ომს, დიპლომატია სჯობს!

„დაუნდობელი დიქტატორი, ჯალათი, საკუთარი ხალხის გამანადგურებელი, მსოფლიო მშვიდობის საფრთხის შემქმნელი“, – ასეთი იყო აშშ-ს პრეზიდენტის, სახელმწიფო და თავდაცვის მდივნების განცხადებები, რომელთაც მკაცრი გადაწყვეტილებები უნდა მოჰყოლოდა – სირიაზე ოთხთვიანი საჰაერო იერიშის მიტანა, სამხედრო და სტრატეგიული ობიექტების განადგურება, ქიმიური ქარხნის დაბომბვა და ამ აქტით პრეზიდენტ ასადის დასჯა. სირიაზე თავდასხმა მაგალითი უნდა გამხდარიყო მსოფლიოს სხვა დიქტატორებისთვის, რათა მათ არასდროს გაეხედათ ქიმიური იარაღისკენ.

„ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით სირიის პრობლემის დიპლომატიური გზით მოგვარებისთვის. ჩვენთვის მთავარი იყო და არის ქიმიური იარაღის აკრძალვა, სირიის ხელისუფლების მიერ ქიმიური იარაღის გადაცემა საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლებისთვის. ჩვენ მივესალმებით რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივას სირიის ქიმიური იარაღის განადგურების თაობაზე. მე და პრეზიდენტ პუტინს ამ საკითხთან დაკავშირებით საუბარი გვქონდა სანკტ-პეტერბურგის სამიტზე“.

ზემოთაღნიშნულ ორ განცხადებას შორის ორი კვირაა, დაძაბული, ნერვიული, ლანძღვა-გინების ორი კვირა, ხმელთაშუა ზღვაში მცურავი აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანით, რუსეთის შავი ზღვის სამხედრო გემების ხმელთაშუა ზღვაში შესვლით, მსოფლიოს მშვიდობისმოყვარე ხალხების ანტისაომარო გამოსვლებით, დემონსტრაციებით – ობამას პორტრეტებზე ჰიტლერის ულვაშების მიხატვით, ცხარე დებატებით ამერიკა-ევროპის პოლიტიკოსებს შორის, ისრაელის მოსახლეობის გრძელი რიგებით – აირწინაღების შესაძენად, სირიის ისედაც დამფრთხალი მოსახლეობის მეზობელ სახელმწიფოებში გადასვლით, ირანის ხელისუფლების გამაფრთხილებელი განცხადებით, რომ მეგობარ სირიას გვერდში ამოუდგება და იერიშს მიიტანა აშშ-ს სამხედრო გემებსა და ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ სამხედრო ბაზებზე, აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალი წარმომადგენლების მიერ უცხო ქვეყნების პოლიტიკოსებთან საუბრებით – მათი გადაბირების მიზნით, აშშ-ს სენატსა და კონგრესზე ზეწოლით და ა.შ.

პირველ განცხადებას მხარს უჭერდნენ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კემერონი, საფრანგეთის პრეზიდენტი ოლანდი, თურქეთის პრემიერ-მინისტრი ერდოღანი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჰარპერი, სხვები – თუმცა არც ისეთი რაოდენობა, თეთრ სახლს რომ გაახარებდა.

აშშ-ს ადმინისტრაციის მილიტარისტულ განწყობას ცივი წყალი გადაასხა ბრიტანეთის პარლამენტის გადაწყვეტილებამ – ბრიტანეთი არც ერთ შემთხვევაში სირიის ომში მონაწილეობას არ მიიღებს. ბრიტანეთის პარლამენტმა ხელ-ფეხი შეუკრა საკუთარ პრემიერ-მინისტრ კემერონსა და მთავრობას, რომლებიც იძულებული შეიქნენ დამორჩილებოდნენ მას.

ბრიტანეთის პარლამენტის გადაწყვეტილებამ ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა მსოფლიო მშვიდობის საქმეში. მან დააფიქრა მორჩილი ევროპა და ყოყმანისგან – პაციფიზმისკენ გადახარა. ერთმანეთის მიყოლებით გერმანიამ, სხვა ქვეყნებმა, ევროკავშირმა, ნატომ კატეგორიულად განაცხადეს, რომ სირიის საკითხი გაეროს უშიშროების საბჭომ უნდა გადაჭრას და არა აშშ-ს დაბომბვამ.

სირიის თემა, როგორც დამატებითი საკითხი, განიხილა „დიდი ოცეულის“ სანკტ-პეტერბურგის სამიტმა. საბედნიეროდ სამიტი იმ დროს გაიმართა, როდესაც დაძაბულობის კულმინაციამ უმაღლეს მწვერვალებს მიაღწია. სამიტის თავმჯდომარე პუტინმა, თანმიმდევრული რიტორიკით, ხან შემრიგებლური, ხან მუქარაშერეული ტონით ახსნა – რა შეიძლება მოჰყოლოდა ომს. ომს, რომელშიც, სირიის დახმარების თვალსაზრისით, რუსეთი მიიღებდა მონაწილეობას. სამიტის მონაწილეებმა მხარი სამშვიდობო პოლიტიკას დაუჭირეს, გარდა ზოგიერთისა – საფრანგეთი, კანადა, თურქეთი, საუდის არაბეთი. . .

სამიტის მონაწილეთა ნეგატიურმა განწყობამ უდავოდ იმოქმედა აშშ-ს პრეზიდენტზე, თუმცა მისი რიტორიკა ისევ აგრესიული რჩებოდა. სამშობლოში დაბრუნებულმა პრეზიდენტმა, მოიკითხა აშშ-ს სენატისა და წარმომადგენელთა პალატის ამბავი, გაეცნო სენატორთა და კონგრესმენთა განწყობას, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს და დაინახა, რომ ამერიკელთა 67%-ზე მეტი მხარს არ უჭერდა მის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება კონგრესს – უდიდესი უმრავლესობა წინააღმდეგი იყო ომის დაწყების, სენატშიც საეჭვო გახდა დადებითი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ ყოველივე ეს მაინც არ იყო საკმარისი ობამას შეჩერებისთვის.

ასე ჩანდა გარედან. და უცბათ, საფრანგეთში მყოფი სახელმწიფო მდივნის ქერის განცხადება – პრეზიდენტს სირიის დაბომბვის დაწყების გადაწყვეტილება არ მიუღიაო. გამოითქვა აზრი – თუ სირიის ქიმიურ იარაღს მოევლება, უდავოდ გაჩნდება შანსი დიპლომატიური მოლაპარაკებებისთვის. ქერის ნათქვამს უმალ მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის კონსტრუქციული წინადადება და მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სირიის საგარეო საქმეთა მინისტრთან მუალემთან გასაუბრება, ამ უკანასკნელის თანხმობა ქიმიური იარაღისგან ხელის აღების თაობაზე.

რუსეთის ინიციატივას განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო აშშ-ს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ცალ-ცალკე შეხვედრებში. მან აღნიშნა, რომ წინადადება მისაღებია და საჭიროებს სასწრაფო განხილვას, რომ აშშ-ი ყოველთვის მხარს უჭერდა სირიის საკითხის დიპლომატიური გზით მოგვარებას, რომ ის სთხოვს კონგრესს ამ თემაზე კენჭისყრა გადადოს და ა.შ.

შემდეგ იყო ობამას მიმართვა ამერიკელი ხალხისადმი, ორი საპირისპირო მოსაზრებით აღსავსე – მილიტარისტულითაც და შემრიგებლურ- დიპლომატიურითაც. ორი მოსაზრება ერთ მიმართვაში, თანაც ერთობ ხანმოკლეში, ერთ ადამიანში, ამ შემთხვევაში აშშ-ს პრეზიდენტის თავში მოტრიალე ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრება, ომი და მშვიდობა.

ომის შემთხვევაში, თითქმის ეულად დარჩენილი აშშ-ს პრეზიდენტი – არა კონგრესი, არა ამერიკელი ხალხი, არა მოკავშირეები, თითო-ოროლას გარდა, არა მოკავშირე ქვეყნების მოსახლეობა, არა ვატიკანი, არა ნატო, არა ევროკავშირი, არა გაერო. და მეორე მხრივ, ომში ჩართული ირანი, რუსეთის დახმარება სირიისთვის, მათ შორის სამხედრო, რაც თქვა კიდევაც პუტინმა, „ჰესბოლასა“ და „ჰამასის“ შეტევები ისრაელზე, ირანის მსგავსი მოქმედება და ისრაელის პირისაგან მიწისა აღგვა, გაჭიანურებული ომი და ნობელის პრემიის ლაურეატის იმიჯის შერყევა, როგორც შინ, ისე გარეთ. მაგრამ ეს მომავალში.

სიტყვის წარმოთქმის მომენტში საჭირო იყო, რაღაც ისეთის თქმა, ავტორიტეტს რომ არ შეურყევდა პრეზიდენტს, არ დაანახებდა ხალხს მის მერყეობას, აქეთ-იქით მიდებ-მოდებას, სუსტი პოზიციის ზეობას, პრეზიდენტის სისუსტეს.

“CNN”-სა და „BBC“-ზე პრეზიდენტის პირდაპირი გამოსვლის მოსმენამ შემდეგი აზრი გამიჩინა – მიმართვის ტექსტის პირველი ნაწილი ერთმა ჯგუფმა დაწერა, მეორე ნაწილი კი – მეორემ. ვუსმენდი პირველ ნაწილს და ვფიქრობდი – სად არის გუშინდელი ობამა, რომელიც ჟურნალისტებს სირიის საკითხის მხოლოდ დიპლომატიური გზით გადაჭრას დაჰპირდა?

მიმართვის პირველ ნაწილში ისევ გაიელვა დიქტატორის ძალისმიერად დასჯამ, საჰაერო თავდასხმით, სირიის სამხედრო ობიექტების განადგურებამ, რომ აშშ-ი არ დაუშვებს რომელიმე დიქტატორის მიერ აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენებას, მითუმეტეს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, რომ დამნაშავე ასადმა სამაგალითოდ უნდა აგოს პასუხი.

პრეზიდენტმა დაამშვიდა ხალხი, რომ სირიაზე თავდასხმას არ მოჰყვება სახმელეთო იერიში, რომ ამერიკელი ჯარისკაცი ფეხს არ დადგამს სირიის მიწაზე, რომ ამერიკას არავითარი საფრთხე არ ემუქრება სირიის მხრიდან (ეს იყო პასუხი სირიის პრეზიდენტის ბაშარ ასადის განცხადებაზე, რომელიც მან ამერიკულ ტელეკომპანიებთან ინტერვიუს დროს თქვა – სირია პასუხს გასცემს ამერიკას, ომი მეზობელ ქვეყნებზეც გადავა, განსაკუთრებით ისრაელზე), რომ ისრაელს აქვს ისეთი თავდაცვითი შეიარაღება, თვით მოუვლის თავის თავს და ა.შ.

შემდეგ იყო პაუზა, რომელსაც მოჰყვა მეორე ნაწილი – რუსეთის ინიციატივით, ქიმიური იარაღის განადგურებით, დიპლომატიური მოლაპარაკებით, ერთი სიტყვით არა ომის დაწყებით. მეც ისევე, როგორც მილიონობით ადამიანმა მსოფლიოში, შვებით ამოვისუნთქე – ომი არ იქნება, უფრო სწორად, იქნება, თუ ქიმიურ იარაღთან დაკავშირებით ამერიკა-რუსეთი-სირია ვერ შეთანხმდება.

შეთანხმების პროცესი სასწრაფოდ დაიწყო ხუთშაბათს, ჟენევაში. მოლაპარაკებაში გამოყენებული იქნება გაეროს უშიშროების საბჭოს რესურსი. მოლაპარაკებას დრო სჭირდება, შესაძლოა თვეებიც, არანაკლები – თვით ქიმიურ იარაღზე საერთაშორისო კონტროლის დაწესებას და შემდეგ განადგურებას. მანამდე კონგრესის კენჭისყრა არ გაიმართება. ახლა, ყველაფერი მხარეთა საზრიანობაზეა დამოკიდებული, უმძიმესი პრობლემის მაგიდასთან გადაწყვეტის სურვილზე.

ამერიკის პრეზიდენტის მიმართვას უმალ მოჰყვა ინგლისის პრემიერ-მინისტრის განცხადება – რუსული წინადადების პრიორიტეტულობის თაობაზე, საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება, რომ საფრანგეთი ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა დიპლომატიურ მოლაპარაკებას, იყო სხვათა სრულიად შებრუნებული განცხადებებიც. იყო რუსეთის დუმის რეზოლუციაც – შერბილებული, მშვიდობის მოწოდებით, მაგრამ გამწვავების შემთხვევაში მეორე რეზოლუციის მიღების მუქარით – დაარტყამთ სირიას, იარაღს მივაწვდით ირანს. დუმელებს C-300 რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა ჰქონდათ მხედველობაში, თავის დროზე, შეთანხმების საწინააღმდეგოდ, მოსკოვმა რომ თეირანს არ მიაწოდა. მაშინ რუსეთ-აშშ-ს დიპლომატიურმა ვაჭრობამ შეიწირა ეს შეთანხმება.

გამოვიდა თუ არა აშშ-ს პრეზიდენტი მისსავე მიერ შექმნილი ჩიხიდან, მწვადისა და შამფურის დაუწველად? გადაურჩა თუ არა ახლო აღმოსავლეთი და მსოფლიო ომს? გაიზარდა თუ არა რუსეთის, კერძოდ პუტინის ავტორიტეტი მსოფლიოში?

დავიწყებ ბოლოდან. ის, რომ პუტინის ბანერებით აივსო ევროპის ქალაქების ქუჩები  წარწერით – ჩვენ თქვენთან ვართ! – თავისთავად მეტყველებს პუტინის ავტორიტეტის გაზრდაზე. რაც შეეხება მშვიდობას – რეგიონმა მიიღო სამშვიდობო პაუზა და არა მარტო რეგიონმა, მსოფლიომაც, მაგრამ შეუთანხმებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია ვითარების დაძაბვა.

რაც შეეხება პრეზიდენტ ობამას იმიჯს, ის გაცილებით უკეთესია, ვიდრე საომარი რიტორიკის დროს. პრეზიდენტმა შეძლო ძალთა მობილიზაცია, ომის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მოსაზრებების შეჯერება, რევიზია, ადრე გამოთქმული საკუთარი განცხადებებისა – ერთობ მილიტარისტულის და აგრესიულისა და შეცვალა პოზიცია – ნობელის პრემიის ლაურეატისთვის შესაფერისად.

პრეზიდენტ ობამასათვის მშვიდომის დარგში ნობელის პრემიის მინიჭებამ მაშინ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია – ჯერ არაფერი გაუკეთებია და არაფრისთვისო? – ამბობდნენ მავანნი. როგორც ჩანს, არ შემცდარა ნობელის პრემიის კომიტეტი – აშშ-ს პრეზიდენტისთვის ნობელის პრემიის წინასწარ მინიჭებით. იქნებ ასეთი გადაწყვეტილება რომ მიეღო ბუშთან მიმართებაში, მსოფლიო გადაურჩებოდა ერაყ-ავღანეთის ომს?

წინასწარ მინიჭებაშიც არის რაციონალურობის რაღაც მარცვალი, რომელიც ომისკენ არ გაახედებს აშშ-ს პრეზიდენტს – რაც არ უნდა შუბლზე ძარღვგაწყვეტილი იყოს ის. არადა აშშ-ი, მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდიდან დაწყებული, დღემდე, იშვიათობას წარმოადგენს პრეზიდენტი, ვისაც დიდი ან პატარა ომი არ ეწარმოებინოს მსოფლიოს ამათუ იმ კუთხეში. იქნებ ნობელის პრემიამ შეაძლებინოს პრზიდენტ ობამას უომოდ დაასრულოს თეთრ სახლში დარჩენილი სამი წელი?! ჯერ-ჯერობით ის იმსახურებს ქათინაურს, ისე, როგორც მისი რუსი კოლეგა. დანარჩენი ხვალეზეა გათვლილი. „ქატო იქა, ფქვილი აქა“-მდე  მძიმე შრომა ძევს –  მსოფლიო მშვიდობისთვის, რომელშიც ვერც ამჟამად აღმოჩნდა საქართველო.

ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საქართველომ მხარი დაუჭირა ამერიკას. საქართველოს „წვრილფეხა“ მინისტრობამ, ფანჯიკიძე-ალასანიას და სხვათა სახით, დაგმეს ბაშარ ასადის მიერ ვითომდა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება და მოუწოდეს ობამას მკაცრი ზომებისკენ. საინტერესოა, იციან თუ არა მათ სირიის შესახებ ან რა იციან?

საქმეში ჩახედული მოხელე ინგლისის პარლამენტის, ამერიკის კონგრესის, ამერიკელი ხალხის, რომის პაპის ფრანცისკოს, გაეროს გენერალური მდივნის პან გიმუნის, ევროკავშირის, ნატოს, სხვათა და სხვათა ანტისაომარო განცხადებების შემდეგ თავს შეიკავებდა აშშ-ს მხარდაჭერისგან. როგორც ჩანს, მათ სირია, საქართველოდან შორს, ავსტრალიის კონტინენტზე ჰგონიათ და იქ რაც მოხდება, არ ანაღვლებთ.

უმწიფარი მინისტრების საყურადღებოდ – სირია აქვეა, თითქმის ჩვენს მეზობლად. იქ გაჩენილი ხანძარი საქართველოზეც გავრცელდება. მიზეზთა გამო ამის აშკარა ნიშნებიც არის. ქართული გამოთქმა „ჩათრევას, ჩაყოლა სჯობს“ – მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, როდესაც ფიზიკური პირი წევს რისკს, მაგრამ, როდესაც მოხელე, ვინც არ უნდა იყოს ის, ქვეყანას ითრევს ომის მორევში, არ უნდა მოხელეობდეს.  როგორც ჩანს, 2008 წლის სააკაშვილის ვოლუნტარიზმმა ვერაფერი გვასწავლა, თორემ ამერიკას კი არა, ხუთ ამერიკას არ დაუჭერდნენ მხარს.

გაივლის დრო და ის სამარცხვინო დოკუმენტი, რომელსაც საქართველოც შეუერთდა, სადღაც ამოტივტივდება, თანაც ძალიან ნეგატიურად. ვიყვიროთ მერე – აშშ-ს ელჩმა ნორლანდმა მადლობა გადაგვიხადა მხარდაჭერისთვისო. დაფასდება ყველა ის ქვეყანა, ვინც შეეწინააღმდეგა ოფიციალურ ვაშინგტონს, მხარი არ დაუჭირა მის მილიტარისტულ გეგმას, რითაც შეაგნებინა ობამას, რომ ომს, დიპლომატია სჯობს, რომ ნებისმიერი ომი, ისევ მოლაპარაკებით თავდება.

ობამამ დაიხია, მაგრამ ამ დახევით მან უდიდესი სიბრძნე გამოავლინა. ჩვენ?

საქართველოს თანამედროვე ისტორიაში დახევის, თავშეკავების მაგალითების უდიდესი დეფიციტია. 1989 წლის 9 აპრილს, პარლამენტის წინ შეკრებილმა მომიტინგეებმა არ დაუჯერეს უწმიდესსა და უნეტარეს, არ დაიხიეს, რითაც უკან დახისე ქვეყანა.

1991 წლის დეკემბერში,  თბილისის ომის დროს პრეზიდენტმა არ დაიხია, არ გაიზიარა ოპოზიციის წინადადება გადადგომასთან და ვადამდელი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით – თავიც წააგო და ქვეყანაც.

1992 წელს, მეორე პრეზიდენტმაც არ დაიხია, ომი გაახურა აფხაზეთში, რითაც ფაქტობრივად დაკარგა ავტონომია.

2008 წელს, ნაცვლად გონივრული მოქმედებისა, უგუნურობას მიეცა გასაქანი და რაც მთავარია, უკან არ დახევას, რაც ქვეყნისთვის კატასტროფით დასრულდა.

ოთხივე შემთხვევაში საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში გონებადახშული, აგრესიული ბუნების ადამიანები იღებდნენ მონაწილეობას. ყველა მათგანს თოფის გადაკიდება ვაჟკაცობა ეგონა. თოფსაც თავისი ადგილი აქვს, მაგრამ მანამდე ჭკუაა საჭირო, სწორედ ის, თოფს რომ უვარგისს ხდის. სამწუხაროდ, ასეთი, ქართულ პოლიტიკაში არ ჩანს.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი.