გაუპატიურებული მსოფლიო
მსოფლიოს გაუპატიურება ძვირად დაუჯდება ტრამპს? — კითხვას სვამს პოლიტიკაში ჩახედული ამერიკელი და ევროპელი ექსპერტობა, არსებული ვითარებით შეწუხებული.
ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, მსოფლიოში ცნობილი პოლიტოლოგი ჯონ მირშაიმერი აცხადებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ანტისახელმწიფოებრივი, უფრო სწორად სახელმწიფო სტრუქტურების სიმტკიცის წინააღმდეგ მიმართული ქმედება ეწინააღმდეგება არა მარტო აშშ-ს კონსტიტუციას, არამედ საერთაშორისო სამართალს, გაეროს წესდებას და ყველაფერ იმას, რაც კაცობრიობამ შექმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.
ტრამპთან შეიკრიბებიან ვიცე-პრეზიდენტი ვენსი, სახელმწიფო მდივანი რუბიო, ომის მინისტრი ჰეგსეთი, ტრამპის ბიზნეს-პარტნიორი უიტკოფი, სიძე კუშნერი, თითო-ოროლა თანამდებობის პირი გადაწყვეტილების მისაღებად. არც უიტკოფს და არც კუშნერს დიპლომატიური განათლება არ ააქვთ, არც დიპლომატიური მუშაობის ტვირთის მატარებლები არიან. მსჯელობენ და იღებენ მსოფლიოსთვის საჭირბოროტო გადაწყვეტილებას ზეპირად, ყოველგვარი პროტოკოლური ჩანაწერის გარეშე. ასეთს არასდროს ჰქონია ადგილი აშშ-ს ისტორიაში — ამბობს მირშაიმერი.
მსოფლიო პოლიტიკა გაოცებული, მაგრამ იძულებული ყოველი დილის დაწყებას, გულისფანცქალით ელოდეს ტრამპის განცხადების მოსასმენად.
არვინ იცის რა ხასიათზე გაიღვიძებს ის, მითუმეტეს შფოთიანი ძილის შემდეგ, ტრამპიც არ აყოვნებს და სისხამ დილითვე, როგორც მაღვიძარა ატერორებს მსოფლიოს ინტერნეტში გაშვებული ბოდვებით, 2-3 საათის გავლის შემდეგ ახალი ბოდვებით, მოგვიანებით ჟურნალისტებთან გაკეთებული განცხადებებით, პრეს-კონფერენციაზე გადმოფრქვეული „სიბრძნით“.
დღის განმავლობაში გაკეთებული განცხადებები — ერთი-მეორისგან განსხვავებული, აიძულებს ექსპერტობას, პოლიტიკოსებს იფიქრონ ტრამპის გონებრივ პრობლემებზე. ზოგი დემენციას აწერს — პრეზიდენტის ტვინის აურზაურიან „პროდუქციას“, გადმოცემულს სალაპარაკო აპარატით; ზოგიც ნარცისიზმს, ერთობ ჭარბად ჩაბუდებულს ტრამპის თავში.
კონგრესმენთა საკმაო ნაწილი, უმეტესად დემოკრატები აცხადებენ, რომ აუცილებელია კონსტიტუციის 26 მუხლის ამოქმედება, რისთვისაც საჭიროა კონგრესმენთა კომისიის შექმნა, ექიმის ხელმძღვანელობით, რომელმაც უნდა დაადგინოს რამდენად ჯანმრთელია ტრამპი პრეზიდენტობისთვის.
უარყოფითი შედეგის მიღებისთანავე ტრამპმა უნდა დატოვოს თანამდებობა და თეთრი სახლის ოვალური კაბინეტი ვიცე-პრეზიდენტ ვენსს ჩააბაროს.
ვეჭვობ, რომ დემოკრატთა დაუოკებელი სურვილი შუალედურ არჩევნებამდე აღსრულდეს, ვინაიდან წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები უმრავლესობაში არიან. კონგრესის შუალედური არჩევნები ა.წ. ნოემბერში გაიმართება. როგორც ტრამპის მოწინააღმდეგე ექსპერტობა და მედია აცხადებენ, დემოკრატები დიდი ანგარიშით მოუგებენ რესპუბლიკელებს.
რესპუბლიკელების პოზიცია არც სენატშია ტრამპისთვის სახარბიელო და თუ იქაც დამარცხდებიან, სრული შესაძლებელია დაისვას ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი, რომელიც პრეზიდენტს ძალას გამოაცლის, ვინაიდან პროცედურა დამქანცველი იქნება საშინაო და საგარეო საკითხების განხილვა-გადაწყვეტასთან ერთად.
დღევანდელი ტრამპი, იმპერატორის უფლებებით, ერთპიროვნულად, კონგრესის დაუკითხავად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, რაც ტრამპის ამბიციურ ბუნებაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.
წელიწადნახევრის განმავლობაში აშშ-ა და მსოფლიომ გაიცნო პიროვნება, ბიზნესმენ-პოლიტიკოსი, აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი ისეთ ამპლუაში, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს ერთპიროვნული მმართველი — ურთიერთ საწინააღმდეგო განცხადებებით, აგრესიული პოლიტიკით, კონგრესთან შეუთანხმებელი მოქმედებით.
ტრამპი, რომ სენეგალის ან ბურკინა-ფასოს პრეზიდენტი იყოს — მსოფლიოს არაფერი დაუშავდებოდა, მაგრამ ის აშშ-ს პრეზიდენტია — ბირთვული სახელმწიფოს, გაეროს უშიშროების საბჭოს წევრის, ჰეგემონი ქვეყნის, ძლიერი შეიარაღების მქონის. მისი სიტყვა, თუნდაც ხუმრობით ნათქვამი ყურადღებით ისმინება მსოფლიოში, მუქარის შემცველი კი ძაბავს საერთაშორისო ვითარებას, ნეგატიურად განაწყობს კოლეგა პოლიტიკოსებს არა მარტო პრეზიდენტის მიმართ, არამედ ქვეყნის.
წელიწადნახევრის განმავლობაში ტრამპმა გრენლანდიის მისაკუთრების განცხადებაც გააკეთა, რითაც გადაიმტერა დანია — გრენლანდიის ამჟამინდელი პატრონი. კანადასაც გადაწვდა — 51 შტატი უნდა იყოსო აშშ-ს. კუბა, აშშ-ს უნდა დაუბრუნდესო და საზღვაო ბლოკადა აამოქმედა კუნძულის წინააღმდეგ, რომელიც 65 წლის განმავლობაში იმყოფება აშშ-ს მკაცრი ეკონომიკური სანქციების ქვეშ.
ვენესუელა ჩემიაო — და მასაც ბლოკადა დაუწესა, მუქარებით აავსო ვენესუელის პრეზიდენტი მადურო — გადადექი და ძალაუფლება ჩვენს მიერ შერჩეულ პიროვნებას გადაეციო. და როდესაც მადუროსგან უარყოფითი პასუხი მიიღო, სპეცოპერაცია ჩაატარა — მადუროსა და მისი მეუღლის გატაცებით და აშშ-ს ციხეში გამომწყვდევით.
ტრამპი, ვენესუელის ნავთობს დაეპატრონა და ისე იყენებს, როგორც საკუთარს. ვენესუელის დამონებული ხელისუფლება მზადაა უყოყმანოდ შეასრულოს ტრამპის ნებისმიერი „ხუშტური“.
ტრამპი პრეტენზიებს გამოთქვამს პანამის არხის მიმართ — შემოსავლის ნაწილი ჩემი უნდა იყოსო.
ტრამპს აგრესიული დამოკიდებულება აქვს მეზობელი მექსიკის მიმართ, ისე, როგორც კოლუმბიის — ამ ქვეყნებიდან შემოდის აშშ-ი ნარკოტიკებიო და აღსაკვეთად ემუქრება მათ.
ტრამპს, ყველა ჩამოთვლილთაგან შედარებით განსხვავებული მიდგომა აქვს ახლო აღმოსავლეთთან, კერძოდ ირანთან, რაც მან ისრაელ-ირანის გასული წლის 12-დღიანი ომის დროს გამოხატა. მაშინ ტრამპმა ირანის ბირთვული ობიექტები დაბომბა და ამაყად განაცხადა, რომ ისინი გაანადგურა.
დღეს, ტრამპი აცხადებს, რომ ირანის ბირთვული ობიექტების განადგურებას ისახავს მიზნად.
როდის ამბობდა ტრამპი სიმართლეს — შარშან, როდესაც ბირთვული ობიექტები გაანადგურა თუ წელს — ბირთვული ობიექტების განადგურების მიზნით დავიწყე ომიო — რომ ამბობს?
გამდიდრებული ურანი — 450 კგ, რომლის წაღებას აპირებს ტრამპი ირანიდან აშშ-ი, ვითომ ირანის ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებით, საბაბია ტრამპის მტაცებლური პოლიტიკის გადასაფარად, თუმცა ამ პოლიტიკის გასაჯაროებასაც არ ერიდება ტრამპი, აცხადებ რა ირანის ნავთობზე და ენერგომატარებლებზე კონტროლის დაწესებას. და არა მარტო ირანის, არამედ კასპიის ზღვის ქვეყნების ნავთობზეც, უპირველესად აზერბაიჯანის.
ტრამპის ინტერესი ზანგეზურის დერეფნის მიმართ, სულაც არ არის გამოწვეული რეგიონში მშვიდობის დამყარებისთვის. მიზანი მისი არის კასპიის ზღვაზე გასვლა და შესაბამის მომენტში აზერბაიჯან-ირანის ნავთობით მდიდარი ტერიტორიების ხელში ჩაგდება — ვენესუელის მსგავსად.
სომხები და აზერბაიჯანელები ხარობენ ტრამპთან სტრატეგიული პარტნიორობით. თუმცა არ ფიქრობენ, რომ ტრამპი, ირანის ხელისუფლების დასამხობად სამხედრო ოპერაციასაც გეგმავს, რომლის მიხედვით ირანში ამერიკელი ქვეითების შეჭრა გარდა სამხრეთიდან, ჩრდილოეთიდანაც შეიძლება — აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით.
ტრამპმა, ერთ-ერთ თავის განცხადებაში შეაქო ალიევი — კარგი ურთიერთობა აქვს ისრაელთან და თურქეთთანო, რაც სიმართლეს შეეფერება.
აზერბაიჯანს, ისრაელთან უპირველესად აკავშირებს იარაღის შეძენა. ამასთან დაკავშირებით გაფორმებული მრავალწლიანი ხელშეკრულება.
თურქეთი მოძმე ქვეყანაა, იმდენად, რომ თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი სისტემატურად აცხადებს — ერთი ქვეყანა, ორი სახელმწიფო. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ თურქეთის დამოკიდებულება ისრაელის მიმართ უკიდურესად ნეგატიურია.
პოლიტიკური თამაში, რომელსაც აშშ-ს პრეზიდენტი და ადმინისტრაცია ასრულებენ, შორს მიმავალია და თუ ისე წარიმართა, რაც დაგეგმილი აქვთ, ამერიკის კონტროლი კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთზე ისეთი იქნება, როგორც ბატონისა და ყმის, მაგრამ მანამდე ტრამპს ომი აქვს მოსაგები — არა სიტყვით, არამედ საქმით. საქმე კი ტრაპის საწინააღმდეგოდ მეტყველებს.
წინა სტატიაში აღვნიშნე, რომ ტრამპი ჩიხშია მომწყვდეული და არ იცის, როგორ გამოვიდეს, ისე, წაგებულის სახელი რომ არ მიიკეროს. ირანი, მისთვის ძნელად გასატეხი კაკალი გამოდგა, გაცილებით ძნელი, ვიდრე წინამორბედ ომებში ჩაბმული მოწინააღმდეგეები, ანუ ისინი, ვინც მრავალი წლის მანძილზე იბრძოდნენ ამერიკელ აგრესორთან.
აღნიშნულის გამო აშშ-ს მოსახლეობის 70% მხარს არ უჭერს ტრამპის ირანთან ომს. თვით ტრამპის რეიტინგი 38%-მდეა დაცემული — ყველაზე ცუდი მაჩვენებელი აშშ-ს პრეზიდენტების ისტორიაში.
გასული კვირის აშშ-ირანის მოლაპარაკება, რომელიც პაკისტანის ქ. ისლამაბადში უნდა გამართულიყო, არ შედგა, ვინაიდან ირანის მხარემ უარი განაცხადა საბაბით, რომ აშშ-მა არ შეასრულა დაპირება, რასაც პირველი მოლაპარაკების დროს ჰქონდა ადგილი.
გარდა ამისა, ტრამპის ყველა განცხადება ირანთან მიმართებაში მუქარის შემცველია და ულტიმატუმის მსგავსი — თუ ირანი ჩვენს წინადადებებს არ დათანხმდება, უმოწყალოდ გავანადგურებთ მის ხიდებს და ელექტროსადგურებსო.
ტრამპი, ჰოლივუდის კოვბოის მსგავსად, პისტოლეტმომარჯვებული აშინებს მოწინააღმდეგეს — დამნებდი, თორემ გაგათავებო. არც ტრამპმა და არც მისმა ადმინისტრაციამ არ იციან ირანელი ხალხის შემართების თაობაზე. მათ, ისინი ევროპელები ჰგონიათ, რომლებიც ხელის დაქნევაზე მზად არიან უკანა თათებზე დადგნენ პატრონი ამერიკის გასახარად, თუმცა, როგორც ჩანს არც მათთან ურთიერთობა არის სიამტკბილური.
ყველა წინა ომში, განსაკუთრებით ავღანეთში, ნატოს წევრი ქვეყნები გვერდში ედგნენ ნატოს შემქმნელს და ძირითად დამფინანსებელს, აშშ-ს. ამჯერად ნატო განუდგა ტრამპს, განცხადებით — ეს ჩვენი ომი არ არისო. არც ერთ ნატოს წევრ ქვეყანას არ სურს ამერიკასთან ერთად იომოს ირანის წინააღმდეგ.
უპირველესად ასეთი პოზიცია გამოწვეულია შიშით. ირანის შიშით, რათა ირანმა არ დაბომბოს ისინი აშშ-ს დახმარებისთვის. გასულ სამშაბათს თეირანში სამხედრო პარადი გაიმართა, რომლის დროს ირანელებსა და მსოფლიოს აჩვენეს ახალი ირანული ბალისტიკური რაკეტა, რომლის ფრენის რადიუსი 2000 კმ, 8 მახის (1 მახი = 1225,1 კმ/სთ) სიჩქარით. ბგერაზე 8-ჯერ სწრაფით. გარდა შიშისა, არსებობს ენერგეტიკული ფაქტორიც. ევროპელები მოლოდინის რეჟიმში არიან. მათ 2,5 წელი უნდა გაძლონ, რის შემდეგ ტრამპი აღარ იქნება. თეთრ სახლს სხვა პრეზიდენტი დაეპატრონება, ევროპელთა ვარაუდით დემოკრატი.
ტრამპის თხოვნა ევროპელთა მიმართ ომში დახმარების გაწევის შესახებ, ნატომ არაფრად ჩააგდო — ჩვენი ომი არ არისო — განცხადებით, მაგრამ ნატოს წესდების მე-5 პუნქტი, რომ ავალდებულებს მათ ამერიკისადმი დახმარებას?
ლოზუნგი — ყველა ერთისთვის, ერთი ყველასთვის — არ მოქმედებს, თუმცა ნაწილობრივ, რასაც ტრამპი წამდაუწუმ გაიძახის — ჩვენ ყოველთვის ვეხმარებოდით ნატოს — ერთი ყველასთვის მოთხოვნის მიხედვით, ისინი კი არ გვეხმარებიანო.
არადა, ირანის მიერ მეზობელ არაბულ ქვეყნებში განლაგებულ აშშ-ს სამხედრო ბაზებზე თავდასხმა, იგივეა, რაც აშშ-ზე თავდასხმა. ნატოს წევრების მჭლე არგუმენტი თვალშისაცემია, რამაც აიძულა ტრამპი ეთქვა ნატოდან გასვლის თაობაზე. სრული შესაძლებელია, რომ ტრამპმა საპრეზიდენტო ვადაში შეძლოს მუქარის შესრულება, კონგრესთან შეთანხმებით.
ზოგიერთი მეტიჩარა ქართველის ე.წ. პოლიტიკოსის გასაგონად ვამბობ — ნატოში შესვლა არ ნიშნავს სრულ უსაფრთხოებას. არც იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის ნატომ გაწიროს თავი, მაშინ, როდესაც ამჯერად არც ერთი ნატოელი მე-5 პუნქტს ზედაც არ უყურებს აშშ-თვის მხარდასაჭერად.
ტრამპის იმპერიალისტურმა მოქმედებამ მძიმე შედეგი მოუტანა მსოფლიოს, არა მარტო ენერგეტიკული კრიზისი, ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება, არამედ შიში, ამერიკამ ხარბი, მტაცებლური თვალი არ დაადგას მათ ქვეყანას.
ტრამპი და მისი წინამორბედი პრეზიდენტები ყოველთვის თავშეკავებულები იყვნენ ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნების მიმართ. ასეთები თითზე ჩამოსათვლელია, მაგრამ მსოფლიოში შექმნილმა ვითარებამ აფიქრებინა 20 ქვეყანას გამოვიდნენ ბირთვული იარაღის შექმნის საწინააღმდეგო ხელშეკრულებიდან. ისინი მზად არიან გააკეთონ საკუთარი ბირთვული იარაღი.
ტრამპის მოწინააღმდეგე დემოკრატები, პრეზიდენტის ზიგზაგურ, ხშირ შემთხვევაში ემოციურ გადაწყვეტილებებს, საფუძვლიანი კრიტიკით ამკობენ, ამასთანავე მომგებიან ქულებს აგროვებენ შუალედური არჩევნებისთვის. ისინი პროპაგანდის სხვადასხვა ხერხებს მიმართავენ, ფალსიფიკაციის გამოყენებით. არვინ იცის, რამდენად შეეფერება სინამდვილეს ის, რაზეც ამერიკული ტელეკომპანიები 2 დღის განმავლობაში სენსაციურად იხილავენ.
თეთრი სახლიდან გამოსული ხმების მიხედვით, ირანის მიერ აშშ-ს მე-5 თაობის თვითმფრინავის ჩამოგდებამ ისე გააბრაზა ტრამპი, რომ თავის თანაშემწეებს უყვიროდა, რის შემდეგ სიტუაციურ ოთახში შესვლა გადაწყვიტა — ბირთვული იარაღის ღილაკზე თითის დასაჭერად, მაგრამ ვერ შეძლო, ვინაიდან სამხედროები შეეწინააღმდეგნენ. ტრამპი, პრეზიდენტი არ შეუშვეს ოთახში?
დაუჯერებელი რამ არის, მაგრამ სენსაციურია, ტრამპის იმიჯის დამაზიანებელი. თეთრმა სახლმა გააკეთა განცხადება, რომ მსგავს ადგილი არ ჰქონია, მაგრამ დაიჯერებს ამას ამერიკელი ამომრჩეველი, მითუმეტეს მიჩვეული ტრამპის ემოციურ და ერთიმეორის საწინააღმდეგო განცხადებებს?
წინათ ქართულ სუფრაზე თუ ვინმე ცუდ კაცს გაიხსენებდა, თამადა აჯარიმებდა — სავსე ღვინის ჭიქის დალევით. რაღაც მსგავსთან გვაქვს საქმე ტრამპთან მიმართებაში. იმასაც ამბობენ — რომ არა ტრამპის საჯარო მხარდაჭერა, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და მისი პარტია ესოდენ დიდი ანგარიშით არ წააგებდა არჩევნებსო.
როგორც ჩანს, ქართულ „ოცნებას“ სხვა დამოკიდებულება აქვს ტრამპის მიმართ. მას ტრამპი ისევ თეთრ ცხენზე ამხედრებული გამარჯვებული გმირი ჰგონია და საკუთარი იმიჯის გამოსასწორებლად ტრამპის სამშენებლო კომპანიას იშველიებს — „ტრამპ-თაუერს“ (Trump Tower) ააშენებს თბილისში — იპოდრომზეო. „ოცნებელები“ ერთხმად აცხადებენ — „ტრამპ-თაუერი“ დიდი პოლიტიკაა, რაც მანიშნებელია იმისა, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია, თვით ტრამპი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევსო.
„ჰაიდელბერგ ცემენტის“ ისტორიას ჰგავს „ტრამპ-თაუერის“ აშენება. მაშინ ბეჟუაშვილმა „ჰაიდელბერგ ცემენტის“ სახელი იყიდა და არა ცემენტის დასამზადებელი ტექნოლოგია. „ტრამპ-თაუერს“ აქაური დეველოპერები ააშენებენ, გაწაფულნი ცათამბჯენების აშენებაში.
რამდენად შეეფერება თბილისის ისტორიას, დღემდე მიღწეულ არქიტექტურულ თავისებურებას, თვითმყოფადობას, მინის უსახო ცათამბჯენები, საკამათო თემაა, ისე, როგორც სეისმომედეგობა. საქართველო სეისმურ ზონად ითვლება და თუ მიწისძვრას, იაპონიასავით სისტემატურად არ აქვს ადგილი, სრული შესაძლებელია ჰქონდეს.
მიწისძვრის წინასწარმეტყველება შეუძლებელია, მაგრამ წინდახედულება უცილებელია.
არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი —პოლიტიკური არასტაბილურობა. ვისაც გასული საუკუნის 90-იანი წლების ომი ახსოვს — „თბილისის ომად“ წოდებული, კარგად ემახსოვრება ენერგეტიკული კრიზისიც, უშუქობა, უგაზობა, მაღალსართულიანი სახლების ბოლო სართულებზე უწყლობა, ულიფტობა, წყლის კასრებით კიბეებზე მოსიარულე მაცხოვრებლები — გატანჯული ზევით-ქვევით სიარულით.
ანალოგიური ვითარებაა უკრაინის ქალაქებში, რომლებსაც ელექტროენერგიის დეფიციტი აქვთ — რუსეთის მიერ ელექტროსადგურების დაბომბვით გამოწვეული. მაღალსართულიან სახლებში მცხოვრებნი, უწყლოდ, უშუქოდ, ულიფტოდ დარჩენილები, იძულებული არიან წყლის ასატანად ფული გადაუხადონ მუშებს. დისტრიბუტორების სამსახურთან ერთად უკრაინაში ახალი სამუშაო გაჩნდა — მაღლივი სახლების მუშები.
ორი დღეა უკრაინული და მსოფლიო მედია ინტერესით მსჯელობს უკრაინის ხელისუფალთა ახალ ინიციატივაზე — რუსეთის მიერ დაუპყრობელი დონბასის ტერიტორიისთვის, ტრამპის პატივსაცემად, „დონილენდის“ დარქმევა —იმის იმედით, რომ რუსეთი ვერ გაბედავს მის მითვისებას. არადა რუსეთმა რახანია დონბასი, ხერსონესი და ზაპოროჟიე თავისად გამოაცხადა და კონსტიტუციაშიც ჩაიწერა, რითაც რუსეთმა დაიბრუნა საკუთარი ტერიტორიები.
უკრაინელ ხელისუფალთა ფანტაზიით, „დონილენდი“ ისეთივე ოაზისად გადაიქცევა, როგორც ღაზის სექტორი.
გახსოვთ ალბათ ტრამპის პროექტი ღაზის სექტორის საკურორტო, სალაღობო ზონად გადაქცევის თაობაზე.
ზონაში „ტრამპ-თაუერიც“ აშენდება, ასე გვამცნობენ უკრაინელი მაღალჩინოსნები. სომხური მეტიჩრობა — ზანგეზურის დერეფნისთვის „ტრამპის სამშვიდობო გზის“ დარქმევასთან დაკავშირებით მისაბაძი გამოდგა უკრაინის ხელისუფლებისთვის, ისე, როგორც თბილისში „ტრამპ-თაუერის“ აშენება.
„ოცნება“, დღიდან ხელისუფლებაში მოსვლისა, „ეჭიდავება“ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიას, მას შემდეგ, რაც ის ივანიშვილმა თბილისის მერიას გადასცა, ამოიღო რა თავისი საკუთრების გრძელი ჩამონათვალიდან.
არვინ კითხულობს თბილისისთვის ეს უნიკალური ტერიტორია, როგორ აღმოჩნდა ივანიშვილის საკუთრებაში. არც იმას კითხულობს, რატომ დაანგრიეს იპოდრომი და მასთან ერთად ისტორიას ჩააბარეს ქართული ეროვნული სპორტის სახეობები: მარულა, ცხენბურთი, დოღი. იპოდრომი ვისაც არ აქვს, ისინი აშენებენ. ჩვენ გვქონდა და დავანგრიეთ, მასთან ერთად წავშალეთ ქართველი კაცისა და ცხენის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა. წავშალეთ სპორტი, ესოდენ პოპულარული მსოფლიოში — ოლიმპიური თამაშების სახეობა.
რატომ? — იკითხავთ.
იმიტომ, არაპატივცემულებო, რომ ქართველმა დაკარგა საკუთარი თავისა და ისტორიის დაცვის იმუნიტეტი ივანიშვილის შიშით, ივანიშვილის მილიარდების მიღების იმედითით. იპოდრომი არა მარტო ცხენთან დაკავშირებული სპორტული მოედანი იყო, არამედ საბურთალოელთა მასობრივი დასვენებისა და ვარჯიშის ადგილიც. იპოდრომის გაოხრებამდე უამრავი თბილისელი ვარჯიშობდა იქ. და რა ქნა მერიამ?
დღიდან, საკუთარ მფლობელობაში მიღებისთანავე გააჩაღა სამუშაოები — მიწის აქეთ-იქით გადატანა-გადმოტანით, ისეთი შთაბეჭდილების შექმნით, ვითომ იაპონურ ბაღს აშენებდნენ, შემდეგ კიდევ რას. გუნებაში კი სხვა გეგმა ჰქონდათ — საცხოვრებელი კორპუსების აშენება, მაგრამ ვერ ბედავდნენ. ამჯერად გაბედეს ტრამპის მოშველიებით. „ტრამპ-თაუერს“ ავაშენებთო, პირადად ტრამპი დაინტერესდა ამ საქმითო. მოდით და ნუ გაუწევთ ანგარიშს ტრამპის სურვილს? ის ხომ სათაყვანებელი ამერიკის, სათაყვანებელი პრეზიდენტია?
ასე და ამრიგად, თბილისს „დაამშვენებს“ ქართველი დეველოპერების ნახელავი ე.წ. „ტრამპ-თაუერი“, სადაც ბინები, რომ იტყვიან ცეცხლის ფასად გაიყიდება. მყიდველები კი ისევ „ოცნებელები“ იქნებიან, ტრადიციულად უძრავი საკუთრების მყლაპველები.
განა ასეთი არ იყო კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ყოფილი ხელმძღვანელი ბექაური, რომელიც „მორცხვად“ აფიქსირებდა ქონებრივ დეკლარაციაში 22 ელიტარულ ბინას, სხვა უძრავ ქონებასთან ერთად. „ოცნებელები“ მიეჩვივნენ უძრავი ქონების, ბინებისა და სახლების კოლექციონერობას, ჰოდა „ტრამპ-თაუერის“ ბინებიც დაიმატებენ, უფულობა დაუშლით თუ სინდის-ნამუსი?
საქართველოს საზოგადოება, განსაკუთრებით ინტელიგენცია, თუ ასეთი შემორჩა ამ ქვეყანას, არ წუხს აღნიშნულის თაობაზე, მაგრამ წუხს აბასთუმნის თავზე თვითმფრინავების ფრენაზე. აბასთუმანში ობსერვატორიაა, საბჭოთა კავშირის დროს სისხლსავსე სამეცნიერო სამუშაოებით დაკავებული, ვინაიდან საბჭოთა ერთიანი სამეცნიერო სისტემა მოითხოვდა ამას.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, იმჟამინდელი სამეცნიერო დატვირთვაც ისტორიას ჩაბარდა — ასე გვეგონა, მაგრამ, ჰოი საოცრებავ, ცოცხალი ყოფილა და რომ ასეა, იქაურ მეცნიერთა კოლექტიურმა წერილმა გვამცნო — შეწყვიტეთ აბასთუმნის თავზე თვითმფრინავების ფრენა, მუშაობაში ხელს გვიშლისო.
მოდით და ნუ დაიჯერებთ, მეცნიერები ამბობენ! მაგრამ ერთია, რაღა დღეს გაახსენდათ მეცნიერებს აბასთუმნის თავზე, ასობით კილომეტრის სიმაღლეზე გამავალი საერთაშორისო საჰაერო ტრასა? განა ადრე არ დაფრინავდნენ, თუნდაც სსრკ-ს დროს?
მაშინ სხვა ვითარება იყო. დღეს სხვაა — ივანიშვილის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული. და რახან ასეა, კოლექტიური წერილიც დაიწერება და სალი კლდის გამხეთქი განცხადებებიც გაკეთდება. აპა არა?
ვაი, ჩვენ თავს.
ჰამლეტ ჭიპაშვილი,
პოლიტოლოგი
25/04/2026
