23.12.2024

ევროკავშირი ლიბერალური დიქტატურის სავანეა და არა სუვერენიტეტის, რაც ჩვენმა ხალხმა არ იცის

საზოგადოებისთვის ცნობილია კოლექტიური დასავლეთის მშვიდობისა და ხალხთა კეთილდღეობისთვის ბრძოლა; საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორ ეწინააღმდეგება ის რუსეთის აგრესიას, ექსპანსიონისტურ პოლიტიკას; საზოგადოებისთვის ცნობილია იმ გაერთიანებების შესახებ, ვისაც ამ ბრძოლაში დიდი წვლილი შეაქვთ.

საზოგადოებისთვის ცნობილია მათი სახელები — G7, ევროკავშირი, ნატო, ეუთო, ევროსაბჭო. საზოგადოებისთვის ცნობილია ამ ორგანიზაციების მიერ მტრად შერაცხულთა სახელებიც, რომელთა შორის პირველი რუსეთია. საზოგადოებისთვის ცნობილია ამ ქვეყნის „შესამკობი“ ეპითეტებიც — აგრესორი, ოკუპანტი, მსოფლიო წესრიგის დამრღვევი და სხვა. მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.

საზოგადოებისთვის უცნობია, რატომ, რა „დამსახურებისთვის“ შეარქვეს რუსეთს აგრესორი, მითუმეტეს ოკუპანტი. საზოგადოებისთვის უცნობია, ნატოს სამხედრო ორგანიზაციის გაკრავება, ანუ როდისაქეთ დაემსგავსა ეშვებიანი ნატო უმანკო კრავს.

საზოგადოებისთვის უცნობი და გაუგებარია ეშვებიანი მტაცებლის სახელის მიკერება იმ ქვეყნისთვის, რომელიც ასეთს, ნატოსგან ნამდვილად არ იმსახურებს.

საზოგადოება ეჭვობს, რომ ნატო საქველმოქმედო, სამშვიდობო ორგანიზაციაა — გამომდინარე იმ ქმედებებიდან, რაც მან დღიდან შექმნისა (1949 წ.) ჩაიდინა.

საზოგადოებას ამ დანაშაულებრივი აქტების გრძელი სიის ჩამოთვლაც შეუძლია,რასაც სისტემატურად მიმართავს.

საზოგადოებას ვერადავერ გაურკვევია — ასეთს, როგორ შეუძლია ტალახის სროლა სხვისთვის ან აგრესორის შერქმევა, თვით არაერთი აგრესიის განმახორციელებელს.

საზოგადოება საგონებელშია და არ იცის ვის დაუჯეროს, აგრესორს, რომელიც სხვას სდებს ბრალს აგრესიაში თუ „დამნაშავეს“, რომელიც, პირიქით სდებს ბრალს იმას, ვინც ბრალი დასდო.

მოდით დავსვათ კითხვა — რატომ არის რუსეთი აგრესორი? ვიდრე ამ კითხვას პასუხს გავცემთ, ვიკითხოთ — თუ რუსეთმა აგრესია განახორციელა, რამ გამოიწვია მისი აგრესია? ეს ორივე კითხვა მჭიდროდ არის გადაბმული ერთმანეთზე, ვინაიდან აგრესია, უსაფუძლოდ არ ხდება. აი, ის საფუძველია შესასწავლი, რამაც აიძულა ქვეყანა აგრესიისთვის მიემართა.

კოლექტიური დასავლეთი შეგნებულად არ აპირებს აგრესიის მიზეზების არათუ შესწავლას, ვინაიდან შესასწავლიც არაფერია, რამეთუ ყველაფერი ზედაპირზე დევს, არამედ, აი, იმ ზედაპირზე დადებულის ანალიზსაც კი არ აკეთებს, საზოგადოების თვალის ასახელად.

იკითხავთ — რომ გაეკეთებინა, რა იქნებოდაო. თვითგვემა, მაზოხიზმი, მსოფლიო საზოგადოებისთვის თვალში საკუთარი თავის დისკრედიტაცია, რასაც მსოფლიო ისტორიაში იშვიათად ან საერთოდ არ ჰქონია ადგილი. რასაც ჰქონია და აქვს საკუთარი დანაშაულის სხვაზე გადაბრალებაა. ასეთია ადამიანის ბუნება. ის ყოველთვის ცდილობს თავისი ნეგატიური ქცევის სხვაზე გადაბრალებას. ქვეყნებიც ასეა — ადამიანთა კრებული.

მოდით უფრო დავკონკრეტდეთ ჩვენი მეზობლის მიმართ, რომელთანაც ბოლო 30 წელია „ცივი ომიც“ გვქონდა და გვაქვს, და „ცხელიც“ — 2008 წლის აგვისტოს ომის სახით. და დავსვათ ასეთი კითხვა — რამ გამოიწვია 2008 წლის რუსეთის აგრესია?

ობიექტურობა მოითხოვს იმის თქმას, რომ რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის მედვედევის მიერ გადადგმული „მილიტარისტული“ ნაბიჯი, ღამის ცუდი სიზმრის შედეგი იყო. ანუ მედვედევს დაესიზმრა თეთრ ცხენზე ამხედრებული საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც შუბით უპირებდა მას განგმირვასა და საპასუხოდ საქართველოსკენ დაძრა არმია.

ცხადია, ეს არ შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ მაშინდელი და დღევანდელი პოლიტელიტის თავის მართლების უებარი წამალია. ამ წამალმა თვით ქართული პოლიტიკა დაარწმუნა საკუთარ „სიმართლეში“, ხოლო შემდეგ მისივე ძალისხმევით საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რაც ევროკავშირის საგამოძიებო სპეციალურმა კომისიამ, დიპლომატ ტალიავინის ხელმძღვანელობით დაადგინა, რომ აგრესორი რუსეთი კი არა, სააკაშვილის ხელისუფლება იყო.

მოდით კიდევ ერთი კითხვა დავსვათ — საქართველოს პრეზიდენტი სააკაშვილი ისეთი ბეცი იყო, რომ რუსეთისგან პასუხს არ მოელოდა? ძნელია ამის დაჯერება. ის პასუხსაც მოელოდა და განადგურებასაც, მაგრამ სხვისი იმედი ჰქონდა. მაინც ვისი? — იკითხავთ. კოლექტიური დასავლეთის, ნატოს, ევროკავშირის, აშშ-ს, იმათი, ვინც მას ხელი ჰკრა ავანტიურისკენ, აგრესიისკენ — საკუთარი ხალხის და რუსი მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ.

მათ აიძულეს სააკაშვილი გადაედგა აგრესიული ნაბიჯი იმის გამოსაცნობად, უპასუხებდა თუ არა რუსეთი ამ გამოწვევას და რა დოზით.

საქართველო და ქართველი ხალხი საცდელი პოლიგონი და დასავლური ცდების ობიექტი გამოდგა.

ეს, მაშინ. მოდით გადმოვინაცვლოდ დღევანდელობაში. საქართველოს არ მისცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მისცეს უკრაინასა და მოლდოვას. უკრაინას იმიტომ, რომ ომობს რუსეთთან; მოლდოვას იმიტომ, რომ უკრაინის მეზობელია, ბევრი უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა და ხელისუფლებაში ევროპული ძალა ჰყავს, ევროპული პარლამენტით და პრეზიდენტით.

მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ რუმინეთის მოქალაქეა, რუმინეთი კი ის ქვეყანაა, რომელიც მოლდოვას თავისად თვლის და მის შეერთებას ლამობს. თუ ამას ექნა ადგილი, სანდუს, გაერთიანებულ რუმინეთში მაღალი თანამდებობა ელოდება.

მოლდოვამ, კანდიდატობის მიღებისთანავე განაცხადა, რომ აპირებს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. არ არის გამორიცხული, რომ კიშინოვმა რეანიმაცია მოახდინოს დნესტრისპირეთთან გაყინული კონფლიქტის, რაც რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნის საფუძველი იქნება.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ — უკრაინას, რომელსაც თვით ევროკავშირის წესდებით არ ეკუთვნოდა კანდიდატის სტატუსი, კანდიდატობით დააჯილდოეს, ავანსად, რომ უკრაინა გააგრძელებს ომს რუსეთთან და არავითარ მოლაპარაკებაზე არ წავა; რომ მოლდოვა სანქციებს დაუწესებს რუსეთს და დაძაბავს ურთიერთობას დნესტრისპირეთთან.

თუ ისინი არ შეასრულებენ დავალებას წლის ბოლომდე, კანდიდატობა შეუჩერდებათ იმ საბაბით, რომ ვერ შეასრულეს ბრიუსელის მიერ ჩამოწერილი კითხვები. სინამდვილეში კი ის 2, რომელიც ზემოთ ვახსენე — მოლდოვის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესება, უკრაინისთვის ომის გაგრძელება.

რატომ დაჩაგრეს საქართველო?  — მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმისთვის და რუსეთისთვის სანქციების არდაწესების გამო. თუ ამ ორ დავალებას შევასრულებთ, ჩვენც გვაღირსებენ კანდიდატობას. ჩვენი კანდიდატობა ბრიუსელს აწყობს, თანაც ჩვენზე მეტად, ვინაიდან მაშინ დავალებას რეკომენდაციის სახე კი არ ექნება, არამედ ბრძანების.

მაგალითი ამისა გვაქვს — ლიტვის სახით, რომელმაც სატრანზიტო გზა ჩაუკეტა რუსეთს, კალინინგრადისკენ, რითაც ეს რეგიონი მოწყვიტა დედა-სამშობლოს. რას მოიმოქმედებს რუსეთი? ჯერ-ჯერობით დიპლომატიური არხებით ცდილობს საკითხის მოგვარებას, თუმცა სიკეთეს პირი არ უჩანს. შეეგუება რუსეთი ლიტვის თავხედობას? ძნელი სათქმელია.

თუ დიპლომატიამ არ გაჭრა, მაშინ ძალის გამოყენება დადგება დღის წესრიგში და ვინ იქნება დამნაშავე, აგრესორი? — ცხადია, რუსეთი! მაშინ არავინ გაიხსენებს აგრესიის გამომწვევ მიზეზს, ისე, როგორც უკრაინის შემთხვევაში, რომელსაც კოლექტიური დასავლეთი 30 წლის განმავლობაში ანტირუსულად მუხტავს. ამ პროცესის გასაძლიერებლად ნეოფაშიზმიც გამოიყენა  ბანდერა—შუხევიჩის — პირწავარდნილი ფაშისტების რეანიმაციით, მათთვის ძეგლების დადგმით, მე-2 მსოფლიო ომის გმირი მხედართმთავრების ძეგლების ნგრევით, განათლების სისტემიდან რუსული კლასიკური ლიტერატურის ამოღებით, რუსული ენის დევნით და სხვა.

8 წლის განმავლობაში ბომბავდა უკრაინის არმია დონეცკსა და ლუგანსკს, მაგრამ ამაზე კოლექტიურ დასავლეთს ყური არ შეუბერტყია. ანალოგიური ელოდა ყირიმს, მაგრამ იქაურმა მოსახლეობამ იძალა, დაასწრო კიევის მაიდნის „რევოლუციის“ პირმშოებს და რეფერენდუმით რუსეთს ჩაეხუტა.

არ იქნებოდა ყირიმელთა მტკიცე ნაბიჯი და იქნებოდა ომი — ისეთი, როგორიც 2014 წლიდან იყო დონბასში. ვინ არის დამნაშავე? — იკითხავთ. არა მოსკოვი და კრემლი, არამედ კიევი. რომ არა ამ უკანასკნელის ავანტიურა, კრემლი, ყირიმის რუსეთთან შეერთებას არც იფიქრებდა.

აიძულეს, რომ ეფიქრა — რუსი მოსახლეობის გადასარჩენად, რაც აგრესიაში ჩაუთვალეს, ისე, როგორც ა.წ. 24 თებერვლის გადაწყვეტილება — უკრაინაში სპეცოპერაციის დაწყება.

ქართველთა უდიდესი უმრავლესობა რუსეთს ადანაშაულებს აგრესიაში და უკრაინას მსხვერპლად მიიჩნევს. მოდით წარმოვიდგინოთ ასეთი რამ — კანადას ან მექსიკას ანტიამერიკული პოლიტიკა, რომ ეწარმოებინა და ბირთვული იარაღის შექმნა, რომ დაეწყოთ ამერიკის დასანგრევად, თან რუსული ბიოლოგიური ლაბორატორიები შეექმნათ ამერიკის წინააღმდეგ ბიოლოგიური ომის საწარმოებლად, ვაშინგტონი თავზე ხელს გადაუსვამდა და „შეგარგოთო“ ეტყოდა?

ნიუ-იორკის ცათამბჯენებზე ტერორისტული აქტისთვის აშშ-ა ჯერ ერაყი გაასწორა მიწასთან, შემდეგ ავღანეთი, სადაც 20 წლის განმავლობაში ებრძოდა ის და მისი მოკავშირეები ადგილობრივ მოსახლეობას, თუმცა უშედეგოდ.

ავღანეთისგან განსხვავებით „შედეგიანი“ გამოდგა იუგოსლავია, ლიბია. იუგოსლავიაც დაიშალა ბელგრადზე უმოწყალო საჰაერო თავდასხმის შედეგად და ლიბიაც.

შემედავებით — იუგოსლავია შიდა დაპირისპირებამ დაშალა და არა ბელგრადის დაბომბვამო. გეთანხმებით, ჯერ შიდა ომი იყო, მსხვერპლით, ნგრევით. მაგრამ ვინ იყო ამ შიდა ომის წამქეზებელი? რუსეთი რომ არ ყოფილა, ფაქტია. კოლექტიური დასავლეთი იყო, მისი სპეცსამსახურები.

მათი შავ-ბნელი საქმიანობის შემდეგ, ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე, კოლექტიურმა დასავლეთმა აღიარა კოსოვოს დამოუკიდებლობა. დღეს, იქ ნატოს სამხედრო ბაზაა განთავსებული.

აშშ—ნატოს დანაშაულებრივი ქმედება საყოველთაოდ ცნობილია, თუმცა ამაზე იქ, დასავლეთში არვინ ლაპარაკობს — შიშის გამო. რუსეთს კი ადანაშაულებენ აგრესიაში, რაც კატეგორიულად გაჟღერდა მადრიდის ნატოს სამიტისა და მანამდე ბავარიის „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე. არც ერთს რუსეთი არ ესწრებოდა, თუმცა ორივეგან იყო, როგორც შიშის, ხიფათის მომასწავებელი აჩრდილი.

ნატოს მიერ მიღებულ დოკუმენტში, ანუ სამომავლო გეგმაში რუსეთი, ნატოს მტრად არის მოხსენიებული — უდავო ხიფათის შემცველად, ევროპისა და მსოფლიოს მშვიდობის საფრთხედ.

მოდით დავსვათ კითხვა — თუ რუსეთი სახიფათოა, ისე, როგორც მტაცებელი ვეფხვი, რატომ მიდიხარ მასთან, რატომ ცდილობ მის გაღიზიანებას?

ამ მტაცებელმა იცის თავისი ადგილი, რომელიც მონიშნა — ის შენსკენ არ იწევს, პირიქით შენ იწევ მისკენ, ვითომ შენივე უსაფრთხოებისთვის.

ალოგიკურობასთან გვაქვს საქმე — საკუთარი უსაფრთხოებისთვის ვეფხვის ხახაში თავის შეყოფა.

„ცივი ომის“ დროს საბჭოთა კავშირი არ გაფართოებულა ევროპისკენ, თუმცა ამის შესაძლებლობა, ძალა მას ჰქონდა. „ცივი ომის“ დასრულებისთანავე ჯერ საბჭოთა კავშირი და შემდეგ რუსეთი შეთანხმდნენ კოლექტიურ დასავლეთთან, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაიწევდა.

გაიწია და მერე როგორ?! ჯერ აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ბანაკის წევრი ქვეყნები გააწევრა ნატოში, შემდეგ ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. შემდეგ უკრაინა, მოლდოვა, საქართველოს მიადგა და ათასი სახის ნატოს პროგრამაში ჩართო. უკრაინაში, ოჩაკოვოში ნატოს სამხედრო-საზღვაო ნავსადგურის მშენებლობაც დაიწყო. რუსეთის დასაშლელად ანტირუსული უკრაინა შექმნა და როდესაც ყოველგვარ წითელ ხაზებს გასცდა, რუსეთმა ხმა ამოიღო, საკუთარი უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

მან დაიყოლია აშშ-ი მოლაპარაკებაზე, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ვინაიდან კოლექტიურ დასავლეთს სხვა გეგმები ჰქონდა და აქვს — რუსეთის განადგურება.

ბჟეზინსკიმ — ამერიკელმა პოლიტიკოსმა, „წინასწარმეტყველმა“, გარდაცვალებამდე კარგა ხნით ადრე ბრძანა — რუსეთთან ურთიერთობის ქვაკუთხედი რუსეთთან წინააღმდეგობა უნდა იყოს, რუსეთის ხარჯზე, რუსეთის ნანგრევებზე შექმნილი.

ბჟეზინსკის არ უთქვამს მოლაპარაკებაზე, პირიქით რუსეთის დანგრევაზე მიანიშნა. მაგრამ ამერიკელ „ქორებთან“ ერთად ამ ქვეყანაში „მტრედებიც“ არიან, რომელთა შორის საერთაშორისო ურთიერთობების ღრმა მცოდნე მირშაიმერი გამოირჩევა.

მან რუსეთ—აშშ-ს დაპირისპირებაში ვაშინგტონს დასდო ბრალი და განმარტა, რომ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება არასერიოზული იყო და მიმართული იყო რუსეთის გასაღიზიანებლად. კონკრეტულად მან უკრაინა—საქართველო—მოლდოვისთვის ნატოში გაწევრების წინადადების გაჟღერება დიდ შეცდომად მიიჩნია.

დარწმუნებული ვარ, მადრიდის ნატოს სამიტის გადაწყვეტილებას, რუსეთის მტრად გამოცხადების თაობაზე, ის ნეგატიურად შეაფასებს. სხვაგვარად არ შეიძლება იყოს, ვინაიდან ნატოს მიერ არჩეული დაპირისპირების გზა არავითარი მშვიდობის მომასწავებელი არ არის. ომისა კი ნამდვილად, თანაც არა ჩვეულებრივის, არამედ ბირთვულის.

P.S. წინა სტატიაში „პატრიოტ“ ქართველთა მოწოდებას „ჩვენი თავი, ჩვენვე გვეყუდნოდეს“ გავუსვი ხაზი ნეგატიურად და რატომ? ილიასეული სიტყვების გამოყენება ევროკავშირში შესვლისთვის, მიუღებლად ჩავთვალე, ვინაიდან ევროკავშირი ის ორგანო არ არის, საქართველოს რომ დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარების უფლებას მისცემს.

ევროკავშირელმა საქართველომ უნდა შეასრულოს ბრიუსელის ბრძანება, ისე, როგორც ლიტვა ასრულებს და მსოფლიოს მშვიდობას სასწორზე დებს. ეს კავშირი ლიბერალური დიქტატურის სავანეა და არა სუვერენიტეტის, რაც სამწუხაროდ ჩვენმა ხალხმა არ იცის.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

02/07/2022