საბჭოეთზე განაწყენებული ყოფილები
საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკებიდან თუ ყველა არა, უმრავლესობა რომ ანტი-რუსულად არის განწყობილი დიდი გამოცნობა არ სჭირდება, მაგრამ უდავოდ გამოსაცნობია, რით არის ეს გამოწვეული.
35 წელია რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, მაგრამ ანტისაბჭოური განწყობა, ანტირუსულში გადასული, აშკარად თვალშისაცემია და ამასთანავე გასაოცარი, ვინაიდან იმ საბჭოთა კავშირს, ბოლშევიკებს და კომუნისტებს უნდა უმადლოდეს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები სახელმწიფოებრიობას, სოციალურ-ეკონომიკური წარმატების მიღწევას, განათლებას, მეცნიერებას და ყველაფერ იმას, რამაც მეფის რუსეთის ჩამორჩენილი მხარეები სახელმწიფოებად აქცია.
ბევრ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ჰქონდა საკუთარი ისტორია, საუკუნეობრივი, სიღრმისეული, მაგრამ ჟამთა ცვლის შედეგად ისტორიის ფურცლებზე გადანაცვლებული. ასეთთა შორის იყო საქართველო, რომელმაც დამოუკიდებლობა დაკარგა და უფრო მეტიც — 1555 წელს, ორ მეზობელს სპარსეთსა და ოსმალეთს შორის გაყოფილი აღმოჩნდა. და რომ არა მეზობელი რუსეთი, ერთმორწმუნე და გაცილებით პროგრესული, ვიდრე სპარსეთ-ოსმალეთი რა ბედი ეწეოდა პატარა საქართველოს — დიდი გამოსაცნობი არ არის.
ანალოგიური ვითარება იყო სომხეთშიც, უფრო სწორად გაცილებით უარესი, განსაკუთრებით თურქთა მიერ სომეხთა მიმართ გენოციდის მოწყობის შემდეგ. მეფის რუსეთმა თურქთა მიერ განაწყენებულ სომხებს თავშესაფარიც მისცა, დაასახლა, აჭამა, ასვა და მშვიდი არსებობის საშუალებაც არგუნა, საბჭოთა პერიოდში კი სახელმწიფოებრიობა. სომხეთი გახდა — თურქეთთან მოსაზღვრე საბჭოთა რესპუბლიკა, მტკიცე საყრდენი სამხრეთი საბჭოთა კავკასიისთვის.
სომხეთმა უდიდეს წარმატებებს მიაღწია მეცნიერებაში, კულტურაში, ეკონომიკაში, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში. სომეხთათვის უკიდეგანო საბჭოთა კავშირი, კერძოდ რუსეთი მშობლიურად გადაიქცა, სადაც იმ რაოდენობის სომეხი ცხოვრობდა და ცხოვრობს, რამდენიც სომხეთში.
სომხების დამოკიდებულება რუსეთისა და რუსთა მიმართ იყო კორექტული, მეგობრული, არცთუ იშვიათად ნათესაური. სომეხი ეროვნების ადამიანებს სად არ შეხვდებით — რუსეთის სახელმწიფო დაწესებულებებში, მედიაში, ბიზნესში, სპორტში, მეცნიერებაში და ა.შ. სომეხი ისე ჩაეკონა რუსს, სომხეთი კი რუსეთს. ვერვინ იფიქრებდა, რომ მათ შორის ოდესმე შავი კატა გაირბენდა.
ვერ იფიქრებდა, მაგრამ ეს წარსულში. აწმყოში ფიქრობენ და ფიქრობენ არა მარტო რუსეთში მცხოვრები სომხები, ცხადია რუსებიც, არამედ თვით სომხეთში მცხოვრებნიც — იშვიათი გამონაკლისის გარდა.
აი, სწორედ ეს იშვიათი გამონაკლისი იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ სერიოზული გავლენა იქონია უმრავლესობაზე და რუსეთისა და რუსთა მიმართ იმის საწინააღმდეგო აფიქრებინა, რასაც ისინი საუკუნეთა განმავლობაში ფიქრობდნენ. ნათქვამია — სიყვარულსა და სიძულვილს შორის ერთი ნაბიჯიაო. ასეთთან გვაქვს საქმე, ანუ იმ ერთი ნაბიჯის გადადგმასთან, რამაც სომხეთ-რუსეთი ერთმანეთის დაპირისპირებულ მხარეებად აქცია.
პირადად ჩემთვის ძნელი დასაჯერებელი იყო გიგანტი საბჭოთა კავშირის ელვისებური დაშლა. მართალია, მას დაშლის მსგავსი პროცესები უსწრებდა, მრავალწლიანი, მაგრამ არა ისეთი, გიგანტის წაქცევა რომ გამოეწვია.
პირადად ჩემთვის ძნელი დასაჯერებელია სომხეთ-რუსეთის დაპირისპირება, რომელიც განშორებით შეიძლება დასრულდეს, თუკი არ გამოჩნდა ძალა — განშორების შემაჩერებელი. სამწუხაროთ, ორივესთვის, როგორც რუსის, ისე სომხისთვის ასეთი ძალა დღეს არ არსებობს. მის ნაცვლად საწინააღმდეგო ძალაა, რომელიც ძირფესვიანად თხრის ისტორიულ ფესვებს, ისტორიულ კავშირურთიერთობებს და ნაცვლად მტრობა, უნდობლობა შემოჰყავს ორი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში.
პირადად ჩემთვის ძნელი დასაჯერებელი იყო და არის სომეხთა მხრიდან რუსთა მიმართ უკმაყოფილება, რომელმაც დროის უმოკლეს მონაკვეთში ხაზი გადაუსვა ძმურად ცხოვრების ხანას და მის ნაცვლად მტრობამდე მისული ვითარება ჩამოაყალიბა. ახლა კი მჯერა იმ გამოთქმისა — სიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია.
მჯერა იმისაც, რომ მარტივად, ელვისებურად არის შესაძლებელი სიყვარულის, სიძულვილით ჩანაცვლება. მთავარია პოლიტიკური ძალა — აღნიშნულის შემსრულებელი — ასეთი კი სომხეთში არცთუ დიდი ხნის წინათ გამოჩნდა ოპოზიციაში, რომელსაც სათავეში ედგა სოროსელი ფაშინიანი. მან და მისმა პარტიელებმა მოახერხეს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება, რამაც 2018 წლიდან დაწყებული ისეთი გარდაქმნები განახორციელა სომხეთში, ისეთი ზეგავლენა იქონია სომხებზე, ადრე რომ წარმოუდგენელი იქნებოდა.
ფაშინიანმა, თავის „ფილოსოფიურ“ გამოსვლებში არაერთხელ აღნიშნა, რომ სომეხი ხალხი უნდა შეეშვას „დიდ და უძლეველ“ სომხეთზე ფიქრს და ნაცვლად პრაქტიკული აზროვნების გზას დაადგეს; რომ მთიანი ყარაბაღი — სომხებით დასახლებული, აზერბაიჯანისაა, ისე, როგორც ომით დაპყრობილი ტერიტორიები.
ერთის შეხედვით, რასაც ფაშინიანი ამბობდა ახლო იყო სინამდვილესთან, მაგრამ ვერვინ ხვდებოდა, რა იდგა ამ ისტორიული აღიარების უკან. ვერვინ იფიქრებდა, რომ ყარაბაღის დათმობაში ფაშინიანი რუსეთს დაადანაშაულებდა; ვერვინ იფიქრებდა, რომ „ოდეკაბე“-დან გამოსვლის საფუძველი სომხეთ-აზერბაიჯანის ომში სომეხთა დამარცხება იქნებოდა — წავაგეთ, იმიტომ, რომ „ოდეკაბე“-მ არ შეასრულა ის, რაც წესდებით ევალებოდა — ომში ჩართვა სომეხთა მხარეს.
სულ ახლახანს სომხეთის პარლამენტში გამოსვლის დროს ფაშინიანმა თქვა, რომ ის და სომხეთი ვეღარ ჩათვლიან რუსეთს სტრატეგიულ პარტნიორად, ვინაიდან სომხეთისთვის კულმინაციურ ვითარებაში რუსეთი განზე გადგა.
ფაშინიანი ამას საჯაროდ აცხადებს პარლამენტში. მისი გამოსვლა გადაიცა სომხური ტელეკომპანიების მიერ და ყველაფერ ამას მოსახლეობა უსმენს და უყურებს — ზოგი აღშფოთებით, ზოგიც უკმაყოფილო ფაშინიანის ტყუილებით. იგებს ის, ვინც პირველი ამბობს და არა ის, ვინც მეორე დღეს განმარტავს, ხალხი პირველ ნათქვამს იმახსოვრებს, მაგრამ არა განმარტებას. ხალხი არასდროს ფიქრობს ნათქვამი ტყუილი ხომ არ არის. ხალხი ანალიზს არ აკეთებს. ის პირველ ნათქვამს იჯერებს და თუ მას ფაშინიანის მხარდამჭერი ექსპერტების განმარტება მოჰყვება — პირველნათქვამი მტკიცედ ჩაჯდება მის ტვინში.
არის გარკვეული კატეგორია ხალხისა, რომელიც სკეპტიკურადაა განწყობილი ხელისუფალთა მიმართ, მაგრამ მათი ნათქვამის დაჯერება ხალხის მიერ ძნელად წარმოსადგენია, ხელისუფლების რეპრესიული სისტემის პირობებში.
სოროსელმა ფაშინიანმა და მისი პარტიის წევრებმა ისეთი რეპრესიული სისტემა გაახარეს სომხეთში, რომ ხალხს, ისე, როგორც ოპოზიციას ყოველგვარი წყალი გადაუწერეს არა მარტო თავისუფალი საჯარო განცხადებებისა, არამედ კრიტიკული აზრის გამოთქმისა.
ვინც კრიტიკული აზრი გამოთქვა — ციხეში მიაბრძანეს, მათ შორის ცნობილი ღვთისმსახურები, სომხური ეკლესიის საჭეთმპყრობელს ქვეყნიდან გასვლის შანსიც არ დაუტოვეს; ყოფილი პრეზიდენტი ქოჩარიანი და მისი ვაჟიშვილი დაიჭირეს; ცნობილი ბიზნესმენი ცარუკიანი დაიჭირეს, ისე, როგორც მისი მიმდევრები. ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლის დროს ბრძანა, რომ ყველა ოპოზიციონერს დაიჭერს. თქვა და ნათქვამის ასრულებას მეორე დღესვე შეუდგა.
ფაშინიანმა კბილები გამოაჩინა! ვინ შეუწყო ხელი ფაშინიანის დიდ პოლიტიკაში მოსვლას?
წინა ხელისუფლებამ, მისმა თავდაჯერებულობამ, არაჯეროვანმა მმართველობამ, ხალხის ინტერესების გაუთვალისწინებლობამ. ხელისუფლების სათავეში მყოფნი ღრუბლებში დაფრინავენ, საიდანაც ქვეყანა და ამ ქვეყანაში მცხოვრებნი ძალიან პატარებად მოსჩანან. ხალხისგან დაშორება ნოყიერ ნიადაგს უქმნის სხვაგვარად მოაზროვნეებს, ოპოზიციონერებს, რომლებიც აგრესიულად განწყობილი დასავლეთისათვის ადვილად გადასაბირებელი ობიექტები ხდებიან.
მცირედი ფინანსური დახმარება და ანტისახელისუფლებო ძალა მოქრთამებულია. დასავლეთი და იქ მცხოვრები სომხური წარმოშობის ადამიანები, ანტირუსულად განწყობილები მუდამ მზად იყვნენ სომხეთის, რუსეთის გავლენისგან გასათავისუფლებლად.
სომხური სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში 16 მილიონი სომეხია, რომელთა დიდი ნაწილი აშშ-ი, საფრანგეთში, რუსეთში, სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ. სომხური გამოთქმისა არ იყოს — სამშობლო იქაა, სადაც პურია.
დასავლელ სომხებს მეტი მიზანმიმართულება აღმოჩნდათ, ვიდრე რუსეთში მცხოვრებთ. შედეგიც სახეზეა. ანტირუსულად განწყობილი სომხეთის ხელისუფლება და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი. მაგრამ მარტო დასავლეთში მცხოვრები სომხური დიასპორა ვერაფერს გახდებოდა, რომ არა დასავლეთის პოლიტიკური ელიტები, ხელისუფლება, სადაზვერვო სამსახურები, დიპლომატიური წარმომადგენლობები — სომხეთში აკრედიტებულები. ყველა მათგანის მიზანი იყო და არის რუსეთის სომხეთიდან განდევნა, ისე, როგორც ამიერკავკასიიდან. მათ ეს პროგრამა წარმატებით შეასრულეს — ფაშინიანის სახით.
არანაკლებ წარმატებებს აღწევენ მეზობელ აზერბაიჯანში, რომლის პრეზიდენტი და ხელისუფლება ანტირუსულად არიან დამუხტულნი და პატარა შემთხვევასაც ხელიდან არ უშვებენ, რუსეთის გასალანძღად.
უნებლიედ იბადება კითხვა — დასავლეთის ანტირუსულ პროგრამას რით უპასუხა რუსეთმა?
როგორც ჩანს ისეთით არაფრით, რომ ანტირუსული ტალღა შეეჩერებინა. რუსეთის დიპლომატიურ სამსახურს საუკუნეობრივი გამოცდილება გააჩნია, მაგრამ მიუხედავად ამისა თანამედროვეობას თავი ჯეროვნად ვერ გაართვა. ამ შემთხვევაში მხედველობაში მაქვს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები. 35 წელია რაც საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები დამოუკიდებელი ქვეყნებია, თავიანთი ხედვით საერთაშორისო არენის მიმართ.
ყველა მათგანისთვის 35 წლის წინანდელი ცხოვრება, რატომღაც სათაკილოა, მძიმედ გასახსენებელი წლებია — რეპრესიული, საკუთარი ისტორიისა და წეს-ჩვეულებების დამთრგუნველი. რა მოიმოქმედა რუსეთმა იმისთვის, რომ მსგავს ნეგატიურ განწყობას წერტილი დასმოდა?
არც არაფერი. მას არავითარი ურთიერთსათანამშრომლო პროგრამა არ შეუმუშავებია ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებთან. დასავლეთმა შექმნა და როგორც შხამიანი ისარი, ისე ჩაასო ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების სულში მახვილად, ადგილობრივ მოსახლეობასთან უშუალო, პირადი კონტაქტებით.
ერთ-ერთ წინა სტატიაში აღვნიშნე, რომ აშშ-ს საელჩოს თანამშრომლები ხშირად ხვდებიან ერევნისა და სხვა ქალაქების მცხოვრებთ — ქუჩაში ნარდით მოთამაშეებს და არ თაკილობენ მათთან ნარდის, ჭადრაკის თამაშს, რომლის დროს ისინი აგროვებდნენ და აგროვებენ მეტად საჭირო ინფორმაციას მასპინძელი ქვეყნის შესახებ.
დიპლომატიისთვის უმთავრესი, ინფორმაციაა. რუსი დიპლომატები ერიდებოდნენ და ერიდებიან ხალხთან კონტაქტებს. რუსეთის დიპლომატიას არაფერი უკითხავს სომხეთის ხელისუფლებისთვის, რატომ დათანხმდა ის აშშ-ს მიერ ერევანში ყველაზე დიდი საელჩოს მშენებლობაზე რეგიონში. ნუთუ მაშინ ძნელი გამოსაცნობი იყო, რომ საელჩოს დიდი შენობა დიდ შტატს ნიშნავდა?
პატარა სომხეთი და უზარმაზარი საელჩო იმის მაუწყებელი იყო, რომ ის გადაიქცეოდა ანტირუსულ, ანტიირანულ ცენტრად, სადაზვერვო ოპერაციების ჩამტარებლად ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიაში, სატრანზიტო მარშრუტებზე კონტროლის დამწესებლად, ჩინური პროგრამის — ერთი გზა, ერთი სარტყელის დასაზვერად?
რუსეთი თავისი პრობლემებით იყო დაკავებული, გამოწვეული გორბაჩოვ-ელცინის ანტისახელმწიფოებრივი მმართველობით, რასაც თან ახლდა საბჭოთა კავშირის ლანძღვა-გინება, რომელიც დღესაც გრძელდება.
რუს პოლიტიკოსებს, საზოგადოების გარკვეულ ნაწილს გული მოსდით, როდესაც ყოფილი საბჭოელები აგინებენ კომუნისტურ წარსულს და მას თანამედროვე რუსეთს უკავშირებენ, რაც ჩემის აზრით არაობიექტური მიდგომაა, ვინაიდან თვით რუსი პოლიტიკოსების, ექსპერტების, პოლიტოლოგების მნიშვნელოვანი ნაწილი ნეგატიურად მოიხსენიებენ 70-წლიან კომუნისტურ მმართველობას, კომუნისტურ ბელადებს ლენინს და სტალინს.
რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიებში მიმდინარე პოლიტიკურ თოქ-შოუებში არცთუ იშვიათად ლანძღავენ წარსულს. არადა, რომ არა ბოლშევიკური რევოლუცია, კომუნისტური სისტემა ვინ იცის რა იქნებოდა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა?
რა იქნებოდა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიაზე, დღევანდელ დამოუკიდებელ ქვეყნებში?
ახლახანს, ტაჯიკეთის დედაქალაქში ოპერისა და ბალეტის ახალი შენობა გაიხსნა, რომელიც 2500 მაყურებელზეა გათვლილი. და ეს დუშანბეში — ავღანეთის მახლობლად. ცენტრალური აზია თურქესტანად მოიხსენიებოდა და არა ცალ-ცალკე ქვეყნებად. ბოლშევიკებმა, კომუნისტებმა დაყვეს უზარმაზარი ტერიტორია რესპუბლიკებად. შექმნეს წერა-კითხვის საზოგადოებები, განათლება, მედიცინა, კულტურა და ა.შ.
დიდი გამოცნობა არ სჭირდება იმას, რომ თურქესტანის ტერიტორიაზე ოპერისა და ბალეტის თეატრი არ იქნებოდა. არის ასეთი მეზობელ ავღანეთში?
მეტნაკლებად მსგავსი ისტორია შეიძლება ამოიკითხოთ ყველა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის წარსულში.
ის, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და მისი მთავრობა ლანძღავს საბჭოთა კავშირს — არცთუ იშვიათად, თანამედროვე პოლიტიკურ კონიუნქტურას უნდა მივაწეროთ, ამავდროულად უმადურობას, პოლიტიკურ დაუნახაობას, დასავლეთის წინაშე კეკლუცობას.
ყოფილ საბჭოელებში რატომღაც გამჯდარია კოლექტიური დასავლეთისადმი აღტაცებული დამოკიდებულება — რახან დასავლელია, უნაკლოა და მისაბაძი. დასავლეთის წინაშე ფიანდაზად გაგება დამამცირებელია, საკუთარი თავის უპატივცემულობაა, მაგრამ ეს არ აწუხებს არც ფაშინიანს, არც ალიევს, არც სანდუს, არც სხვებს.
არ აწუხებდა სააკაშვილს, არ აწუხებს საქართველოს ოპოზიციას, საზოგადოებას. ვინ-ვინ, და ალიევმა საბჭოეთი არ უნდა გალანძღოს — საბჭოეთით მოსუქებულმა.
შეგახსენებთ — ილჰამის მამა, გეიდარი აზერბაიჯანის კგბ-ს თავმჯდომარე იყო, შემდეგ აზერბაიჯანის კპ ცკ-ს პირველი მდივანი და სსრკ კპ ცკ-ს პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი, შემდეგ სსრკ-ს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, სსრკ კპ ცკ-ს პოლიტბიუროს წევრი.
თვით ილჰამს მოსკოვში აქვს მიღებული უმაღლესი განათლება — საერთაშორისო ურთიერთობათა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რის დამთავრების შემდეგ იყო ამავე უნივერსიტეტის პრორექტორი.
გეიდარ ალიევის ოჯახმა აურაცხელი სიკეთეები მიიღო საბჭოთა სისტემიდან. ასე რომ მის შვილს ილჰამს სასაყვედურო არაფერი უნდა ჰქონდეს. არც აზერბაიჯანს, რომელიც სპარსთა ქვეშევრდომობიდან მეფის რუსეთმა გამოიყვანა, ხოლო საბჭოთა სისტემამ სახელმწიფოებრიობას აზიარა.
წარსული ისტორია დასავიწყებელი არ უნდა იყოს, ისე, როგორც სათაკილო, მაგრამ „გამეფებული“ მედროვეები აფურთხებენ წარსულს და იმის სურვილით ცხოვრობენ, რომ გვერდში დაუდგნენ, ხელი ჩამოართვან მათ სათაყვანებელ ევროკავშირელებს, ამერიკელ პოლიტიკოსებს, გაიხადონ ისინი სათაყვანებელ კერპებად. იყვნენ მათ საზოგადოებაში, ილაპარაკონ მათთან. მათ ისიც ვერ შეუგნიათ, რომ ევროპელთა ქედმაღლობა არსად გამქრალა, მითუმეტეს ისეთ ქვეყნებთან, როგორებიცაა აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი, სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები.
საკუთარი მეობის ფეხქვეშ გათელვა იყო სომხეთში გამართული ევროკავშირული სამიტი, რომელშიც ზელენსკიც იღებდა მონაწილეობას. მაშინ ფაშინიანმა თავისი მლიქვნელობით ყველა რეკორდი მოხსნა.
სტუმრებსაც ეს უნდოდათ — რუსეთის გავლენიდან გამოსული სომხეთი. „ნუ შეგეშინდებათ, თუ რუსეთი აგიკრძალავთ საკუთარ ბაზარზე თქვენი პროდუქციის შეტანას, ჩვენ დაგეხმარებით, საკომპენსაციო ფულსაც მოგცემთ და ევროკავშირის ბაზარსაც გაგიხსნითო“.
საკომპენსაციო 50 მილიონი სომხეთისთვის ზღვაში წვეთია, მაგრამ ეს თანხა ხომ ქვეყნისთვის არ არის გამიზნული — ქვეყნის ხელისუფლებისთვისაა, რომელმაც საკუთარი მოსახლეობა პროევროპულად უნდა დარაზმოს. დასავლელთა მიზანი არასდროს ყოფილა სხვისი მოსახლეობისთვის კეთილდღეობის შექმნა. მათი მიზანი იყო და არის ამ მოსახლეობის მწყემსთა გადაბირება.
ფაშინიანმა გამოაცხადა, რომ სომხეთი მალე დაიწყებს ევროკავშირში გაწევრებისთვის საჭირო პროცესს. რეფერენდუმს კი ჩაატარებს მოგვიანებით, განცხადების შეტანის და ბრიუსელის პასუხის შემდეგ. ე.ი. სომხეთის ხელისუფლება იწყებს პროცესს, რის შემდეგაც ეკითხება ხალხს — უნდა თუ არა მას ხელისუფლების მიერ არჩეულ გზაზე სვლა.
ცხადია, განცხადების წარდგენა სულაც არ ნიშნავს გაწევრებას, ვინაიდან პროცესი მოითხოვს ხანგრძლივ, მრავალწლიან მოლაპარაკებებს. ევროკომისიამ უნდა მოამზადოს დასკვნა, გადაწყვეტილება კი მიღებასთან დაკავშირებით უნდა გამოიტანონ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა. შემდეგ დაიწყება რთული მოლაპარაკებები, კანონმდებლობის რეფორმირება, ეკონომიკის ცვლილება, სასამართლო ორგანოების რეფორმა, ისე, როგორც სახელმწიფო მართვის სისტემის.
კანდიდატის სტატუსის მიღებიდან, გაწევრებამდე დიდი და გრძელი გზაა გასავლელი, თანაც არაერთწლიანი.
განცხადების წარდგენა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯია. ეს არ არის ჩვეულებრივი წერილი, რომელიც იგზავნება პასუხის და გადაწყვეტილების მისაღებად. განცხადების მიღებისთანავე იწყება საგარეო-პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები, რომლებიც გავლენას ახდენენ არსებულ მოკავშირეებთან ურთიერთობებზე. ამდენად ლოგიკური იქნებოდა უპირველესად მოსახლეობის ინფორმირება — რას მიიღებს ქვეყანა ევროკავშირში გაწევრებით.
2024 წელს სომხეთ-რუსეთის სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2025 წელს — 8 მილიარდი. 2026 წლის პირველ ნახევარში — 2,63 მილიარდი. კლება გამოიწვია სომხეთის განცხადებამ ევროკავშირში გაწევრებისთვის.
ევროკავშირში სომხეთის ექსპორტი გაიზარდა 2025 წელს 667 მილიონ დოლარამდე. 2026 წლის პირველ ნახევარში — 516 მილიონამდე, მაგრამ მის რუსეთთან ურთიერთობებს ვერ შეედრება. რუსეთზე მოდიოდა სომხური ექსპორტის 35%, მაშინ, როდესაც მთელს ევროკავშირზე — 11%.
2025 წელს ევრაზიულ ბაზარზე გავიდა 98% სომხური თევზი და თევზპროდუქტები; 94% — ყვავილი; 98% — წიწაკა და ბადრიჯანი; 86% — მინერალური წყლები; 89% — კურკოვანი ხილი; 98% — მარწყვი.
დილეტანტმა შეიძლება თქვას — მერე რა, სომხეთი არ შეიტანს თავის პროდუქციას ევრაზიულ ბაზარზე, მაგრამ შეიტანს ევროპულში. ევროპული ბაზარი არ იხსნება პოლიტიკური განცხადებებით. იქ სხვა მოთხოვნებია ხარისხთან, სერტიფიცირებასთან, შეფუთვასთან, მოცულობასთან, ლოჯისტიკასთან დაკავშირებით. სომხეთს არ აქვს ზღვაზე გასასვლელი. სატრანსპორტო ხარჯები მაღალია, მალფუჭადი პროდუქტის ტრანსპორტირება ხანგრძლივი არ უნდა იყოს.
2025 წელს სომხეთი მოინახულა 2,264 მილიონმა ტურისტმა, აქედან რუსი 41% იყო — 930 ათასი (წლის განმავლობაში). რუსი ტურისტები ფულს იხდიან სასტუმროებში, დაქირავებულ ბინებში, რესტორნებში, კაფეებში, საქალაქო ტრანსპორტში, ტაქსში, ყიდულობენ საქონელს და ა.შ.
გარდა ამისა რუსული კაპიტალი არის ჩადებული სომხეთის ეკონომიკაში — ენერგეტიკაში, ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურაში, რკინიგზის სისტემაში, ტელეკომუნიკაციაში, საბანკო სისტემაში, სამთო მრეწველობაში.
რუსული კაპიტალი დაკავშირებულია ზანგეზურის მოლიბდენის კომბინატთან. ეს საწარმო უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებს, ისე, როგორც ატომური ელექტროსადგურები.
პოლიტიკოსებს უყვართ ლამაზი ლაპარაკი, ეკონომიკას — ციფრები. ეკონომიკას არ ესმის პარლამენტის აპლოდისმენტები, გეოპოლიტიკური ლოზუნგები, შორეული დაპირებები.
არანაკლებ მნიშვნელოვანია ფულადი გადარიცხვები. 2025 წელს რუსეთიდან, სომხეთში მცხოვრებ ნათესავებზე გადარიცხვამ (ბანკის გავლით) შეადგინა 3,9 მილიარდი დოლარი. შედარებისთვის, აშშ-დან 734 მილიონი.
ყოველივე აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ ისტორიულად ჩამოყალიბებული კავშირების რღვევა ქვეყნის რღვევის საწინდარი შეიძლება გახდეს. ასე რომ „7-ჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“ — ძველი ანდაზა ჭკუის სასწავლებლად არის შექმნილი და არა სალაღობოდ.
ფაშინიანის გადაწყვეტილებით, კავკასიაში ჩამოყალიბებული ურთიერთკავშირები კარდინალურად შეიცვლება. ევროკავშირ—აშშ-ს შემოყვანა უდავოდ გამოიწვევს დაპირისპირებას აშშ-რუსეთს, აშშ-ჩინეთს, რუსეთ-თურქეთს, აშშ-ირანს შორის — ისედაც გამწვავებულს.
ფაშინიანს ჰგონია, რომ რუსულ გაზში, რომელშიც სომხეთი 170 დოლარს იხდის, ევროკავშირი კი 770-ს, ამერიკულში, უცვლელი დარჩება, ისე, როგორც რუსული ბაზარი სომხური პროდუქციისთვის.
ფაშინიანს იმედი აქვს, რომ შეინარჩუნებს ევრაზიულ ბაზარს — ევროკავშირულში შესვლამდე. რაც შეეხება გაზს, მას იმედი აქვს აზერბაიჯანის.
სომხეთი, ისტორიული მტერი თურქეთის, პოზიციას იცვლის და ცდილობს მჭიდრო ურთიერთობები დაამყაროს ანკარასთან. აზერბაიჯან-თურქეთის ტანდემი რამდენად წაადგება სომხეთის უსაფრთხოების საქმეს — მომავალი გვიჩვენებს.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ხომ დაბეჯითებით აცხადებს, რომ ტერიტორია, რომელზეც სომხეთი მდებარეობს ისტორიულად აზერბაიჯანისაა.
ფაშინიანის „ნოვატორობა“, რომ პრობლემების მომტანი გახდება კავკასიისთვის, მათ შორის საქართველოსთვის დიდი გამოსაცნობი არ არის. სომხეთში შესული ევროკავშირი ძალას არ დაიშურებს ამიერკავკასიაში პოზიციების გასამყარებლად; რუსეთის სამხრეთის საზღვრებზე პრობლემების შესაქმნელად, რისთვისაც საქართველოს „მოთვინიერება“ იქნება საჭირო — ხელისუფლების ცვლით.
ის, რომ ევროკავშირის შტაბ-ბინა ბრიუსელი მოჭარბებული კრიტიკული თვალით უყურებს საქართველოს ხელისუფლებას, არახალია. საქართველოსთან ტერიტორიული მოახლოება, სომხეთში პოზიციების განმტკიცებით, სიმშვიდის მომასწავებელი არ უნდა იყოს „ოცნებისთვის“. ბრიუსელი ამ შანს ხელიდან არ გაუშვებს და ამ ფონზე გამუდმებული ლაყბობა, რუსეთის შეფარულ აგრესიასთან დაკავშირებით მიუღებელია.
ოპოზიცია და ე.წ. ექსპერტობა დიდი რაოდენობით რუსი ტურისტების საქართველოში შემოსვლას სხვადასხვა მიზეზით ხსნიან. უპირველესად იმით, რომ უკრაინის ფრონტისთვის ახალი ცოცხალი ძალის მიწოდების მიზნით საყოველთაო მობილიზაციის გამოცხადებით. შეშინებული რუსები საქართველოსა და ყაზახეთში გარბიან. მათ ომში მონაწილეობა არ სურთ.
მეორე ვარაუდი ისაა, რომ რუსთა მასიური შემოსვლა გამიზნული ოპერაციაა, რომელიც მიმართულია რუსთა აქ ჩასახლებით, ბინების ყიდვით და ხელსაყრელ მომენტში ანტიქართული ამბოხის მოწყობით.
მესამე — აქ შემოსული რუსობა აგენტურულ ქსელს გააბამს და ა.შ.
ე.წ. ექსპერტები და ოპოზიციონერები ხალხს აშინებენ რუსთა შეფარული ექსპანსიით, რომელსაც ხელს უწყობს „ოცნება“ და ივანიშვილი. მათ საქართველოს გარუსება უნდათ. რა სიბრიყვეა. გარუსების მსურველი რუსი არაერთი საუკუნე იყო საქართველოში და მერე რა, გავრუსდით?
იქნებ მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა? იქნებ პირიქით მოხდა?
ფაქტს ვერსად გავექცევით. გეორგიევსკის ტრაქტატიდან, საბჭოთა კავშირის დაშლამდე აქაური მოსახლეობის რაოდენობა 700 ათასიდან 5,5 მილიონამდე გაიზარდა.
დავუშვათ, რუსეთს რაღაც საზარელი გეგმა აქვს შემუშავებული, რა დავუპირისპიროთ, რით ვუშველოთ თავს?
იქნებ ყოვლისმცოდნე ოპოზიციამ და ე.წ. ექსპერტობამ მზაკვრული გეგმის საწინააღმდეგო რაღაც წამალი გვითხრას?
მაგრამ ვერ გვეტყვის, ვინაიდან მისი მიზანი ეს არ არის. მისი მიზანი რუსოფობიური განწყობის უფრო მეტად გაღვივებაა, ხალხის დაშინებაა.
შეშინდება ხალხი?
ეჭვი მეპარება, ვინაიდან არ თვლის ოპოზიციას და მის მხარდამჭერ ექსპერტობას სერიოზულად. ისინი ხალხს ქარაფშუტებად, ჩიტირეკიებად მიაჩნიათ. ასე რომ მათი „გარჯა“ ხალხზე გავლენას ვერ მოახდენს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
31/08/2026
