18.07.2024

ესტონეთის პრეზიდენტი და სტუმარ-მასპინძლობა

ქართველები ხშირად ვამბობთ — სტუმარი ღვთისააო, რითაც უდავოდ გამოვხატავთ ჩვენს ხელგაშლილ მასპინძლობას, კეთილ ნებას, სტუმართმოყვარეობას მოსულის მიმართ, როგორც მეზობელი, ისე შორეული ქვეყნიდან და არა მარტო საქართველოს სოფლიდან თუ ქალაქიდან. მასაც ისეთივე პატივით ვხვდებით, როგორც უცხოელს.

ვხდებოდით! ამჟამად მასპინძლობის საქმე აქაც, ისე, როგორც სხვაგან მოიკოჭლებს. მიზეზი? — „კოვიდ-19“-ია. პანდემიამ არათუ სტუმრიანობა დაგვავიწყა, ადამიანთა ურთიერთობაც. რა ურთიერთობაზე შეიძლება ლაპარაკი პირახვეული ადამიანებისთვის?! შიშით ხელსაც ვერ ვართმევთ ერთმანეთს, კოცნაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. ასეთ დროს სტუმრობა, მითუმეტეს მასპინძლობა სარისკო საქმეა.

რისკის შემცველია მასობრივი ღონისძიებების ჩატარებაც, ამდენად ვიდეო-თათბირები, კონფერენციები, ფორუმები ერთადერთი გამოსავალია დაგროვილი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ენერგიის, შეხედულებების გასასაჯაროებლად. თუმცა არის რაღაც გამონათებაც — საყოველთავო ვაქცინაციის სახით, რამაც კაცობრიობას მისცა საშუალება მის მიერ გამოგონილ-დაწესებული შეზღუდვების მოხსნის, თუ სრულად არა, ნაწილობრივ მაინც. კარჩაკეტილობა ნელ-ნელა უკან რჩება და უნდა ვიმედოვნოთ, რომ სწრაფი ვაქცინაცია დაგვიხსნის კოვიდით გამოწვეული საშიშროებისგან.

თავში, სტუმარ-მასპინძლობა ვახსენე — კოვიდამდე არსებული. ისიც ვთქვი — სტუმარი ღვთისააო. ეს გამოთქმა არა მარტო ქართველთათვის არის დამახასიათებელი, ასეთს მოისმენთ სხვაგანაც, განსაკუთრებით აღმოსავლეთის ქვეყნებში, გაცილებით მეტად ტრადიციულში, ვიდრე ევროპულში.

მასპინძელი — გულუხვი და სიტყვატკბილი სტუმრისადმი, ცდილობს ასიამოვნოს მას. სტუმარიც არ არღვევს სტუმარ-მასპინძლობის ფილოსოფიას და ქათინაურებით ამკობს მასპინძელს, მის ოჯახს, მის ქვეყანას.

გასული საუკუნის სამოციან წლებში სააქციო საზოგადოება „ინტურისტის“ თბილისის განყოფილებაში გიდ-თარჯიმნად მუშაობის დროს, სისტემატური კონტაქტი მქონდა ამერიკელ ტურისტებთან — სხვადასხვა სპეციალობის, პროფესიის ადამიანებთან. მე და ჩემი კოლეგები პათოსით ვუყვებოდით მათ არა მარტო საქართველოს ისტორიაზე, არამედ იმ წარმატებებზე, რასაც საბჭოთა საქართველომ მიაღწია გასაბჭოების შემდეგ.

ზეპირ ნათქვამს თვალნათელ მაგალითებსაც ვუმატებდით ახალმშენებლობების სახით, მათ შორის ბარათაშვილის ორსართულიანი ხიდით, სხვა შენობა-ნაგებობებით. მახსოვს მათი აღტაცებული გამონათქვამები — შესანიშნავია, ფანტასტიკურია. და ამას ამბობდნენ იმ ქვეყნის წარმომადგენლები, რომლებსაც არაერთი ხიდი თუ ცათამბჯენი ჰქონდათ ნაშენი. სტუმრები ამას ჩვენს გასახარად ამბობდნენ, თორემ ორსართულიანი ბარათაშვილის ხიდი რა მოსატანი იყო სან-ფრაცისკოს ხიდთან?

იმ თაობის ადამიანებს ემახსოვრებათ გაზეთ „კომუნისტის“ რუბრიკა „ამას შენზე ამბობენ, ჩემო სამშობლოვ“ — ჩვენთვის ცნობილი თუ უცნობი უცხოელების მიერ საქართველოზე აღფრთოვანებით ნათქვამი სიტყვებით გაჯერებული.

ეს, ვრცელი შესავალი იმიტომ გავუკეთე აღნიშნულ სტატიას, რომ მკითხველისთვის დამენახვებინა, გამეგებინებინა იმ აუტანელი ერთიდაიგივეს ხვეწნა-მუდარის აბსორდულობა კოლექტიური დასავლეთისთვის — მიგვიღეთ ნატოში, მიგვიღეთ ევროკავშირში ან როდის მიგვიღებთ?

თითქმის 30 წელია ვსვამთ ამ კითხვებს ე.წ. საქართველოს პარტნიორი ქვეყნების წინაშე, საიდანაც აკადემიურად გვესმის — თქვენთვის კარი ღიაა, მაგრამ მას შემდეგ, როდესაც „საშინაო დავალებას“ შეასრულებთ.

„საშინაო დავალებათა“ ჩამონათვალი ისეთი გრძელი და ძნელად შესასრულებელია, რომ უიმედობა გვიპყრობს და სხვა გზის გამონახვისკენ გვიბიძგებს. რა გზის? — იკითხავს მკითხველი. თავხედური მოთხოვნის — მიგვიღეთ, თორემ? თორემ რა? სხვაგან გავიქცევით?

ამ მოთხოვნის ავტორებს ჰგონიათ, რომ დააშინებენ ევროატლანტიკურ სივრცეს და ისიც უმალ კარს გაგვიღებს, იმის შიშით მას არ მივაფურთხოთ და რუსეთს არ ჩავეხუტოთ. ამ მოთხოვნის ავტორები თვლიან, რომ რუსეთთან ჩახუტება მყისიერად მოხდება, რუსთა მხრიდან ყოველგვარი დაფიქრების გარეშე.

ცდებით, მეგობრებო! დღევანდელი რუსი სხვაა, არა ისეთი, 20-25 წლის წინათ რომ იყო. დღევანდელი, იმ დასავლეთში, თქვენ რომ მიილტვით, ნასწავლ-ნატრენინგალია და ფაქტიურად ისეთივეა, როგორიც ის დასავლელი, კონიაკზე და ღვინოს ყუთზე არ იყიდება. მას აქაური ეკონომიკური პოტენციალი თუ მოხიბლავს, ამასთანავე პოლიტიკური მდგომარეობა.

ეკონომიკური პოტენციალი ისეთი არ არის — ეს რა ვნახეო, რომ თქვან. პოლიტიკური მდგომარეობა კი ისეთი გვაქვს, ავ თვალს არ ენახვება. დავუშვათ, რუსეთმა დახუჭა თვალი და ჩაგვეხუტა, რას ვუშვებით ევროკავშირს, აშშ-ს, სავალუტო ფონდს, მსოფლიო ბანკს, ნატოსთან მჭიდრო სამხედრო თანამშრომლობას, გრანტებს, ვალებს, სხვა უამრავ საკითხს, რომელიც ქრონიკულ დაავადებასავით გვაქვს აკიდებული?

საქართველოს პოლიტიკა, ეკონომიკა, სახელმწიფო სისტემა, კონსტიტუციაც კი დასავლეთზეა მიჯაჭვული და მისგან თავის დაღწევა ერთის ხელის მოსმით შეუძლებელია. დრო არის საჭირო ამისთვის და რაც მთავარია თავაუღებელი შრომა, რასაც ჩვენ ვერ შევეჩვიეთ და ალბათ ვერც შევეჩვევით. უქნარა, ზარმაცი, მუქთახორა აქაური არც ევროპელს სურს და არც რუსს.

საქართველოს ხელისუფლებამ რაც შეძლო ისაა, კონსტიტუციაში რომ ჩაწერა — ჩვენი მიზანი ევროკავშირ-ნატოში გაწევრებააო. არც ამ ჩანაწერმა მოალბო ამერიკა-ევროპის გულები. ისინი ძველებურად გვიმეორებენ იმას, რაც ზემოთ მოგახსენეთ. ჩვენ რას ვაკეთებთ? გულმოსულები, შეტევაზე გადავდივართ და ძალით ვცდილობთ ევროკავშირ-ნატოში შეღწევას, დაახლოებით ისე, როგორც ავღანელები ცდილობდნენ აშშ-ი მიმავალ თვითმფრინავში შევარდნას.

თუ რით დამთავრდა ეს მცდელობა, მსოფლიომ დაინახა. იმედდაკარგული ქართველი ექსპერტობა, შეგუებული არსებულ ვითარებას და დასავლეთის მხრიდან არავითარ კონკრეტულ პასუხს, იმას ეხვეწება მას (დასავლეთს) — ის მაინც გვითხარით, როდის მიგვიღებთო 10 წლის, 20 წლის შემდეგ თუ როდისო.

არადა, ნაცვლად ამ კითხვისა უმჯობესი იქნებოდა ეთქვათ ხალხისთვის, რაც ერთხელ უკვე თქვა სესტანოვიჩმა — აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ და არა მარტო მან — თქვენ მიხედეთ ქვეყანას, იმუშავეთ, ფეხზე დააყენეთ ეკონომიკა, გააუმჯობესეთ სოციალური ვითარება, სხვა მრავალი და როდესაც დავინახავთ, რომ საქართველო აღმშენებლობის გზაზეა, თქვენი შეხსენების გარეშეც გაგიღებთ ევროკავშირ-ნატოს კარსო.

არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ — ფინეთს არასდროს უთხოვია ევროკავშირ-ნატოსთვის შეგვიშვითო. ეს ორგანიზაციები თხოვდნენ იქ შესვლას და რატომ? იმიტომ, რომ ფინეთი ეკონომიკით, სოფლის მეურნეობით, მრეწველობით, სტაბილური პოლიტიკით, სოციალური მდგომარეობით, სხვა პარამეტრებით მსოფლიოს მოწინავე ქვეყანაა.

ფინეთი დათანხმდა ევროკავშირში შესვლას, მაგრამ უარი თქვა ნატოზე და რატომ? იმიტომ, რომ არ სურს რუსეთის გაღიზიანება, რომელთანაც მას კარგი მეზობლური კავშირები აქვს.

30-წლიანი ე.წ. დამოუკიდებლობის პერიოდში, რაც საქართველომ მოახერხა ისაა, რომ საბჭოთა კავშირისგან მემკვიდრეობით მიღებული მრეწველობა და სოფლის მეურნეობა გაანადგურა, ჯართად გაყიდა უცხოეთში. ახალი, თანამედროვე მან ვერაფერი შექმნა, გარდა პოლიტიკური ლაქლაქისა, მუქთახორობისა, გრანტებით ბიუჯეტის შეკოწიწებისა და ამ ბიუჯეტის ჭამისა. რის გამკეთებლებიც ვართ კარგად დაინახა ევროატლანტიკურმა სივრცემ. ისიც დაინახა, რომ ასეთის, მათ დონეზე დაყენება — ნატოსა და ევროკავშირში შეყვანით, კარგს არაფერს მოუტანს მას. განა ნაკლები თავის ტკივილი გაუჩინეს მას ბულგარეთ-რუმინეთმა ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა — პოლიტიკური საბაბით გაწევრებულებმა ამ ორგანიზაციაში?

ახალი თავსატეხი არ სჭირდებათ! იმ საშინაო დავალების შესრულებას კი, რომელიც მან მოგვცა — სხვა თაობა სჭირდება, ვინაიდან ძველი, დღევანდელი ამას ვერ შეძლებს. თაობა, რომელიც ისე ან დაახლოებით ისე იაზროვნებს, როგორც თუნდაც ბალტიისპირეთში, აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. ამიტომაც ახსენებენ ისინი 20-30 წელს ან მრავალ წელს. მაგალითად, აშშ-ს პრეზიდენტმა ობამამ „მრავალიც“ არ თქვა, ნაცვლად „არასდროს“ იხმარა საქართველო-უკრაინის ნატოში გაწევრებასთან დაკავშირებით.

ასე, რომ ესტონეთის პრეზიდენტის კერსტი კალიულაიდის განცხადება: „ევროკავშირში შესვლას უამრავი პირობები აქვს. გულწრფელად გეტყვით, არც ერთი თქვენგანი (იგულისხმება უკრაინა, საქართველო, მოლდოვა) არ ასრულებს წევრობისთვის საჭირო კრიტერიებს. თქვენ დაგჭირდებათ 20 წელი მუშაობისა, რათა მტკიცედ თქვათ, რომ მზად ხართ და შეასრულეთ მოთხოვნები. ამჯერად ვერ აკმაყოფილებთ წევრობისთვის საჭირო მოთხოვნებს. სამწუხაროდ, უახლოეს წლებში ეს არ მოხდება“, სიმართლეა.

რაც შეეხება უკრაინის ნატოში მიღებას, პრეზიდენტმა თქვა — „ვიდრე დონბასში კონფლიქტი არ მოგვარდება და ყირიმი უკრაინას არ დაუბრუნდება, ეს არ მოხდება“. მან არ იცის ისტორიის რომელ „მოსახვევში“ ექნება ამას ადგილი.

აი, ასეთი განაჩენი გამოუტანა ესტონეთის პრეზიდენტმა „ძმადნაფიც“ სამეულს — უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას. გარდა ამისა მან ურჩია ესტონელ ბიზნესმენებს ინვესტიციები არ განახორციელონ უკრაინაში, ვინაიდან ეს ქვეყანა მოატყუებს მათ, ანუ ჩვენებურად „გადააგდებს“. „ვაჭრობით, ივაჭრეთ, მაგრამ ინვესტიციები არ ჩადოთ. უკრაინა არასანდო ქვეყანაა“.

სტუმარიც ამას ჰქვია. კერსტი კალიულაიდი მონაწილეობას ღებულობდა კიევში გამართულ ფორუმში — „ყირიმის პლატფორმის“ სახელით გახმაურებულში, რომელშიც მსოფლიოს 45 ქვეყნის წარგზავნილი იყო წარმოდგენილი  გაგანია პანდემიის დროს.

ესტონეთის პრეზიდენტის ნათქვამმა დიდად დაამწუხრა უკრაინა-საქართველო, თან ისე გააღიზიანა, რომ თავს უფლება მისცეს მკვახედ გამოპასუხებდნენ ესტონეთის პრეზიდენტს. მააგალთად, კალაძემ ბრძანა: „ყველამ თავის ქვეყანას მიხედოს. ესტონეთის პრეზიდენტი თავისი ქვეყნის მიმართ უნდა ავლენდეს მზრუნველობას, საქართველოს პრობლემებს თვით ქართველები მოუვლიან. ჩვენ განვახორციელებთ რეფორმებს და გავაკეთებთ ყველაფერს, რათა რაც შეიძლება მალე გავწევრიანდეთ ევროკავშირში“.

ევროკავშირელი გვეუბნება იმას, რაც ზევით მოვიყვანე, თან ის ქვეყანა, რომელსაც თვით ევროკავშირმა სხვა 2 ბალტიისპირა ქვეყანასთან ერთად დაავალა ჩვენი „კლასის დამრიგებლობა“. ასეთს, ყური უნდა დაუგდო, უფრო მეტიც უზრდელური პასუხი არ უნდა ატაკო. ის, რაც ესტონეთის პრეზიდენტმა თქვა შეთანხმებულია ბრიუსელთან. ისე, ის ამას არ იტყოდა.

კალიულაიდი უემოციო ბალტიისპირელია და არა ცეტი ქართველი, კალაძის მსგავსი, სიტყვას რომ ვერ აკავებს პირში. კალიულაიდმა თქვა ის, რაც ყველა ევროკავშირელშია — შეწუხებულში უკრაინა-საქართველოს თავხედური მოთხოვნა—მიწოლით. კალიულაიდმა, რომელმაც კარგად იცის სტუმრის სტატუსი და თავშეკავება, ყველაფერი დაივიწყა და ურჩ, ჯიუტ, თავხედ უკრაინა-საქართველო-მოლდოვას პირში მიახალა სიმართლე.

ზოგიერთ ქართველ ექსპერტს აინტერესებს ესტონეთის პრეზიდენტის განცხადება არის თუ არა ევროკავშირის განცხადება? ვითარებიდან გამომდინარე და იქედან, რომ კალიულაიდის განცხადებას არ მოჰყოლია ბრიუსელის „აღშფოთება“, მეტყველებს იმაზე, რომ ესტონეთის მოსაზრებას იზიარებენ ევროკავშირში. მოთხოვნა იმისა, რომ ბრიუსელმა გარკვევით გვითხრას, როდის მიგვიღებენ ევროკავშირში — 10 თუ 20 წლის შემდეგ, აბსურდია და რატომ? იმიტომ, რომ არვინ იცის რა იქნება 20 წლის შემდეგ და საერთოდ იქნება თუ არა ეს ორგანიზაცია. გარდა ამისა, როგორი პასუხი დაგვაკმაყოფილებს — წერილობითი, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული? ასეთს არვინ გააკეთებს, ვინაიდან აბსურდია.

რაც შეეხება ზეპირ ნათქვამს — ასეთი არაერთხელ იყო, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პოლიტიკოსის მხრიდან გაკეთებული, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტის ობამას. სამწუხაროდ, ჩვენს ხელისუფალთ ამაზე ყურადღება არ გაუმახვილებიათ. იგივეს აქვს ადგილი დღესაც. კალაძის ნათქვამი ამის დასტურია.

რა გამოდის, გვეუბნებიან, მაგრამ ერთ ყურში ვუშვებთ, ურეაქციოდ, დაუფიქრებლად, თან ვიქადნებით — დავალებებს ვასრულებთ და 2024 წელს ოფიციალურად მივმართავთ ბრიუსელს გაწევრებისთვისო. აი, სწორედ ასეთი სიჯიუტისთვის, ბრიუსელის აზრის გაუთვალისწინებლობისთვის და სხვა მრავალი ნეგატიური თვისებისთვის არ შეგვიშვებენ ევროკავშირში, ნატოში ხომ ზედმეტია ლაპარაკი.

და ბოლოს, საქართველო რომ მოიკოჭლებს საერთაშორისო პროტოკოლის ცოდნაში, არახალია. ამჯერადაც უცოდინარობასთან გვაქვს საქმე, როდესაც პრეზიდენტს პასუხს სცემს ქალაქის მერი — არა პრეზიდენტი, არა პრემიერი, არა პარლამენტის თავმჯდომარე, არამედ ქალაქის მერი, ამ შემთხვევაში მმართველი პარტიის გენერალური მდივნობა ყურით მოთრეული თავის მართლებაა.

აღარაფერს ვამბობ იმ დამამცირებელ სიტყვებზე, რაც მან პასუხში გამოიყენა. უტაქტობაა, მეგობრებო, ასეთი პასუხი, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, მაგალითად უზრდელობაზე.

მაინც რაში ვადანაშაულებთ ევროპას?

იმაში ხომ არა, „დამოუკიდებლობის“ პირველსავე დღეებში ხვეწნა-მუდარით რომ მივადექით — გვიშველეო? ევროპას ჩვენთვის ხვეწნა არ დაუწყია — მოდითო. ჩვენ ვეხვეწეთ და დღესაც ვეხვეწებით. ამერიკა-ევროპამ შეგვისწავლა — ვინ და რანი ვართ, რისი გაკეთება შეგვიძლია. მარტივი საქმე დაგვავალა, თუმცა ჩემის აზრით შეურაცხმყოფელი — მათი მტრის, რუსეთის გინება.

ამას რა უნდაო, ვთქვით ჩვენ და ისეთი ლანძღვა-გინება მივაყოლეთ გუშინდელ ჩვენს გადამრჩენს, სწავლა-განათლების მომცემს, ეკონომიკის, კულტურის, ხელოვნების, მეცნიერების, განათლების, სპორტის შემქმნელს, თითქოს არაფერი გაუკეთებია ქართველთა ფეხზე დასაყენებლად.

მოდით დავსვათ მარტივი კითხვა — რა შევქმენით ჩვენ ე.წ. დამოუკიდებლობის 30 წლის განმავლობაში? რას მივაღწიეთ მეცნიერებაში, მწერლობაში, ხელოვნებაში, ქვეყნის აღმშენებლობაში?

ტვინის ჭყლეტას ნუ დაიწყებთ, ვინაიდან ამაო იქნება თქვენი მცდელობა. არადა 30 წელი ქვეყნის ისტორიაში 30 თვე არ არის. საბჭოთა კავშირში, 30 წლის განმავლობაში იმდენი გაკეთდა, მარტო ჩამოთვლას ფურცლები არ ეყოფა.

დღეს? ე.წ. დამოუკიდებლობის ჟამს? არც არაფერი. ერი დაუბრუნდა მისთვის ჩვეულ ყოფას — საბჭოეთამდე რომ ჰქონდა და ბუმბერაზმა ილიამ რომ აღწერა „კაცია-ადამიანში“. ლუარსაბია დღევანდელი საქართველო — ზარმაცი, უქნარა, ჭერში ბუზების მთვლელი, მარტო ჭამა-სმაზე დახარბებული და სხვის მოიმედედ დარჩენილი.

მაპატიეთ, ლუარსაბზე უარესია დღევანდელი საქართველო, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია გუშინდელი პატრონის დაუმსახურებელი ლანძღვა. ოღონდ ფული მიეცი და მშობლებს გალანძღავს. ასეთი არც იმათ უყვართ, ვინაიდან დარწმუნებული არიან მათაც ისე გავლანძღავთ, როგორც რუსეთს. ფული იყოსდა, ლანძღვას რაღა უნდა?!

 ჩვენ, ისე მოვითხოვთ ევროკავშირისგან შეღავათებს, თითქოს მას ჩვენი ვალი ჰქონდეს. მადლობლები უნდა ვიყოთ, რომ რაღაც ნასუფრალს გვაძლევენ. რომ არა ასეთი, შიმშილით სული აღმოგვხდებოდა — უსაქმურ ცხოვრებას მიჩვეულთ. ენა იმისთვის არ გვაქვს, მხარზე გადავიკიდოთ, სალანძღავი აზრების გამოსახატავად ვატრიალოთ. ევროპამ იცის რანი ვართ ჩვენ; ისიც იცის, რომ დემოკრატიას ჩვენთან ახლოსაც არ გაუვლია.

30 წელია ჩაგვჩიჩინებს, ცდილობს რაღაც შეგვაგნებინოს, მაგრამ ამაოდ. ჩვენ კი, აქოჩრილი მამალივით მის დასაკორტნად ვიწევით, თან იმას ვყივივართ — ჩვენისთანა დემოკრატ-ტოლერანტი ქვეყანა მსოფლიოში არ არისო.

მართლაც არ არის, ვინაიდან პოლიტიკური სისტემა, რომელშიც 10 წელი ვცხოვრობთ, ისეთია, ავ თვალს რომ არ ენახვება. ამ სისტემის პატრონი საქართველო, როგორ ბედავს ევროკავშირს მოუწოდოს — კარის გაღება?!

იმ ევროკავშირს, რომელმაც კარგად იცის ჩვენი შიდა ცხოვრება, პოლიტიკური სისტემა, რომელიც მიუღებელია მისთვის. დამისახელეთ ევროკავშირის წევრი თუნდაც ერთი ქვეყანა, სადაც მილიარდერი, არც ერთი სახელმწიფო თანამდებობის მატარებელი და აქედან გამომდინარე სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებელი, მართავდეს ქვეყანას; ნიშნავდეს და ათავისუფლებდეს პრემიერ-მინისტრებს, მინისტრებს, ნებისმიერი თანამდებობის პირებს?

მიკვირს მათი,  ჩვენთან რომ ლაპარაკობენ. ჩვენ კი გათამამებულები, მათ ვადანაშაულებთ ევროკავშირ-ნატოს კართან ყურყუტისთვის!

წამით დაფიქრდით, მეგობრებო და მერე გამლანძღეთ სიმართლისთვის, რაც გითხარით. მე ავიტან! ქვეყანა კი, თქვენს მიერ შექმნილ გაუსაძლისობას ვეღარ იტანს, რაც სავალალოა, უფრო ზუსტად კატასტროფის მომტანი.

ჰამლეტ ჭიპაშვილი, პოლიტოლოგი

01/09/2021