23.12.2024

მსოფლიო დაძაბულობამ კულმინაციას მიაღწია. გამოსავალი ჯერ-ჯერობით არ ჩანს

საერთაშორისო ცხოვრებაში გათვიცნობიერებულმა პოლიტიკოსმა და ექსპერტმა კარგად იცის ვოლფგანგ იშინგერი — მიუნხენის კონფერენციის თავმჯდომარე, დასავლეთში და არა მარტო, ცნობილი დიპლომატი.

რით არის განპირობებული იშინგერის გახსენება? მარტივი მიზეზით — მიუნხენის კონფერენციით, რომელიც „კოვიდ-19“ პანდემიით გამოწვეული ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 18-20 თებერვალს  იმართება.

მიუნხენის კონფერენცია ყოველწლიური თავყრილობაა, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ მსოფლიოს პოლიტიკოსები, სახელმწიფო მეთაურები, დიპლომატები, ცნობილი ექსპერტები. კონფერეციაზე გამოთქმული მოსაზრებები მრავალი წლის განმავლობაში ხდება პოლიტიკოსთა, ექსპერტთა, საზოგადოების წარმომადგენელთა განსჯის საგანი — ხშირ შემთხვევაში ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკური კურსის განმსაზღვრელი, შესაბამისი დასკვნების გაკეთების მასტიმულირებელი. თუმცა არცთუ იშვიათად, კონფერენციაზე ნათქვამი, უდაბნოში ღაღადს ემსგავსება, ვერ აღწევს მიზანს, ისეთს, როგორსაც გამომსვლელი ინატრებდა.

კონფერენციაზე იშვიათად აქვს ადგილი მწვავე კრიტიკულ გამოსვლებს, რასაც დისონანსი შეაქვს შეხვედრის დღის წესრიგით გათვალისწინებულ მშვიდ, წყნარ დისკუსიაში. კონფერენციაში მონაწილენი, განსაკუთრებით ზედმიწევნით იცავენ „წყნარი დისკუსიის“ ტრადიციულ კურსს — მსოფლიო პოლიტიკის, უსაფრთხოების საკითხების ევროატლანტიკურ აღქმას, ზოგიერთი ურჩი ქვეყნის კრიტიკულ მოხსენიებას.

ტრადიციად ქცეული რიტუალი 2007 წელს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დაარღვია, რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა კოლექტიური დასავლეთი, მსოფლიო მშვიდობაში უსაფრთხოების ნაცვლად, საფრთხის შეტანის გამო.

პუტინის გამოსვლა იმდენად განსხვავებული და უცხო გამოდგა რიტუალურ მონოტონურობას მიჩვეული დამსწრე საზოგადოებისთვის, რომ გაოცებულებს — პუტინის პირდაპირობით, ყბები ჩამოუვარდათ. ვინც 2007 წლის კონფერენციას ადევნებდა თვალს, ემახსოვრება აშშ-ს დელეგაციის, მათ შორის სენატორ მაკკეინის უკმაყოფილო სახეები, ტრიბუნასთან მდგომი რუსეთის პრეზიდენტის მოხსენებით გამოწვეული.

დამსწრე საზოგადოებას, უპირველესად ამერიკელებს კარგა ხნის განმავლობაში არ ჰქონდათ მოსმენილი დასავლეთის ესოდენ მკაცრი კრიტიკა.

პუტინის მიუნხენის სიტყვა გადაიქცა რუსეთის უპირველეს პოლიტიკურ ვექტორად — დასავლეთთან მიმართებაში, მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტად.

მიუნხენიდან მოყოლებული სხვა გამოსვლებიც, განსაკუთრებით გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, აღსავსე იყო მსოფლიო უსაფრთხოების პრობლემების სრულიად ახალი აღქმით, თამამი კრიტიკით, უსაფრთხოების თანამედროვე სისტემის შექმნის სურვილით.

2007 წლიდან მოყოლებული, 2021 წლის ჩათვლით, პუტინს ძალ-ღონე არ დაუშურებია უსაფრთხოების საკითხების მსოფლიოს ქვეყნების ლიდერთა ყურამდე მიტანისთვის, თუმცა ჯერ-ჯერობით, სამწუხაროდ უშედეგოდ.

არის თუ არა დასავლეთის მსგავსი პოზიცია გასაკვირი? უდავოდ არა, ვინაიდან „ცივი ომის“ შემდეგ აშშ-ა და მისმა მოკავშირეებმა თავი გამარჯვებულად მიიჩნიეს და დაშლილი საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთს დაცინვით დაუწყეს ზემოდან ყურება. რა არ აკადრეს მას — მსოფლიოს ბენზინგასამართი სადგურიდან დაწყებული, აფრიკის მივარდნილი, ჩამორჩენილი ქვეყნის სახელის მიკერებით დამთავრებული.

გასული წლის ბოლოს პუტინმა ახალი შეტევა განახორციელა მსოფლიო საფრთხის მთავარ ინსპირატორებზე — აშშ-სა და ნატოზე — კონკრეტული წინადადებებით, კოლექტიურ დასავლეთში ულტიმატუმად აღქმულით, რამაც შეანჯღრია ვაშინგტონ-ბრიუსელი და აიძულა ყურადღება მიექცია რუსეთის მოთხოვნებზე.

შედეგი? — ჯერ-ჯერობით ისეთი, როგორიც წინადადებებს ეკადრებათ, არ ჩანს. რაც ჩანს არასაკმარისია, თან მეორეხარისხოვანი. მთავარი კი ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოება, უკრაინისა და საქართველოს ნატოში არმიღება, აღმოსავლეთ ევროპაში განლაგებული, რუსეთზე დამიზნებული რაკეტების ევროპიდან გატანა და ა.შ. უპასუხოდ რჩება, ანუ ვაშინგტონ-ბრიუსელის საპასუხო წერილებში პუტინის ამ წინადადებებს გვერდი აქვს ავლილი.

და როდესაც ასეთ რეალობასთან გვაქვს საქმე, რუსეთმა მართებულად ჩათვალა არ მიეღო მონაწილეობა მიუნხენის კონფერენციაში. ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო რუსეთის პრეზიდენტმაც. პრეზიდენტის პრეს-მდივნის პესკოვის განცხადებით, პუტინი არ მიიღებს კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას, არ ექნება მას კონფერენციაში ვიდეო-ჩართვაც კი. ეს გადაწყვეტილება გამოწვეულია იმ მიზეზით, რომ რუსეთმა დაკარგა ინტერესი კონფერენციისადმი, ვინაიდან მან (კონფერენციამ) დაკარგა ობიექტურობა და გადაიქცა „ერთი მოსაზრების კლუბად“.

არის თუ არა რუსეთის დელეგაციის კონფერენციაში მონაწილეობაზე უარის თქმა დარტყმა კონფერენციაზე? უდავოდ, არის, ვინაიდან ევროპისა და მსოფლიო უსაფრთხოებაზე მსჯელობა რუსეთის გარეშე მნიშვნელობას კარგავს, მითუმეტეს დღეს, როდესაც ვაშინგტონის მეცადინეობით ისეთი საომარი აჟიოტაჟია ატეხილი, ერაყში ამერიკელთა შეჭრის შემდეგ რომ მსოფლიოს არ ახსოვს.

გადახედეთ მაშინდელ პრესას და უმალ თვალწინ დაგიდგებათ დღევანდელი ომის მომასწავებელი წივილ-კივილი, საომარი ისტერია. ქვეყნების სახელებია სხვა, დანარჩენი მეორდება. ნაცვლად ერაყისა, გვაქვს უკრაინა — ამასთანავე რუსეთის შეჭრა ამ ქვეყანაში.

ომის ისტერია ვაშინგტონიდან მოედინება და მთელ მსოფლიოს ეფინება. აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღეც დაასახელა 16 თებერვალი. აშშ-ს უშიშროების საბჭოს მდივანმა სალივანმა ჟურნალისტის შეკითხვაზე ბრძანა, რომ რუსეთი უდავოდ შეიჭრება უკრაინაში ან 16, ან 20 თებერვალს, ან ოლიმპიური თამაშების დამთავრებისთანავე, ან …

სალივანის და სხვა მაღალი თანამდებობის ამერიკელის ვარაუდი ჯერ-ჯერობით ვარაუდად რჩება. ამერიკელთა მიერ წამოჭრილმა ომის თემამ ოთხი თვეა გამოაშტერა მსოფლიო. ხუმრობა ხომ არ არის, როდესაც ამერიკული მედია გამუდმებით ჩაგჩიჩინებს რუსეთის უკრაინაში შეჭრაზე და აქედან გამომდინარე მსოფლიო ომის დაწყების შესაძლებლობაზე?

ამერიკული ელექტრონული მედია სისტემატურად გვაჩვენებს რუსეთის არმიის მიერ უკრაინაში შეჭრის „საიდუმლო“ გეგმას. კოლექტიური დასავლეთი, ბაიდენის მეთაურობით, შესაშური აქტიურობით განიხილავს რუსეთის აგრესიას და ამ ფონზე ტონობით იარაღს უგზავნის უკრაინას თავის დასაცავად.

რაც შეეხება ამერიკელი და ნატოელი სამხედრო ძალების მონაწილეობას რუსეთ-უკრაინის ომში, თავიდანვე ჩაითვალა მიუღებლად. ბაიდენმა, ისე, როგორც მისმა ევროპელმა კოლეგებმა განაცხადეს, რომ ომში მონაწილეობას (უკრაინის დასახმარებლად) არ მიიღებენ, მაგრამ რუსეთს დაუწესებენ უმკაცრეს სანქციებს.

მშვიდობიანობის პერიოდისთვის შეუსაბამო დიპლომატიურ კონტაქტებს აქვს ადგილი ვაშინგტონ-მოსკოვ-კიევ-ბრიუსელში. მიდიან და მოდიან ცნობილი გვარები ხან მოსკოვში, ხან კიევში, ხან ერთიმეორის მიყოლებით, ხან ვაშინგტონში. აქეთ-იქით სიარულს სატელეფონო საუბრებს უმატებენ — ერთ საათიან, 2 საათიანს, … პრეს-კონფერენციებს, ბრიფინგებს. მოკლედ, ერთი ჟივილ-ხივილია ატეხილი — საომარი რიტორიკით, ომის ისტერიით, ანუ იმ ნეგატიური მოვლენით, რაც გაეროს მიერ არის დაგმობილი, მაგრამ ვინ უყურებს გაეროს, როდესაც რუსეთის გაშავება არის დღის წესრიგში?!

„ბლუმბერგმა“ სასურველი, რეალობად წარმოუდგინა ფართო საზოგადოებას — რუსეთი შეიჭრა უკრაინაშიო. მართალია მან უმალ აღიარა შეცდომა, მაგრამ „შეჭრა“ ჩარჩა მსმენელის გონებაში და არა „შეცდომა“. მიზანიც ეს იყო — შეგნებული შეცდომა.

მედიურ ისტერიას დიპლომატიური ისტერიაც ახლავს თან. 40-ზე მეტი ქვეყნის საელჩომ შეწყვიტა მუშაობა კიევში. ნაწილი მათი დასავლეთ უკრაინაში, ქ. ლვოვში გაიხიზნა. იქ რა ვერ მიაღწევს რუსული ტანკი? სხვადასხვა ქვეყნის ავიაკომპანიებმა შეწყვიტეს უკრაინასთან საჰაერო მიმოსვლა, ასევე უკრაინის საჰაერო სივრცის გამოყენება.

ვაშინგტონი, ლონდონი, პარიზი, ბერლინი, ბრიუსელი მოუწოდებენ რუსეთს არ გაბედოს უკრაინაში შეჭრა, თორემ უკრაინელები ისეთ დღეში ჩააგდებენ მას, თავბედს აწყევლინებენ — რუსი მეომრების გვამებს, ტომრებში ჩადებულს, ვერ დაითვლიან რუსეთში.

საინტერესოა ამ ომში მარტო რუსი ჯარისკაცები დაიხოცებიან?

ხელოვნური აურზაურიდან მნიშვნელოვანი ის არის, რომ არც „აგრესორმა“ რუსეთმა და არც „მსხვერპლმა“ უკრაინამ არ იციან, რომ ომში არიან ჩართულნი — დიდ, ფართომასშტაბიან ომში, თორემ უკრაინა, დონეცკთან და ლუგანსკთან მე-8 წელია ომობს, მინსკის ხელშეკრულების უგულებელყოფოთ.

საგონებელში ჩავარდნილმა უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ მედიაში განაცხადა — თქვენ რომ აცხადებთ რუსეთი უკრაინაში შემოჭრას დღე-დღეზე განახორციელებს, ერთი დამადასტურებელი ფაქტი მაინც გვიჩვენეთო. რა ფაქტი, რის ფაქტი — შემოდის და უნდა დაიჯეროო — უმტკიცენენ მას ვაშინგტონიდან.

ზელენსკის შეშფოთება გასაგებია. დიპლომატების კიევიდან ევაკუაციას, მიჰყვა უკრაინელი ოლიგარქების ქვეყნიდან წასვლა, უკრაინელთა საზღვარგარეთ გახიზნვა. მათი ნაწილი იცით სად წავიდა? — აგრესორ რუსეთში — ადრე წასულ და იქ მცხოვრებ ნათესავებთან. აქვე გეტყვით, რომ 2014 წლიდან ე.ი. მაიდნის რევოლუციიდან დღემდე უკრაინა არა ერთმა მილიონმა ადამიანმა დატოვა; პოლონეთი, რუსეთი, ევროკავშირის ქვეყნები სავსეა უკრაინელი „გასტერბაიტერებით“.

საომარმა ისტერიამ რაც გამოიწვია, გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, ინვესტიციების მოზიდვის პრობლემების შექმნაა. ექსპერტთა აზრით, უკრაინამ ამ საომარ ისტერიაში სავარაუდოდ 14 მილიარდი დოლარი იზარალა.

ნებისმიერი გონიერი ადამიანი, შეშფოთებული გამუდმებული საომარი რიტორიკით, იკითხავს — რაშია საქმე? რით არის გამოწვეული დასავლეთის ისტერია და რას ემსახურება ის?

ისტერიის მიზანი მრავალია, რომელთა შორის გამოკვეთილია რუსეთის გაშავების მცდელობა მსოფლიო საზოგადოების თვალში. და მერე რას აძლევს ეს აშშ-ს, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებს? თავის მართლების შანსს.

„კოვიდ-19“-ის პანდემიამ მძიმე შედეგი იქონია მსოფლიოს ეკონომიკაზე, განსაკუთრებით აშშ-ს, ევროკავშირის წევრ ქვეყნებზე. აშშ-ი ინფლაციამ სარეკორდო ნიშნულს მიაღწია — 7,8%, კატასტროფულად გაიზარდა უმუშევრობა, ისე, როგორც სიღარიბის ზღვარს ქვევით მყოფ ადამიანთა რაოდენობა, სუპერმარკეტების დახლებზე შეინიშნება კვების პროდუქტების და სხვა საქონლის დეფიციტი.

გაუარესებული სოციალური ვითარება დიდ უკმაყოფილებას იწვევს ამერიკელებში. შედეგიც სახეზეა — პრეზიდენტ ბაიდენის პოპულარობა დღითიდღე ეცემა, რაც სერიოზულ გავლენას იქონიებს კონგრესის შემოდგომის არჩევნებზე.

ყველა ნეგატიურის ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, თუნდაც ის, რაც აშშ-ს ელექტრონულმა მედიამ წარმოგვიდგინა, სრულიად საკმარისია დღევანდელი ადმინისტრაციის საწინააღმდეგოდ ამერიკელთა ნეგატიური განწყობისთვის.

რთული საშიანო ვითარებიდან გამოსავალს აშშ-ს ადმინისტრაცია რუსეთის, ყურით მოთრეულ აგრესიაში ხედავს. რუსეთი უკრაინაში შეჭრას აპირებს — ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში და ჩვენი ვალია მხარი დავუჭიროთ მას, მივაწოდოთ იარაღი, რათა უკრაინა წინ აღუდგეს რუსულ აგრესიას.

აი, ამ რიტორიკით აბრუებს აშშ-ს ადმინისტრაცია ქვეყნის მოსახლეობას. პარალელურად მოკავშირეებს აძალებს ასე მოიქცნენ და ისინიც, როგორც თვინიერი ფინიები ასრულებენ ვაშინგტონის დავალებას.

ისინიც, ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვირიან რუსულ აგრესიაზე. უბრძანებენ რუსეთს ჯარების უკრაინის საზღვრების სიახლოვისგან მოშორებას და სხვაგან გადაყვანას. თავხედობაც ამას ჰქვია — მოუწოდო რუსეთს თავისი საკუთარი ტერიტორიიდან გაიყვანოს ჯარები. იქნებ ახალი დისლოცირების ადგილიც უკარნახონ?

და ეს ხდება მაშინ, როდესაც მინსკის ხელშეკრულების დარღვევით უკრაინის 100000-იანი არმია დონეცკ-ლუგანსკის სიახლოვესაა — უცხოელი სამხედრო სპეციალისტებით გაჯერებული.

ამერიკული CNN, დასავლური ელექტრონული მედიის წყალობით მსოფლიომ იხილა ამერიკელი, პოლონელი, ბრიტანელი, ნატოს სხვა წევრი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები უკრაინის არმიის მიერ გათხრილ სანგრებში, ინტერვიუების ჩამორთმევის დროს.

ეს ხდება მაშინ, როდესაც აშშ-ი ათასობით ჯარისკაცს გადასხამს ნატოს წევრ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, რუსეთის საზღვრების სიახლოვეს.

ეს ხდება მაშინ, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი ბაიდენი — ხშირი ბრიფინგების დროს ემუქრება რუსეთს, აგრესიის შემთხვევაში უმკაცრესი პასუხის გაცემით.

ეს ხდება მაშინ, როდესაც რუსეთი არადა არ ახორციელებს სამხედრო აგრესიას, ესოდენ სანატრელს აშშ-თვის, კოლექტიური დასავლეთისთვის.

სურს თუ არა დასავლეთს ომი უკრაინაში? — სურს, რათა საკუთარი ეკონომიკური ჩავარდნები აგრესიას, ომს გადააბრალოს, რითაც მოსახლეობის უკმაყოფილება ომით გადაფაროს.

კოლექტიურ დასავლეთს ნაკლებად ანაღვლებს უკრაინელთა ხოცვა — ორივე სლავია და რაც უფრო ნაკლებნი იქნებიან, მით უკეთესი „ცივილიზებული“ ევროპა-ამერიკისთვის.

მშვიდობის „მომხრე“ დასავლეთი თუ მართლაც მშვიდობისა და უსაფრთხოების მომხრეა, იარაღის ნაცვლად უკრაინას მკაცრად დაარიგებდა ჭკუას და მოუწოდებდა მინსკის ხელშეკრულების შესრულებას.

აქ კი რა ხდება? ყოველივე საწინააღმდეგო! უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რათა მან რუსეთთან იომოს.

ზოგიერთი ე.წ. ქართველი ექსპერტის აზრით, რომლითაც სისტემატურად კვებავენ საქმეში ჩაუხედავ საქართველოს მოსახლეობას, მინსკის ხელშეკრულება უპირველესად რუსეთმა უნდა შეასრულოს. თურმე ის არღვევს ამ ხელშეკრულებას და არ გაჰყავს ჯარი, სამხედრო სპეციალისტები დონეცკ-ლუგანსკიდან.

არც ეუთოს დამკვირვებლებს და არც ერთ სერიოზულ ექსპერტს არ დაუფიქსირებია რუსეთის ჯარის იქ ყოფნა, არც სამხედრო სპეციალისტების. როგორც ზემოთ აღვნიშნე დასავლური მედიის მიხედვით, ნატოელი სამხედრო სპეციალისტების ჭარბი რაოდენობა სწორედ უკრაინის ჯარში ფიქსირდება და არა პირიქით.

მოსკოვში ვიზიტით მყოფ გერმანიის კანცლერ შოლცს სიტყვაც არ დაუძრავს რუსი ჯარისკაცების დონბასში ყოფნის თაობაზე. რაც მან თქვა იყო ის, რომ გერმანია-საფრანგეთთან ერთად რუსეთმა, დონეცკ-ლუგანსკზე ზეწოლით, გადადგას ქმედითი ნაბიჯები მინსკის ხელშეკრულების სარეალიზაციოდ, რაზეც მას კონკრეტულად და ნათლად უპასუხა პუტინმა, რომ პასუხისმგებლობა უპირველესად ეკისრება კიევს, რომელსაც 8 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებია ამ ხელშეკრულების სარეალიზაციოდ.

სტატიის დასაწყისში მიუნხენის კონფერენცია ვახსენე და მასთან ერთად ამ კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი. მიუნხენის კონფერენცია ურუსეთოდ მიმდინარეობს. მეტოქის გარეშე დარჩენილი კოლექტიური დასავლეთი, მისთვის ჩვეული სიყალბით ადანაშაულებს რუსეთს და მოუწოდებს უსაფრთხოების პოლიტიკისკენ.

ჩემის აზრით, ურიგო არ იქნებოდა, რომ მას — „კოლექტიურ დასავლეთს“ ყურადღება მიექცია იშინგერის განცხადებისთვის, რომელიც მან სულ ახლახანს გააკეთა. „შეცდომა იყო, როდესაც უკრაინასა და საქართველოს 2008 წელს შესთავაზეს ნატოს წევრობა. ყველას კარგად ესმოდა, რომ ამ ქვეყნების ნატოში გაწევრება რუსეთის მიერ აღიქმებოდა ყველა საზღვრის დარღვევად“.

მან აღნიშნა, რომ საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტი სარკოზი და გერმანიის კანცლერი მერკელი კატეგორიული წინააღმდეგნი იყვნენ ასეთი გადაწყვეტილების და ყველა ღონე იხმარეს, რომ გაწევრების კონკრეტული ვადა არ დაფიქსირებულიყო.

„დიპლომატიის ხელოვნება იმაშია, რომ აკეთო ერთდროულად ორი რამ, რომლებიც ერთმანეთს არ შეეწინააღმდეგებიან. ჩვენ, ცხადია ვიზიარებთ თავისუფალი არჩევნის პრინციპს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დავარწმუნოთ რუსეთი, რომ უკრაინა და საქართველო არ იქნებიან მიღებული ნატოში. ამ ქვეყნებში არ განლაგდება ბირთვული იარაღი და სამხედრო კონტინგენტი“.

მოაწყობს თუ არა რუსეთს იშინგერის წინადადება, ვერ გეტყვით, ვინაიდან კრემლი კატეგორიულად მოითხოვს საკუთარი წინადადებების შესრულებას. ის უკან დახევას არ აპირებს, რაც დაფიქსირდა რუსეთის პასუხში, რომელიც გუშინ გააკეთა კრემლმა. რუსეთის გადაწყვეტილება ასეთია — ვინაიდან აშშ-ნატო არ აპირებენ რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხების განხილვას, რუსეთს აღარაფერი რჩება, გარდა სამხედრო გადაწყვეტილებისა. მისი აზრით, ვიდრე რუსულ ბირთვულ იარაღს არ იხილავს აშშ თავის ტერიტორიის სიახლოვეს, ის არ გამოფხიზლდება.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

18/02/2022