14.07.2026

რუსეთისთვის დასაფიქრებელი 2 სამიტი

არასტაბილურობის უნიკალური მაგალითია აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი, რაც კიდევ ერთხელ გამოვლინდა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში ჩატარებული ნატოს სამიტის დროს.

ნატოს 32-წევრ სახელმწიფოს, აშშ-ს გამოკლებით, რომ არავითარი თავმოყვარეობა, დამოუკიდებლობა არ აქვს არაერთხელ აღმინიშნავს ჩემს სტატიებში. რა გაეწყობა, მათი ქცევიდან გამომდინარე ისევ მომიწევს აღნიშნულის გამეორება — ანკარის სამიტმა მიკარნახა ამის შესახებ.

ნატო ის ორგანიზაციაა, რომელიც არ უნდა არსებობდეს, მაგრამ არსებობს, ვინაიდან წევრი-ქვეყნების პოლიტიკოსებს უნდა ჰქონდეთ თბილი ნავთსაყუდელი, დიდი ხელფასით, სხვაზე მეტად გამართული სოციალური ყოფით.

ნატო, რომელიც მე-2 მსოფლიო ომის შემდეგ, 1949 წელს შექმნა აშშ-ა საბჭოთა კავშირის შესაკავებლად, აღარ უნდა არსებობდეს მარტივ მიზეზთა გამო — საბჭოთა კავშირის არ არსებობის.

თუ ობიექტი, რომლის „აგრესიის“ მოსაგერიებლად იშვა ნატო, დღეს ვისი აგრესიის მოგერიებისთვის არსებობს ეს ორგანიზაცია?

სსრკ-ს მემკვიდრის რუსეთის. ნატოს წევრმა სახელმწიფოებმა, განსაკუთრებით ნატოს შტაბ-ბინამ და გენერალურმა მდივანმა (მდივნებმა) საკუთარი უზრუნველი არსებობის გაგრძელებისთვის უმალ მიაგნეს გამოსავალს — რუსეთის აგრესიის სახით.

რუსეთი, ის ქვეყანაა, რომელიც ემუქრება ნატოს და რახან ასეა, ნატოს ფუნქციებიც და ფინანსებიც უნდა გაფართოვდეს. ნატოს საწევროს გადახდა ზეაუცილებელია ორგანიზაციის შტაბ-ბინის, შტატის ხარჯების დასაფარად, წლის განმავლობაში ათასი სახის ღონისძიების გასამართად და ა.შ.

ნატოს პროპაგანდისტული მანქანა 24-სათიან რეჟიმში მუშაობს — ავრცელებს რა მტერი რუსეთის, ჩინეთის, ირანის, სხვა სუვერენული ქვეყნების წინააღმდეგ განცხადებებს, რომელთა მოსმენაც კი, პრიმიტიულობიდან გამომდინარე, ძნელი ასატანია. აი, ისეთი, ნატოს გენერალურმა მდივანმა რიუტემ რომ თქვა პრეს-კონფერენციაზე — ნატო თავდაცვითი ორგანიზაციაა, ის არავის ესხმის თავს, მაგრამ პასუხს გასცემს რუსეთის აგრესიას, თუ ასეთს ექნა ადგილი, რაც უნდა იცოდეს რუსეთმა.

ნატო, რომ აგრესიული ორგანიზაციაა, არაერთხელ დაამტკიცა მან განვლილი წლების განმავლობაში. ისიც დაამტკიცა, რომ ის ევროპის ჩარჩოებში ვეღარ ეტევა და სხვაგანაც სინჯავს თავის ძალებს.

ნატო, ისაა, ვინც აშშ-ს ედგა მხარში. ნატო იყო, ვინც ძალა მოსინჯა შუაგულ ევროპაში — იუგოსლავიის წინააღმდეგ. ნატომ „ივაჟკაცა“ ლიბიის ლიდერის კადაფის დამხობაში, ისე, როგორც ერაყის. ნატო მხარში ედგა აშშ-ს ავღანეთის ომში, სადაც საქართველომაც გამოიჩინა თავი.

ნატო — სამხედრო ორგანიზაციაა, აგრესიული, დაუნდობელი, მტაცებელი. სხვაგვარად არც შეიძლება ყოფილიყო — ევროპის კოლონიურ წარსულზე დაფუძნებული.

აშშ-ი კი ის „ბოსია“, რომელიც აკონტროლებს ნატოს, 31-წევრ სახელმწიფოს, ისეთ მოთხოვნებს უყენებს, რომელთა დაძლევა თითქმის შეუძლებელია. ტრამპი, რომელიც პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მოითხოვდა ნატოს წევრი სახელმწიფოების მიერ საკუთარი ბიუჯეტიდან 5%-ს გადახდას — სამხედრო საქმისთვის; მეორე ვადის დროს უფრო მკაცრია. ამ თვალსაზრისით, ის აცხადებს, რომ ევროპის უსაფრთხოებისთვის, თვით ევროპამ უნდა იზრუნოს და არა აშშ-ა, რომელიც ნატოს ხარჯების 73%-ს იხდის.

სხვის ხარჯზე ცხოვრებას დაჩვეულ ევროპას, 5%-იანი გადასახადი დიდად ეჩვენება და ცდილობს როგორმე დაითანხმოს ტრამპი შემცირებაზე — მაგალითად 3,5%-ზე ჯერ-ჯერობით და ამ პროცენტების, თანდათანობით გაზრდაზე — 5%-მდე.

აღნიშნულის თაობაზე კიდევ ერთხელ ითქვა ტრამპის მიერ ანკარის სამიტზე. ითქვა ისიც, რომ ნატო მას მხარში არ დაუდგა ირანთან ომში. ტრამპმა შეახურა ნატოს წევრი ქვეყნები გერმანის, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია შშ-ს მხარის არდაჭერისთვის. განსაკუთრებული უკმაყოფილება გამოთქვა ესპანეთის მიმართ, რომელმაც აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებს არ მისცა ესპანეთის საჰაერო სივრცის გამოყენების უფლება.

ესპანეთთან მიმართებაში ტრამპი იყო უაღრესად არაკორექტული, ხულიგანი პოლიტიკოსი, უშვერი სიტყვებით მლანძღველი ესპანეთისა. ტრამპმა ისიც თქვა, რომ ესპანეთთან არ სურს არავითარი ურთიერთობის ქონა, მათ შორის ვაჭრობის.

ნატოს ანკარის სამიტი, ერთის შეხედვით მორიგი და უღიმღამო, კონკრეტული და მიზანმიმართული გამოდგა რუსეთის მიმართ. დოკუმენტი, რომელიც მან მიიღო არის აშკარად ანტირუსული — რუსეთი მოხსენიებული, როგორც მრავალწლიანი საფრთხის მატარებელი, რისთვისაც საჭიროა შეიარაღების ისეთ დონეზე აყვანა, რომ გაუმკლავდეს რუსულ გამოწვევას. 32-ა ქვეყანამ მოაწერა ხელი ამ დოკუმენტს, მათ შორის აშშ-ა. დოკუმენტში ხაზგასმულია უკრაინისადმი ფინანსურ-სამხედრო დახმარება — წელს 70 მილიარდი დოლარი, მომავალ წელსაც იმდენივე.

სამიტზე ყველა ერთხმად აცხადებდა უკრაინის მხარდაჭერას, მისთვის შორს მფრენი რაკეტების მიწოდებას, რათა მან სარაკეტო დარტყმებით აიძულოს რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დასაჯდომად.

თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა გარკვევით თქვა, რომ უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიების დაბომბვა არის გამიზნული რუსეთის მორჯულებისთვის და ომის დეესკალაციისთვის.

ნატოს სამიტი, გასული წლის სამიტთან შედარებით ნაყოფიერი და კონკრეტული იყო, რაც არ ახარებს რუსეთს. კრემლი არ მოელოდა ესოდენ ერთსულოვნებას მის საწინააღმდეგოდ, თუმცა არც სიკეთეს მოელოდა, რაც გამოსაფხიზლებელი წამალი უნდა იყოს პუტინისთვის.

ნატოს არ დაუგმია უკრაინელთა სარაკეტო დარტყმები რუსეთის მშვიდობიან მოსახლეობაზე, სიტყვაც არ უთქვამს სტარობელსკის სკოლის დაბომბვაზე, რომელმაც სტუდენტი გოგონების დიდი რაოდენობა დახოცა. არ უთქვამს ავტობუსების ლიკვიდაციაზე და ა.შ. არ უთქვამს ყოველივე იმაზე, რაც ნორმალურობას უნდა შეეფერებოდეს, თუნდაც ომის დროს.

რა გაეწყობა, ასეთია კოლექტიური დასავლეთი და მათთან ერთად აშშ-ი.

ანკარის სამიტმა კვლავ ერთ რიგში ჩააყენა წევრი სახელმწიფოები — აშშ-თან ეერთად. სამიტამდე ყველას ჰქონდა შიში, რომ აშშ-ი განზე გადგებოდა და იტყოდა — ნატოდან გავდივარ. შიშის ვარაუდი არ გამართლდა. ტრამპმა თქვა, რომ აშშ-ი მომავალშიც ნატოსთან იქნება.

ტრამპის განცხადება კარდინალურად განსხვავებულია მისი სხვა განცხადებებისგან, რომლებიც მან პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს თქვა: „ნატო ანაქრონიზმია. ის შეიქმნა საბჭოთა კავშირთან დასაპირისპირებლად. საბჭოთა კავშირი აღარ არის. რატომ უნდა იყოს ნატო?“

სხვათა შორის, ანალოგიური აზრი გამოთქვა ტრამპმა საპრეზიდენტო თვითმფრინავში ანკარიდან გაფრენისთანავე — „ევროპა ახლოა რუსეთთან, ამიტომაც საკუთარი უსაფრთხოების საკითხები თვით უნდა მოაგვაროს. აშშ-ი ოკეანის გაღმაა, დაშორებული რუსეთისგან“.

საყურადღებო იყო ტრამპის ზელენსკისთან საუბარიც, რომლის დროს მხოლოდ ის საუბრობდა, ზელენსკი კი მორჩილად უსმენდა. როგორც ჩანს, ევროპელმა კოლეგებმა ურჩიეს ზელენსკის თავშეკავება, რათა ტრამპი არ გაებრაზებინა.

ტრამპმა ქათინაურები არ მოაკლო ზელენსკის, მის თავდასხმებს რუსეთზე დრონებით და რაკეტებით, მაგრამ ზელენსკის თხოვნას „პეტრიოტის“ მიწოდებასთან დაკავშირებით სხვა რამ შეაგება — უკრაინისთვის „პეტრიოტების“ საწარმოებელი ;იცენზიის გაცემა.

საინტერესო საჩუქარია, ოღონდ დროში გაჭიმული. „პეტრიოტების“ დამზადებას სჭირდება ქარხანა, პარალელურად ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის ჩამოყალიბება, სწავლა, კავშირების დამყარება ყველა იმ ქვეყნებთან, რომლებიც დაკავებული არიან ამ სისტემის მშენებლობაში.

50-ზე მეტი უცხოური კომპანია მონაწილეობს „პეტრიოტის“ დამზადებაში.

ზელენსკის ერჩივნა დღევანდელი კვერცხი, ხვალინდელ ქათამს, რომლის გამოზრდას 3-5 წელი დასჭირდება, მაგრამ რა გაეწყობა, სულ არარაობას, ლიცენზია სჯობს.

ტრამპის მიერ უკრაინის ფრონტზე მიმდინარე რეალური სურათის არ დანახვა, სასურველის, სინამდვილედ მიჩნევაა და სხვა არაფერია, ზელენსკის მხარის დაჭერა.

ტრამპი, ვითომ მშვიდობის მტრედი, ომებისთვის წერტილის დამსმელი, სულაც არ ფიქრობს სამშვიდობო ნაბიჯის გადადგმაზე; ზელენსკისთვის ყურის აწევაზე, მისთვის როგორც იარაღის, ისე, სადაზვერვო-საინფორმაციო მასალების არ მიწოდებაზე.

სამხედრო ექსპერტებმა კარგად იციან, რომ რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ობიექტების ასაფეთქებლად გაგზავნილი რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები აშს-ს მიერ  მიწოდებული ინფორმაციით იკვებებიან. არ იქნება სადაზვერვო ინფორმაცია და არ იქნება ომი.

ადამიანი, მითუმეტეს ჰეგემონი ქვეყნის პრეზიდენტი, ყოვლის შემძლე, როგორც ტრამპს ჰგონია. მშვიდობის მსურველი, „პეტრიოტის“ ლიცენზიის გადაცემაზე კი არ უნდა აცხადებდეს, არამედ მისი წინამორბედის მიერ გაჩაღებული ომის შეჩერებაზე. როგორც ტრამპი ამბობს — ომი ბაიდენმა დაიწყო. ის, რომ ყოფილიყო პრეზიდენტი, უკრაინაში ომი არ იქნებოდა.

ტრამპი მეორე ვადით პრეზიდენტობს, მაგრამ ომს დასასრული არ უჩანს. ომს, რომელიც ბაიდენზე ადრე სხვა პრეზიდენტებმა დაიწყეს, მტერი რუსეთის დასაჩოქებლად.

ტრამპს შეეძლო ამ ომის დასრულება, მაგრამ თან არ შეეძლო. დღესაც იგივე ვითარებაა — შეუძლია, მაგრამ არ შეუძლია, ვინაიდან „დიპ სტეიტი“ (ჩრდილოვანი სახელმწიფო) ომს მოითხოვს და არა მშვიდობას.

ტრამპი, როდესაც პრეზიდენტობაზე კენჭს იყრიდა, დაპირდა ამომრჩეველს, რომ დააშრობდა ვაშინგტონურ ჭაობს. რაც მართალია. მან ნაწილობრივ შეასრულა დაპირება, მაგრამ ნაწილობრივი შესრულება, სრულ შესრულებას არ ნიშნავს. ვეჭვობ, რომ თავის საპრეზიდენტო ვადაში მოახერხოს შეუსრულებლის შესრულება.

ტრამპს არ უყვარს ზელენსკი, მაგრამ ზელენსკი უყვართ დემოკრატებს, „დიპ სტეიტის“ მოთხოვნების შემსრულებლებს. თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში ზელენსკიმ მოახერხა აშშ-ს პოლიტიკოსების გულის მოგება, „ატკატებით“ — აშშ-ს მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი მილიარდების უკან დაბრუნებით. ცხადია, არ სრულად — თვითონაც ხომ „მშიერი არ დარჩება“?!

 რომ იტყვიან — ფული ჯოჯოხეთს ანათებსო და ეს ჯოჯოხეთი აშშ-სა და ევროკავშირ-ნატოს პოლიტიკაა, იქაური პოლიტელიტაა, რომელიც მტაცებლური მიზნების მიღწევისთვის თვალს ხუჭავს უკრაინულ ნაციზმზე. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ თვით ევროპაში ნაციზმის. ჰიტლერიზმის რბილად მოხსენიება სულაც არ არის უცხო.

ტრამპმა, ნატოს სამიტზე გააკეთა განცხადება, სრულიად საწინააღმდეგო იმ განცხადებისგან, რომელიც მან „დიდი შვიდეულის“ ევიანის სამიტზე გააკეთა. ნატოს სამიტზე ტრამპმა უშვერი სიტყვებით გალანძღა ირანის ხელისუფლება, უწოდა რა მას კიბო, რომელიც უნდა მოიკვეთოს; ნაძირლების გუნდი, რომელთან დალაპარაკებაც არ ღირს და გასცა ბრძანება მემორანდუმით გარანტირებული ცეცხლის შეწყვეტის აღსადგენად, რასაც მოჰყვა ირანის სამხრეთის ქალაქებზე სარაკეტო თავდასხმები.

არადა ევიანის „დიდი შვიდეულის“ სამიტის ჩარჩოებში მაკრონის მიერ გამართულ მიღებაზე, ტრამპმა დამსწრე საზოგადოებას და მსოფლიოს აუფრიალა სამშვიდობო მემორანდუმი, მის მიერ ხელმოწერილი. რამ გააბრაზა ტრამპი?

როგორც თვითონ ამბობს, ირანის მიერ ორმუზის სრუტეში უცხოური ტანკერებისთვის ცეცხლის გახსნამ. ტრამპი ამბობს, რომ ირანმა დაარღვია ხელშეკრულება.

ირანი აცხადებს, რომ ორმუზის სრუტეში ნავიგაცია ირანის მიერ დაწესებულ წესებს უნდა ექვემდებარებოდეს. გარდა ამისა, ორმუზის სრუტე დანაღმულია და იქ ცურვა საფრთხის შემცველია. ამ საფრთხის შესახებ, ანუ ნაღმების იცის ირანმა, რომელმაც მართლაც გაუხსნა ცეცხლი ტანკერებს, საფრთხის თავიდან ასაცილებლად — როგორც ირანი აცხადებს.

ასეა თუ ისე, მშვიდობისმყოფელმა ტრამპმაც არ დააყოვნა და ომი განაახლა.

მსოფლიო საზოგადოებამ იცის 2 სატელეფონო საუბრის შესახებ ტრამპსა და პუტინს შორის. პირველი გაიმართა ევიანის „დიდი შვიდეულის“ სამიტის წინ. საუბრის დროს განიხილეს უკრაინის კონფლიქტი. ტრამპმა მოისმინა პუტინის არგუმენტები და ის, რომ ევროპა, ნაცვლად მშვიდობისა, უკრაინას  ომისკენ აქეზებს.

კრემლის განცხადებით, ტრამპი დაპირდა პუტინს ევროპელ მოკავშირეებზე ზეწოლას. შედეგი?

საწინააღმდეგო. ტრამპმა ევიანში ხელი მოაწერა დეკლარაციას — აშკარად ანტირუსულს.

ნატოს სამიტის წინ, ტრამპის ინიციატივით, ისევ შედგა საუბარი ტრამპსა და პუტინს შორის. კრემლის განცხადებით, პოზიტიური რუსეთისთვის. შედეგი?

საწინააღმდეგო. ტრამპმა არათუ მხარი დაუჭირა დეკლარაციას — ხელის მოწერით, ანტირუსულს და რუსეთისთვის სახიფათოს, არამედ შეაქო უკრაინის თავდადება, რუსეთთან ომში. ამჯერად კრემლის შეფასება იყო არაოპტიმისტური აშშ-ს ადმინისტრაციასთან და ტრამპთან მიმართებაში.

ტრამპმა შეიცვალა პოზიცია — დროის მცირე მონაკვეთში, რაც სერიოზული განსჯის საგანი უნდა იყოს კრემლისთვის. იქნება?

მომავალი გვიჩვენებს.

რაც უახლოესმა წარსულმა გვიჩვენა — ტრამპის ეკვილიბრისტიკა, სრულიად შეუფერებელია პრეზიდენტისთვის. ძნელია იმის მტკიცება, რამდენად იმოქმედა ტრამპზე „დიპ სტეიტმა“, თუ თვით ტრამპმა გადადგა ასეთი ნაბიჯი?

აშშ-ს ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება, რომ ნატოს სამიტის შემდეგ ტრამპი დაელაპარაკებოდა პუტინს, რაც არ განხორციელდა.

რატომ? — იკითხავთ. იქნებ ტრამპი მიხვდა, რომ პუტინისთვის მიცემული დაპირება — ნატოელებზე ზეწოლასთან დაკავშირებით ვერ ან არ შეასრულა?

ვეჭვობ, რომ ასეა. ტრამპი, ის პიროვნებაა, ვინც სისტემატურად არ ასრულებს დაპირებას და თუ ასრულებს იმ შემთხვევაში, როდესაც მოგებას მოელის.

 ორი სამიტის შედეგი დამაფიქრებელი უნდა იყოს კრემლისთვის, რომელიც ილუზიებში ცხოვრობს აშშ-თან და ევროპასთან მიმართებაში. არც ერთ მათგანს არ სურს უკრაინის ომისთვის წერტილის დასმა.

ორი წლის განმავლობაში უკრაინისთვის 140 მილიარდი დოლარის გამოყოფა იარაღის შესაძენად, სულაც არ ნიშნავს სამშვიდობო მოლაპარაკების დაწყებას, რაზეც ევროკავშირ-ნატო აქცენტირებს. მათი მიზანი ასეთია — შეწყდეს და გაიყინოს ფრონტის ხაზი იქ, სადაც დღეს არის. დაიწყოს მოლაპარაკება, რომელშიც უკრაინასთან ერთად ევროპაც უნდა ღებულობდეს მონაწილეობას. თუ რით დასრულდება ასეთი მოლაპარაკება, რუსეთმა იცის — წარსული გაკვეთილებიდან გამომდინარე. ასე რომ, ისევ საკუთარ სამხედრო ძალებზე დაყრდნობა თუ მოუტანს მას წარმატებას.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

13/07/2026