პატარა „დიდი შვიდეული“
„დიდი შვიდეულის“ შეხვედრა, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ევიანში გაიმართა, დიდად არაფრით იყო გამორჩეული გასული წლის შეხვედრისგან. რატომ? — უმალ დაგებადებათ კითხვა — ისინი ხომ მსოფლიოს „დიდები“ არიან ეკონომიკაში, პოლიტიკაში?
ისინი, რომ „დიდები“ არიან, მარტო მათ იციან და არა მსოფლიოს დანარჩენმა ქვეყნებმა — მათთან შედარებით ჯუჯებმა — ეკონომიკური თვალსაზრით, როგორც მათ „დიდები“ თვლიან.
ერთია, როგორ აფასებენ თავიანთ თავს „დიდები“ და მეორეა, მსოფლიოს თანამედროვე ვითარება — ეკონომიკური, პოლიტიკური, რომლის მიხედვით ე.წ. დიდი შვიდიანი, რახანია არც დიდია და არც გავლენიანი მსოფლიო ეკონომიკას, საგრძნობი რამ რომ დაატყოს.
„დიდების“ დრო ისტორიას ბარდება, მაგრამ ე.წ. დიდები იხტიბარს არ იტეხენ და თავიანთი მოქმედებით ცდილობენ დაუმტკიცონ მსოფლიოს, რომ ისინი ძლიერები არიან, ერთმანეთთან მონოლითურად შეკრულნი — მსოფლიო მბრძანებლები.
მოდით თვალი გადავავლოთ „დიდი შვიდეულის“ შემადგენლობას და უპირველესად შევეხოთ ლიდერს აშშ-ს. 40 ტრილიონი დოლარის ვალი აქვს ამ ქვეყანას — საგარეო ვალი, საშინაოზე ლაპარაკიც ზედმეტია — ასტრონომიულია. ჯერ-ჯერობით აშშ-ი მოწინავე ქვეყნად და მსოფლიო ჰეგემონად ითვლება, მაგრამ ისეთად, რომელიც ყოველდღიურად თმობს პოზიციებს არა მარტო ეკონომიკაში, არამედ პოლიტიკაში.
აშშ-ს პოლიტიკური გავლენა, ერთობ შემცირებული, გამოწვეული ეკონომიკური ზრდის ტემპის კლებით არის მისდამი ზერელე დამოკიდებულების ინდიკატორი.
აღნიშნულის დასტურად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პოლიტიკურ-სამხედრო ვითარებაც კმარა, ირანთან აშშ-ისრაელის მიერ განხორციელებული ომით.
„დიდი შვიდეულის“ არც ერთმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა აშშ-ს პრეზიდენტის მოწოდებას დახმარებოდნენ ირანთან ომში. უფო მეტიც, ყველა მათგანმა უშიშრად განაცხადა — ირანთან აშშ-ს ომი, ჩვენი ომი არ არისო, რითაც უაღრესად გაანაწყენა პრეზიდენტი ტრამპი.
„დიდი შვიდიანის“ ევიანის სამიტი ამ დაპირისპირების პროცესის გამოხატვის პირველი შეკრება იყო, რომლის დროს დაპირისპირებულებს შეეძლოთ ერთმანეთისთვის თვალებში ჩახედვა. თუ რა შედეგი მოიტანა ამ პროცესმა სამუდამოდ დარჩება გასაიდუმლოებული. გაივლის არაერთი წელი, აღარც დღევანდელი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მეთაურები იქნებიან და აღარც ევიანის სამიტი ემახსოვრება ვინმეს, გარდა ისტორიკოსისა, რომელიც გაიხსენებს ევიანის სამიტის დეტალებს და მეტი არაფერი.
ევიანის სამიტის მოლოდინში მყოფმა „დიდი შვიდეულის“ ექვსმა წევრმა მეშვიდესთან შეხვედრის მოლოდინში ლამის სული დალია — შიშით, ტრამპს უკმაყოფილების კორიანტელი, რომ არ დაეხვავებინა მათ თავებზე. არადა ისინი ღირსნი იყვნენ, როგორც მოკავშირეები, როგორც აშშ-ზე ჩამოკიდებულები ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სამხედრო თვალსაზრისით.
„დიდი შვიდეულის“ ევიანის შეხვედრა პირველი იყო გამართულ სამიტთა შორის, რომელსაც შვიდიდან, ექვსი წევრი საკუთარი სუვერენულობის გამოხატვით შეხვდნენ, ანუ არა ისე, როგორც ყოველთვის, როდესაც წინა პლანზე წამოწეული იყო აშშ-ს „ბოსობა“, არამედ „ბოსთან“ შეპასუხებით, მისთვის მხარის არდაჭერით ირანთან ომში.
მსოფლიო პოლიტიკაც გაფაციცებით ადევნებდა თვალს ევიანის შეხვედრის დაწყებას, რომელზეც განაწყენებულ ტრამპს თავისი მოკავშირეები უნდა გაელახა ან ისე მოქცეულიყო, როგორც კანადაში გამართულ „დიდი შვიდიანის“ გასული წლის შეხვედრაზე. მაშინ ტრამპმა, პირველი სხდომის შემდეგ, სამიტი დატოვა, რითაც საგონებელში ჩააგდო „შვიდეულის“ 6 წევრი, რომლებმაც თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს, მაგრამ ამ დამცირების გამომხატველი სიტყვებისგან თავი შეიკავეს, შიშის გამო, ტრამპის ექსტრაორდინარული ხასიათის გამო, დაფუძნებულის ემოციებზე.
გასული ერთი წელი უხვი იყო უკმაყოფილებით, ერთმანეთის მიმართ ტალახის სროლით, ტრამპის პოლიტიკის ქილიკით და ა.შ. ასე რომ, კულმინაცია უკმაყოფილებისა ევიანში უნდა გადმონთხეულიყო, მაგრამ არ გადმოინთხა. „დიდი შვიდეულის“ ექვსმა წევრმა სხვა ტრამპი იხილა — ნაკლებად აგრესიული. კოლეგების აზრის ყურადღებით მომსმენი, ერთი სიტყვით, როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე — „შაქარი“.
მედია და ექსპერტები ერთმანეთს ეჯიბრებიან იმის გამოცნობაში, რამ გამოიწვია ტრამპის დაშაქრება.
და მიდიან დასკვნამდე, რომ ტრამპი არც „დიდ შვიდიანს“ თვლის რამედ და მითუმეტეს მის წევრებს. ასეთებთან ნერვების აშლა არაფერს მოიტანს — პოზიტიურს, ნეგატიურს კი — უამრავს, ყველა მათგანის ანტიტრამპული განცხადებებით.
ტრამპის აზრით, სუსტ „შვიდეულში“ ყოფნას აჯობებდა რუსეთთან, ჩინეთთან, ინდოეთთან, სხვა ნამდვილ სუვერენულ და დამოუკიდებელ ქვეყნებთან ურთიერთობა, რომელთა ეკონომიკური წინსვლა თვალშისაცემია.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი მსოფლიო ჰეგემონობას იჩემებს, რეალობა საწინააღმდეგოა. ჩინეთმა რახანია გაუსწრო აშშ-ს ეკონომიკური ზრდის ტემპით, ხელოვნური ინტელექტით, სწრაფმავალი მატარებლებით, საყოფაცხოვრებო პროდუქციის წარმოებით, ისე, როგორც ელექტროავტომაქანებით, საერთოდ ავტომშენებლობით.
ჩინეთი მალე გაუსწრებს აშშ-ს სამხედრო თვალსაზრისით. ძნელად მოიძებნება დარგი, რომელშიც ჩინეთი არ უსწრებდეს აშშ-ს, „დიდი შვიდეულის“ 6 წევრს. აშშ-ი, ის პირველი ქვეყანაა, რომლის ქალაქების ქუჩები სავსეა მათხოვრებით, ნარკომანებით, უსახლკარო ადამიანებით. ასეთთა რაოდენობა 40 მილიონია, თვით აშშ-ს სტატისტიკით.
ჩინეთში მათხოვარს ვერ ნახავთ. არაერთხელ ვყოფილვარ ამ ქვეყანაში და ერთხელაც თვალი არ მომიკრავს მათხოვრისთვის, ქუჩაში მცხოვრები ადამიანისთვის, როგორც აშშ-ი.
5 წლის წინ ჩინეთის თავმჯდომარემ სი ძინპინმა გამოაცხადა სიღარიბის დამარცხება და ეს ყველაფერი დროის მცირე მონაკვეთში — 1978 წლიდან.
ჩინეთი მოდის, ისე, როგორც ახალი რუსეთი, ინდოეთი, ისე, როგორც მოდიოდა ირანი ომამდე, სხვა ქვეყნები, რომლებმაც თავიანთი ეკონომიკური განვითარებით გაუსწრეს „დიდი შვიდეულის“ წევრებს.
„დიდი შვიდეულის“ 6 წევრი ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისს განიცდის. მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, სხვა დარგები ვერ აფიქსირებენ წინსვლას, რაც მრავალი ფაქტორით არის გამოწვეული, უპირველესად — ენერგეტიკული კრიზისით.
ევროპის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებული სპეციალური სამხედრო ოპერაციის შემდეგ უარს აცხადებენ რუსულ გაზზე, ნავთობზე, ნავთობპროდუქტებზე და სანქციებს უწესებენ რუსეთს; მხარს უჭერენ ზელენსკის და მის ბანდას, აწვდიან მას იარაღს, ფულს, სადაზვერვო ინფორმაციას რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად.
ასეთმა პოლიტიკამ გააღატაკა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები. აღნიშნულს დაემატა აშშ-ს პოლიტიკაც, ეგოისტური დამოკიდებულება ვითომ მოკავშირეების მიმართ. აშშ-ი რახანია ევროკავშირს თავის კონკურენტ გაერთიანებად მიიჩნევს. აშშ-ს უფრო მისაღები არის სუსტი ევროკავშირი — ეკონომიკურად, პოლიტიკურად. აშშ-ი მიესალმება ევროპული მრეწველობის, განსაკუთრებით მანქანათმშენებლობის აშშ-ი გადატანას. ამ მხრივ გამოირჩევა გერმანია, რომლის გიგანტი ქარხნები გადავიდა აშშ-ი.
ათეული წლის განმავლობაში იაფ რუსულ გაზზე მომუშავე გერმანულ მრეწველობას პრობლემები შეექმნა, ვინაიდან რუსული იაფი გაზი ჩაანაცვლა ამერიკულმა გაზმა — სამჯერ ძვირმა რუსულზე. ძვირი გაზით შექმნილი გერმანული პროდუქცია ვერ უძლებს კონკურენციას და იძულებულია ამერიკა-ჩინეთში გადავიდეს. უმუშევრობის თავიდან აცილების მიზნით გერმანული ავტომშენებლობა სამხედრო დანიშნულების პროდუქციას აწარმოებს უკრაინისთვის მისაწოდებლად. გერმანიის კანცლერი მერცი გერმანელებს უხსნის, რომ უკრაინისთვის სამხედრო-ფინანსური დახმარების გაწევა, ნიშნავს გერმანიის მიერ რუსეთისგან აგრესიის შეჩერებას.
გერმანიის კანცლერი აცხადებს სამხედრო ძალების ნახევარ მილიონამდე გაზრდას, რაც მისი აზრით აუცილებელია რუსეთის აგრესიის მოსაგერიებლად. ასეთ დროს საჭიროა საღი თვალით შეხედვა რუსეთის ვითომ აგრესიაზე, რომელსაც ადგილი ექნება 2030 წლისთვის — ასეთ განცხადებებს აკეთებენ ევროკავშირელი პოლიტიკოსები, რაც მიზანმიმართულია არა რუსულ აგრესიაზე, არამედ ევროპულზე, რუსეთის წინააღმდეგ.
ევროკავშირი, ნატო მზად არ არიან რუსეთთან საჭიდაოდ — მომზადებაა საჭირო და ისინი ემზადებიან მრეწველობის სამხედრო რელსებზე გადაყვანით. მზადების პერიოდში ევროპა-ამერიკა შეიარაღებით და ფინანსებით დაეხმარება უკრაინას რუსეთთან ომში — რუსეთის დასასუსტებლად.
რუსეთი კი არ სუსტდება, თავს ართმევს 40000-ზე მეტ სანქციას; ანვითარებს ეკონომიკურ კავშირებს სხვა ქვეყნებთან, რისი დასტური იყო რუსეთ-ასეანის (ASEAN), ანუ აზია-წყნარი ოკეანის წევრი 11 სახელმწიფოსა და რუსეთის საიუბილეო სამიტი, რომელიც ყაზანში გაიმართა. ამ 11 ქვეყნის მოსახლეობა 700 მილიონს შეადგენს, ეროვნული პროდუქტი 14 ტრილიონს. ამ ქვეყნებთან ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირი აჭარბებს აშშ-ევროკავშირთან თანამშრომლობას.
ევროპელ ე.წ. პოლიტიკოსთა მოსაზრებას — რუსეთის იზოლაციაში მოქცევასთან დაკავშირებით, აბსურდი შეიძლება ვუწოდოთ, ვინაიდან 18 მილიონი კვ. კმ-ის სიდიდის მქონე ქვეყნის იზოლირება შეუძლებელია — ზღვებსა და ოკეანეებზე გამავალის, უდიდესი წიაღისეული სიმდიდრის პატრონის.
ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებსაც მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებთ — ფულის კეთება, პროპაგანდა და ანტირუსული ისტერია აქვთ გამოგონილი საკუთარი ხალხის მოსატყუებლად. მოტყუება კი აუცილებელია, ვინაიდან მოტყუებულმა არ იპროტესტოს სამხედრო ხარჯების გასაზრდელად სოციალური ფონდიდან გადასროლილი ფინანსების გამო. ევროპელებმა, რომ სინამდვილე არ გაიგონ რუსული საინფორმაციო წყაროების მაუწყებლობაა აკრძალულია, ისე, როგორც აკრძალულია უკრაინაზე აუგის თქმა, კრიტიკა.
„დიდი შვიდეულის“ სამიტის დროს საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა პრეს-კონფერენციაზე თქვა — როგორ უჭირს რუსეთს ეკონომიკურად, ფრონტზე; როგორ წარმატებას აღწევს უკრაინა, რის განსამტკიცებლად უფრო მეტი სამხედრო ფინანსური დახმარების გაწევაა საჭიროო.
ხალხმა არ იცის, რომ მსუყე ნაწილი დახმარებისა მათი ხელისუფლების ჯიბეებში ილექება.
„დიდი შვიდეულის“ ყველა ქვეყანა ეკონომიკურად ისეა დასუსტებული, მათი ფეხზე დაყენებას არაერთი წელი დასჭირდება.
გამოკითხვების მიხედვით, „დიდი შვიდეულის“ ყველა ლიდერის რეიტინგი 20%-ს არ შორდება. უკეთესად არც ტრამპი გამოიყურება — 34%-ით უმდაბლესით, ყველა წინამორბედი პრეზიდენტების რეიტინგთან შედარებით. ასე რომ, დასუსტებული ტრამპი, დასუსტებულ კოლეგებთან არ იყო აგრესიული, რამაც გაახარა „ექვსეული“.
ევროპის ქვეყნების ლიდერებს ერთი აკვიატებული იდეა აწუხებდათ — ტრამპის ყურადღების მიპყრობა უკრაინაზე. „ნიუ -იორკ ტაიმსის“ მიხედვით, ტრამპმა აგრძნობინა ყველას, რომ უკრაინა ჯერ-ჯერობით არ შედის მის ინტერესებში. „ჩვენ ამასთან არავითარი შეხება არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ევროპაზე ვყიდით იარაღს, რომელიც ამ იარაღს უკრაინას გადასცემს. ათასობით კილომეტრი გვაშორებს უკრაინისგან“.
საინფორმაციო სააგენტო „რეიტერის“ მიხედვით — ზელენსკიმ შესთავაზა პუტინს G7 სამიტის ჩარჩოებში შეხვედრა, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: „თუ ზელენსკი მზადაა ილაპარაკოს პასუხისმგებლობით და სერიოზულად, მას შეუძლია ჩამოვიდეს მოსკოვში“.
სამიტის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტის მაკრონის მიწვევით ტრამპს გაუმართეს ვერსალის სასახლეში მაღალი დონის მიღება, რომლის დროს ტრამპმა ხელი მოაწერა ირანთან სამშვიდობო მემორანდუმს. ანალოგიური რამ გააკეთა ირანის პრეზიდენტმა პეზეშკიანმაც — ტელეკამერების წინ. შვეიცარიაში დაგეგმილი შეხვედრა არ შედგა — ირანის უარის გამო, რაც გამოწვეული იყო ისრაელის მიერ სამხრეთ ლიბანის დაბომბვით.
მემორანდუმის მიხედვით, ცეცხლი უნდა შეწყდეს არა მარტო ირანთან, არამედ ლიბანთან. გარდა ამისა, აშშ-ა უნდა მოხსნას ყადაღა ირანულ აქტივებზე — 24 მილიარდ დოლარზე; გააუქმოს სანქციები ირანის მიმართ; მოხსნას საზღვაო ბლოკადა და ხელი შეუწყოს ირანისთვის საინვესტიციო ფონდის შექმნას — 300 მილიარდი დოლარით, ომის შედეგად დანგრეული ინფრასტრუქტურის აღსადგენად.
ირანი თავის მხრივ გახსნის ორმუზის სრუტეს. გახსნის, მაგრამ არის ერთი პრობლემა — სრუტის განაღმვა, რომელსაც დრო დასჭირდება. განაღმვის გარეშე სრულმასშტაბიანი ცურვა შეუძლებელია.
მემორანდუმი ნიშნავს ორი მხარის სურვილს — შეწყვიტონ ომი და იბრძოლონ მოსალაპარაკებელ მაგიდასთან. მემორანდუმის მიხედვით, ამისთვის 60 დღეა გამოყოფილი. ამ ხნის განმავლობაში მხარეებმა ხელშეკრულება უნდა გააფორმონ.
ტრამპი კმაყოფილია. კმაყოფილია ირანიც, თუმცა ირანელთა მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ მტერ ამერიკასთან ომი უნდა გაგრძელდეს — აშშ-ს საბოლოო დამარცხებამდე.
დაიდება თუ არა ხელშეკრულება — მომავალი გვიჩვენებს. წინასწარმეტყველება შეუძლებელია, როდესაც საქმე გვაქვს ტრამპთან — გაუწონასწორებელ პოლიტიკოსთან, რომელიც სწრაფად იცვლის აზრს. დავუშვათ, მხარეებმა მართლაც დადეს ხელშეკრულება და მერე რა?
ირანთან, პრეზიდენტ ობამას დროს იყო გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც ურანის გამდიდრებასაც მოიცავდა, მაგრამ ტრამპი, პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს გამოვიდა ხელშეკრულებიდან.
ტრამპი, ის პიროვნებაა, რომელიც არ ექვემდებარება გაფორმებულ დოკუმენტს. ასე რომ, მისი პრეზიდენტობის დარჩენილ ვადაში — 2,5 წელი არაერთ სიურპრიზს უნდა ელოდოს მსოფლიო.
მნიშვნელოვანი მსოფლიო მოვლენების ფონზე პატარა საქართველოს პრობლემები მიკროსკოპიულია, პოლიტიკური ცხოვრება — პროვინციული. სხვას ვერაფერს ვუწოდებ ნანუკა ჟორჟოლიანის გაპოლიტიკოსებას და მის მიმართ სააკაშვილის მხრიდან ქათინაურების სროლას. როდესაც საზოგადოება ამ სიბრიყვით არის დაკავებული — წელში ვერასდროს გასწორდება.
ნუთუ ნაცმოძრაობის გარეშე საქართველოს მედიას ცხოვრება არ შეუძლია; ნუთუ ნანუკაზე, ბოკუჩავაზე ლაპარაკი დაეხმარება ქვეყანას სერიოზული პრობლემებიდან გამოსვლაში?
აკი ნაცმოძრაობა უნდა გაუქმდესო, როგორც დამნაშავე ორგანიზაციაო? ნუთუ „ოცნების“ დაპირება, დაპირებად დარჩება, ისე, როგორც სხვა მრავალი?
სააკაშვილი ციხიდან იძლევა დირექტივებს და ამას ხალხის გულის გასახეთქად ასმენინებენ მას (ხალხს).
„ოცნების“ დაპირებაზე დღეს არვინ საუბრობს. არადა, რა იმედი ჰქონდა ხალხს?!
გაუთავებელ სალაპარაკო თემად რჩება ევროკავშირში გაწევრიანება განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა გახსნა დიალოგი მოლდოვა-უკრაინასთან, რაც წინაპირობაა ამ ორი ქვეყნის ევროკავშირში შესაყვანად.
„ოცნების“ ხელისუფლებას დაწყდა გული და ისეთი ბოღმა გადმოანთხია ევროკავშირის მიმართ, უარესს რომ ვერ წარმოიდგენდა ბრიუსელი. რაც მთავრობამ თქვა სრული სიმართლეა, დამსახურებული კრიტიკაა ორგანიზაციის, რომელმაც საქართველოს გზა გადაუკეთა და უკრაინა-მოლდოვასთან დაიწყო არშიყი.
არც უკრაინა და არც მოლდოვა ევროკავშირის წევრობას არ ეღირსებიან, მაგრამ ის, რომ ბრიუსელმა იკადრა დალაპარაკება ახალისებს მათ.
რატომ უკრაინა და მოლდოვა, და არა საქართველო?
იმიტომ, რომ უკრაინა ნეოფაშისტური „სახელმწიფოა“ — რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი, ლგბტ-ს იდეების გამტარებელი, გეი-პარადების ჩამტარებელი და სხვა ნეგატიური მომენტების იოლად გადამღები, რაც უხვადაა ევროკავშირში.
მოლდოვაზე ლაპარაკიც არ ღირს. ქვეყანაზე, რომლის პრეზიდენტი სანდუ — რუმინეთის მოქალაქე აცხადებს, რომ მოლდოვა რუმინეთია და ის რუმინეთს უნდა შეუერთდეს.
სანდუ, გაყალბებით გახდა პრეზიდენტი და ამ გაყალბებაში დიდი წვლილი შეიტანა ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
საქართველო არ იზიარებს ბრიუსელის მოთხოვნებს, რაც აღიზიანებს ბრიუსელს. მიუხედავად ბრიუსელის ნეგატიური დამოკიდებულებისა საქართველოს ხელისუფალთა მიმართ, ისინი მაინც დაბეჯითებით გაიძახიან ევროკავშირში გაწევრებაზე 2030 წლის შემდეგ, იმის იმედით, რომ ევროკავშირი მენტალურად შეიცვლება. ევროკავშირში მყოფი პოლიტიკოსები შეიცვლებიან, მაგრამ მათი იდეოლოგია არ შეიცვლება, რაც ნიშნავს ერთს და მთავარს — პოლიტიკური ვექტორის შეცვლას, ევროკავშირთან წყალწყალა ურთიერთობის ქონას და მეტს არაფერს.
ევროკავშირი რა ხაფანგს დაუგებს საქართველოს ხელისუფლებას — სომხეთში ფაშინიანის პოზიციების გამყარების შემდეგ იოლი სავარაუდოა. ასე რომ ფაშინიანის „გამარჯვებამ“ აშშ-ევროკავშირს ისეთი გზა გაუხსნა, უკეთეს რომ ვერ ინატრებდნენ.
სომხეთი და აზერბაიჯანი, აშშ-ს პრეზიდენტის ტრამპის მიერ მონუსხულნი, ყველაფერს გააკეთებენ აშშ-ს და ევროკავშირის სასარგებლოდ. დასტურად ამისა გაგაცნობთ ტელეკომპანია „CNN”-ის სიუჟეტს, რომელიც მთელმა მსოფლიომ იხილა რამდენიმე დღის წინ.
სიუჟეტი მოგვითხრობს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილხამ ალიევის საგმირო შემართებაზე მეზობელი ირანის მიმართ.
ამ ორ ქვეყანას შორის არცთუ სიამტკბილურ ურთიერთობას აქვს ადგილი. აზერბაიჯანს თვალი უჭირავს ირანის აზერბაიჯანზე — დიდ ტერიტორიაზე, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ.
ირანის აზერბაიჯანელები უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენენ — 20 მილიონს. ირანელ აზერბაიჯანელებს არ ხიბლავთ აზერბაიჯანთან შეერთება, რასაც ვერ ვიტყვით თვით აზერბაიჯანზე, განსაკუთრებით მის პოლიტელიტაზე.
ირანის გაღიზიანებას იწვევს ბაქო-თელავივის მჭიდრო სამხედრო კავშირები. აზერბაიჯანი ყიდულობს ისრაელის იარაღს. აზერბაიჯანის ჯარში საგრძნობი რაოდენობით არიან ებრაელი სამხედრო სპეციალისტები, ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის „მოსადის“ აგენტები. CNN-ი აღნიშნავს, ისრაელის სპეცსამსახურების მუშაკების გაორმაგებას ა.წ. მარტის დასაწყისში.
ტელეკომპანია იმასაც აღნიშნავს, როგორ გადაიყვანა ალიევმა მძიმე სამხედრო ტექნიკა და ჯარი ირანის საზღვართან და აცხადებს, რომ ასეთი მობილიზაცია მიმართულია არა სამხედრო წვრთნებისკენ, არამედ ომისკენ.
აზერბაიჯანმა წინასწარ გადაიყვანა ჯარი იმის მოლოდინში, რომ ირანი ნახიჩევანის ტერიტორიაზე, უპილოტო თვითმფრინავებით თავს დაესხმებოდა სკოლას და აეროპორტს.
ირანიც თავს დაესხა, რამაც მწყობრიდან გამოიყვანა ალიევი, რომელმაც გააკეთა განცხადება, რომ აზერბაიჯანი სარკისებურად იმოქმედებს ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგების აგრესიაზე.
დადგმული სპექტაკლის კულმინაცია იყო ოფიციალური თეირანის განცხადება — თუ აზერბაიჯანი ელის დრონებს, აუცილებლად მიიღებს ნავთობსაბადოებზე, ენერგეტიკული რესურსების გამტარებელ მილსადენებზე თავდასხმით.
განცხადებამ უმალ ჩააქრო ალიევის საომარი პათოსი, რასაც მოაყოლა მშვიდობაზე ლაპარაკი მთელს მსოფლიოში.
CNN-ის მიხედვით, ნახიჩევანის ობიექტების დრონებით დაბომბვა ისრაელის სპეცსამსახურების ნახელავი იყო — აშშ-ს ადმინისტრაციასთან შეთანხმებით. სწორედ თებერვლის ბოლოს და მარტის დასაწყისში ტრამპი საჯაროდ აცხადებდა ირანში სახმელეთო ოპერაციის დაწყებას.
ამ გეგმაშიც აზერბაიჯანსაც უნდა შეეტანა საკუთარი წვლილი ისრაელ-აშშ-ს სასარგებლოდ. ნაცვლად ამისა, ალიევს იმედი ჰქონდა ირანის აზერბაიჯანის შემოერთების, რასაც მხარს დაუჭერდნენ აშშ-ისრაელი.
ასე რომ, „მეორე ფრონტის“ გახსნის იდეა აშშ-ისრაელ-ევროკავშირისთვის არაჩვეულებრივი რამ არ არის.
საქართველოს სთხოვდნენ მეორე ფრონტის გახსნას რუსეთის წინააღმდეგ. აზერბაიჯანს — ირანის წინააღმდეგ.
კოლექტიურმა დასავლეთმა ააბუნტა აზერბაიჯანი რუსეთის წინააღმდეგ. აბუნტებს მოლდოვას დნესტრისპირეთის მიმართ, ანუ რუსეთის. ააბუნტებს სომხეთს რუსეთის წინააღმდეგ და ატარებინებს მას თავის ტერიტორიაზე ნატოს სამხედრო წვრთნებს — „ოდკბ“-ეს წევრ სახელმწიფოს ტერიტორიაზე.
აშშ-ევროკავშირი, მიმართული რუსეთ-ირანის წინააღმდეგ არ დაშოშმინდება, ვიდრე თავისას არ მიაღწევს. ამ გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა აზერბაიჯან-სომხეთის მიერ, რომლებმაც ფართოდ გაუღეს კარი აშშ-ევროკავშირს. თუ რა შედეგს მოიტანს დაუფიქრებელი მასპინძლობა — ხვალ გამოჩნდება, როდესაც აბუნტებული ამიერკავკასია უსერიოზულესი პრობლემების წინაშე დადგება, რაც მხედველობაში უნდა მიიღოს მმართველმა „ოცნებამ“ და დისტანცირება მოახდინოს ორივესგან.
P.S. აშშ-ირანის მოლაპარაკება შვეიცარიაში 21 ივნისს გაიმართა.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
22/06/2026
