05.06.2026

სომხეთის საპარლამენტო არჩევნები

„ხალხი წყვეტს ყველაფერს. როდესაც ხალხი გადაწყვეტს, რომ უნდა წავიდე, იმ წუთას წავალ წყნარად, მშვიდობიანად, პროტესტის გარეშე. თუ ხალხი იტყვის — ნიკოლ წადი, ნიკოლი ვინ არის, რომ არ წავიდეს? ნიკოლი — მსახურია. არის კი ისეთი რამ, მსახურმა თქვას არა, არ წავალ?“  ეს სიტყვები სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ეკუთვნის, რომელიც მან ამომრჩევლებთან მორიგი შეხვედრის დროს წარმოთქვა.

7 ივნისს სომხეთში საპარლამენტო არჩევნებია, რომელშიც მონაწილეობას ღებულობს რამდენიმე პარტია, მათ შორის ნიკოლ ფაშინიანის „სამოქალაქო კონტრაქტი“.

სომხეთის არჩევნებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, უპირველესად სამხრეთ კავკასიის, ანუ ამიერკავკასიის, როგორც მას საბჭოთა კავშირის დროს უწოდებდნენ აწმყოსა და მომავალზე. მსოფლიო საჭადრაკო დაფაზე მოთამაშე დიდი ქვეყნების ურთიერთადამოკიდებულების დაძაბვა-არ დაძაბვაზე.

ფაშინიანის პარტიის გამარჯვების შემთხვევაში — „რაც გვინახავს, ვეღარ ვნახავთ“ გამოთქმაზე მისადაგებელი ვითარება იქნება — ერთობ დაძაბული, პოლიტიკურად დაპირისპირებული, მშფოთვარე — გაცილებით მეტად, ვიდრე მთიანი ყარაბაღის „ჩემია, არ ჩემიას“ საკითხი იყო აზერბაიჯან-სომხეთს შორის სისხლიანი ისტორიით.

ამიერკავკასიის წარსული მშფოთვარე, მაგრამ სტაბილური მდგომარეობის ხილვა სანატრელი გახდება ფაშინიანელთა გამარჯვებით, სხვაზე ფიქრი, სხვა ვარაუდი, სხვა წინასწარმეტყველება უსაფუძვლოა, ვინაიდან 8 წლის წინ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ფაშინიანმა და მისმა პარტიამ კარდინალურად შეცვალეს მანამდე არსებული პოლიტიკური ცხოვრება, ვიმეორებ არცთუ დალაგებული, მაგრამ ასე თუ ისე სტაბილური. სამედიცინო ტერმინი — „პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილური“ 8 წლის წინანდელ ცხოვრებას აშკარად შეესაბამებოდა.

„მძიმე სტაბილურობა“ ფაშინიანმა დაარღვია „ქუჩის პოლიტიკოსმა“ — ასე უწოდა მას რუსეთში მცხოვრებმა მეცნიერმა, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრანიკ მიგრანიანმა. მისი განმარტებით, პოლიტიკასა და ეკონომიკაში ჩაუხედავმა სოროსელმა ფაშინიანმა, ჰაერში გაფრენილი დაპირებებით მოხიბლა ამომრჩეველი და 8 წლის განმავლობაში ისე შეცვალა უმეტესობის აზროვნება, რომ ტრადიციული სომხეთი დავიწყებას მიეცა.

უმცირესობა, უმცირესობად არ დარჩენილა, პირიქით გაიზარდა და უმრავლესობად იქცა, რასაც ფაშინიანის ოპოზიცია უარყოფს საწინააღმდეგოს მტკიცებით. ოპოზიცია თვლის, რომ ფაშინიანის რეპრესიულმა სახელმწიფო მანქანამ იძალა, ხალხი დააშინა, გამოკვეთილი ოპოზიციონერები ციხეში გაისტუმრა, დაუპირისპირდა სომხურ გრიგორიანულ ეკლესიას და მის წინამძღოლს, ღვთისმსახურები გაასამართლა და ა.შ.

ოპოზიცია, ნაკლებად შეკრული, ხშირად ერთმანეთში მოკინკლავე 8 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა ერთიანი პოზიციით წარდგომას ხალხის წინაშე, რითაც სარგებლობდა ფაშინიანი.

ოპოზიციის მიერ დასმულ საკითხებში გამოკვეთილი ადგილი უკავია მთიან ყარაბაღს, მის ჩაბარებას აზერბაიჯანისთვის. ოპოზიცია თვლის, რომ მთიანი ყარაბაღის დაკარგვა ფაშინიანის მოღალატური პოლიტიკის შედეგია, მის მიერ ჩადენილი დანაშაულია. ფაშინიანის ნაცვლად სხვა ხელმძღვანელის მმართველობის პირობებში მთიანი ყარაბაღი სომხეთისა იქნებოდა — მიუხედავად აზერბაიჯანის არმიის უპირატესობისა ბრძოლის ველზე.

ფაშინიანის მიერ ჯარში გატარებულმა რეორგანიზაციამ, ძველი, გამოცდილი სამხედროების, განსაკუთრებით ოფიცრების განდევნამ სამხედრო სამსახურიდან, მათ ნაცვლად გამოუცდელი ახალგაზრდების მიყვანამ ნულამდე დაიყვანა სომხეთის არმიის ბრძოლისუნარიანობა. გარდა ამისა, ოფიციალური ერევნის მხარდაჭერა ყარაბაღელი მეომრებისა და პოლიტიკოსების მიმართ ისე გაფერმკრთალდა, როგორც წითელი ღვინო გვარიანი რაოდენობის წყლით.

ყოველივე აღნიშნულს დაემატა ფაშინიანის „ოფიციალურ-პაციფისტური“ მსჯელობა „დიდი სომხეთის“ შესახებ. მან არაერთხელ განაცხადა, რომ დაჩემება მეზობელი ქვეყნების ტერიტორიებისა წამგებიანია და კარგს არაფერს მოუტანს თანამედროვე სომხეთს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების განცხადებით, ყარაბაღის კონფლიქტი თვით ფაშინიანის მიერ იყო წამოწყებული და გათვლილი დამარცხებაზე. მკითხველი უმალ იტყვის — ეს, ხომ ქვეყნის ღალატიაო?!

მერე რა, განა ასეთს ყოფილ საბჭოთა სივრცეში არ ჰქონდა ადგილი?!

განა საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის გადაწყვეტილება ომი გამოეცხადებინა კომპარტიისთვის, წაერთმია მისთვის ქვეყნის პოლიტიკის წარმმართველის ფუნქცია არ ნიშნავდა საბჭოთა კავშირის დაშლას?

ძალიან გულუბრყვილო და გონგამოცლილი უნდა ყოფილიყო გორბაჩოვი, რომ ესოდენ „მჩატედ“ შეეფასებინა საბჭოთა კავშირის ერთიანობის გარანტორის, კომპარტიის ფუნქცია.

მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის დაშლისა და რუსეთის ლამის დაშლამდე მისვლის შემდეგ ინტერნეტში გავრცელებულ წერილში, მე, ამას აღსარებას დავარქმევდი, გორბაჩოვი წერდა, რომ მისი ოცნება იყო კომპარტიის წარმმართველი ფუნქციის გაუქმება, კომუნისტური საბჭოთა კავშირის  დაშლა, რაშიც მას თანამებრძოლები იაკოვლევი, შევარდნაძე, სხვები უჭერდნენ მხარს.

რა გამოდის, მას არ უნდოდა უზარმაზარი ქვეყნის ხელმძღვანელობა?!

უნდოდა, მაგრამ არა პარტიის გენერალური მდივნის ამპლუაში, არამედ პრეზიდენტის — ისე, როგორც აშშ-ია, სხვა ქვეყნებშია. მან ვერ გაითვალისწინა, რომ ძალა-უფლება წართმეული კომპარტია ძალა-უფლება წართმეული პრეზიდენტის მომასწავებელი იქნებოდა.

პრეზიდენტი, თანამედროვე მსოფლიო ისტორიაში პარტიის ლიდერია, პარტიის მიერ წამოყენებული კანდიდატია სხვა პარტიების მიერ წამოყენებულ კანდიდატებთან საპაექროდ.

ჩემს მიერ მოყვანილი მაგალითი განსხვავდება ფაშინიანის იდეებისგან, თუმცა არის საერთოც — მთიანი ყარაბაღის დაკარგვა. მთიანი ყარაბაღის დაკარგვასთან ერთად იძალა ფაშინიანისა და მისი გუნდის პროპაგანდამ ოდკბ—რუსეთის მისამართით, მათ საწინააღმდეგოდ _ „ისინი ვალდებულნი იყვნენ სომხეთს ამოდგომოდნენ მხარში აზერბაიჯანის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომშიო; რუსეთი, რომ დახმარებოდა სომხეთს, ეს უკანასკნელი ომს არ წააგებდაო“.

ფაშინიანის პროპაგანდამ გაჭრა. რიგითმა სომეხმა, რომელიც რუსს სიყვარულსა და ძმობაში ეფიცებოდა, პოზიციები შეცვალა. მისთვის რუსი აღარ იყო და არის ძმა, სომხეთის მტკიცე საყრდენი. ის გამყიდველია.

მაინც რა მიზანს ემსახურებოდა ომის გაჩაღება, დამარცხება და მარცხისთვის რუსეთის დადანაშაულება?

რუსეთთან განშორებას. ამ რთულ და ჩახლართულ პოლიტიკურ მაქინაციას მარტო ფაშინიანის ტვინი ვერ მოხარშავდა. აქ სხვათა ტვინიც იყო ჩართული. აშშ-ი, საფრანგეთში, კოლექტიურ დასავლეთში მცხოვრები სომხების და რაც მთავარია დიდი ბრიტანეთის, აშშ-ს, დასავლური სპეცსამსახურების ტვინებიც.

ის, რაც ზემოთ მოგახსენეთ, დასავლელი ექსპერტებისა და სომხეთში მცხოვრები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ გამოტანილი დასკვნის შედეგია. მრავალსვლიანმა პოლიტიკურმა გეგმამ მიზანს მიაღწია მაშინ, როდესაც სოროსელი ფაშინიანის პარტიას, 8 წლის წინათ გაამარჯვებინა საპარლამენტო არჩევნებში; 8 წლის განმავლობაში გააკეთებინა ყველაფერი რუსეთთან კავშირების გასაუარესებლად, გარდა ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობებისა.

ეკონომიკურ-სავაჭრო ურთიერთობების სიმტკიცემ მოადუნა რუსეთის დიპლომატიის ყურადღება და ნაცვლად სიფრთხილისა, ტრადიციული ცხოვრებისეული „ფილოსოფია“ განამტკიცა — სად წავლენ ჩვენი ენერგეტიკული დახმარებისა და რუსეთის ბაზრის გარეშეო.

და მართლაც — სომხეთი ჩამოკიდებულია რუსეთის ბუნებრივ აირზე, რომელსაც შეღავათიან ფასებში იღებს — 166 დოლარად, მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები 660 დოლარს იხდიან. თუ სომხეთი გაწევრდება ევროკავშირში, რისი დიდი სურვილი გამოთქვა ფაშინიანმა, მას გაზის შეღავათიანი მიწოდება აღარ ექნება. სომხეთის ექსპორტიც (82%) რუსეთის ბაზარზე — ამ რაოდენობის აღარ იქნება.

უკვე აღარ არის, ვინაიდან რუსეთის „როსპოტრებნადზორმა“ აუკრძალა სომხეთს ხილის, ბოსტნეულის, ყვავილების, სპირტიანი სასმელების, მინერალური წყლის „ჯერმუკის“ რუსეთის ბაზარზე შეტანა.

უფრო მეტიც — ევრაზიული კავშირის ქვეყნების სამიტმა, რომელიც სულ ახლახანს გაიმართა ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, მკაცრად იმსჯელა ჯერ-ჯერობით ამ კავშირის წევრის სომხეთის გეგმებზე ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით და დაადგინა, რომ ორ კავშირში, ევრაზიულსა და ევროკავშირში ერთდროულად ყოფნა შეუძლებელია. სომხეთმა, რეფერენდუმის გზით უნდა გადაწყვიტოს, რა უნდა — ევროკავშირი თუ ევრაზიული.

ევრაზიულისთვის ისიც მიუღებელია, რომ სომხეთი დარჩეს ევრაზესის წევრი, ევროკავშირში გაწევრებამდე. სხვათა შორის ასეთი მოსაზრება გამოთქვეს სომეხმა პოლიტიკოსებმა, რაც მიუღებელი გამოდგა ევრაზესის წევრი ქვეყნებისთვის. ასტანის სამიტის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ტელეფონით ესაუბრა ფაშინიანს, მიულოცა დაბადების დღე და  დაწვრილებით აცნობა სამიტის გადაწყვეტილება.

ფაშინიანი აგრძელებს წინასაარჩევნო კამპანიას, ხვდება ამომრჩევლებს. ჰპირდება მათ, რომ ევრაზესიდან გამოსვლა და რუსეთთან კავშირების გაწყვეტა არ გამოიწვევს ქვეყნის მოსახლეობის სოციალური პირობების გაუარესებას; რომ სომხური პროდუქცია გზას გაიკვლევს ევროპისა და სხვა ქვეყნების ბაზრებისკენ, რასაც ხელს შეუწყობს თვით ფაშინიანი და მისი გუნდი — არჩევის შემთხვევაში.

მკითხველისთვის საინტერესო იქნება რუსეთის ხელისუფლების განმარტება სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის უკმაყოფილებაზე, რომ „ოდკბ“-ემ არ გაუწია მას დახმარება აზერბაიჯანთან ომის დროს. აღნიშნულთან დაკავშირებით მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა შოიგუმ და ამჟამინდელმა უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა შემდეგი: „ოდკბ-ე თავდაცვითი ორგანიზაციაა და ჩვენ რეაგირებას ვახდენთ მაშინ, როდესაც მოგვმართავენ, მაშინ, როდესაც ქვეყანას თავს ესხმიან. სომხეთის ტერიტორიას თავს არვინ დასხმია. სომხეთის მხრიდან არ ყოფილა თხოვნა დახმარებისთვის. მიუხედავად ამისა პუტინი უმალ ჩაერთო, როგორც გამშველებელი კონფლიქტში, შეაჩერა ომი და მხარეები დასვა მოსალაპარაკებელ მაგიდასთან. ომი შეწყდა, რის დამთავრებისთანავე „ოდკბ“-ემ შესთავაზა ფაშინიანს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე „ოდკბ“-ეს დამკვირვებლების ჩაყენება, რაზეც ფაშინიანმა უარი განაცხადა, ნაცვლად მან ევროკავშირელი დამკვირვებლები მიიწვია“.

ფაშინიანის განცხადება, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანისაა და სომხეთს ამ ტერიტორიაზე არავითარი პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, ცნობილი ფაქტია. განცხადება გაკეთდა საფრანგეთში ერთ-ერთი ვიზიტის დროს.

მოგეხსენებათ მოსკოვისა და სოჭის ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, რომელშიც პუტინი იღებდა მონაწილეობას, უფრო სწორად, რომლებიც პუტინის ინიციატივით იმართებოდა, ფაშინიანმა გადაწყვიტა სხვა გზას დადგომოდა, ანუ მოლაპარაკებებში ჩაერთო ევროკავშირი და აშშ-ი.

პოლიტიკურ პროცესებში ჩახედულთ ემახსოვრებათ ალიევ-ფაშინიანისა და ევროპელი პოლიტიკოსების შეხვედრები ბრიუსელში, აშშ-ი. ემახსოვრებათ მათი შეხვედრა აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპთან, რომელმაც აზერბაიჯან-სომხეთს შორის ომის დამთავრება და დაზავება საკუთარ გამარჯვებად გამოაცხადა, რაზეც ორივემ კვერი დაუკრა.

თეთრი სახლის შეხვედრა ტრამპ-ალიევ-ფაშინიანის მემორანდუმზე ხელმოწერით დამთავრდა — სამთა სამომავლო ურთიერთობების დასაწყებად. მაშინ ფაშინიანმა და ალიევმა ზანგეზურის დერეფანს ტრამპის სამშვიდობო გზა შეარქვეს. რომ იტყვიან — „ვირო მადლიო“ _ იმასთან გვაქვს საქმე, ანუ ვინც ომი შეაჩერა და მოლაპარაკებების რაუნდები გამართა, ანუ პუტინი, ალიევმაც და ფაშინიანმაც გვერდზე გასწიეს და მთელი ამაგი ტრამპს დააბერტყეს — პრეზიდენტს, რომელსაც არაფერი გაუკეთებია ომის შეჩერებისა და მოლაპარაკების დაწყებისთვის.

ტრამპი, გაწყობილ მაგიდას მიუჯდა და სუფრის თამადობა დაიჩემა. რა შეიძლება ეწოდოს ფაშინიან-ალიევის უხეშ პოლიტიკურ ზიგზაგს — ალბათ ის, რასაც პოლიტიკურ  წრეებში ხმარობენ ხოლმე — პოლიტიკური პროსტიტუცია, რომლის უკან სხვა რამ დგას, უფრო სერიოზული და დასაფიქრებელი — ევროპა-ამერიკის ძალისხმევით, რუსეთის ამიერკავკასიიდან განდევნა.

ერთმაც და მეორემაც, პრიმიტიული საბაბით დაიწყეს რუსეთთან ისტორიული კავშირების გაწყვეტა. ფაშინიანმა, აზერბაიჯანთან ომში რუსეთისა და „ოდკბ“-ეს „არდახმარების“ გამო; ალიევმა, აზერბაიჯანის სამოქალაქო თვითმფრინავის შემთხვევით ჩამოგდების გამო — უკრაინული დრონების მოგერიების დროს.

რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტის შემთხვევაში ევროკავშირი და აშშ-ი მზად იქნებიან სომხეთისთვის დახმარების გასაწევად, რის შესახებაც გამოკვეთილად ითქვა ერევანში ევროკავშირის გასვლითი შეკრების დროს, რომელშიც არა მარტო ბრიუსელელი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ, არამედ თითქმის ევროპის ყველა ქვეყნის მეთაური, ისე, როგორც სხვა ქვეყნების.

შეკრება აშკარა ანტირუსული იყო თავისი შინაარსით და გამომსვლელთა სიტყვებით, მათ შორის ზელენსკის.

საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა ხოტბა არ მოაკლო ფაშინიანს, შეუქო პოლიტიკური გამჭრიახობა, რომელმაც ევრაზიის წევრი და რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფი სომხეთი გამოიყვანა რუსეთის გავლენიდან.

„8 წლის წინ  ვინ იფიქრებდა ერევანში ჩამოსვლას? — არც არავინ და ეს ფაშინიანის დამსახურებააო“.

ფაშინიანს, ერევნის შეკრების დროს ბევრი საქებარი სიტყვა უთხრეს ყველა ევროკავშირელმა და არა მარტო ფაშინიანს, არამედ სომეხ ხალხს. მოუწოდეს რა მას მხარი დაუჭიროს ფაშინიანს არჩევნებში, ვინაიდან ის არის პოლიტიკოსი, რომელიც სომხეთს ევროპისკენ წაიყვანს.

არანაკლები მხარდაჭერა მიიღო ფაშინიანმა აშშ-ს პრეზიდენტისგან. ვიცე-პრეზიდენტი ვენსი სპეციალურად ჩავიდა ერევანში ფაშინიანისთვის მხარდასაჭერად.

ანალოგიურად მოიქცა აშშ-ს სახელმწიფო მდივანი რუბიო, რომელმაც ერევნის აეროპორტში ხელი მოაწერა ჩარჩო ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით აშშ-ი განახორციელებს მნიშვნელოვანი მინერალებისა და იშვიათი მეტალების მოპოვება-გადამუშავებას. სომხეთის მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა მირზოიანმა.

მემორანდუმი გზას უხსნის ამერიკულ კომპანიებს ქვეყნის სტრატეგიული წიაღისეულის ათვისებაში, ისეთის, რომელიც საჭიროა მაღალტექნოლოგიური პროდუქციის საწარმოებლად — სამხედრო მრეწველობისთვის. ფაქტიურად სომხეთი, საკუთარი რესურსების კონტროლს აშშ-ს გადასცემს.

ზანგეზურის დერეფნის კონტროლიც ხომ აშშ-ს კომპანიებს გადაეცათ 99 წლით?

ამ დერეფნას, რომელიც ნახიჩევანს და აზერბაიჯანს ერთმანეთთან დააკავშირებს, ისე, როგორც თურქეთს აზერბაიჯანთან, ამერიკელები გაუწევენ ექსპლუატაციას. ისინი ააშენებენ ინფრასტრუქტურას, უზრუნველყოფენ გზის უსაფრთხოებას და ა.შ.

„ტრამპის სამშვიდობო გზად“ წოდებული ზანგეზურის დერეფანი იღებს საერთაშორისო მნიშვნელობის საკომუნიკაციო არტერიის — ევროპა-აზიის დამაკავშირებელ სატრანსპორტო კვანძის სახეს.

აშშ-ი ჩართავს სომხეთს ხელოვნური ინტელექტის განვითარების პროგრამაში. დაეხმარება მას ატომური ელექტროსადგურების მშენებლობაში და სხვა. მოკლედ და კონკრეტულად, აშშ-ი აპირებს სომხეთის შვილობას, რაც ფაშინიანის გაგებით, წაადგება სომხეთს.

რას მიიღებს სანაცვლოდ აშშ-ი?

გარდა ეკონომიკური სარგებლისა, რომელსაც ამერიკული კომპანიები მიიღებენ სომხეთის წიაღისეულის მოპოვების შედეგად, პოლიტიკურ და სამხედრო-სტრატეგიულ პრეფერენციებს.

აშშ-ს და ევროპის მრავალწლიანი ოცნება იყო და არის რუსეთის სამხრეთ საზღვრებთან ისეთი ცხელი, პრობლემური ვითარების შექმნა, რომელიც გავლენას იქონიებს რუსეთზე. გამოიწვევს სამხრეთ რუსეთის მოსახლეობის გულისწყრომას, რასაც მოჰყვება სრულიად რუსეთის მოსახლეობის ანტისახელმწიფოებრივი, ანტისამთავრობო აფეთქება,  შესაბამისი ფინალით — პუტინის ხელისუფლების დამხობით.

ამიერკავკასიიდან რუსეთის გაგდებას ვერადავერ შეეგუება რუსეთის მოსახლეობა, რომლის წინაპარმა სპარსეთ-ოსმალეთთან ომში სისხლი ღვარა, რათა ამიერკავკასია მისი ყოფილიყო. რუსეთის იმპერიის სამხედროებმა არანაკლები სისხლისღვრა იწვნიეს ჩრდილო კავკასიელი ხალხების მოსარჯულებლად. ამიერკავკასიის დატოვების შემთხვევაში იატაკქვეშა „ომი“ ჩრდილო კავკასიის ავტონომიური ფორმირებების მოსახლეობაში ფეხს მოიკიდებს — სეპარატიზმის სახით. განა, მსგავსს არ ჰქონდა ადგილი დუდაევის ჩეჩნეთში?

განა, დუდაევს გუნდრუკს არ უკმევდნენ დასავლეთში, კერძოდ დიდ ბრიტანეთში?

განა, იარაღით, ფულით, არაბი ტერორისტებით არ ამარაგებდნენ მას?

აშშ-ი, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ყოველთვის იყვნენ და იქნებიან რუსეთის მტრები, მეტოქეები. მათი მიზანი იყო და იქნება რუსეთის დაშლა პატარ-პატარა სახელმწიფოებად. ასეთად დაშლილი რუსეთი აღარ იქნება სუპერ-სახელმწიფო. ქვეყანა, რომელიც იბრძვის ერთპიროვნული მმართველობის წინააღმდეგ, მრავალპოლუსიანობისთვის. და რაც მთავარია კოლექტიური დასავლეთი იოლად შეძლებს რუსეთის მდიდარი წიაღისეულის ხელში ჩაგდებას.

აშშ-ს შემოსვლა სომხეთში ნიშნავს კონტროლის დამყარებას არა მარტო კავკასიაზე, არამედ ირანზე, კასპიის ზღვის აუზზე, ცენტრალური აზიის ქვეყნებზე, ჩინეთზე — აშშ-ს უმთავრეს მეტოქეზე, აზერბაიჯანის ნავთობზე.

პოლიტიკურ-სამხედრო თვალსაზრისით სომხეთის ხელში ჩაგდებით, აშშ-ი შეისრულებს უდიდეს ოცნებას. დაუშვებს ამას რუსეთი?

დაუშვებს აშშ-ს მეზობლობას სომხეთში ირანის ისლამური რესპუბლიკა?

ირან-რუსეთ-ჩინეთი ვერ შეეგუებიან აშშ-ს მიერ ფესვის გადგმას ტერიტორიაზე, რომელსაც ისინი საკუთარი გავლენის ზონად თვლიან. ასე რომ, დაპირისპირება უდავოდ არის მოსალოდნელი, თუ სისხლიანი არა, სხვაგვარი, რაც მუდმივი სტრესისა და დაძაბულობის გამომწვევი იქნება რეგიონში.

გარდა იმ ხვალინდელი კანფეტებისა, რასაც ფაშინიანი ელოდება აშშ-გან, არის სხვაც, მაგალითად აზერბაიჯან-თურქეთისგან. აზერბაიჯანისგან — გაზი, ნავთობი და ნავთობპროდუქტები. თურქეთისგან — ყველაფერი, რაც სომეხი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მოთხოვნებს დააკმაყოფილებს. და ეს ყველაფერი რკინიგზით, საავტომობილო მაგისტრალით.

მაგრამ ერთი პრობლემა არსებობს, რომლის დაუძლევლად თურქეთ-აზერბაიჯანი ეკონომიკურად არ ჩაეხუტებიან სომხეთს. ეს პრობლემა სამშვიდობო ხელშეკრულებაა, რომლის გაფორმებაც ფაშინიანზეა დამოკიდებული. სამშვიდობო ხელშეკრულებაში მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის კუთვნილებად უნდა დაფიქსირდეს, რისთვისაც საჭიროა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა, მანამდე კი რეფერენდუმის ჩატარება.

სომხეთ-თურქეთს შორის ნორმალური ურთიერთობების პროცესს სტარტი 2021 წელს მიეცა — ორი მხარის მიერ ოფიციალური წარმომადგენლების დანიშვნით. მას შემდეგ მიღებული იქნა შეზღუდული, სიმბოლური, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები — საჰაერო კომუნიკაცია, ზოგიერთი სავაჭრო შეზღუდვის გაუქმება, მაგრამ პოლიტიკის დარგში გარღვევა არ ჩანს. მიზეზი არის შემდეგი:

თურქეთი აცხადებს, რომ სრულფასოვან ურთიერთობას მაშინ ექნება ადგილი, როდესაც აზერბაიჯან-სომხეთი გააფორმებენ სამშვიდობო ხელშეკრულებას.

აზერბაიჯანის ელჩმა თურქეთში რაშიდ მამედოვმა განაცხადა — „სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანისა და სამშვიდობო ხელშეკრულების დადების შემდეგ გაიხსნება სომხეთ-თურქეთის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრები“.

ასე რომ, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ფაშინიანს მოუწევს სომეხი ხალხისთვის ერთობ არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა — რეფერენდუმის ჩატარებით და კონსტიტუციის შეცვლით.

ფაშინიანმა ისეთი ნაბიჯი გადადგა, რასაც შეიძლება მოჰყვეს სერიოზული პოლიტიკური დაძაბულობა როგორც რუსეთ-აშშ-ევროკავშირს, ისე ირან-სომხეთს, ირან-აშშ-ს შორის. გამწვავდება ურთიერთობა ჩინეთ-აშშ-ს შორის, ვინაიდან ჩინური პროექტი „ერთი გზა, ერთ სარტყელი“ სომხეთზე, ამიერკავკასიაზე გადის.

ამიერკავკასიაში აშშ-ევროკავშირის შემოსვლის შემდეგ და მათი მხრიდან სამხრეთ-ჩრდილოეთის მარშრუტზე კონტროლის დაწესება, ისე, როგორც ამიერკავკასიაზე გამავალ ჩინეთის სარკინიგზო მაგისტრალზე, რომელიც ჩინეთს, ცენტრალურ აზიას, ამიერკავკასიის გავლით ევროპას აკავშირებს მწვავე დაპირისპირების საგანი გახდება.

ვერც საქართველო იქნება დამშვიდებული, ვინაიდან ევროკავშირი, ანტიქართულად განწყობილი, უფრო სწორად საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ მომართული, ძალას არ დაიშურებს სომხეთის ტერიტორიიდან პროვოკაციული მოქმედების საწარმოებლად, საქართველოში მცხოვრები სომხების საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დასაქოქად.

ასე რომ ხიფათიანი ცხოვრება გველის.

ჰამლეტ ჭიპაშვილი,

პოლიტოლოგი

05/06/2026