22.12.2024

ობამასაც უნდა თავისი ომი

ლონდონი დანგრეულია, პრემიერ-მინისტრი მკვდარი, მინისტრთა კაბინეტის წევრები ქვეყანას ინგლისის ქალაქებიდან მართავენ“. – ეს არის ის სავალალო სურათი, რომელიც მოჰყვა ნატოსა და ვარშავის პაქტის სამხედრო დაპირისპირებას 1983 წელს. ომის პირობებში მოქმედების გეგმა, რომელიც შეიმუშავა ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა – საჯარო გახდა 30 წლის შემდეგ. დოკუმენტის მიხედვით, საბჭოთა თავდასხმის მოსაგერიებლად დასავლეთი იყენებს ბირთვულ ბომბს.

სცენარი, რომელიც ბრიტანელი მოხელეების მიერ იქნა შემუშავებული, 30 წლის განმავლობაში,  სრულიად საიდუმლოდ ინახებოდა და ა.წ.  პირველ აგვისტოს მოეხსნა საიდუმლოების გრიფი. 320-ფურცლიანი დოკუმენტის მიხედვით, ქვეყანაში 33 მილიონი ადამიანი დაიღუპებოდა, მარტო ლონდონში – მილიონი.

ტექსტში ზედმიწევნით არის აღწერილი პანიკა, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა. ხალხი, ვერც ინგლისის დედოფლის, ელისაბედ II საჯარო გამოსვლამ დააშოშმინა. ვარშავის პაქტის ქვეყნების სამხედრო ძალებმა დაიპყრეს გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები, იტალია, თურქეთი. ნატოს ისღა დარჩა გამოეყენებინა ბირთვული იარაღი. ლონდონის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტი შემზარავია, თუმცა რეალურად ამსახველი ორი სამხედრო ბლოკის ძალისმიერი დაპირისპირების შედეგის.

ორი სუპერ-სახელმწიფოს დაპირისპირება ისტორიას ჩაბარდა. აღარც ვარშავის სამხედრო პაქტია და აღარც საბჭოთა კავშირი, მაგრამ არის ნატო – თუ რამდენად გამართლებულია ვარშავის პაქტის და საბჭოთა ბლოკის საპირწონედ შექმნილი ორგანიზაციის არსებობა – გაუგებარია.

თითქოს ორივე უნდა ჩაბარებოდა ისტორიას, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთმა დაასრულა არსებობა, მეორე კი – ჩვეული სამხედრო შემართებით, აბსურდული პოლიტიკური რიტორიკით, არათუ საკუთარი ისტორიის დასრულებას აპირებს, არამედ სულ უფრო იფართოებს გავლენის სფეროებს, განსაკუთრებით აღმოსავლეთში, საქართველოსა და მსგავსი ბრიყვი ხელისუფლების წყალობით – რუსეთის საწინააღმდეგოდ, მისთვის პრობლემების შესაქმნელად.

აშშ-ს ინიციატივით სად არ ნახავთ ნატოს – ავღანეთში, ლიბიაში, ერაყში, ბალკანეთში, სრული შესაძლებელია სირიაშიც. ნატო არა მარტო საკუთარ რიგებს ზრდის, არამედ მოქმედების არეალს. ტყუილი გამოდგა ამერიკელთა ფიცი საბჭოთა ხელმძღვანელების წინაშე – ნატოში ყოფილ სოცქვეყნებს არ შევიყვანთო. არათუ ყოფილ სოცქვეყნებს, საბჭოთა ბალტიისპირეთსაც აღარ ჯერდება ბრიუსელი და კავკასიის ქვეყნების, მოლდოვის, უკრაინის, ბელორუსის შეყვანას ლამობს. არ არის გამორიცხული, მან ცენტრალური აზიაც მოიცვას – თუკი მოსკოვი გაყუჩდება, რაღაც გაუგებარი „გადატვირთვის“ პროცესის გულისთვის გაუგორდება ვაშინგტონს, როგორც მუცელმოფხანილი, მრავალგოჭიანი ნეზვი.

20 წელზე მეტია არსებობს დამოუკიდებელი რუსეთის ფედერაცია – საბჭოთა კავშირის მემკვიდრე, მაგრამ ამ არცთუ მცირე დროის განმავლობაში ალღო ვერ აუღო აშშ-ს პოლიტიკას. ვერაფრით მიხვდა, რომ ვაშინგტონის პოლიტიკურ წრეებში მტკიცედაა გამჯდარი საკუთარი პრიორიტეტულობა, ჰეგემონიზმი, ცისფერსისხლიანობა და მას არაფრით დათმობს. პირიქით, ყველაფერს იღონებს საკუთარი პოზიციების განმტკიცებისთვის, რისთვისაც მთელს მსოფლიოში იყოლიებს სამხედრო ბაზებს, ყველა ოკეანესა და ზღვაში ავიამზიდებს, თანამედროვე ჩვეულებრივ და ბირთვულ იარაღს.

და რაც მთავარია იყოლიებს მოკავშირეებს – დაშინებით, ფულით, ეკონომიკურ-საფინანსო ბერკეტებით, ფარული სატელეფონო მოსმენებით, მისთვის მიუღებელ ხელისუფალთა ჩამოგდებით და სასურველთა ხელისუფლებაში მიყვანით. აშშ-ი – განცალკევებით მყოფი სხვა კონტინენტზე, სათამაშოებივით დაჰყურებს ყველა ქვეყანას – მოკავშირესაც და მოწინააღმდეგესაც, ხშირ შემთხვევაში, როგორც ჩერჩეტ ბავშვებს, ერთმანეთში აჩხუბებს ან თავის ომში აომებს.  მაგალითად, ავღანეთში, მანამდე ერაყში, ლიბიაში, მოსალოდნელია სირიაშიც.

რაც არ უნდა აუგი ვთქვათ საბჭოთა კავშირზე – მან იცოდა, ვინ იყო აშშ-ი და მისი მოკავშირეები, ამიტომაც ცდილობდა და ახერხებდა კიდევაც საკუთარი მოკავშირეების შეკვრას. სადა არ ჰქონდა ფესვი გადგმული საბჭოთა კავშირს – აფრიკასა თუ ლათინურ ამერიკაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ თუ ცენტრალურ აზიაში, ევროპაში და ა.შ. მოსკოვმა იცოდა, რომ გარდა ბირთვული პარიტეტისა, საჭირო იყო მოკავშირეთა პარიტეტიც.

საბჭოთა კავშირი ხმალამოღებული იდგა საკუთარი და საკუთარი მოკავშირეების მშვიდობის სადარაჯოზე. ძვირი ჯდებოდა ყოველივე ეს, მაგრამ საჭირო და აუცილებელი იყო (დღევანდელი გადასახედიდან), ვინაიდან სწორედ ეს იყო ორ ძალას შორის მთავარი დამბალანსებელი.

საბჭოეთი სწორედ ის იყო, ვინც ტოლს არ უდებდა ვაშინგტონს და მუდამ შიშის ქვეშ ამყოფებდა მას. საბჭოეთი სწორედ ის იყო, ვინც აშშ-ს ყურისძირში, კუნძულ კუბაზე შეძლო აშშ-ს გასანადგურებელი რაკეტების განლაგება, რამაც ლამის ორ გიგანტს შორის სამხედრო კონფლიქტი გამოიწვია. მაშინ ხრუშჩოვმა დაიცვა მეგობარი კუბა – აიძულა რა აშშ-ა სამარადისოდ უარი ეთქვა კუბის წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, თურქეთიდან, საბჭოეთზე დამიზნებული რაკეტების გატანაზე.

მხოლოდ გულუბრყვილოს შეუძლია თქვას, რომ ხრუშჩოვის დაუფიქრებელ მოქმედებას (კუბაზე რაკეტების განთავსებას) მოჰყვა ამ რაკეტების იქედან გამოპანღურება. მოსკოვმა გამოიტანა რაკეტები, მაგრამ აიძულა აშშ-ის პრეზიდენტი კენედი წასულიყო მთელ რიგ დათმობებზე.

საბჭოეთის მემკვიდრე, რუსეთს მსოფლიოს არც ერთ კუთხეში დასაყრდენი არ აქვს – არა სამხედრო ბაზა, არა საიმედო პარტნიორები – ქვეყნების ხელისუფალთა  სახით, არა ეკონომიკური ბერკეტები. ერთადერთი რაც მას აქვს – ენერგომატარებლებია, თუმცა ვერც მას იყენებს ეფექტიანად.

რუსეთს არათუ უცხოეთში, დსთ-ს სივრცეშიც კი არ ჰყავს ისეთი მოკავშირეები – ნამდვილი რომ ჰქვია. როდესაც უახლოესი მოკავშირე ბელორუსი რუს ბიზნესმენს დააპატიმრებს ან უკრაინა ზურგს შეაქცევს და ევროკავშირისკენ გაიხედავს, ცენტრალური აზიის ქვეყნები, ამერიკული დოლარის სანაცვლოდ, სულს გაჰყიდიან, თავისთავად მიანიშნებს კრემლის სისუსტეზე, მის გაუგებარ საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე.

ვაშინგტონთან კოჭის გორებამ, რომელსაც მოჭარბებულად ჰქონდა ადგილი დიმიტრი მედვედევის პრეზიდენტობის დროს, აგრძნობინა ამერიკას, რომ რუსეთი, საბჭოეთი არაა და მისთვის თავზე წამორტყმაც შესაძლებელია. კოჭის გორებამ, რუსი ბიზნესმენების მიერ აშშ-ი კაპიტალის დაბანდებამ, კალათბურთის კლუბების შესყიდვამ და სხვა მრავალმა ქმედებამ დადებითად იმოქმედა აშშ-ზე და არა რუსეთზე. ყოველწლიურად 70-75 მილიარდი დოლარის რუსეთიდან გადინებამ, ძირითადად აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებში, ამოასუნთქა ეკონომიკადაცემული დასავლეთი.

მოწინააღმდეგის არ არსებობამ ვაშინგტონს აფიქრებინა, რომ ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, სწორია და განსჯას არ ექვემდებარება. ვაშინგტონმა თქვა, რომ ერაყი ქიმიური და ბირთვული ბომბების მფლობელია და ის უნდა დაისაჯოს. დაისაჯა ერაყი, ვითომ ბირთვული ბომბის შექმნისთვის. და ამ დასჯას მილიონი ერაყელის სიცოცხლე შეეწირა, აგრეთვე ათასობით ამერიკელის.

დღევანდელი ერაყი, ომით დანგრეულ-განადგურებული, ქაოტური ცხოვრებით, შიიტებისა და სუნიტების დაპირისპირებით, ყოველდღიური ტერორისტული აქტებით, უამრავი მსხვერპლით შორს არის ამერიკული დემოკრატიისგან, ვაშინგტონი, რომ ძალით ცდილობდა იქ ჩანერგვას.

უმძიმესი მდგომარეობაა ლიბიაში – აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ შემუსრულ და განადგურებულ ქვეყანაში – ერთ დროს წარმატებული სოციალური პირობების მქონეში. არანაკლები აბურდული ვითარებაა ავღანეთში. ათწლიანმა ომმა ასეულ-ათასობით ავღანელი შეიწირა, ისე, როგორც ათასობით ამერიკელი და მისი მოკავშირე.

დიდი ქვეყნის გაურკვეველმა პოლიტიკამ ახლო აღმოსავლეთში, განსაკუთრებით პალესტინა-ისრაელის საკითხში, სამარადისოდ აქცია ეს კონფლიქტი. ამჯერად ჯერი სირიაზეა. პრეზიდენტმა ობამამ რახანია თვალი დაადგა ბაშარ ასადის ხელისუფლებას და მოითხოვს მის წასვლას. და როდესაც არ გაუგონეს – ათასობით რადიკალი ისლამისტი დარაზმა სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ. თვით აშშ-ს ეროვნული კონტრტერორისტული ცენტრის დირექტორის მეთიუ ოლსენის განცხადებით, სირიაში იბრძვიან ავსტრიელი, ბელგიელი, იტალიელი, ნორვეგიელი, ირლანდიელი, შვედი, ამერიკელი, კანადელი მოქალაქელები.

საფრანგეთის 140 ბოევიკი იბრძვის სირიაში, დიდი ბრიტანეთის – 100, ესპანეთის – 75, გერმანიის – 60, გარდა ამისა ჩეჩენი და სხვა ჩრდილო კავკასიელი ბოევიკები. სირიაში იბრძვიან „ალ-ქაიდა“, „თალიბანი“, „ჯაბხატ ან ნურა“, „ანსარ ალ ჰალიფა“ და სხვა ტერორისტული ორგანიზაციები.

სირიის ფრონტზე ხელისუფლების მხარდამხარ მოქმედებენ ქურთი მებრძოლები, ლიბანში არსებული ორგანიზაცია „ჰესბოლა“. სირიის ხელისუფლებას მხარს უჭერს ირანი, რუსეთი, ჩინეთი.

სირიის ომი, რომელიც ორი წელია მიმდინარეობს, კარგახანია ინტერნაციონალურად არის ქცეული. ამერიკა-ევროპის დაფინანსებით, იარაღით, ინფორმაციით აღჭურვილი ოპოზიცია ყველაფერს კადრულობს, მათ შორის ქიმიური იარაღის გამოყენებასაც, სირიის ხელისუფლების დასადანაშაულებლად. ამ საქმეში მას ქმედით დახმარებას აშშ-ი უწევს. სწორედ მისი მეცადინეობით ბრალდება ბაშარ ასადს ქიმიური იარაღის გამოყენება.

„ქიმიური იარაღის გამოყენებით ასადმა გადალახა წითელი ხაზი, რისთვისაც ის უნდა დაისაჯოს“, – ბრძანა ობამამ და იგივე გაიმეორა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კემერონმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ოლანდმა, გერმანიის ვიცე-კანცლერმა ვესტერველემ, თითქმის ყველა ნატოელმა. სირიის დასასჯელად მზადყოფნაში მოყვანილია აშშ-ს საზღვაო-სამხედრო ფლოტი, ახლო აღმოსავლეთის სამხედრო ბაზები. დღე-დღეზე განხორციელდება სირიის საჰაერო თავდასხმა, ისეთი, როგორიც ლიბიაში იყო.

მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი, აშშ-ს პრეზიდენტი, ობამა სათავეში უდგას ახალ ომს, რომელიც გაცილებით მძიმე იქნება, ვიდრე ერაყის, ავღანეთის, ლიბიის. მაგრამ მთქმელი ამისი მხოლოდ რუსეთი და ირანია. ნატოს წევრი ქვეყნები, როგორც მორჩილი ყმები, თვალში შესციცინებენ ამერიკის პრეზიდენტს. არც ერთ მათგანს არ აქვს სურვილი თქვას, რომ სირიაში ომის გაჩაღება თვით მათთვის იქნება საშინელების მომტანი.

ერთპიროვნულმა მსოფლიო მმართველობამ, ჰეგემონიზმმა იცის ყოველივე ეს. ძალთა თანაფარდობის დარღვევა იწვევს მოჭარბებულ თვითდაჯერებას, საკუთარი შესაძლებლობების შეუფასებლობას. როგორც ჩანს, ვაშინგტონი რუსეთში, მითუმეტეს ირანში ვერ ხედავს შესაფერის მეტოქეს, რომელსაც ანგარიში შეიძლება გაეწიოს. მისი აზრით, ჩინეთი შორსაა და არ გარისკავს ამ პროცესში ჩართვას.

ვაშინგტონისთვის არაფერს წარმოადგენს გაერო, მისი უშიშროების საბჭო. ის უშიშროების საბჭოს გვერდის ავლით დააქცევს სირიას და შესაძლოა მთელს ახლო აღმოსავლეთს. ვაშინგტონი ადანაშაულებს ასადს ქიმიური იარაღის გამოყენებაში, მაგრამ ვინ თქვა, რომ მან მართლაც გამოიყენა ის. გაეროს კომისიას ჯერ არ დაუდგენია – მტყუან-მართალი.

მაინც რა მოხდა „დიდი რვიანის“ ლოხ-ერნის შეხვედრიდან დღემდე? მაშინ რუსეთის პრეზიდენტის პუტინის დაბეჯითებული მოთხოვნით გადაწყდა, რომ სირიის პრობლემა მხოლოდ მოლაპარაკებით გადაიჭრებოდა. თითზე ჩამოსათვლელი დღეები გავიდა ლოხ-ერნიდან დღემდე და ვაშინგტონის მკვეთრი შებრუნება ომისკენ. ესეც თქვენი ნობელის პრემიის ლაურეატი, ბუნჩულა და საყვარელი შავკანიანი ობამა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ძნელად მოიძებნება ადმინისტრაცია, რომელსაც მცირე თუ დიდ ომში ხელი არ ჰქონდეს გასვრილი. დღემდე, ობამა სხვის ომს ომობს. ბავშვი ხომ არ არის, მასაც უნდა თავისი ომი.

პუტინის ლოხ-ერნის მოკლევადიანი გამარჯვება ახლო აღმოსავლეთსა და მსოფლიოს ძვირი დაუჯდება. ბაშარ ასადი არ აპირებს დანებებას. მას ხალხი უჭერს  მხარს. „ალ-ქაიდას“, სალაფიტების, ექსტრემისტი სუნიტების ბატონობის პერსპექტივა – ტერორითა და ფიზიკური განადგურებით არ არის სირიელთათვის მომხიბლველი.

გამწარებულმა ასადმა, სრული შესაძლებელია, აშშ-ს მოკავშირე ისრაელი დაბომბოს. თავის მხრივ ისრაელი დროს იხელთებს და შეეცდება სირიის მოკავშირე ირანის ბირთვული კვლევის ობიექტების განადგურებას, რასაც უდავოდ მოჰყვება თეირანის დაუყოვნებელი პასუხი. ისრაელს აშშ-ი და ნატო ამოუდგება მხარში და სულაც არ არის გამორიცხული საქართველოს აეროდრომების გამოყენება ირანის წინააღმდეგ. ამერიკულ თავდასხმას ბევრი გაუთვალისწინებელი შედეგი შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ ამერიკას რა? ის შორს არის ეპიცენტრისგან.

მაინც რა შეუსაბამობაა ობამას განცხადებაში – სირიის ხელისუფლება უნდა დაისაჯოს? თითქოს დაბომბვის დროს ბომბი მარტო ასადს გამოეკიდება, მშვიდობიან მოსახლეობას – არა.

ქიმიური იარაღის გამომყენებელი ასადი უნდა დაისაჯოს დაბომბვით, მაგრამ თუ ოპოზიციამ გამოიყენა, მაშინ რა? ის, არ უნდა დაისაჯოს? თუმცა ამერიკელთა ლოგიკაში, არასდროს ყოფილა ლოგიკა. 1983 წელს ერაყ-ირანის ომში, თვით აშშ-ს სანქციით, ერაყმა არაერთხელ გამოიყენა ქიმიური იარაღი ირანის წინააღმდეგ.

ლოხ-ერნის დამარცხებამ დაბოღმა ობამა. მან ვაშინგტონში დაბრუნებისთანავე დაიწყო ომისთვის მზადება და ამის ერთ-ერთი ნიშანი იყო 3-4 სექტემბრის მოსკოვის სამიტის გაუქმება. ომის შემთხვევაში, შესაძლოა, „დიდი ოცეულის“ სანკტ-პეტერბურგის შეხვედრაც გაუქმდეს, ვინაიდან პუტინის, სი ძინპინის, სხვა მსოფლიო ლიდერების უკმაყოფილო სახეების მზერა იოლი არ იქნება აშშ-ს პრეზიდენტისთვის.

ერთპიროვნული ლიდერობა მუდამ საომარი პირობების წარმომქმნელი იქნება. თუ არ იქნება მრავალპოლუსიანობა, მაშინ იქნება მთელ მსოფლიოზე გადამჯდარი აშშ-ი. აიტანს ამას რუსეთი ან ჩინეთი? წესით, ვერ უნდა აიტანონ, მაგრამ ამისთვის საჭიროა პრინციპული, კატეგორიული ბრძოლა ჰეგემონობის გამოვლინების წინააღმდეგ და არა კოჭის გორება უმნიშვნელო სადღეისო შეღავათების მისაღებად.

თანამედროვე მსოფლიოში, ისე, როგორც კაცობრიობის არსებობის განმავლობაში, მხოლოდ ძალას, სამხედრო ძლიერებას ექცევა ყურადღება. დაფასებული და მართალი არის ის, ვისაც ძალა აქვს. ძალა, იწვევს შიშს. „შიში კი შეიქმს სიყვარულს“. 30 წლის წინანდელ ინგლისურ დოკუმენტებში აღწერილი საშინელება არ განხორციელდა მხოლოდ იმიტომ, რომ საბჭოეთის ბირთვული ბომბის შიში იყო. ამ შიშით მოვედით დღემდე.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.