დასავლეთისთვის ყურის მომჭრელი სიმართლე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის კობახიძის განცხადება „დიპ სტეიტის“ და „ომის პარტიასთან“ დაკავშირებით საყურადღებოა ყველასთვის, ვინც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და არა მარტო. განცხადებაში ასახული კობახიძისეული შეფასებები, უპირველესად დასავლეთის მიმართ გამოთქმული უკმაყოფილებაა — გამოწვეული დასავლური პოლიტიკით საქართველოს მთლიანობის, სტაბილურობის საწინააღმდეგოდ.
კობახიძემ აღნიშნა ნეგატიური მომენტები, რასაც ადგილი ჰქონდა დასავლეთთან მრავალწლიანი ურთიერთობის დროს. და თქვა, რომ ის იყო დესტრუქციული, ვინაიდან მათი დაჟინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში საქართველო, ისე, როგორც უკრაინა, გადაიქცეოდა რუსეთის წინააღმდეგ აგიზგიზებულ ცხელ წერტილად — შესაბამისი უმძიმესი შედეგებით.
მეორე ფრონტის გახსნა, რუსეთისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესება, ყოველგვარ რუსულზე უარის თქმა, რუსოფობიური კამპანიის გაჩაღება მედიაში და ა.შ. იყო და არის კოლექტიური დასავლეთის მოთხოვნა „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ, რომლის შეუსრულება გამოიწვევს დასავლეთთან დაშორებას, ევროკავშირის შესასვლელი კარის ისე დავიწროებას, პატარა საქართველოც რომ ვერ შეეტიოს.
კობახიძის განცხადების დედააზრი ისაა, რომ დასავლეთთან მრავალწლიანი ურთიერთობა ნაკლების მომტანი იყო საქართველოსთვის.
არაერთხელ დამიწერია და ღია ეთერში მითქვია, რომ კოლექტიური დასავლეთი, ანტირუსულად და ნეოფაშისტურად განწყობილი, საქართველოს იხილავს როგორც სადგისს, რუსეთის დუმისთვის ტკივილის მისაყენებლად. თუ რას გამოიწვევდა და გამოიწვევს ტკივილი დაზარალებულის მხრიდან კოლექტიურ დასავლეთს სულაც არ ადარდებდა და ადარდებს.
მაგალითი ამისა 2008 წლის ცხინვალის ომია, რომელიც პრეზიდენტყოფილმა სააკაშვილმა გააჩაღა ამერიკული „ომის პარტიის“ დავალებით — საქართველოს მარცხით დასრულებული, ისე, როგორც მსხვერპლით, ტერიტორიების დაკარგვით, ლტოლვილობით, სულიერი დეგრადაციით.
დაუდგა დასავლეთი, მათ შორის „ომის პარტიის“ აკვანი აშშ-ი — დიდ რუსეთთან შეჭიდებულ საქართველოს გვერდში?
არ დადგომია! ომის დაწყებიდან რამდენიმე დღის შემდეგ აშშ-ს სამხედრო გემმა სასმელი წყალი და ტუალეტის ქაღალდები ჩამოგვიტანა, ნაცვლად სამხედრო-საზღვაო დესანტისა, რომელსაც, სტრატეგიული კავშირებიდან გამომდინარე წინააღმდეგობა უნდა გაეწია რუსეთის ჯარისთვის.
საქართველოს მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, მათ შორის ნაცმოძრაობას და პრეზიდენტ სააკაშვილს ასე ეგონათ და ეგონათ იმიტომ, რომ საერთო პოლიტიკური განათლება არ ჰქონდათ, ისე, როგორც საერთაშორისო ცხოვრების გამოცდილება.
სააკაშვილი და ნაცები გვიან მიხვდნენ, რომ დასავლეთმა გადააგდო ისინი. იმჟამინდელი შეგნებული საზოგადოების ნაწილისთვის სულაც არ იყო გასაკვირი სააკაშვილ-ნაცების გამუდმებული ლაყბობა, ვითომ პატრიოტული, ვითომ პათოსური, ვითომ ქვეყნის სიყვარულით გამოწვეული, რომ დაკარგულს მალე დავიბრუნებთ; რომ პარტნიორი დასავლეთი არის და იქნება ჩვენს გვერდით, რომელიც შეძლებს, რუსეთზე ზეწოლით აღნიშნულის შესრულებას.
გვახსოვს სააკაშვილის ბრიყვული განცხადებები — რომ საქართველომ ომი მოიგო, ვინაიდან მსოფლიოში თავი მოჭრა რუსეთს, დააფიქსირა რუსეთის აგრესიულობა, მისი პირსისხლიანობა, საქართველომ მოიპოვა მორალური გამარჯვება რუსეთზე, მასთან შედარებაც კი არ შეიძლება ქვაღორღიანი სოფლების დაკარგვის.
საქართველოს იმჟამინდელი ტერიტორია 79 ათასი კვ. კმ-ს მოიცავდა. ომის შემდეგ — 20 ათასი კვ. კილომეტრით ნაკლებს. ნეტავ რამდენი ქვაღორღია იმ დაკარგულ 20 ათასს კვ. კილომეტრზე?!
2012 წლამდე, საპარლამენტო არჩევნებში „ოცნების“ გამარჯვებამდე, საჯაროდ არვინ ამბობდა — ვინ დაიწყო ომი. ეშინოდათ! მხოლოდ „ოცნების“ დამფუძნებელმა ივანიშვილმა ბრძანა საჯაროდ — ომი სააკაშვილმა დაიწყო.
ამ განცხადებამ უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში. სხვათა შორის იმათშიც, ვინც ანტისააკაშვილობით გამოირჩეოდა.
ქართულმა ბუნებამ იმძლავრა, რაც გამოიხატება შემდეგში — ქართველი ყველაფერში მართალია, ქართველი შეუდრეკელი სულის მატარებელია, ქართველი დიდსულოვანია და შემნდობია. ასეთი ომს არ დაიწყებდა. და თუ დაიწყებდა, მტერს მუსრს გაავლებდა.
სიმართლის მთქმელი ივანიშვილი ოპოზიციამ ისე ლანძღა, რომ მის ნათქვამს „ოცნებამ“ კორექტირება გაუკეთა — ომი საქართველომ დაიწყო, იმიტომ, რომ იძულებული იყო ეპასუხა გამუდმებული რუსული პროვოკაციებისთვისო.
რუსეთი აგრესორია, ოკუპანტია, ჭაობია და ასეც დარჩება მუდამ, ვიდრე არ დააბრუნებს მიტაცებულ ტერიტორიებსო. კითხვა მებადება ასეთი — თუ დააბრუნებს, აგრესორის სახელი აღარ ექნება? ოკუპანტი აღარ იქნება, მაგრამ აგრესორი?
სხვათა შორის ივანიშვილამდე გაცილებით ადრე, ევროკავშირის სპეცკომისიამ დიპლომატ ტალიავინის მეთაურობით, თავის ანგარიშში, პირდაპირ აღნიშნა, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
ტალიავინს ზეწოლა ჰქონდა „ომის პარტიისგან“, მაგრამ მიუხედავად ამისა დაწერა ის, რაც გამოიკვლია მან და მისი კომისიის ყველა წევრმა.
სხვათა შორის ტალიავინმა იგივე გაიმეორა ქართველ ჟურნალისტთან ინტერვიუში. უფრო მეტიც, ჟურნალისტის კითხვაზე — ჰქონდა თუ არა რუსეთს ლეგიტიმური საფუძველი საქართველოში ტანკებით შემოსვლისა, უპასუხა — ჰქონდა, რუსი სამშვიდოების დასაცავად.
რუსეთის სამწუხაროდ, ჯარმა ვერ დაიცვა ისინი, ვინაიდან მშვიდობისმყოფელები აგრესიის დაწყებისთანავე იქნენ ლიკვიდირებულნი.
2008 წლის ცხინვალის ომის გახსენება რიტუალადაა ქცეული — მემორიალთან მისვლა, გვირგვინების მიტანა, ომის პერიპეტიების გახსენება. შემდეგ ცხოვრებისეული პრობლემები თავისას აკეთებს — უმოწყალოდ ნათქვამს წარსულს, მწარეს და ტკბილსაც, თუმცა ცხინვალის ომს სიმწრის მეტი არა მოუტანია რა.
სააკაშვილისა და მისი ნაცებისთვის ცხინვალის ომის სამართლიანობისა და პატრიოტიზმის აღსანიშნავი გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული — ჰოლივუდის მიერ ფილმის გადაღებით. სააკაშვილის როლში ჰოლივუდელი კინოვარსკვლავის ენდი გარსიას გამოყენებით.
ფილმის დაფინანსება სააკაშვილმა ბიზნესმენ ნაყოფიას შეაწერა და მანაც „პატრიოტულად“ შეასრულა დავალება. ფილმის დემონსტრირება „რუსთაველის“ კინოთეატრში გაიმართა. მიწვეული საზოგადოება, ერთობ გადაპრანჭული, რუსთაველის პროსპექტზე გაფენილ წითელ ნოხზე ისე გადადიოდა, თითქოს სალაღობო წვეულებაზე მიდიოდა.
კინოფილმის ნახვის სურვილთან ერთად, ყველა მათგანში თუ არა, უმრავლესობაში ცხინვალის ომი და ომით მოტანილი ტრაგედია მეორე პლანზე იყო გადაწეული, პირველზე კი შეკრებილი „ბომონდის“ ტანსაცმლის დემონსტრირება იყო.
სააკაშვილმა და ნაცებმა ჰოლივუდური „ბლოკ ბასტერით“ ქართული ტრაგედია არაფრად ჩააგდეს — მერე და რა?
იყო ომი, ისტორიაში ბევრ ასეთს ჰქონდა ადგილი — ზოგი აგებდა, ზოგი იგებდა — იფიქრეს მათ. ჰოლივუდური ფილმით მეორედ გაუთხარეს სამარე ქვეყანას.
დღეს, ამ ფილმს არვინ იხსენებს. არადა აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, ტრაგედიაზე აგებული ისტორია — სააკაშვილის „გმირობის“ უკვდავსაყოფი.
სააკაშვილსა და ნაცებს ჰგონიათ, რომ ხვალ მათი დღე დადგება და მაშინ თაროზე შემოდებულ ჰოლივუდურ „შედევრს“ დაატრიალებენ ახალი თაობის მოსაწამლად, მათი ანტი-ოსურად, ანტი-აფხაზურად, ანტი-რუსულად განსაწყობად და რაც მთავარია „გმირი“ სააკაშვილის ზენიტში ასაყვანად.
ასეთის შემხედვარე ვერასდროს შეძლებს დაკარგული ავტონომიების შემობრუნებას. სიტყვა „სეპარატისტი“ ისევ ისმის ქართულ პოლიტიკაში, მედიაში, საზოგადოებაში. არადა, ღრმად ჩაფიქრებაც არ არის საჭირო იმის დასადგენად, ვინ არის სეპარატისტი — ჩვენ თუ ისინი.
საქართველო დღესაც მიჰყვება სააკაშვილის მიერ მიღებულ კანონს აფხაზეთთან მიმართებაში, რომლის მთავარი არსი იყო იმაში, რომ აფხაზეთი ყოფილიყო ყველასგან მიტოვებული, სადაც არვის შეძლებოდა ჩასვლა, მასთან რაიმე კავშირის ქონა — მოკლედ და კონკრეტულად ბლოკადაში მყოფი. რა მივიღეთ?
აფხაზეთის ჩრდილოეთის კარის გახსნა არა მარტო რუსთათვის, არამედ ყველა იმათთვის, ვისაც აფხაზეთის მონახულება სურს, მათ შორის უცხოელთათვის. აფხაზეთი ტურიზმით ცხოვრობს და დიდ წარმატებასაც აღწევს ამ დარგში.
სააკაშვილის კანონით არა მარტო „გარეულს“ ეკრძალება აფხაზეთში ჩასვლა, არამედ დანარჩენი საქართველოს მოსახლეობასაც. თუ კანონით, რომელიც არ კანონობს ყველა „გარეულზე“, მაგრამ მოქმედებს საქართველოს მოქალაქეებზე, რა გამოდის?
კარგი არაფერი ნებისმიერი ჩვენგანისთვის, ქვეყნისთვის, ვინაიდან „ბლოკადაში“ ჩვენ აღმოვჩნდით და არა ის.
სააკაშვილმა იმ დასავლეთის კარნახით მიიღო კანონი, რითაც აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის არსებული უფსკრული კი არ დაავიწროვა. პირიქით, გაფართოვდა, თანაც ისეთ დონემდე გადალახვა, რომ გაჭირდება ფიზიკურად, მორალურად. კანონმა დააშორა ერთმანეთს აფხაზეთი და დანარჩენი საქართველო. დააშორა ქართველი და აფხაზი, ერთ დროს ერთ ოჯახში მცხოვრები მონათესავე აფხაზები და ქართველები.
სეპარატისტი აფხაზები, რომლებიც საქართველოდან გამოყოფას ითხოვდნენ — სააკაშვილს ძეგლს უნდა უდგამდნენ, რამეთუ პრეზიდენტყოფილის ქარაფშუტულმა, აგრესიულმა მოქმედებამ მიაღწევინა მათ სანატრელის აღსრულება.
ბუტე-ბუტე, გაგებუტე — ბავშვობის მოგონებამ გაბუტულ სააკაშვილს რა არ გააკეთებინა აფხაზთა დასასჯელად. შედეგი?
დაისაჯა საქართველო. დაისჯება მომავალშიც, თუ არ შეიცვლის პოლიტიკას, არ გააუქმებს სეპარატისტულ კანონს, არ აღადგენს სარკინიგზო მიმოსვლას, არ დაიწყებს სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო რკინიგზის აღდგენა, რომელიც თავისთავად შეუწყობს ხელს აქაურთა და იქაურთა კავშირების დამყარებას; ომის შედეგად გაჩენილი შიშის, მტრობის, უნდობლობის ნელ-ნელა გაქრობას. უამისოდ დაბრუნებული აფხაზეთი ფორმალური იქნება და არა გულითადი, ანუ დასავლეთის მიერ დაბრუნებული აფხაზეთი დოკუმენტში (დოკუმენტურად????) ჩაითვლება დაბრუნებულად, მაგრამ არა ხალხში — არც ქართველში და არც აფხაზში.
აქვე ვიტყვი, რომ დასავლეთის მიერ აფხაზეთის ჩვენთვის დაბრუნება ისეთივე ზღაპარია, როგორც აფხაზეთის მთვარეზე გადასახლება. მაგრამ ამ ზღაპრისა სჯერა ოპოზიციას, საზოგადოებას.
ოპოზიცია თავს იტყუებს და საზოგადოებას ატყუებს. ის, ასე უნდა მოიქცეს. მას ასე დაავალა კოლექტიურმა დასავლეთმა და ისიც ურცხვად იტყუება, მტკიცედ დარწმუნებული იმაში, რომ მისი ნათქვამი ტყუილია.
რკინიგზის აღდგენა გარდა ორი ხალხის დაახლოებისა დიდ შემოსავლებთანაც არის დაკავშირებული. საქართველო სატრანზიტო დერეფანია და მას ჭკვიანური გამოყენება სჭირდება და არა გზის ჩახერგვა.
ნაცვლად იმისა, რომ საქმიანი კონტაქტები ვიქონიოთ ყოფილ ავტონომიებთან ერთ წიოკს ვტეხთ ოდნავი კავშირის გაჩენისთანავე. მაგალითი ამისა არის ქართული ბიზნესის მიერ აფხაზეთში საწვავის შეტანა. ოპოზიციამ ისეთი წივილი ატეხა, თითქოს ცა ჩამოინგრაო — როგორ შეიძლებაო აფხაზები, გალში ქართულ სკოლებს ხურავენო, გალელებს ცუდად ეპყრობიანო; სეპარატისტებისთვის ხელის გამართვა მიუღებელიაო; აფხაზეთში შეტანილ ბენზინს იქ არსებული რუსული სამხედრო ბაზა გამოიყენებსო, რუსეთში ბენზინის კრიზისიაო და ა.შ.
რუსეთში მართლაც იყო ბენზინის კრიზისი — უკრაინელთა მიერ ნავთობგადამამუშავებელი საწარმოს აფეთქების გამო, მაგრამ რუსული მედიის მიხედვით, პრობლემა მოგვარებულია. ასე რომ რუსეთის სამხედრო ბაზას საქართველოს „დახმარება“ აღარ ესაჭიროება.
ვისი ბენზინი შეიტანა ქართულმა ბიზნესმა აფხაზეთში?
საქართველოს ნავთობი არ გააჩნია. ნავთობი და ნავთობპროდუქტები მეზობელი ქვეყნებიდან შემოდის, მათ შორის რუსეთიდან. იქნებ რუსული ბენზინი შეიტანა ქართველმა ბიზნესმენმა აფხაზეთში?
ცნობისთვის. რუსულ სამხედრო ბაზებს, მათ შორის აფხაზეთში არსებულს საწვავის ისეთი მარაგი აქვთ, რომ მოკლევადიან, თუნდაც გრძელვადიან კრიზისს გაუძლებენ.
ასე რომ, რუსეთის სამხედრო ბაზის „პრობლემებით“ ნუ დამწუხრდება ოპოზიცია. რაც შეეხება შეტანა-არშეტანას — ნაცვლად იმისა, რომ ოპოზიცია მოითხოვდეს აფხაზეთთან თუნდაც მცირედი კავშირის დამყარებას, პირიქით იქცევა.
ასეთ ვითარებაში გამთლიანებაზე ლაპარაკი — ზერელე ლაპარაკია და მეტი არაფერი, ლაპარაკი ხალხის მოსატყუებლად. 21-ე საუკუნის 20-იან წლებში ქვეყნის პოლიტიკა, რომ სატრანსპორტო დერეფანზე ნებაყოფლობით იტყვის უარს, სამკურნალოა. ღვთის მიერ საქართველოსთვის მოცემული სიკეთეებიდან უმთავრესი სატრანსპორტო დერეფანია, რასაც ვერ ვიყენებთ.
რას ველოდებით, დასავლეთის თანხმობას ხომ არა?
დასავლეთს არ სურს აფხაზეთ-საქართველოს რკინიგზის აღდგენა იმ მოტივით, რომ რუსეთი არ დაუკავშირდეს ირანს რკინიგზით; არ დაიწყოს სამხედრო იარაღის გადატან-შემოტანა.
საქართველო დასავლეთის დაკვეთას ასრულებს? საქართველო, ამ დავალების შესრულებით რომ მილიონებს კარგავს? იქნებ დასავლეთმა აგვინაზღაუროს დანაკარგი?
მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ისეთ ეკონომიკურ სტაგნაციაში არიან, ლამის უპოვარი საქართველოდან მიიღონ დახმარება.
რუსეთთან გაჩაღებულმა „პროქსი“ ომმა უკრაინის ხელით გამოიწვია ევროკავშირის ეკონომიკური კრიზისი. ამ თვალსაზრისით შავ დღეშია გერმანიის ეკონომიკა, განსაკუთრებით ავტომშენებლობა, რომელსაც მოაკლდა იაფი რუსული საწვავი. ის, 3-ჯერ ძვირმა ამერიკულმა ჩაანაცვლა, რამაც გამოიწვია ნაწარმის გაძვირება. გაძვირებულმა კი ვერ გაუძლო კონკურენციას და შეწყვიტა არსებობა. ავტოგიგანტები აშშ-ი გადავიდნენ, ისე, როგორც ქიმიური მრეწველობის დარგები.
ნაწილმა ჩინეთს მიაკითხა. ეკონომიკური წარმოების მაჩვენებლები რახანია ნულის დონეზეა, რაც უკმაყოფილებას იწვევს მოსახლეობაში, რომლის სოციალური მდგომარეობა უარესდება. წინ კი ზამთარია. ათასი კუბ. მეტრი გაზის ფასი 650 დოლარს სცდება, რაც მძიმე ზამთრის მომასწავებელია, მანამდე კი ძლიერი გვალვის შედეგებია დასაძლევი.
გვალვამ ევროპის დიდი და წყალუხვი მდინარეები დუნაი, რეინი დააშრო, რამაც სასმელი წყლის უკმარისობა გააჩინა.
ასე რომ მთელს ევროკავშირში პრობლემებია — ბუნებრივიც და ხელოვნურიც. ხელოვნურში უკრაინისადმი დახმარებას ვგულისხმობ. ევროკავშირმა ვერ გაუძლო 4-წლიან ომს უკრაინაში. მან უკვე ამოწურა სამხედრო დახმარება, ისე, როგორც ეკონომიკურ-ფინანსური, მაგრამ რუსეთი ვერ წააქცია.
აღნიშნულის შესახებ სისტემატურად ისმის ევროპის მედიაში, პოლიტიკოსებისა და ექსპერტების მსჯელობაში, მაგრამ, როგორც ჩანს საქართველოს ოპოზიციას არ ესმის ამის თაობაზე. რომ ესმოდეს, ისეთ სისულელეს არ იტყოდა, რომ საქართველოს მედია ცრუობს, როდესაც აცხადებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ეკონომიკური პრობლემებიაო. არავითარი სტაგნაცია, ყვავის ევროპაო. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ევროპის აუგად მოხსენიებაო და ა.შ.
პაპუასების თეთრკანიანებთან შეხვედრას მაგონებს ევროპისადმი ესოდენ მონური დამოკიდებულება. იმ ევროპისადმი, რომელმაც არაფერი იღონა საქართველოს ფეხზე დასაყენებლად. ან თუ იღონა, იმდენად მცირე, რომ ფეხზე დაყენების ნაცვლად — მიწასთან გაგვასწორა; ომიც დაგვაწყებინა და ახალი ომიც „შემოგვთავაზა“ — მეორე ფრონტის სახით. ასეთის ნეგატიურად მოხსენიებაც კი არასაკმარისია, მაგრამ სუსტ საქართველოს მეტი რა შეუძლია.
სამწუხაროდ, ამ არასაკმარის კრიტიკასაც უკრძალავს ხალხს ოპოზიცია. ასე იცის მონობამ.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
16/08/2026
