23.12.2024

არჩევანის წინაშე მყოფი უკრაინა

რახანია მსოფლიოს ელექტრონული საინფორმაციო საშუალებები ნომერ პირველ ახალ ამბავად ტაილანდსა და უკრაინაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს გვთავაზობენ. ორივეგან დაძაბულობა ხან კულმინაციას აღწევს, ხან წყნარდება, ხელისუფალთა დასამშვიდებლად.

ტაილანდის ანტისახელისუფლებო გამოსვლები მომიტინგეთა სრული წარმატებით დასრულდებოდა, რომ არა ტაილანდის მეფის დაბადების დღე, რომელმაც თავად გამოიწვია მეამბოხეთა დროებით გაყუჩება. ხელისუფლებამ, მეამბოხეებმა, მთელმა ტაილანდმა დიდის პატივისცემით აღნიშნეს მეფის დაბადების დღე და წესრიგით შეეგებნენ დღესასწაულს. ბანგკოკის ცენტრიდან გაქრა პოლიციელთა მიერ აღმართული, მეამბოხეთა შტურმის საწინააღმდეგო ბარიერები, მაგრამ დასრულდა დღესასწაული და მომიტინგეებმა გააგრძელეს მიტინგები. ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა ბოლოსდაბოლოს დააკმაყოფილა მომიტინგეთა მოთხოვნა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების თარიღი დაასახელა.

მსოფლიოს დასავლეთში, უკრაინაში, მიტინგები გრძელდება, ტაილანდთან შედარებით, მომიტინგეთათვის ერთობ არაკომფორტულ ვითარებაში – ყინვასა და თოვლში, ტაილანდის თბილი კლიმატური პირობების შემთხვევაში, უკრაინაში მომიტინგეთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა.

ცუდმა ამინდმა გარკვეული დახმარება გაუწია უკრაინის ხელისუფლებას, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. მომიტინგეები ფეხს არ იცვლიან კიევის ცენტრიდან და არათუ იცვლიან, პოლიციის მიერ გაწმენდილ ბარიკადებს, მეორე დღესვე, დიდის გულმოდგინებით აღმართავენ. ბარიკადების დაშლა-აღდგენის პროცესი ისეთ სახეს იღებს, სიცილს თუ არა, ღიმილს უდავოდ იწვევს – მარტივი კითხვით – სადამდე?

ტაილანდისა და უკრაინის მიტინგებს თავისი გმირებიც ჰყავს. მათი სახელები უკვე გაიცნო მსოფლიომ. თუ ტაილანდში „გმირთა“ პერსონები ნაკლებად გამოხატულია – იქ ხალხია პირველ პლანზე, უკრაინაში – კლიჩკო, იაცენიუკი, ტიაგნიბოკა არათუ პირველ პლანზე, ლამის ზენიტში არიან და მათთან ერთად მთელი ევროპა-ამერიკა.

თუ ტაილანდის ხელისუფლების მიმართ დასავლეთს არაფერი უთქვამს ჭკუის დარიგების მსგავსი ან მკაცრი გაფრთხილების, უკრაინასთან მიმართებაში ამას ვერ ვიტყვით. აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ორი სატელეფონო საუბარი უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან, რად ღირს. ან სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება – სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩოებში არ ჯდება მიტინგების ძალისმიერი დაშლაო.

უკრაინის ხელისუფლებაზე ისეთი ზეწოლაა აშშ-ევროკავშირის მხრიდან, კაცი რომ ვერ წარმოიდგენდა. უკრაინის მოვლენებმა გააშიშვლეს სრულიად დასავლეთის „დემოკრატიული“ სახე. ვინ არ ჩავიდა კიევში, ვინ არ მოეფერა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, უკრაინელ პროტესტანტებს, ვინ არ დატუქსა იანუკოვიჩი და მისი ხელისუფლება შემდეგი სიტყვებით – „ხელი მოაწერე ასოცირებული წევრობის ხელშეკრულებას, თორემ ამ მომიტინგეებს შევაჭმევინებთ თქვენს თავსო“.

 დასავლეთმა იანუკოვიჩს აუკრძალა მომიტინგეებისკენ გახედვაც კი. მას ერთი გზა დაუტოვა – ბრიუსელისკენ. როდესაც აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი, უკრაინაში აშშ-ს ელჩთან ერთად „პონჩიკებს“ ურიგებს მეამბოხეებს, როდესაც ევროკავშირელი ქეთრინ ეშტონი უკრაინის სამართალდამცველთა მიერ სტუდენტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას კატასტროფად მიიჩნევს – ყველაფერი ნათელია. დასავლეთს სურს ასოცირებით უკრაინის რუსეთისგან ჩამოშორება. თუ უკრაინა არ გააკეთებს ამას – მიიღებს რევოლუციას.

ნეტავ სად იყო „დემოკრატიული“ დასავლეთი მაშინ, სააკაშვილი რომ უმოწყალოდ უსწორდებოდა მომიტინგეებს?!

უკრაინის ხელისუფლება ორ ცეცხლსშუაა – საკუთარი მოსახლეობის სავარაუდო სოციალური ბუნტისა და ბრიუსელის. მოსკოვი აქ არაფერ შუაშია. ცხადია, ის ისურვებდა, რომ შუაში კი არა თავში ყოფილიყო, მაგრამ „თავში“ ყოფნისთვის მას თავის დროზე უნდა ეფიქრა. მისდა სამწუხაროდ, მან ეს ვერ ან არ გააკეთა – სხვა საქმეებით იყო გართული – დაიმედებული იმით, რომ უკრაინა არსად წავიდოდა.

ასოცირებული წევრობა ნიშნავს უკრაინის რუსეთის ორბიტიდან ჩამოშორებას. სწორედ ამიტომ ირჯება დასავლეთი. ვერ გააფართოვა მან ნატო აღმოსავლეთით, მაგრამ 2009 წელს დაიწყო ეკონომიკური ექსპანსია. პროექტს „აღმოსავლეთის პარტნიორობა“ დაარქვა და მიმართა უკრაინის, ბელორუსის, მოლდოვის, კავკასიის ქვეყნებისკენ.

იქიდან მოყოლებული, დასავლეთს მცდელობა არ შეუნელებია აღნიშნული ქვეყნების გადაბირებისთვის. ჩატარდა 2 სამიტი, თუმცა ნაკლები აჟიოტაჟით და წარმატებით, მაგრამ მას შემდეგ, რაც ლიტვა გახდა ევროკავშირის დროებითი თავმჯდომარე, ამ ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ვილნიუსის სამიტის წარმატებით დასრულება, ანუ უკრაინის ჩათრევა.

მანამდე კი იყო ბრიუსელ-კიევის აქტიური და შეხმატკბილებული თანამშრომლობა, პარაფირებული ტექსტის შეჯერება, ანუ უკრაინის კანონმდებლობის ევროპულთან ჰარმონიზება. ერთადერთი საკითხი, მძიმედ გადასაწყვეტი, ყოფილი პრემიერის ტიმოშენკოს პატიმრობიდან განთავისუფლება იყო.

როგორც ჩანს, ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაწეული შრომის „ნაყოფი“ დროულად არ იყო მიწოდებული უკრაინის ხელმძღვანელობისთვის, რომელმაც ვილნიუსამდე, ერთი კვირით ადრე, უარი განაცხადა ხელმოწერაზე. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა ასე განმარტა: „უკრაინის ბაზარზე ერთმანეთის კონკურენტებად 2 საწარმოა – ევროპული და უკრაინული, ვინ იყიდის უკრაინული საწარმოს მიერ დამზადებულ პროდუქციას? სწორედ ამიტომ საჭიროა ხელმოწერის გადადება – მანამ, ვიდრე უკრაინაში არ შეიქმნება მაღალტექნოლოგიური საწარმოები, რომელთა პროდუქცია გაუძლებს ევროპულის კონკურენციას. ამისათვის 10 წელი იქნება საჭირო“.

მან ისიც აღნიშნა, რომ ევროპასთან ასოცირება უკრაინას ძვირი დაუჯდება – 100-160 მილიარდი ევრო, თითქმის იმდენი, რამდენიც უკრაინის საერთო ეროვნული პროდუქტია – 176 მილიარდი დოლარი. საიდან მოიტანს ამ თანხას უკრაინა?

თვით უკრაინის ეკონომიკა გასული წლიდან რეცესიაშია. მიმდინარე წელს ერთიანი ეროვნული პროდუქტი 1.5%-ით შემცირდა. 2014 წლისთვის უარესი პროგნოზია. შიდა მოთხოვნა მცირდება, ხოლო ექსპორტიდან მიღებულ შემოსავალზე ლაპარაკიც ზედმეტია. უკრაინის მთავარი საექსპორტო საქონელი – ფოლადია, რომლის ბაზარი მთელს მსოფლიოში ცუდ მდგომარეობაშია. მთავრობას ისღა დარჩენია დეფიციტის დასაფარავად ახალი ვალი აიღოს. უკრაინის სახელმწიფო ვალი ერთიანი ეროვნული პროდუქტის 78% შეადგენს.

ასოცირებული წევრობა უკრაინას აძლევს საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან თითქმის 6 მილიარდი დოლარის კრედიტს, რომელიც უკრაინამ მომავალ წელს უნდა დაფაროს, რაზეც უკრაინა არ დათანხმდა. სავალუტო ფონდის რეკომენდაციით, უკრაინას 40%-ით უნდა გაეზარდა კომუნალური მომსახურეობის ტარიფები.

უკრაინის მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა შეაჩერებს სამეცნიერო-ტექნიკურ ურთიერთკავშირს ავიამშენებლობის, სარაკეტო-კოსმიურის, გემთმშენებლობის დარგებთან. მაღალტექნოლოგიური და თავდაცვის სფეროთა კოოპერაციის შეწყვეტა თავისთავად გამოიწვევს უკრაინის ექსპორტის 2 მილიარდი დოლარით შემცირებას. ეს დარგები მჭიდროდაა დაკავშირებული რუსეთის თავდაცვის სფეროსთან.

ევროკავშირის ალტერნატივად მოსკოვი კიევს ერთიან საბაჟო კავშირს სთავაზობს. სპეციალისტების აზრით, ამ კავშირში შესვლით უკრაინა, ყოველწლიურად, 10 მილიარდი დოლარით იუმჯობესებს სავაჭრო ბალანსს. მარტო ნავთობსა და გაზზე გადასახადების გაუქმებით, უკრაინა საკუთარი ბიუჯეტიდან დაზოგავს 6-დან 10-მილიარდამდე დოლარს. წლიურად, დაახლოებით 2-3 მილიარდ დოლარს მოუტანს უკრაინას ერთიანი საბაჟო კავშირის ქვეყნებში საკუთარი პროდუქციის შეტანა.

და კიდევ ერთი რამ, უკრაინის აქილესის ქუსლი – გაზით მომარაგება. რუსეთთან თანამშრომლობა უკრაინას მოუტანს ათას კუბ.მეტრ გაზის ფასის 170-180 დოლარამდე შემცირებას, ისეთს, როგორიც აქვთ ბელორუსს და სომხეთს.

უკრაინა უსერიოზულესი არჩევანის წინაშეა – დღევანდელი კვერცხი, რომელიც ქათამს სჯობს თუ ხვალინდელი ქათამი? ორჭოფობა უკრაინის ხელისუფლების ჩვეული მეთოდია.  ზოგი ამას მოსკოვ-ბრიუსელს შორის ვაჭრობად აღიქვამს. შესაძლოა ეს ასეც იყო, მაგრამ დღეს, სწორედ გაუთვლელი, პრიმიტიული ორმხრივი „თამაშის“ შედეგად უკრაინა გამოუვალ ჩიხში მოიქცა.

ეკონომიკური გაუსაძლისობა, დასავლეთის მიერ აბუნტებული ოპოზიცია, ასოცირების ხელშეკრულებაზე დაძალებით ხელის მოწერა ერთის მხრივ ანუ პროდასავლური კურსის გამარჯვება და მეორეს მხრივ – ჯერაც დუმილში მყოფი აღმოსავლეთ უკრაინა – ხარკოვი, დნეპროპეტროვსკი, ზაპოროჟიე, ოდესა – მძლავრი სამრეწველო პოტენციალით, მოძველებულით, მაგრამ მაინც, რუსეთთან მჭიდრო თანამშრომლობით.

თუმცა აღმოსავლეთმა ეს დუმილი დაარღვია და იანუკოვიჩის მხარდასაჭერად შაბათ-კვირას კიევში  უზარმაზარი მიტინგი გამართა.  მათი მთავარი მოთხოვნა არის – შორს ევროკავშირიდან! მათ კარგად იციან, რომ თუ ასოცირებული წევრობის ხელშეკრულებას მოეწერება ხელი, დაიშლება რუსეთთან ურთიერთანამშრომლობა. ამას ითხოვს ევროკავშირი. გაწყდება კავშირები და დადუმდება ქარხნები, მძიმე მრეწველობის გიგანტი კომბინატები. უმალ შეიქმნება უმუშევრობა, ასეულ-ათასობით მუშა-მოსამსახურე შეავსებს კიევის ქუჩებს საპროტესტო მიტინგებით, საბოლოო ჯამში ხელისუფლების დამხობის მოთხოვნით.

ზოგიერთი უკრაინელი ექსპერტის მიხედვით, „უკრაინის სახელმწიფოებრიობის მზე ესვენება“ და ეს პროცესი მხოლოდ ხელით მართვის გზით „რეგულირდება“, ვინაიდან სახელმწიფო მართვის სისტემა მოიშალა. საყოველთაო ეროვნული დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება, უკრაინის დასავლეთის ზოგიერთი ქალაქის მერიის და ადგილობრივი მმართველობის ანტისახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღება, ნათლად მეტყველებს სისტემის მოშლაზე.

ყველაფერი ეს ხელისუფალთა მიერ გადადგმულ მცდარ ნაბიჯზე მიანიშნებს – მომიტინგეთა წინააღმდეგ გადამეტებული ძალის გამოყენების სახით. ფაქტიურად, იანუკოვიჩის ვილნიუსიში გამგზავრების დროს მიტინგი ჩამცხრალი იყო. მაგრამ. . . გაიცა ბრძანება მიტინგის დასაშლელად. გაილახა სტუდენტობა.

გაილახა და არა დაიხოცა, მაგრამ უკრაინა საქართველო არ არის. მოსახლეობამ ვერ აიტანა ხელისუფლების ძალადობა და გამოვიდა ქუჩაში – არა ასოცირებისთვის, არამედ იანუკოვიჩის ჩამოგდებისთვის. აქ უკვე ზედმეტია იმაზე ლაპარაკი, რომ დაშავებული სამართალდამცავების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე მომიტინგეების, რომ „ბერკუტის“ ქმედება, პასუხი იყო დასავლეთში ნავარჯიშები, კუნთმაგარი ნაციონალისტური ათასკაციანი არმიის შეტევაზე. ოპოზიციამ და დასავლეთმა მათთვის ჩვეული ოსტატობით აიტაცეს ეს ფაქტი და ატრიალეს მედიაში.

ჩვეულებრივ მომიტინგეებს, რომლებსაც ნაკლებად აღელვებთ პოლიტიკა, აღელვებთ გაუარესებული საკუთარი მდგომარეობა. აღელვებთ, ის, რომ უკრაინის საგარეო ვალი 70 მილიარდი დოლარია და ის, რომ ქვეყნის ეკონომიკა კისრისტეხით მიექანება დეფოლტისკენ.

ამბუნტებლად, უკრაინელები სერგეი ლევოჩკინს თვლიან – პრეზიდენტის ადმინისტრაციის უკვე ყოფილ უფროსს. ის, იანუკოვიჩის ვილნიუსში ყოფნის დროს გადადგა, პროტესტის ნიშნად. მილიარდერ ფირტაშის გუნდის წევრმა, აშშ-თან და ევროკავშირთან მთავარმა მომლაპარაკებელმა, უკრაინელი ნაციონალისტების ერთ-ერთმა მთავარმა მოთავემ, ვერ აიტანა იანუკოვიჩის უარი ხელმოწერაზე.

ვერ აიტანა არა იმიტომ, რომ პრეზიდენტის დასავლურმა კურსმა არ გაამართლა, არამედ იმიტომ, რომ მას არაფერი დარჩა სათქმელი დასავლელი დამრიგებლებისთვის – რამ გამოიწვია იანუკოვიჩის უარი. ლევოჩკინი ხომ დასავლეთს უმტკიცებდა საწინააღმდეგოს?! როგორც ამბობენ, სწორედ მან  გასცა სიტყვიერი ბრძანება დემონსტრანტთა ძალით დაშლის თაობაზე. ადმინისტრაციის უფროსის გადადგომასთან ერთად უკრაინის პარლამენტის უმრავლესობის „რეგიონა პარტიის“ რიგები დატოვა 4 პარლამენტარმა, ე.წ. „ფირტაშის“ ხალხმა.

არც უმრავლესობის ფრაქციაშია საქმე დაწყობილი. ხალხი უკმაყოფილებას გამოთქვამს უმრავლესობის მიმართ. მას კორუფციაში ადანაშაულებს, გარდა ამისა რუსეთის მიმართ წინასაარჩევნოდ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში. არადა, კაცმა რომ თქვას, ისინი, სწორედაც პრორუსულობის გამო აირჩია ხალხმა და არა პროდასავლურობისთვის. მათ მიმართ ხალხს ტონა კომპრომატი აქვს, უამრავი პრეტენზია. ხალხი ამხელს მათ აფერიზმში, კორუფციაში. ხალხი თვლის, რომ ისინი ცუდი ხელმძღვანელები არიან.

ხალხი გამოვიდა ქუჩაში – ყოველივე კარგი, ყოველივე ცუდის საწინააღმდეგოდ. ხალხის ამ განწყობას თავი მოუყარა კომპანია “GFK Ukraine”. მისი მიხედვით, უკრაინელთა 27% – სძულს ხელისუფლება. მთავრობისადმი სიმპატია არც აღმოსავლეთში შეინიშნება. გარდა ამისა 8%-დან 4%-დე შემცირდა იმათი რაოდენობა, ვისაც ერიდება ან ეშინია მთავრობის. პოლიტიკური ელიტისადმი სიმპატიას მოსახლეობის მხოლოდ 1% გამოთქვამს.

მძიმე სურათია ხელისუფლებისთვის. ეს ისეთი მღვრიე წყალია, სადაც იოლად იჭერს თევზს დასავლელი პოლიტტექნოლოგიები, მრავლად ჩასულნი უკრაინის დედაქალაქში.

ხელისუფლება დღესაც ორჭოფობს, თუმცა, აიმედებს ევროკავშირს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით. რას მოიტანს ეს, ჩიხში მოქცეული უკრაინისთვის? ძნელი სათქმელია, ვინაიდან ნანატრი ევროპული ბედნიერებისკენ გზა, აზაროვის განმარტებით, არაუმცირეს 10-წლიანია.

უკრაინის რუსეთისგან ჩამოშორება ამ უკანასკნელისთვის არცთუ სახარბიელო პერსპექტივაა, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. მოსკოვმა ვერადავერ ჩამოაყალიბა პოლიტიკა ყოფილ საბჭოელებთან მიმართებაში. რუსეთში არსებული ლიბერალური ძალები დღენიადაგ გაჰყვირიან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან ყოველგვარი ძველებური ურთიერთობების აღკვეთაზე.

ისინი მხარს უჭერენ ისეთ ურთიერთობებს, როგორებიც რუსეთს აქვს დასავლეთის ქვეყნებთან, რაც პოლიტიკური თვალსაზრისით კრემლისთვის მიუღებელია. თუ მხედველობაში მივიღებთ რუსეთის მიმართ დასავლეთის ერთობ არამეგობრულ დამოკიდებულებას, სამომავლო გეგმებს, რომლის მიხედვით, რუსეთი სუსტ ქვეყნად უნდა იქცეს, კრემლის პოლიტიკა სახელმწიფოებრიობით არის განპირობებული ანუ სახელმწიფოს გადასარჩენად.

სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა მეზობლად ისეთი სახელმწიფოების ყოლა, რომლებთანაც ლოიალური დამოკიდებულება იქნება. ევროპასთან ასოცირებული უკრაინა, მოლდოვა, თუნდაც საქართველო ამის ნაკლებ საბაბს იძლევა. მეტოქე ევროპა, აშშ-თან ერთად, ყველაფერს იღონებს რუსეთის დასაძაბუნებლად.

რუსეთისთვის უკრაინის ჩამოშორება, ეკონომიკური თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი დანაკარგი იქნება, ვინაიდან სამხედრო მრეწველობისთვის საჭირო კომპონენტები, საბჭოეთიდან მოყოლებული, უკრაინაში მზადდება. კავშირების გაწყვეტის შემთხვევაში მოსკოვს მოუწევს ახალი ქარხნების აშენება, რაც დიდ ფულთან არის დაკავშირებული. მაგრამ ეკონომიკურ დანაკარგთან პოლიტიკური, ახლოსაც ვერ მივა. და რომ ეს არ მომხდარიყო, კრემლს ადრე უნდა ეფიქრა.

 ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.