ანბანის მიხედვით ასო „ა“-ს შემდეგ „ბ“ მოდის
თანამედროვე საქართველოს პოლიტიკური ელიტის მსოფმხედველობა ძირფესვიანად განსხვავდება საერთაშორისო არენაზე მიმდინარე პროცესებისგან, რაც აშკარა მაჩვენებელია სურვილსა და რეალობას შორის არსებული ფართო ხრამისა — დღითი დღე რომ მინიმალურ შანსაც არ იძლევა მასზე გადახტომის.
არის ასეთი რუსული ანდაზა — ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახეო. „ბრძენი“ ქართველი „პოლიტიკოსები“ ჯერ ჰოპს ყვირიან, მაგრამ გადახტომისა რა მოგახსენოთ — ადგილზე ხტუნაობენ და ახტუნავებენ ქვეყანას.
35 წლის წინ რუსეთმა მოგვცა დამოუკიდებლობა არა მარტო ჩვენ, არამედ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს — საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. დამოუკიდებულება- მიღებულებს გაუჭირდათ ახალ ვითარებასთან შეგუება, ვინაიდან რასაც 70 წლის განმავლობაში აკეთებდნენ რუსეთის და კრემლის მოიმედენი, თვით გახდნენ ამ საქმის მკეთებელნი. საქმე კი უამრავი იყო, ტონობით, რომელთა აწევა წარმოუდგენლად ძნელი გამოდგა უკვე ყოფილი საბჭოელებისთვის, ამიტომ მთელი რიგი დარგები, საბჭოეთის დროს ერთობ წარმატებული, მივიწყებას მიეცა და ნაცვლად მარტივი რამ იქნა მიღებული — იყიდე-გაყიდე.
იყიდე მოსახლეობის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, გაყიდე — ფულის მოსაპოვებლად მოსახლეობის პირველადი მოთხოვნების საქონლის შესაძენად.
ზოგმა ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ იფიქრა და გადაწყვიტა, რომ ესოდენი ეკონომიკური პრიმიტივიზმი ახალი ქვეყნის პრობლემებს ვერ დააკმაყოფილებდა და საწარმოების აღდგენითი სამუშაოების დაწყებაზე გააკეთა აქცენტი. ეს მოსაზრება იმ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში დაიბადა, სადაც ხელისუფლებაში მყოფ მოხელეებს პრაქტიკული აზროვნება ჰქონდათ. ბელორუსის მაგალითი რად ღირს, ყაზახეთის, უზბეკეთის, …
სამწუხაროდ, ეკონომიკურ-სოციალური აზროვნების მატარებელი სახელმწიფო მოხელეები საქართველოს არ აღმოაჩნდა. რაც გვქონდა და გვაქვს, ანუ რაც გვყავდა და გვყავს „პატრიოტული შემართების“, რევოლუციური აღტყინების მოხელეებია — ეკონომიკიდან შორს მყოფნი, მაგრამ მიტინგებზე და საჯარო შეკრებებზე მგზნებარე სიტყვების მთქმელნი.
35 წლის განმავლობაში, რაც მათ აკეთეს მიტინგები, დემონსტრაციები, საპროტესტო კარვები იყო და არის, მაგრამ არასაკმარისი ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური ჩარხის ტრიალისთვის, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სხვა დარგების განვითარებისთვის.
ბელორუსის მაგალითი მოვიყვანე, ვინაიდან მოსაყვანი იყო, იმიტომ, რომ ბელორუსელი ლიდერის ლუკაშენკოს პრაქტიკულმა აზროვნებამ 10-მილიონი ბელორუსი ისეთად აქცია, სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, კვების მრეწველობა, ეკონომიკის სხვა დარგები თითით საჩვენებელი რომ გახადა.
აღნიშნულის განვითარებამ თავისთავად მოითხოვა მეცნიერების, საინჟინრო-ტექნიკური კადრების, საშუალო და უმაღლესი სასწავლებლების ჩამოყალიბება, აღზრდა, განათლების სისტემის საერთაშორისო დონეზე აყვანა.
ლუკაშენკოს აღმშენებლობის პროგრამა საბჭოთა ბელორუსის ეკონომიკური განვითარების ფუნდამენტზე იდგა, ინტეგრაციაზე მეზობელი რუსეთის ეკონომიკასთან, რუსეთის უკიდეგანო ბაზართან. რომ არა რუსული ბაზარი სად გაიყიდებოდა ბელორუსული ტრაქტორები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, გიგანტი „ბელაზის“ სატვირთო ავტომანქანები, რძე, ყველი, რძის სხვა პროდუქტები, ხორცი და ხორცპროდუქტები, სხვას რომ თავი დავანებოთ?
გასაღები ბაზრის მოძიება დიდ შრომასთან არის დაკავშირებული, ისე, როგორც ფულთან, ვინაიდან ნაწარმი, რეკლამას საჭიროებს, გამუდმებულ მოლაპარაკებებს, ხშირად რომ უშედეგოდ მთავრდება.
პროდუქცია უნდა იყოს კონკურენტუნარიანი, მყიდველის ბაზრისთვის მისაღები. მყიდველს დიდი არჩევანი აქვს, რაც გამყიდველს ავალდებულებს კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას.
ლუკაშენკომ რუსეთთან ისეთი ეკონომიკური კავშირები ააწყო, სხვასთან, მაგალითად ევროკავშირთან რომ შეუძლებელი იქნებოდა. მარტივი მაგალითი — ბელორუსული ვაშლი ევროკავშირულ სტანდარტებს მაშინ მიესადაგებოდა, როდესაც ყუთში ჩაწყობილი ყველა ვაშლი ერთი ზომისა და ფორმისა იქნებოდა, რა რაოდენობის სასუქით იყო გაჯერებული ხილის ბაღები, წლის განმავლობაში რამდენი მზიანი დღე ჰქონდა ბაღს და ა.შ. ეს მინიმალური მოთხოვნაა, მაგრამ მთავარი?
მთავარი ის იყო, სჭირდებოდა თუ არა ევროკავშირს ბელორუსული ვაშლი, როდესაც თავისიც არ იცოდა სად წაეღო.
ლუკაშენკოს არჩევანმა გაამართლა, ანუ რუსეთთან მჭიდრო ეკონომიკურმა თანამშრომლობამ. ლუკაშენკოს პოლიტიკური ლოზუნგები არ უსვრია. არ უთქვამს, რომ რუსეთთან არ ვითანამშრომლებ იმიტომ და ამიტომ. მან სწორი გზა აირჩია — რუსეთი, ჩინეთი, სხვა ქვეყნები, წინათ რომ განვითარებადი ერქვათ.
რა გავაკეთეთ ჩვენ?
მიტინგები ვატარეთ, ანტი-სახელისუფლებო კარვებიც დავდგით, საპროტესტო შიმშილობაც გამოვაცხადეთ; რუსეთიც ვლანძღეთ და საბჭოთა კავშირიც; დასავლეთი ვაქეთ და ვადიდეთ, ვეთაყვანეთ იმ დონემდე, ლამის ფიანდაზად გავეგეთ. შედეგი?
იყიდე-გაყიდე ქვეყანა. საქართველოს სსრ-ს, ბელორუსის მსგავსად ბევრი რამ ჰქონდა საამაყო. მარტო კიროვის ჩარხთმშენებელი, რუსთავის მეტალურგიული და ქიმიური გიგანტები რად ღირს; ელმავალმშენებელი ქარხანა, მსუბუქი და კვების მრეწველობის ფაბრიკები? ღვინის, შამპანიურის, კონიაკის ქარხნები? მევენახეობა, მეჩაიეობა, მეთამბაქოეობა, მეფუტკრეობა, მეცხოველეობა, მეაბრეშუმეობა, მეხორბლეობა, მეხილეობა, მეცნიერება, კულტურა, ხელოვნება, სპორტი?
ეს ყველაფერი სანაგვეზე მოვისროლეთ და ევროპისკენ დავიწყეთ ყურება — დაიმედებული, რომ ევროკავშირის წევრი გავხდებით. ვერ გავხდით. ვერ გავხდებით, იმიტომ, რომ ის მოთხოვნები უნდა დავაკმაყოფილოთ, რასაც ბრუსელი გვეუბნება. დაკმაყოფილებას აზროვნების შეცვლა სჭირდება. აზროვნების შეცვლას კი დრო და ახალი თაობა, რომელიც დასავლურ ყაიდაზე გაზრდილი, ჩვეულებრივად მიიღებს ვაჟის მიერ ვაჟის ცოლად მოყვანას, სქესის გადაკეთებას, გეი-პარადების ჩატარებას, ლგბტ-ბას და ა.შ.
მხოლოდ ასეთი ქართველი და საქართველო იქნება ევროკავშირისთვის მისაღები. დღევანდელი ქართველი, რომელიც არ იზიარებს აღნიშნულს, მიუღებელია. გარდა ამისა, საქართველო უნდა იყოს რუსეთის მტერი, მისი მუდმივი მლანძღველი, მისთვის ეკონომიკური სანქციების დამწესებელი, უფრო მეტიც მეორე ფრონტის გამხსნელი.
ევროკავშირს თავისი ანგარიში აქვს რუსეთთან, რომლის შესრულებას ის სხვას ავალებს, ამ შემთხვევაში საქართველოს. დაავალა უკრაინას და რაც უკრაინამ მიიღო — გავერანებული ქვეყანაა, მოსახლეობაშემოძარცვული, 1,5 მილიონი რუსეთთან ომში დაღუპული, გაცილებით მეტი დასახიჩრებული, მილიონობით უცხოეთში გადახვეწილი.
ფაშისტურმა უკრაინამ მორიგი ფაშისტი „გმირი“ ამოიღო როტერდამის მიწიდან და კიევს გადმოასვენა. დაკრძალვა „გმირის“ — შესაბამისი ცერემონიალით.
უკრაინის ნეოფაშიზმი ევროკავშირს არ აწუხებს, ვინაიდან მტერ რუსეთთან ომობს და მიუხედავად ამისა ევროკავშირში არ იღებს.
უკრაინის ფაშისტური ხელისუფლება, რომელიც ევროკავშირის ყველა დავალებას ასრულებს — ლგბტ-ს აღიარებით დაწყებული, გეი-პარადებით, საროსკიპო სახლებით და სხვა „სიკეთეებით“ დამთავრებული, მაინც მიუღებელია ევროკავშირისთვის, ვინაიდან უკრაინელი ბოლომდე არ არის გატეხილი, ისე, როგორც მართლმადიდებლური ეკლესია, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება შავ დღეში აყენებს.
უკრაინა, რომ ნეოფაშისტურია, ამის შესახებ ამერიკელი ექსპერტები, ჟურნალისტები ლაპარაკობენ საჯაროდ ტელეეთერში, მაგრამ უკრაინა ასრულებს საქმეს — ეომება რა რუსეთს.
აშშ-ს სენატორს, აწგარდაცვლილ ლინდსი გრემს ტყუილად ხომ არ უთქვამს შემდეგი — აშშ-ს, თავის ისტორიაში ისეთი წარმატებული ინვესტიცია არ განუხორციელებია, როგორიც უკრაინაში, უკრაინელთა ხელით რუსის ხოცვა.
აი, ამ ხოცვაში უკრაინის მოსახლეობის რაოდენობა 52 მილიონიდან, რომ 19 მილიონამდე დავიდა გრემს არ აწუხებდა, მითუმეტეს არც დღეს შეაწუხებს საიქიოში მყოფს.
პერსპექტივა მცირერიცხოვანი საქართველოსთვის არც ისეთი მომხიბლავი უნდა იყოს, მაგრამ ოპოზიციას ეს არ ადარდებს. მას იქ უნდა. არადა, სრულიად თავისუფლად შეუძლია ამ ოცნების ასრულება ინდივიდუალურად — ევროკავშირის კარი საქართველოს მოქალაქეებისთვის ღიაა. მაგრამ არა, ოპოზიციას საქართველოს იქ შეყვანა სურს. ამაში აქვს მიღებული ფული. შეყვანამდე კი ხალხის გადაგვარება, გაპედერეასტება, გატრანსვესტიტება და ა.შ.
დასავლეთზე ცუდი არაფერი უნდა ითქვას არც საჯაროდ, არც მედიაშიო; ხელისუფლება და რუსოფილები არ უნდა აძულებდნენ ხალხს ევროპა-ამერიკასო; არ უნდა ლაპარაკობდნენ, რომ იქ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებიაო.
კოლექტიურ დასავლეთში, მართლაც რომ სერიოზული პრობლემებია, მათი ტელევიზიებიდან, ჟურნალ-გაზეთებიდან ვიცით. ისინი არ მალავენ ამას, ჩვენ უნდა დავმალოთ? იქნებ პირიქით, იქ წამსვლელმა რომ იცოდეს სად მიდის? ფაქტის წინაშე დადგომა იოლი გადასატანი ხომ არ არის?
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ეკონომიკურ-სოციალური პირობები, ადრინდელთან შედარებით რომ გაუარესებულია, სტატისტიკაც მიგვანიშნებს. ევროკავშირის ეკონომიკური ძლიერების ქვეყანაში, გერმანიაში — 190 ათასი მსხვილი და საშუალო საწარმოა დახურული ამ წლის განმავლობაში — დავმალოთ? თუ დადებითად აღვიქვათ?
დაიხურა იმიტომ, რომ ევროკავშირმა თვითმკვლელობა ჩაიდინა — რუსულ იაფ გაზზე უარის თქმით. რატომ?
იმიტომ, რომ გერმანელ პოლიტიკოსებს, რევანშის იდეებით შეპყრობილთ, ეგონათ, რომ რუსულ გაზზე უარის თქმით რუსეთი დაზარალდებოდა. პირიქით კი მოხდა.
რუსეთი აგრძელებს უკრაინასთან ომს. იმ უკრაინასთან, რომელსაც მსოფლიოს 52 ქვეყანა ეხმარება ეკონომიკურად, ფინანსურად, იარაღით, სამხედრო სპეციალისტებით და მალულად „ბოევიკებით“. ევროპა, უკრაინის ხელით ებრძვის რუსეთს. უკრაინელი — დაქირავებული „ბოევიკია“. უკრაინა სახელმწიფო კი არა, საომარი მოქმედების თეატრია.
ევროკავშირს ეგონა, რომ შეერთებული ძალებით მალე მოუღებდნენ ბოლოს რუსეთს, მაგრამ, როგორც ჩანს თვით მოეღოთ ბოლო — საწარმოების აშშ-სა და ჩინეთში გადაბარგებით, უმუშევრობის დონის ამაღლებით.
პრაგმატული გერმანელები უკმაყოფილონი არიან დღევანდელი კანცლერის მერცის და მისი ანტირუსული პოლიტიკის, რაზეც გამოკითხვის შედეგებიც ღაღადებენ — 13%-დეა დასული კანცლერის რეიტინგი. ოპოზიციის თქმით, ეს არ უნდა დავინახოთ? უფრო სწორად, თვალი უნდა დავხუჭოთ და თუ რამეს ვიტყვით, მხოლოდ დადებითი უნდა ვთქვათ?
თვალის დახუჭვამ გამახსენა თვალდახუჭული ტრამპი — ამერიკულმა ტელეკომპანიებმა გრძელი ვიდეო-სიუჟეტი მიუძღვნეს ჩაძინებულ ტრამპს არა თავის ლოგინში, არამედ პრეზიდენტის სავარძელში, ოვალურ კაბინეტში გამართული თათბირის დროს.
ტელეკომპანიები იმასაც გვაუწყებენ, რომ ტრამპს მაღვიძარაც ჰყავს — ახალგაზრდა ქალის სახით, რომელიც მუდამ მის სიახლოვეს არის და ჩაძინებულს აფხიზლებს.
ტრამპს ჩაძინების პრობლემა გაუჩნდა, ისეთი, როგორიც მის წინამორბედ ბაიდენს, რისთვისაც ტრამპმა მას „მძინარე ჯო“ შეარქვა. ამჯერად თვით გადაიქცა მძინარე დონალდად. რა გაეწყობა, ასაკი თავისას შვება.
ჩვენი ოპოზიციის შეგონებით, ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, უფრო მეტიც არ უნდა გავაკრიტიკოთ. ძლიერი შემართებით თეთრ სახლში დაბრუნებული ტრამპი ისეთ უხეშ შეცდომებს უშვებს, ამერიკელებს რომ გული აუცრუა მასზე და რესპუბლიკელებზე. მოსახლეობის 83% უკმაყოფილოა ტრამპის ეკონომიკური პოლიტიკით, ირანთან ომით, ბენზინზე ფასების მატებით.
ტრამპის რეიტინგი 33%-მდეა დასული, რაც თავისთავად გავლენას ახდენს რესპუბლიკური პარტიის რეიტინგზე. არადა, 2,5 თვეში აშშ-ს შუალედური არჩევნებია.
გამოკითხვის მიხედვით, რესპუბლიკელები დათმობენ პოზიციებს დემოკრატების სასარგებლოდ, რაც პრეზიდენტისთვის ნეგატიური პროცესების განვითარების მომასწავებელი იქნება. სრულიად შესაძლებელია, რომ კონგრესში, უმრავლესობაში მყოფმა დემოკრატებმა, ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი დააყენონ დღის წესრიგში.
აშშ-ს ორი პარტიის ერთმანეთთან ჭიდილი მარტო აშშ-ს საშინაო საქმე რომ იყოს, დანარჩენ მსოფლიოს პრობლემები არ ექნებოდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით ჰეგემონი ქვეყანის ჩახველებას, მსოფლიო ქვეყნებში ფილტვების ანთებას იწვევს.
ჩახველებას თან ერთვის ტრამპის ზიგზაგური განცხადებებიც — საერთაშორისო პოლიტიკისთვის შეუფერებელი, უცხო. დილით, გაღვიძებულზე ტრამპი ერთს ამბობს, შუადღით მეორეს, საღამოს — დიამეტრალურად განსხვავებულს წინა ორთა შედარებით.
ტრამპისთვის უპირველესი პრობლემაა ირანთან დაწყებული ომი — ისრაელის პრემიერ-მინისტრის და ებრაული ლობის წაქეზებული. 6 თვეზე მეტია გრძელდება ირანული თავისტკივილი, რომელიც უფრო ხაფანგს ჰგავს — ტრამპი კი ამ ხაფანგში მომწყვდეულს. მას უჭირს იქიდან გამოსვლა. მას არ სურს წინამორბედი ბაიდენის ბედის გაზიარება, რომელმაც ავღანეთი 20-წლიანი ომის შემდეგ, დამარცხებულმა დატოვა.
ტრამპის მიერ ირანთან გაჩაღებულმა ომმა მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისი გამოიწვია. ნავთობზე და გაზზე ფასების მატება. გაზზე 762 დოლარი 1000 კუბ. მეტრზე, ბარელ ბენზინზე — 90 დოლარზე ზევით.
ტრამპი ოპტიმისტურია „ტვიტერში“, მაგრამ რეალობაში ვითარება მძიმეა, ტრამპის ოპტიმიზმისგან დაშორებული.
ტრამპი, რომელიც გუშინ აცხადებდა, რომ ირანთან კონსტრუქციული მოლაპარაკებები მიდის, დღეს აცხადებს, რომ ასეთს ადგილი არ აქვს და არც ექნება, ვინაიდან აშშ-ი სანქციებს დაუწესებს ურჩ ირანს და რაკეტებით თავდასხმის გარეშე მოგუდავს მას.
ირანი, ძნელად გასატეხი კაკალი გამოდგა მისთვის. ირანს არ აწყობს დროებითი ზავის დადება. მას ხანგრძლივი ვადის მატარებელი ხელშეკრულება სურს. გარდა ამისა, კომპენსაცია ომის შედეგად მიღებული ზარალის. ირანი იმასაც აცხადებს — თუ აშშ-ი გააგრძელებენ ირანის დაბომბვას, მაშინ ირანი დაბომბავს არა მარტო მეზობელ ქვეყნებში არსებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებს, არამედ ევროპის ქვეყნებშიც.
ირანის მიერ არაბულ ქვეყნებში არსებული ამერიკული სამხედრო ბაზების განადგურებამ 12,5 მილიარდი დოლარის ზარალი აგემა აშშ-ს.
ახლო აღმოსავლეთის მძიმე ვითარება თავისთავად აისახება რეგიონის ქვეყნებზე, მათ შორის ჩვენზეც — უპირველესად ბენზინზე გაზრდილი ფასებით. საქართველო, რომლის ეკონომიკა იმპორტზეა ჩამოკიდებული, კარგა ხანია გრძნობს გაზრდილ ფასებს კვების პროდუქტებზე, მედიკამენტებზე, პირველადი მოხმარების საქონელზე, რაც გამოწვეულია ირანთან ომით — ნავთობის დეფიციტით მსოფლიო ბაზარზე.
ორმუზის სრუტე ომამდე პერიოდის ნავთობის ტანკერების მხოლოდ ნახევარს ატარებს. ირანს აქვს გადაკეტილი ორმუზის სრუტე და თუ ირანთან შეთანხმებით რომელიმე ტანკერი გააღწევს სრუტეს, სხვა ბარიერი ექნება გადასალახი — აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ბლოკადა.
ზემომოყვანილი ზედაპირული მონათხრობი სერიოზული განსჯის საგნად უნდა იყოს ქცეული ქართული პოლიტიკისთვის, მაგრამ ოპოზიციონერთა განცხადებებიდან გამომდინარე, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არაფერი იციან არც დღევანდელობის და არც ისტორიის. ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია ახალ-ახალ გეგმებს აჟღერებდეს ქვეყნის ეკონომიკურ-სოციალური ვითარების გასაუმჯობესებლად, „ოცნებასაც“ ლანძღავს და ისტორიასაც.
„მჭერმეტყველმა“ და ისტორიის „ღრმად“ მცოდნე თეონა აქუბარდიამ ერეკლე მეორის პოლიტიკა დაიწუნა, განსაკუთრებით რუსეთთან გაფორმებული გეორგიევსკის ტრაქტატი, რომლითაც საქართველომ თურმე დამოუკიდებლობაც დაკარგა და ავტოკეფალიაც.
ერეკლე მეორე ქართლ-კახეთის მეფე იყო და არ საქართველოს. დასავლეთ საქართველოში, კერძოდ იმერეთში სოლომონი მეფობდა. მაპატიეთ არა დასავლეთ საქართველოში, არამედ იმერეთში, ვინაიდან სამეგრელოს, გურიას, აფხაზეთს მთავრები ჰყავდათ.
1555 წელს დაშლილი საქართველო ორად გაიყვეს — სპარსეთმა და ოსმალეთმა, რომლებიც ადგილობრივი მეფეებისა და მთავრების ხელით ატარებდნენ თავიანთ პოლიტიკას, რომლის შედეგად საქართველოს საშინაო მდგომარეობა იმდენად გაუარესდა, რომ სამეფოებისა და სამთავროების ფიზიკური არსებობის საკითხი დადგა დღის წესრიგში, რამაც აიძულა ერეკლე მეორე დახმარებისთვის მიემართა მართლმადიდებლური რუსეთისთვის.
გაფორმდა გეორგიევსკის ტრაქტატი, რომელმაც ფიზიკური განადგურებისგან იხსნა ქართლ-კახეთი. ერეკლე მეორის გარდაცვალების შემდეგ, მეფე გიორგის დროს დაიწყო ერეკლე მეორის შვილებს შორის ტახტისთვის ბრძოლა, რომელიც გიორგი მე-12 სიკვდილის შემდეგ ლამის „შიდა ომად“ იქცა. ყველა ისინი რუსეთის მეფეს მიმართავდნენ დახმარებისთვის — ერთი-მეორის წინააღმდეგ.
ვითარების შესასწავლად იმპერატორმა პავლემ დელეგაცია გამოგზავნა ქართლ-კახეთში, რომელიც შეეცადა მხარეთა შერიგება, თუმცა უშედეგოდ. პეტერბურგში დაბრუნებულმა რუსმა წარგზავნილებმა იმპერატორს მოახსენეს ქართლ-კახეთში შექმნილი ვითარება. სისხლიანი დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით ქართლ-კახეთი რუსეთს შეუერთეს. მოგვიანებით — იმერეთი, გურია, სამეგრელო, აფხაზეთი, რომელიც ფაქტიურად რუსეთთან იყო.
რომ არა რუსეთი, ერთმორწმუნე ქვეყანა, გაქრობამდე გავაგრძელებდით არსებობას სპარსეთის ქვეშევრდომობაში და დღეს ისეთივენი ვიქნებოდით, როგორებიც არიან ფერეიდანში მცხოვრები ქართველები.
დღევანდელი გადასახედიდან წარსულის შეფასება მხოლოდ იმათ ხელეწიფებათ, ვინც ისტორიასთან შენობით არის. ასეთები კი თითო-ოროლაა ჩვენდა სამწუხაროდ, პოლიტიკაში კი არავინ. რომ იყვნენ, რუსეთთან ურთიერთობას, როგორც საუკუნეობრივს, ისე თანამედროვეს კვალიფიციურად შეაფასებდა და არა ზერელედ — აქუბარდიულად.
საქართველო, რომ სპარსეთ-ოსმალეთის ქვეშევრდომობაში დარჩენილიყო, დღეს ევროკავშირში გაწევრებაზე არც და ვერც ვიფიქრებდით. რუსეთთან კავშირმა მისცა ჩვენს წინაპრებს ევროპელი განათლების მიღების შანსი. თერგდალეულობა მარტო რუსული კულტურის გაცნობა არ იყო, ევროპულისაც იყო, ვინაიდან მეფის რუსეთი ფრანგულ-გერმანულ კულტურაზე იდგა — იქაურ პედაგოგებზე, ხუროთმოძღვრებზე, მწერლებზე, მეცნიერებზე.
რაც შეეხება საბჭოთა პერიოდს, რომელსაც თავდავიწყებით ვლანძღავთ, საქართველოს ისტორიაში ყველაზე ნაყოფიერი იყო. რომ აღარაფერი ვთქვათ აგრარული ქვეყნის ინდუსტრიულად გადაქცევაზე, საყოველთაო უფასო განათლების სისტემის შემოღებაზე, ისე, როგორც უფასო ჯანდაცვის სისტემაზე, მეცნიერების განვითარებაზე და ა.შ.
საქართველომ მიიღო სახელმწიფოებრივი გამართული სისტემა, უზენაესი საბჭოთი, აღმასრულებელი ორგანოების ყველა რგოლით. ბოლშევიკებს უნდა უმადლოდეს, უპირველეს ყოვლისა სტალინს საქართველო, რომლის თანმიმდევრული, დაჟინებული ძალისხმევის შედეგად ქვეყანას დაუბრუნა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი, როგორც ავტონომიური ფორმირებები.
კომუნისტების დროს საბჭოთა საქართველო, როგორც ეკონომიკურად, ისე განათლების სისტემის გამართულობით, კულტურის, მეცნიერების დარგებში მიღწევებით სამაგალითო იყო არა მარტო საბჭოთა კავშირში, არამედ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში — ე.წ. სოციალისტურ ბანაკში.
სწორედ საბჭოთა პერიოდში მოხდა დემოგრაფიული პრობლემების დაძლევა, რამაც 750-ათასიანი საქართველო 5,5-მილიონიან ქვეყნად გადააქცია.
საბჭოთა სისტემას არაფერი აქვს საგინებელი დღევანდელი ვაი-პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებსაც თავში აქვთ ჩადებული ევროკავშირთან ინტეგრაცია, იქაურ ფასეულობებში „გაჭყუმპალავება“.
მაინც რა არის ევროპული ფასეულობები? — დაუსვით ეს კითხვა ნებისმიერ დღევანდელ ე.წ. პოლიტიკოსს და დაელოდეთ პასუხს, რომელსაც ვერ მიიღებთ, ვინაიდან მათ არ იციან რა არის ფასეულობა. ფასეულობა მათთვის დახეული ჯინსები, საღეჭი რეზინები, აღვირახსნილი სექსაობა, სისულელეების როშვა ტელეეკრანზე, ინტერნეტში, საჯარო შეკრებებზეა.
ევროკავშირი, მათი წარმოდგენით ის სავანეა, სადაც მხოლოდ განცხრომაა, ნაკლები შრომაა. არა პატივცემულებო შრომისადმი, საქმისადმი ისეთი დამოკიდებულებით, როგორიც აქაურებს გვაქვს. ევროკავშირში გაწევრებიდან ნახევარ წელში დაიშლება, ისეთად იქცევა, როგორიც ჩვენი ქვეყანაა.
ზერელეობის მარტივ მაგალითს მოვიყვან — ახლახანს, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გვაჩვენა ვაშლატამას სანაგვეზე გადაყრის კადრები. გლეხები ამბობდნენ, რომ მოწეული ვაშლატამა არავის მიაქვს. თვით გლეხს უჭირს მისი ქალაქში ჩატანა და იქ გაყიდვა. არადა თბილისში ვაშლატამას სოლიდური ფასი აქვს. იქ, სადაც ვაშლატამას ნაგავში ყრიან, არვინ არის ჩამსვლელი ვაშლატამას თბილისში ჩამოსატანად, არადა სოფლები — ყურის ძირშია.
ბევრი ასეთი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რაც ე.წ. ბიზნესის, ხელისუფლების უსუსურობაა, ოპოზიციის გულგრილობაა. აღნიშნული საკითხით როდესაც ხელისუფლება არ ინტერესდება, ოპოზიცია უნდა დაინტერესდეს. მან უნდა აიძულოს ხელისუფლება გააკეთოს ის, რაც მას ევალება ან თვით ითავოს პრობლემის მოგვარება, რითაც ხალხს, ამომრჩეველს დაანახებს შრომისმოყვარეობას. მარტო დაპირება — აგვირჩიეთ და მერე გავაკეთებთ საქმესო, მიუღებელია ამომრჩევლისთვის, ვინაიდან იმ არჩეულებმა თუ რა სიკეთე მოუტანეს ხალხს სახეზეა.
დავუბრუნდეთ ევროპულ „ფასეულობებს“. საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ ა.წ. 28 მაისს ერთსულოვნად მხარი დაუჭირა „შავი კოდექსის“ გაუქმებას, XVII-XVIII საუკუნეებში მიღებულს, რომელიც საფრანგეთის კოლონიებში მონობის მასტიმულირებელი იყო. თვით მონათმფლობელობა 1848 წელს გაუქმდა, თუმცა რეალურ ცხოვრებაში კარგა ხანს იარსება.
2001 წელს საფრანგეთის პარლამენტმა აღიარა, რომ მონათმფლობელობა და მონებით ვაჭრობა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია. 1675 წელს ლუდოვიკო XIV მიერ მიღებული „შავი კოდექსი“, მონებს მოძრავ ქონებად თვლიდა, რომელთა გადაყვანა საფრანგეთის კოლონიებიდან სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკაში ჩვეულებრივი რამ იყო. გადაჰყავდათ გემების ტრიუმებში გამომწყვდეულები, აუტანელ სანიტარულ პირობებში.
ფრანგი პლანტატორები მონებს ყიდულობდნენ ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკაში და ატლანტიკის ოკეანით გადაჰყავდათ ამერიკის კონტინენტზე. მგზავრობა 6-10 თვეს გრძელდებოდა. ტრიუმში დამწყვდეული მონები დღის განმავლობაში 2-ჯერ აჰყავდათ გემბანზე და მათრახით ახტუნავებდნენ, რათა კუნთები არ მოდუნებოდათ, გასაყიდი იერსახე არ დაეკარგათ. მოგზაურობაში საშუალოდ 15-20% იღუპებოდა. დანიშნულების ადგილზე ჩასვლისთანავე მონებს ტანზე პალმის ზეთს უსვამდნენ დასაპრიალებლად — ჯანმრთელი ადამიანის იერსახის მოსაცემად.
იმართებოდა აუქციონი, რის შემდეგ მონებს პლანტაციებში ამწესებდნენ. მონების გაყიდვა, გაჩუქება, შთამომავლობით გადაცემა წესად იყო მიღებული, დაკანონებული. მონის მიერ პლანტაციიდან პირველი გაქცევის შემდეგ მონას ყურებს აჭრიდნენ და ბეჭზე დამღას ასვამდნენ. მეორე გაქცევის შემთხვევაში, ფეხებზე ძარღვებს აჭრიდნენ, მესამეზე — კლავდნენ.
ბოლო დროს საფრანგეთის ყოფილ კოლონიებში ხმამაღლა მოითხოვენ სიტყვიერი დაგმობიდან, მიყენებული ზარალის ანაზღაურებაზე გადასვლას, რაც ჯერ-ჯერობით შეუსრულებელი რამ არის. პრეზიდენტ მაკრონის განმარტებით, ფულადი კომპენსაცია მიუღებელია, ვინაიდან ძნელია აღნიშნული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
ა.წ. მარტში პარიზმა მხარი არ დაუჭირა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელმაც მონობა და მონათვაჭრობა შეაფასა როგორც კაცობრიობის წინაშე ჩადენილი მძიმე დანაშაული.
იმ ფასეულობებიდან, რომლებზეც ევროპა დგას, ესეც არის და მასთან ერთად ჯვაროსნული ლაშქრობაც, ნაპოლეონის ომი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ; პირველი და მეორე მსოფლიო ომები; ფაშიზმის დაბადებაც და უკრაინულ ნეოფაშიზმე თვალის დახუჭვაც.
ანბანის მიხედვით, ასო „ა“-ს შემდეგ „ბ“ მოდის, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
22/08/2026
