ვინ უნდა აგოს პასუხი?
ერთ-ერთ რადიოში ყური მოვკარი ადგილობრივი პოლიტიკოსების, ოპოზიციური პარტიების წევრების განცხადებებს, რომ რუსეთი აგრესორია და ა.შ. — ჩვეულებრივ ტექსტს, რომელიც მრავალი წელია გვესმის ყოველ წამს, წუთს. დღეს, კვირას, თვეს — მუდმივად, თანმიმდევრულად, წინადადებების უცვლელი წყობით.
მუდმივმა ერთი და იგივემ მიჩვევა იცის, თანაც ისეთი, ყურადღებას, რომ არ აქცევ ნათქვამს, რომ არაფრად აგდებ. არადა მიზანი მთქმელისა ის არის, რომ ყურადღება მივაქციოთ, გავღიზიანდეთ, გავბრაზდეთ, ლანძღვა-გინება დავიწყოთ აგრესორის მიმართ, მაგრამ ნაცვლად ამისა, მთქმელის მიმართ ვილანძღებით არა იმიტომ, რომ რუსეთი ასეთი არ არის, არამედ იმიტომ, რომ ერთი და იგივე, რაც არ უნდა სიმართლე იყოს მომაბეზრებელია.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რუსეთმა, რომ საქართველო ოქროში ჩასვას, დილა-საღამოს ტკბილი სიმღერა უმღეროს, თითოეული ქართველის საბანკო ანგარიშზე ათასობით დოლარი დასვას, „აგრესორის“ სახელს ვერ მოიშორებს.
რუსეთმა, რომ „აგრესორის“ დამღა ჩამოირეცხოს, უკრაინაში მიმდინარე ომი უნდა წააგოს, ეკონომიკურად უნდა დაჩაჩანაკდეს და სული განუტევოს. არის რუსეთი ამის გამკეთებელი? იქნებ პირიქით?
და თუ არც თვითმკვლელობა ხიბლავს მას, არც დაჩაჩანაკება, და არც პატარ-პატარა ნაწილებად დაშლა, რა უნდა მოიმოქმედოს ქართველმა, ამერიკელმა, გერმანელმა, ფრანგმა, მათმა ევროკავშირელმა კოლეგებმა ოცნების მისაღწევად?
ისეთი იარაღი შექმნას, რომელიც რუსეთზე თავდასხმის შემთხვევაში არც ნიადაგს მოწამლავს, არც სახლებს, ფაბრიკა-ქარხნებს დაანგრევს, მაგრამ მუსრს გაავლებს ყველას, ვინც რუსეთში ცხოვრობს — რუსს, 160 ეროვნების ადამიანს, მათ შორის ქართველს, ფანგს, გერმანელს, ამერიკელს და ა.შ.?
კარგა ხნის წინათ იყო ასეთი ბომბი, მას ნეიტრონის ბომბს უწოდებდნენ. მისი სახელი და როგორც ჩანს არსებობაც ისტორიას ჩაბარდა — არაჰუმანურობის გამო. ქვეყნისა და ხალხის გასაჟუჟად ბირთვული ბომბის გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ შედეგი არასახარბიელო იქნება, რასაც ჰიროსიმა-ნაგასაკის მაგალითიც ადასტურებს.
მაშ, რა გზას დავადგეთ — რუსეთის არსებობით შეწუხებულები?
რეალური ვითარების სიღრმისეული ანალიზის, კომპრომისის გზას. გზა, რომელიც კოლექტიურმა დასავლეთმა აირჩია და ჩვენც აგვარჩევინა — დაპირისპირებაა, ნაცვლად დიალოგისა, მოლაპარაკებისა. დაპირისპირებას, რაც ახლავს, საკუთარ თავზე იწვნია უკრაინამ. ასე იცის დასავლეთზე ბრმა აყოლამ.
უკრაინის ე.წ. ხელისუფლება, უკრაინელი ხალხი, უფრო სწორად უკრაინაში მცხოვრებნი, დასავლელთა მიერ გონგამოცლილები, ვერ აფასებენ რა ტრაგედია დაატრიალეს მათ თავს ამერიკელებმა, ევროკავშირელებმა, რუსთა, რუსეთის წასაქცევად.
უკრაინის ე.წ. ხელისუფლება, ნეონაცისტურ ფერებში შეღებილი, თითქმის 2 წელია მალფუჭი კვების პროდუქტის მსგავსად არის ვადაგასული. არჩევნები კი არ ჩანს. და არ ჩანს თვით ნეონაცისტური ე.წ. ხელისუფლების გადაწყვეტილებით — არჩევნებში დამარცხების შიშის გამო.
არჩევნების არჩატარების საქმეში ევროატლანტიკური სივრცე და უკრაინის ე.წ. ხელისუფლება სოლიდარულები არიან. დასავლეთს არ სურს რუსეთის წინააღმდეგ მეომარი უკრაინის ხელისუფლების ახლით ჩანაცვლება. ვინ იცის, ის ახალი, როგორი გამოდგეს?
დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა უკრაინა — განვითარებული ეკონომიკით, მეცნიერებით და კულტურით, ისეთად აქცია კოლექტიურმა დასავლეთმა, „მოწინავე“ და „განვითარებული“ სიტყვების მასზე მიკერება მკრეხელობა იქნება. ამდენად თავს შევიკავებ, მაგრამ ამ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ისეთია, გონიერ საზოგადოებაში განგაშს რომ უნდა იწვევდეს.
არვის ვაყენებ შეურაცხყოფას, მაგრამ ვინც იქ არსებულ ვითარებას ზედაპირულად უყურებს ან მხედველობის პრობლემა აქვს, ან თვითონაც ისეთია, როგორც დღევანდელი უკრაინა.
ქვეყანა, რომელიც ფაშისტებთან მოთანამშრომლე დამნაშავე ბანდერელების ექსგუმაციით და კიევში გადმოსვენებით არის დაკავებული, მათთვის ძეგლების დადგმით, ქუჩებისთვის მათი სახელების მიკუთვნებით ვერც დემოკრატიულობას დაიჩემებს, ვერც სიტყვის თავისუფლებისთვის ბრძოლას და ვერც სხვას მრავალს, ჰუმანურს.
ევროკავშირის შტაბ-ბინა ბრიუსელს სიტყვა არ დასცდენია ევროპაში განსვენებული ფაშისტი უკრაინელების სამშობლოში გადასვენების გამო, რომლებსაც გმირთა პანთეონი გაუხსნეს და დაკრძალვის ცერემონიალი სახელმწიფო პროტოკოლის გათვალისწინებით გაუმართეს.
რატომ ჩაიგუბა ევროკავშირმა პირში წყალი?
მარტივი მიზეზის გამო. მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირთან დამარცხების გამო; რევანშის სურვილის გამო.
ის, რომ ევროკავშირი ეომება რუსეთს არახალია. 2014 წლიდან მოყოლებული, სხვისი ხელით ეომება დასავლეთი რუსეთს — უკრაინის ხელით. თანამედროვე პოლიტიკური ტერმინოლოგიით ასეთს „პროქსი ომი“ ჰქვია.
აწ განსვენებული, პოლონური წარმოშობის ამერიკელი მეცნიერის, პოლიტიკოსის ზბიგნევ ბჟეზინსკის ლექსიკონში სიტყვა „პროქსის“ ვერ შეხვდებით, მაგრამ სურვილს — საბჭოთა კავშირის, რუსეთის დაშლისა — უხვად.
„დიდი საჭადრაკო დაფა“ მისი წიგნი ხაზა უსვამს რუსეთისთვის უკრაინის მნიშვნელობას, თან რეკომენდაციას უწევს დასავლეთს — ბევრი ეცადოს რუსეთისგან უკრაინის ჩამოსაშორებლად.
ბჟეზინსკის ოცნება ახდა — უკრაინა, არათუ ჩამოშორდა რუსეთს, არამედ მტრადაც გადაიქცა. კოლექტიურმა დასავლეთმა, ისტორიისთვის დროის მცირე მონაკვეთში შეაძლებინა უკრაინას ნეოფაშისტურად გადაქცევაც და ანტირუსულად დამუხტვაც; შეაძულებინა რუსული ენა, მხატვრული ლიტერატურა ხელოვნება, კულტურა, დააწვევინა რუსი კლასიკოსების წიგნები. ქვეყანაში, სადაც რუსულად ყველა ლაპარაკობს, ოფიციალურად არის აკრძალული რუსული ენა. და თუ ვინმე ნეოფაშისტმა, ყური მოკრა ქუჩაში მოსიარულეთა მიერ რუსულად ლაპარაკს უმალ მოუხმობს პოლიციას დასასჯელად, ჯარიმის გადასახდელად.
კაფეებში, რესტორნებში, საჯარო ადგილებში რუსული სიმღერების გაშვება აკრძალულია. უკრაინელი, იგივე რუსი ისე გადააგვარეს, რომ თავის სისხლსა და ხორცს უისტორიო ჭიაღუად მოიხსენიებს.
ანტირუსულად განწყობილი ევროკავშირელი თუ ამერიკელი პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ექსპერტი მოუწოდებს უკრაინელს მეტი რუსის კვლას. აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი უკრაინაში გენერალი კელოგი ურჩევს უკრაინას იომოს გამარჯვებამდე და ამ ომში ქალებიც ჩართოს.
ფინეთის პრეზიდენტი სტუბი თვლის, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ქალაქების საცხოვრებელი სახლების, ბაზრების, სკოლების, სუპერმარკეტების დაბომბვა აიძულებს რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას.
ანტირუსული კამპანია ისეა გახურებული, როგორც ფოლადსადნობი მარტენის ღუმელი. გახშირდა ლაპარაკი ტაქტიკური ბირთვული ბომბის გამოყენებაზეც. აქაც ანტირუსულად განწყობილი ევროპელი პოლიტიკოსები გვმოძღვრავენ და არა რუსები, მაგრამ ევროპელები თავიანთი პროპაგანდისტული მანქანით, ცდილობენ დააჯერონ საკუთარი მოსახლეობა რუსთა მზაკვრობაში — რუსეთი ომს აგებს უკრაინაში; უკრაინა იბრუნებს რუსთა მიერ დაპყრობილ ტერიტორიებს, რაც აიძულებს რუსეთს გამოიყენოს ბირთვული იარაღიო.
დასავლურ მედიაში რუსეთის სახელის წაღმა-უკუღმა ტრიალში ახალი არაფერია, გარდა გამაღიზიანებელი განცხადებებისა, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთანავე, ამ ქვეყნის უსაფრთხოების საგარანტიოდ საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის სამხედრო ძალები გაიგზავნება.
პრეზიდენტ მაკრონის ინიციატივას მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ბერნემი. როგორც ყოველთვის მათთან არიან ბალტიისპირა ქვეყნები — ლიტვა, ლატვია, ესტონეთი — ვერბალურად, სამხედრო თვალსაზრისით კი სიმბოლიურად, რამეთუ სამივე ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა თითზე ჩამოსათვლელია.
მოდით დავსვათ კითხვა — რამ მიიყვანა რუსეთი სპეციალურ სამხედრო ოპერაციამდე?
ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების პროგრამამ, რომლის მიხედვით უკრაინა, საქართველო და მოლდოვა უნდა მიმატებოდნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, ნატოში გაწევრებულებს, მიუხედავად ლაპარაკისა, რომ ასეთს ადგილი არ ექნებოდა.
დასავლეთმა იყოჩაღა, დაიყოლია საბჭოთა კავშირის ლიდერი გორბაჩოვი, დაანგრევინა მას ბერლინის კედელი, გდრ-იდან გააყვანინა სამხედრო კონტინგენტი, გდრ-ი შეაერთებინა დასავლეთ გერმანიას, სანაცვლოდ იმისა, რომ არც გაერთიანებული გერმანია, არც სოციალისტური ბანაკის წევრი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ნატოში არ გაწევრებოდნენ.
ამერიკელი პრეზიდენტების რეიგანისა და ბუშის, გერმანიის კანცლერის კოლის საუბრები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით რუს კოლეგებთან დაფიქსირებულია დიპლომატიურ ჩანაწერებში, რასაც ადგილი აქვს მსგავსი მოლაპარაკებების დროს. საუბრის ჩაწერას ახდენს ორივე მხარის დიპლომატი. საუბრის ჩანაწერი ხელშეკრულება არ არის, მაგრამ დოკუმენტია, რომელიც მხედველობაში მიიღება.
აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა კლინტონმა კრემლის საყვედურს — სიტყვის გატეხვასთან დაკავშირებით ასე უპასუხა — მე ასეთი შეთანხმების არაფერი ვიცი და თუ ასეთს ადგილი ჰქონდა, რომელ ხელშეკრულებაშიაო.
ხელშეკრულება არ იყო. გულუბრყვილო საბჭოთა ლიდერები ენდნენ „ჯენტლმენთა“ სიტყვას. ძველი „ჯენტლმენები“ პოლიტიკიდან წავიდნენ. მათ ნაცვლად მოსულმა ახალმა „ჯენტლმენებმა“, რომლებმაც კარგად იცოდნენ წინამორბედთა დაპირება, ურცხვად განაცხადეს — პირველად გვესმისო.
ხელშეკრულებაც რომ ყოფილიყო, ახლები, მაგალითად ტრამპის მსგავსნი შეასრულებდნენ მას?
ცხადია არა! მაგალითი ამისა არის ირანთან გაფორმებული მრავალმხრივი ხელშეკრულება, რომელსაც ევროკავშირთან და სხვებთან ერთად ხელს აშშ-ს მაშინდელი პრეზიდენტი ობამა აწერდა.
როგორც იცით, ტრამპი გამოვიდა ხელშეკრულებიდან და ომიც გააჩაღა ირანის წინააღმდეგ. ტრამპი ახალი ხელშეკრულების გაფორმების მოლოდინშია, თანაც ისეთივე პუნქტებით, როგორიც ძველში იყო, მაგრამ ირანის ხელისუფლებას ვერ იყოლიებს.
კლინტონის დროს დაიწყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატოში გაწევრების პროცესი, რომელსაც ბალტიისპირა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიც ლიტვა, ლატვია, ესტონეთიც მიუმატეს.
რომ იტყვიან — „მადა ჭამაში მოდისო“ — გაუმაძღარმა დასავლეთმა უკრაინა, საქართველო და მოლდოვაც მიიწვია ნატოში. ამ ქვეყნებში გაიხსნა ნატოს საინფორმაციო ცენტრები. მედიაში გახურდა ნატოს სასარგებლო კამპანია — ნატო პოლიტიკური ორგანიზაციაა, არააგრესიული, ნაკლებად სამხედრო, რომელიც მოწოდებულია თავი დაიცვას … — იკითხავთ ვისგან?
საბჭოთა კავშირი აღარ იყო, მაშ ვისი აგრესიისგან იცავდა თავს ნატო.
1949 წელს ამ ორგანიზაციის შექმნა საბჭოეთის აგრესიის შიშით იყო გამოწვეული. სხვათა შორის ტრამპმაც იგივე შეკითხვა დასვა — სსრკ აღარ არის, რატომ არის ნატოო.
ნატოს ყოფნა-არყოფნის საკითხი სასწორზეა შემოდებული და რა გადაწყვეტილებას მიიღებს მისი შემქმნელი — აშშ-ს პრეზიდენტის სახით, არვინ იცის.
პუტინმა მიუნხენის უსაფრთხოების 2007 წლის კონფერენციაზე პირდაპირ განაცხადა კოლექტიური დასავლეთის ამბიციურ გეგმებზე, რომელთა მიხედვით დასავლური იდეოლოგია, მსოფლმხედველობა უყოყმანოდ უნდა გაეზიარებინა ყველას, უპირველეს ყოვლისა რუსეთს. უარის შემთხვევაში ნატო უზრუნველყოფდა ძალისმიერი გზით ურჩი რუსეთის თანხმობას.
ნატოს ჩანაფიქრი იყო მარტივი — უკრაინაში სამხედრო ჩექმის ღრმად ჩადგმა, სამხედრო ბაზების გახსნა, მოიერიშე სარაკეტო სისტემების განლაგება — მოსკოვზე და რუსეთის სტრატეგიულ ობიექტებზე დამიზნებულის.
ნატოს წინადადება იყო ულტიმატუმი — იქნები ჩვენთან როგორც ნედლეულის მომწოდებელი მეორეხარისხოვანი ქვეყანა, თუ არა, ამოქმედდება რაკეტები. რომელი სუპერსახელმწიფო გაიზიარებდა ესოდენ დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ ულტიმატუმს?
2021 წელს, ბაიდენის თხოვნით, პუტინმა წარუდგინა წინადადებები ნატოს გაფართოების შეჩერებასთან დაკავშირებით. გაიმართა მოლაპარაკებებიც, თუმცა უშედეგოდ, ვინაიდან ბაიდენის ადმინისტრაციას მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი უკრაინის ცენტრალური ხელისუფლების მიერ დე ფაქტოდ ჩამოშორებული დონბასის ძალისმიერი გზით დაბრუნება. თარიღიც იყო შერჩეული — 2022 წლის მარტი.
პუტინმა დაასწრო და სპეციალური ოპერაცია დაიწყო. მაგრამ ის შეაჩერეს ხელისუფლებაში მყოფმა ლიბერალებმა და ე.წ. დასავლელმა კოლეგებმა.
დაიწყო მოლაპარაკებები ბელორუსია-თურქეთში. მხარეები შეთანხმდნენ, დოკუმენტს პარაფირებაც გაუკეთეს. და არც არაფერი. უკრაინის რადას წევრის არახამიას განცხადებით, კიევში ჩასულმა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა ზელენსკის უბრძანა ომის გაგრძელება და აღუთქვა ყოველმხრივი დახმარება.
ხელშეკრულების პროექტის მიხედვით, დონბასი იღებდა ავტონომიას უკრაინის შემადგენლობაში; იტოვებდა რუსულ ენას, ისე, როგორც უკრაინულს და ა.შ.
არახამია, ზელენსკისთან დაახლოებული პოლიტიკური ფიგურა, დღესაც იმეორებს იმას, რაც 2022 წელს თქვა ჯონსონის ვიზიტთან დაკავშირებით.
ზელენსკის ხელისუფლების მიზანი იყო და არის დონბასის დამონება, იქ მცხოვრები რუსული მოსახლეობის განდევნა, რუსული ენის აკრძალვა, ისე, როგორც ყოველივე რუსულის, ანუ ისეთივე ვითარების შექმნა, რასაც მთელს უკრაინაში აქვს ადგილი — ისტორიული ძეგლების აღება და მათ ნაცვლად ფაშისტი ბანდერელების ძეგლების აღმართვა.
რა იყო სტამბოლამდე?
სტამბოლამდე იყო მინსკის მოლაპარაკებები საფრანგეთის პრეზიდენტის ოლანდის, გერმანიის კანცლერის მერკელის, რუსეთის პრეზიდენტის პუტინის, უკრაინის პრეზიდენტის პოროშენკოს, დონეცკისა და ლუგანსკის ხელმძღვანელების.
მინსკის რაუნდები უშედეგოდ დასრულდა.
მოგვიანებით მერკელმა და ოლანდმა განაცხადეს, რომ მინსკის მოლაპარაკებების მთავარი მიზანი მშვიდობის დამყარება კი არ იყო, არამედ დროის გაყვანა — უკრაინის არმიისთვის იარაღის მიწოდება, რათა მას წარმატებული იერიში მიეტანა სეპარატისტ რეგიონებზე.
როგორც ისტორია გვაჩვენებს, კოლექტიურ დასავლეთს არავითარი სურვილი არ ჰქონია უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად. პირიქით, მოუწოდებდა უკრაინის ხელისუფლებას ომისკენ. ანალოგიური განწყობა აქვს მას დღესაც, რასაც იზიარებს ზელენსკიც.
აქვს თუ არა უკრაინის ჯარს რუსეთის დამარცხების შესაძლებლობა?
2014 წლიდან მოყოლებული ყველა ცნობილი დასავლელი ექსპერტი ეჭვს გამოთქვამდა უკრაინის ჯარის მიერ დონბასის მოხალისეთა დამარცხებასთან დაკავშირებით, ვინაიდან მოხალისეებს ჰქონდათ მოტივაცია თავიანთი მიწა-წყალის, ენის დაცვისთვის, რაც შორს იყო უკრაინელი „ბოევიკების“ ფსევდო-პატრიოტული შემართებიდან.
2022 წელს რუსეთის არმიის მიერ სპეცოპერაციის დაწყების შემდეგ, სამხედრო საქმეში ჩახედულმა დასავლელმა ექსპერტებმა სერიოზული ეჭვის ქვეშ დააყენეს უკრაინის გამარჯვება.
დასავლეთი დღესაც გაიძახის, რომ უკრაინა ომს იგებს, იბრუნებს რუსთა მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს.
თუ ომში გამარჯვება ნიშნავს რუსეთის არმიის მიერ დონბასის ტერიტორიების დაბრუნებას, უკრაინის საზღვაო ბლოკადაში მოქცევას და უკრაინის ქალაქებში არსებული სამხედრო ობიექტების განადგურებას, უკრაინის რადას ბუნკერეში გადანაცვლებას და იქ სხდომების გამართვას, არარეალურ შეფასებასთან გვაქვს საქმე.
უკრაინა ყველა პარამეტრით აგებს ომს. მას უჭირს რუსეთის არმიასთან გამკლავება, რომელიც დღესაც კი ცალი ხელით ომობს. ისეთი სურათია, რინგზე რომ ძლიერი მოკრივე ერთი ხელით აწარმოებს შერკინებას.
იკითხავთ — რა არის მიზეზი ამისა?
შენდობა საკუთარი სისხლისა და ხორცისა. რუსეთი, უკრაინისგან განსხვავებით არ ბომბავს საცხოვრებელ სახლებს, მასობრივ თავშეყრის ადგილებს. არ აცხადებს, რომ ყოველთვიურად 50 ათასი უკრაინელი უნდა მოკლას.
ყოფილი თავდაცვის მინისტრი ფიოდოროვი საჯაროდ ამბობდა, რომ თვეში 50 ათასი რუსი უნდა დახოცოს უკრაინის ჯარმა. მას რუსთა ჟლეტის გეგმა ჰქონდა შემუშავებული, მაგრამ არ დასცალდა.
დასავლეთი რატომღა აკეთებს ოპტიმისტურ განცხადებებს უკრაინის ჯარის წარმატებებთან დაკავშირებით?
მარტივი მიზეზის გამო. ის თავის ამომრჩეველს სხვას ვერ ეტყვის, ვინაიდან მწვავე რეაქციის ეშინია. აი ასეთის — რაში დახარჯეთ ფული, მილიონობით დოლარი? რას ფიქრობდით, როდესაც ზელენსკის ხელს უმართავდითო?
ახლახანს, დასავლეთმა ხმა გაავრცელა — რუსეთი აგებს ომს და იძულებულია სექტემბრის დუმის არჩევნების შემდეგ საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადოსო. აღნიშნულმა ჭორმა ქართული პოლიტიკა და ექსპერტობაც აანთო და ისეთი მძიმე სურათი დაუხატა მოსახლეობას, რომ მიკვირს, შეშინებული როგორ არ ჩავიდა ბუნკერში.
როგორც ჩანს მოსახლეობამ კარგად იცის ოპოზიციის ცრუპენტელობა, ისე, როგორც ექსპერტი ხუხაშვილის მსგავსთა ტყუილი განცხადებები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ლარსის საზღვარი შეშინებული რუსების დიდმა რაოდენობამ გადმოკვეთა, მათი მიზანია ომში მონაწილეობის არ მიღება, რუსეთის სპეცოპერაციის ამოცანა კი ისაა, აქ შემოსულმა რუსებმა პროვოკაციები დაიწყონ, რომელსაც მოჰყვება რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრა.
აღნიშნულ საკითხზე ბიშკეკში,“შოსის“ საიუბილეო 25-ე კონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე პუტინმა გასცა პასუხი ჟურნალისტის შეკითხვას. პასუხი იყო მოკლე — რა სისულელეა.
რუსეთის არმიაში 300 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა — კონტრაქტით. ფრონტზე არც ერთი ახალწვეული არ არის, რაც ვითომ ექსპერტობამ უნდა იცოდეს. მაგრამ მათ დავალება დასავლეთიდან მიიღეს, რუსეთის საშინაო ცხოვრებაში უკმაყოფილების გამოსაწვევად.
ვლადივოსტოკში გამართულ ეკონომიკურ ფორუმზეც პუტინმა სხდომის მოდერატორის იგივე კითხვას — მობილიზაციის შესახებ, იგივე პასუხი გასცა. ასე რომ, ე.წ. ქართველი ექსპერტების ტყუილს მოკლე ფეხები აღმოაჩნდა, ისე, როგორც გაეროში კენჭისყრის შემდეგ ეიფორიულ განცხადებებს — რუსეთის წინააღმდეგ გაეროს რეზოლუციას მსოფლიოს 50 ქვეყანამ დაუჭირა მხარიო. მხარდამჭერებს შორის საქართველოც აღმოჩნდა, რაც ერთობ გასაკვირია, ვინაიდან საქართველოს უკრაინასთან არ აქვს ისეთი მჭიდრო კავშირები, როგორიც სომხეთ-აზერბაიჯანს.
მათ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, ისე, როგორც აშშ-ა. როგორც ჩანს გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობა სათანადო დონეზე ვერ ფლობს სიტუაციას, ვინაიდან არ იზიარებს სტრატეგიული პარტნიორის მოსაზრებას რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით.
დასავლელი ჟურნალისტების მიხედვით, ანტირუსული ინიციატივა 50 ქვეყნისა ევროკავშირისთვის სილის გაწნას ნიშნავდა. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის რასმუსენის მიერ გაეროს უშიშროების საბჭოზე წარდგენილი დეკლარაცია კატეგორიულად მოითხოვდა რუსეთის მხრიდან ომის შეწყვეტას.
განცხადება აღნიშნულის თაობაზე გაკეთდა მაშინ, როდესაც უკრაინა აღნიშნავდა დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს.
უკრაინის ფსევდო დამოუკიდებლობის მსგავსი იყო რეზოლუციის პროექტიც — უტოპიური. არარეალური, ვინაიდან მოწოდება რუსეთის მიმართ — შეწყვიტოს ომი და ჯარი გაიყვანოს უკრაინიდან ულტიმატუმის მსგავსია, რომელსაც რუსეთი არც და ვერც შეასრულებს, რამეთუ ის ომს იგებს.
ისმის კითხვა — თუ რუსეთი ომს იგებს, რატომ უნდა შეწყვიტოს ომი და დასავლეთ-უკრაინის წინაშე რატომ უნდა დათანხმდეს კაპიტულაციას?
ამაზე პასუხი დასავლეთს არ გააჩნია. გაეროში 193 წევრი-სახელმწიფოა და თუ ამ სახელმწიფოებიდან მხოლოდ 50 დაუჭირა მხარი რუსეთისადმი მოწოდებას, კარგად ჰქონია რუსეთს საქმე, რასაც ვერ ხედავს ანტირუსულად განწყობილი საქართველოს ოპოზიცია.
გასაოცარი იყო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის სიბიგას ინტერვიუც ერთ-ერთი დასავლური მედიისთვის მიცემული, რომელშიც მან თქვა — უკრაინა არასდროს დათანხმდება რუსეთისთვის ტერიტორიების დათმობას.
განცხადება იყო კატეგორიული, შეუვალი. მაშ რაზე უნდა მოილაპარაკონ მოსკოვმა და კიევმა. როგორც ვიცით, ზელენსკი დაბეჯითებით მოითხოვს პუტინთან შეხვედრას.
მკითხველმა განსაჯოს — 4-წლიანი ომის, უკრაინის ტერიტორიების რუსეთის კონსტიტუციაში დაფიქსირების შემდეგ რუსეთის ხელისუფლება წავა დათმობაზე?
თუ წავა, ის ხელისუფლება აღარ იქნება. ცეცხლის შეწყვეტა და კონფლიქტის გაყინვა, სამშობლოში დაბრუნებული ტერიტორიების ომში წაგებული უკრაინისთვის გადაცემა აბსტრაქციის ნაყოფია და არა რეალიზმის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ძნელია რუსეთის დადანაშაულება აგრესიაში.
მოსკოვი აცხადებს, რომ მომლაპარაკებელმა უნდა გაითვალისწინოს მიზეზი, რომელმაც აიძულა რუსეთი სპეციალური სამხედრო ოპერაციისთვის მიემართა — უკრაინის ნატოში გაწევრება, უკრაინაში ნატოს სამხედრო ბაზების განლაგება, ნეოფაშისტური უკრაინის ხელისუფლების გაძლიერება და რუსეთის წინააღმდეგ ომისთვის გამოყენება — საბოლოო მიზნით, რუსეთის დაშლით.
საქართველოს პოლიტიკა, ექსპერტობა დაბეჯითებით აცხადებს, რომ უკრაინა საქართველოს ისტორიული მეგობარია და მას ყოველთვის დახმარება ექნება აგრესორ რუსეთთან ომის დროს.
საინტერესოა, რა ისტორიული კავშირები აღმოვაჩინეთ უკრაინასთან, რომლის ისტორია ლენინის მეცადინეობით დაიწყო?
რომ არა ბოლშევიკები, უკრაინა რუსეთის იმპერიის „აკრაინა“ იქნებოდა, ანუ შორეული მხარე. თანამედროვე უკრაინა, რომ ნეოფაშისტურია, რაზეც ამერიკელი ექსპერტებიც მიუთითებენ არ არის მხედველობაში მისაღები?
თანამედროვე უკრაინა, რომ კორუმპირებულია, თანაც ისეთ დონეზე, მსოფლიოში ბადალი რომ არ ჰყავს და რის თაობაზეც პრეზიდენტი ტრამპიდან დაწყებული, აშშ-ს კონგრესმენებით, ჟურნალისტებით დამთავრებული ლაპარაკობენ ჩვენთვის არაფერს ნიშნავს?
მაგრამ ჩვენ ისე ვართ გულდამწვარი ყოფილი ავტონომიების დაკარგვით, რომ მზად ვართ ნეოფაშისტურ, კორუმპირებულ უკრაინასაც ჩავეხუტოთ.
საქართველოს ოპოზიციური პარტიები ერთხმად აგინებენ ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი კობახიძეს — როგორ თქვეს ცხინვალის ომი საქართველომ დაიწყოო. უფრო სწორად ხალხის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და ნაციონალურმა მოძრაობამო.
არ უნდა ეთქვათ?
მათი აზრით, არც ევროკავშირის სპეცკომისიას, დიპლომატ ტალიავინის ხელმძღვანელობით არ უნდა ეთქვა სიმართლე? და არ უნდა ეთქვა, იმიტომ, რომ ქართველები კარგები ვართ?
2008 წლის ომი არა მარტო იმით არის ავადსახსენებელი, რომ მსხვერპლი მოჰყვა, ტერიტორიები დაიკარგა, არამედ იმითაც, რომ ხალხმა მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. ტყუილებზე აგებული ისტორია მიუღებელი უნდა იყოს საზოგადოებისთვის. საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე, რაც არ უნდა მწარე იყოს ის. საზოგადოება უნდა ერკვეოდეს, ვინ არის საქართველოს მტერი და მოყვარე.
მრავალსაუკუნოვანი კავშირურთიერთობებიდან გამომდინარე რუსეთი არ უნდა იყოს შეფასებული ქართველთა მიერ, როგორც სამარადისო მტერი, ვინაიდან ასეთი განწყობა კარგს არაფერს მოგვიტანს — ქვეყანასთან, რომლის ბაზარს, ეკონომიკას ისე ვართ მიძალებული, როგორც ხბო ძროხის ჯიქანს.
26 აგვისტოს აფხაზეთმა და სამხრეთ ოსეთმა თავიანთი დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს. 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა ცნო მათი დამოუკიდებლობა. რატომ?
იმიტომ, რომ სააკაშვილი ახალი ომით იმუქრებოდა.
ცხინვალის ომი 5 დღეში დასრულდა და მას პრეზიდენტ სარკოზის დიპლომატიური ძალისხმევა მოჰყვა. მაშინ საფრანგეთი თავმჯდომარეობდა ევროკომისიაში. შემუშავდა დაზავების გეგმაც, რომლის მე-7 პუნქტი ავალებდა სააკაშვილს სოხუმთან და ცხინვალთან მოლაპარაკებას — ავტონომიების პოლიტიკური სტატუსის განსასაზღვრად საქართველოს შემადგენლობაში.
ამ ხელშეკრულებას მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულება ჰქვია. მისი მიხედვით, ყოფილი ავტონომიების დამოუკიდებლობა არ იყო განსაზღვრული, პირიქით, საქართველოს შემადგენლობაში მოიაზრებოდნენ მათ. სააკაშვილმა გადახაზა ეს პუნქტი.
რუსეთი 26 აგვისტომდე ელოდა სააკაშვილის პასუხს, მაგრამ ამაოდ. ნაცვლად ყოფილ ავტონომიებთან მოლაპარაკებების დაწყებისა, ის, ისევ გაიძახოდა — ომით დავიბრუნებ მათო.
სააკაშვილი ციხეშია. საქართველო ტერიტორიებდაკარგულია, მაგრამ თავის გასამართლებლად რუსეთს ვაბრალებთ აგრესიას.
რომ არა სააკაშვილის ბრიყვული გამოხდომა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში იქნებოდა.
არ იქნებოდა მსხვერპლი და ქართველი, აფხაზი, ოსი ხალხების განშორება, მათ შორის მტრობის, უნდობლობის გაჩენა. ვინ უნდა აგოს პასუხი?
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
07/09/2026
