მძიმე დასაწყისი
2021 წელი, ერთობ ბობოქარი, პოლიტიკური ბრძოლებით გაჯერებული, ლოკალური, რეგიონული კონფლიქტებით დატვირთული, კორონავირუსის შემოტევით გამოფიტული — განსაკუთრებით ეკონომიკის ტემპის დაქვეითების ფონზე, სოციალური პრობლემების წინა პლანზე წამოწევით, რის ვაივაგლახით ისტორიას ჩაბარდა.
დადგა ახალი, 2022 წელი — იმედისა და ბედნიერების მომტანი — საუკუნეების განმავლობაში ტრადიციულად რომ ვპირდებით საკუთარ თავს, ახლობლებს, ყველას — ახლომყოფს თუ შორეულს.
კეთილი სურვილი, ნებისმიერ ჩვენგანს წამით აშორებს ცხოვრებაში არსებულ ბოროტებას. სურვილი ბედნიერებისა და სიკეთის, თუნდაც ახალი წლის დადგომის წინ და შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში რომ მთლიანად დამდგარ ახალ წელზე ვრცელდება და არა ხანმოკლე პერიოდზე, ლოგიკურად არის ჩაბეჭდილი ჩვენს გონებაში — მშვიდობისა და ბედნიერების მსურველთა.
მაგრამ არის სხვა კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც ასევე ტრადიციულად ულოცავენ სხვებს და საკუთარ თავსაც და მასთან ერთად აკეთებენ საწინააღმდეგოს, რამეთუ ის მიაჩნიათ ბედნიერებად და წარმატებად. მათ ნაკლებად ანაღვლებთ უმრავლესობის აზრი სიკეთესთან მიმართებაში. მათი აზრით, საქმით, სიკეთე ანტისიკეთეშია, თუმცა მათი აღქმით ანტისიკეთე, სიკეთეა.
მძიმე გამოდგა 2022 წლის დასაწყისი, იმაზე მძიმე, დაძაბული, ვიდრე გვეგონა. შინ და გარეთ, ბოლო არ უჩანს კორონავირუსის ახალ-ახალი სახეობების შემოტევას.
ისე, როგორც შარშან, ახალი წლის დასაწყისშიც, დაავადებით მოცელილ და საიქიოს გასტუმრებულთა რაოდენობა ჯიქურად არ კლებულობს, პირიქით, რაც ამ დაავადებისგან წელს თავისდაღწევის შანსს ამცირებს.
სამწუხაროდ, საქართველო ამ დაავადებით დაზარალებულთა შორის მოწინავეა მსოფლიოში და არ ვიცით ვის დავაბრალოთ არასასურველი პირველობა — ხელისუფლებას თუ ვაქცინაციის წინააღმდეგ გამსჭვალულ მოსახლეობას?
ჰოლივუდის კინოვარსკვლავების პოპულარობით „შემოსილი“ ქართველი ვირუსოლოგები, რომ თითს ხალხისკენ იშვერენ და არა ხელისუფლებისკენ, რა გასაკვირია? ხელისუფლებისკენ თითგაშვერილს ან ხელს მოატეხენ, ან თავს.
ასე რომ, დამნაშავე ისევ ხალხია, როგორც ყოველთვის, ვინაიდან მან არც თავისი ადგილი იცის და არც ქვეყნის შენების პასუხისმგებლობა გააჩნია. ის თვლის, რომ მისი საქმე განზე დგომა და სეირის შორიდან ყურებაა. „სხვისი ჭირი, ღობის ჩხირი“ — ჩაბეტონებული აქვს ტვინში და ვერ მიმხვდარა სხვისი ჭირი, რომ საკუთარი ჭირია.
კორონავირუსის შემოტევის ასობით და ათასობით მსხვერპლს ტრაგედიად აღარ მივიჩნევთ. არც იქ, საზღვარგარეთ თვლიან ამას ტრაგედიად. ხალხი მიეჩვია, შეეგუა ვითარებას. მაგრამ მარტო კორონავირუსულს მიეჩვია?
არანაკლებ საშიშ სოციალურ გაუსაძლისობასაც, რომლის ფინალიც ისეთივეა, როგორც კორონავირუსულის, ოღონდ შენელებული, დროში გაწელილი. ეკონომიკური დეგრადაცია — ფასების კატასტროფული ზრდა მედიკამენტებზე, კვების პროდუქტებზე, პირველადი მოთხოვნილების საგნებზე, სამედიცინო მომსახურებაზე — იწვევს ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმის გამოფიტვას.
გამოფიტული ორგანიზმი, მითუმეტეს სამედიცინო მომსახურებას მოკლებული — უსახსრობის გამო, აქტიური სოციალური ცხოვრებისთვის შეუთავსებელია. და თუ ასეთთა რაოდენობა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს, როგორი იქნება სახელმწიფო? შეძლებს ასეთი, სერიოზული თუ ნაკლებად სერიოზული გამოწვევების გამკლავებას?
ჯანმრთელობაშერყეული ადამიანების ქვეყანა რომ დაავადებულად აღიქმება, ყველასთვის ახალი რამაა? და ეს ყველა — მეზობელი თუ შორებელი რომ ხარბ თვალს დაადგამს მას, გასაკვირია?
მენტალურად, ეკონომიკურად განვითარებული ქვეყნის ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს მისი დამქირავებლის, ანუ მოსახლეობის სამსახურში ყოფნას, მისთვის სოციალური პრობლემების მოგვარებას, ჯანმრთელობის გაუმჯობესებას — ათასი სახის პროექტით, მასობრივი დისპანსერიზაციით, სხვა ღონისძიებით. და თუ ამას ისე ვერ ახერხებს, თავს უფლებას არ აძლევს სხვა გზით მაინც არ გაუუარესოს ხალხს ცხოვრება.
საქართველო ამ თვალსაზრისით უნიკალურია. უნიკალურია არა იმით, რომ ისედაც გაძაღლებულ ცხოვრებას, ცეცხლი არ წაუკიდოს, არამედ პირიქით. რას ნიშნავს ესოდენ გონგამოცლილი „ნოვატორობა“, როდესაც ხალხი უსახსრობით სულს ღაფავს და ნაცვლად მისთვის შვების მიცემისა, ფეხით ყელზე აწვები, ლამის დასახრჩობად, ისე, როგორც ამერიკელი პოლიციელი, ზანგს — ქმედებამ, რომელმაც ლამის რევოლუცია გამოიწვია აშშ-ი?
არც არაფერს, გარდა თავხედობისა, ბრიყვული თავდაჯერებისა. ხელისუფლებამ იცის, რომ ხალხი სოციალურ საკითხებზე ქუჩაში არ გამოდის. ქართული პოლიტიკა ხომ მუდამ სიამაყით გაიძახის — ქართველი პურის გულისთვის მიტინგს არ გამართავსო.
ქართველთა აზრით, „გვშიაო“ — მიტინგზე ძახილი, სირცხვილია, მაგრამ ნაგვის ურნებში გადაშვება რაღაა? ნაგვის ყუთში ნარჩენი საჭმლის ძიება სირცხვილი არ არის, მაგრამ სირცხვილია დემონსტრაციების, მიტინგების მოწყობა, რასაც განვითარებულ ქვეყნებში მუდმივად აქვს ადგილი.
საქართველო რომ დასავლეთისკენ მიისწრაფის — კონსტიტუციაშიც ჩავწერეთ, მაგრამ დასავლური ცხოვრების წესი რომ არ გვინდა? უფრო სწორად გვინდა გამოხშირვით, ანუ ის რაც გვაწყობს. ხელისუფლებას, პირადი მიზნებიდან გამომდინარე და არა სახელმწიფოს, არ უნდოდა ევროკავშირელი შარლ მიშელის დოკუმენტი და უარი თქვა მასზე, თუმცა ნატო-ევროკავშირში შესვლა უნდა, რისთვისაც ქვეყნისთვის შეუფერებელ გადაწყვეტილებაზეც თანხმდება. ისეთზე, როგორიცაა 3×3 ფორმატი, რომელიც თურქეთის პრეზიდენტს ერდოღანს ეკუთვნის, აზერბაიჯანელ კოლეგა ალიევთან ერთად.
საქართველომ უარი თქვა ფორმატში მონაწილეობაზე, ვინაიდან იქ რუსეთია. საქართველოს ხელისუფლებამ ისიც განაცხადა, რომ ფორმატში აშშ-ევროკავშირის ჩართვის შემთხვევაში, ისიც მიიღებდა მონაწილეობას.
არის ასეთი უგონო განცხადება საქართველოს ხელისუფალთა თავებში გაჩენილი თუ აქაც ამერიკელთა გავლენაა? ცხადია, ერთიც და მეორეც.
ის, რომ საერთაშორისო საკითხებში საქართველოს გამოუცდელ ხელისუფლებას, უცოდინრობის გამო, ეჩოთირება საერთაშორისო, რეგიონული ფორმატის მატარებელ ფორუმში მონაწილეობის მიღება, ნაკლებად საეჭვოა. მაგრამ ეჭვგარეშეა ამერიკელთა ზეწოლაც. მას არ სურს, რომ საქართველომ მონაწილეობა მიიღოს მუდმივმოქმედ ფორუმში, ვინაიდან იმედი არ აქვს საქართველოს მიერ რუსეთის წინაშე სიმტკიცის გამოჩენის.
ფორმატი უდავოდ დააკავშირებს მასში მონაწილე ამიერკავკასიის 3 ქვეყანას რუსეთთან, თურქეთთან, ირანთან, რაც აშშ-ს მიუღებელია, ვინაიდან საქართველოს სახით კარგავს მოკავშირეს.
რას კარგავს საქართველო?
საქართველო ვარდება ამიერკავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ასამბლეიდან და იძულებული იქნება შეეგუოს გადაწყვეტილებებს, რომელსაც ფორმატი მის გარეშე მიიღებს, შესაძლოა მის საწინააღმდეგოდაც. „თბილისი მალე იგრძნობს გლობალურ და რეგიონალურ ძვრებს გეოპოლიტიკურ სტატუს-კვოში“, — ასე წერს თურქული „საბახი“.
ფორმატი უპირველესად ეკონომიკურია, კომუნიკაციურია და თუ ეს ორი განხორციელდა, პოლიტიკური საკითხების მოგვარებას, მათ შორის ტერიტორიულის, რაღა უდგას წინ? საქართველო, აშშ-ს ბრძანებით კარგავს ამ უმნიშვნელოვანესი საკითხების მოგვარების შანსს.
ხელისუფლება ავლენს მისთვის ჩვეულ ინდიფერენტიზმს, როდესაც საქმე ქვეყანას და მის ხალხს ეხება. ამ ფორმატში, რომ ხელისუფალთა პირადი დაინტერესება იყოს, ისე როგორც შარლ მიშელის დოკუმენტში, მაშინ ის დათანხმდებოდა ფორმატში ჩართვას და ყურადღებას არ მიაქცევდა ამერიკელთა ბრძანებას.
თურქეთის ოფიციალურ პირთა განცხადებით, საქართველოს უარი თურქთა ხელისუფალთათვის „აფიქსირებს თურქეთთან დაშორებას“, „საბოტაჟს უკეთებს“ ერდოღანის ინიციატივას.
3×3 ფორმატიდან დისტანცირება რომ ნეგატიურად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, ფაქტია. ცხადია, ეს ნაკლებად შეაწუხებს ხელისუფლებასა და მის ამალას, მაგრამ დანარჩენ მოსახლეობას — ქართული ეკონომიკის მსხვერპლს, მთლად გაუუარესებს ცხოვრებას.
აი, ასეთ მძიმე ფონზე ქართული მედია დუმს. არვინ ლაპარაკობს ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირებაზე, კომუნალური გადასახადების გაორმაგებაზე, ავტომანქანის სადგომის ღირებულების გაზრდაზე, სხვა „სიკეთეებზე“, რაც ამ ხელისუფლების აღვირახსნილობის შედეგია.
ქართველი იტანს ხელისუფალთა მიერ მის ჯიბეში ხელის ფათურს, იქიდან, შემორჩენილი თეთრების ამოღებას. ქართველი ამაყია. ის სოციალურ გაუსაძლისობაზე, არც მიტინგს გამართავს და არც საპროტესტო მანიფესტაციას.
იცის ეს ხელისუფლებამ და ამიტომაც აჭენებს მას — შიმშილით, ისედაც ღონმოხდილს.
ქართველი იმიტინგებს სააკაშვილისთვის, მისი ჯანმრთელობისთვის, ციხიდან გამოშვებისთვის, მაგრამ არა საკუთარი სოციალური პირობების გაუმჯობესებისთვის.
ქართველი იმიტინგებს ყაზახი ხალხისთვის სოლიდარობის გამოსახატავად, რასაც ყაზახეთის მოვლენების მეორე დღესვე ჰქონდა ადგილი პარლამენტის წინ. მიტინგი ხალხმრავლობით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ხომ გაიმართა?
მომიტინგენი, ქვეცნობიერად ყაზახეთის ხელისუფლების წინააღმდეგ ამხედრდნენ, ისე, როგორც რუსეთისა, რომელმაც სამშვიდობო ჯარი შეიყვანა ყაზახეთში. მომიტინგეებმა სოლიდარობა და მხარდაჭერა გამოხატეს ყაზახთა მიმართ, რომლებმაც ვერ გაუძლეს საწვავზე ფასების მატებას და ქუჩაში გამოვიდნენ.
იკითხავთ — რამდენი დღე ვერ გაუძლო ყაზახმა მომატებულ ფასებს?
ორი დღე. ორი არასრული დღის შემდეგ გამოვიდა ხალხი რამდენიმე ქალაქის ქუჩებში და კატეგორიულად მოსთხოვა ხელისუფლებას ფასების რეგულირება, მთავრობის გადადგომა.
რა მოიმოქმედა პრეზიდენტმა?
უმალ გადააყენა მთავრობა, პასუხისგებაში მისცა 6 კომპანიის წარმომადგენელი — ფასების გაზრდისთვის; ორჯერ შეამცირა ფასები საწვავზე, კვების პროდუქტებზე და ა.შ.
მომიტინგეთა გასაგონად — ყაზახი ხალხისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად მოიცალეთ და საკუთარი ხალხისთვის ვერა? იქაც და აქაც ხომ ფასების მატებასთან გვაქვს საქმე?!
ხალხის გამოსვლა გამოიყენა ოპოზიციამ — შინაგანმა და გარეგანმა, ბანდიტებმა, ტერორისტებმა, რომლებმაც დაარბიეს ქალაქები, განსაკუთრებით ძველი დედაქალაქი ალმა-ატა; დაწვეს ავტომანქანები, ადმინისტრაციული შენობები, მაღაზიები; გაიტაცეს სხვადასხვა სახის საქონელი; დახოცეს ხალხი, …
იკითხავთ — რასთან გვაქვს საქმე?
ყაზახეთი, ცენტრალური აზიის ყველაზე განვითარებული სახელმწიფო, უმდიდრესი წიაღისეულით, ნავთობით, გაზით, სტაბილური ხელისუფლებით, მსოფლიოში ცნობილი მეთაურით, ერის მამად „ელბასად“ წოდებული ნურსულთან ნაზარბაევით, თითზე ჩამოსათვლელ წლებში აშენებული ახალი სუპერთანამედროვე დედაქალაქით, რომელიც ნურსულთანის სახელს ატარებს, მილიარდობით დოლარის ინვესტიციით, ცენტრალური აზიის ცხოვრების საშუალო დონით გამორჩეული და უცბათ, მოულოდნელად „ფერადი რევოლუციის“ მსგავსი მოვლენა?
სტატიის დასაწყისში აღვნიშნე ბოროტ ადამიანთა შესახებ, რომელთა მიზანი სხვაა — ბუნტი, ქაოსი, ხოცვა-ჟლეტა, ხელისუფლების დამხობა. ასეთთათვის არც ახალი წელია და არც დღესასწაული.
ყაზახეთში სწორედ ასეთთა გამოხდომასთან გვაქვს საქმე, რომელმაც ახალი წლის საზეიმო განწყობას იანვრისთვის შესაფერისი ყინულოვანი წყალი გადაასხა და ყაზახეთის ოფიციალური ინფორმაციით 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა — ახალი წლის პირველსავე დღეებში.
მძიმე გამოდგა 2022 წლის დასაწყისი არა მარტო ყაზახეთისთვის, არამედ მსოფლიოს პოლიტიკისთვის, ცენტრალური აზიის მეზობელი ქვეყნებისთვის და სხვებისთვის, რამეთუ გლობალიზაციამ ყაზახეთიდან შორს მყოფი ქვეყნებიც კი ისე დააახლოვა, იქ მომხდარ მოვლენას, როგორც საკუთარს რომ აღიქვამს ადამიანი.
მაინც რა მოხდა, რა ხდება ყაზახეთში?
ამ კითხვას ჯერ-ჯერობით პასუხი არ გასცემია. არის ვარაუდები. სახეზეა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა. არიან დაპატიმრებულებიც — მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეების სახით. ყაზახეთის ქალაქებში გრძელდება ანტიტერორისტული ღონისძიებების გატარება. წესრიგის აღდგენაში ჩართულია „ოდკბ“-ს წევრი სახელმწიფოების სამხედრო ძალები…
რა არის ჩვენთვის ცნობილი?
უპირველესად ის, რომ ანტისახელმწიფოებრივ გამოსვლაში მონაწილეობას იღებდნენ, როგორც ქვეყნის შიგნით არსებული რეაქციული ძალები, ისე უცხოელები — სათანადოდ ეკიპირებული, შეიარაღებული, გაწვრთნილი.
რა არის მიზეზი ყაზახთა აღშფოთებისა?
სოციალური უთანასწორობა. მთლიანობაში ქვეყანაში რახანია არის სოციალური სამართლიანობის მოთხოვნა. ნავთობის მოპოვებით — 100 მილიონი ტონა წლიურად, ყაზახეთი ერთ-ერთი ლიდერია პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, თუმცა წარმატებების მოდელი შეზღუდულია და ხალხის ვიწრო წრით შემოიფარგლება. პირველ რიგში ყოფილი პრეზიდენტის ნაზარბაევის ოჯახით.
ნაზარბაევის ოჯახი, რომელიც 3 ქალიშვილის, სიძეების, შვილიშვილების და ახლო ნათესავებისგან შედგება, უდიდესი ქონების მფლობელია. მედიის მიხედვით, ოჯახი საზღვარგარეთ ფლობს 800 მილიონი დოლარის უძრავ ქონებას, ფეშენებელურ ვილებს, სასახლეებს და ა.შ.
ბუნტის ორგანიზატორებმა კარგად იცოდნენ, რომ აქცენტი უნდა გაკეთებულიყო ოჯახის მიმართ ხალხის ნეგატიურ დამოკიდებულებაზე. ხალხის უკმაყოფილებას ნაზარბაევის ოჯახის მიმართ მარტო დღეს არ აქვს ადგილი. ის ჯერ კიდევ 2013 წელს დაიწყო — მასობრივი გამოსვლებით. ხალხის იმედგაცრუება სიძულვილში გადაიზარდა, გაჩნდა ლოზუნგი — „შალ, კეტ!“ — „მოხუცო, წადი!“
თვით ნაზარბაევი არც ერთ კომპანიას ან საწარმოს არ ფლობს. კომპანიებს მისი ქალიშვილები და სიძეები ფლობენ. ყველა კომპანია საჯაროა, მათი აქციები ტრიალებს საერთაშორისო ბირჟებზე. თუ მათ რამე დაემართებათ, ეს პირველ რიგში ყაზახეთის იმიჯს შელახავს, შეაფერხებს ინვესტიციებს.
ყაზახეთში, რომელიც ტერიტორიის სიდიდით მსოფლიო ქვეყნების ათეულში შედის, მხოლოდ 20 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მათ შორის რუსული ეროვნების 3,5 მილიონი.
ყაზახეთის რუსული მოსახლეობა 6,5 მილიონიდან 3,5 მილიონამდე დავიდა ბოლო წლებში ანტირუსული პროპაგანდისა და გამოხდომების წყალობით, რაც უპირველესად ხელისუფლების წაყრუებით, ხშირ შემთხვევაში წაქეზებით ხდება. შექმნილია ე.წ. „ენის პოლიცია“ — საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ხალხს, მათ შორის რუსებს უკრძალავს მშობლიურ ენაზე ლაპარაკს.
პირადად ნაზარბაევის ძალისხმევით ყაზახმა ახალგაზრდებმა ტრენინგები გაიარეს აშშ-ი, ევროპის ქალაქებში, სადაც მათ ასწავლიდნენ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას, ზრდიდნენ რუსოფობიურად, ვიწრო ნაციონალიზმით. ამ მხრივ ყაზახეთი წყლის წვეთებივით ჰგავს უკრაინას. გაკვირვებას არ იწვევს ის, რომ ტერორისტული გამოხდომის ცენტრი არის უკრაინაში; რომ უკრაინელი ნაცისტები აქტიურად არიან ჩართული ყაზახეთის საშინაო საქმეებში, ანტისახელმწიფოებრივ მოქმედებაში.
პოსტსაბჭოთა სივრცეში გამეფებულმა მრავალწახნაგოვანმა პოლიტიკამ, რომ კრახი განიცადა, ჯერ ბელორუსში გამოჩნდა, ახლა კი ყაზახეთში. ბელორუსში მოწყობილმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამ დაანახა ბელორუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოს, რომ დასავლეთთან თამაში საფრთხის შემცველია. დაინახავს ამას ყაზახეთის ამჟამინდელი პრეზიდენტი ტოკაევი, მომავალი გვიჩვენებს.
მოჩვენებითი ღიმილი, მხარზე ხელის მოთათუნება — ესოდენ დამახასიათებელი ამერიკელი „პარტნიორებისთვის“, გულუბრყვილო ყოფილ საბჭოელებს მათ მიმართ პოზიტიურ განწყობას უქმნის, რაც საბოლოო ჯამში მოტყუებით, გაცურებით, დამხობით თავდება.
ნეტავ რამდენი მძიმე გამოცდის ჩაბარება მოუწევთ ყოფილ საბჭოელებს, ვიდრე მზაკვრულ დასავლურ პოლიტიკურ ანბანს აუღებენ ალღოს?
ეს კითხვა ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ეხება, განსაკუთრებით საქართველოს და ქართველებს. ნუთუ, 30-წლიანმა ცხოვრებისეულმა ლექციებმა ვერაფერი შეგასწავლათ?!
ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი
11/01/2022