ტურბულენტური მსოფლიო

მიმდინარე წლის თებერვალი სერიოზულ განაცხადს აკეთებს გახდეს მსოფლიოს პოლიტიკური ვექტორის განმსაზღვრელი — სხვაგვარი მსოფლიოს, ჩვენთვის ცნობილის ნაცვლად, ახალი მსოფლიოს მომასწავებელის.

ცვლილების მრავალი მაგალითი დევს წინ. მათ უკვე შევეჩვიეთ, რის გამოც ჯეროვან ყურადღებას არ ვაქცევთ, თუმცა ამით ცვლილებების არსებობას, მათ დინამიკას არაფერი ემუქრება და ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან ერთად — პარალელურად, მტკიცედ მიედინება, როგორც ვულკანიდან ამოფრქვეული ლავა, შეუფერხებლად რომ შთანთქავს დიდ თუ პატარა ბარიერს.

ავიაციაში ხშირად ხმარობენ სიტყვას „ტურბულენტურს“ არათანაბარი, ნაკლებად მშვიდი ფრენის დასახასიათებლად. „ტურბულენტური“ ზედგამოჭრილი სიტყვაა თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკისთვის — დასავლეთის მიერ შემუშავებულის და ყოველდღიურ ცხოვრებაში სამოქვედოდ ჩაშვებულისთვის.

კოლექტიური დასავლეთის მეცადინეობით გამოგონილი გლობალიზაცია — ერთი „გმირის“, ერთი მბრძანებლის დიქტატს დაქვემდებარებული, სამარადისო ჰეგემონიზმის იდეით გაჟღენთილი, ნარცისული პოლიტიკით დაავადებული, ნაკლებად გრძნობს „გმირის“ კეფაში ძლიერი კონკურენტების სუნთქვას, ხელოვნური გზებით ცდილობს გზა გადაუკეტოს მათ რბოლას და თუ სამუდამოდ ვერ მოახერხებს ამ ორი მეტოქის შეჩერებას, დროებით მაინც შეუქმნას პრობლემები.

კოლექტიური დასავლეთის მიერ მტრად შერაცხული ორი მეტოქე კარგა ხანია ცნობილია. რუსეთ-ჩინეთი ის ქვეყნებია, რომლებიც კოლექტიური დასავლეთის „ბელადის“, აშშ-ს სახელმწიფო დოკუმენტებში მტრებად არიან მოხსენიებულნი — არა მეტოქეებად, არა კონკურენტებად, არამედ არც მეტი, არც ნაკლები მტრებად, რაც აშკარა მანიშნებელია კოლექტიური დასავლეთის მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან ავადმყოფური დამოკიდებულების.

კოლექტიური დასავლეთი — საკუთარ თავში უსაზღვროდ შეყვარებული, სისტემატურად ახვევს თავს მსოფლიოს ხალხებს მის მიერ შეთხზულ დემოკრატიას, ადამიანის უფლებების დაცვის დასავლური გაგების, სუვერენიტეტის ლოზუნგებს და ისინიც ვითარცა შამანის მიერ მონუსხულნი, ლოცვას, ხოტბას და დიდებას აღავლენენ კოლექტიური დასავლეთის უკონკურენტო მბრძანებლის მიმართ.

„ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ, 30 წელია ცხოვრობს მსოფლიო მოჩვენებით იდილიაში, ყველასთვის ვითომ იოლად ხელმისაწვდომ დემოკრატიაში, თავისუფლებასა და სიამტკიბილობაში.

შიგადაშიგ, პოზიციების განსამტკიცებლად, ურჩი სახელმწიფოების ჭკუის სასწავლებლად, აღსაზრდელად თავყრილობებს, კონფერენციებს, სხვადასხვა სახის შეხვედრებს იშველიებენ, რომელთა დროს ხაზგასმით ღაღადებენ აკვიატებული დასავლური დემოკრატიის პრიორიტეტულობაზე, ცივილიზებულობაზე.

მსგავსი თავშეყრის ერთ-ერთ ადგილად გერმანიის ქალაქი მიუნხენიც მიიჩნევა, სადაც ყოველწლიურად, თებერვალს იმართება საერთაშორისო კონფერენცია უსაფრთხოების სახელით. წელსაც, ისე, როგორც წინა წლებში, ტრადიცია არ დარღვეულა, თუ არ ჩავთვლით „კოვიდ-19“-ს პანდემიით გამოწვეულ 2-წლიან ინტერვალს.

18-20 თებერვალს გაიმართა რიგით 58-ე კონფერენცია, რომელსაც რუსმა პოლიტოლოგმა ვლადიმირ როგოვმა „მიუნხენის შეთქმულობა“ უწოდა — ისტორიისთვის ამ სახელწოდებით ცნობილი კონფერენციის მსგავსად.

შეგახსენებთ, იმ კონფერენციას თუ შეთქმულებას 1938 წლის 30 სექტემბერს ჰქონდა ადგილი, როდესაც ორმა ფაშისტურმა ქვეყანამ, გერმანიამ და იტალიამ, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან ერთად ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, შემუშავდა ომის წარმოების სამომავლო გეგმა — რა უნდა გაკეთებულიყო, საით უნდა მიმართულიყო გერმანია.

პოლიტოლოგის დაკვირვებით, 18-20 თებერვალს გამართულ კონფერენციას შეიძლება ეწოდოს „მიუნხენის შეთქმულება“, რომლის მიზანი ისეთივეა, როგორიც 1938 წლის — ომის გაჩაღება. „ამ კონფერენციაზე ზელენსკიმ გააკეთა განცხადება უკრაინის ბუდაპეშტის 1994 წლის მემორანდუმიდან გასვლის თაობაზე. ზელენსკი ამას არა მარტო თავის მხრივ ამბობდა, არამედ დასავლეთთან შეთანხმებით, რომლის მიზანია უკრაინულ სივრცეში დაპირისპირების და კონფლიქტის გაჩაღების გრადუსის აწევა. შეთქმულებს შევახსენებ, რომ მიუნხენი უცილობლივ ნიურნბერგით თავდება და შემსრულებლებს ისეთივე განაჩენი ელოდებათ, როგორც 1938 წლის „მიუნხენის შეთქმულებას“.

მიუნხენის კონფერენცია 1962 წელს დაარსდა გერმანელი პუბლიცისტის ევალდ ფონ კლეისტის მიერ, როგორც ნატოს წევრი თავდაცვის ორგანოების წარმომადგენლების სხდომა. 1999 წლის შემდეგ მასში მონაწილეობას ღებულობენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების პოლიტიკოსები, სამხედრო მოსამსახურეები, ექსპერტები, ბიზნესმენები.

ფორუმის ჩარჩოებში ადგილი აქვს არაფორმალურ შეხვედრებს, რომელთა დროს განიხილავენ ახალ ინიციატივებს — უსაფრთხოების საკითხებში. თავისი მოწოდებით — მიუნხენის კონფერენცია არის არაფორმალური უმნიშვნელოვანესი მსოფლიო ფორუმი, რომელიც განიხილავს აქტუალურ პოლიტიკურ პრობლემებს, საერთაშორისო ურთიერთობებში ძალთა ბალანსს, საერთაშორისო სამართლის სისტემის განმტკიცების და დემოკრატიის საკითხებს. თუმცა ყოველივე აღნიშნული მხოლოდ კეთილ სურვილებად რჩება და არა ისეთ პლატფორმად, რომელიც გულდასმით ისმენს ანტიდასავლურ მოსაზრებებს — ობიექტურობით გამოწვეულს და ნაკლები ანტაგონიზმით ცდილობს მის ჩახშობას.

მიუნხენი იქცა კოლექტიური დასავლეთის „საჭუკჭუკო“ ადგილად, სადაც ერთმანეთს უზიარებენ თავიანთ მოსაზრებებს, ყოველგვარი ობიექტურობიდან დაცლილს, სასიამოვნოდ მოსასმენს, მაგრამ უნაყოფოს.

მიუნხენი რახანია გადაიქცა რუსეთის, ჩინეთის, ზოგიერთი სხვა ურჩი ქვეყნის მკაცრი კრიტიკის არენად, თანაც ისეთად, სადაც მოსკოვის სიტყვას არვინ აქცევს ყურადღებას.

კონფერენცია  ისმენს, მაგრამ არ უსმენს. მას თავისი მოსაზრება აქვს, რომლის შეცვლის არავითარი სურვილი არ გააჩნია. კრემლის აზრით, მიუნხენი გადაიქცა ყრუსა და მუნჯის დიალოგად, რამაც მას გადააწყვეტინა ა.წ. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის არ მიღება.

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი თვლის, რომ რუსეთს სჭირდება უსაფრთხოების იურიდიული გარანტიები, ვინაიდან დასავლეთი არ ასრულებს სიტყვიერ დაპირებებს და ვალდებულებებს.

მოსკოვი მოითხოვს ბეჭედდასმულ დოკუმენტს, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდება და თავის რიგებში არ მიიღებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს — ანუ ყოველივე იმის შესრულებას, რასაც საბჭოთა კავშირს დაპირდნენ და არ შეასრულეს.

ნაცვლად ამისა, ძველი პოლიტიკოსების მემკვიდრეები გამუდმებით გაიძახიან, რომ არავითარ დაპირებას ადგილი არ ჰქონია და თუ ასეთს ადგილი ჰქონდა, გვიჩვენეთ დოკუმენტიო. რუსეთის სამწუხაროდ, ბეჭედდასმული დოკუმენტი მართლაც არ არის, მაგრამ არის საოქმო ჩანაწერები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ დაპირებას — ნატოს აღმოსავლეთით არგაფართოებასთან დაკავშირებით მართლაც ჰქონდა ადგილი.

აი, ისიც. გერმანულმა გამომცემლობა Der Spigel გამოაქვეყნა ცნობა ასეთი შინაარსის: „მოძიებულ იქნა საარქივო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს კრემლის ვერსიას, რომ გერმანიის გაერთიანების დროს მოსკოვს შეპირდნენ ნატოს აღმოსავლეთით არ გაფართოებას“.

დოკუმენტი აღმოაჩინა პოლიტოლოგმა, ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯოშუა  შიფრინსონმა (Joshua Shifrinson) ბრიტანეთის ეროვნულ არქივში.

საქმე ეხება აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის საგარეო უწყებების პოლიტიკური დირექტორების შეხვედრის პროტოკოლს, რომელიც გაიმართა ქ.ბონში 1991 წლის 6 მარტს და რომელზეც ლაპარაკი იყო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოების საკითხებზე. ვარშავის ხელშეკრულება სულს ღაფავდა და სოცბანაკის პოლიტიკოსები სიგნალს აძლევდნენ დასავლეთს ნატოში გაწევრებაზე, მაგრამ ბრიტანელები, ამერიკელები, გერმანელები და ფრანგები შეთანხმდნენ, რომ აღმოსავლეთ ევროპელი ნომინანტების ნატოში გაწევრება მიუღებელია.

შეხვედრის მონაწილეთა პოზიციას ასეთ არგუმენტაციას აძლევდა იურგენ ხრობოგი — გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტდირექტორი: „ჩვენ ვთქვით, რომ „2+4“ მოლაპარაკების ფორმატში (გერმანიის გაერთიანების მოლაპარაკება; გფრ და გდრ, სსრკ-ს, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის მონაწილეობით) არ ვაფართოებთ ნატოს მდინარე ოდერის საზღვრის მიღმა, ამდენად არ შეგვიძლია შევთავაზოთ პოლონეთს და სხვებს ნატოს წევრობა“.

იურგენ ხრობოგის სიტყვებით, ეს მოსაზრება შეთანხმებულია ფედერალურ კანცლერ კოლთან და საგარეო საქმეთა მინისტრ გენშერთან.

აშშ-ს წარმომადგენელმა რაიმონდ ზაიცმა განაცხადა: „ჩვენ გავაგებინეთ საბჭოთა კავშირს — მოლაპარაკება „2+4“-ზე და სხვა ფორმატის მოლაპარაკებებზე, რომ არ ვაპირებთ სარგებლის მიღებას საბჭოთა ჯარის აღმოსავლეთ გერმანიიდან გაყვანაში … ნატო არ უნდა გაფართოვდეს აღმოსავლეთით არც ფორმალურად და არც არაოფიციალურად“.

და როდესაც ზემომოყვანილი მაგალითები კიდევ ერთხელ გააჟღერა კრემლმა, ნატოს გენერალურმა მდივანმა სტოლტენბერგმა თქვა: „ასეთი დაპირება არასდროს ყოფილა, კულისებში ასეთ გარიგებას ადგილი არ ჰქონია, ეს არ შეეფერება სინამდვილეს“.

სტოლტენბერგი სიყალბეს უწოდებს საიდუმლო დოკუმენტებს, რომლებსაც საიდუმლოების ვადა დაუმთავრდა და აშშ-ს კანონმდებლობის მიხედვით, ფართო საზოგადოებას შანსი მიეცა გაცნობოდა მათ.

პროტოკოლში დაფიქსირებულია კოლის, გენშერის, ბეიკერის, სხვების სიტყვები ნატოს აღმოსავლეთით არ გაფართოებასთან დაკავშირებით — „ნატო ერთი დიუმითაც არ გადადგამს ნაბიჯს აღმოსავლეთის მიმართულებით“. ეს, მათი ფიცია, რომელიც დღევანდელთა მიერ არის უგულებელყოფილი, ისე, როგორც ნატოს მაშინდელი გენერალური მდივნის ვერნერის 1990 წლის 17 მაისს ბრიუსელში ნათქვამი: „ფაქტი იმისა, რომ ჩვენ მზად ვართ არ განვალაგოთ ნატოს ჯარი გფრ-ს ტერიტორიის გარეთ, აძლევს საბჭოთა კავშირს უსაფრთხოების მტკიცე გარანტიას“.

კოლექტიურ დასავლეთს ძველის გახსენება არ სურს. მისი მიზანი — მსოფლიო ბატონობა, ძალაშია — ერთი ბატონის, ერთი ჰეგემონის განკარგულებაში არსებული მსოფლიო. გლობალიზაცია, აშშ-ი სხვაგვარადაა აღქმული. მას ამერიკანიზაცია ჰქვია — ერთპოლუსიანი მსოფლიო ბატონობა. და როდესაც ამგვარ ამერიკულ ფილოსოფიასთან გვაქვს საქმე, გასაკვირი არ არის რუსეთ-ჩინეთის მტრებად გამოცხადება — მრავალპოლუსიანობის მომხრე ამ ორი მეტოქე ქვეყნისთვის მტრის სახელის მინიჭება.

მტრებისთვის კი სხვა პოლიტიკაა საჭირო — სამხედრო-პოლიტიკური, მტრის პოზიციებისკენ სვლა, მტრის სტრატეგიული ობიექტების, რაკეტების სამიზნე არეალში მოქცევა, რუსეთის დაჩოქება — ომის გაჩაღების გარეშე. ძნელია გაიზიარო რუსეთის ხელისუფალთა შეშფოთება, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებასთან მიმართებაში, რუსეთის ტყავში გახვევის გარეშე.

ძნელია აწარმოო აღმშენებლობა ქვეყანაში კარზე მომდგარი საფრთხის ფონზე. ძნელია შექმნა ახალი საწარმოები, ქარხნები, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, კარზე მომდგარი საფრთხის ფონზე, მითუმეტეს, როდესაც ეს საფრთხე არათუ მცირდება ან ერთ ადგილზე იყინება, არამედ დღითიდღე ფართოვდება ახალი, დაპყრობილი ტერიტორიიების სახით — დასავლეთის მიერ დაპყრობილი.

ასეთები, პოსტსაბჭოთა სივრცეში არის — დასავლეთის მიერ დემოკრატიულად და სუვერენულად გამოცხადებულში. მათი დემოკრატიულობა და სუვერენულობა, ქაღალდის ფურცელს რომ არ სცდება. მათი ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათსავე ქვეყნებში არსებულ აშშ-ს საეჩოს რომ უთანმხდება. შეთანხმების გარეშე რომ ვერც ერთი „სუვერენული“, საკუთარი ქვეყნის უბრალო საკითხსაც ვერ წყვეტს.

რა მოუტანა ამ ქვეყნებს ვერბალურმა, ფორმალურმა დამოუკიდებლობამ? საკუთარი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გეგმების მიმართ ინდიფერენტული, ზერელე განწყობა. ხელისუფალთა გაზარმაცება, მათი მონური მორჩილება თანამდებობების შესანარჩუნებლად. არა საქმე, არა სამშობლო, მხოლოდ თანამდებობა. მისი მოპოვების, ხოლო შემდეგ შენარჩუნების მიზნით კოლექტიური დასავლეთის ნებისმიერი, თუნდაც შეურაცხმყოფელი დავალების შესრულება.

სამწუხაროდ, ამ ქვეყნების რიცხვში საქართველოც არის — ქვეყანა, რომელიც 30-წლიანი დასავლური პროპაგანდის წყალობით, ისე გადაგვარდა, რუსეთს აუგად მოიხსენიებს, უშვერი სიტყვებით ლანძღავს — უმადურობის ბაცილით დაავადებული.

ქართლ-კახეთმა — შემოსევებით ღონმიხდილმა, მომავლის უიმედობით შეპყრობილმა, ფიზიკური განადგურების წინაშე მდგომმა ,მიმართა რუსეთს გადარჩენისთვის და არა რუსეთმა საქართველოს — მოვდივარ და კარი გამიღეო. ერეკლეს სიბრძნემ იხსნა ქვეყანა განადგურებისგან. გიორგიევსკში დადებულმა ტრაქტატმა მკვეთრად შეცვალა ქვეყნის ბედი უკეთესობისკენ.

სიკეთეების ჩამოთვლას, რაც რუსეთმა საქართველოს გაუკეთა, ტომები არ ეყოფა, მაგრამ უმადურობის ბაცილით დაავადებული ქართველი, ორი ქვეყნის ურთიერთობიდან მხოლოდ ნეგატივს (მისი გაგებით) იღებს და ამ ნეგატივშიც საკუთარ ქვეყანას დადებითად მიიჩნევს. არადა, მათი სიღრმისეული შესწავლისას, ხედავ სუბიექტურობას, მოვლენების არაობიექტურ შეფასებას.

როდესაც საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე ვსაუბრობთ, ურიგო არ იქნებოდა დიდი ილიას შემოქმედების გათვალისწინება და რაც მთავარია სიღრმისეული გაანალიზება, მაგრამ კითხვას, მითუმეტეს წაკითხულის გაგებას გადაჩვეული ერი ვერადავერ აღიქვამს წმინდა ილიას ნაწერს, მის სიბრძნეს — უცოდინრობის გამო, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ღრმად გაიდგა ფესვი  საქართველოში — აშშ-ს და კოლექტიური დასავლეთის დამონებულ ქვეყანაში.

ქართველი ხალხი ვერ ხვდება რა „ბედნიერება“ მოუტანა მას ევროატლანტიკურმა სივრცემ; ვერ ხვდება რას დაამსგავსა კოლექტიურმა  დასავლეთმა 30 წლის წინათ არსებული წარმატებული ქვეყანა. დღევანდელი საქართველო, ტურიზმისა და დროსტარების სტატუსმინიჭებული, უდავოდ წააგავს კუბის რევოლუციამდელ ქვეყანას — ამერიკელთა მიერ ბორდელად და დროსტარების ადგილად გადაქცეულს. ოფიციანტობა, ტურისტების მომსახურება გვარგუნა „დიდმა“ ამერიკამ — მომსახურება კომპლექსური, რომელიც პროსტიტუციასაც შეიცავს.

დიდმა ამერიკამ სხვა სტატუსი მიანიჭა უკრაინას — ანტირუსული, ფაშისტური ქვეყნის სტატუსი. 2014 წლიდან დაწყებული, უკრაინა თავით გადაეშვა ამერიკული ანტირუსული გეგმების მორევში და ისე შეტოპა, თავს უფლება მისცა განეცხადებინა ბირთვული ქვეყნის სტატუსის დაბრუნებაზე.

მიუნხენის კონფერენციაზე ზელენსკიმ, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მსოფლიო უსაფრთხოების სისტემამ ვერ დაიცვა უკრაინა და საყვედური გამოთქვა 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმზე ხელმომწერი რუსეთის, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის მიმართ. ზელენსკის მიხედვით, ეს მემორანდუმი ავალდებულებს ხელმომწერ ქვეყნებს დაიცვან უკრაინის უსაფრთხოება, რომელსაც რუსეთი ემუქრება. ზელენსკის გამორჩა, რომ მემორანდუმი, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არ არის სავალდებულო.

ძნელია თქმა იმისა, რომ ზელენსკის სიტყვამ დააჩქარა რუსეთის გადაწყვეტილება უკრაინაში შესაჭრელად, მაგრამ ნებისმიერი ქვეყანა, მითუმეტეს ბირთვული და ძლიერი, გადადგამდა ნაბიჯს, რათა არ დაეშვა ბირთვული იარაღის გამოჩენა საკუთარ ქვეყნის მეზობლად.

რუსეთმა გადადგა ნაბიჯი, რომელიც „ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ უპრეცედენტოა, რითაც არა მარტო „ცივი ომი“ დააბრუნა — მის მიმართ ეკონომიკური სანქციების დაწესების თვალსაზრისით, არამედ „ცხელი ომიც“ უკრაინაში, რომელიც ორი სუპერ-სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკურ-ეკონომიკური დაპირისპირების არენად იქცა.

მსოფლიო სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას — რუსეთის მიერ გადადგმული კარდინალური ნაბიჯის შემდეგ. მისი მიზანი საკუთარი უსაფრთხოების შექმნაა კოლექტიური დასავლეთის მიერ უგულებელყოფილი. კოლექტიურმა დასავლეთმა რუსეთს სხვა გზა არ დაუტოვა, გარდა სამხედრო გზისა.

გაიმარჯვებს ამ ბრძოლაში რუსეთი? შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გაიმარჯვებს! რა მოჰყვეპა ამ გამარჯვებას? მსოფლიო ჰეგემონის საბოლოო მარცხი, ჰეგემონიზმის ტახტიდან ჩამობრძანება. აშშ-ს დღევანდელი ადმინისტრაციის განადგურება. კონგრესის არჩევნებში დემოკრატიული პარტიის დამარცხება. პრეზიდენტ ბაიდენის რეიტინგის მკვეთრი დაცემა.

ავღანეთის მოვლენებმა შეარყია ბაიდენის ავტორიტეტი. უკრაინის მოვლენები მის პოლიტიკოსობას ისეთ წყალს შეუყენებს, რომლიდანაც ის მშრალი ვერ ამოვა.

კრემლის გადაწყვეტილება ეომოს კოლექტიურ დასავლეთს, ერთპოლუსიანობის კუბოზე ბოლო ლურსმნის ჩაჭედებას ჰგავს, რომელიც ახალი მსოფლიოს დაბადების საწინდარია — მრავალპოლუსიანის, გაწონასწორებული მსოფლიოს, რომელსაც უკრაინის სახელი დაერქმევა. უკრაინა უდავოდ შევა მსოფლიო ისტორიაში, როგორც ტერიტორია, რომელზეც 8 წლის განმავლობაში უპირისპირდებოდა ერთმანეთს 2 სუპერ-სახელმწიფო — აშშ და რუსეთი.

უკრაინა, ამერიკელთა ხელში საბრძოლო იარაღად ქცეული, ეწირება ორთა დაპირისპირებას. რა გაეწყობა, საომარ არენად ქვეყნის გადაქცევას, მითუმეტეს საკუთარის, დიდი შრომა სჭირდება — უვიცობაზე, უცოდინრობასა და უაზრო ამბიციებზე დაყრდნობილი შრომა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

26/02/2022