04.07.2026

სხვანაირი ანკორიჯი

2025 წლის 15 აგვისტოს ალიასკაზე, ანკორიჯში მოხდა ორი სუპერსახელმწიფოს აშშ-ა და რუსეთის პრეზიდენტების ტრამპისა და პუტინის შეხვედრა. პოლიტიკოსებს და ექსპერტებს, რომლებიც თვალს ადევნებენ მსოფლიო მოვლენებს, ემახსოვრებათ შეხვედრის ვიდეო-კადრები, პროტოკოლური უპირველეს ყოვლისა, საფრენ მოედანზე აშშ-ს თვითმფრინავის დაშვებით და რამდენიმე წუთის შემდეგ რუსეთის თვითმფრინავის.

ემახსოვრებათ საფრენ ბილიკზე დაგებული წითელი ნოხები. ემახსოვრებათ პრეზიდენტ ტრამპის ტრაპიდან ჩამოსვლაც და პროტოკოლით გათვალისწინებული ადგილის დაკავება.

ემახსოვრებათ პუტინის ტრაპიდან ჩამოსვლა და სწრაფი ნაბიჯებით ტრამპისკენ სვლა.

ემახსოვრებათ ტრამპ-პუტინის ხელის ჩამორთმევაც და აშშ-ს სამხედრო-საჰაერო თვითმფრინავების აეროდრომისა და სტუმარ-მასპინძლის თავებზე გადაფრენა, შემდეგ ტრამპის მიერ პუტინისთვის პრეზიდენტის ავტომანქანაში მიპატიჟება, რაც იშვიათად ხდება ხოლმე სხვა ქვეყნის მაღალი ან უმაღლესი ხელმძღვანელის მასპინძლობის დროს.

მსოფლიოს მედიამ მხოლოდ ორი პრეზიდენტის შეხვედრის სიუჟეტი გააცნო საზოგადოებას, რომელშიც მარტო ეს ორი იყო ასახული — თარჯიმნის გარეშე.

პრეზიდენტის „ლიმუზინი“ აეროპორტის შენობის წინ გაჩერდა და ავტომანქანიდან პრეზიდენტების გადმოსვლისთანავე დაიწყო მოლაპარაკება. ამერიკა-რუსეთის წარმომადგენლები, რომლებიც ჩანდნენ ტელეკადრებში მოსალაპარაკებელ ოთახში ისხდნენ, ერთობ მოკრძალებულში, რაც თავისთავად ხაზს უსვამდა მოლაპარაკების მდებარეობას — აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ბაზას.

მაღალ დონეზე გამართული შეხვედრების ისტორიიდან გამომდინარე — ანკორიჯი არაორდინარური იყო — ნაკლები პომპეზურობა, მეტი საქმე. რუსეთის პრეზიდენტის ანკორიჯში ჩაფრენამდე, რუსეთის სხვა თვითმფრინავებიც ჩაფრინდნენ, რომლებმაც იქ რუსეთის დელეგაციის წევრები და პრეზიდენტის „ლიმუზინები“ (2) ჩაიტანეს, თანმხლები მინი-ავტობუსებით, რაც კადრს მიღმა დარჩა, ისე, როგორც ანკორიჯში გამართული შეხვედრა — მოლაპარაკების შინაარსი, დეტალები.

ახსნა აღნიშნულისა იყო და არის ასეთი — მოლაპარაკების თემა არ იმსახურებს ფართო საზოგადოების ყურადღებას ან არასასურველია მისი გამჟღავნება.

ერთი წელი გავიდა მას შემდეგ და მსოფლიო საზოგადოება მარჩიელობაშია — რა იყო ანკორიჯში; იყო თუ არა მასზე ომსა და მშვიდობაზე ლაპარაკი — რუსეთ-უკრაინის ომზე, მის შეწყვეტაზე, ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტაზე.

ეს, რომ ასე იქნებოდა ეჭვი არვის ეპარება, სხვაგვარად ანკორიჯის მოლაპარაკებაზე კლიმატის თემას ხომ არ განიხილავდნენ?

მაგრამ ერთია ვარაუდი და მეორეა კონკრეტიკა. კონკრეტიკა კი მოითხოვს მოლაპარაკების წვრილმან-მსხვილმანი საკითხების გასაჯაროებას, იმ დონეზე, რა დონეზეც ეს არის დაშვებული პროტოკოლით, ქვეყნის უსაფრთხოებით.

ფართო საზოგადოებას აინტერესებდა და დღესაც აინტერესებს აშშ-ს პოზიცია ომთან და უკრაინასთან მიმართებაში. საზოგადოებას ეს ინტერესი აშშ-ს პრეზიდენტმა გაუღვივა ხმამაღალი განცხადებებით, რომელიც მან საპრეზიდენტო არჩევნების დროს გააკეთა. აი ასეთი: რუსეთ-უკრაინის ომს 24 საათში დავასრულებდი — მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი.

24 საათი ერთი თვით ჩანაცვლდა — პრეზიდენტად არჩევის შემდეგ. იყო სხვა ვადებიც, რომელთა დასახელებას აზრი არ აქვს და ბოლოს იყო ანკორიჯი.

სწორედ იქ უნდა გასცემოდა პასუხი რამდენად სერიოზულად იყო განწყობილი ტრამპი კონფლიქტის დასასრულებელი ნაბიჯის გადასადგმელად. რამდენად სერიოზულად იყო განწყობილი პუტინი ტრამპის მოსაზრების გასაზიარებლად, შესასრულებლად. ნაცვლად ამისა მთელი წლის განმავლობაში მსოფლიო საზოგადოება ისმენდა რუსთა განცხადებებს — ანკორიჯის სულისკვეთება, ანკორიჯის გადაწყვეტილება, ანკორიჯში მიღწეული შეთანხმების შეუსრულებლობა აშს-ს მიერ და სხვა.

გვესმოდა სიტყვა „ანკორიჯი“, მაგრამ არ გვესმოდა რა იყო ამ სიტყვის უკან. და აი ისიც — აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რუბიოს 25 ივნისის განცხადება: „ალიასკაზე არავითარი შეთანხმება არ ყოფილა. რუსეთს სურდა, რომ მას გადასცემოდა დონეცკის ოლქი სრულად, სხვა დანარჩენ საკითხებთან ერთად ალიასკაზე წამოყენებულ იქნა წინადადებები, მაგრამ შეთანხმება იქ არ ყოფილა. შეთანხმება რომ ყოფილიყო, ომი აღარ იქნებოდა“.

რუბიოს შეუძლია ამის თქმა, ვინაიდან ესწრებოდა მოლაპარაკებას. მისმა ნათქვამმა ცივი წყალი გადაასხა მედიის მიერ ანკორიჯის შეფასებას — სასიცოცხლო მნიშვნელობის შეხვედრა. და ლამის დიპლომატიური ომი გამოიწვია, რომელშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ უპასუხისმგებლობაში  — მნიშვნელოვანი სამიტის მიმართ.

რუბიოს გულახდილობა პასუხი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის განცხადებაზე, რომელშიც მან ახსნა ანკორიჯის შეთანხმების შეუსრულება აშშ-ს მხრიდან.

ერთი წლის განმავლობაში რუსული მხარე იმედოვნებოდა რაღაც აბსტრაქტულზე  აშშ-ს მხრიდან, რომელსაც არავითარი შესრულება არ მოჰყოლია და არც მოჰყვებოდა, ვინაიდან აბსტრაქტული იყო, ჰაერში ნათქვამი და არა შეთანხმება — დოკუმენტში დაფიქსირებულ-ხელმოწერილი.

სამიტის მიერ არავითარი მემორანდუმი, ერთობლივი კომუნიკე ან ხელშეკრულება არ ყოფილა. იყო ჟურნალისტების წინაშე გამოსვლა, რომლის დროს ილაპარაკა მარტო პუტინმა, ტრამპს არაფერი უთქვამს.

ა.წ. 26 ივნისს ლავროვმა პასუხი გასცა რუბიოს. მან თქვა, რომ პუტინმა გულისყურით შეისწავლა აშშ-ს წინადადებები, რომლებიც მოსკოვს ჩაიტანა პრეზიდენტ ტრამპის წარმომადგენელმა უიტკოფმა — ანკორიჯის შეხვედრამდე.

ანკორიჯში პუტინმა და მოლაპარაკებაზე დამსწრე რუსებმა პუნქტებით შეაჯერეს უიტკოფის მიერ მოსკოვში ჩატანილი წინადადებები — ანკორიჯში ნათქვამს.

„ასე რომ, როდესაც ჩემი კოლეგა ამბობს ალიასკაზე იყო მხოლოდ წინადადებები, მაგრამ არ ყოფილა შეთანხმება, ისმის კითხვა — რას ნიშნავს წინადადებები და ამ სიტყვის მნიშვნელობა „შეთანხმებასთან“ მიმართებაში. თუ ერთმა მხარემ განსახილველად გამოიტანა საკითხები, მეორემ კი თანხმობა განაცხადა, მტკიცება იმისა, რომ შეთანხმება არ ყოფილა, არაელეგანტურად გამოიყურება“ — თქვა ლავროვმა.

გავიხსენოთ უიტკოფისა და პრეზიდენტ ტრამპის სიძის კუშნერის არაფორმალური ვიზიტები მოსკოვში — რუსული მედიის მიერ ზენიტში აყვანილი. რუსეთის ტელეკომპანიებმა გაავრცელეს უიტკოფ-კუშნერის ავტომანქანის სვლა კრემლისკენ — მოსკოვის ტრანსპორტისგან დაცლილ ქუჩებზე. პუტინთან მოლაპარაკების დაწყებამდე სტუმრების ერთ-ერთ რესტორანში სადილი. მაყურებელმა იხილა მენიუც და ა.შ.

იხილა პუტინთან შეხვედრის დაწყების ფრაგმენტებიც, რამაც ყველას შეუქმნა ილუზია რომ აშშ-ი იზიარებს რუსეთის პოზიციას უკრაინასთან მიმართებაში და ყველა ზომას მიიღებს უკრაინის პრეზიდენტის ზელენსკის მოსათვინიერებლად.

რუბიოს ნათქვამის შემდეგ გამოჩნდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ხელისუფლება სცდებოდნენ. მათ სასურველი, რეალობად მოეჩვენათ.

მას შემდეგ თითქმის ერთი წელი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტი და ხელისუფლება ანკორიჯის იმედად ცხოვრობდა, მაშინ, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის დამოკიდებულება მკვეთრად იცვლებოდა — უკრაინის მიერ ტერიტორიული დათმობიდან, კონფლიქტის გაყინვამდე, რაც ტრამპის უკრაინულ პოლიტიკაში მკვეთრი შებრუნებაა ზელენსკის მიმართულებით.

იკითხავთ, რამ გამოიწვია ასეთი მეტამორფოზა?

ტყუილმა ინფორმაციამ, რომელიც ტრამპს მიაწოდეს და ევროკავშირ-ნატოს წევრი ქვეყნების დაჟინებულმა ჩიჩინმა, რომ რუსეთი ომს აგებს და აშშ-ა თავისი წვლილი უნდა შეიტანოს უკრაინის გამარჯვებაში. ევროპის სამი ქვეყანა — დიდი ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი, რუსეთის მიმართ უაღრესად მტრულად განწყობილნი და ზელენსკისთან ჩახუტებულნი, დროს არ კარგავდნენ ტრამპის გადასაბირებლად, რაც მოახერხეს კიდეც ევიანის „დიდი შვიდეულის“ სამიტზე, როდესაც ტრამპმა ხელი მოაწერა ანტირუსულ დოკუმენტს.

კოლექტიური დასავლეთი ამ ხელმოწერის შემდეგ ისევ ერთიანია რუსეთთან ბრძოლაში, რის შესახებაც საზოგადოებას სიხარულით აუწყა საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა.

მეტამორფოზა არა მარტო იმით არის გამოწვეული, რომ ევროკავშირმა, პლიუს დიდმა ბრიტანეთმა მოახერხეს ტრამპის მათკენ შებრუნება, არამედ იმითაც, რომ უკრაინამ მოუხშირა რუსეთის ტერიტორიების დაბომბვას, რისთვისაც იყენებს აშშ-ს იარაღს, მიყიდლის ევროპისთვის და გადაცემულს უკრაინისთვის.

 განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ყირიმის ნახევარკუნძულის იზოლაციასთან დაკავშირებით. ენერგეტიკული ობიექტების დაბომბვით უკრაინამ დიდი პრობლემები შეუქმნა ყირიმს და ეს ყველაფერი ტურისტული სეზონის დროს.

მიზანი ზელენსკისა არის მარტივი, რუსეთში და მის მოსახლეობაში პანიკის შექმნა, ხელისუფლების მიმართ რუსთა ადუღება და ხელისუფლების დამხობა.

გეგმა მარტო ზელენსკის მიერ არ არის შემუშავებული, ევროპა-ამერიკის მიერაა. ზელენსკი შემსრულებელია, ერთობ ნიჭიერი. დასავლეთი თვალს ხუჭავს უკრაინის ფაშიზმზე, ტერორიზმზე, სხვა უამრავ უარყოფით ქცევაზე მხოლოდ იმისთვის, რომ უკრაინამ იომოს რუსეთთან.

დასავლეთი, კერძოდ ევროპა ვერ ხვდება, როგორ გადაიქცა ის უკრაინად. დასავლეთმა ვერ მოახერხა უკრაინელთა გაევროპელება, მაგრამ უკრაინამ მოახერხა ევროპის გაუკრაინელება.

გასული საუკუნის 30-იანი წლების ისტორიაშიც მსგავს დაბრმავებას ჰქონდა ადგილი, რამაც ფაშიზმი, ჰიტლერიზმი გახადა გერმანიისა და ევროპის გამაერთიანებელ ძალად საბჭოთა კავშირთან საბრძოლველად.

ეს გაერთიანება ძვირად დაუჯდა ევროპასა და მსოფლიოს. როგორც ჩანს მეორე მსოფლიო ომის მწარე გამოცდილება თანამედროვე ევროპაში სულაც არ არის გაზიარებული.

რაც შეეხება აშშ-ს, რუსთა დამოკიდებულება მისდამი ისეთივეა, როგორიც ჰქონდა სსრკ-ს პირველ და უკანასკნელ პრეზიდენტს გორბაჩოვს და რუსეთის პირველ პრეზიდენტს ელცინს. მათგან შორს არც პუტინი იყო, რომელიც აშშ-ს თვლიდა მეგობარ თუ არა, ისეთ ქვეყნად, რომელთანაც შეიძლებოდა კონსტრუქციული ურთიერთობების ქონა.

მან გადადგა ამისთვის ნაბიჯი, მაგრამ საპასუხო რეაქციას, რომ ვერ შეხვდა მიხვდა, რომ კიპლინგისა არ იყოს — „დასავლეთი, დასავლეთია, აღმოსავლეთი, აღმოსავლეთი, ისინი ვერასდროს შეხვდებიან ერთმანეთს“.

კიპლინგის ისტორიული ნათქვამის ჩემებური ინტერპრეტაცია არ არის საღ აზრს მოკლებული. რუსეთი, ისტორიულად  „დაბალ“ ქვეყნად იყო აღქმული ევროპელთა მიერ, მაგრამ მისი ტერიტორიები და წიაღისეული სიმდიდრეები მუდამ იზიდავდა მათ. მიიღეს კიდევაც მათი ათვისების საშუალება, ათასობით ხელშეკრულება გაფორმდა ბიზნეს-ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, განსამტკიცებლად. მსოფლიოში არსებული წესის მიხედვით — გსურს ბიზნესის დაწყება?

გადაიხადე ფული! არავითარი შეზღუდვა.

დასავლეთმა ვერ დააფასა რუსული ხელგაშლილობა. უფრო მეტიც, მოუნდა რუსთა მონობა, დამორჩილება, რუსთა ისეთად გადაქცევა, როგორიც თვით არის — ლგბტ-იდეოლოგიის მატარებელი, ქალისა და კაცის ლექსიკონიდან ამომღები, უფასოდ ყველაფრის ხელში ჩამგდები.

აშშ-ი ის ქვეყანაა, რომელიც ირიბად აიარაღებს უკრაინას, აწვდის მას სადაზვერვო ინფორმაციას, ხუჭავს თვალს ზელენსკის თავხედობაზე. მასაც ისე, როგორც ევროპას სურს დაჩოქილი რუსეთი და არა წელგამართული მეტოქე.

რუსეთის პრეზიდენტი და ხელისუფლება, რომელიც მიენდო ტრამპს — მოტყუებული აღმოჩნდა, ისე, როგორც გორბაჩოვი, რომელსაც სიტყვიერად დაპირდნენ, რომ ნატო აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა. დაპირება, დაპირებად დარჩა. ახალმა პრეზიდენტმა კლინტონმა იკითხა — რა დაპირებაზე ლაპარაკობს რუსეთი, მე ასეთი არ მახსოვსო, სად არის დოკუმენტი, ამ დაპირების ამსახველიო.

ანალოგიური ვითარებაა დღესაც, როდესაც რუბიო ამბობს, რომ შეთანხმება არ ყოფილაო. თუ იყო, სად არის დოკუმენტიო.

ჟურნალისტ ზარუბინთან ინტერვიუს დროს პუტინმა ილაპარაკა იმ პროპაგანდაზე, რასაც ადგილი აქვს დასავლეთში, კერძოდ — როგორ იგებს ომს უკრაინა; როგორ იბრუნებს ის დაკარგულ ტერიტორიებს.

„თუ ასეა, მაშინ რატომ ითხოვენ ისინი ომის შეჩერებას და ფრონტის გაყინვას? გააგრძელონ ომი რუსეთის საბოლოო დამარცხებამდე“.

პუტინმა თქვა: „არ გამორიცხავს უკრაინის მხრიდან ისეთ პროვოკაციას, როგორსაც ადგილი ჰქონდა კურსკში, მაგრამ ეს არ შეაჩერებს რუსეთის გეგმას გაათავისუფლოს დონბასი და „ნოვოროსია““.

ექსპერტთა აზრით, სიტყვა „ნოვოროსია“ შემთხვევით არ იყო ნათქვამი. ეს იყო აქცენტების გადატანა იმ მოთხოვნებიდან, რაც რუსეთს აქამდე ჰქონდა, ახალზე, ანუ ვარაუდით უფრო მეტი ტერიტორიების მოთხოვნა, ვიდრე აქამდე ითხოვდა.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

04/07/2026