01.07.2026

ქვეყნის მაღალი ტრიბუნიდან ნათქვამი

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია მუშტი-კრივით დასრულდა, რაც სულაც არ არის გასაკვირი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოსთვის. დამოუკიდებლობის გზაზე დამდგარი საქართველოს საპარლამენტო ცხოვრება, მასში არსებული განსხვავებული აზრის მატარებელი პოლიტიკური პარტიების ფიზიკური დაპირისპირების არენად იყო ქცეული, რომლის კულმინაცია 1990-91 წლების თბილისის ომი იყო.

სიტყვიერი კინკლავი, პარლამენტის სხდომათა დარბაზში და დარბაზს გარეთ, ქუჩაში ომში გადასული, იმჟამინდელი  დაპირისპირების ტრიბუნად იქცა, თანაც ისეთად, შიგადაშიგ თავს რომ გვახსენებს.

ჩვენდა სამწუხაროდ, პარლამენტართა უმრავლესობა, საკანონმდებლო მუშაობას, კანონ-შემოქმედებას მიუჩვეველი, თვლის, რომ ტვინზე მეტად მუშტს, ბილწსიტყვაობას უნდა ჰქონდეს დატვირთვა, ანუ ძალას, ვინაიდან ტვინზე ზეწოლა მხოლოდ მას ხელეწიფება, ვინც მიჩვეულია ძალაზე მეტად ტვინის გამოყენებას — მიჩვეულია ბავშვობიდან, რამეთუ საშუალო და მაღალ ასაკში ასეთი მიჩვევა შეუძლებელია. ასეთის მისაჩვევად დიდი ენერგიის ხარჯვაა საჭირო და რაც მთავარია სურვილი იმისა, რომ მუშტის ნაცვლად ტვინით იმუშაო.

თითო-ოროლა პარლამენტარის გამოკლებით, უმრავლესობისთვის ძნელია მუშტიდან ტვინზე გადასვლა, მითუმეტეს მაშინ, როდესაც მუშტი უფრო ფასობს. ასე რომ, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ჩამოყალიბებული მუშტის ტრადიცია არის და იქნება ქართული საპარლამენტო ცხოვრების თანმდევი.

ვართ თუ არა ამ მხრივ უნიკალური სხვა ქვეყნის პარლამენტთან შედარებით?

უდავოდ არ ვართ, რის დასტურად შეიძლება მოვიყვანოთ მთელი რიგი ქვეყნების მაგალითები, მათ შორის ისეთი თვალშისაცემი, როგორიც სამხრეთ კორეიისაა. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ძნელად გამოვყოფდი რომელიმეს, ესოდენ გაწაფებულს საპარლამენტო დავიდარაბაში. ამ შემთხვევაში ზეუნიკალურები ვართ, რაც მოჭარბებულ „დემოკრატიას“ უნდა მივაწეროთ და სამხრეთულ ტემპერამენტს.

გეოგრაფიულ მდებარეობას აქვს მნიშვნელობა ისეთი ახალი დემოკრატიისთვის, როგორიც საქართველოა, მაგრამ არ აქვს ისეთი, სამხრეთის ქვეყნებისთვის, როგორებიცაა: იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, სადაც საპარლამენტო ცხოვრება ათეულ, ასეულ წლებს მოითვლის. იქ მუშტი-კრივული დაპირისპირება მიუღებელია. და მიუღებელია არა იმიტომ, რომ კანონით არის აკრძალული, არამედ პარლამენტარია სხვა — ტვინზე ორიენტირებული.

ცალკე მაგალითია უკრაინის რადა, სადაც ყოველი სხდომა ჩხუბით მიმდინარეობს, ტრიბუნის დაბლოკვით, როდესაც ერთი დაპირისპირებული მხარე, მეორეს ტრიბუნასთან არ უშვებს. ადრე რუსეთის დუმისთვისაც უცხო არ იყო ჩხუბში გადასული კამათი. ამ მხრივ დიდოსტატი იყო აწ განსვენებული ჟირინოვსკი.

რუსეთის დუმამ ისე ჩაათავა ბოლო მოწვევა, ერთხელაც არ გახსენებია მუშტი. დუმა ახალი არჩევნებისთვის ემზადება, რომელიც შემოდგომით გაიმართება. ასე რომ, საპარლამენტო ჩხუბს ვეღარ მოასწრებს.

დასკვნითი სხდომა იმითაც იყო გამორჩეული, რომ პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ პარლამენტარებს და ქვეყანას გააცნო აღმასრულებელი ორგანოს მიერ გაწეული მუშაობა. არ შევუდგები მის მიერ ნათქვამის განხილვას, განსაკუთრებით ეკონომიკურ და სოციალური საკითხების, ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ეკონომიკური წინსვლის ამსახველი პროცენტები ხალხის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას უნდა ემსახურებოდეს და არა თავის ქებას.

უმჯობესია ხალხმა დაგიწყოს ქება და კეთილი სიტყვით მოგიხსენიოს, ვიდრე თვით იქებდე თავს. და კიდევ ერთი რამ — უცხოური ორგანიზაციების დამოწმება ხელისუფლების კარგ მუშაობაში.

დღევანდელი „პოლიტიკოსები“ გამუდმებით აკრიტიკებენ საბჭოურ ცხოვრებას, რითაც საკუთარ წარსულს, საკუთარ ისტორიას შეურაცხყოფენ, რაც პოლიტიკური უმწიფრობის დამადასტურებელია.

საბჭოთა კავშირი იმიტომ გავიხსენე, რომ მას ჰქონდა დაკანონებული თვითკრიტიკა, საკუთარი თავისა და საქმის კრიტიკა. შეუსრულებელი საქმის ბოლომდე მისაყვანად საჭირო გეგმის წარდგენა საზოგადოებისთვის — პირველადი პარტიული ორგანიზაციიდან დაწყებული, უმაღლესით დამთავრებული.

ერთ მაგალითს გავიხსენებ პირადი ცხოვრებიდან. საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის და კულტურული ურთიერთობების საზოგადოების გაერთიანებული პარტიული კომიტეტის წევრი ვიყავი. ჩემი პარტიული დავალება იყო კედლის გაზეთის გამოცემა, რომელიც ყოველთვე უნდა გამოსულიყო და რომელსაც უნდა აესახა ორივე ორგანიზაციაში გაწეული მუშაობა. მეც კეთილსინდისიერად ვასრულებდი დავალებას — სტატიებით, ფოტოსურათებით და ა.შ. პარტიულ კრებებზე მადლობასაც ვიმსახურებდი.

შემაჯამებელი წლიური კრების წინ პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შეაფასა რა ჩემი მუშაობა, მითხრა — თვითკრიტიკიდან გამომდინარე უნდა თქვა რამე პარტიულ კრებაზეო. შენი გაწეული მუშაობით ყველანი კმაყოფილები ვართ, მაგრამ თვითკრიტიკა აუცილებელიაო. და ეს პატარა პირველად პარტიულ ორგანიზაციაში.

საქართველოს კპ პლენუმებზე და ყრილობებზე დადებითთან ერთად სისტემატურად ისმოდა კრიტიკა — არა მარტო საკუთარი თავისადმი, არამედ იმ ორგანიზაციების მიმართ, ვინც არ ასრულებდა საქმეს ჯეროვნად.

გაზეთებში გამოქვეყნებული კრიტიკა აღწევდა მიზანს. კრიტიკის ობიექტი თავისუფლდებოდა დაკავებული თანამდებობიდან ან ქვეითდებოდა. საქართველოს ტელერადიო კომიტეტს ჰქონდა ასეთი გადაცემა „ოქროპირი“ — უაღრესად კრიტიკული თანამდებობის პირთა მიმართ. „ოქროპირის“ პირში მოხვედრა მძიმედ აისახებოდა მოხვედრილზე — არა მარტო თანამდებობის დაკარგვით, არამედ საზოგადოებაში ცუდი იმიჯის შექმნით.

თბილისის საქალაქო პარტიული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, პირველი მდივანი იყო ოთარ ლოლაშვილი — გამოცდილი პარტიული მუშაკი, რომლის დროს მოსკოველმა ჟურნალისტებმა გაზეთ „პრავდიდან“ შეისწავლეს თბილისის პრობლემები, განსაკუთრებით საყოფაცხოვრებო, ბინათმშენებლობის შენელებული ტემპები, ისე, როგორც ქუჩების კეთილმოწყობის და სხვა მრავალი, და დიდი სტატია გამოაქვეყნეს გაზეთ „პრავდაში“. ჟურნალისტები ლოლაშვილს არ შეხვედრიან.

„პრავდის“ სტატია საქართველოს კპ ცკ ბიუროს განხილვის საგნად იქცა, რომელმაც თანამდებობიდან გაანთავისუფლა ოთარ ლოლაშვილი.

იმჟამინდელი სისტემის, დღევანდელზე მორგება შეუძლებელია, მაგრამ ბევრი რამ გასათვალისწინებელია, განსაკუთრებით თვითკრიტიკის დარგში. ვიმეორებ, მუდმივი თავის ქება უკურეაქციას იწვევს საზოგადოებაში, რამეთუ გასაკეთებელი ბევრია გაუკეთებლის ფონზე.

დასკვნითი სხდომა, ჩემის აზრით იმით იყო აღსანიშნავი, რომ პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის უმაღლესი ტრიბუნიდან განაცხადა — 2008 წლის ომი სააკაშვილმა დაიწყო.

სააკაშვილმა რომ ომი დაიწყო, საკამათო არ არის. საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა თვლის, რომ ეს ასეა, მაგრამ არ თვლიან ნაცმოძრაობის წევრები და მათი ამომრჩევლები — საკმაოდ დიდი ნაწილი ამომრჩევლებისა, რომლებიც მხარს უჭერენ ნაცმოძრაობას.

ომი რომ სააკაშვილმა დაიწყო, საჯაროდ განაცხადა „ოცნების“ დამფუძნებელმა ივანიშვილმა, რასაც მოჰყვა ივანიშვილის ლანძღვა. ივანიშვილმა მაშინ გარისკა და ამ რისკს სხვათა მხარდაჭერა უნდა მოჰყოლოდა. სამწუხაროდ არ მოჰყვა.

ქართულმა საზოგადოებამ არც ევროკავშირის სპეციალური ჯგუფის დასკვნა გაიზიარა, სადაც გარკვევით იყო აღნიშნული აგრესორი. ამ ჯგუფს ცნობილი შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა.

ტალიავინი ერთ დროს საქართველოში გაეროს მისიას ხელმძღვანელობდა და საქმიდან გამომდინარე არაერთი შეხვედრა მქონდა მასთან.

ტალიავინი, მიუხედავად ზეწოლისა, არ შედრკა და არ ჩაწერა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. ნაცებმა მაინც არ გაიტეხეს იხტიბარი და თქვეს, რომ რუსეთის პროვოკაციას მოჰყვა სააკაშვილის ცხინვალში შევარდნა.

2024 წლის 9 აგვისტოს „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტ ვაჟა თავბერიძესთან  ინტერვიუს დროს ტალიავინმა გაიმეორა ის, რაც დასკვნაში ჩაწერა — ომი სქართველომ დაიწყო. უფრო მეტიც, ჟურნალისტის შეკითხვაზე — ჰქონდა თუ არა რუსეთის არმიის შემოჭრას საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერი საბაბი, დიპლომატმა უპასუხა — ჰქონდა, რუსი მშვიდობისმყოფელების გადარჩენის მიზნით.

საქმეში ჩახედულთათვის ცნობილია, რომ რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სამხრეთ ოსეთის საკითხის მოგვარებამდე, ანუ სტატუსის განსაზღვრამდე საქართველო-სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე ქართველი და რუსი მშვიდობისმყოფელები უნდა ჩამდგარიყვნენ, კონტროლი ეუთოს უნდა განეხორციელებინა. სააკაშვილის არმიამ. პირველი რაც გააკეთა რუსი სამშვიდობო ძალების ამოწყვეტა იყო.

დღემდე ქართულ მედიასა და პოლიტიკურ წრეებში არის მოარული აზრი, რომ სააკაშვილმა ომი დაიწყო იმიტომ, რომ პასუხი გაეცა რუსთა პროვოკაციებისთვის.

არის ასეთიც — დაიწყო, რათა აელაგმა სეპარატიზმი საკუთარ ქვეყანაში, სამხრეთ ოსეთი ჩვენი იყო და წესრიგის დასამყარებლად გადადგა ნაბიჯი სააკაშვილმა.

ამ თემაზე აღარ გავაგრძელებ წერას, ვინაიდან თემა მრავალი წლის განმავლობაში ისეა ნატრიალები წაღმა-უკუღმა, რომ გვარიანად გაცვდა. 18 წელი გავიდა ცხინვალის ომის შემდეგ. საქართველოში მოვიდა ახალი თაობა, რომელსაც სააკაშვილის გმირობას ჩასჩიჩინებენ და ისინიც იჯერებენ. მეტი რა გზა აქვთ, როდესაც ალტერნატიული აზრი შეზღუდულია საჯაროობაში. და აი, ამ ფონზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ქვეყნის უმაღლესი ტრიბუნიდან აცხადებს, რომ ომი სააკაშვილმა დაიწყო და არა საქართველომ.

მისასალმებელია ნაწილობრივ — ომი სააკაშვილმა დაიწყო, საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, რაც იმას ნიშნავს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ისტორიაშიც ასე შევა — ომი საქართველომ დაიწყო სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს.

რატომ ვუსვამ ამას ხაზს?

იმიტომ პატივცემულებო, რომ პასუხისმგებლობა ყველა ჩვენგანმა უნდა გავიზიაროთ. პასუხისმგებლობა, უფრო სწორად უპასუხისმგებლობა არჩევნების დროს, როდესაც სააკაშვილის გარეგნობით მონუსხულმა ქალთა საზოგადოებამ მას მისცა ხმა.

უპასუხისმგებლობის გამოვლინება იყო, როდესაც საქართველოს ტელევიზიის ერთ-ერთ გადაცემაში ქართველი მაღალჩინოსანი სამხედროების გამოსვლას პასუხი არ გაეცა. მაშინ ე.წ. ქართველი გენიოსები საზოგადოებას უმტკიცებდნენ, რომ საქართველოს არმია ისეთი ძლიერია, რომ როსტოვამდე ჩავაო. და ეს იყო ცხინვალის ომის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე.

ნუთუ ამ გადაცემის მნახველს თავში აზრად არ მოუვიდა, რომ მეზობელი რუსეთიც ისმენს ამ მუქარას და პასუხს გაგვცემს?

ომის წაგების შემდეგ, პარლამენტის შენობის წინ აღმართულ სცენაზე, ქართველი ხელოვანები, ნაცთა „ბელადებთან“ ერთად რომ დახტოდნენ და გაჰყვიროდნენ — გავიმარჯვეთო, რომელ პასუხისმგებლობაზე მიანიშნებს?

უპასუხისმგებლობის კულმინაციას ჰქონდა მაშინ ადგილი — ლექსებით და „პატრიოტული“ სიმღერებით რომ აყრუებდა ნაცმოძრაობა საქართველოს. და ეს მაშინ, როდესაც დახოცილი ქართველი მეომრების გვამები ეყარა ცხინვალში. მხოლოდ მისი უწმინდესობის, საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ძალისხმევით და ინიციატივით მოხდა დაღუპულთა გადმოსვენება. სააკაშვილსა და მის ხელისუფლებას ისინი არც გახსენებიათ.

აღნიშნული და აღუნიშნავი სხვა მრავალი მიგვანიშნებს კოლექტიურ უპასუხისმგებლობაზე. კოლექტიური უპასუხისმგებლობა იყო, როდესაც სააკაშვილმა არ გაიზიარა მედვედევ-სარკოზის წინადადება და შესასრულებელი პუნქტებიდან ამოიღო თბილისსა და სოხუმ-ცხინვალს შორის, ავტონომიების განმსაზღვრელი სტატუსის საკითხი, რითაც საერთოდ უარი თქვა ამ ავტონომიების საქართველოს შემადგენლობაში დატოვებაზე. საზოგადოებამ იცოდა ამის თაობაზე და ხმა არ ამოიღო.

უპასუხისმგებლობაა, როდესაც 18 წლის შემდეგ არ აღიარებ დანაშაულს და ჯიქურად აცხადებ, რომ ომი რუსეთმა დაიწყო.

ნაცთა გასაგონად ვამბობ, ნაცვლად ყრილობის ჩატარებისთვის მზადებისა უმჯობესი იქნებოდა სიმართლის თქმა და განცხადება იმისა, რომ ნაცები და მათი ბელადი შეცდნენ, და 2008 წელს ომი დაიწყეს.

მოვუწოდებდი მათ, რომ შენდობა სთხოვონ საქართველოს და თავი ლიკვიდირებულად გამოაცხადონ, თვით მოახდინონ საკუთარი თავის, ანუ ნაცმოძრაობის ლიკვიდაცია, რითაც პასუხისმგებლობის მქონე ადამიანებში პოზიტიურ იმიჯს შეიძენდნენ. მაგრამ ლაჩრიდან, და ასეთია ნაცმოძრაობა, გმირობა წარმოუდგენელია.

რახან ნაცმოძრაობის კანონგარეშედ გამოცხადება ვახსენე, წულუკიანის საგანგებო საპარლამენტო კომისიასაც შევეხები, რომელმაც კარგა ხნის წინათ დაასრულა მუშაობა, მაგრამ შედეგი არ ჩანს. რამდენ ხანს უნდა ელოდოს საზოგადოება დაპირების აღსრულებას, თუ ესეც ისეთივე იქნება, როგორც სხვა დაპირებები? ესეც ჩაილურის წყალს დალევს, როგორც დანარჩენები?

დაპირებები იყო ასეთი — ნაცმოძრაობისა და მისი შვილობილი პარტიების კანონგარეშედ გამოცხადება!

კანონგარეშობის რა მოგახსენოთ-და, ნაცმოძრაობა რომ ყრილობისთვის ემზადება, შეურაცხმყოფელი არ არის „ოცნებისთვის“, საზოგადოებისთვის?

შეურაცხმყოფელია ისიც, რომ ნაცთა ბელადი კომფორტულ პირობებში აგრძელებს ცხოვრებას; აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას; არჩევს ნაცმოძრაობის თავმჯდომარეს; პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს ციხიდან და ა.შ. სააკაშვილი იმასაც ამბობს, რომ სამხრეთ აფრიკელი ნელსონ მანდელა 30-წლიანი პატიმრობის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი გახდა. ასე რომ, დარწმუნებულია მანდელას მაგალითის გამეორებაში.

დარწმუნებულია იმაში, რომ „დემოკრატიული“ დასავლეთი ძალას არ დაიშურებს და აიძულებს „ოცნების“ ხელისუფლებას გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები, მათ შორის მთავარი, სააკაშვილი, რაც არ არის ძნელი საქმე — მისთვის წაყენებული ბრალეულობების გათვალისწინებით.

დასავლეთისთვის, კორუმპირებულისა და სინდის-ნამუს გარეცხილისთვის პატიმრობა ყოფილი პრეზიდენტისა, რომელმაც რაღაც ჭინჭებში სახელმწიფო ფული დახარჯა, სასაცილოა. და მართლაც კოსტუმების ყიდვისთვის, და სხვა წვრილმანისთვის „ბუმბერაზი“ სააკაშვილის დაპატიმრება, ციხეში გამომწყვდევა მიუღებელია. „ვარდების რევოლუციის“ მთავარ შემოქმედს „ოცნებამ“ არ უნდა აკადროს ის, რაც აკადრა — ასე თვლის „დემოკრატიული“ დასავლეთი.

რაღა დაგიმალოთ-და, მეც მიმაჩნია, რომ სააკაშვილის ბრალი და დანაშაული უფრო მაღალია, ვიდრე კოსტუმების შეძენა. სააკაშვილმა ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომელიც ღალატის ტოლფასია. მან უბრძანა ჯარს ცეცხლი გაეხსნა საკუთარი მოქალაქეებისთვის, საკუთარი რეგიონისთვის, მეზობელი ქვეყნის მშვიდობისმყოფელებისთვის, მეზობელი ქვეყნისთვის, რამაც გამოიწვია მეზობელი ქვეყნის სამხედრო პასუხი — სამხრეთ ოსეთში შეჭრა, ქართული არმიის დამარცხება, საქართველოს დამარცხება და ტერიტორიების დაკარგვა; ადამიანთა ხოცვა-ჟლეტა, ერის დეგრადაცია, მარცხის განცდა, რომელიც აწმყოსა და მომავალში მუდამ შეგვახსენებს თავს.

სააკაშვილი და ნაცები ომის გაჩაღებისთვის უნდა გაესამართლებინათ და არა ჭინჭებისთვის. ღალატისთვის უნდა გაესამართლებინათ, განაჩენით — სამუდამო პატიმრობა.

სულ ახლახანს, სამხრეთ კორეის პრეზიდენტს, რომელიც ერთი წლის წინათ გადააყენეს და სამუდამო პატიმრობა არგუნეს, ახალი ბრალდებით 30 წელი დაუმატეს — ომის გაჩაღების მცდელობისთვის. მან, პრეზიდენტობის დროს უბრძანა ჯარს ჩრდილო კორეის მისამართით დრონების გაშვება — არა დასაბომბად, არამედ პროპაგანდისტული პროკლამაციების ჩრდილო კორეაში ჩასაყრელად. სასამართლომ დაადგინა, რომ ასეთ აქტს შეიძლება გამოეწვია ჩრდილოელთა პასუხი არა პროკლამაციის სახით, არამედ ბომბებით და დამატებით 30 წელი მიუსაჯა.

სააკაშვილისთვის ასეთი სასჯელის გამოტანა პასუხისმგებლობის ამაღლებისთვის საჭირო წამალი იქნებოდა საზოგადოებისთვის, რომელმაც არჩევნების დროს ხმა მისცა გაუწონასწორებელ, ქარაფშუტა აგრესიულ, არაპროფესიონალ, ფსიქიკურად დაავადებულ პიროვნებას.

ის, რომ სააკაშვილი ფსიქიკურად დაავადებულია, უკრაინაში მისი „მოღვაწეობის“ დროსაც დამტკიცდა, როდესაც საცხოვრებელი სახლის სახურავიდან გადმოხტომას აპირებდა. აპირებდა?

არა, პატივცემულებო, ის გადაქანებული კი არის, მაგრამ არც ისეთი, საურავიდან რომ გადმომხტარიყო.

ამ სცენამ საქართველოს იმიჯს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომ უკრაინელ სამართალდამცველებთან სახურავზე მოაწყობს დაჭერობანას თამაშს, რა პრეზიდენტია?!

სააკაშვილი, „ოცნების“ ნაცვლად საქართველოს თავში რომ ყოფილიყო, არ გახსნიდა მეორე ფრონტს რუსეთის წინააღმდეგ?

ვგონებ, კითხვა უადგილოა, ვინაიდან 2008 წლის ომი ხომ მან დაიწყო, ცხადია დასავლეთის ბრძანებით?!

ცხინვალის ომი სააკაშვილმა „სტრატეგიული პარტნიორის“ აშშ-ს ბრძანებით დაიწყო. მან ხათრი ვერ გაუტეხა ე.წ. მეგობრებს, მაგრამ ხათრი გაუტეხა საქართველოს, რისთვისაც ის დამნაშავეა — ერის და ქვეყნის წინაშე.

პრემიერ-მინისტრ კობახიძის განცხადების სამი სიტყვის — „ომი სააკაშვილმა დაიწყო“ უკან ბევრი რამ დგას. პირველი, ის, რომ ომი რუსეთს არ დაუწყია. და რახან არ დაუწყია, ის არ არის აგრესორი.

მეორე, ის, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია პასუხი იყო აგრესიის შესაჩერებლად.

მესამე, ის, რომ სააკაშვილს ომი დააწყებინეს ევროპელმა და ამერიკელმა ე.წ. კეთილისმსურველებმა.

მეოთხე, ის, რომ „ოცნების“ მიმართ „თხოვნა“ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გასახსნელად გაგრძელება იყო 2008 წლის „თხოვნისა“, რამაც გააჩაღა ომი ცხინვალში — რეალურად, ომი რუსეთის წინააღმდეგ.

მეხუთე, კობახიძის განცხადება კარდინალურად ცვლის მსოფლიოს პოლიტიკას. აშიშვლებს ევროკავშირ-ნატოს ნამდვილ სახეს, პოლიტიკას, რომელიც მიმართულია აგრესიისკენ — რუსეთის წინააღმდეგ, მისი დაშლისკენ, მისი წიაღისეულის ხელში ჩაგდებისკენ.

ამ შორსმიმავალ, მზაკვრულ გეგმაში დასავლეთი იყენებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა უკრაინა, მოლდოვა, ამიერკავკასიის ქვეყნები. მათი ხელით ცდილობს დასავლეთი იომოს რუსეთის წინააღმდეგ. ამ „გამოყენებამ“ საქართველოს დააკარგვინა თავისი ტერიტორიის 20%, უკრაინას აკარგვინებს უფრო მეტს. მან არა მარტო ტერიტორიები დაკარგა, არამედ, დასავლეთის მონაცემებით 1,5 მილიონი დახოცილი ფრონტზე, მილიონობით გაქცეული უცხოეთში.

„ოცნების“ ხელისუფლებამ ალღო აუღო დასავლურ დავალებებს და უარი თქვა მათზე, რამაც მშვიდობა შეუნარჩუნა ქვეყანას.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

01/07/2026