პრეზიდენტზე მეტი პრეზიდენტი

რა უნდა გააკეთოს ქვეყნის მეთაურმა ისეთი, რომ ხალხის სიყვარული დაიმსახუროს? ეს კითხვა 21-ე საუკუნის მეორე დეკადისთვის ერთობ მიუღებელი, შესაძლოა შეუფერებელიც იყოს, ვინაიდან მომხმარებლური სულისკვეთებით გაჟღენთილი თანამედროვეობა შორსაა პოლიტიკოსთა მიმართ გამოვლენილი პატივისცემისგან, მითუმეტეს სიყვარულისგან.

პოლიტიკოსებიც, მათ შორის სახელმწიფოს მეთაურებიც, ისეთები არიან, ნაკლებად რომ იმსახურებენ ხალხის სიყვარულს და არათუ სიყვარულს, კეთილ სიტყვასაც კი. უფრო მეტიც, მაღალი სავარძლის დატოვების შემდეგ, თუ ვინმემ მათი სახელი გაიხსენა, დიდი ამბავია. მოვლენ ქვეყნის სათავეში, იმუშავებენ კონსტიტუციით განსაზღვრული ვადით, შემდეგ მიდიან და თავს საზოგადოებრივი საქმით იქცევენ. ასეთთა „საქმეები“ უკვალოდ ქრება. არიან ისეთებიც, რომლებიც ვერაფრით ელევიან სავარძელს და ყველაფერს ღონობენ ქვეყნის სათავეში ყოფნის გახანგრძლივებისთვის.

საქართველოს ახალი ისტორიისთვის მსგავსი რამ უცხო არ არის. არავინ იცის, გამსახურდია რამდენ წელიწადს „შემორჩებოდა“ ქვეყნის სათავეს, რომ არა საბედისწერო მოვლენები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა 1991 წლის მიწურულსა და 1992 წლის დასაწყისში. მისი თანამებრძოლებისგან არაერთხელ მსმენია მისთვის ნათქვამი „ბრძნული“ სიტყვები – თქვენ პრეზიდენტი უნდა იყოთ მანამ, ვიდრე მოგბეზრდებათ.

პრეზიდენტობის გახანგრძლივების სურვილი შევარდნაძესაც ჰქონდა. მავანთა აზრით, 2003 წლის რევოლუციის მიზეზიც, სხვასთან ერთად, ესეც იყო.

მაღალი სავარძლის ხანგრძლივად დაპატრონების თავდავიწყებული მოტრფიალე გამოდგა მესამე პრეზიდენტიც, რომელმაც სახელმწიფოს მეთაურად დიდხანს ყოფნისთვის ახალი კონსტიტუციაც შეიმუშავა, მაგრამ, მისდა სავალალოდ, 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებმა ჩაფუშა მისი გეგმები.

არცთუ იშვიათად, წასულ სახელმწიფოს მეთაურს, ნეგატიურად მოიხსენიებენ – მუშაობის პერიოდში დაშვებული უხეში შეცდომების, ანტისახელმწიფოებრივი ქმედების, კორუმპირებულობის, სხვა მანკიერებათა გამო. ხშირ შემთხვევაში აღნიშნულისთვის თავისუფლებაც აღუკვეთენ ხოლმე.

მსოფლიო ისტორიაში მრავლად არიან იმპერატორები, მეფეები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, რომლებმაც უდიდესი კვალი დაამჩნიეს როგორც საკუთარი ქვეყნის, ისე სხვა ქვეყების ისტორიას. თუმცა მათი რაოდენობა გაცილებით მცირეა, იმათთან შედარებით, ვინც ნახსენებ სიმაღლეებს უღიმღამოდ იკავებდა. მაგალითდ, მსოფლიოს პირველი ქვეყნის, აშშ-ს საჭეს 43 პრეზიდენტი ფლობდა, ბარაკ ობამა – 44-ეა, მაგრამ დიდი ასოებით მხოლოდ ზოგიერთთა სახელი შევიდა ისტორიაში.

კაცობრიობის ისტორიის სახელგანთქმული მმართველები ცნობილი იყვნენ, როგორც სიმამაცით, განსწავლულობით, სიკეთით, ისე სიმკაცრით, ზოგ შემთხვევაში სისასტიკით. მათი ძალისხმევა მიმართული იყო საკუთარი სახელმწიფოს განდიდების, უძლეველობისათვის.

ასეთებს, მადლიერი ხალხი პირამიდებს, ძეგლებს, პანთეონებს უშენებდა. წინა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი კერპთაყვანისცემა, უფრო ზუსტად ბელადთაყვანისცემა არც 21-ე საუკუნისთვის ყოფილა უცხო, რამეთუ გარდაცვლილი სათაყვანებელი მმართველისადმი გულწრფელი დამოკიდებულების გამოხატულობა, მიუხედავად ახალი საუკუნის „საბაზრო ეკონომიკურობისა“, უცვლელია და ამ უცვლელობის წყარო სახელმწიფოს ნამდვილი მეთაური და მისი თაყვანისმცემელი ხალხია.

ვერავინ იფიქრებდა, რომ წასულ ბელადთა სამარადისო საბრძანებლად, წასულ საუკუნეთა დარად, ახალ საუკუნეშიც გაჩნდებოდა მაუზოლეუმები ბალზამირებული ბელადებით.

სულ ახლახანს დამწუხრებული ქვეყნის, დამწუხრებული მთავრობის, დროებითმა ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ უზენაესი გადაწყვეტილებით ვენესუელის გარდაცვლილ პრეზიდენტს – უგო ჩავესს მიწას არ მიაბარებენ, ბალზამირებას გაუკეთებენ და რევოლუციის მუზეუმში განათავსებენ (სამომავლოდ მაუზოლეუმში), რომ მასთან გამოთხოვების, მისი მონახულების საშუალება მიეცეს ყველა ვენესუელელს ანუ 25 მილიონ ადამიანს და არა მარტო მათ, არამედ სხვასაც.

ვენესუელის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა და მასთან ერთად მთელმა ლათინურმა ამერიკამ არნახული გრძნობა გამოავლინა გარდაცვლილი პრეზიდენტისადმი. არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ასეთ გლოვას ყველა სახელმწიფოს მეთაური ინატრებდა. გლოვა დირიჟორის, რეჟისორის გარეშე. გლოვა გულწრფელი, ყოველგვარი ფარსისა და ფორმალობისგან შორს მყოფი.

ამ საუკუნეში მსგავსს ადგილი ჰქონდა ჩრდილო კორეაში, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების დროს, თუმცა იქ ჩანდა დირიჟორის ხელი. საყოველთაო გლოვა მოჰყვა იოსებ სტალინის გარდაცვალებას. ჩემს მეხსიერებას შემორჩა რუსთაველის პროსპექტზე, ლენინის მოედანზე, სანაპიროზე, სტალინის ძეგლთან, თავშეყრილი ათასობით მტირალი ადამიანი. ასეთი რამ იშვიათად იმართება საყვარელი, ოჯახის მარჩენალი მამის დაკარგვის დროსაც.

მამა-მარჩენალი დაკარგა ვენესუელამ, ლათინურმა ამერიკამ კი 21-ე საუკუნის ახალი სოციალიზმის თავდავიწყებული მებრძოლი, აშშ-ს მონოპოლისტურ-ჰეგემონისტური პოლიტიკის წინააღმდეგ აღმართული ბეტონის კედელი. ჩავესის უცილობელი ლიდერობა იწამა სრულიად ლათინურმა ამერიკამ. მარტო ის რად ღირს, კუბაზე, საავადმყოფოში მყოფ ვენესუელის პრეზიდენტს რომ არგენტინის, ბოლივიის, სხვა ქვეყნების პრეზიდენტები ჩააკითხავენ მოსანახულებლად.

მარტო ის რად ღირს, როდესაც 7 დღის განმავლობაში საკუთარი ქვეყანა და ხალხი გლოვობს და მასთან ერთად ლათინური ამერიკის არაერთი ქვეყანა. ჩავესის გარდაცვალება ოფიციალური სახელმწიფო გლოვის დღედ გამოცხადდა 9 ქვეყანაში. ლათინური ამერიკის ყველა ქვეყნის პირველი პირი დაესწრო დაკრძალვის ცერემონიალს, მათთან ერთად მსოფლიოს 55 სახელმწიფოს მაღალი დელეგაცია, მათ შორის აშშ-დან, ჩავესის ვენესუელის ნომერი პირველი მტრის ქვეყნიდან.

და მაინც რა გააკეთა 58 წლის უგო ჩავესმა ისეთი, რომ საერთაშორისო სიყვარული დაიმსახურა? დამსახურებების შესახებ ბევრს იტყვიან მომავალში, ბევრიც დაიწერება, მათ შორის კომენდანტეს საწინააღმდეგოც, მაგრამ ვერავინ იტყვის, რომ ჩავესი პირსისხლიანი დიქტატორი იყო, ისეთი, როგორითაც მიჩვეული იყო ლათინური ამერიკა.

თავისი მმართველობის 14 წლის განმავლობაში ჩავესს არასდროს გაუყალბებია არჩევნები, არასდროს ჩაუყრია ციხეებში მოწინააღმდეგეები. ბოლო არჩევნებში, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი კაპრიალასი დღესაც მირანდას შტატის გუბერნატორია. ადგილობრივ მმართველობაში ოპოზიციონერების მიერ დაკავებული თანამდებობები ბუნებრივია. ვენესუელის ე.წ. კოჰაბიტაცია არ არის აშშ-ს ნაკარნახევი, ის ჩავესის მართვის სტილია.

ჩავესი ქვეყნის გადარჩენის სურვილით მოვიდა ხელისუფლებაში. მისი მთავარი მიზანი იყო სოციალურ თანაფარდობაზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნა, ღარიბ-ღატაკთა სიღარიბის მორევიდან ამოყვანა, ქვეყნის მთავარი სიმდიდრის, ხალხის საკეთილდღეოდ გამოყენება, წინამორბედი კორუმპირებული ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული ცხოვრების წესთან ბრძოლა და სხვა.

დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა მან მოახდინა ნავთობის მრეწველობის ნაციონალიზაცია, რითაც სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაიკიდა მეზობელი ამერიკა. ნავთობის ექსპორტიდან შემოსული თანხებით ჩავესმა შეძლო ღარიბთა ცხოვრების დონის გაუმჯობესება, მათთვის იმედის ჩანერგვა, ღარიბ-ღატაკთა ქოხმახების მიწასთან გასწორება და მათ ნაცვლად თანამედროვე, საცხოვრებელი სახლების წამოჭიმვა, თითქმის უსასყიდლოდ.

ჩავესის მეცადინეობით, სწავლა-განათლება უფასო და საყოველთაო გახდა, ისევე, როგორც ჯანმრთელობის დაცვა.

14-წლიანი მმართველობის დროს უმუშევრობა საგრძნობლად შემცირდა, ამოქმედდა ათასი სახის სოციალური პროგრამა. ვენესუელამ, ბოლო მონაცემებით ნავთობის მოპოვებით მსოფლიოში პირველმა (მან საუდის არაბეთსაც გაუსწრო), საკუთარი მოსახლეობისთვის ბენზინის მინიმალური ფასები შემოიღო.

ვენესუელა უაღრესად იაფ ფასებში აწვდის ბენზინს კუბას, სანაცვლოდ სახელგანთქმული კუბელი ექიმები მუშაობენ ვენესუელაში. ვენესუელის ნავთობის ექსპორტის 70% აშშ-ში მიედინება, ქვეყანაში, რომელიც ჩავესს მტრად მიიჩნევდა.

ჩავესის მეცადინეობით, ლათინური ამერიკის ბევრმა ახალმა ლიდერმა შეიგრძნო დამოუკიდებლად არსებობის აუცილებლობა. აშშ-ს „ბოსტნად“ წოდებული ლათინური ამერიკა სხვა, აშშ-ს საწინააღმდეგო ენაზე ალაპარაკდა და ამის სულისჩამდგმელად, ფიდელ კასტროსთან ერთად, ჩავესი მოგვევლინა.

მისი ყველა გამოსვლა, როგორც შინ, ისე გარეთ ამერიკის იმპერიალიზმის მხილება და კრიტიკა იყო. ჩავესმა შეძლო ლათინურ ამერიკაში თავისუფლების სულისკვეთების, რწმენის დათესვა. სწორედ ამიტომაც, მას ხშირად ადარებდნენ ლათინური ამერიკის განმანთავისუფლებელ სიმონ ბოლივარს.

ამერიკისგან დაშორებულმა ჩავესმა მჭიდრო კავშირები დაამყარა ამერიკის საწინააღმდეგოდ მომართულ ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა კუბა, ირანი, ამერიკის მეტოქეებთან – რუსეთთან, ჩინეთთან, რითაც მკვეთრად დაძაბა ურთიერთობა ოფიციალურ ვაშინგტონთან.

ჩავესის ვენესუელა ირანთან, კუბასთან, ჩრდილო კორეასთან ერთად, ამერიკისადმი მტრულად განწყობილ სახელმწიფოთა სიაშიც მოხვდა, თუმცა ამით ჩავესს არც გული წასვლია და არც წარბი შეუხრია. ვაჟკაცური რევოლუციური სული, შეუპოვარი, უშიშარი ბრძოლა ყოველივე უწინდურის წინააღმდეგ გახდა ჩავესის სავიზიტო ბარათი.

სწორედ ამიტომაც, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მონაწილე ქვეყნებმა,   უკლებლივ, ყველამ ფეხზე ადგომით, წუთიერი დუმილით, პატივი სცეს 21-ე საუკუნის უდიდეს პოლიტიკოსს, ქარიზმატულ ლიდერს, მგზნებარე რევოლუციონერს – უგო ჩავესს.

პრეზიდენტზე დიდი პრეზიდენტი – ასეთი შეფასება მისცა ჩავესს საკუთარმა ხალხმა იმ გაკეთებული საქმეებისთვის, რომელმაც ვენესუელა ფეხზე დააყენა.

 იმავე უშიშროების საბჭომ მორიგი მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესა ჩრდილო კორეას – ბირთვული ბომბის გამოცდისთვის. ამჯერად, ამერიკელთა მიერ მტრად შერაცხულმა ჩრდილო კორეამ, თავისი მოქმედებით არა მარტო ამერიკა გამოიწვია, არამედ მოკავშირე ჩინეთი და კეთილისმსურველი რუსეთი. ამოქმედდა ბირთვული ბომბის ფლობის ექსკლუზიურობის გრძნობა ანუ ბომბი უნდა ჰქონდეს იმას, ვისაც აქვს – სხვას არა, მითუმეტეს არც ჩრდილო კორეას და არც ირანს.

მაგრამ ჩრდილო კორეას უკვე რახანია აქვს ბომბი. მან არაერთი გამოცდაც ჩაატარა. ირანს ბომბი არ აქვს და არც აპირებს მის დამზადებას, მაგრამ ამის არც „მაგატეს“ სჯერა და არც აშშ-ს. ეს უკანასკნელი ჩრდილო კორეისგან მოითხოვს ბირთვული იარაღის ტექნოლოგიის განადგურებას, ირანს კი თხოვს შეწყვიტოს ურანის გამდიდრება.

ორივე შმთხვევაში ვაშინგტონი შორს არის მიზნისგან. და ვითარების თავის სასარგებლოდ შემობრუნებისთვის ეკონომიკური სანქციებით ცდილობს აღნიშნულ ქვეყნებზე ზეგავლენის მოპოვებას, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერც ეკონომიკური სანკქიები შველის ამერიკულ საქმეს.

ფხენიანის მოქმედების საშიშროება მარტო იმაში არ გამოიხატება, რომ დემონსტრაციულად იგნორირებს საერთაშორისო წესებს, მიმართულს ბირთვული იარაღის გამოცდის ჩატარების საწინააღმდეგოდ. გამოცდებს შეუძლია, რადიაციული თვალსაზრისით, ზარალი მიაყენოს მეზობელ სახელმწიფოებს – სამხრეთ კორეას, ჩინეთს, რუსეთს.

გარდა ამისა კორეა იძლევა ცუდ მაგალითს იმ ქვეყნებისთვის, ვისაც სურვილი აქვს ჰქონდეს ბირთვული ბომბი. ამით შეიძლება შექმნას ბირთვული იარაღის უკონტროლო დამზადების წინაპირობა. „პოლიტიკურ მიწისძვრას“ შეადარა დასავლურმა პრესამ ჩრდილო კორეის ბირთვული ბომბის გამოცდა.

გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების – ბირთვული იარაღის მფლობელთა შეშფოთებას, ცხადია, აქვს საფუძველი, მაგრამ ნაწილობრივ, ვინაიდან არც ერთი მათგანი, განსაკუთრებით აშშ-ი, არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ფხენიანმა ხელი აიღოს ბირთვული იარაღისგან.

არც ერთი მათგანი, განსაკუთრებით აშშ-ი არ სვამს კითხვას, რაში სჭირდება ჩრდილო კორეას ბირთვული იარაღი. პასუხი არის ცალსახა – ქვეყნის დასაცავად, მისი პოლიტიკური სისტემის დასაცავად, მმართველი კომუნისტური პარტიისა და ხელისუფლების დასაცავად.

შიში აგრესიისა აშშ-ს, სამხრეთ კორეის, იაპონიის მხრიდან იწვევს ფხენიანის სურვილს ჰქონდეს ბირთვული ბომბი. ფხენიანის სურვილს ამყარებს ბოლო დროს მსოფლიოში განვითარებული პროცესები, განსაკუთრებით ისეთი ქვეყნების წინააღმდეგ, ვინც ჩრდილო კორეასავით იყო შეყვანილი ამერიკელთა შავ სიაში.

სადამ ჰუსეინს, რომ მართლაც ჰქონოდა ატომური ან ქიმიური იარაღი, უბატონოდ სიტყვას ვერავინ, მათ შორის ამერიკაც ვერ გაუბედავდა. ერაყიც გადაურჩებოდა აგრესიას, ქვეყანაც არ დაინგრეოდა და მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შენარჩუნდებოდა. ვერც ლიბიის მოამარ კადაფის დააჭრიდნენ ყურზე ხახვს, ატომურ ბომბზე მუშაობა რომ გაეგრძელებინა. ის მიენდო დასავლეთს, გარიგდა მასთან და პასუხად მწარე სიკვდილი იგემა.

შავ დღეშია, ამერიკა-ევროპის მიერ ათვალწუნებული სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი. რა რჯულის ტერორისტი არ ებრძვის მას – დასავლელთა მხრიდან წაქეზებულ-შეიარაღებული. სულ ახლახანს აშშ-ა ოფიციალურად განაცხადა, რომ მძიმე ტექნიკას მიაწვდის მეამბოხეებს ასადის გასანადგურებლად.

მეამბოხეებში უხვად არიან „ალ-კაიდას“ ტერორისტები. ამერიკა-ევროპის ქცევით დაბნეული მსოფლიო, საკუთარი ძალებით ცდილობს გამოსავლის პოვნას. მათ რიცხვშია ჩრდილო-კორეა, ირანი, ვენესუელა, სხვა ქვეყნები.

აშშ-გან თავდაცვის მიზნით, ჩავესის ვენესუელამ მილიარდობით დოლარის იარაღი შეიძინა რუსეთისგან. შიშს წინ ვერაფერი აღუდგება, ვერც სანქციებით გამოწვეული შიმშილი, ვერც სამხრეთ კორეელთა აღშფოთება. მთავარია თავდაცვითი იარაღი.

უშიშროების საბჭოს სხდომის პირდაპირ ტრანსლაციას უმზერდა ფხენიანის ქუჩებში გამოსული მოსახლეობა. მათ სიბრაზეს საზღვარი არ ჰქონდა. რა უნდა იღონოს უშიშროების საბჭომ?

მარტო სანქციები საქმეს არ შეცვლის. იქნებ სხვა გზა გამოეძებნა, მაგალითად მკაფიო იურიდიული გარანტიები, დოკუმენტის სახით, ჩრდილო კორეის წინააღმდეგ აგრესიის არ განხორციელების თაობაზე. 1992 წელს, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე, მსოფლიოს, რუსეთის გარდა, 3 ბირთვული სახელმწიფო დაემატა – ბელორუსი, უკრაინა და ყაზახეთი.

ამ რესპუბლიკებში იყო განთავსებული საბჭოთა ბირთვული იარაღი. 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმით გაფორმდა სამი სახელმწიფოს უსაფრთხოების დოკუმენტი, მათ ტერიტორიაზე არსებული ბირთვული იარაღის განადგურების სანაცვლოდ. მემორანდუმი უვადოა. ფხენიანთან მსგავსი დოკუმენტის გაფორმება, გარდა ამისა ჰუმანიტარულ-ეკონომიკური დახმარება გამოიწვევდა დადებით ნაყოფს.

რამდენიმე წლის წინათ აშშ-ა გადადგა ჰუმანიტარული დახმარების ნაბიჯი, მაგრამ მიზეზთა გამო მალე შეწყვიტა. როგორც ჩანს, სტრატეგიული თვალსაზრისით, ჩრდილო კორეასთან გამუდმებული ჯიკაობა ხელს უწყობს სამხრეთ კორეაში ამერიკული ბაზის ხანგრძლივ არსებობას და არა მარტო იქ, არამედ ჩინეთის ზღვასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

ჩრდილოეთ კორეამ საყოველთაო სახალხო ზეიმი შეაგება ბირთვული იარაღის მიწისქვეშა გამოცდას. ტრადიციისდა მიხედვით, სამხედრო ნაწილებსა და საწარმოებში გაიმართა ხალხმრავალი მიტინგები, რომლის დროს ხოტბა შეასხეს ბომბის წარმატებით აფეთქებას.

12 თებერვლის გამოცდას ჰქონდა 4-დან 15 კილოტონამდე სიმძლავრე. თუ ამას დავუმატებთ კოსმოსური თანამგზავრის გაშვებას, რომელსაც დასავლეთი აღიქვამს როგორც შორი რადიუსის ბალისტიკური რაკეტის გამოცდას, მსოფლიოს თავსატეხი ემატება. ექსპერთების მიხედვით, ბირთვული პროგრამა 3.2 მილიარდი დოლარი დაჯდა და ეს მოსახლეობის შიმშილობის ფონზე.

ჩრდილოელთა ბირთვულ პროგრამას სამხრეთ კორეა გულხელდაკრეფილი არ ხვდება. სულ ახლახანს, თავდაცვის სამინისტრომ უზუსტესი ფრთოსანი რაკეტის შექმნის თაობაზე აუწყა მსოფლიოს. „ჩვენ ისეთი რაკეტები დავამზადეთ, რომლებსაც შეუძლიათ მთელი ჩრდილო კორეის განადგურება“, – განაცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ ახალი ეკონომიკური სანქციების შემოღების ფეხდაფეხ ფხენიანმა გააძლიერა მუქარა აშშ-ა და სამხრეთ კორეის მიმართ, გამოვიდა სეულთან 60 წლის წინათ მიღებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებიდან, გაწყვიტა სატელეფონო კავშირი დემილიტარიზებულ ზონაში.

პატარა ნაპერწკალია საჭირო იმისთვის, რომ დიდი ხანძარი აგიზგიზდეს. როგორც ჩანს, ძლიერთა ამა ქვეყნისათა ცხოვრების წესი მუდმივ დაძაბულობას მოითხოვს, ისეთს, როგორსაც ადგილი ჰქონდა იუგოსლავიაში, შემდეგ ერაყში, შემდეგ ავღანეთში, შემდეგ სირიაში, მომავალი შემდეგიც იძერწება – აშშ-ს შავ სიაში შეყვანილი ჩრდილო კორეას სახით.

მხედველობიდან არც ირანია გამორჩენილი – ისიც აშშ-ს შავი სიის მუდმივი ბინადარია. არავინ იცის, რას მოიმოქმედებს ვაშინგტონი ნავთობით მდიდარი ვენესუელის წინააღმდეგ. მტკიცება არ ჭირდება იმას, რომ უჩავესოდ დარჩენილ ვენესუელას, ლათინურ ამერიკას, ახალი ენერგიით არ შეუტიოს აშშ-ა. ამერიკის „ბოსტნად“ წოდებულ ლათინოსებს რა ხანია მოაკლდათ ვაშინგტონის „მზრუნველი“ ხელი.

 ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.