევრონიუსზე“ კონგოელი დაზარალებული ქალბატონი ყვებოდა იქაური შეიარაღებული ფორმირების აღვირახსნილობაზე – როგორ გააუპატიურეს მის თვალწინ მისი ქალიშვილები, შემდეგ მოკლეს მეუღლე და მისი მოჭრილი პენისი შეაჭამეს, ბოლოს, მოკლული მეუღლის გვამზე გააუპატიურეს. და ამ საზარელ ისტორიას ისმენს მსოფლიო, მათ შორის გუშინდელი კოლონიზატორი და დღევანდელი ხელისუფლების სტრატეგიული პარტნიორი.

კონგოელი ქალის საზარელმა ამბავმა, გასული საუკუნის განუკითხაობის პერიოდი გამახსენა – მხედრიონთა სისხლიანი თარეშით, არანაკლები „საგმირო“ საქმეებით. დღეს, მხედრიონის დამაარსებელი პანთეონში განისვენებს, ხოლო მისი აქტიური წევრები აღმასრულებელ-საკანონმდებლო ხელისუფლებაში არიან. ზოგი, ქალბატონი გუგეშაშვილის სახით, „რუსთავი-2“-ის ეკრანიდან მოძღრავს ერს. და ეს ყველაფერი ხდება უზომოდ „დემოკრატი“ სტრატეგიული პარტნიორის თვალწინ.

დემოკრატიულობის შემფასებლად არ გამოდგება ქვეყანა, რომელიც თავის პოლიტიკას მხოლოდ ორმაგ სტანდარტებზე აგებს. ამ სტანდარტის მიხედვით, სააკაშვილის საქართველო დემოკრატიულია, რუსეთ-ბელორუსის – არა. სააკაშვილის რეფორმები მსოფლიო მნიშვნელობისაა, რუსეთ-ბელორუსმა ამ მხრივ მისგან უნდა ისწავლონ და სხვა. სოციალურ საკითხებზე ხომ ხმას არავინ იღებს – პრინციპით – სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს.

ერთი სიტყვაც კი არავის დასცდენია, რომ არადემოკრატიულ დსთ-ს სივრცეში, რატომ არის პენსიები უფრო მეტი, ვიდრე საქართველოში. ავიღოთ თუნდაც ავადხსენებული რუსეთი, სადაც პენსიის ქვედა ზღვარი 400 დოლარიდან იწყება და დამსახურებიდან გამომდინარე შესაბამისად იზრდება. თვალი შევავლოთ სოციალური დახმარების სხვა საკითხებს, მედიკამენტებით უზრუნველყოფას და სხვა. ცხადია სოციალური დახმარებით რუსეთი ჩამოუვარდება დასავლეთს, მაგრამ გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე სხვა ქვეყნები, მათ შორის დასავლეთის ნაქები საქართველო.

რუსეთის მაგალითი შემთხვევით არ მომიყვანია, მასთან შედარებას, თანაც არაკვალიფიციურს, სისტემატურად აქვს ადგილი ქართულ მედიაში ქართველი პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მხრიდან. რუსეთი ცუდია, საქართველო – კარგი, ამას გვინერგავს სააკაშვილი და არა მარტო ის, არამედ სტრატეგიული პარტნიორი.

გასულ კვირას ვილნიუსში გამართული შეხვედრის დროს, რომელსაც „დემოკრატიული“ ქვეყნების, მათ შორის საქართველოს ხელისუდლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ და არადემოკრატიული რუსეთის, „დემოკრატი“ ოპოზიციონერი ნემცოვი, აშშ-ს სენატორმა მაკკეინმა მორიგი ანტირუსული რიტორიკით შეახსენა ყველას ამ ქვეყნის ხელისუფალთა, განსაკუთრებით პუტინის მზაკვრობაზე. სენატორის შეგონებანი რამდენჯერმე გადაიცა სამივე „რუსთავის“ მიერ.

ტელეკომპანია RTVI და საქართველოს ხელისუფალთა მიზნები მჭიდროდ არის ერთმანეთზე გადახლართული. ტელეკომპანია საქართველოსთან მიმართებაში ვაშინგტონის დავალებას პირნათლად ასრულებს – ადიდებს რა სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას. მარტო ნოვოდვორსკაია ან ლატინინა რა ღირს? საქართველოც ვალში არ რჩება – ლანძღავს და ლანძღავს რუსეთის წარსულსა და აწმყოს, ამასთანავე საკუთარ წარსულს. მასაც ისე, როგორც ტელეკომპანიას, „პოშლოსტად“ მიაჩნია გამარჯვების პარადი. ასეთი პარადები მხოლოდ ჩამორჩენილ კომუნისტურ ქვეყნებში – ჩრდილოეთ კორეასა და კუბაზე იმართებაო, – ამტკიცებდა ერთი ქართველი „ექსპერტი“. არადა სამხედრო პარადები ჩვეულებრივი მოვლენაა მსოფლიოს ქვეყნებში.

 წარსულის დისკრედიტაციის კურსისთვის ხელის შეწყობა დასავლელთა მთავარი მიზანია, ვინაიდან ჰერიოკული ისტორიის გაბიაბურება, საზოგადოების საკუთარი ისტორიისადმი ანტაგონისტურად განწყობა, თავისთავად ქმნის თვით ამ საზოგადოების დაცემის ნოყიერ ნიადაგს. სხვას ვერაფერს დაარქმევ საქართველოს ხელისუფალთა და „რუს“ ლიბერალთა ანტისტალინურ მარშს, რასაც განსაკუთრებული აქტიურობით ჰქონდა ადგილი 9 მაისამდე.

იხსენებდნენ ყველას, ვინც ოდესმე ლანძღა სტალინი, მათ შორის არ გამორჩათ გენერალი ვოლკოგონოვი, რომელიც თავის წიგნში აღნიშნავდა: “მისი დილეტანტური და არაკომპეტენტური ხელმძღვანელობა გამოიხატა უპირველეს ყოვლისა კატასტროფულ მატერიალურ და ადამიანურ დანაკარგებში. უმაღლესმა მთავარსარდალმა, რომელიც ხელმძღვანელობდა შეიარაღებულ ძალებს, მიიყვანა ისინი გამარჯვებამდე არნახული დანაკარგებით . . .“

ძნელია დაუჯერო ვოლკოგონოვს, როდესაც არსებობს სხვათა შეფასებებიც, მათ შორის ისეთი დიდი პოლიტიკოსის, როგორიც იყო ჩერჩილი. „რუსეთისთვის უდიდესი ბედნიერება იყო, რომ უმძიმესი გამოცდის ჟამს, მას ხელმძღვანელობდა გენიოსი, ქედუხრელი მხედართმთავარი სტალინი. ის იყო დიდი პიროვნება, არაჩვეულებრივი ენერგიის, ერუდიციის, უდრეკი, მკაცრი ხასიათის მატარებელი“, –

გავიხსენოთ პრეზიდენტ რუზველტის ვაჟიშვილის ელიოტის შთაბეჭდილება სტალინთან დაკავშირებით თეირანის კონფერენციის დროს. „სტალინმა ლაპარაკი დაიწყო, თან მე და მამას მაგარი თამბაქოს რუსული პაპიროსები შემოგვთავაზა – ორ დუიმიანი მუყაოს მუნდშტუკით. მივხვდი, რომ მიუხედავად მისი დაბალი ხმისა, მშვიდი მეტყველების და დაბალი ტანისა, მასში უზარმაზარი ენერგია იყო დაფარული. ის, როგორც ეტყობოდა, თავდაჯერებულობისა და თავშეკავების კოლოსალურ მარაგს ფლობდა. ვუსმენდი სტალინის მშვიდ ლაპარაკს, ვაკვირვებოდი მის უეცარ დამაბრმავებელ ღიმილს და ვგრძნობდი თვით მის სახელში ჩადებულ სიმტკიცეს – „სტალ“.

„ამ კაცმა იცის, როგორ იმოქმედოს. მიზანს ყოველთვის თვალწინ ხედავს. მასთან მუშაობა – ერთი სიამოვნებაა. არანაირი მიდებ-მოდება, საკითხს, რომლის განხილვაც სურს, პირდაპირ აყენებს და თემიდან არ უხვევს“, – პრეზიდენტი რუზველტი.

რუზველტის გარდაცვალების შემდეგ მკვეთრად შეიცვალა აშშ-ს პოლიტიკა საბჭოთა კავშირთან მიმართებაში. აშშ-ს რეაქციული პოლიტიკური კურსის შედეგად წინა პლანზე წამოიწია ჰეგემონიზმის იდეა, მსოფლიო პირველობის თემა და ამ გზაზე ომისდროინდელი მოკავშირის დისკრედიტაცია.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. აშშ-ს სათავეში სხვადასხვა ყაიდის პრეზიდენტები ცვლიდნენ ერთმანეთს, იცვლებოდნენ საბჭოთა ლიდერებიც. ისტორიას ჩაბარდა საბჭოთა კავშირი და სოციალისტური ბანაკი. საბჭოთა ქვეყანა კაპიტალისტურად გადაკეთდა. მაგრამ ომის შემდგომ პერიოდში ჩადებული ურთიერთუნდობლობის მუხტი და ამერიკულ მტრობაზე დაფუძნებული ჰეგემონიზმი უცვლელი დარჩა. უცვლელი დარჩა ის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რამაც საფუძველი ჩაუყარა დიდთა შორის საომარი დაპირისპირების საქმეში თავის შეკავებას.

 ელიოტ რუზველტი წერს: „მამამ და სტალინმა მოიწონეს დიდი სამეულის ქვეყნებისთვის ვეტოს უფლების მიცემის იდეა. თავიანთ არგუმენტაციას იმ უბრალო და ნათელ ფაქტებზე ამყარებდნენ, რომ მშვიდობის შენარჩუნება მხოლოდ იმ პირობით იქნება შესაძლებელი, თუ ძლიერი სახელმწიფოები ერთსულოვნებას შეინარჩუნებდნენ. იმ შემთხვევაში, თუ ორი წაეკიდებოდა მესამეს ან ერთი დანარჩენ ორს – მშვიდობა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა. მხოლოდ ერთსულოვან მოქმედებას და ერთიან მიზანს შეეძლო მსოფლიოს გადარჩენა“.

იმჟამინდელ ლიდერებს, მათ შორის ცხადია სტალინს, ფაშიზმზე გამარჯვების გარდა, სხვა რომ არაფერი გაეკეთებინათ, საკმარისი იქნებოდა მათი სახელების უკვდავყოფისთვის. მაგრამ მათ არა მარტო ეს შეძლეს, არამედ ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაც მოახერხეს. სწორედ ამ წესრიგს ეფუძვნება საყოველთაო მშვიდობა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი.