თურქეთის გადაბრუნებული პოლიტიკა
საბჭოთა კავშირის არსებობის დასასრულს, მოსკოვის ცენტრში გაიხსნა საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტი — „სოვინცენტრის“ სახელწოდებით, რომელშიც მრავალი რესტორანი იყო, გამოყოფილი ერთმანეთისგან, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეები — ქვით მოკირწყლული ქუჩებით, ხელოვნური ხეებით.
„სოვინცენტრი“ გადახურული ობიექტი იყო — წლის ნებისმიერი დროისთვის შესაფერისი — ზაფხულში გრილი ჰაერით, ზამთარში — თბილით.
„სოვინცენტრმა“ გახსნისთანავე მოიპოვა პოპულარობა. იქაურ რესტორნებში მოხვედრა იოლი საქმე არ იყო. ორჯერ მომიწია „სოვინცენტრში“ ყოფნა. პირველად, სიცილიის პარლამენტის დელეგაციის მასპინძლობის დროს, მეორედ — მოსკოველი მეგობრების მიპატიჟებით.
სიცილიის პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც თავმჯდომარე ხელმძღვანელობდა, კრემლის გადაწყვეტილებით საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სტუმარი უნდა ყოფილიყო.
მოსკოვში ჩამოსვლის შემდეგ, იმავე დღეს დელეგაცია თბილისს გადმოფრინდა, სადაც გაიმართა საქართველოს ღირსშესანიშნაობების გაცნობა, შეხვედრები საქართველოს დეპუტატებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთან.
დელეგაციამ 3 დღე დაჰყო თბილისში, რის შემდეგ მოსკოვს გაფრინდა. ჩემმა მოსკოველმა კოლეგებმა დელეგაციას შესანიშნავი პროგრამა გაუმზადეს: უმაღლეს საბჭოში, უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარის მოადგილესთან მიღებით; კრემლის დათვალიერებით; ლენინის მავზოლეუმის მონახულებით, სხვა მნიშვნელოვანი ობიექტების დათვალიერებით.
გამოსამშვიდობებელი ბანკეტი „სოვინცენტრში“ გაიმართა. დელეგაციის მოსკოვსა და თბილისში ვიზიტების დროს თქვენი მონამორჩილს მხვდა წილად მთავარი მასპინძლობა — დელეგაციის მუდმივი თანხლებით. მაშინ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საქმეთა მმართველი ვიყავი, დღევანდელი გაგებით ადმინისტრაციის უფროსი.
„სოვინცენტრთან“ დაკავშირებით არაერთი ანეკდოტი იშვა, უმრავლესობა ქართველებზე, სომხებზე, აზერბაიჯანელებზე — იმჟამად ერთობ პოპულარულებზე მოსკოვურ ცხოვრებაში. ერთ-ერთმა ჩემმა მოსკოველმა კოლეგამ, მობოდიშებით მითხრა — ქართველი გამოვიდა რესტორნიდან, შებახუსებული, მივიდა ხელოვნურ ხესთან და მოშარდაო. მილიციელმა არ მოუწონა საქციელი და შეახურა. ქართველი განაწყენდა და თავის თანმხლებ ქართველს უთხრა — არ ვუყვარვართ ქართველებიო, თორემ სასაყვედურო რა არის იმაში, ხეს რომ მივაშარდეო.
მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მაგრამ ქართული აზროვნება ისეთივე დარჩა, როგორიც იმ მიმშარდველი ქართველის. ქართველი არასდროს არის დამნაშავე. ის ყოველთვის და ყველაფერში მართალია. სულ ახლახანს, სახლში ავტომანქანით მიმავალს ვიწრო ქუჩა ჩახერგილი დამხვდა. ავტომანქანა იდგა შუა ქუჩაში, რომელსაც გვერდს ვერ აუვლიდი. დავასიგნალე რამდენჯერმე და როგორც იქნა ეზოდან ქალი გამოვიდა აგრესიული განწყობით — პატრონს სძინავს, წადით და სხვა გზით იმგზავრეთო. მე დაჟინებით დავუსიგნალე და ვაიძულე თვით მიჯდომოდა საჭეს — მანქანის წასაყვანად.
რაც მე მოგიყევით იშვიათობა არ არის, პირიქით — სისტემატურობაა, აუტანელი, ნერვების მომშლელი, შეურაცხმყოფელი.
მავანი მეტყვის — ნეტავი შენ. აიტანე და გააგრძელე შენი საქმეო. საზოგადოების მასობრივ გადაგვარებასთან გვაქვს საქმე. ადამიანი გახდა დაუნდობელი, უზრდელი, აგრესიული. მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ასეთი მასობრივი აგრესია ერთმანეთის მიმართ არსად მიგრძვნია, როგორც აქ. თანამედროვე ქართველი სუფრის დასაწყისშია თავაზიანი, რასაც მოჩვენებითი თავაზიანობა ჰქვია. ალკოჰოლის მიღებისთანავე აგრესიულ აფთრად გადაიქცევა და იმას, ვისაც სიყვარულით კოცნიდა, სასიკვდილოდ იმეტებს.
ასეა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ასეა პოლიტიკურში. ქართული მედია გულდათუთქული გვიყვება ეუთოს და ევროსაბჭოს, ევროპარლამენის ანტიქართული გადაწყვეტილებების შესახებ. „ოცნების“ ხელისუფლება უკმაყოფილოა და თვლის, რომ მათი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ არაობიექტურია.
ზემომოყვანილი ანეკდოტისა არ იყოს — არ ვუყვარვართ ქართველებიო. ამ შემთხვევაში დასავლელები სიყვარულის ნატამალს არ გამოხატავენ „ოცნების“ მიმართ, მაგრამ ხალხისადმი, პირიქით, დადებითად არიან განწყობილნი — ქართველები უკეთეს ხელისუფლებას იმსახურებენო.
როგორც ჩანს ხელისუფლებისა და ხალხის ერთდროულად გალანძღვა არ მიიჩნიეს მართებულად. ხალხი დააშორეს მისსავე ხელისუფლებას და მისავე არჩეულის წინააღმდეგ განაწყეს, უფრო სწორად დაიწყეს ხალხის ხელისუფლების წინააღმდეგ დარაზმვა.
ხელისუფლება, ნაცვლად სხვა პოლიტიკური ვექტორის შერჩევისა, ისევ თავისას გაიძახის — ევროკავშირი გვინდაო და მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. და დავუმტკიცებთ ევროკავშირს რა ძლიერები, კარგები, ევროკავშირის დავალებების მუყაითი შემსრულებლები ვართო.
ეუთოს მიერ მიღებული რეზოლუცია კი გვეუბნება, რომ არავითარი დავალებების შემსრულებელი „ოცნების“ ხელისუფლება არ არის და ვიდრე არ დაგვემორჩილება გარიყული იქნებაო.
კოლექტიური ევროპა მოითხოვს საქართველოს გადემოკრატებას — მიღებული კანონების გაუქმებით, ვითომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებით; ადგილობრივი არჩევნების შედეგების ბათილად გამოცხადებით; სიტყვის თავისუფლების და სიტყვის გამოხატვის დაცვით; ლგბტ-ე იდეოლოგიის გაზიარებით და ყველა იმ „სიკეთის“, რითიც ცხოვრობს ევროპა.
ევროპას სურს ისეთი საქართველო, როგორიც მას აწყობს და არა ისეთი, როგორიც — ქართველ ხალხს. ევროპული იდეოლოგია მიუღებელია საქართველოსთვის, ზოგიერთთა გამოკლებით, განსაკუთრებული ადამიანების, როგორებიც ოპოზიციონერები და მათზე მიტმასნილი საზოგადოებაა. ისინი ევროპელებზე მეტად ევროპელები არიან — ასეთად აჩვენებენ თავიანთ თავს ევროკავშირელ ბოსებს.
ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს, რომ ე.წ. დასავლური გზა სიკეთის მომტანი არ არის. ხელისუფლებამ სხვა გზაზე უნდა იფიქროს — პოლიტიკური ვექტორის შეცვლის გზაზე. მან უნდა იცოდეს, რომ დედოფალი ბრწკენა-ბრწკენით შეიძლება დაორსულდეს (ქართული ანდაზის მიხედვით), ანუ ევროპული ინსტიტუტების მიერ მიღებული ანტიოცნებური რეზოლუციები უცბათ იფეთქებს, რაც ზიანს მოუტანს როგორც „ოცნებას“, ისე ქვეყანას; რომ ანტიქართული რეზოლუციები მარტო ქაღალდზე არ რჩება, მათი პროპაგანდისტული ძალა ანტიქართულად წამლავს იმათ, ვისთანაც მომავალში ვაპირებთ ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
ოპოზიცია აქილიკებს „ოცნების“ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან ხელშეკრულების გაფორმებისთვის. არადა ეს ნაბიჯები, თუკი მას რეალური საქმეები მოჰყვება, გაცილებით მეტის მომტანი იქნება ქვეყნისთვის, ვიდრე ევროკავშირთან ურთიერთობა.
ერთხელ და სამუდამოდ საქართველომ უნდა შეიგნოს ვისთან შეიძლება ურთიერთობების ქონა და ვისთან არა. ვისგან შეიძლება ქვეყნისთვის სარგებლის მიღება და ვისგან არა. ვისთან შეიძლება თანაფარდობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბება და ვისთან არა.
ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს, რომ ევროკავშირულ გაკვეთილებს სჯობს ცენტრალური აზიის, ჩინეთის, რუსეთის პრაქტიკული ურთიერთობები. „ოცნებამ“ უნდა გააანალიზოს განვლილ წლებში რუსეთთან საქმიანი კონტაქტების არ არსებობამ, რამდენად დასწია საქართველოს ეკონომიკური, სამეცნიერო, კულტურული მდგომარეობა.
„ოცნებამ“ არ უნდა გაიზიაროს ოპოზიციის ლაყბობა რუსულ ჭაობთან დაკავშირებით და სხვა თვალით შეხედოს უზარმაზარ ქვეყანას, თუნდაც გონიერი ევროპელი ექსპერტების და საფინანსო-ეკონომიკური ინსტიტუტების თვალით, რომელთა მიხედვით რუსეთი მსოფლიოს მეოთხე ეკონომიკაა ჩინეთის, აშშ-ს, ინდოეთის შემდეგ და არა ჭაობი.
ევროკავშირთან, ევროპასთან უნდა გვქონდეს ურთიერთობა, მაგრამ დიდ იმედებს მათზე არ უნდა ვამყარებდეთ. განვლილმა უნაყოფო კავშირებმა ნუთუ არაფერი უნდა გვასწავლოს?
დღეს არის ეს ნაბიჯები გადასადგმელი, უფრო სწორად გუშინ იყო, მაგრამ რა გაეწყობა — დავაგვიანეთ ევროკავშირულ ლაქლაქში, იქაურთა მიერ ჭკუის დარიგებაში.
რეგიონში შექმნილი ვითარება გვაიძულებს ასეთი ნაბიჯის გადადგმისკენ. არვინ იცის, რა განვითარებას მიიღებს აშშ-ს აგრესია ირანთან მიმართებაში; თურქეთის პოზიციების შეცვლას აშშ-ნ მიმართებაში; თურქეთის პოზიციების მკვეთრი შებრუნება უკრაინისკენ — რუსეთის საპირისპიროდ; თურქეთ-აზერბაიჯანის სამხედრო თანამშრომლობა უკრაინასთან და ა.შ.
სამწუხაროდ, თანამედროვე პოლიტიკოსები სისტემატურად იცვლიან აზრს, ივიწყებენ წარსულს — თუნდაც სიკეთით აღსავსეს და არასასურველ გადაწყვეტილებებს იღებენ. დასტურად ამისა ანკარის ნატოს სამიტიც კმარა და მასზე პრეზიდენტ ერდოღანის ანტირუსული განცხადებები — უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიების სარაკეტო თავდასხმები რუსეთს მოსალაპარაკებელ მაგიდასთან დასვამს. ამდენად საჭიროა უკრაინისთვის იარაღის მიცემა, რათა მან აიძულოს რუსეთი შეწყვიტოს ომიო.
ერდოღანის განცხადება ემთხვევა ევროკავშირ-ნატოს პოზიციას, ისე, როგორც ზელენსკის — შეჩერდეს ომი, გაიყინოს ის იმ პოზიციაში, როგორშიც დღეს არის და დაიწყოს მოლაპარაკება ევროკავშირ-უკრაინის გეგმის გათვალისწინებით — რუსეთის ჯარის გაყვანა არა მარტო დონბასიდან, არამედ ყირიმიდან, დამოუკიდებლობის მიღების დროს არსებული უკრაინის საზღვრების აღდგენა, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შემუშავება და ა.შ.
ევროპის გეგმა რომ უტოპიაა, ევროპამაც კარგად იცის, მაგრამ საომარი მოქმედების გაყინვა, მოლაპარაკების დაწყება აუცილებელია უკრაინის ჯარის დასასვენებლად, შესავსებად, შესაიარაღებლად და ახალი ძალით ომის გასაგრძელებლად.
ვისაც ომის დასრულება სურს, ის იარაღს არ გამოუყოფს მეომარ მხარეს. ნატომ კი მიიღო გადაწყვეტილება წელს 70 მილიარდი დოლარი მისცეს უკრაინას იარაღის შესაძენად და იმდენივე მომავალ წელს. ევროკავშირი და ნატო მხოლოდ სიტყვით მოითხოვენ ომის შეწყვეტას და მოლაპარაკების დაწყებას, მაგრამ საქმით საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამენ.
აღნიშნულს იზიარებს თურქეთიც, რომელმაც ტრამპთან საერთო ენის გამოძებნის შემდეგ ლამის ზურგი შეაქცია რუსეთს, ქვეყანას, რომელმაც 10 წლის წინ ერდოღანი გადაარჩინა დამხობას და ციხეს.
2016 წლის 16 ივლისს თურქეთში დიდი სამხედრო გადატრიალების მცდელობას ჰქონდა ადგილი, რის შესახებაც რუსეთმა უმალ აცნობა ერდოღანს. რომ არა რუსეთის ინფორმაცია, ერდოღანი პრეზიდენტი არ იქნებოდა. გადატრიალების ორგანიზატორი, აშშ-ს მაშინდელი ადმინისტრაცია იყო, რომელსაც არ მოსწონდა ერდოღანის შედარებით სუვერენული პოზიცია, სიჯიუტე მთელ რიგ საკითხებში.
10 წლის წინანდელი ამბავი ერდოღანმა დაივიწყა და ტრამპს ისეთი შეხვედრა მოუწყო, გაკვირვება რომ გამოიწვია მასში და რაც მთავარია უდიდესი კმაყოფილება. ტრამპმა შეაქო ერდოღანი. დაპირდა სანქციების მოხსნას და F-35 გამანადგურებელი თვითმფრინავების მიყიდვას, რასაც თურქეთი მრავალი წელს ითხოვდა.
ანკარის ნატოს სამიტი ტრამპ-ერდოღანის დაახლოების სამიტად შეიძლება აღვიქვად. ერდოღანმა ტრამპს ისეთი პროტოკოლი შეაგება, სახელმწიფო ვიზიტს რომ შეეფერება. არადა, ტრამპი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ანკარაში — ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად.
აშშ-ს პრეზიდენტი, 17 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა თურქეთში. და ჩავიდა ერდოღანის პატივსაცემად — ასე თქვა ტრამპმა. კომპლიმენტებში დაღვრილმა ტრამპმა, ერდოღანს შესანიშნავი ლიდერი უწოდა, დიდი ხნის მეგობარი და ძლიერი პიროვნება.
აშშ-ს პრეზიდენტში განსაკუთრებული აღფრთოვანება გამოიწვია ანკარის ესენბოგას (Esenboga) აეროპორტმა. თურქეთმა ააშენეა შესანიშნავი ახალი ტერმინალი ჩემი ვიზიტისთვის. მადლობა ერდოღანს, რასაც ის თურქეთისთვის აკეთებს — თქვა ტრამპმა.
რუსეთისთვის ყურადსაღები იყო ერდოღანის სიტყვა სამიტის დასრულების დროს. „ჩვენ ვიზიარებთ ბატონი ტრამპის ხედვას უკრაინაში ომსა და მშვიდობასთან მიმართებაში და მხარს ვუჭერთ ინიციატივას, მიმართულს უკრაინის პრიორიტეტულ მოთხოვნებთან დაკავშირებით“ — თქვა მან.
ანკარის სამიტის სულისკვეთებამ შვა ნატოს დეკლარაცია, სადაც რუსეთი მოხსენიებულია როგორც მთავარი საფრთხე. ამაში ახალი არაფერია, მაგრამ ახალი ის არის, რომ ნატომ მხარი დაუჭირა რუსეთის ტერიტორიის დაბომბვას უკრაინის მიერ შეძენილი რაკეტებით, რუსეთის ეკონომიკის გასაჩანაგებლად.
სამიტმა განიხილა რუსეთის ბირთვული შეკავების გეგმა. ითქვა იმის თაობაზეც, რომ ნატო 2030 წლისთვის წამოიწყობს თავდასხმით მარშს რუსეთის მიმართულებით. ამ თვალსაზრისით, თურქეთს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომელიც განახორციელებს სამხრეთიდან შეტევას.
თურქეთის სამხედრო ძალა და შეიარაღება ცნობილია ნატოში. აშშ-ს შემდეგ თურქეთის არმია რაოდენობით ყველაზე მეტია, ნატოს წევრი სხვა ქვეყნის ჯართან შედარებით.
ანკარის სამიტის ჩარჩოებში აშშ-ა თანხმობა განაცხადეს თურქეთისთვის F-35 სამხედრო თვითმფრინავების მიყიდვაზე. ასეთს ადგილი უნდა ჰქონოდა 10 წლის წინათ, მაგრამ თურქეთის მიერ რუსეთის C-400 ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვის შემდეგ ამერიკული თვითმფრინავების გადაცემა შეჩერდა.
რას იზამს დღეს თურქეთი? უფრო სწორად რას უზამს რუსულ C-400-ს სისტემას?
როგორც ამბობენ, სხვა ქვეყანას გადასცემს, რაც რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულებით მიუღებელია. აშშ-სა და ნატოს წევრი სხვა ქვეყნების მიხედვით ნატოში C-400 არსებობა მიუღებელია — გაიხსენებს თუ არა ერდოღანი ამ ხელშეკრულებას არვინ იცის, მაგრამ რომც გაიხსენოს, ყურადღებას არ მიაქცევს, ისე გადასცემს სხვას — აშშ-თან ჩახუტებული.
როდესაც თურქეთი C-400 ყიდულობდა (2017-2019 წ.წ.) მსოფლიოში ვითარება, დღევანდელთან შედარებით სხვა იყო. 10 წლის განმავლობაში თურქეთმა, თავისი მომხრეების ხელით და საკუთარი ძალისხმევით დაამხეს ბაშარ ასადის ხელისუფლება სირიაში — რუსეთის მოკავშირე ქვეყანაში, რითაც გაუსაძლისი პირობები შეუქმნა იქ არსებულ რუსულ ბაზებს. მთიანი ყარაბაღი დააშორა სომხეთს და შექმნა ე.წ. ტრამპის გზა, რომელიც აკავშირებს თურქეთს აზერბაიჯანთან.
ზანგეზურის დერეფნის გახსნა ანტირუსული პროექტია — აღმოსავლეთიდან, დასავლეთისკენ მიმავალი რუსეთის გვერდის ავლით. გარდა ამისა, თურქეთის ხელისუფლება ატარებს ნეოოსმანიზმის პოლიტიკას, ისე, როგორც პანთურქიზმის, რომელიც გულისხმობს თურქული რესპუბლიკების ინტეგრაციას, ანუ ყოფილი საბჭოთა შუა აზიის რესპუბლიკების და არა მარტო მათი, არამედ თვით რუსეთში მცხოვრები მუსლიმების, რაც აშკარა არამეგობრული განწყობაა რუსეთის მიმართ.
თურქეთი მჭიდრო კავშირებშია, განსაკუთრებით სამხედროში უკრაინასთან. თურქეთთან ერთად არის მისი ძმა აზერბაიჯანიც. ორივენი ეხმარებიან უკრაინას ეკონომიკურად, ჰუმანიტარულად, პოლიტიკურად, რაც ცხადია აღიზიანებს კრემლს, მაგრამ ერდოღანი ამას ყურადღებას არ აქცევს. არადა, ენერგეტიკული პროექტები, რომლებიც თურქეთში ხორციელდება რუსეთის მიერ, დასაფასებელია.
სულ ახლახანს, დაიწყო მუშაობა აქუიუს (Akkuyu) პირველმა ენერგობლოკმა, რომელიც აშენდა „როსატომის“ მიერ. პროექტის მიხედვით, კიდევ სამი ატომური ენერგობლოკი უნდა აშენდეს, რაც თურქეთის ენერგეტიკისთვის უდიდესი დახმარებაა. აქუიუს კომპლექსის ექსპლუატაციის ხანგრძლივობა 60 წელზეა გათვლილი, რის შემდეგ მოხდება მისი ახალ მოთხოვნებზე გადაყვანა.
პროექტი გრანდიოზულია არა მარტო მშენებლობის თვალსაზრისით, არამედ თურქეთის დაახლოებით ატომურ ენერგეტიკასთან, კვლევასთან. პროექტის დაწყებისთანავე, ასობით თურქმა სპეციალისტმა მიიღო შესაბამისი განათლება რუსეთში. ისინი იმუშავებენ აქუიუს ატომურ ენერგობლოკებში, რუს სპეციალისტებთან ერთად.
გარდა ამისა, რუსეთი თურქეთს აწვდის ნავთობს მილსადენით, რომელსაც თურქეთი თვით მოიხმარს, ნაწილს კი ჰყიდის ევროპაში. „სამხრეთის ნაკადი“, „ცისფერი ნაკადი“ ცნობილია მთელს მსოფლიოში.
რუსეთის, თურქეთთან ურთიერთობამ, რუსეთს თუ დივიდენდები მოუტანა —პრობლემურია, ვიდრე მომგებიანი.
გვერდს ვერ ავუვლი ირანის ისლამური რესპუბლიკის ლიდერის აიათოლა სეიედ ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს — ერთკვირიანი გლოვის შემდეგ. კაცობრიობას არ ახსოვს ესოდენ მასობრივი გლოვა 60 მილიონი ირანელისა. და არა მარტო ირანელისა, ერაყელის, მსოფლიოს შიიტთა გლოვა.
თეირანიდან, აიათოლას ცხედარი და მისი დახოცილი ოჯახის წევრების გადაასვენეს შიიტთა წმინდა ქალაქ ყუმში, იქიდან ერაყში, შემდეგ ირანის მეშხედში — აიათოლას მშობლიურ ქალაქში.
ბოლო სამგლოვიარო პროცესი გაიმართა მეშხედში — ჰაიმბარ-ე-აზამის (დიდი წინასწარმეტყველის) სამარადისო სასუფევლის ეზოში, რის შემდეგ ოჯახმა მიაბარა მიწას.
ირანის ქალაქების ქუჩებში გამოსული ხალხი, ლოზუნგებით ხელში — „სიკვდილი ამერიკას“, „სიკვდილი ისრაელს“ — გამოხატავდა უკიდურეს ნეგატიურ განწყობას იმათ მიმართ, ვინც 28 თებერვალს რაკეტებით მიწასთან გაასწორა ირანის მეთაურის, რახბარის რეზიდენცია.
შურისძიება იყო და არის მოწოდება, რომლითაც ცხოვრობს 94 მილიონი ირანელი. შურისძიების გამომხატველი წითელი დროშები აღიმართა შენობებზე.
აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპმა, რომელმაც დაკრძალვის ცერემონიალს ტელევიზიით უყურა, გაოცება გამოთქვა მასობრივ, მრავალმილიონიან გლოვასთან დაკავშირებით. „მე მეუბნებოდნენ, რომ ირანელები თავიანთი რახბარის მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილნი. ირანის მეთაურის რეზიდენციის განადგურების და მეთაურის მოკვლის შემდეგ ქუჩაში გამოვლენ — რეჟიმის დასამხობად. მოხდა საწინააღმდეგო რამ“.
ირანის მეთაურის მუხანათურად მოკვლამ ერთ მუშტად შეკრა ირანი — მტერთან საბრძოლველად. მტერი კი აშშ-ი და ისრაელია.
ტრამპმა, მიუხედავად ირანთან გაფორმებული სამშვიდობო მემორანდუმისა, ბრძანება გასცა ირანზე სარაკეტო თავდასხმის. დაიბომბა სამხრეთ ირანის სტრატეგიული ობიექტები, დაიხოცა ხალხი. ირანმა არ დააყოვნა და უპასუხა ამერიკულ აგრესიას — რეგიონში განლაგებული ამერიკული სამხედრო ბაზების დაბომბვით.
შეწყვეტილი ომი — განახლებულია და დასრულების პროგნოზირება შეუძლებელია. ტრამპი ძალით ცდილობს ირანის დაყოლიებას მისთვის საჭირო და მისაღები ხელშეკრულების დადებაში, რომლის მიხედვით, ორმუზის გაკონტროლება აშშ-ს პირობებით მოხდება, ისე, როგორც ირანის ბირთვული პროგრამის გაგრძელება.
ტრამპს სურს ირანის გამდიდრებული ურანის მიღება, რაზეც ირანი უარს აცხადებს.
ირანი ომისთვის მზადაა, რაც არ უნდა ხანგრძლივი იყოს ის.
ტრამპის პოზიციები უფრო სუსტია, ვინაიდან კარზე მომდგარი კონგრესის არჩევნები, რომელიც ა.წ. ნოემბერში გაიმართება, სხვა მოთხოვნებს აყენებს პრეზიდენტის წინაშე. მასში ომს ადგილი არ აქვს.
ტრამპის რეიტინგი დაბალია. მოსახლეობის უმრავლესობას სურს ირანთან ომის შეწყვეტა. ექსპერტთა მიხედვით, ნოემბრის არჩევნებს რესპუბლიკელები წააგებენ, რაც ტრამპს ხელს შეუკრავს სხვადასხვა სახის კანონების მიღებაში.
ტრამპმა, რომელმაც გაურკვეველი საბაბით ომი დაუწყო ირანს, მარცხი განიცადა. ირანი გაცილებით ძლიერი გამოდგა ავღანეთზე, სადაც აშშ-ა იომა, დამარცხდა და კუდამოძუებულმა, 20 წლის შემდეგ დატოვა ავღანეთი.
ირანმა 4 თვის განმავლობაში შეარყია აშშ-ს სამხედრო ძალების უძლეველობა. ტრამპმა მარცხი განიცადა, მაგრამ ამის საჯარო განცხადება მას არ სურს. პირიქით, ამბობს, რომ ომი მოიგო. თუ მოიგო, მაშინ რატომ განაახლა სარაკეტო თავდასხმები ირანზე?
მოგებული ასე არ იქცევა!
ტრამპმა, რომ იტყვიან, ააყროლა მსოფლიო. მისმა ომმა ირანთან სერიოზული დარტყმა მიაყენა მსოფლიო ეკონომიკას, მსოფლიოს ენერგომატარებლებით მომარაგებას. მაღლა ასწია ბენზინის, გაზის ფასები და ა.შ.
ტრამპს და აშშ-ს აღნიშნულისთვის სანქციებს არვინ უწესებს, მაშინ, როდესაც რუსეთს უმალ დაუწესეს და სანქციების კასკადი დაატეხეს თავს.
დასასანქცირებელი ტრამპი, ახალი სანქციების შემოღებას აპირებს რუსეთის წინააღმდეგ. ახალი სანქციების 21 პაკეტის შემოღებას აპირებს ევროკავშირიც, გაოგნებული იმით, რომ 20 მიღებულმა პაკეტმა ვერ დააჩოქა რუსეთი. ვერ აიძულა ის უკრაინასთან ისეთი ხელშეკრულების დასადებად, რომლის მიხედვით რუსეთი დამარცხებული აღმოჩნდება.
ვეჭვობ, რუსეთი დათმობაზე წავიდეს. კოლექტიური დასავლეთის ცინიზმი თვალშისაცემია და მკარნახებელი იმისა, რომ ასეთთან ურთიერთობა მხოლოდ სიფათის მომტანია.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
18/07/2026
